გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თენგიზ პაპაშვილი - ლექსები

ტ.გრანელს!
ყორნისფერი ღამეა
გარეთ წყნარი საღამო და მაისის წვიმები,
სულში ისევ ქაოსი, უცნაური ფეთება.
უნდობლობა, წუხილი ისევ გულის სიმების,
განწირული დღეები და ყრუ სულისკვეთება.
ისევ დარდი, წუხილი ისევ მწველი იარა,
ისევ ხელში გაკვდება მოწყენილი საღამო.
ბედის ეშაფოტებზე მწუხრმა გადაიარა,
შენ კი სტრიქონს მიენდე,დარდი რომ დაგიამოს.
სული გადაღლილია და მწუხრის შეღამება,
ცაში დაწყებულია ისევ ფერთა გამაში.
ლურჯი მარადისობა ასე რად გეხამება,
ღამე ლაგამს უშვებს და გხვდება ცეკვა-თამაშით.
ყორნისფერი ღამეა, მწუხრის ფრესკებს ვერ უმზერ,
სულის ეკლით ნაკაწრებს, ვეღარ შველის საღამო,
არეულა გულისთქმა ლურჯი მარადისობის,
მთვარემ სხივი მოგტაცა, ზეცა გახდა საამო.
ახლა ისევ ღამეა, სულს ნაღველი გიზაფრავს,
ყორნისფერი ღამეა, შენ კი მწუხრის ფარაონს
ვეღარ ემშვიდობები და არც გიღირს არაფრად,
რადგან წლები ჩავლილი ღმერთმა დაგიფარაო.
14.08.2019


უშენობა მკლავს
მთვარე მაცდურად მინათებდა ლექსის კაბადონს,
დარდმა დაწყვიტა სევდის რითმა-გულის მყესები.
ვერ ვუდარაჯე მაგ ტკივილის ურიცხვ საბადოს,
ვერც სიყვარულის შეგასწავლე ადათ-წესები.
ლექსით ვსულდგმულობ, ლექსით ვქრები,ლექსით ვინთები,
დარდსა და წუხილს აპრილს ვეღარ დავესესხები,
ო, ბნელ ღამეში სევდის მრუმე ლაბირინთებში,
იღვენთებოდა შენს ლოდინში ჩემი ლექსები.
ვაგლახ, საწუთრომ მეც ურიცხვი დარდი მაგემა,
არ კი მიწამლა, არ დამედო აღარც მალამოდ,
შარბათს მასმევდა, მაშინ მითხრა ცრემლით ნაგვემმა,
შხამის ფიალას ახლა მაინც დაგიმალავო.
როგორ მეწადა, შენთვის ერთი თვალის შევლება,
მწუხრის ღამეა, ივლისის თვე და გილგამეში.
უშენობა მკლავს, ხატება კი თავზე მევლება,
აღარც შენს გულმა შემიფარა ამ გრილ ღამეში.
ლოდინმა გახრა გასახრავი ავი ლაგმები,
არც შენმა ტრფობამ მომიტანა დიდი მათა რა,
ამ ცხოვრებიდან ისე როგორ ავილაგმებით,
რომ სიყარულის არ შეგასვა დიდი მათარა.
დაღლილი მთვარე ღამეს ათევს ფანჯრის რაფაზე,
უფლის განგებამ დღესაც რაკი ასე ინება,
ერთსაც დავარტყავ იმ გადათვლილ ბოლო ნაპასებს,
გზას გავუყვები ჩემ სიზმრებთან დასაძინებლად.
ქარმა წამართვა ციდან ღრუბლის ბოლო ნახევი,
აღარც ცრემლები ემეტება ზეცას სამიწედ...
ახლა ისე ვარ, უფლის მადლით ნაკარნახევი,
ლამის ცხოვრება ძუ ლომივით ფეხთით დამიწვეს...
2.02.2019 წელი


სული მეწვება
შენი დანახვა სულს მიდაღავს, ფიქრებს მიწეწავს,
უთქმელი დარდით ქუჩა-ქუჩა დავეხეტები.
სულში შემოდის ეგ თვალები,ცისფერი ზეცა,
ვით გახსენება იმ მარადი დღეთა ეტლების.
ჩემი იმედის დასალიერზე თუმცა დარია,
ცის კაბადონზე მზე აცხუნებს,მზეა თაკარა.
გაძარცვულ სხეულს თვით განგებამ ხელი დარია
და სატანჯველი არ იქნა და აღარ მაკმარა.
შენს გამოხედვას ვეღარ ვუძლებ, სული მეწვება,
აღარც იმედის დამიტოვე ბოლო ნამცეცი...
გადამიარა ამ ოხერმა დარდის მეწყერმა,
სასომიხდილი ამ სტრიქონის ბოლოს დავეცი…
1984 წელი.


გალეშილია ღამე თრიაქით
მზე გადაეშვა უხმოდ დასავლით,
ღრუბლის ქულებზე მთვარე ბანაობს.
ქარმა წამართვა ბოლო ნადავლი,
ვემშვიდობები მწუხრის ფარაონს.
ჯერ ღამეს ისევ ბურანში სძინავს,
სულს ვერ მიბორკავს დარდის მჭიდები.
ვით უბინაო, დაეძებს ბინას
გული ჩემი, თუ ისევ გჭირდები.
მაინც გიგულებ ისევ საგულეს
და რადგან ასე არ მემეტები.
შენ ჯვარცმის მეტი არა მარგუნე
ვერც ძველებურად მეიმედები.
ღამე უძილო თავზე დამატყდა,
სულს მიბოჭავენ სიზმრის ღვედები.
ჩემი ნაწერი სტრიქონის რა ვთქვა,
თორემ მე და შენ ერთად ვბერდებით
ჯერ ღამეს ისევ ბურანში სძინავს,
შემრჩა წუხილი სევდით ნაფერი
და გადანისლულ სავანის ნიავს
მოაქვს ნაღველი სხვა არაფერი.
უფალი ტრფობას მიზომავს მისხლით
ვნების მორევში ლამის დამახრჩოს.
ტაბახმელიდან ნაჟური სისხლით,
კრწანისის ველზე გიზრდი ყაყაჩოს.
გალეშილია ღამე თრიაქით,
ღრუბლის ქულებზე მთვარე ბანაობს,
დალალს იგრიხავს სული ტრფიალით
და გული კვდება უიარაღოდ...


* * *
ამ გულს კვლავ შენი მზერა შერჩა,დღეს ნამეხარი,
უნდა გცოდნოდა, თუ რარიგად მხიბლავდი მარა...
ლანქერს შევრჩი და შენ სიყვარულს ისევ შევხარი,
ისედაც მაცდურ გალეულა ცხოვრების შარა...
1985წელი.


მოგდევს წარსული
ქარი დამიმტვრევს მგონია კარებს,
შენს შემოხედვას როცა ვუცინი.
წუხელ სიზმრიდან გამოგეპარე
სიზმრიდან, რადგან ჩანდი გულცივი.
ეგ გულგრილობა ისევ დაგჩემდა,
ვერ დაისწავლე ჰეგელი, კანტი.
თრიაქით მთვრალი გტოვებს წარსული,
უღიმღამო და ხარივით ზანტი.
მე კი არ ვიცი, რა ვქნა ამჯერად,
ჩემო ზურმუხტო, ჩემო გიშერო,
ლანდებს მოუხმობ, რადგანაც მჯერა,
შენს მირაჟებმა უნდა მიშველოს.


შენი მაქვს ვალი
მამულო! კვლავაც შენს დაძახილს შევხვდი კრწანისზე ,
იქ შემაგება მშობელ მიწამ ჩემი ჩონგური.
ვგავდი უენოს, შენ ცხოვრება გამიხალისე,
მუნჯი ვიყავი, ვით ბირთვისის,თმოგვის ქონგური.
შენს სიყვარულმა დამამუნჯა სატრფოზე მწყრალი,
გრძნობებით დაღლილს მომელოდა მკაცრი გამოცდა.
მე სიკვდილამდის სიყვარულის შენი მაქვს ვალი,
შენდამი ტრფობა ამჯერადაც ლექსად წამოცდა.


შენსკენ ვიკრძალვი
ღამე გაფრინდა,
გაფრინდა ძერა.
ალერსი მინდა
და შენი ცქერა.
სივრცის კარამდის,
აიჭრა წერო,
ტრფობის ბარათი,
როდემდის გწერო?
როდემდის ვრბოდე,
გაშლილ ტყე-ველად?
ეს გული გოდებს,
გიხმობს საშველად.
გაწყდარი ქანცით,
მოვყვები ქუჩას
და გზას და მანძილს
ბოლო არ უჩანს.


მეგობარ პოეტს:თამარ მეტრეველს!
და დღენიადაგ
სამაჩაბლოზე ფიქრი გაწვალებს
და დღენიადაგ წარსულს ეხები
ცრემლის სიმდუღრე გიწვავს მაგ თვალებს
თვალს გიმშრალებენ გზაზე ვერხვები.
ეხმიანები წარსულის დღეებს,
მშობელ მიწაზე ლოცვა გახარებს.
ფეხშიშველ მისდევ ოცნების ტყეებს,
სველი ფოთლები შემოგაყარეს.
ისევ წარსულის დღიურებს ფურცლავ,
მაინც ვერ შესვი ოცნების თასი
და წუთისოფლის დარდი და ურვა
გაგიხდა ისევ ჯვარცმის ტოლფასი.
მაინც წარსული ყოფილა თურმე,
მომავლის გზების ძველი ამქარი.
მეხრედ მოყვები ოცნების ურმებს
მოგაქვს ქართული სიტყვის სამკალი.


ახლა სტრიქონს გეშავენ
ეს საღამო ილევა, მწუხრს გაუდის განგაში,
დარდის პარაკლისია, მწუხარების სავანე,
ღამის ტკბილი სიზმარი, ანგელოზთან ფრთებს გაშლის,
შენზე მოგონებები, რით ვერ დავასამარე,
მწარედ ზეობს ივნისი, დარდი ვით დავიამო,
ყავლი გასდის ღამეს და დღეა მიუსაფარი,
შენს ლოდინში სულს ღაფავს, შფოთიანი საღამო,
მე კი სიზმრებს ვაცილებ დაფითა და ნაღარით,
ახლა ისევ მარტო ვარ, სული შფოთავს დაღლილი,
წუხილს მიერეკება სევდის სანაპიროზე
ისევ თავს შემახსენებს წლები უხმოდ ჩავლილი
და შენი გაღიმება ჩემს გაცრეცილ ტილოზე
სულს წუხილი მიზაფრავს, სიოც კი მღლის სავანის,
მწუხრის ზარებს რეკავენ არის ყრუ მისტერია
რად ვარ ჩემი ლექსივით დღემდე მიუსაფარი
შენთვის ვითომ ეს ლექსი არც კი დამიწერია
ახლა სტრიქონს გეშავენ, ლექსის ნიამორები,
შენზე სიზმრებს გამიქრობს მოწყენილი საღამო
თვალის მოკვრა არ მინდა, აჩრდილს ვეამბორები
იცი , რომ შენ სიყვარულს ვანაცვალე სამყარო


ასე მგონია
დროს რაღა ჩემთვის აერია ქორონიკონი,
დრომ რაღა ჩემთვის მოიცილა ვარდის ფურცელი,
ეს შემოდგომა იმ გარდაცვლილ დღეებს მიკონის
და მაინც დროსთან შერკინებით ვარ ფეხუცვლელი,
შენი გულისთვის მსხვერპლს გავიღებ, შველას ნუ ითხოვ
საშემოდგომოდ გადიფრენენ ისევ ორბები,
ასე მგონია, ძველებურად ღიმილით მიმზერ
შორს არის ჟამი სამუდამო დამშვიდობების.


* * *
მე მოგცილდები, უკვე წავედი,
შორეულ გზებით მივალ.
სიყვარული რომ გემართა ჩემი
არ დამიბრუნებ იმ ვალს ?
აღარას ვითხოვ, აღარას ველი,
მდუღარე ცრემლი მალტობს.
რატომ დამტოვე ასე თვალსველი,
რატომ, ძვიფასო რატომ ?скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge