გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ირინა ტაბაღუა - ლექსები

უცხო ვარ
უცხო ვარ.
მხოლოდ დაკვირვებულ კაცს შეუძლია
მიპოვოს ძუძუს ქვეშ მიმალული
ჟოლოსფერი ჰემანგიომა.
დედაჩემის ნათითურს ჰგავს ლაქა.
ხანდახან გაფატრული მწყრის სუნი ასდის...
ვიცი, რა წყურვილი კლავს თქვენს მდინარეებს.
დგახართ და უსმენთ საწოლის რყევას.
რა დააშავა იმ იატაკის ჯოხმა,
განთიადისას რომ აჩაჩქუნებინა თავი
კლიმაქსიანმა მეზობელმა?!
ტანს ვფენ გახურებულ აივანზე.
სარჭით ვიჭერ მოხუცი კაცის მზერას,
თავის ქანქარით რომ მანიშნებს
რყევის ამბებზე.
ვხედავ, თუ როგორ ჩადიან დედამიწისკენ
მაწვნის ქილები.
ვხედავ, რა ყოჩაღად ჩაუვლია
წუხანდელ ღამეს.


რაღაც მაინც მოგინდება
რაღაც მაინც მოგინდება.
მოიძიო კამკამა წყარო,
აიღო საკუთარი ტანი,
იატაკის ჩვარივით მოწურო.
ამოაბრუნო გული,
თვალღიამ იტივტივო მკვდარი ციმორივით.
იმ დროს ვიხსენებ,
ნამგლისებრი ჭრილიდან
მწვანე ხანძარი რომ აფრთხობდა მყრალ უჯანგარს.
მწიფე ზღმარტლი მოვგუდე ტუჩებში.
კურკა ისე გამოვწოვე,
სანამ ნერვზე ფესვი არ გაიდგა.
ღრძილებიდან ამოკენკილი ნაყოფით გაზარდა შურთხმა ლაპები.
რაღაც მაინც მოგინდება.
გამოიხედო ქალწულის თვალებიდან, პირველი ციკლის დროს
დაფეთებული რომ უცქერდი სამყაროს.
გადაახტე დაღლას,
როგორც გუბიდან გუბეს.
გამოტოვო ყოველი ტკივილი.
შვილები პირიდან  იმშობიარო.
ცომ-მიმხმარ ვარცლში გაბანო.
შენივე ჭირისუფლად შერაცხო ჭიპლარი.
ასწავლო ნაშიერს
ისე არ განიცადონ მამის არდაბრუნება ომიდან,
როგორც დედის მომავალი.


კარგი რა ღმერთო
კარგი რა, ღმერთო,
ხომ შევთანხმდით!
ხედავ, ორი ღერიღა დარჩა
ამ წყეულ კოლოფში.
სულ სამ ან შვიდ ნაფაზს დავარტყამ და მშვიდად გავაგრძელებ წერას.
გპირდები, როცა დავღვინდები,
ბავშვით სავსე მუცლით გავიღვიძებ საყვარელი კაცის მკერდზე.
ხომ იცი, ჩვილს რამდენი რამ სჭირდება.
გუშინ მთელი ჰონორარი
მარტოხელა მოხუცებს ვუწილადე, მხოლოდ ჩემზე რომ ბრაზობ,
მათ შვილებზე არაფერს იტყვი?!
ან იმ პედოფილზე,
ამას წინათ რომ დამარხეს
მიკარგულს სოფელში,
არც ქელეხი გადაუხადეს,
არც კი დაიტირეს, საწყალი.
რა კარგია, რომ ჩაძაღლდაო,
ამბობდენ ასე;
თუნდაც იმ ქალებზე,
ქმრებთან რომ წვანან და ვნებას სხვაზე ფიქრში ამთავრებენ;
ჩემი მეზობელი სოიოს სუფს ხარშავს, ხახვი ღორის ქონში მოხრაკა,  
რა ჰქნას, გადაავიწყდა, რომ მარხულობს.
არა, არა, განა სხვის საქმეში ვარ ბრძენი,
ხომ იცი, მეც რა კარგი ნაძირალა ვარ, უბრალოდ, მინდა გამიგო ის,
რომ ვერ გიგებ.
პატიებას აღარ გთხოვ,
რადგან იმდენჯერ გთხოვე,
უკვე ძალიან გაიცვითა.
მიკვირს, რატომ გეძებს ეს ხალხი მხოლოდ ტაძარში,
შენ ხომ ყველგან ხარ,
ამ ბებერ ფოთოლშიც კი,
რომელმაც ხე არ მიატოვა.
მე კი ყველამ მიმატოვა შენს გარდა, ყველას ფეხზე ვკიდივარ,
ჰოდა, ნუღარ გამიწყრები, თუ თავს
არ დავხრი!
წუხელ გადავწყვიტე, ფიქრის კულტურა შემესწავლა,
გულში ვისაც ვაგინებდი,
ყველა დავლოცე, მაგრამ ამაოდ.
ისევ მაღალი ხმები, ისევ მოუსვენრობა. ვხედავდი, როგორ მოწყდა
თრომბი წვივიდან და გარჯღამდე დავიჭირე, მოვიკეცე და
დილამდე ვითვლიდი მუხლზე ამოსულ ხალებს.
ხომ შევთანხმდით!
მოდი, ამ ბოლო ღერსაც მოვწევ და წერას დავასრულებ.


კაკასხიდი
წაბლის ყვავილი ყვაოდა მაშინ,
კაკასხიდთან რომ ვცოფავდი ზეკარს.
ვეძებდი საკვებს,
ქათანაცარა ეკვროდა დანდურს.
აღელვებულმა დავსუსხე ჭინჭრით
თიკნისყურა, კლდეს რომ მოეფარა.
დიდედის ნახსოვარ კოფთაში ვიდექ,
შიგ სთვლემდნენ ხსენის ფუფხები მორცხვად.
წინ ჩამიარა ქალმა და ვჯობდი.
მე ვგავდი ბალბას, ის კი ჯიჯილაყს.
მისი მდევარი კაცი ვლადიკა
თვალებით ჩაძვრა რძის სადინარში.
მიცნო და შეცბა.
ყვიროდა იგი, - დარჩი, ლილია!
მე, ზღვის დონიდან მაღალი ყელით,
მწიფობის თვემდე ველოდი დონდღლაბს.
ქმარი, რომელსაც წყურვილი კლავდა არა ჩემი, არამედ წყლისა,
შუა ყანიდან მიქნევდა ხელებს.
ვიხსნიდი ღილებს თითის სისწრაფით,
მაგრამ პოეტი ვერ მოვაბრუნე.


ტელეფის ცხვარი
მრავალი წელია იმ ბალახს ვძოვ,
სადაც არც ჭინჭარი ასცდა ჩემს ღრძილებს
და არც უჯანგარი.
ტელეფის ცხვარივით
უწყინარი და უსუნო შევრჩი ველებს.
იყო დრო,
ბელადები მიჭამდნენ გვერდებს,
და თავიანთ ქალებს
ულვაშის ცმაცუნით აპრეხილ ნესტოებთან ჩასჩურჩულებდნენ:
აბა გამოიცანი, ცხვარი ვჭამე თუ ხბოო.
იმ ხარაჩოზე მინდა ავკუნტრუშდე,
ჩემს წინ
გაფარჩხული ძუკნასავით რომ დგას,
სადაც ბელადი არა,
მაგრამ მოკუნტული ლოთი ლესავს
დაკბეჩილ კედელს.
ყურს ვუგდებ დიდხანს ქაფჩის ხრიწინს,
და ასე, ფეხზემდგომს, ჩამეძინება.
თითქოს სავსე ავტობუსში ვიდგე, მარჯვენა ხელი საყრდენზე მეჭიროს
და უცხო თითები
განგებ მეთათუნებოდეს.
აუცილებლად გაიხსენებ სიტყვებს: თითსაც ვერავინ დამაკარებთ.
გაიქცევი დედამიწისკენ ისე,
რომ ხურდასაც არ გაიმეტებ გამაძღარი მძღოლისთვის,
ჩემს ამოსვლამდე
გადაკეცილი ხორცის ღვეზელით
რომ ჰქონდა ყბა სავსე.
არც ტრანსპორტთან მომდგარი მათხოვარისთვის,
რომელზეც მეტი მათხოვარი
თავად ხარ.
ურიგოდ მივარდები პროვიზორთან,
მუხლებში ჩავარდნილი სთხოვ
ის წამალი დაამზადოს,
ტვინს რომ დაკეტავს,
დაგარქმევენ უტვინოს
და შეგეძლება
ისეთი სისასტიკე ჩაიდინო,
პასუხიც არ მოგეთხოვოს.
დაიკბინო ტანი,
შემდეგ დაისერო,
ეს გააკეთო სწორედ ციკლის დროს,
მოიგონო, რომ აგხადეს ნამუსი.
არადა წლებია ნამუსახდილი დააბიჯებ.
ადგე და იმ მოძღვარს დააბრალო გაუპატიურება,
რომელმაც გაგიმეტა,
ყველა შენი საიდუმლო ილაყბა
სოფლის გრძელ გზაზე,
გზაზე, სადაც ვეღარ დავბრუნით.
ღმერთს თუ ვკითხავთ, ეს ლაყბობა,
გაუპატიურებაზე მეტი გარყვნილებაა.
ბოლოს აქციო ზურგი და ირონიულად წაუღიღინო:
მე იმ ტაძარში ვგალობ, სადაც ვცხოვრობ,
მე ის ტელეფის ცხვარი ვარ
მამაობი და ბელადები რომ ჭამდნენ.
მორჩა!
ვეღარ ვიწირები,
მორჩა! მჭლეც გამიცვდა,
ახლა დიდი-დიდი ფეხები მომჭამოთ
და ჩემივე ჩლიქებით
დღის მეორე ნახევრისთვის
უცხიმო წვნიანი მოიხარშოთ.
ხმამაღლაც დააბოყინოთ.
განაგრძოთ ლოცვები დილიდან დილამდე,
დილიდან მესამე დილამდეც,
ისევ ჩემნაირებისთვის,
ისევ მისნაირებისთვის,
ისევ მათნაირებისთვის,
ოღონდ არა შენნაირებისთვის,
ოღონდ არა თქვენნაირებისთვის.
უკუნისამდე.


გგონია გაიზარდე
ეს ის ასაკია,
როცა აღარც კარტოფილს ატან სქელ კანს,
აღარც დანა გიბლაგვდება.
მიცვალებულის შიშიც გადალახე.
შემიძლია, ღამის საათებში,
უცხო საფლავები ვათვალიერო.
არითმეტიკა მიმავიწყდა:
სწრაფად გამოთვლა მიძნელდება იმის,
თუ რა დრო გაატარეს
გარდაცვლილებმა სააქაოში.
როგორ მაბორძიკა ცხოვრებამ,
არც კი ამოუხვენიშია.
ამას წინათ ფეხები ავაწყე კედელზე
მარცხენა წვივთან, ლურჯი ფერის
წვრილი კაპილარი შევნიშნე,
რომელიც ელვას ჰგავს.
წვიმის დროს ქრება,
ადრე არ შემინიშნავს.
ადრე არც ის შემინიშნავს,
როგორ მივატოვე საკუთარი თავი იმ ნაპირთან,
სადაც ჩემს გარდა ყველა გაშიშვლდა,
მე კი ნამშობიარები მუცელი
ქვიშით დავმალე.
გავიფიქრე: რამხელა ქალობაა
ჯერ კიდევ საზიდი,
დღესვე რომ ჩავაკვდე საწოლს:
ან თრომბი მოწყდეს,
ან ჭარბი ორგაზმით,
ან, თუნდაც, წყლის ყლუპი გადამცდეს სასულეში.
იმდენი რამე ნახა თვალმა...
ყურსაც არ ვუჩივი,
ხანდახან, აკლიმატიზაცია მიხშობს
და იმ მცენარეების ხმა არ მესმის,
უხეირო კლდიდან რომ მიმზერენ.
ავიკვიატე:
შინიდან გავდივარ თუ შინ ვბრუნდები,
კარი აუცილებლად სამჯერ უნდა გავაღო და დავხურო,
თითიც კი მოვიყოლე,
იმდენად მწარე არ იყო,
რამდენადაც ქვედა
მეოთხე საღეჭი კბილის ნერვის ციმციმი.
არადა, ხომ მეტკინა.
თუ გგონიათ,
რომ არ განვსხვავდები თქვენგან,
ძალიან ცდებით.
სანამ თქვენ მოიკაზმებით,
მე, თხელ პენუარზე ბამბის ხალათით,
უწინდო და თმაარეული,
სამჯერ შემოვურბენ ქალაქს.
ასე უფრო მამჩნევენ,
ასე უფრო კოხტა ვარ,
თან, ვყვირი:
არცერთ კაცს არ გირჩევთ ჩემს შეყვარებას,
რა აზრი აქვს.
კაცმა, რომელმაც ძვლამდე შემიყვარა, ვერაფრით გამოიცნო,
ჩემი სხეულის რომელი ნაწილი დალპება პირველად მიწაში.
"თქვენობით" მიმართვა მძულს,
მირჩევნია მარილის გარეშე
მივირთვა ნესვი
და მარტოდ გაგრძნობინოთ თავი.
არც ის დედა ვარ,
დილით რომ წამოხტება
და შვილებს სკოლაში კარაქიანი პურით გაისტუმრებს.
მაგ დროს მე მძინავს,
ძილშივე ვზრუნავ მათ დანაყრებაზე.
არავინ ამჩნევს ჩემს სიყოჩაღეს,
არ ამჩნევს არავინ
გარდა იმ ხოჭოსი,
მინის წმენდის დროს შელახული კედლიდან რომ მესალმება.
რამდენი ვწერე, ღმერთო,
ნეტავ არასდროს მეწერა.
არადა, როგორ არ მოვუფრთხილდე იმას,
საიდანაც გასვლა მომერიდება.
განა რამის დარდი მაქვს?!
ერთ თვესაც, ციკლი რომ გადამიცდეს,
დაუგეგმავი შვილი ჩამიჯდეს ტანში,
მესამედაც ავიტან კანის გაწელვას.
მაგრამ რა ვუყოთ ნერვებს,
რომ არ გყოფნის ბედნიერებისთვის?!
რა ვუყოთ
სადაცაა მოსულ ნოემბერს?!
იმ ოცდათხუთმეტ წელს,
სუფრის კოვზით
რომ შეექცევი თავისუფლებას?!
კარგადაც მოილხენ,
ბევრსაც გამოლანძღავ ამ დროებითობას.
აჰა, და გგონია გაიზარდე.
არადა, თავიდან გასაზრდელი ხარ.


რა საჭიროა ქმარი
არც თვე მახსოვს,
არც რიცხვი..
სანაპიროზე ლურჯად შეღებილ სამშობიაროს ჩავუარე,
ქალის არაამქვეყნიური ბღავილი ჩამესმა.
ჩემს თავს ვუთხარი:
რა კარგი ვქენი,
რომ ორჯერ დავისვი მუცელზე ლანცეტი,
ისე უხმაუროდ ამოვყარე შვილები,
რომ მეგონა ფილტვები მუცელშივე ჩამიტოვეს.
საბარგულზე მიყრდნობილი ორი კაცი
ქალის ყმუილს
შამპანურით აღნიშნავდა.
ჩანთიდან გაზეთში გახვეული ფუნთუშები ამოვიღე
და ორთავეს ვუწილადე.
ვიგრძენი, ესიამოვნათ ჩემი სიჩუმე.
გავიფიქრე:
რა საჭიროა ქმარი?
და მარცხნივ მღოღავ კატაფალკას გავუღიმე.
სახლში მისულმა მწიფე კივი დავსერე.
ცხრა საათზე მრავალშვილიანი მამა უნდა მსტუმრებოდა,
რომ მომეყოლა იმ ქალის ჭინთვებზე.
მივხვდი, დაღლილი იყო.
თითქოს მას ემშობიარა თავისი მრავალი შვილი.
ერთხანს ათამაშა დაჭმუჭნული ცხვირსახოცი.
ალბათ, ეს კაცი კატაფალკაში მწოლიარე ის მკვდარი იყო,
ღიმილით რომ გამოვაცოცხლე.
შიოდა.
გამახსენდა, რომ ფუნთუშებით სხვა კაცები დავანაყრე.
დილამდე შემაწუხა ფიქრმა...
რა საჭიროა ქმარი?
საძოვრებზეც ვუშვებთ,
მერე რა, თუ სავსე ჯიქნებით ბრუნდებიან?
თუ კი საღამოს არც ყველი შეგვრჩა
და არც ის უფერული კვეთი,
რომელსაც
სხვის სათლში დაუფიქრებლად ჩაღვრიან.


გოგორწყვილი
საიდუმლო არ გამაჩნია.
იცოდეთ მაინც,
ჩემ წინ რკინიგზაა.
აქეთ მე და ჩემი სახლი.
ნაწვიმარია.
ვწევარ და ვუსმენ,
ჩაქუჩისაგან შეწუხებულ
გოგორწყვილის იდუმალ ხმას.
ამაღამ უთუოდ აცსდება რელსს.
ამაღამ უთუოდ ავცდებით.
გაწვიმდება, ვიცი.
იმ კაცზე მეფიქრება..
ტუჩებიდან ნიჭი რომ გამოვტყუე.
ყველგან სისველეა.
გაგიმართლათ,
ამ ყოველივეს მშრალ ამინდში
არ გაგიმხელდით.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge