გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თემურ ჭახნაკია - ლექსები

ძაღლი
მე ვნახე სუსტი და მაწანწალა,
ბებერი ძაღლი იდგა
მუხებთან,
მშიერს და დაღლილს
ჰყოფნიდა ძალა,
და ახლოს მისულ სიკვდილს უყეფდა.

ბელი
ჭოტი კივილით ტყეს რომ იკლებდა,
გოლეულსჭამდა
პატარაბელი,
და მის ფეხებში გზას
მიიკვლევდა,
ჭიანჭველების მატარებელი.

კაცი
იჯდა კაცი, წინ ყარაჩი ბუხრის,
ხის ჯორკოზე, 
ძვალმსხვილი და ჯმუხი,
თუთუნსსწევდა
სპილოსძვლისჩიბუხით,
ჩაჰყოლოდა ფიქრის ღრმა ჭაბურღილს.


ოკუპირებული სოფლის სევდა
ცაზე ჩანს ელვა, როგორც ნახმლევი,
ნისლები მთვარის ლამპარს ამკობენ,
უჩუმრად დგანან ძველი სახლები
და დუმილით ბევრს ლაპარაკობენ.

ძაღლი აღარ ჰყავს ეზოს დარაჯად,
სახლში ნიავი დადის ჩურჩულით,
ჩამსხვრეულიაყველა ფანჯარა,
ძირს უწესრიგოდ ჰყრია ჭურჭელი.

ვერ გადაურჩნენ ჭურვებს ჭურები,
გადაუარეს ვაზნარს ტანკებით,
ნეტავ ყურძნები, რას ჩურჩულებენ?
პატრონი არ ჩანს, მათი დამკრეფი.

კეცის ნატეხი გდია ბუხართან,
ჯვარდასმულ მჭადებს აცხობდნენ ერთ დროს,
ერთმანეთი კი ძლიერ უყვარდათ,
ნეტავ ის ხალხი სად გაქრა, ღმერთო?

სიჩუმე უზის დამტვერილ ტაბლას,
ექვსივე ჯორკო შეჭამა ჩრჩილმა.
ზოგი იმქვეყნად გაუშვეს ალბათ,
ზოგმა დარჩენას წასვლა არჩია.

დატოვეს მწარე ცრემლით მათ კერა,
ნაშრომ-ნაღვაწი მამა-პაპათა.
ეს კარ-მიდამო ვინ გადათქერა,
და მცხოვრებლები საით დაფანტა?

დაუკორტნიათ შაშვებს ძახველი,
ბარდები ფარავს ეზოს, ბლებიანს,
არც რამე ჩქამი, გადაძახილი,
არც მეცეცხლური მეზობლებია.

ცაზე ბრჭყვიალა თვლები ბრწყინავენ,
ნასოფლარის ცას ღრუბელი ჩასცდა,
უსათლო, გრძელი ხის ოწინარი,
დგას ანკესივით ჩაქცეულ ჭასთან.

მუხლჩაჩოქილი დგანან ოდები
და გასცქერიან სოფლის შარაგზას.
ოდებო, ნეტავ ვის ელოდებით,
- ხელისცახცახით, ვინც გადაგრაზათ?!
არ მოფრინავენ თქვენთან მერცხლები,
ბნელ ოთახებში ღამურებია.
თქვენგან წასულნი სხვაგან ვერ ძლებენ
და ალბათ მალე დაბრუნდებიან.

მაყვლის ლერწები გზაზე გართხმულან,
სოფლის შარაზე სიჩუმე დადის,
ვერაგი მტერი ავლებს მავთულხლართს,
ქართველებს გულში გვეზრდება დარდი. 

განცდა მაქვს, თითქოს გულზე მესობა,
ყოველი ბოძი, იმ მავთულხლართთა,
გაუმაძღარ და ბოროტ მეზობელს,
უმეზობლობა სჯობია, მართლა...

მიდამოს აკრთობს ყვავის ჩხავილი
და მოწყენილი დგას ხის საყდარი,
ზარი ჰკიდია ჩამომხრჩვალივით,
სოფლის მოძღვარიც აღარსად არის. 

ტაძართან ვხედავ ბზას, როგორც მლოცველს,
ირგვლივ კი მკვდარი საფლავებია,
წლების უნახავ საფლავთა ბორცვებს,
მწვანე ბალახი გადავლებია.

მავთულხლართიდან მოსჩანს გზაწვრილი,
შორს სახლები და ხოდაბუნებიც,
და ეკითხება მამას ყმაწვილი:
- მა, შინ ოდესმე, ხომ დავბრუნდებით?!..


* * *
შენ გიხარია, ზეცა რომ ტირის
და ავსებს მღვრიე ტბორი ნაკვალევს,
წვიმა, რომ ლუმპავს ბაღში ორ ტირიფს,
როგორც ძვირფასი სკოლის დაქალებს.
იხაროს წვიმის ქვეყნად მომგონმა.
უჭირავს ელვის ფერადი ლახტი,
და თქორი, როგორც ცელქი გოგონა,
სახურავებზე უშიშრად დახტის.
გიხმობს წვიმის ხმა ღვიძლი დასავით
და გნუსხავს მისი სველი სიანცე,
წვიმის ქვეშ მდგარი, წახვალ არსაით...
შენ წვიმის მუდამ ხარ ხასიათზე.
ქარმა მთის ფერდობს ნისლი მოკვნიტა,
მთვარის ბრამ ცაზე გამოანათა
და გაბზარული ღრუბლის კოკიდან
ჩამოიწრიტა წვიმა თანდათან.
სად მიდის წვიმა, ცას უბრუნდება,
თუ ისრუტავენ მიწის ღრმა შრენი,
სულში დარდები ფრენენ გუნდებად
და არსაიდან ისმის ხმა შენი.
ამ ღია ცის ქვეშ რამ გამაშეშა...
მსურს, გრანელივით მიწა დავტოვო,
ეჰ, ნეტავ ახლა მოხვიდე თქეშად
და სიხარულის წვიმით დამტბორო.


* * *
ჩაგჩურჩულე - 
"შემო, გვაწვიმს"
და გაკოცე
ყელთან, მხართან,
მერე ლტოლვა შემოგაცვი,
წამოწითლდი, გაგიხარდა.
ჩვენ ვიდექით გრილ წვიმაში,
სულ სველები, 
ცის ქვეშ, ერთხანს,
გვირილები გქონდა თმაში,
წელზე ჩემი მკლავი გერტყა.
ქარმა ირგვლივ მიმოშალა,
ხის ფოთლები, როგორც კარტი,
ჩვენ ვისხედით სახლში მშრალად,
მერე, თურმე შეგიყვარდი.


არ მომბეზრდება შენი ტრფიალი
თენდება, ზეცა იხსნის ვარსკვლავებს
და მთვარის ძუძუ მზეზე უშრება,
ქარები ღრუბლის თოკებს ნასკვავენ,
და გულს ამოსდის დარდის ნუჟრები.
განცდის ქუხილზე გრძნობის მერცხლები,
აფრინდნენ გულის მოაჯირიდან,
და გრძელი ელვის მოქნილი წკეპლით
ნისლის რაშს ქარი მოაჯირითებს.
მოლზე ხტუნავენ წვიმის კვიცები
და ბალახს ძოვენ მწვანეს და ქორფას,
თუ გახსოვს, ერთად რომ ვიღვიძებდით, 
როცა წვიმდა და ქარი დაქროდა?!
შენზე ფიქრს ჩემში ყოველთვის ღვიძავს,
თვალები - სულში ტკივილის დამღა,
ჩემ თავს მოვკიდებ ხელს, როგორც ღვიძლ ძმას
და სიჭაბუკის ლაღ წლებში დამყავს.
სულიდან მოგონებებისცრემლი,
ხშირად ამოაქვს ფიქრის ოწინარს,
უერთმანეთოდროგორ გავძელით...
თვალების ციდან სევდამ მოწვიმა.
ღრმა მონატრების და სიმარტოვის,
განცდა ვარდება გულის ჯიბიდან,
ცრემლო, დაბზარულ სულს რომ ალტობდი,
მოცრემლდი წამწამების ჯებირთან.
მივყვები ბედის უცნობ ზიგზაგებს,
ვიღაც ისევ ჩეხს ცას მაჩეტეთი,
სანამ არ მივალ მთავარ მიზნამდე,
სანამ არ გნახავ, არ გავჩერდები!...
წვიმს, ქარი ღრუბელს მოაჩიქჩიქებს,
სულის ჩიტები ტკივილს გალობენ,
მეც ჩიტი ვარ და ლექსებს ვჭიკჭიკებ,
და შენში ვეტრფი სიუბრალოვეს.
მზემ მიაშურა ღრუბლის კულისებს,
თვალებში მღვრიე დარდი მეზრდება,
ვიდრე ვსუნთქავს და სანამ გული ძგერს,
შენი ტრფიალი არ მომბეზრდება.


* * *
თეთრი ნისლი ჩანს ცაზე სამხრეთით,
როგორც ნატიფი კოცნა როდენის,
ქარი კი ელვის გრძელი სახრეთი, 
ღრუბელთა დამფრთხალ ნახირს მოდენის.
რატომ სურს ამინდს, რომ ამაბორგოს...
სულს ეწვის დარდის განაკაწრები.
წინ ბანცალებენ ხეები, როგორც
ქართული ღვინით მთვრალი კაცები.
სიცარიელეს მხოლოდ შენ მივსებ,
არ ჩანხარ, გეძებ თვალისცეცებით,
შენს ნაფეხურებს გიჟივით მივსდევ,
მაგრამ ვატყობ, რომ ვეღარ გეწევი.
ცრემლმა წალეკა სულის ჯებირი,
ღობის ძირში თვლემს ფოთლების ფარა,
და კაეშანი, როგორც ჯიბგირი,
სულიდან წამის სიხარულს მპარავს.
ისმის ჩიტების ტკბილი კანტატა,
ვდუმდი და უცებ მეც ავხმიანდი,
გადაიწმინდა ზეცა თანდათან
და აელვარდა მთვარის ხმიადი.
ქარად ვიქცევი, მოვალ და მყისვე
ნაგრიგალარი შენში ჩავდგები,
ვით ბრმები ხელებს, ისევ და ისევ
ასავსავებენ ტოტებს ჭადრები.


განწყობილება
მე შემზარავი მარტოობის
შიში ვიწამე, 
ეჰ, ნეტავ სადმე, ამ სამყაროს
გარეთ მაცხოვრა, 
აქ სულერთია სად ვიქნები, 
ცაში, მიწაზე, 
არც ადამიანს ვახსოვარ და
აღარც მაცხოვარს.
ყველა წავიდა და
შემოვრჩი მთვარის ამარა,
შმაგი პეგასი მღვრიე
ღამეს უფრთო, უბელო,
ჩემი ოთახი-პოეტური
სევდის სამარე,
რომელშიც ვწევარ, 
როგორც ცაში მარტის ღრუბელი.
ხელს ვაფათურებ
წიგნაკებში, 
ყვითელ ქაღალდებს,
მორიგი ლექსის
ემოციად დავეწერები,
ჩუმად ვლოცულობ,
თავდახრილი ღმერთს შევღაღადებ,
ბროლის ჭიქაში
ტიტებია და ენძელები.
მე საკუთარ თავს
სარკაზმით რომ გავაქილიკებ,
მჩატე სხეული
უძილობით მომეთენთება,
განთიადისკენ შევუყევი
ღამის ბილიკებს
და აივნიდან ვაკვირდები,
როგორ თენდება.
სრულდება დილის მოკლე
კადრი და ზანტი ტემპით,
ცაზე ნისლები
გამოდიან წვიმის ტიტრებად,
თითქოს ნეკნებზე დამაჭირა
სამყარომ ტერფი,
მოვიდა მძიმე კაეშანი და გაფითრება.


ჩვენ, სოფლელები...
(ვერლიბრი)

ჩვენ სოფლელები სხვანაირად ვცხოვრობთ და ვფიქრობთ,
სხვა შეგნება და წესებია სოფლის წიაღში.
მშობელ მიწასთან უფრო ახლოს ვართ
და ზეცაც მოჩანს ხელისგულივით.
აქ სხვანაირი ქარი იცის, მინის ფანჯრებს რომ ააზუზუნებს
და ხეები კი ფოთლების ტაშს დაუკრავენ.
აქ სხვანაირი წვიმა იცის, შხაპუნა წვიმა,
შიფრის სახურავზე და თუნუქის რაფებზე მოწკაპუნე და მოხტუნავე.
აქ სხვანაირი ჭექა-ქუხილია, რომ შეგაკრთობს
და გრგვინვით შეგაჟრჟოლებს.
აქ სხვანაირი თბილი მიწაა, უასფალტო და უბეტონო, თავის უფალი.
აქ სხვანაირი ბალახია, ჯანმრთელი და ცვარში ნალუმპი.
ჩვენ სოფლელ ბიჭებს ხელისგულები მოყვითალო და დაკოჟრილი გვაქვს.
თოხის, ნაჯახის, ბარის, წერაქვის
ტარებზე ხშირად შემონაჭდობი,
ნაჯაფარი და ნახიწვარი ხელისგულები.
არავინ იცნობს ხარისა და ცხენის ბუნებას,
ისე, როგორც ჩვენ.
ეს ცხოველები წევრებია ჩვენი ოჯახის,
გუთნის, ორთვალის გამწევი ძალა.
ჩვენ ჩვენებურად გვიყვარს ბუნება
და ამიტომ ვრგავთ ხეხილის ხეებს.
ძირს ვუფხვიერებთ და ნაკელს ვუყრით.
გვიყვარს ვენახი და ვაზის ნერგებს
შვილებივით ვუვლით ხარდანზე,
და ნაცნობია ფერი და სუნი შაბიამანის.
ყურძენს ვჭყლეტთ რკინის ჭახრაკში
და ვავსებთ ზოგჯერ ცაცხვის საწნახელს.
ჭაჭის არყს ვხდით ხუფიანი სპილენძის ქვაბით.
ჩვენ სხვანაირი გულით ვხვდებით, მგონია, სტუმარს,
და ნატურალურ პროდუქტებით ვუმასპინძლდებით,
ღარიბულ ტაბლას შემომსხდარნი,
როცა კერაზე, ეკლის შეშის ცეცხლი გუზგუზებს
და ჩვენ ბუხართან ვსხედვართ და პურს ვჭამთ,
სადღეგრძელოებს ისე ვამბობთ, თითქოს ვლოცულობთ,
ჭიქებს კი ერთურთს გულებივითვუჭახუნებთ.
აქ ღამის სათნო მყუდროებას არ არღვევენ
ავტომობილები და ავტობუსები,
ტურების კივილს, მგლების ყმუილს
თუ მოჰყვება ძაღლების ყეფა
ან ცხენისწყლის შმაგი შიშინი.
ჩვენ სოფლელებმა ვიცით, შრომის და ოფლის ფასი,
იქნებ გვაკლია ბევრი რამ და იმ დანაკლისებს,
ჩვენ გვერდში დგომით,
თანაგრძნობით ვუვსებთ ერთმანეთს.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge