გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზაზა კოშკაძე - ლექსები


ვინ იფიქრებდა
შენ სვამ ჩემს ლუდს
ჩემს ყავას
ჩემს სისხლს
ჩემს კოქტეილს სახელწოდებით
“წვიმა და ქარი”.
ვინ იფიქრებდა ამას
ოცდათხუთმეტი მილიონი წლის წინ
როცა ასე სციოდათ პლეზიოზავრებს.
შენ სვამ ჩემს სილუეტს
როგორც ცხელ წყალში გახსნილ
სევდის ერთ წვეთს
შენ სვამ ჩემს ღამეებს
და ოცნებობ
რომ დაავადდე ჩემი ხილვებით.
შენ სვამ ჩემს ლუდს
და შენი თვალები ემსგავსებიან
ტალახის გუბეებს
რომლებსაც მე ვსვამ.
ვინ იფიქრებდა ამას გუშინ
როცა ერთმანეთს ვისრუტავდით
უკანასნელ მოლეკულამდე.


შუაღამის ცეკვა კიბოსთვის
ღამეა
დედას კიბო აქვს
დროა გავიდეთ ქუჩაში დაიკო
და ვაჩვენოთ მთვრალ კაცებს
რითი დაგვაჯილდოვა ცხოვრებამ.
დროა ვეჩვენოთ მთვარის შუქზე
მარტოხელა, მოწყენილ კლიენტებს.
დედას ჭირდება ქიმია
და ცოტაოდენი ყალბი ღიმილი
ის კვდება დაიკო.
ჩვენ ახლა გავალთ ქუჩაში
და მთელი ღამე ვუგალობებთ
მის დაუნდობელ მეტასტაზებს ბინძურ სიმღერას
და ვუცეკვებთ მის ტკივილებს აკრძალულ ცეკვებს
და მოვიტანთ ფულს.
დედას ჭირდება პური
და უამრავი თეთრი ტაბლეტი ყოველდღიურად
ზვიგენის ძვლისგან დამზადებული ქათქათა ტყუილი
და ერთი ჭიქა ონკანის წყალი წამლის გემოს გასაქარვებლად.
ჩაიცვი დაიკო
ჩაიცვი თხლად და ბოზურად
და ნუ ტირი აქ -
დედა გვიყურებს.


წინასაარჩევნო საგალობელი
ჩვენ - მეძავები
ფრთების ქნევით გადაღლილი პატარა ჩიტები
ვიგალობებთ
რომ დღეს იქნება წვიმა
ამ დასიცხულ მნძრეველთა ქალაქში.
ვუგალობებთ
წელში მოხრილ                   
გულჩათხრობილ ადამიანებს
ყოველდღიურად
ხარბად რომ ყნოსავენ
აყროლებულ ჩინოვნიკებს
და მათ შენძრეულ ნათესავებს
პატარა ყვითელ ავტობუსებში
რომ ყლაპავენ
მძღოლებისა და მგზავრების ბოღმას.
ჩვენ -
ჩვენ ვუგალობებთ
- მეძავები
ჩვენი მსუბუქი ყოფაქცევით
ყოველ მოკვდავს ამ ქალაქში
და ყოველ უკვდავს
და ერთმანეთის ცივ მკლავებში შევზოზინდებით
და ავარიულ შენობებზე დავტოვებთ წარწერებს:
“მოგიტყანთ დედა!”
დავტოვებთ წარწერებს:
“ყველაფერი ცუდად იქნება.”
დავტოვებთ წარწერებს და გავფრინდებით.


თვალები
ორი თვალი საკმარისია
რომ ვერაფერს ხედავდე გარშემო
და თუკი გაქვს ორი ჯანმრთელი თვალი
შეგიძლია თქვა
რომ ბრმა ხარ
ან უბრალოდ დახუჭო და
არასოდეს არ გაახილო
და ხელების ცეცებით იარო
მზის სინათლეზე.
ასე იქნებ ვერც დაინახო
რომ შენ ერთადერთი არ ხარ
რომ ადამიანებს უყვართ
დახუჭული თვალებით ცქერა
და ცხოვრება.
ისინი თვალებს ხუჭავენ მაშინ
როცა უნდა ხედავდნენ
დახუჭული თვალებით
უყურებენ ტელევიზორს
დახუჭული თვალებით დადიან კინოთეატრებში
და დახუჭული თვალებით იღებენ გადაწყვეტილებებს
დახუჭული თვალებით ომობენ
და ჭამენ და მოყავთ ცოლები.
და მხოლოდ მაშინ
როცა იძინებენ
ან კოცნაობენ
ან კვდებიან,
მხოლოდ მაშინ
როცა უნდა დახუჭონ თვალები
ისინი ახელენ მათ
და იძინებენ
კოცნაობენ
კვდებიან.


ხელსახოცზე მიწერილი ლექსი
ქუჩებში
ქალაქის ძარღვებში
სისხლივით მოძრაობენ ადამიანები.
შენ კი ისეთი სევდიანი ხარ
თითქოს გაზაფხულს ემშვიდობები.
ტრასაზე დახაზული თეთრი ლიანდაგებიდან
ქალაქში სითბო შემოდის.
და მთელი ცა ჩემი ცისფერი ზურგჩანთაა
რომლითაც მზე მომაქვს შენთვის.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge