გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სონია ქართველიშვილი - ბექა ქურხულის ,,ქალაქი თოვლში"

ბექა ქურხულის მეექვსე პროზაული კრებული „ქალაქი თოვლში~, როგორც თემატიკით, ისე სტილითა და ფორმით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ხუთ მოთხრობას აერთიანებს. ამათგან ორი _ „მკვლელი~ და „მუსაქალა~ _ თხრობის მანერით, ნარატიული სისტემითა და ესთეტიკით იმდენადგანსხვავდება წინა ხუთ კრებულში შესული პროზაული ჩანახატებისგან, მოთხრობებისა და მინიატურებისგან, რომ ძნელი წარმოსადგენიც კია, ერთსა და იმავე ავტორს თუ ეკუთვნის. რაც შეეხება დანარჩენ
სამ მოთხრობას (იგულისხმება „ქალაქი თოვლში~, „სიზმრად ვნახე~ და „საღამო~): მართალია, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული მსგავსება არც აქ შეინიშნება წინა წლებში დაწერილ იმპრესიონისტული
ფრაგმენტულობითა და შინაგანი ექსპრესიულობით გამორჩეულ პროზაულ ნაწარმოებებთან, მაგრამ გარკვეული გადაძახილი მაინც იკითხება თემატიკის,
სტილის, თუ ენობრივი თავისებურების თვალსაზრისით. ამდენად, ვინც კარგად
იცნობს ბექა ქურხულის შემოქმედებასა და მისი სტილის ძირითად მახასიათებლებსა თუ თავისებურებებს, ძველ კრებულებთან პარალელებისა და ბუნდოვანი, მაგრამ მაინც ძალიან ნიშანდობლივი და სახასიათო ალუზიების აღმოჩენაც არ გაუჭირდება. მაგალითისთვის, ერთმანეთს რომ შევადაროთ მის მეორე კრებულ ში შესული პატარა მოთხრობა „ხათუნა~ და „ქალაქი თოვლში~, მთელი რიგი განსხვავებების მიუხედავად, ამ ორ ნაწარმოებს შორის გარკვეული ასოციაციური კავშირი არსებობს და არა მარტო იმიტომ, რომ ორივე მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ქალია, მოქმედების ფოკუსში კი სასიყვარულო ისტორიაა მოქცეული. მსგავსება უფრო შინაგანია, ვიდრე გარეგნული და ესთეტიკას, თხრობის მანერასა თუ რეალობის რეპრეზენტირების ავტორისეულ ხერხებში მდგომარეობს, რომელიც ანალოგიური ტიპის განწყობასა და ემოციას იწვევს მკითხველში. აღსანიშნავია ისიც, რომ მოთხრობების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი თავად მწერალია, ამიტომაცაა პერსონაჟად ტრანსფორმირებული ავტორის თითოეული თვისება ბუნებრივი და დამაჯერებელი, ხასიათის შტრიხები _ კარგად დამუშავებული და არა ხელოვნური. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ მოთხრობები, რომელთა მთავარ პერსონაჟადაც მათივე ავტორი გვევლინება, ერთმანეთს გარკვეული ლოგიკით უკავშირდებიან და, საერთო ჯამში, ერთ მთლიანობად აღიქმებიან. ანალოგიური შინაგანი კავშირი არსებობს მეხუთე კრებულში შესულ ერთ-ერთ მოთხრობა „საღამოსა~ და ადრეულ წლებში დაწერილ რამდენიმე ისეთ ნაწარმოებებს შორის, რომელთა მთავარი პერსონაჟი
სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო თავგადასავლებში გახვეული ახალგაზრდა
ბიჭია („გავბრუნდები და სხვა მხარეს წავალ~...) ამიტომაც, მიუხედავად იმისა,
რომ „საღამო~ დამოუკიდებელი ლიტერატურული ტექსტია, ავტორის მთელ შემოქმედებასთან მიმართებაში ბევრად საინტერესოდ აღიქმება და ერთი ვრცელი ამბის მეტად საინტერესო გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც აწმყოს გადასახედიდან წარსულზე დაწერილი ტექსტი რომ იყოს, ერთმანეთისგან განსხვავებულ დროსა და სივრცეს რომ არ აერ თიანებდეს, ნაკლებად მნიშვნელოვანი და ღირებული იქნებოდა, კონკრეტულ შემთხვევაში კი კარგად ჩანს, როგორ იქცევა პერსონაჟი (ავტორი) თავგადასავლების მაძიებელი, მაქსიმალისტი, წერას ატანილი ახალგაზრდიდან ზრდასრულ, გამოცდილ, მძიმეცხოვრებაგამოვლილ, უახლოესი მეგობრების დაკარგვის გამო ტრავმირებულ ადამიანად, მომდევნო თაობის თვალში ჯერ კიდევ რომ არ დაუკარგავს მომხიბვლელობა და რომელიც გარდასულ წლებზე, ადრეულ წლებში
დაწერილ მოთხრობებში აღწერილ თავგადასავლებზე, ნოსტალგიით, ტკივილითა
და სიყვარულით წერს.
მოთხრობა „სიზმრად ვნახე~-ც პერსონაჟის თვითრეფლექსიას, განცდათა სიმძაფრესა და შინაგან წინააღმდეგობრივ ბუნებაზეა აგებული, რაც ასევე,
ავტორის შემოქმედების ძირითადი თავისებურებაა. ბრმა ადამიანის შინაგანი
ტრაგიკული განწყობა ხშირ შემთხვევაში ავტორის იმ განწყობის იდენტურია, რომლითაც ასე გამოირჩევა შედარებით ადრეულ კრებულებში შესული მოთხრობები, განსაკუთრებით კი „ნოემბრის ჩანაწერები~, ის ორი მოთხრობა კი, რომლებზეც დასაწყისში ვისაუბრეთ („მკვლელი~ და „მუსაქალა~) თამამად შეიძლება, ახალ ხმად აღვიქვათ ბექა ქურხულის შემოქმედებაში. ორივე ვრცელი პროზაული ნაწარმოები სრულიად ახლებურ, მკვეთრად განსხვავებულ ტონალობას სძენს მწერლის პროზას. პირველი განმასხვავებელი ნიშანი თხრობის ლინეალურობაა _ საქმე გვაქვს ვრცელ მოთხრობებთან სიტყვის კლასიკური გაგებით და არა ფრაგმენტულობით გამორ-
ჩეულ მინიატურებთან, ნოველას, ან ჩანახატთან. მართალია, მოცულობით
ვრცელი პროზაა „ორი მთვარის ამბავიც~, რომელიც ავტორის მეხუთე კრებულშია შეტანილი, მაგრამ სიუჟეტი იქაც ფრაგმენტული, წყვეტილი და არახაზობრივია, ამ შემთხვევაში კი ორივე ნაწარმოები თანმიმდევრულობით, მოქმედების განვითარებით, კულმინაციითა და სრულიად ლოგიკური ფინალით გამოირჩევა. ვინც კარგად იცნობს ორივე ნაწარმოების ტექსტს, ალბათ, აღმოაჩენდა, რომ ორივეგან თხრობის მანერა გარკვეულწილად კინემატოგრაფიულია, რომელსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე
„ექშენ ფილმებისთვის~ დამახასიათებელი მუდმივი შინაგანი დაძაბულობის,
აფორიაქებულობის, სასპენსის განცდა გასდევს. „მკვლელის~ ტექსტი იმდენად
რიტმულია და მკითხველის ჩართულობა მასში აღწერილ მოქმედებაში იმდენად
ძლიერი, რომ თემის სიმძიმის მიუხედავად, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. რაც
შეეხება „მუსაქალას~, მიუხედავად იმისა, რომ აქ მოთხრობილი ისტორია თავისი
სიმძაფრით არანაირად არ ჩამოუვარდება „მკვლელის~ სიუჟეტს, პირველი ნაწილი,
დაძაბულობის თვალსაზრისით, ოდნავ ჩავარდნილია, რაც, ალბათ, იმითაა
გამოწვეული, რომ ტექსტში მოთხრობილი დამოუკიდებელი ისტორიები, რომელთა
გარეშეც ტექსტის სრულყოფილად გააზრება თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა,
არასწორადაა გადანაწილებული _ მხოლოდ ექსპოზიციაშია თავმოყრილი,
არადა, ბევრად მომგებიანი იქნებოდა, თუკი მთელ ტექსტში პატარ-პატარა ჩანართების სახით მიმოიფანტებოდა. როცა ლიტერატურული ნაწარმოები
კინემატოგრაფიულია, ისევე, როგორც კინოში, აქაც მონტაჟი, ანუ აღწერილი
სცენების ადგილმდებარეობა და თანმიმდევრულობა ხდება გადამწყვეტი, ამდენად,
ტექსტის სტრუქტურის დაშლა, ცალკეული ეპიზოდების გადამონტაჟება,
სიუჟეტური ხაზის პარალელური და ჯვარედინი მონტაჟის სახით აგება
თხრობას ბევრად უფრო ცოცხალს, ემოციურსა და საინტერესოს გახდიდა.
მაგალითისთვის, კარგი იქნებოდა კინემატოგრაფში ფართოდ გავრცელებული
ხერხის _ ფინალის მოქმედების დასაწყისში გადმოტანა _ როდესაც
თხრობა აფეთქებით დაიწყება, მკითხველს ბევრად ძლიერი სურვილი გაუჩნდება,
ბოლომდე დარჩეს ტექსტთან, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ყველაზე დამაინტრიგებელი და მძაფრი ეპიზოდი ფინალისკენაა, რის შემდეგაც ყველაფერი მალევე მთავრდება, ამდენად, ის ძლიერი ემოცია, რომელსაც მაყურებელი იღებს,
ძალიან ხანმოკლეა, ზარმაცი მკითხველის „დაჭერა~ კი ბევრად ადვილი იქნებოდა,
თუკი ნაწარმოების პირველივე ეპიზოდიდან ძლიერი ემოციური შოკის ქვეშ
მოექცეოდა.
„ექშენ ფილმებს~ კიდევ ერთი დაუწერელი მაგრამ უკვე კლასიკად ქცეული
კანონი აქვთ _ რაც უნდა მძიმე და დაძაბული იყოს სიუჟეტი, სიმძაფრის გასანეიტრალებლად და მაყურებლის ყურადღების მისაპყრობად სადმე აუცილებლად უნდა ჩაერთოს ეროტიკული სცენა, რომელსაც შეიძლება, სიუჟეტთან
არაფერი ჰქონდეს საერთო. მსგავსი ეპიზოდი „მუსაქალაშიც~ გვხვდება, მაგრამ იმ
განსხვავებით, რომ ტექსტისთვის მხოლოდ დეკორაცია, აქსესუარი კი არ
არის, არამედ, მთავარი მოქმედი გმირის ფსიქოლოგიური პორტრეტის ბევრად
საინტერესო და მრავალპლასტური კუთხით წარმოჩენას ემსახურება.
„მუსაქალაში~ აღწერილი ამბისთვის ქართველი ჯარისკაცების სამშვიდობო
მისია ავღანეთში მხოლოდ ერთგვარი ფონია, არადა, ჩვენი ყურადღება ამ ქვეყნისადმი, ძირითადად, სწორედ ამ მისიას უკავშირდება, მაშინ, როდესაც ავტორისთვის მთავარი თალიბი მეომრის ტრაგიკული ისტორია და ომის მეორე,
არანაკლებ მნიშვნელოვანი და ტრაგიკული მხარეა, რომელზე აქცენტსაც მსოფლიოს უმსხვილესი მედიასაშუალებებიც კი არასოდეს აკეთებენ. იმავეს თქმა შეიძლება „მკვლელზეც~, სადაც ქართველი პარტიზანების თავდაუზოგავი ბრძოლაა აღწერილი საკუთარი მიწა-წყლის დასაბრუნებლად თუ დასაცავად, მაგრამ საზოგადოება ძალიან ფრთხილობს მათი შეფასებისას, ან მეტად ორაზროვანი მოსაზრებები უჩნდება მაშინ, როდესაც ლიტერატურულ
ტექსტში ყველაფერი სხვაგვარადაა გააზრებული _ აქ პარტიზანები
გმირებად არიან გამოყვანილები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ
„მკვლელის~ თითქმის ყველა პერსონაჟი იმ სოციალური ფენის წარმომადგენელია,
რომელთა ბედითაც ავტორი ყველაზე ხშირად ინტერესდებოდა ჯერ კიდევ
ადრეულ მოთხრობებში, ისინი „ნოემბრის ჩანაწერებით~ დასათაურებულ პირად
დღიურებშიც გვხვდებიან _ სიმინდის ფქვილს რომ ყიდიან, ბავშვებს კი ინგლისურში ამზადებენ... ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ისევე, როგორც რეალობა ში, ბექა ქურხულის ტექსტებშიც, სოციალური თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეს ადამიანები ღირსების გრძნობას არ კარგავენ და საკუთარი მიზნისა და იდეალებისთვის ბრძოლას არაერთი წინააღმდეგობისა და იმედგაცრუების მიუხედავად განაგრძობენ. კიდევ ერთი რამ არის აღსანიშნავი _ ყველაზე გამოუვალი მდგომარეობის, პრაქტიკულად, ჩიხის დროსაც, არასდროს იპყრობთ ნიჰილიზმის განცდა, ისევე, როგორც მოთხრობა „მკვლელის~ მთავარი
გმირის, გია ეზუხბაიას შემთხვევაში. საერთო ჯამში, პროზაული კრებული
„ქალაქი თოვლში~ ერთნაირად საინტერესოა როგორც მკითხველისთვის, ისე თანამედროვე ლიტერატურის მკვლევართათვის, რადგან მასში ხუთი ისეთი
მოთხრობაა თავმოყრილი, როგორც თემატიკით, ისე ფორმის თვალსაზრისითაც,
თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან
სიახლეს რომ წარმოადგენს.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge