გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლეილა ინაშვილი - ოცნებების კიდობანი

            
                         (ყველა ოცნების შვილები და შიშის გერები ვართ)
     რა შეიძლება იგრძნოს ადამიანმა, როცა განვლილ ცხოვრებას გადახედავს და ხედავს დაშვებულ შეცდომებს, გაშვებულ შანსებს, ენთუზიაზმით დაწყებულ, მაგრამ დაუმთავრებელ, ბოლომდე მიუყვანელ საქმეებს,  სიტყვებს, რომლებიც ჯობდა არ ეთქვა, ან  იმას რაც უნდა ეთქვა და არ თქვა, ან ვერ თქვა და უკვე ვერც იტყვის, რადგან ვისთვისაც უნდა ეთქვა მის ცხოვრებაში აღარ არიან,  და ისინიც ვეღარაფერს უპასუხებენ. 
     რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც სამყარო ზღაპრულ მოგზაურობად წარმოედგინა და ამ მოგზაურობისთვის გრანდიოზული გეგმებით სავსე კიდობანი ჰქონდა მომზადებული. მიზანიც დასახული იყო. დღეს კი მოგზაურობით ქანცგამოცლილი, შესასვენებლად ჩამომჯდარა იმ კიდობანზე, რომელსაც მთელი გზა ზურგზემოკიდებულს მძიმე ტვირთად ატარებდა, რადგან იმდენი დაუგეგმავი რამ დახვდა გზაზე, იმდენმა გაუთვლელმა სიტუაციამ მოითხოვა მთელი მისი ყურადღება, დრო და მოქმედება, რომ ისაც კი დაავიწყდა თუ რისთვის მიდიოდა, ან იმ კიდობანში რა ედო. ისე მოვიდა აქამდის, რომ კიდობანი ერთხელაც არ გაუხსნია. ისაც არ ახსოვს რისთვის მიათრევდა, რა ჩაალაგა შიგ ისეთი რომ ვერ შეელია და უაზრო, გამოუყენებელ ტვირთად მოათრია აქამდის. ის, რაც გზის დასაწყისში ფრთებს ასხამდა, რაც ფრენაში უნდა დახმარებოდა, სხვა უამრავი გადასაწყვეტი პრობლემის გამო, დღეს ტვირთად ექცა. რა უყოს იმას, რომ დღეს თავს საკუთარი ოცნებების მოღალატედ სთვლის?! 
     უკვე დიდი გზა გამოიარა, საკმაოდ დიდი. დაღლილი  დასასვენებლად ჩამომჯდარი, განვლილ გზას გაჰყურებს და საკუთარ თავს ეკითხება: სად ვარ ეხლა? აქ უნდა ვყოფილიყავი დღეს? ასე მქონდა დაგეგმილი? აქ მოსვლა მინდოდა? ჩემია ეს ადგილი? ამაზე ვოცნებობდი? და რადგან ამდენი კითხვა გაუჩნდა, კარგად ხვდება პასუხსაც. ისაც კარგად იცის, განვლილი  გზა მთლად უაზრობა არ ყოფილა. ბევრი მოასწრო, ბევრიც ისეთი გააკეთა, რითიც შეუძლია იამაყოს. მაშ რატომ ვერ ელევა ამ კიდობანს და რატომ ხდება ის სულ უფრო მძიმე. 
     იქნებ მისი გახსნის და შიგ ჩახედვის დრო მოვიდა. იქნებ დროა ნახოს და გაიხსენოს, რომ ის სავსეა იმ ოცნებებით, რომლების ფრთაშესხმული მგალობელი ჩიტების ნაცვლად, წლების მანძილზე გალიაში ჩამწყვდეულ, უსახო ფრინველებად იქცნენ. რას გრძნობს ადამიანი, როცა ცხოვრების რბოლით გადაღლილი, ჩამოჯდომას და დაფიქრებას გადაწყვეტს, აუხდენელი ოცნებების გახსნილ კიდობანში თავჩარგული?!
     რა იყო იმ უთქმელობის, იმ დუმილის მიზეზი მაშინ, როცა სიტყვას და მოქმედებას ყველაფერი შეეძლო გადაერჩინა: დაწყებული საქმე, ურთიერთობა და ბევრი სხვა რამე. 
     რას გრძნობს ადამიანი, როცა ხვდება, რომ დღევანდელი სინანულის მიზეზი მხოლოდ გუშინდელი შიშია. სულის გაშიშვლების შიში. შიში იმისა რომ ვერ გაგიგებენ, შიში იმისა რომ შენი აზრები არავის აინტერესებს და აქედან გამომდინარე არც რაიმე აზრი აქვთ სხვისთვის, რომ შენი გახმოვანებული აზრები ვერაფერს შეცვლიან. ისინი მხოლოდ შენი კუთვნილებაა.  
     შიში ყველაზე მზაკვარი მტერი ყოფილა. მან წაართვა სიმხნევე, საკუთარი თავის რწმენა და შესაბამისად მოქმედების უნარიც. შიშმა წაართვა საკუთარი თავი. გზაზე ბევრ რამეს გადაეყარა, საერთო შიშს იმისა, რომ რაიმეს არცოდნა უმეცრებად ითვლება, ეს ხომ იმის არ ცოდნაა, რომ ასე მხოლოდ თვითონ უმეცრები თვლიან. განა შეიძლება ერთმა ადამიანმა ყველაფერი იცოდეს და ვინც საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობს, ყველაზე დიდი უმეცარია. სასაცილო ხომ ის არის, ვინც ყოვლისმცოდნედ ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას. „მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“! ამის აღიარება მხოლოდ გენიოსს შეეძლო. 
     არც სხვებისგან გამორჩევის შიში იყო უცხო, განსხვავებულობის შიში. „არა“-ს თქმის შიში იმაზე, რაც არ უნდოდა, და „კი“-ს თქმის შიში საკუთარი თავისთვის, როცა რაღაცა მთელი სულით სურდა. შიშმა იმისა რომ დასაცინი გახდება, თუ ის იქნება ვინც არის. და ეს მაშინ, როცა სასაცილოდ სწორედ ის გამოიყურება, ვინც ცდილობს თავი იმად წარმოაჩინოს, ვინც არ არის. 
     დღევანდელი გადმოსახედიდან მიხვდა, რომ ყველა შიში თვითონ მოიგონა და ამის აღიარებამ უმალ გაანთავისულა ამდენი შიშის მარწუხებიდან. 
     მათი ადგილი კი ერთადერთმა ახალმა შიშმა დაიკავა, - დროის უკმარისობის შიშმა. შიშმა იმისა, რომ ვერ მოასწრებს იცხოვროს ისეთად როგორიც არის: თავისუფალი, გახსნილი, უშუალო, ბავშვური, მხიარული, სასაცილო. შიშობს, ვერ მოასწრებს აკეთოს ის, რაზეც სულის სიღრმეში თურმე მთელი ცხოვრება ოცნებობდა. 
     იქნებ მიხვდეს, რომ უფალმა ალბათ იმიტომ არ მოგვცა სიცოცხლის ხანგრძლივობის ცოდნის შანსი, რომ მეორე შანსი დაეტოვებინა, დაწყების შანსი ნებისმიერ დროს, მხოლოდ უფალმა იცის ვინ რას მოასწრებს. მან კი უნდა დაიწყოს. რადგან ჯერ კიდევ აქ არის, ეს იმას მიშნავს, რომ ჯერ კიდევ აქვს სათქმელი საკუთარი თავისთვისაც და სხვისთვისაც. ჯერ კიდევ აქვს საკეთებელი, ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ბოლომდის თავისი მისია. წინა ცხოვრება, რომც ყოფილიყო არ ახსოვს, მეორედ მოსვლა - მითს უფრო ჰგავს. ჭეშმარიტად  მხოლოდ ის იცის, რომ ეხლა აქ არის და ცოცხალია.
     ადრე, გვიანი - ეს ადამიანის მოგონილი საზომებია, რომ უმოქმედობა გაამართლოს. 
     დროა, კიდობანში ჩამწყვდეულ ჩიტებს კარი გაუღოს, ფრთები შეუსწოროს და საფრენად გაუშვას. იმ კიდობანში კი შიშები სამუდამო პატიმრებად ჩაამწყვდიოს და გასაღები იმ ჩიტებს გაატანოს ოკეანის ფსკერზე ჩასაგდებად. სიკვდილით დასჯა არაჰუმანურია, სკივრში ჩაკეტილები კი ნამდვილად თვითონ მოკვდებიან შიშით. ოცნებები ხომ არ არიან ასეთ სისასტიკეს გაუძლონ. J
     ეხლა კი ყველა შანსი აქვს აკეთოს ის რაც ყოველთვის უნდოდა ეკეთებინა და არა მხოლოდ ის, რის კეთებასაც  ცხოვრების აუცილებლობა მოითხოვს. 
     საკითხავი მხოლოდ ერთი რჩება: იმის მიხვედრა, რომ მხოლოდ უსაფუძვლო და უაზრო შიშია განვლილი დროის დაკარგვის მიზეზი, შეაძლებინებს იმ ბოლო შიშის დაძლევას - „გვიანია დაწყება“ რომ დაარქვა?!

04.  03. 17.       
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge