გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეკა ჭიქაშვილი - ლექსები

***
ბედნიერი ვარ, რომ არ მქვია
ქლესა-მლიქვნელი...
ფიანდაზებად არ ვეგები
მეფე -მამონებს...
დაე,
თუნდ ვიყო,
სოფლის აზრით,
არაფრისმქმნელი
დაარ ვიცავდე პედანტურად
მოსეს კანონებს...
ფლოქვებზე
თავ-პირს არ ვიმტვრევდე
მეტანიებით,
შვებას არ მგვრიდეს
ნაყალბევი ინდულგენცია...
სულს რომ მითბობდეს უანგაროდ
მზე
და
იები
გულს მისერავდეს
ზნეობრივი ინტერვენცია....
სადღაც ,სოროდან
გამოძვრება მაინც პილატე
და ბრბოს მიანდობს
მ ზ ი ს  და
ი ე ბ ი ს
უანგარო სიყვარულისთვის
გაშოლტილი
სხეულის
ჯვარცმას!
20.04.18

***
ჯებირებს გაარღვევს სული,
მობეზრდა
მიწაზე ხოხვა
აეტორღიალა ფიქრებს
ძნელსაკურნებელი წყლული
სხეულისეული როკვა
გარდამავლობაა ყოფა
სენტიმენტალური მწუხრი
რა ამაზრზენია თავი
რომელსაც ინსტინქტებს უხრი
ურცხვად გამეფებულ ხვლიკებს
ხელ-ფეხს აულოკავს მონა
ირგვლივ
უსარგებლო ბზუილს
ჩემთვის აღარა აქვს წონა
სულის მხილებაა ბგერა
სიტყვა კოსმიური სრბოლა
გულის უჩვეულო ძგერა
ფანტასმაგორული ქროლა
ზოგისთვის, მხოლოდ და მხოლოდ
მხატვრული ზეჰიპერბოლა
მარადიულია ლტოლვა
თავისუფლებაა არსი
მეტაფიზიკური ძრწოლა
მრავალსიტყვაობა ფარსი
სული
მისტერიის ზღვაში
არწევს
იალქნიან ნავებს
უწარჩინებულესთ ფეხქვეშ
ძლიერნი
არ იხრიან თავებს.

***
ყველას და ყველაფერს სათითაოდ მიაწებეს იარლიყები
წუთისოფლის სამართლის ფუძემდებლებმა
და მშვიდი სუნთქვით
განაგრძეს დამკვიდრება
მზა აზრების საგანძურიდან ამოფრქვეული ბრიყვი სიმართლის...
მეცნიერები არიან გიჟები
პოეტები -შეშლილები
მხატვრები -ლოთები
მასწავლებლები-ფუჭად მეტყველნი
ავაზაკები-წმინდანები
სინამდვილეში
არავინ იცის
ვინ ვინ არის
მხოლოდ
"შეშლილთა“
წყალობით,
აკრძალულს მიღმა
გაბედული მზერით
არარეალურ სამყაროსთან ზიარებით
მოეფინა ბნელს ნათელი
მაგიური თეატრის სცენაზე
ვირგებთ როლებს
რეალური სახე
დანაზოგივით
შავი დღისთვის შემონახული,
ხელუხლებლად გდია
საიდუმლო საცავში
ყალბი ნიღბების მეჯლისია
ავანსცენაზე
პარტერში-
მქუხარე აპლოდისმენტების
სამზადისი
სიმწრის ღიმილით
კულისებში კი დაძრწის
მარტოსულობით გათანგული ტრამალის მგელი
სინატიფის და ველურობის თანაარსობა
კეთილშობილი,მიამიტი
მიმტევებელი
ბნედიანი
თავადი
განდეგილი წინასწარმეტყველი
ზეკაცი
მწარე აბსენტით გაბრუებული
მხატვარი
მარადიულ კარიბჭესთან
ყელყელა მზესუმზირების ჩრდილქვეშ მგმინავი
სულის ბოძზე კი
გამოკრულია
პრემიერის აფიშა
სადაც
დიდი ასოებით წერია
სოკრატე-ჭკუანაღრძობი
ჰომეროსი-ბრმა
ჰერმან ჰესე -შეშლილი
ბეთხოვენი-ყრუ
ვან გოგი-გიჟი
დოსტოევსკი იდიოტი
ნიცშე სულელი
დანარჩენები
ნებისმიერ ხვრელს მორგებული
პაწაწინა
ჭანჭიკები.
  
სევდა
ბლუზია
რეგთაიმი
ტაქტი
სულის ამოფრქვევა
ჯაზი
მე კი
აფრიკელი მონა ვარ
და
თავისუფლების
იისფერ აკვარელს
ვაზავებ
"თეთრი ფოლკლორით"
ქცევა
ველურია
ხმა
ხრინწიანი
ყოფითი ჟანრი ვესტერნი
მელოდია კი
სულის ბგერათა სიმაღლეებიდან
წვეთ-წვეთად ჟონავს
და
ქმნის
მისტიკური
სამყაროს
სასიცოცხლო ენერგიის
კოსმიურ
პოლიფონიას      

მე ვინ ვარ
ერთი პაწაწინა ჭიანჭველა
სიფრიფანაფრთიანი
ფუსფუსა მწერი
ბრბო არ გაძლევს უფლებას,
იყო მეტი
ვიდრე სხეული
დაბადებამდე რა იყო არ ვიცი
არც ის
რა მოხდება სიკვდილის მერე
ერთი კი
ცხადია
სამყაროს
სჭირდება მონები
მორჩილი ცხვრები
ხელფეხდაბორკილნი
ინფანტილური
სრულწლოვანი
ჩვილები
უსაყრდენოდ
წელგაუმართავნი
გონებრივ ატმოსფეროდან
მხოლოდ ექოების
ამოძახილი რომ ისმის
ბგერების კეთილხმოვანებას
გულუბრყვილო
მიამიტობის
ფონოგრამით რომ
აკოწიწებენ
სული
საშიშია
თავისუფალია
ვერ დაიმონებ
მე ვინ ვარ
ერთი
პაწაწინა ჭიანჭველა,
რომელიც
არასოდეს გახდება
მწერიჭამია
შოშიების
საკბილო.
                                 скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge