გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნათელა კუპრაშვილი - ლექსები

             სვეტიცხოველი
სვეტიცხოველის წმინდა ტაძარში 
სანთლის ლიცლიცი დიდი მადლია
და საქართველოს მომავალ ბედზე
იქ, ჩემი გულიც მათთან ანთია.
იდუმალ ნისლში გატანჯულ სახით,
თუ შეიცანი იქ, არსაკიძე,
მორიელებით დაკბენილ სხეულს
დედამ გაუხსნა გულზე საკინძე.
იფერფლებიან ჩუმად სანთლები,
იმდუღრებიან, ცოდვით კრთბიან.
კოლონკელიძის ტურფა ასული
მონასტრის კედელს რიდით ჰხლებია.
მიუწვდომელი ეს სიყვარული
დღესაც გულს ათბობს, ლამპრად ანთია,
საქართველოს და მცხეთის გარეშე
არ მინდა შევხვდე მე სხვა განთიადს. 
         
ფიროსმანი
ცხოვრებისაგან დასეტყვილი დგას ფიროსმანი
და ნაბახუსევს უთამაშებს უღონოდ მხარი,
ო, ნატრისთვალი დაგეხატა, მაინც ნიკალა,
ფუნჯი დაკარგე? აბა მითხარ, ვინ დაგიმალა...
მაინც არაფრად არ ჩააგდე ბედის ტრიალი
სიყვარულისა და სიკეთის იყავ ტრფიალი,
მხატვართა მეფე, უანგაროდ გზავნიდი ვარდებს
ერთი ყვავილიც არ მოგართვეს, გულს არ დაგადეს.
ისე წახვედი , არვინ იცის შენი საფლავი,
შენი სულისთვის არ დაკლულა არცა ბატკანი,
ბოლომდე შესვი წუთისოფლის მწარე ფიალა,
სიკვდილის შემდეგ დაგაფასეს ძალზე გვიანა.
ო, ხელოვანო! შემოქმედო მშვენიერების, 
რა ხანმოკლეა ეს საწუთრო ყოფიერების,
გადაიღალე და დასეტყვილ სხეულს ასვენებ,
ქართული ზეცა, წმინდა საფლავს ცრემლით ასველებს.

***
მაღლა ციდან შეუმჩნევლად წვიმის ცრემლი მოდის,
მთის ფერდობზე ლამაზ იებს, ასველებს და კოცნის,
ცისარტყელის მეშვიდე ფერს თუ შევწვდები ნეტა?
მიწის სუნმა გამაბრუა, სილამაზის ტყვე ვარ.
თითქოს ზღაპრის გმირი ვიყო, მემატება რწმენა,
ნეტა, ლამაზ ფრინველივით მეც შემეძლოს ფრენა,
ლაჟვარდს მკერდით მივაპობდე, ვეზიარო ზეცას
და მათსავით მეც შემეძლოს გაჭირვების თმენა.
გულით რაც კი მინატრია, იშვიათად ხდება,
ასეთია ეს ცხოვრება და თვით უფლის ნება,
სინამდვილე ამ დიდ ზღაპარს ეთხოვება თრთოლვით
და დასეტყვილ ოცნებებსაც მიიბარებს გლოვით.
          
***
ჩემი ოცნების გაქციე ღმერთად,
ყოველთვის ჩემად მეიმედები,
ფიქრით გიპოვი და შენთან ერთად 
მე უგზო-უკვლოდ დავეხეტები.
  
საქართველო
ისევ დარჩები მტრის გულისად მუდამ უცვლელი,
წარსულში დარჩა შენი ყოფის წმინდა ფურცლები,
ყოველი კუთხე დაქარგულა: სისხლით, ცრემლებით,
კვლავ დაგიცავენ, გწამდეს, ისევ თავგამეტებით.
კრძალვით ფიქრობდნენ, ლოცულობდნენ შენზე მწირები,
ვფიცავ, მათსავით, მეც უთქმელად შეგეწირები,
ჩვენს წინააღმდეგ იერიში კვლავაც არ წყდება
არ ემეტები ზე-ციურ ღმერთს დასამარცხებლად.
აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩამოგაჩეხეს,
თავს არ იზოგავ, თუმც უკვე ხარ სისხლად დაცლილი,
მჯერავს ვერასდროს არწივის ფრთებს ვერვინ მოკეცავს,
წინაპრებისგან გამძლეობა სესხად მოგვეცა.
ბევრჯერ ეცადნენ გაეხადეთ ნასახლარებად,
არ დაჩოქილხარ შენი მტრების გასახარებლად,
ჩემო სამშობლო, გაგერია, თუმცა ჭაღარა,
სიკვდილმაც უკვე შენს წინაშე თავი დახარა.
  
***
უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ დაიკოს
ღამის ნესტიან სამოსის ჩრდილში
მე დავდიოდი, ვით მაწანწალა,
და ხშირად ვნატრობ ცხადშიც და ძილშიც
ღმერთო მომეცი მოთმენის ძალა.
ღაწვზე დაგორდა ობოლი ცრემლი,
გაფრენილ წუთებს თვალებში ძინავს,
მე ისევ გელი, ო, როგორ გელი, 
როგორც ნათესი ადრეულ წვიმას.
დრო გაიპარა ბედთან ჭიდილში,
ბორგავს, ასკდება სული მშფოთვარე,
ჭრილობა,ნელა ეხვევა ნისში,
ნეტავ, თუ მოხვალ, შენ სიზმრად ღამე.
აღარ ფხიზლდება სული მშფოთვარე,
გული ლოდინში, თოვლივით დადნა,
ვიცი, რომ მიგრძნობ ფიქრებში მალე,
ფრთები მომხვია მარწუხად დარდმა.


***
თავს მოთმინების ანგელოზმა გადამიარა,
სევდას, კაეშანს მოუკვეთავს ღიმილი წმინდა,
ბედმა უგნურად, უგზო-უკვლოდ, მთა-მთა იარა,
ზურგი მაქცია, გამერიდა სავალი გზიდან.
ფრთები, ლამაზი შეეკვეცა საბრალო სურვილს,
ქარმა დაბერა, სურს წაშალოს მწვავე იარა,
ბორგავს სიცოცხლე, ვემონებით, ვერ ვიკლავთ წყურვილს,
ცრემლები წვეთავს, ავსებულა უკვე ფიალა.
ვიცი, არც ველით, განმეორდეს ჩვენი ცხოვრება,
ის ფოთოლცვენა, მიეფარა უკვე გორაკებს,
უნუგეშოა დაღუპული სულის გოდება,
გადაჩეხილა და მოტეხილ ფრთებს ძლივს მიათრევს.
დრომ გაგვიმართლა, თორემ ალბათ ფიროსმანივით
ქუჩებს გორისას შეამკობდი მრავალ ყვავილით,
მხატვრის უიღბლო სიყვარულზე დღესაც მღერიან,
შენთვის კი დათმო ყველაფერი შენმა ფერიამ.
ლამაზ სიყვარულს მუდამ ჰქვია თავდავიწყება,
და ჩვენს გრძნობებსაც არ ეწერა გადავიწყება,
დრო ჩქარა გარბის, ფოთოლცვენა მალე დადგება,
სიბერე მშვიდად, შეუმჩნევლად თავს დაგვადგება.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge