გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გია ჯიჭონაია - ლექსები

                         საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 12 წიგნის ავტორი
                       (სონეტები, რობაიები, მოთხრობები, ნოველები, ლექსი პროზად, რომანები).
სამი წლის უკან გამოვიდა მისი ხუთტომეული. მან შექმნა ლექსის ახალი ფორმა, რომელსაც კოლხური კირბი დაარქვა და საზღვარგარეთ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. კოლხური კირბები ითარგმნა იტალიურად, რუსულად, ფრანგულად და სხვა ენებზე. 
კიევში უკრაინულ ენაზე გამოცემულ კოლხურ კირბების წიგნს 2018 წელს, დავით გურამიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია მიენიჭა.
კირბები საქართველოში იბეჭდება პირველად


I
ყოველი ქვეყნის ისტორია არის მუზებში,
ის გმირობანი,არა მხოლოდ მუზეუმებში, 
იდებენ ბინას, ბრწყინავენ და არ დუმდებიან,
გულს გიხარებენ, ბრწყინვალებით, არ ხუნდებიან,
თან გიყვარს ცოცხლად,სიმღერებად ლამაზ ქუჩებში
ამ ისტორიას რომ მღერიან და გიყვებიან.


II

ვიღამ შეიგრძნოს საოცრება გრძნეულ ძალების,
ერთგვარი ახსნა, რომ სამყაროს იდუმალების,
თუკი არსებობს ის საერთოდ —ყველაფრის პასუხს
ვერ ვეღირსებით, ვერასოდეს, ვაწვალებთ წარსულს,
არ მიაწოდებს მას ბუნება არც მდუმარებით
და არც სიტყვებით, თურმე მოკვდავს, რადგანაც არ სურს.

LXIII

დამტანჯა ღამემ, ასმეერთე ნიღაბს რომ იცვლის,
გათენდება და დღეც დამიწყებს კვლავ კუდის ქიცინს,
საოცრებაა, ამ ყველაფერს ხალხი რომ იტანს,
დავჯდები, ვიცი,ის წუთებიც რემლს რომ მომიტანს,
შეწუხებული ქარებისგან, დაიწყებს ქვითინს,
როცა ჯიჭონი, ანუ Salix babylonica.




LXIV

ხდება დაჩაგვრა, უნიჭობის წინ გაჩოჩება,
აქ ნაცნობობით მოგაკითხავს თვითონ ოცნებაც,
გენიალობას ,მათ შემყურეს, ენა დაება,
ნაცნობ ღიმილით გაუღიმეს როცა დამებმა,
გულისამრევი პროცესები მით იკოცნება,
აქ  ნაცნობობით ხდება თურმე თვით უკვდავება.




LXV

ყალბი ფულივით, ცხოვრებაში ყველა ყალბია,
თურმე და ასე,თვალთმაქცურად ირგვლივ დარბიან,
ირგვლივ, შენს ირგვლივ გიყენებენ მუდამ პირობებს,
და არასოდეს ასრულებენ იმ დაპირებებს,
რაც კი მათ უთქვამთ, მხოლოდ ფულთან იმას ადრიან
და ეს აწუხებთ ღამითაც და დილაადრიან.


LXVI

ვერ ისაზრდოვა დღევანდელით, შეუჩნდა გრძნობებს,
ვერ დატკბა იმით, რაც იზიდავს მშვიდს და მედროვეს,
რომ ნოვატორი შეუჩნეველ სიმზე გაწვება,
ჯერაც უხილავ და ბუნდოვან ტვირთს მიაწვება,
აღიზიანებს რაც თაობებს თანამედროვეს,—
იმას, მომდევნო თაობა ხომ უცებ ჩასწვდება.

მედიტაციურიკირბები
ნაწყვეტი ნიღბების თეატრიდან
მთელი ცხოვრება, იმანა თქვა, —ვიქმნიდი ნიღაბს, 
აღარ მჯეროდა გამართლების, არ ვენდე იღბალს
და ათასნაირს მივმართავდი საშუალებას, 
რათა გრძნობები დამემალა და ბრწყინვალება
მქონოდა სახის, —ასე ხალხში ვიარე დიდხანს, 
სანამდის ზურგი არ მაქციეს თვით მწვერვალებმა. 

მხოლოდ უფლის თვალში დაფასებული ერი
სტუმართმოყვარე, მგზავრისათვის კარის გამღები,
ჩვენ, წინაპართა სულებისთვის სანთლის დამნთები,
ცეკვით „ქართულით“ სიყვარულის რაცაა ჰიმნი,
შვიდი თაობის არაღრევას ვიცავდით სისხლით,
ლოცვით ავაგეთ ციხე - კოშკნი და ეს ტაძრები,
მუხლდაჩოქილის ვედრება რომ დღემუდამ ისმის.

დაწვრილმანებისკირბი
ყოველდღე  ფიქრი, —დააგროვოს მანაც ქონება,
(თუმცა ბევრი რამ ხვალ აქედან ემახსოვრება), 
გზებს სულ ეძებდა ფიქრებით და ნაიარევით, 
ზოგჯერ ღია ან დაკეტილი დახვდა კარები, 
კრიტიკის თვალით რომ შეხედა ერთხელ ცხოვრებას, 
მაშინვე იგრძნო უაზრობა ამ წვრილმანების.

ჩვენი თაობის კირბი
ჩვენი თაობა მისთვის ჩვეულ ლმობიერებით, 
მტკიცე განზრახვით და ღიმილშიც კიძლიერებით, 
გასაცოდავდა ბევრი, თუმცა შემორჩა ჩვევა,
როგორიც ჰქონდა ღირსეული, ისე იქცევა, 
ასევე ბევრი ღირსებით თუ მანკიერებით,
სილამაზით ან სისასტიკით გამოირჩევა.

მორიგი  ნაწყვეტი კომედიანტებიდან“
გზასაცდენილი მერამდენედ გაგიურჩდება,
მის თვალწინ როცა პრობლემები კვლავ დაქუჩდება, 
ღრმად შეტოპილი ის მზადაა ყველაგა ყაროს
ამ თამაშიდან, მისი კვალი რომ დაიფაროს, 
ბოლოსკენ ხვდება, თურმე ისიც მიეკუთვნება, 
მარადიული ამ თამაშის გიჟურ სამყაროს. 

ჭაობის ბაყაყის კირბი
ჭაობის ბაყაყს ნუ უყვები ოკეანეზე,
აფრიკის მზეზე, უცხო ზღვებზე და იმ განედზე,
ვინძლო ღამით ვერ დაიძინოს, სიზმრებს შეუტევს
ოკეანეებს გაუტოლებს როდესაც წუმპეს.
და გაფრინდება, მინდობილი ჯადოსნურ ფრთებზე,
გამოფხიზლებულს შეიძლება გულიც გაუსკდეს.

„მეექვსე ნომერ პალატაში“ რეაქტიული შიზოფრენიით
(საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა)
I.
მძაფრ ფსიქოზური სიმპტომებით, დევნის სცენებით,
ცრემლთსაღვარო იდეებით, წარმოდგენებით,
ხან სახარხარო, უფრთოდ, ფრთებით ან გაფრენით ის,
აზრით  ბისმარკის, ბონაპარტის ან სხვა გენიის,
ზეღირებული ბოდვებით და სხვა იდეებით,-
მცდარი აზრები კი ფრთებია შიზოფრენიის.
II
თუმც შეიძლება სიმპტომთ მოყვეს კვლავ რემისია,
თუ არ მოყვა და, ვის დარჩება ჩვენი მისია?
ვხოცეთ ერთურთი, ვინც გადარჩა, პალატაშია,
ვისი იმედიც მუდამ გვქონდა, ისევ გზაშია,
ტემპერატურით მაღალით და ბოდვით ძილშიაც,
ვერავინ ხედავს გამოსავალს სად და რაშია.
   ესკიზიავტოპორტრეტისთვის
მე ჯოჯოხეთად მექცა შენი ის საუბრები,
გამოფხიზლებას რომ წყვდიადში დიდხანს  ვუნდები,
დამღალა ფიქრმა, ამდენი ხნის ნაცანცალევმა,
უხვად ცრემლებმა, ბევრჯერ ყალბად ნაღვარღვარევმა,
მაწუხებს წლობით მონაჭერი ხელზე ხუნდები,
დამტანჯა ყელმა, ამდენი ხნის ნამწყურვალევმა.

ჩემი გვარის ეტომოლოგიისთვის
I
მე ვარ ჯიჭონი, შუმერთა ქალაქ ურუქიდან,
მე ტირიფი ვარ, ჩემი გვარიც მოდის იქიდან,
ერიდუ, ქიში, უმა, ური და ლაგაშია,
ჩემი ბავშვობის ქალაქები, ფრთა რომ გამშლია,
„ღმერთთა კარიბჭეს“ დავეძებდი და შიშს არ მგვრიდა,
აქადი გახდა იქ პირველი ჩემი ნათლია.
II
იმან მიწოდა ბაბილონი, ბაბილონიკა,
ანუ ტირიფი, როცა ირგვლივ იწვოდა მიწა,
ურუქს რომ დამრჩა, დარდი მკლავდა თიხის ფირფიტის,
მეტირებოდა და ცრემლები ფარავდნენ ირისს,
ლერწმით ნაწერი აქ ვერ მომყვა, ვხარობ წყლის პირას
და ამიტომაც  მეძახიანმტირალა ტირიფს.
# ჯიჭონი (მეგრ). ძეწნა .salixs babylonica  (ლათ) - მტირალა ტირიფი.
#შუმერული ქალაქები - ერიდუ, ქიში, უმა, ური, ლაგაში.
#ღმერთთა კარიბჭე

მზისფერი სევდა
აქ, ეს დღეები, ერთნაირად რომ გვიხარებს გულს, 
ანდა გვამწარებს, ცრემლებს ითხოვს ტანჯვით დატვირთულს, 
კვლავ კითხულობენ, ეს სცენარი სად დაიწერა? 
ჭკვიანს და სულელს სევდა ერთად როცა ეწვევა,
არ ერიდება გაცურებას კეთილშობილურს, 
ადამიანებს დაიგულებს რაც ბედისწერა. 

კორიბანტები ფრიგიაში
ხმოვნები დგანან გალაკული, მშვიდი თვალებით,
აზიის ცხელი ღამეებით ძილგამკრთალები,
ასონიშნები საბრძოლოა, როგორც მხედრული,
ფრაზა, მასისთვის სტანდარტული, ტრაფარეტული,
აზრები გაფრთხობს ერთმანეთთან შენამთრალები
და ის ამბავიც უჩვეულოდ სიუჟეტური.
# კორიბანტები, კირბანტები, კირბების შემქმნელნი. ანტიკური ავტორების თანახმად,
კორიბანტები, ქალღმერთ კიბელეს (ფრიგია) მსახური  ქურუმები, რომლების აღმოსავლეთის
ხალხებს უქმნიდნენ დამწერლობას, ასწავლიდნენ სახლის შენებას, ფუტკრის მოვლას და სხვა,
წარმოშობით კოლხეთიდან იყვნენ.

ყელში ამოსული დღეების კირბი
ხურდა-მურდაში დაიხარჯა მთელი ქონება, 
ამდენის მერე, მიკვირს ჩემი ცივი გონება, 
ვიცი, რომ ერთხელ, გახვეტავენ ყველა ამ ფიქრებს, 
წარსულს არ ვჩივი, მომავალი ხშირად მაფიქრებს, 
სცენები თვალწინ თამაშობენ, გასცდნენ დროებას, 
როცა ღიმილიც ამ ფიქრებმა მისით დაფიფქეს.

კანონები ქალისთვის
მან თქვა: ქალისთვის კანონები არ დაწერილა, 
და დღის განრიგი, მითუმეტეს, არ გაწერილა,
თუ დაიწერა, იცოდე, მას არწაუკითხავს,
არც წაიკითხავს (შენ კი გინდა, გითხრას, რომ იქ ხარ),
რომც წაიკითხოს, ვერც გაიგებს იქ რა წერია
და თუ გაიგო, არ გაღირსებს პასუხებს დიდხანს. 

ქალისა და ასი გრამის კირბი
ქალს ულამაზესს, ქუჩაში თვალს გააყოლებენ
და დილის ას გრამს არაფერს არ მიაყოლებენ, 
ქალს სიამოვნებს ყოველი, ვით ცხელ გულზე ნამი, 
შემდეგ დრო გადის, ის ბერდება, ახსოვს ეს ჟამი, 
და ცუდად ხდება, ცრემლები ფიქრს არ იშორებენ, 
დღეს ის ბარბაცით ქუჩას სერავს როგორც ნასვამი. 

მზის ძებნაში
ადამიანში მე მზეს ვეძებ მთელიცხოვრება, 
და მათი პოვნის წუთები სულ მე მახსოვრება,
მზის მცხუნვარებით იმ სიბნელეს ისევ ვამარცხებ, 
მწამს, ბოროტებას სასიკვდილოდ რომ მივანარცხებ.
მით შევიძულეს იძულვილით გამათხოვრება
დამ ზით გამთბარი მივადექი მხარეს დანარჩენს. 

სიცილი  ერთადერთი გამოსავალი
ამ ტრაგედიას შენც უყურე ვით კომედიას,
გულს გაგიხეთქავს, რაც აქ ხდება დაიმედია, 
გამოკეთდება ყველაფერი, თუკი არადა, 
ჯანდაბისკენაც გზა ჰქონიათ, ზიზღი ფარავდა, 
მათ სისაძაგლეს შენგან მუდამ (ახლაც გებრძვიან), 
მასზე იცინე, რაიც ადრე ასე გზარავდა. 

მხოლოდ
მისი იმედით
ვთქვი: ვერ გავუძლებ ამყ ველაფერს, საგიჟეთია, 
ვისი იმედიც სულ გამაჩნდა, მხოლოდ ღმერთია,
უწყვეტ სურვილებს ელდა ელის, რომ დაიხარჯოს,
სადმე გაქცევა რომ ვერ შეძლოს, აქგაიხაროს, 
მე თავისმოკვლა გადავწყვიტო, —ეს ისეთია, 
დროზე ადრე, რომ ავდგე, ვალი გადავიხადო.

ახალი ფეხსაცმლის კირბი
ეს ფეხსაცმელი როცა გუშინ ჩემთვის ვიყიდე,  
იმქვეყნად წასვლა ჩემთან ერთად გადავუწყვიტე, 
აქეთ ქუჩაში ათასგვარი ვნახე ზონდერი, 
გუშინ სხვა ციფრით, დღეს კი უკვე სულ სხვა ნომერით, 
ვიდრე ფეხსაცმელს ამ შავ ზონრებს მე გავუყრიდე, 
ერთხანს ვფიქრობდი, ჩამომეხრჩო თავი ზონრებით. 
სიმარტოვის ელეგიები
           (ესკიზები აბსურდის თეატრისთვის)

VII.                 ბაზარი
კაცი კვლავ მიხსნის, - ცხოვრებაა დიდი ბაზარი,
ყველა რაღაცას დიდის ამბით ყიდის და უძლებს,
ყიდვა- გაყიდვის პროცედურას თვალში ნაცარით,
ვიღაცა დგას და ამ ყველაფერს სურათებს უღებს.
სურათებს უღებს და იცინის, შემდეგ ხარხარებს,
იქვე კითხულობს, - რა დავარქვათ ახლა ამ გრძნობას?
რაც გახარებს და იქვე  სულს რო აღარ ახარებს,
-კუჭის მალამოს ანუ ბაზარს ანუ ბაზრობას.
მერე შეთხოვდი ღმერთს, აქედან რომ წაეყვანე,
როგორც ისინი,ყიდულობდნენ გუშინ  აქ ვარდებს,
შემდეგ კი არყით გალეშილნი იქვე ეყარნენ
და სიზმარშივე უფსკრულში რომ მყის გადავარდნენ.
როგორც იქ სხვები, როგორც ადრე დანარჩენები,
ყიდდნენ ყველაფერს, ყიდულობდნენ ირგვლივ რაც არის,
და მიდიოდნენ მიყოლებით, სვენებ - სვენებით,
როცა ცხოვრება იყო ერთი დიდი ბაზარი.

VIII ნაწყვეტი ცოდვილის აღსარებიდან
ხან მტაცებელი ნადირი ვარ, ხან ჩვილი გული,
არ მწამს სიწმინდის,  და  ბუნდოვან წყაროს დავეძებ,
ხან ცდუნებათა შემოტევით გზააბნეული,
თვითონ არ ვიცი, ვეხეთქები რომელ განედებს.
მადლგაწურული არ მაოცებს სულთა სიმდაბლე,
ღამეებს ვათევ, მათ შორის ვარ, კვლავ მათთან ერთად,
ზოგჯერაც მჯერა, რომ სამოთხის სხივი ინათებს,
თუკი  მიუვალ იმ კლდეებში გზა გაიჭრება.
ხორციელ ტკბობით გაჩენილი მართობს ხანძარი,
კვლავ  ფანჯარასთან ისევ ვნებით განაწამები,
სიგარეტს ვქაჩავ, ვისაც ვეძებ, ეგერ იქ არის,
მასაც ხანძრისგან გატრუსული აქვს წამწამები.
დიდების კართან უჩვეულო  კი რიგებია,
შემომეჩვია ლურჯთვალება  აქ  ტბის თოლია,
დღევანდელი დღეც ცარიელი ოცნებებია,
ასე დამტანჯა ოცნებამ და მელანქოლიამ.
IX                  ზუგიდური ელეგია
როგორ გამყავს თუ მეც არ ვიცი, სად მივყავარ დროს
და თვითონ მიკვირს (მერამდენედ), რომ ვუძლებ ამდენს,
წვერის პარსვისას მინდა ყელი გამოვიღადრო,
თუ ვერ მივახრჩობ ძველებურად უღიმღამო დღეს.
მეგობრის სახლში ჩამეძინა (ღამით ვსტუმრობდი),
მე ის სიჩუმე ვატყობ დიდხანს მემახსოვრება,
ირგვლივ ყველაფერს ბეჭედი აქვს მარტოსულობის,
თუ არაფრად თვლი უაზრობად ქცეულ ცხოვრებას.
ღრმად ჩახედული ამ ჩემსავე სულის ქაოსში,
შევეფეთები ნაცნობ ღიმილს,  აწ უკვე წარსულს,
სარკესთან მისვლას ვერიდები და ნერვებმოშლილს,
საკუთარ თავთან (მერამდენედ), შეხვედრა არ მსურს.
ბალიშის ქვემოთ მიადგება ხელიც იარაღს,
ვით თეთრი ღამით ლამაზმანის ჩრდილი ღობესთან,
რა ვქნა, ვერ დავცლი თუ ბოლომდე ტანჯვის იარას,
კი გავუძლებდი ამ ყველაფერს, თუმცა მომბეზრდა.
X  .                          წერილი გულის ჯიბეში
სიკვდილი უნდა, ეს დღეები სიკვდილს დაეძებს,
გადასახდელი კვლავ აწვალებს უაზრო ვალი,
ცრემლი არ შრება განაწამებ მის შავ თვალებზე,
აქ სიკვდილია ერთადერთი გამოსავალი.
ნახა ქვეყანა- ურინციპოდ მაძღარი ჯოგი,
ღარიბის მადლი და მდიდრების გამათხოვრება,
არაღირებულს რომ უცინი ან ცრემლი რომ გდის,
  • სიზმარი იყო ყველაფერი, მთელი ცხოვრება.
მერეც ასე და ანდა ისე, მარჯვნივ იარა,
მან ანდა მარცხნივ,-უჩვეულო ჰქონდა წარსული,
ახლაც ზის იგი და იშუშებს მორიგ იარას,
რომ სიკვდილს შეხვდეს უნაკლო და პირგაბადრული.
ნატრობს იმ წუთებს, ჯერარგავლილ გზაზე რომ გასწევს,
უსამართლობას სულ ებრძოდა... ათას ფობიას,
მოკლედ, - დანარჩენს დეტალურად წერილში აღწერს,
სიკვდილის შემდეგ მას ჯიბეში რომ უპოვიან.
X I                                       დილიდან
ვდგავარ ჩემთვის და შემოგყურებთ გაოცებული,
ყოველი სცენის სიღრმე თურმე საოცრებაა,
დანის ტრიალი, კარტით ბევრი გადაგდებული,
რომ გაკვირდებით - თქვენს თვალებში დიდი სევდაა.
იქვე შეხვდებით ძველ აქტიორს სულ სხვა სახელით,
მიზანს ესვრიან, ერთმანეთთან სინჯავენ მკლავებს,
ვატყობ ავტორი მორიგ როლით მოწყენას შველის
და  აღარ იწვევს დიდ სცენაზე ახალ ვარსკვლავებს.
ღამით, გმირების შექმნის პროცესს უღიმის მთვარე,
ადამიანთა ტიპებს ითვლის, ინიღბებიან,
რიგში მდგომებმა ერთმანეთი ვატყობ გათვალეს,
უმანკო, წრფელი ქალწულები რაც წითლდებიან.
ხან სიდიადეს, ხანაც ურჩხულს ასახიერებს,
ზაფხული ახლაც უღიმილოდ მიგორავს მკაცრი,
სცენაზე კრძალვით უცქეროდა ადამიერებს,
არაგულგრილად მარტოხელა, ხნიერი კაცი.
                         კერიასთან მოსაყოლი რობაიები
                                             
       1                               მინაწერი რობაიების წიგნზე
შუახნის მერე, რაც რობაი მოდაში ჩნდება,
მეც მომაკითხა და მითხრა, რომ ჩემთან დარჩება,
აქვე გაათევს თურმე ღამეს, აღარსად წავა
და სამუდამოდ ჩემს აწეწილ სულს დააჩნდება.
  • არაფერი აქ არ შეცვლილა
სულმოკლე კაცი კვლავ წვრილმანით კმაყოფილდება,
როგორც  სიძუნწე, ხშირად ყველა ზღვარს გასცილდება,
გვტანჯავს სირცხვილი, ქედმაღლობა კი მოგვდგამს სენად,
-ამქვეყნად მაინც არაფერი აღარ იცვლება.
  • ლამაზი ქალის რობაი
    
თუ  არ არსებობს უშნო ქალი და ლამაზია,
აქ ირგვლივ ყველა, რომელსაც კი კაბა აცვია,
ამაყად დადის თუ მახინჯი და ამპარტავნობს,-
რა დააშავა ლამაზმა რომ თავზე აზიან?
  • ცხოვრების რობაი
როდესაც ლომი ახალგაზრდას, ბებერს მოკლავს ლომს,
ძალაუფლება რომ წაართვას, მისი დადგეს დრო,
მას უხარია  ეს ტრიუმფი და ავიწყდება,
შემდეგ სხვა მოვა და სიცოცხლეს იგიც რომ დათმობს.
  • საფლავიდან ამოსული ხმის რობაი
დრო იყო, როცა, წუთისოფლის ვიყავი მგზავრი,
ვისი ზრახვებიც ბოლომდე ვერ გამოვიცანი,
ვისვენებ, მახსოვს რაც იქ ვნახეთ, რაც იქ ვეწამეთ,
მთელი ცხოვრება რომ ყოფილა ობლის სიზმარი.
  • ოცდაათი ვერცხლის რობაი
მძულს, მეგობრები მეგობართან გზად რომ მიდიან,
შემდეგ კი უცებ მას ოცდაათ ვერცხლად ყიდიან,
სად დახარჯავენ ნეტავ იმ ფულს, რა ჯანდაბაში
როდესაც ცოდვა რაც დაიდეს, ასე დიდია.
7                                         კლოუნადის რობაი
ჩვენ ვიბადებით ცრემლებით და  გულახდილები,
შემდეგ კი გველის ეშმაკობის გაკვეთილები,
ეჰ, კაი იყო არ გაგვევლო კლოუნთა სკოლა,
არ ვიქნებოდით მაცდურები და გაქნილები.
  • ალი რომელიც არ წვავს და პირიქით
თუ ადექი და დავის ცეცხლი შენ გააჩაღე,
მზად უნდა იყო, დაელოდო სხვა რამ დანარჩენს,
ნაპერწკლიდან რომ მალე ალი აგიზგიზდება,
არ გაგიკვირდეს თუ დაგიწვავს იგიც შენ სახეს.
  • ორი რეგვენის რობაი
მოჩხუბარებში, ერთმანეთს რომ ტალახს ესვრიან,
დანაშაული მუდამ ერთის უფრო მეტია,
იქ ჭკვიანია დამნაშავე, რეგვენს რომ აყვა,
-აბა იმისთვის ყველაფერი ხომ სულ ერთია.
10
სხვის სიძლიერეს ვეღარ  ვიტანთ თუ თავს ვგრძნობ სუსტად,
ძლიერება რომ სიკეთეა, - ეს არ სწამს სულსწრაფს,
გონებაში თუ ძალა არის , ის ძლიერია,
დანარჩენი კი სუსტია და ყოველთვის სუსტს ჰგავს.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
მარიამ მარჯანიშვილი - ,,ცისფერყანწელთა“ - ანი და ჰოე მარიამ მარჯანიშვილი - ,,ცისფერყანწელთა“ - ანი და ჰოე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ჟურნალი / კრიტიკა / ბიოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge