გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი სოსიაშვილი - გადამყვარებელი


_ ვიცი, რო გიშველის... პირჯვარი ოთხჯერ გადაიწერა ფარსიამ, თან ცაში აიხედა, იტყოდი, რო უფალს თვალებით რაღაც მოუბოდიშა, მერე რაღაც გაურკვევლად წაიბუტბუტა და შემომხედა._ ისეთ დღეში ვიყა, ისეთ დღეში... მოსვენებას არ მაძ­ლევდა ის არსახსენებელი და იმ კაცმა გადამარჩინა. ხან რა უბედურება გამომიტყვრებოდა, ხან რა... სამი ცხვარი მყავდა შეთქმული. ერთი გერში, ორი არბოში. აბა, გერში როგორ ავიდოდი. ომის მერე იქ ფეხი აღარ დაგვიდგამს და ვიფიქრე, სამივეს არბოში დავკლავ-მეთქი. აი, დღესა _ აი ხვალა, რაღაცა მიშლიდა ხელსა. სიტყვის კაცი ჯერ ღმერთთან უნდა იყო და მერე კაცთან. შევუთქვი და ვერ შევასრულე. _ წითელი ცხვირი მოისრისა და მხრები აიჩეჩა, _ ღმერთის მოტყუება ყველზე მეტად გვეიოლება. ძაან თუ არ გაგიჭირდა, არც გახსოვს... მამაოსთან მივედი, ასე და ასეა საქმე-მეთქი. მამაომ რო არ გითხრას, შენ არ იცი რა უნდა გააკეთო? მაგრამ დასტური გინდა... მამაომ მითხრა მაგ ცხვრების დაკვლას და ტაშ-ფანდურს ჯობია, ეგ ფული გაჭირვებულებს დაურიგოო. ვაპირებდი, რო ორი კაპიკი, რაც მივაწებ-მოვაწებე, ჩემი მეზობელი ჯემოსთვის მეჩუქებინა. შვიდი შვილი ჰყავს, გაჭირვებულები, უი... ცოდვით დაიწვები. ის ჩემი შეთქმული ცხვრების ფული გადავკეცე, შევინახე, კაპიკი არ მომიკვლია. ჯემოსთვის ვაპირებდი მიმეცა. რო არ დაგიმალო, _ თითქო ენა დაება ფარსიას, _ ნახევარი მივეცი, სულ ვერ გავიმეტე, ის ნახევარი შემომეხარჯა. ფულს რო ვაძლევდი, ჯემო გაკვირვებული მიყუ­რებდა. არაფერი მითქვამს, რო ცხვრები მყავდა შეთქმული და შესაწირში დასახარჯ ფულს ვაძლევდი. შეიძლება ისე არც გახარებოდა, იტყოდა: `ფარსიამ კი არ მაჩუქა ფული, ღმერთმა გამომიგზავნაო~ და ჩემი ნაჩუქარი ფული, ჩემი გაკეთებული სიკეთე, მეორე დღეს აღარც ეხსომებოდა. იფიქრებდა, `მაინც უნდა შეეწირა ღმერთისთვის და მე არ ვიქნებოდი, სხვას მისცემდაო~. მადლის კეთებაშიც იმდენი რამე ჩაიხლართება ხოლმე... მივეცი, ვერაფრით იჯერებდა, ბოლოს ხელებზე დამიწყო კოცნა.
_ მტვერი ფქვილი აღარ მქონდა, ვედრით დადიოდა ჩემი ცოლი და დედაჩემის პენსიამდე არავინ გვასესხაო. _ ლამის ტირილი დაიწყო, _ მე და ჩემი ბიჭები ვენახს დაგიბარავთო. კაი-მეთქი, დავთანხმდი, თან ვფიქრობდი: `ეკლესიის სა­ხელზე რო ვაკეთებ, სალოცავის ამბავზე, ხომ არ ვუთხრა-მეთქი~.
მაინც არ ვუთხარი. თითქოს მინდოდა, რო სიკეთე მხო­ლოდ ჩემგან მიეღო და არა სალოცავისგან. ცხვრების ფულის მეორე ნაწილი შემომეხარჯა. რა გამოვიდა? გამჩენს ფული მოვუტეხე. ეგ ამბავი იყო და იმის მერე გავწამდი სიზმრებში. სულ ერთი და იგივე მესიზმრებოდა. სალოცავთან მივდიოდი, ჩემი ცოლი და ბიჭიც თანა მყავდნენ. სამ-სამ ცხვარს მივიყვანდით, როგორც კი ეკლესიის გარშემო შემოვლას დავიწყებდით, ატეხავდნენ ყურისწამღებ კიკინს ცხვრები და უკან გამორბოდნენ. სულ ესე გრძელდებოდა... გაზაფხულზე მომადგა ჯემო და თავისი ბიჭებიც მომაყენა. ბარები დაელესათ, შენ ვენახს ორ დღეში დავბარავთ, აბა ამათ შეხედე, მგლებივით არიანო, _ ამაყად გადახედა თავის მოყვინჩილებულ ბიჭებს. ერთი სიმაღლისები იყვნენ. იდგნენ და უდარდელად იღიმებოდნენ. _ შენ ისეთი კაცი ხარ, ისეთი პატივი ეცი ჩემს ოჯახს, როდის გადავიხდით ამ სიკეთესაო.
ვიუარე, სხვა დროს დავბაროთ-მეთქი. ვერ ვუთხარი, სალოცავის სახელზე შეთქმული ცხვრების ფული გაჩუქე-მეთქი.
_ რას ამბობო, _ შეიცხადა, _ წავედით შვილოო, _ უთხრა თავის ბიჭებს და გასწიეს ჩემი ვენახისკენ.
გამოვეკიდე. აქეთ მე, იქით ჯემო და თავისი ბიჭები. ვენახში არ ვუშვებდი. ვერ იგებდნენ, რატომ არ ვუშვებდი.
_ წელს არა ვბარავ, ვენახს-მეთქი.
_ როგორც შენ გვეცი პატივი და დაგვიდექი გვერდით, ისე ჩვენ გვინდა რო ჩვენებურად გცეთ პატივი. ერთს ავიქროლ-ჩავიქროლებთ და ეგ არის შენი ვენახიო.
არაფრით არ შევუშვი. მიყურა, მიყურა, საწყალი თვალები ჰქონდა. ალბათ იფიქრა: `ის ფული უკან არ მომთხოვოსო~.
_ იმ ფულზე ნუ ფიქრობ. ის ფული ღმერთმა გამოგიგზავნა-მეთქი.
უფრო დაიბნა.
_ ეგრეა, ღმერთმა გამოგიგზავნა და მოდი, ამ საკითხზე ნუღარ ვილაპარაკებთ-მეთქი.
აიჩეჩა მხრები, კარგა ხანს მიყურებდა და დაბნეული წა­ვიდა.
ისევ ისეთი სიზმრები დამეწყო...მამაო აღარ მინახავს. წავედი და სამი ცხვარი ჩამოვიყვანე. ერთი ერედველი კაცისგან ვიყიდე, სახელი დამავიწყდა, თუმცა... მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ის `მოტეხილი~ ფულიც შევაკოწიწე და წავედი სალოცავში. წმინდა გიორგის კარზე გავუშვი ცხვრები. იდგნენ ეგრე გაყუჩებულები და წმინდა გიორგის კარზე ყოფნით ტკბებოდნენ. სიჩუმე იყო, ჩემი ბიჭი ხან ერთს ეფე­რებოდა, ხან მეორეს, ხან მესამეს. ჩემი ცოლი რაღაცეებს ბუტბუტებდა... ლოცულობდა. შევედი სალოცავში და ჯემოს რო ფული მივეცი, იმის ნახევარი, რაც `მოტეხილი~ მქონდა, შესაწირში ჩავუძახე. თან ვფიქრობდი, `ცხვრები ხომ ამოვიყვანე და ეს ფული რო არ ჩამეყარა რა დაშავდებოდა-მეთქი.~ რამ მაფიქრებინა? მაგრამ ხომ გითხარი, შემოჩენილი იყო ის არსახსენებელი.
იქაურებმა წაიყვანეს ჩემი შეწირული ცხვრები. ვითომ გულზე მომეშვა, რაღაცნაირად ამოვისუნთქე. თითქოს ჩე­მი ცოდვები მოეძოვოთ და თან წაეღოთ შეწირულ ცხვ­რებს. თვალმართალივით ავყურებდი ცას. წამოვედით, მეგონა წმინდა გიორგის ჩემზე გული მოუბრუნდებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. არაფერი გამოვიდა. მაინც არ მასვენებდა სიზმარი... ავიყვანდი ცხვრებს სალოცავის კარზე, მაგრამ გამორბოდნენ.
სიზმრებს აღარ ვჩიოდი, ხან ბიჭი მიხდებოდა ავად, ხან ცოლი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მერე მითხრეს იმ კაცზე, ყველანაირ ავადმყოფობას კურნავსო, _ პირჯვარი გადაიწერა _ საოცარი კაცია... იქ ისეთი ავადმყოფები მოჰყავდათ... _ ორთავიანი ადამიანიც კი ვნახე...
_ როგორ თუ ორთავიანი?
_ ჰო, ორთავიანი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი. მეგონა, რო მეჩვენებოდა, გაბეცებული ვუყურებდი... ერთი თავი ჩემსკენ ჰქონდა მოტრიალებული და შემომცქეროდა, თვალს არ მაცილებდა, რაღაცნაირი, გაყინული გამოხედვა ჰქონდა. შუშისთვალა მეზობლის ქალი მყავდა ხოლმე, ბავშვობაში გამოითხარა, იმნაირი თვალებით მიყურებდა, გეგონებოდა ვეცნობოდი და ვერ მიხსენებდა.
მეორე, შედარებით უფრო პატარა თავი ეკლესიისკენ ჰქონდა მიტრიალებული, ტაძარს მისჩერებოდა. იქითა მხრიდან რო შემომევლო და მეორე სახეზე კარგად შემეხედა, ვერ შევძელი. მიხვდა და პირველი თავიც მიატრიალა. ბერთან შესახვედრად ვეება რიგი იყო გაწელილი. ყაყანი ისმოდა, ერთი-მეორეს ეძიძგილავებოდნენ. იქ ბედნიერი არავინ იყო, ყველას რაღაცა უჭირდა, მაგრამ გაჭირვებაშიც ვერ დაევიწ­ყებინათ ერთმანეთის ღრენა. ვის აღარ ნახავდი... თითქოს გააკანკალა ფარსიას, თვალები დახუჭა და ისევ გაახილა. _ წელმოწყვეტილები, სინათლედაკარგულები, ენაჩავარდნილები... ის ორთავიანი კაცი დამამახსოვრდა ყველაზე მეტად. ვიღაცამ თქვა: `კიბო აქ მაგ კაცსო~. მერე გავიგე, იმის კიბო მეორე თავი ყოფილა. მეორე თავმა ამოხეთქა. ვინ იცოდა, ნამდვილი რომელი იყო, მეორედ ამოსული, თუ პირველი.
ამას ის სასწაულთმოქმედი ბერი გაიგებდა, ეშმაკს ჰქონდა თავი ამოყოფილი თუ ანგელოზს. რამდენნაირი ადამიანიც არი თურმე, იმდენნაირი სატკივარი არსებობს.
სასწაულებით არის სავსე ეს დალოცვილო სამყარო. გამჩენი რას არ დაგანახვებს, რას არ გაჩვენებს, თვალი გინდა ამისთვის, ღვთის საქმეების დამნახავი თვალი.
ბოლოს ალალი მზერით შემომხედა ფარსიამ და მკითხა:
_ შენ რაღა გაწუხებს? კაჟივით იყავი...
რა მეთქვა, არ ვიცოდი, დავიბენი. სიმართლე, რო ვთქვა, რაც მე მაწუხებდა ვერც ვიტყოდი. რას გამიგებდა, შეიძლება ჭკუიდან გადასული ადამიანის შთაბეჭდილება დამეტოვა. უცბათ მომაფიქრდა:
_ სიცილი დავკარგე-მეთქი.
ვერ მიხვდა. მიყურებდა ეგრე მზერაგაურკვეველი თვალებით.
_ ჯერ ისე რა არის ცხოვრება და გაცინება რო აღარ შეგიძლია, სიკვდილი ჯობია-მეთქი.
მიყურა, მიყურა და გაეღიმა.
_ რას არ გაიგებ კაცი, _ ჩაიბუტბუტა. მერე შემომხედა, ჩემს გაკერპებულ სახეს აკვირდებოდა,_ მაშ, სიცილი დაკარგე.
თავი დავუქნიე. Uუცბად დასერიოზულდა და სახეზე უფრო გულდასმით დამაკვირდა.
_ დიდი ხანია, ეგრე ხარ? _ ისევ მომაჩერდა თვალებში, აშკარად შევეცოდე.
_ რამდენიმე თვე იქნება-მეთქი.
_ რანაირად დაგემართა ეგ ამბავი? _ უფრო ჩამეძია, თან სიბრალულით ევსებოდა ჭროღა თვალები.
_ გავიღვიძე ერთ დილით და... ვიგრძენი, რო გაცინება აღარ შემეძლო... _ სიმწრით კბილები გავაკრაჭუნე.
მხარზე ხელი დამადო.
_ იქნებ სალოცავია გამწყრალი?
მხრები ავიჩეჩე.
_ სად აღარ ვიყავი, შემოვიარე მთისა და ბარის სალოცავები, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ერთი სიტყვით, დავრჩი სიცილის გარეშე. ვფიქრობდი, იქნებ ისევ დამიბრუნდეს-მეთქი, მაგრამ... ამაზე ძნელი არაფერი ყოფილა, ყველანაირი ინტერესი და ხალისი დაკარგა ცხოვრებამ.
_ ეგეთი რამე მართლა არ გამიგია, _ თქვა და ჩაფიქრდა, _ სულ არ გეცინება?
თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
_ აღარ მეცინება.
_ ძნელია, მაგრამ... _ შენ კი არა, ვიღას ეცინება, ისედაც სიცილის გარეშეც მივათრევთ ამ წუთისოფელს. _ ჩემს დასამშვიდებლად თქვა და მერე დააყოლა, _ რა გვაქვს ისე სასაცილო, ჩვენთვის რო ვთქვათ. რო გვეცინება ჩვენს თავს არ დავცინივართ? დასაკლავი, შეთქმული ცხვრებივით მივყავართ ცხოვრებას. უეჭველად გიშველის ის კაცი, მონასტრიდან რომ გამოხვალ გემრიელად გაგეცინება, _ თქვა და ღიმილით შემომხედა.

* * *
_ მგონი, გავგიჟდი-მეთქი, _ ჩემს თავს წავჩურჩულე. ორეულს თვალებდაჭყეტილი შევცქეროდი სარკეში. `ის~ კაცი უცნაურად მაკვირდებოდა. Gგული ამიდუღდა. ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. ზუსტად იმ ხმით ვტიროდი, როგორც ბავშვობაში, დიდი ხნის წინ ვზლუქუნებდი ხოლმე... კი, ის ხმა იყო. ვტიროდი და ჩემს ბავშვობისდროინდელ ხმას ვუსმენდი, რომელიც არსადაც არ იყო გამქრალი. ყველა უბედურებას, ხო რაღაც ბედნიერება მოაქვს და ტირილმა, ჭკუიდან გადასვლის გამო რო დავიწყე, ერთი ბედნიერება მომიტანა, სადღაც მივიწყებული, სადღაც დატოვილი ჩემი თავი გამახსენა. გული ამოვიგდე, ისე ვტიროდი. იტყოდი, რო ყველაზე საყვარელი ადამიანის ცხედარი მესვენა წინ და იმას ვაპატიოსნებდი. ჩემი მეგობარი ვალოდია გამახსენა ამ მოთქმა-გოდებამ, ბავშვობის მეგობარი ვალოდია, რომელსაც თავის დროზე ლენინის საპატივსაცემოდ დაარქვეს მშობლებმა ეს სახელი. ალბათ შემთხვევითი არ იყო, რო მაინცა და მაინც ვალოდია გამახსენდა. იფიქრებთ, რო რაღაცეებს ვბოდიალობ. ალბათ ასე იწყება სიგიჟე. მალე სხვებიც შემამჩნევენ, სხვებიც დაინახავენ ჩემს შეშლილ სახეს და არეულ სულს. Kკი, სულსაც დაინახავენ. ეხლა აღარაფერი იმალება, ყველაფერი ჩანს. უცბად გავიფიქრე, რო ჩემი შიშველი სულის დანახვა ყველას შეეძლება და გამაკან­კალა. ნეტა როგორ გამოიყურება ჩემი სული? ვინმე მეტყვის?
ვტიროდი, თითქოს ცხედარი მედო წინ. მაგიდას თავს ვურტყამდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რო ფერფლად ქცეული ფიქრით გამოტენილ თავის ქალას კუბოს კუთხეს ვახეთქებდი. მოკლედ, ვალოდია გამახსენდა, ჩემი სამჯერ ნასამართლევი მეგობარი, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩავარდნილ დედას უვლიდა.
თითქოს ადგილები გაცვალეს. ბედნიერი იყო ვალოდია, რო უფალმა დედის მოვლის საშუალება მისცა. ჩემ მეგობარს, რომელიც ჩავარდნილ დედას დაჰგურგურებდა, ნახევარი ენა აღარ აქვს და ვეღარ ლაპარაკობს. ციხის ჯალათებმა ცემა-ტყეპით რაღაც უბედურება დამართეს და მალ-მალე გონება ეკარგებოდა, კრიჭა ეკეტებოდა და ხან სად გადავარდებოდა, ხან სად. ერთხელაც კრიჭაშეკრული რო წაიყვანეს საავადმყოფოში, აღმოჩნდა, რო ნახევარი ენა აღარ ჰქონდა, თავისივე კბილებით მოიჭამა ენა და სამუდამოდ დამუნჯდა. თავიდან, რაღაც რო ვკითხე და ხმა ვერ გამცა, მეგონა, რო მაიმუნობდა.
_ მმმ... _ უცნაური ბგერები გამოსცა.
_ ხმა ამოიღე, რას ზმუიხარ-მეთქი.
ცრემლები წამოუვიდა, პირი გააღო და ვაი დედაჩემო! გული ლამის გამისკდა. გრაფინით წყალი ედგა. ხელის კან­კალით ავიღე, ვსვამდი და ნახევარი მექცეოდა. ვუყურებდი, მეგონა, რო მეჩვენებოდა. სახეზეც შევისხი წყალი, გონება მებინდებოდა. ვუყურე, ვუყურე ვალოდიას და თავი ვეღარ შევიკავე, ავზლუქუნდი. მოვეხვიე, ჩავეხუტე, ისიც ტიროდა. მინდოდა გამემხნევებინა, რაღაც სანუგეშო მეთქვა, მაგრამ რა უნდა მეთქვა, ის ვეღარასოდეს ვეღარ დამელაპარაკებოდა. ცრემლიანი თვალებით მიყურებდა და ხმას ვერ იღებდა. თითქოს სამუდამოდ დამეუბრა. რო მოვმკვდარიყავი, ის მერჩია. ვუყურებდი და ვამჩნევდი, რო დამუნჯებას, უენობას სხვა ადამიანად გადაექცია. ფურცლები და კალამი გვერდით ედო, რაღაც დაწერა და მომაწოდა, ისევ ისეთი ბატიფეხურით წერდა. რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ქართული წერა უჭირდა.
`იცი? განსაწმენდელივით მომიწყო ღმერთმა, ჩემივე ცოდვების მონელება, ჩემი მოკბეჩილი ენით დავიწყე. ვიგრძენი, როგორ გადამეყლაპა მოჭმული ენის ნაწილი. ფიქრი გარეთ აღარ გამოვა, ჩემშივე დარჩება, აქვე იტრიალებს. ბევრი ფიქრის დრო გამიჩნდა. ფიქრს დუმილი უნდა. მართალია, ჩემს ხმას ვეღარავინ ვეღარასოდეს გაიგებს, მაგრამ დიდი არაფერი დააკლდება სამყაროს, რომელსაც იმით შევეწიე, რომ მის ღრიანცელს ჩემი ხმა გამოაკლდა. სამყაროს მდუმარებით უფრო დავეხმარები. დედამიწას მარილივით აკლია ფიქრი~. _ გამომიწოდა ფურცელი და უღიმღამო ღიმილით მომაჩერდა.
მერე სხვა ფურცელი აიღო და მიაწერა: `ენის მოჭმისას ტკივილი არც კი მიგრძვნია, თითქოს სხვისი სხეულის ნაწილი მომძვრა, გულისამრევი გემო კი ჰქონდა. მოგლეჯილი ენიდან სისხლი თქრიალით მომდიოდა და ღორღივით მოჰქონდა სიტყვები, რომლებიც დაგროვილი იყო და თქმა ვეღარ მოვასწარი. ჩარეცხა სისხლმა ის სიტყვები.~
შევყურებდი ვალოდიას. უფრო დაბერებული მეჩვენა, გატეხილი. დედის სურათებით გაევსო კედლები, სადაც გაიხედავდი, სულ ცხონებული ლიზიკოს ფოტოები იყო.
მიყურებდა, ეწეოდა და მაკვირდებოდა. მატყობდა, რო ვერ ვიყავი კარგად.
ფურცელი აიღო და დაწერა: `რაღაც დაგემართა, ისე არ გამოიყურები, როგორიც იყავი~.
გრძნეულივით თვალები ჰქონდა. უენობით მზერაც სხვანაირი მისცემოდა.
რა მეთქვა, არ ვიცოდი. ვგრძნობდი, რო შემოდიოდა ჩემში და ხედავდა რა კორიანტელიც მიტრიალებდა ტვინში. ჩაღველფილ ცეცხლს რო სულს შეუბერავ და ფერფლი პეპლებივით აიშლება, ოღონდ მკვდარი პეპლებივით, ეგეთი კორიანტელი იდგა. იტყოდი, რო ვიღაცამ ჩემს ჩანაცრულ, ჩამწვარ მოგონებებს სული შეუბერა და ფერფლად ქცეული ცხოვრების წუთები წამოშალა.
მიყურა, მიყურა, მერე აიღო ფურცელი და მიაწერა: `რა დაგემართა, ძალიან არეული ჩანხარ~... შემომხედა და ფურცელი წინ დამიდო.
არაფერი მითქვამს, ოთახს უაზროდ მოვავლე თვალი, თითქო ფერფლში იყო ყველაფერი გახვეული. ვალოდიას ვეღარ ვხედავდი, უბერავდა და უბერავდა ვიღაც უჩინარი ნაცრად ქცეულ ნაცეცხლარს. ფერფლით იფარებოდა ყველაფერი. მაგიდაზე ნაცრისფერი თოვლივით დადო. ამას მხოლოდ მე ვხედავდი. რამდენჯერმე ვცადე ფერფლის ნაფლეთები მუჭში მომექცია და ჩემი ცხოვრების დაფერფლილ ფრაგმენტებს დავკვირვებოდი. ვერ მოვიხელთე, ონავარი პეპლებივით დაფრინავდნენ.
ისევ აიღო ფურცელი, თავისი მოჭმული ენით რაღაც უცნაური ბგერები გამოსცა. სახეზე შევატყვე, რო ძალიან შევეცოდე. თვალები აუწყლიანდა. არადა, დედის მერე მისი თვალები აღარ დასველებულიყო, დედის სიკვდილით გა­თავდა მისი ცრემლი. `ცხოვრებას როცა კარგად ჩაწვდები, ის უსათუოდ მარცხდება შენთან. სულ რო უპოვარი იყო, სულ რო მიტოვებული, დავიწყებული და მარტოსული, მაინც გამარჯვებული ხარ. რთულია, ადამიანად ყოფნა. თითქოს ვეება აბლაბუდა გაუბამთ სულში და ყოველი ტკივილი,ზედ გეწებება. სევდით ივსები, სევდა ჭამს. თუმცა სევდა ბედნიერების წყაროა.~
ჩაფიქრდა, მერე იქვე მიაწერა: `ვინმე გიყვარს? მე ეს არასოდეს მიგრძვნია, მაგრამ გუმანით ვხვდები, მაგ შენი არეული თვალებიდან სხვა ვიღაც მიყურებს~.
ფურცელი გამომიწოდა. წავიკითხე, სისხლი მომაწვა სახეზე. ღაწვებზე ქავილი ამიტყდა. რაც კი სისხლი მქონდა კაპილარებიდან ერთიანად დაიძრა და თვალებზე მომასკდა.
თავი დავუქნიე. თვალებს ისე ვარიდებდი, თითქოს რაღაც დიდი დანაშაული ჩამედინოს ამ კაცის წინაშე. ან თითქოს მისი ძალზე ახლობელი შემიყვარდა და სირცხვილით ვიწვოდი. თავჩაღუნული ვიჯექი. მერე როგორც იქნა, თვალი გავაპარე ვალოდიასკენ. ისევ წერდა. მცირე პაუზა გააკეთა, კალამი პაპიროსივით მოიქცია ბაგეებში და ჩამოძონძილი ფარდით შემოსილ ფანჯარას მიაშტერდა. მცირე ხანში წერა ისევ გააგრძელა, ჩემთვის არ შემოუხედავს. ბოლოს უცნაურად გამომხედა და ფურცელი გამოაცურა მაგიდაზე. ოდნავ უფრო გაკრული ხელით დაეწერა. გეგონება ჩქარობდა: `თითქოს არც უნდა გეკითხებოდე, ძალიან მიმძიმს, მაგრამ რო არ დაგიმალო, მაინტერესებს, შენს შეშლილ თვალებს რო ვუყურებ... მაინც რას განიცდი, რო გიყვარს? შენს სულში ხელის ფათური კი არ მინდა, უბრალოდ... ძალიან, ძალიან მაინტერესებს, რას გრძნობ...~
რა მეთქვა, არ ვიცოდი. ვფიქრობდი, როგორ ამეხსნა ის, რასაც განვიცდიდი.
ვალოდიას წინ ცარიელი ფურცლები ელაგა, რაც მისთვის ენის ფუნქციას ასრულებდა. შეიძლება ფურცლები ენაზე მეტიც იყო. საუბრით ყველაფერს ვერ იტყვი, ფიქრის ნაწილი მიზეზთა გამო ენიდან გიქრება. შენს ბაგემდეც ვერ აღწევს ტვინში შობილი აზრი...სადაც იწყება, იქვე მთავრდება თავისუფლება...
ფურცლები ავიღე. კალამი გამომიწოდა. მიყურებდა, მე ვებრალებოდი, თუ საკუთარი თავი, ვერ მივხვდი, ისეთი მზერა ჰქონდა.
ცარიელ ფურცელს ჩავაშტერდი. მერე ვალოდიას შევხედე და წერა დავიწყე.
`არ ვიცოდი, რა იყო სიყვარული, თორე ახლოს არ გავეკარებოდი, დამიჯერე, მართლა, არ გავეკარებოდი. უსიყვარულობა უფრო დიდი ბედნიერება მგონია. ტკივილი, ტკივილი, ტკივილი... სული ეკლიან ბუჩქში ჩაიხლართა. Oოდნავი შეტოკება და სულის ნაგლეჯები ეკლებზე რჩება. თავიდან მეგონა, რო საკუთარი თავი ვიპოვე, ჩემს სულში ბედნიერების კუნძული აღმოვაჩინე და იქ დავსახლდი. თითოეული წამი და წუთი, საათი, დღე, კვირა და თვე... სულ ის... სულ მისი ხმა, მისი სიცილი, მისი სუნთქვა... ბოლოს მივხვდი, რო დამღალა სიყვარულმა, გონება ამირია. არ ვიცი, როგორ გამოვხატო, მე უცნაური აჩემებები მაქვს და ალბათ ეს გრძნობაც სხვა რაღაცაში გადამდის. შველა მინდა, დახსნა მინდა ამ ყველაფრისგან, შევხვდი მას და ეს ყველაფერი ვუთხარი. მიშველე რამე, შენგან გამათავისუფლე-მეთქი.
ყველაფერი დავწვი, ყველაფერი გავანადგურე, ჩემი ლექსები, ჩემი ბარათები. ამ ლექსებით და ბარათებით ვსუნთქავდი და ვერც კი წარმომედგინა, რო ოდესღაც ჩემი ხელით აგებული ტაძრის დანგრევას მე თვითონვე დავიწყებდი.
თავის მოკვლაც ვიფიქრე, მაგრამ არ გამომივიდა. ის იყო თოკი მოვძებნე სახლში და სწორედ იმ დროს ჩემი შორეული ნათესავი მამა ლუკა მესტუმრა... ბავშვობის მერე თვალი არ დამეკრა. წმინდა გიორგის ხატი მოაბრძანეს მეზობელი სოფლის ტაძარში და მამა ლუკაც მომლოცველებს ჩამოჰ­ყოლოდა. ბარეღამ აქ ვარო და სახლი მიკურთხა. ცას ავხედე და ჩემი მფარველი ანგელოზი მიღიმოდა. არ მომჩვენებია, მართლა მიღიმოდა.
მერე ფსიქიატრიულში გადავწყვიტე რო წავსულიყავი. გადავწყვიტე რა, წავედი, მაგრამ ადგილი არ იყო.
_ რა გჭირსო, _ ექიმმა.
_ ეგ რო ვიცოდე, ჩემთვისაც კარგი იქნება-მეთქი.
_ ეგრე არ არის, ვისაც მოეპრიანება ყველა აქ მოვიდეს და დაწვესო.
ქვების სროლას ხო არ დავიწყებდი. ამ ექიმთან დალაპარაკებას აზრი არ ჰქონდა. თვალი ჩამიკრა:
_ ერთი-ორი კაპიკი გაიღე და ცნობას მოგცემო.
_ რა ცნობას-მეთქი.
_ ხო გიჟის ცნობა გინდაო.
ვერ მივხვდი, ცნობა რა ჯანდაბად მინდოდა.
_ ისე, არ შემიძლია, სხვებსაც უნდა მივცე თავიანთი წილიო.
წამოვედი. იმ ექიმს კიდევ ჰქონდა მოლოდინი, რო ფულს ჩავუტენიდი თეთრი ხალათის ჯიბეში და ფსიქიურად დაავადებულის ცნობას მომცემდა.
ვისთვის რა უნდა მეთქვა, ვისთვის რა უნდა შემეჩივლა. ბევრი ვიფიქრე, ბოლოს წავედი და ის ადამიანი ვნახე, ხომ მიხვდი, ვისაც ვგულისხმობ, მე `იმ ადამიანად~ ვიყავი ქცეული, ის ვიყავი.
ვიცი, გიჟურად გამომდის, მაგრამ რასაც განვიცდი, ხო უნდა აგიხსნა, არ ვიცი, როგორ გაიგებ ამ ყველაფერს, თითქოს ასეთი სიყვარული მხოლოდ ჩემზე გამოსცადა იმ დალოცვილმა ღმერთმა, არა მგონია, ოდესმე ვინმეს ასეთი რამ განეცადოს. კაცი, შეყვარებულ ქალში ჩასახლდეს, მასში ცხოვრობდეს, მისი სუნთქვით სუნთქავდეს, მისი სხეულის ყველა ნაწილს გრძნობდეს, მისი სევდა და ტკივილი, მისი სიხარული, ყველაფერი შენს ტვინში ხდებოდეს...
კიდევ რა დავწერო არ ვიცი~.
ჩაიკითხა, ჩაფიქრდა, მერე ფურცელს დაწვდა ვალოდია. კალამი გავუწოდე, თითები ისე აამოძრავა, გეგონებოდა, რო დაბუხული ჰქონდა. მხოლოდ სამი სიტყვა დაწერა: `მიდი, მიდი, გააგრძელე~.
ვუყურებდი, მის მზერიდან მინდოდა რაღაცეები ამომეცენცა, მაგრამ ვერ შევძელი. თითქოს ცხრაკლიტულში მიეჩქმალა ფიქრი.
ისევ ავიღე ფურცელი და კალამი.
`რა დავწერო, ვეღარ ვიგებ ვინ ვარ, `მე,~ თუ `ის~, როგორ აგიხსნა, შეუძლებელია ამის ახსნა.
მინდა, რო გადაყვიყვარო, გადაყვარებაც ხომ შეიძლება. უსიყვარულოდ ყოფნას რა მანატრებინებდა. ისეთ სიყვარულზე ვოცნებობდი, თავს რო დამაკარგვინებდა, ყველას და ყველაფერს რო დამავიწყებდა. ამისრულდა ოცნება, ვიპოვე ისეთი სიყვარული და აჰა, ხო აგიხსენი რა დღეშიც ჩავვარდი. სუნთქვაც აღარ მაქვს ჩემი, აღარც სიცილი, აღარც სიზმარი, ჩემი აღარაფერია. იქნებ ეს არის ბედნიერება, იქნებ ეს არის ის, რაზეც ყველა ოცნებობს, მაგრამ... მოკლედ, მე ვეღარ ვუძლებ და გადაყვარება გადავწყვიტე. რაც კი მისთვის ბარათები მქონდა დაწერილი, ერთიანად მოვხვეტე და დავწვი. აი, ის ბარათები, რომლებსაც ვწერდი და ჩემთვის ვინახავდი. ყოველივე მათგანის გადაკითხვით ჩავლილ დღეებს, წუთებს, წამებს ხელახლა ვაცოცხლებდი. გადიოდა ცხოვრება, მაგრამ ამ ბარათების წაკითხვით განვლილი დრო ხელახლა მემატებოდა. დრო თითქოს იმ ბარათებით ამოტენილი უჯრებიანი მაგიდის ფეხზე, შეთქმული ცხვარივით მყავდა გამობმული.
დრო დავაბი. ამ აუხსნელმა, სიგიჟემდე მიმყვანმა სიყვარულმა დრო გამაჩერებინა და ჩემი თავის გარეთ გამიყვანა. ვეღარ გავუძელი, ამიტომ... ვეძებ...~
წაიკითხა და, ჩემდა გასაოცრად, ტკივილებით დაშრამული თვალები ცრემლებით აევსო. ორი სიტყვა მიაწერა ფურცელზე: `ვის ეძებ?~
იმავე ფურცელზე მივაწერე: `გადამყვარებელს ვეძებ. ბევრი ვეცადე, მაგრამ დავიწყება ვერ შევძელი. იმ ბარათებით დიდი ჭიაკოკონა ავანთე. სიტყვებს ტკაცა-ტკუცი გაუდიოდა, ცეცხლი მოშიებული მგზავრივით ჭამდა ქაღალდზე გადატანილ ფიქრებს, განცდებს. მეგონა დაიწვებოდა და ამით გათავდებოდა ყველაფერი. თუმცა, კი არ გათავდა, დაიწყო. ქარმა გაიტაცა ფერფლად ქცეული ბარათები. ეგრე მიმოფანტა, გამოვლელ-გამომვლელებს შავი ფანტელებივით ეყრებოდათ. ნაცეცხლარზე ფერფლის ნამცეცები დარჩა. დავყურებდი, მეგონა რო გავთავისუფლდები-მეთქი, მაგრამ უფრო უარესად ვიგრძენი თავი. მთელი ღამე თეთრი თვალით გავათენე, ჭირის ოფლში ვცურავდი. წამოვდექი, სხეული მიცახცახებდა, სინათლე ავანთე, წურწურით ჩამომდიოდა ყინულივით ცივი ოფლი. საწერ მაგიდას მივუჯექი. გამოვაღე უჯრები, სიცარიელემ შემომღრინა. გიჟივით ვაკვირდებოდი ცარიელ უჯრებს და ვბუტბუტებდი: `წერილები, ჩემი წერილები, ღმერთო! სად გაქრა ჩემი წერილები~. თითქოს ჩემივე ხელით არ გამენადგურებინოს.
უცნაური წრიპინი მომესმა. კედლის საათს შევხედე და გული გადამიქანდა, ელვის სისწრაფით ბრუნავდნენ ისრები. ვიგრძენი როგორ დაიძრა ჩემს ოთახში დატბორილი დრო. ოთახის კუთხეებიდან მწერები გამოცოცდნენ. ბარათებში შენახული წუთები და წამები, თითქოს ამ უცნაურ არსებებად გადაიქცნენ და შეჭმას მიპირებდნენ.
ფურცელი ავიღე, ცარიელ უჯრაში ერთადერთი ფანქარი ვიპოვნე და ბარათის წერას შევუდექი, თან ხმამაღლა ვღრიალებდი. მივხვდი, რო უარესად შემიყვარდა და ამ ყველაფერს თავს ვერასოდეს დავაღწევდი~.
ვალოდიამ ჩაიკითხა, სიგარეტს მოუკიდა და ცრემლშერჩენილი თვალებით მთხოვა, გააგრძელეო. თითქოს საკუთარ დაკაწრულ სულზე ვწერდი ისეთი შეგრძნება მქონდა.
`ყველაზე უცნაური ის იყო, რო ღამე აღარ თენდებოდა და ვერც საათს ვიგებდი. ისრები ისე სწრაფად ტრიალებდა, დღე და ღამე ერთმანეთს გადაება. ბარათში რაღაც აბდა-უბდა აზრები გადავიტანე, მერე უჯრაში ჩავდე და წამოვ­დექი. საწერ მაგიდას ისე ვუყურებდი, თითქოს გილიოტინა იყო.
ჩავიცვი, გარეთ გამოვედი, თავბრუ მეხვეოდა, მციოდა, ზაფხულის ცხელ ღამეში მაბაბანებდა. სახლში შევბრუნდი, ტანსაცმლის კარადა ლამის ამოვაყირავე. პალტო ჩავიცვი, მამაჩემის ნაქონი პალტო, გამოვედი და ქუჩას გავუყევი. გზადაგზა უფრო მიღრმავდებოდა აზრი, რო ნამდვილად შევიშალე. ვიღაცეები მხვდებოდნენ, მისტვენდნენ, დამცინოდნენ... შუა ზაფხულში პალტოთი რო კაცს დაინახავ...
ერთი სიტყვით, ასეთ საშინელ დღეში აღმოვჩნდი, არ მეგონა თუ...~
ფურცელი გავუწოდე. იმაზე მეტი ხანი მოუნდა წაკითხვას, ვიდრე ველოდებოდი. საფერფლეში ჩასრესილი სიგარეტი ხრჩოლავდა. თითქოს საგულდაგულოდ ჩაექრო, მაგრამ კვამლი სწორხაზოვნად, ძაფივით ამოდიოდა და მერე უცნაურად იკლაკნებოდა.
`ცხოვრებასავით არის ამ ჩამქრალი სიგარეტის კვამლი~, _ გავიფიქრე ჩემთვის, _ `თავიდან თითქოს სწორი გზაა, მერე კი აითართება, დაიკლაკნება და ბოლოს კვამლივით იფანტება~.
თითქო ჩემი ფიქრები ამოიკითხა. ჩასრესილი სიგარეტი უფრო გულმოდგინედ ჩააქრო. მერე წერას შეუდგა. ერთი-ორჯერ შეისვენა, თვალებში ჩარჩენილი ცრემლები ამოიწმინდა. მცირე ხნის შემდეგ წყალი მოსვა, სევდიანად გამიღიმა და ფურცელი გამომიწოდა.
`რისგანაც შენ თავის დაღწევას ცდილობ, რასაც შენ გაურბიხარ, მე მთელი ცხოვრება უშედეგოდ დავეძებ და ველოდები. რა უცნაურია ცხოვრება. ვერ იტყვი, რო უსამართლოა, იმიტომ, რომ რა უკეთესია და რა უარესი, ეს ჩვენ არ ვიცით. ცხოვრების უსამართლობაზე წუწუნი არა მგონია სწორი იყოს. შენ ეტყობა ზედმეტად იოცნებე... სიმართლე გითხრა, მე არასოდეს მიოცნებია, ამის უნარი არ მქონდა, ბავშვობიდანვე მესმოდა ხოლმე: ნატვრის ასრულება, ჩემთვის ეს უცხო იყო, როგორ უნდა მენარტა ისიც არ ვიცოდი, ან ნატვრა რა იყო საერთოდ. მოკლედ, ოცნებები რო არ გაქვს, კარგიც არის და ცუდიც. კარგი იმიტომ, რო ღმერთს არ აწუხებ, მაგრამ ცუდი ის არის, რო ადამიანი ოცნებების და ნატვრის გარეშე ადამიანად ვერასოდეს იქცევა.
თავისუფლება ნატვრაშია, ოცნებაშია, ფიქრშია, უკიდეგანო ფიქრში. ფიქრს, ნატვრას, ოცნებებს მოაქვს სიყვარული, შენ რო ასე გაურბიხარ, უფრო სწორად ძალიან რო დაგღალა. მე კი საერთოდ არ განმიცდია. არასოდეს არავინ მყვარებია. შენ გადამყვარებლის ძებნაში ხარ, მე კი ერთი მისხალი სიყვარულიც არ მღირსებია... სიყვარულს ის დალოცვილი ანაწილებს, ეხლა რო მაღლიდან დაგვცქერის და ჩვენს ამ უცნაურ `საუბარს~ ისმენს. მან ასე მოინდომა. ორი კასრივით ვართ, ერთი ამომშრალი და ამოხახულია, მეორე კი ისე სავსეა, იქცევა უკვე.
მე შენ ვერ გაგიგებ და შენ _ მე, იმიტომ რო არც ერთს გვიგრძვნია ერთი-მეორის სულში არსებული რაღაცეები.
რო შეიძლებოდეს ადგილების გაცვლა... მაგალითად სულები რო გავუცვალოთ ერთმანეთს. უსიყვარულო სული რო მომეცა შენთვის და შენ კი... უსიყვარულო სულს მიჩვეული სხეული როგორ შეეწყობა გადამყვარებლის ძებნაში მყოფ სულს, არ ვიცი. მინდოდა ვინმე შემყვარებოდა, ბოლო-ბოლო იმას მაინც გავიგებდი როგორი გრძნობაა, ადამიანს თავს რო აკარგვინებს, მაგრამ...~ _ თითები გაატკაცუნა, შემომხედა, მერე ისევ აიღო ფურცელი და მიაწერა: `ვინ გაგვაცვლევინებს სულებს~, _ გამომიწოდა და შემომღიმა.
ღამე ისე გაგვეპარა, ვერც ვიგრძენით. გამომაცილა ვალოდიამ, რაღაც დაიზმუკუნა, მერე ხელით მანიშნა, შემომიარე ხოლმეო. ოთახისკენ შემოვბრუნდი, მაგიდისკენ გამექცა თვალი, სადაც ჩვენი მიწერილ-მოწერილი ფურცლები ეყარა.
_ აიმ ქაღალდებს წავიღებ-მეთქი, _ ვთხოვე.
თვითონაც მიაჩერდა მაგიდას, მერე თავი დამიქნია.
ავკრიფე ფურცლები და გულის ჯიბეში ჩავიდე. მაცილებდა ჩემი უენო მეგობარი და მის თვალებში ფიქრმა გამოჟონა: `მართლა ვეღარ გცნობ, უცნაური ისედაც იყავი, მაგრამ... მაშ გადაყვარება გინდა! ეს ფურცლები... დაწერ რამეს, ალბათ, ისე როგორ მოისვენებ, მოთხრობაში სახელი შემიცვალე!

* * *
ვერ მივხვდი, ცხადი იყო, თუ სიზმარი. ჩემ თავს მივდევდი, მაგრამ ვერაფრით ვეწეოდი.
_ მოიცა, მოიცა-მეთქი, _ მაგრამ თითქო არც გაუგია, ფეხს აუჩქარა. ისე სწრაფად მიდიოდა... გავჩერდი, სული მოვითქვი, ღვინთილა ამომვარდა. ცას ავხედე, ვერ გაიგებდი, თენდებოდა თუ ბინდდებოდა. ყველა უბედურება მე რატო მჭირს! _ საცოდავად ამოვიზმუკუნე და ქვაზე ჩამოვჯექი, პაპიროსს იშვიათად ვეწეოდი და ბედად ჯიბეში ერთი გასრესილი ღერი აღმომაჩნდა. ზუსტად ისეთი პაპიროსი, როგორსაც ვალოდია ეწეოდა.
მოვუკიდე და ისე ღრმად ჩავისუნთქე, მეგონა პაპიროსის კვამლს შებინდული ცაც ჩავაყოლე.
მცირე ხნის შემდეგ ავდექი და გზა გავაგრძელე. სად მივდიოდი, არ ვიცოდი, თითქოს არც დასაწყისი ჰქონდა ამ გზას და არც დასასრული. უაზროდ, უმისამართოდ მივუყვებოდი ბნელ ქუჩას და ჩემგან გაქცეულ კაცზე ვფიქრობდი. ვიარე, ვიარე და ვიღაც შევნიშნე. გზის პირზე იჯდა და ეწეოდა. ახლოს მივედი, დავაკვირდი, მე ვიყავი. არც შემოუხედავს, უფრო სწორად ვერ დამინახა. ხელში ფურცლები ეჭირა და კითხულობდა. ჩემი ბარათები ვიცანი, მის გარშემო ფურცლები იყო მოღავებული. დავიცუცქე, ფურცლების აკრეფა ვცადე, მაგრამ როგორც კი ხელს შევახებდი, ჩიტებივით მიფრინდებოდნენ. ვერც ერთს ვერ წავკიდე ხელი.
_ ვინ მოგცა ეს ფურცლები? _ შევეკითხე.
ჩემი ხმა არ ესმოდა. რაღაცას ჩურჩულებდა. სათითაოდ კითხულობდა ბარათებს და გულის ჯიბეში იდებდა.
_ ვინ მოგცა ეს ფურცლები? _ ხელები ამიკანკალდა. ისევ თავისთვის ჩურჩულებდა და ყურადღებას არ მაქცევდა.
_ ხომ ნატრობდი ამ რაღაცეებისგან თავის დაღწევას, დამთავრდა, წავიდა შენგან ეს კაცი, თავისი დარდით და ტკივილებით, თავის სიყვარულითა და სევდიანი ბარათებით. ხომ ნატრობდი, რო ვალოდიასავით ყოფილიყავი და იმ ეკლებისგან გათავისუფლებულიყავი, სულს რო გიკაწრავდა. დაანებე ეხლა ამ კაცს თავი და მონახე შენი გზა.
ამ კაცმა დაიჩურჩულა, თუ სხვა დამელაპარაკა, კარგად ვერ გავიგე. ერთი ეს მახსოვს, ტირილი დავიწყე, ოღონდ ვგრძნობდი, რო სხვისი ცრემლები მომდიოდა, ჩემი არ იყო. ვისი ცრემლი იყო ნეტა... იმ გაქცეული კაცის გარდა იქნებ კიდევ არსებობდა ჩემში ვიღაც და არ ვიცოდი. ნაცემი ძაღლივით გამოვბრუნდი, ძვლები მტკიოდა. ცას რამდენჯერმე ავხედე. ისევ ისეთი იყო, ვერ გაიგებდი, თენდებოდა, თუ ღამდებოდა.
გზაში რაღაც სიხარული ვიგრძენი. თითქოს მართლა გავთავისუფლდი ტკივილებისგან, სიყვარულზე ფიქრიც კი აღარ შემეძლო.
მივიხედე, წარმოიდგინე, სახლიდან რო მიდიხარ, თითქოს უკეთეს ადგილზე, კარგი ცხოვრების მოლოდინში და შენი საცხოვრებლის კედლები თან მოგდევს. ოჯახის წევრების თბილი, ცრემლით ავსილი თვალებიც უკან მოგყვება, ისეთი შეგრძნება მქონდა. ის კაცი, ჩემგან წასული, ბარათებთან ერთად გაქცეული, აღარ ჩანდა.

* * *
ოთახში შევაბიჯე და ვფიქრობდი, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება. თვალწინ წარმომიდგა: დაცარიელებული უჯრები, გაფანტული ბარათები და ჩემგან გაქცეული `მე~. თითქოს მსუბუქად ვგრძნობდი თავს. რაღაც უსაშველო ტვირთი მოვიშორე და მტანჯველი ფიქრებისგან გავთავისუფლდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, ნიავი რო ამოქროლილიყო გამიტაცებდა. ვეღარ ვიგებდი, ეს ყველაფერი მიხაროდა, თუ არა. სიგიჟის შიშმა ისევ დამიარა.
ჩამოვჯექი და ახლა იმაზე ვფიქრობდი: ნადვილად მე ვიყავი, თუ ვიღაც სხვა.
ჩემს თავს დაველაპარაკე და უცნაური ხმა ამოვუშვი. ჩემივე ხმაზე შევკრთი. სხეულს ისე ვითვალიერებდი, თითქოს ვიღაცისგან მქონდა ნათხოვარი და ხო არაფერი დავუზიანე-მეთქი. არ ვიცი, ასე რამდენი ხანი გაგრძელდა. იქნებ ერთი წუთი, იქნებ ერთი საათი, ან რამდენიმე დღე, იქნებ სულაც ცხოვრების ერთი დიდი ნაწილი.
სხვა არსებად გადავიქეცი და ამას ვერაფრით ვიჯერებდი. არადა, თავისუფალი ვიყავი. აღარც ბარათები, აღარც მტანჯველი ფიქრები, აღარც ეს გაუთავებელი სიყვარულობანა. გაიქცა ჩემგან ის კაცი, ვინც ასე მტანჯავდა, მაგრამ რამდენი ხანი გავძლებდი ასე. თავი მისკდებოდა, კისერი ჩემდაუნებურად ტრიალდებოდა და საწერი მაგიდისკენ მახედებდა. მზერას ვერ ვიმორჩილებდი, თითქოს საწერ მაგიდაზე დაცვივდა ბუდიდან ამომხტარი თვალები.
იტყოდი, რო ვიღაცამ ქეჩოში წამკიდა ხელი და წამომაყე­ნა. მივიხედ-მოვიხედე, არავინ იყო. თითქოს სხეული გამიშეშ­და, ნაბიჯების გადადგმა მიჭირდა. დაბრუჟებული ფეხი რო გადაგიდგამს და წაფორხილებულხარ, ეგრე დამემართა, ლამის პირქვე წავემხე. სკამს ჩავებღაუჭე, მაინც ვერ შევიმაგრე თავი და მუხლებით მივხოხდი საწერ მაგიდასთან. დიდი ხნის წვალების შემდეგ წამოვდექი როგორც იქნა. საწერ მაგი­დაზე ალაგ-ალაგ ცეცხლის კბილებს გადარჩენილი თითო-ოროლა სიტყვაშერჩენილი ქაღალდების ნამწვავები ეყარა. ავკანკალდი, ჭირის ოფლმა დამასხა. ჩემი თავი მომენატრა, ისე ძალიან მომენატრა, რო ცრემლები წამსკდა. ჩემგან გაქცეული ჩემი თავის მიერ დაწერილი სიტყვები ამოვიკითხე დამწვარ ბარათებზე, `მიყვარხარ~... `დამღალე~... `მაინც მიყვარხარ~... საიდან გაჩნდა, ამ მაგიდაზე ცეცხლს გადარჩენილი ბარათების ნაგლეჯები, სულ რო არ დამავიწყდეს ჩემი თავი... ალბათ...
ცრემლიანი ვიჯექი და თითქოს წინა ცხოვრებაში ვიქექებოდი. მოხერხება უნდა საკუთარი თავის დავიწყებას. უჯრები გამოვწიე და დიდი ხნის წინ დაკარგულ ყველაზე ძვირფას ნივთს რო იპოვი, ისე გამიბრწყინდა თვალები. ჩემი ბარათები ხელუხლებელი ეწყო. უჯრებში ჩურჩულებდნენ ჩემი სასიყვარულო წერილები, რომლებიც ყველა ერთნაირად იწყებოდა: `შენ ხო იცი...~
სკამზე დავეშვი, ვეღარ ვიგებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. სიზმარსა და ცხადს შორის ყოველგვარი ზღვარი წაიშალა. ვერ ვხვდებოდი, ვინ ვიყავი და რა მინდოდა.
`ნუთუ ასე დაგამძიმა და დაგამწუხრა სიყვარულმა~. ჩემი ნამდვილი ხმა ჩამესმა. ბარათები ამოვალაგე უჯრებიდან, მაგიდაზე გავშალე და თითქოს საკუთარი ნატანჯი სული მეფინა წინ, ისე დავცქეროდი...

* * *
ვეღარ ვუძლებ, ეს ის არ არის, რასაც სხვები განიცდიან. ჩვეულებრივი შეყვარებულები, არც კი ვიცი, როგორ გადმოვცე. ტანჯვა? წამება? უფრო უარესია. თან მინდა, თან არა. ცარიელი უჯრები სიკვდილია ჩემთვის, ახალი ბარათების წერაში ვარ და იტყვი, სადაცაა, სული ამომივა. ვეღარ ვუძლებ. დაორსულებულმა ტვინმა ლამის არის გადმოანგრიოს თავის ქალა. დავიწყება მინდა, გადაყვარება მინდა... თითქოს ადვილია, მაგრამ ვერაფრით ვახერხებ. საკუთარი თავი არ მემორჩილება. შეყვარება თუა გადაყვარებაც ხო იქნება. სათითაოდ ვეხები ბარათებს. უცნაური ხმები ჩამესმის, თითქოს კვნესიან. ვერ შევირგე სიყვარული, ვერ გავუგე საკუთარ გულს, ვერ გავუძელი, რა ვქნა... არადა, ვერ წარმომედგინა ეს წუთები, თუ ამას ვინატრებდი _ გადაყვარებას.
თვალები დავხუჭე, თითქოს ვიღაცის ლანდი დადიოდა ოთახში. ისეთი შეგრძნება მქონდა, რო ფეხაკრეფით მომიახლოვდა და თავზე დამადგა. უცნაური სითბო და სუნთქვის მონაბერი ვიგრძენი. ის იყო, მისი ამონასუნთქი მეხებოდა ღვინობისთვის თბილი ნიავივით. მასთან გატარებული თითოეული წამის აღდგენა ვცადე. ტვინში გაბნეული მოგონებების ნამსხვრევები წამოვცენცე. წარმოიდგინე, ფიქრით შეკოწიწებული ალბომი, დაახლოებით... თითოეული წამი გაცოცხლდა, სადაც კი დამენახა, სადაც კი თვალი მომეკრა, სადაც კი შევხვედროდი. უფრო მძაფრად ვიგრძენი მისი სიახლოვე, მისი ამონასუნთქით გაბრუებული ვიჯექი. მერე სიზმრებიც გავიხსენე, სათითაოდ ჩამოვყევი. მივხვდი, რო არაფერი იკარგება. სიზმარი რო სიზმარია, ისიც არ ქრება და შენშია შენახული. თუ მოინდომებ, ყველა სიზმარს გაიხსენებ. არადა, სადღა მახსოვდა სიზმრები, მეგონა ყველაფერი მავიწყდებოდა, თუმცა... აღმოვაჩინე, რო თურმე სიზმრებიც კი შენახული მქონდა.
_ აქ ხარ? _ ხმამაღლა ვიკითხე. პასუხი არავის გაუცია. სუნთქვა ისევ მესმოდა და მისი ფილტვებგამოვლილი ჰაერი მეხებოდა, _ ვიცი რო აქ ხარ და ხმა ამოიღე, _ წამოვდექი, ხელების ფათური დავიწყე. არავინ იყო, მხოლოდ მე ვიყავი, _ ხვალ წავალ მონასტერში, შევხვდები იმ სასწაულმოქმედ ბერს და ვეტყვი, რაც მჭირს. შევხვდები, იქნებ გადამაყვაროს როგორმე და გაგიჟებას გადავრჩე.
თანდათან დამშორდა, სუნთქვაც აღარ მესმოდა.
ბარათებს დავცქეროდი, ყველა ერთნაირად იწყებოდა `შენ ხო იცი...~
ერთიანად მომაწვა მოგონებები და სიზმრები, თავის ქალა თიხის ქოთანივით სკდებოდა. ყველა მოგონება და სიზმარი ერთად, ღმერთო!

* * *
დავრდომილთა და სხეულთა რიგი ტაატით მიიწევდა ბერის კელიისკენ. ვიღაცას სული ჰქონდა აშლილი, ვიღაცას კეთრი ეყარა, ვიღაცას სიცოცხლისმჭამელა სენი გასჩენოდა და დღეებს ითვლიდა, ვიღაცას ეტლითYმიაგორებდნენ. თითოეულ მათგანს თვალებში ვაკვირდებოდი, საოცარია სიცოცხლის წყაროზე მიმავალი ადამიანების მზერა.
მონასტრის მაღლა, ვეება მუხების ქვეშ, ადამიანებისგან გაქცეული და სულში ჩაყურყუმელავებული არსებების საცხოვრებლისკენ მიიწევდა რიგი...
ვიღაცას სული ჰქონდა აშლილი, ვიღაცას კეთრი ეყარა, ვიღაცას სიცოცხლისმჭამელა სენი გაჩენოდა და დღეებს ითვლიდა, ვიღაცას ეტლით მიაგორებდნენ. საოცარია სიცოცხლის წყაროზე მიმავალი ადამიანების მზერა. მე, მე რისთვის მივდიოდი სასწაულმოქმედ ბერთან...

* * *
ბოლო აღმოვჩნდი. ის იმხელა რიგი ისე დამთავრდა, ვერც კი მივხვდი, რო პირისპირ ვიდექი შუახნის ანაფორიან კაცთან, რომელიც სასწაულებს ახდენდა და უამრავ ადამიანს კურნავდა. ოთახის ზღურბლთან დაუპატიჟებელი სტუმარივით ავიტუზე და ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ვა­ხერხებდი.
შევხედე და, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, ისეთი მზერით მომჩერებოდა. თითქო დედამიწაზე ყველა უბედურების მიზეზი მე ვიყავი. კარგა ხანს მიყურა, მერე, თავისთვის, ბუტბუტი დაიწყო, მთქნარება აუტყდა. იტყოდი, რო რამდენიმე ღამე თეთრად გაეთენებინა. ჭაღარა წვერს მალ-მალე ისწორებდა.
ხატებით მორთულ კედლებს აკვირდებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა, რო ქვითინს დაიწყებდა. ქანდაკებასავით ვიდექი და უაზროდ მივშტერებოდი. ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი ისე გადმოდგა, რო არ შემოუხედავს, მომიახლოვდა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
_ მაშ, გადაყვარება გინდა... _ თავი გააქნია, ჩაცვენილ თვალებში მჯიღი ამოისვა, ისეთი მზერით შემომხედა, თითქოს მიცნო და თვალებს არ უჯერებდა, თუ მე ვიყავი.
_ მეც მინდოდა... _ თქვა და სიტყვები ყელში გაეჩხირა.
იგრძნობდი, რო მის თვალებში ჩამარხული სევდა, ტკივილი, არასოდეს არავის ამოეკითხა.
_ ვერ შევძელი ეგ ამბავი, _ ჩაილაპარაკა და კელიის კუთხეს მიაშტერდა. _ ვერ შევძელი და წამოვედი. სადღაც მივატოვე ჩემი დასნებოვნებული თავი და ჩემს მეორე `თავს~ ანაფორა გადავაცვი. შენ კი... _ ისევ ჩაეღიმა, _ შენ კი უნდა მთხოვო, გადამაყვარეო...
თითქოს ენა წამერთვა.
_ ვიცი... ამას ვერანაირი ლოცვა და მეტანიები ვერ შველის. მაგის წამალი უფალს ჯერ არ მოუგონია, ის არის და მორჩა. ამ კედლებს შევაბერდი, ჩემი სული გამჩენს მივუძღვენი, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ვერ გავექეცი. უკან მომყვა, მეგონა ვერ მომაგნებდა, მაგრამ ერთ ღამესაც შემომიღო სენაკის კარი. როცა მეგონა სხვა არსებად გადავიქეცი, სწორედ მაშინ მომიწვა გვერდით, ვითომ მივიწყებული... აქედან წასასვლელი აღარსად მქონდა.
გა - და - ყვა - რე - ბა... _ დამარცვლით თქვა ბერმა, გაეღიმა და თავი გააქნია, _ ჩაჰკიდე შენს თავს ხელი, ნუ მიატოვებ. ნეტარებაზე მეტი ნეტარება, ის ტანჯვაა, რასაც შენ განიცდი. წერე ბარათები და გადაყვარებას ნუღარ შეეცდები.
მცირე ხანში ისევ ბუტბუტი დაიწყო და მთქნარება აუტყდა. მერე პირჯვარი გადამსახა, დამემშვიდობა და სენაკიდან გავიდა.
ბერის ოთახში დარჩენილი, ქანდაკებასავით ვიდექი და დაბლობში, მთავარი ტაძრისკენ მიმავალ ანაფორით შემოსილ სასწაულმოქმედ კაცს მივშტერებოდი. თითქოს ისევ მესმოდა მისი საუბარი, თან სულ ერთი და იგივე: `ჩაჰკიდე შენს თავს ხელი! ჩაჰკიდე შენს თავს ხელი! ჩაჰკიდე შენს თავს ხელი!~

* * *
სადარბაზოს ავუყევი, საშინელი ტკივილი ვიგრძენი მკერდში, ისეთი შეგრძნება მქონდა, რო გული ატამივით გადაიხლიჩა და მისი ნაწილები ცალ-ცალკე ფეთქავდნენ. მოაჯირს ჩამოვეყრდენი, კიბეს დაღლილი თვალებით ავხედე, მომეჩვენა რო ცამდე უნდა მევლო. კიბის საფეხურები აღარ მთავრდებოდა და ჩემს საცხოვრებელ კორპუსში კი არ ვიყავი, არამედ ცისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდი. ჭირის ოფლი მასხამდა. პირი გამიშრა, ძლივს ამოვისუნთქე და წვალებით, დიდი ხნის ნაავადმყოფარივით გავაგრძელე საფე­ხურების ავლა.
`რა ფასი აქვს იმის გარეშე შენს ცხოვრებას. ის არის შენი არსებობის წყარო. თუ გადამყვარებელს ეძებ, ერთადერთი--- სიკვდილია ყველაზე დიდი გადამყვარებელი, ამიტომ...~
ვგრძნობდი, რო ჩემი ტანჯვა ისევ გაგრძელდებოდა. ბარათების წერაში, ცრემლში...
`შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა ბედნიერი ხარ. არადა, ამისგან გათავისუფლებას ესწრაფვი...~ _ ჩემივე ხმა ჩამეს­მა.
უცბად იმ ადამიანის სურნელი ვიგრძენი, ვისგან თავის დაღწევასაც ასე გულმოდგინედ ვცდილობდი. ის იქ არ იყო, ბნელ სადარბაზოში, მაგრამ მაინც ვიგრძენი მისი სიახლოვე, მისი თმების სუნი და მივხვდი, რო დიდი ხნის გადაკარგული, დიდი ხნის ნაწანწალები, საკუთარ თავში დავბრუნდი. სიხარულის ცრემლები წამომივიდა. ერთი სული მქონდა, ჩემს საცხოვრებლამდე მიმეღწია, საწერ მაგიდასთან დავმჯდარიყავი და ბარათის წერა დამეწყო, რომელიც უსათუოდ ასე დაიწყებოდა:
`მაპატიე, რა... მითხარი, რო მაპატიებ ამ ჩემი აკვიატებების გამო. იმის გამო, რო შენს გადამყვარებელს ვეძებდი ამდენი ხანი, უნდა გამიგო, სხვა გზა არ არის...~
ნაბიჯს ავუჩქარე, ძალა მომეცა. ასე მეგონა, ცამდე სწრაფი ნაბიჯით ავიარე კიბის საფეხურები და ჩემს თავს ვუთხარი, `რა ახლოს ყოფილა ზეცა-მეთქი~. გულის ტკივილმა გამიარა, თავისუფლად ვსუნთქავდი.
ჩემი ბინის წინ, კართან, საფენის ქვეშ გასაღების მოსაძებნად შევყავი ხელი და რაღაც ფურცელი მომხვდა. დავხედე და ენამოჭმული ვალოდიას მიერ გამოგზავნილი წერილი იყო.
`არ მეგონა, თუ კიდევ შეიცვლებოდა რამე ჩემს ცხოვრებაში. უენობამ, მდუმარებამ საკუთარი თავი უკეთ გამაცნო, მაგრამ არ მინდოდა, ისე დამთავრებულიყო ეს ჩემი ვითომცხოვრება, რო ის არ მეგრძნო, რასაც ადამიანები სიყვარულს ეძახიან. სულ არაფერი ვიცოდი, არასოდეს არაფერი მიგრძვნია. გითხარი, უფრო სწორად, დაგიწერე მაშინ, როცა ჩემთან იყავი და გადამყვარებელს დაეძებდი, რო შენ მოჭარბებული სიყვარული ტანჯვად გექცა, მე კი საერთოდ არ ვიცოდი, ეს როგორი გრძნობა იყო. შენ სიყვარულით გაჩენილ ტკივილებს გრძნობდი, მე კი უსიყვარულობით გამოწვეული ტკივილით ვიტანჯებოდი. ცარიელი ვიყავი, ოღონდ ამას მერე მივხვდი. როცა აივსები სიყვარულით, მერე გრძნობ, სიცარიელე რას ნიშნავს.
ერთ დღეს, ჩემს მეზობლად ქმარს გაშორებული, მცირეწლოვანი ბავშვის პატრონი ქალი ქირით დასახლდა. ჩემს ცხოვრებაში რაღაც უნდა მომხდარიყო და ერთ წამში, როცა კიბეზე ერთმანეთს შევეფეთეთ და თვალებში ჩავხედე, მივხვდი, რო... მას შემდეგ სიზმარიც შემეცვალა და ცხადიც. თითქო სულ ერთად ვიყავით მთელი ცხოვრება, თითქო სულში მყავდა ეს ქალი. მის სუნთქვას ვგრძნობდი და მისი სურნელით ივსებოდა ჩემი ოთახი.
ღმერთო! რამდენი რამ მაკლდა და არ ვიცოდი.
მინდოდა, მივსულიყავი, მის წინ დამეჩოქა და ჩემი უსიყ­ვარულო ცხოვრების გამო, ბოდიში მომეხადა. მეთქვა, რასაც ვგრძნობდი, მაგრამ მე ხომ ლაპარაკი არ შემიძლია. ეს იმას ნიშნავს, რო მე მას ვერასოდეს ვერაფერს ვეტყვი, მხოლოდ თვალებით მოვეფერები. თითქოს შენმა სტუმრობამ სიყვარულის... როგორ დავწერო, არც ვიცი, ეს რო არ მეგრძნო, ვერასოდეს გაგიგებდი. ტანჯვა ჯობია სიცარიელეს, დამიჯერე. ბარათების წერა დავიწყე. ვწერ და უჯრაში ვინახავ. სადღაც არსებობს ყოველი ადამიანის ბედნიერება. ვიღაცაში არსებობს, მთავარია, რო ვიპოვნოთ, მთავარია, რო მოძებ­ნის ჟინი არ მოკვდეს ჩვენში. დამალობანას თამაშის დროს რო დავიხუჭებოდით ბავშვობაში და ერთმანეთს ვეძებდით, ჩვენი წილი ბედნიერება ისე უნდა ვიპოვნოთ. შეიძლება, ძალიან შორს იყოს და დიდი ხნის ძებნა დაგვჭირდეს, შეიძლება, სულაც აქვე იყვეს, ჩვენს გვერდით და ვერ ვამჩნევდეთ.
მე არ მიძებნია, ის მოვიდა და ჩემ გვერდით დასახლდა. არც ისე უიღბლო ვყოფილვარ, როგორც მეგონა. მადლობა, რო თვალი ამიხილე. ხომ გითხარი, მოგბაძე და ბარათების წერა დავიწყე. მოვა დრო და ამ ბარათებს ჩემი ხელით გადავცემ, წაიკითხავს და იქნებ შევუყვარდე~.

23 მირკანი, 2019 წელი,
დიცი
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge