გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ირმა შიოლაშვილი - ლექსები


ღია გაკვეთილები
არადა ცეცხლის სუნი ჰქონდა მაშინ ყველაფერს,
თვალებსაც, ხელზე ნაოჭებსაც, გზებსაც, ჩრდილებსაც,
თუმცა ვამჩნევდი, მომავლიდან როგორ მზვერავდნენ
ცხოვრების გრძელი, ხშირად ღია გაკვეთილები,
მომწონდა ცეცხლი, და ამიტომ ხელის კანკალით
ვიწვავდი ხელებს და ნაოჭებს ხელისგულებზე
სულს ვუბერავდი და ვეძებდი ჩვენს ღრმა ნაკვალევს
თითებზე, გულზე, ნაოჭებზე, თვალის გუგებში.
აცრილი იყო მომავალი ცეცხლის ალებით,
მზეს ვინახავდი პერანგებზე, გულის ღილებზე
და არ ვამხელდი, რომ ფეხები მიკანკალებდა
ცხოვრების ღია, დაუნდობელ გაკვეთილებზე.


ხეები
ეს ხეები, აი ეს ხეები
როგორ შეიძლება ვერ დაინახოს კაცმა,
როგორ შეიძლება ბრმად ჩაყლაპოს სიმწვანე,
იაროს და არ უკვირდეს,
თავი ასწიოს და არ უკვირდეს,
თვალებში სიხასხასე აიყვავოს და
ჩვეულებრივი ეჩვენებოდეს სამყარო.
მეც ამ ხეებივით ავიყარე ტანი
ჩვენი სახლის წინ რომ დარგე,
ამ ხეებივით მინდა
მთელი დღე ცისკენ მეჭიროს თვალი,
მიხდებოდეს მწვანე ფერი ბეჭებზე
და ოდნავი ყავისფერი ფეხებთან.
ფეხებზე ბელტები მეცვას,
მიწისგან გავრბოდე და არც გავრბოდე,
გარშემო ბალახები დავიმეგობრო
და მიწიანი პირით მოვუთხრობდე
სიყვარულმა როგორ გამზარდა.


ზღვა
აი ჩემი სიყვარული,
სამშობლოდ დაბადებული სიყვარული,
წინაპრის ძვლებით შემოღობილი სიყვარული,
წინაპრის ლეგენდებით ნაკვები სიყვარული,
მუხის ფოთლებით ავსებული სიყვარული
მუხის ფოთლებივით მოშრიალე სიყვარული,
ორ დიდ მუჭაში ჩავტიე და ტალღებს მივანდე.
აი, გულიდან გამოვდევნე ყველა მდინარე,
აი, ბაგიდან გამოვდევნე ყველა მდინარე,
აი, ხსოვნიდან გამოვდევნე ყველა მდინარე
და ზღვისაკენ ვუკარი პირი!
ზღვა იქცა ჩემი მოთმინების უხმო მსაჯულად
და დიდ მეგობრად, მენდობა და გულამდე მიშვებს,
მეც, ასე სადა, ცარიელი და გარუჯული
ვკოცნი მის კაბას და ტუჩებზე მეკრობა ქვიშა,
და ვწვები მისი გულის ფსკერზე, და ვეძებ ჩემი
სამშობლოს ღობეს და ვიბრუნებ წართმეულ სასჯელს
ნიჟარის სუნთქვად, ხავსის სუნთქვად, და ასე თხემით
ტერფამდე მტკივა ჩემი ქვეყნის დამწვარი მაჯა.
აი ჩემი სიყვარული.
აი ჩემი მოთმინება.
ზღვას ქვიშად ჰქონდეს.


პარიზი. ლუვრი. მისალმება
ჩვეულებრივი შემოდგომა იყო.
შენ იდექი ცნობილი მუზეუმის კიბეზე
ჭრელი ზურგჩანთით და მსუბუქი ჭაღარით,
ორმოცი წლის სტუდენტს ჰგავდი და... ქართველს ჰგავდი!
და როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ,
„გამარჯობა“- მეთქი,  გითხარი.
ვიცი, იმ წუთას უმნიშვნელო კაპილარი გაეჭრა აღმოსავლეთს.
ვიცი, იმ წუთას მნიშვნელოვანი კაპილარი გაეჭრა წარსულს
და შენი წინაპრების სისხლი გადმოდინდა.
მე ვხედავდი, როგორ იდექი ხუთი საუკუნის 
წინ ტრიალ მინდორზე,
მამელუქად გაყიდული საჯიშე ქართველი,
კუნთები გითრთოდა და 
შენს მოძმეებს ელოდებოდი.
ხუთი საუკუნის წინ შენ იყავი ქართველი მუსლიმანი,
ზუსტად ასეთი მსუბუქი ჭაღარით და 
ცხოვრების ზურგჩანთაში ჭრელი მოგონებები გეტეოდა.
ახლა ევროპის ძველ ქალაქში, 
სადაც წარსული მხოლოდ მუზეუმებში ახსენდებათ,
შეგხვდი შენ - ჩემი ქვეყნის უმოწყალოდ გაყიდულ წარსულს
და გითხარი „გამარჯობა“...
შენ კი ვერაფერს მიხვდი და დაბნეულმა მიპასუხე:
„სალამი მადამ“!
და მხოლოდ მე დავინახე, როგორ აბღავლდა
„სალამს“ გამოკერებული ხუთი საუკუნე,
რომელმაც შენი გენები და გაყიდული სული ჩაყლაპა!


თითები
-დაჯექი ინსტრუმენტთან!
მეტყოდა ჩემი ახალგაზრდა მუსიკის მასწავლებელი,
თავადაც გვერდით დამიჯდებოდა
და თვალებით მიხვრეტდა თითებს.
-სწორად აიღე აკორდები, 
სწორი თითებით!
ხმას უწევდა ხანდახან და 
მშვენიერი სახე უშნოდ უწითლდებოდა.
ჩემი ბავშვური თითები კი,
ჯოხებივით წვრილი თითები,
ისე რბილად მოძრაობდნენ სითეთრიდან სიშავეში,
როგორც მერე , დიდობაში ვხეტიალობდი
დღესა და ღამეს შორის გადებულ ყოველდღიურობაში,
დღესა და ღამეს შორის გადებულ 
ჩემი ქალაქის შესახვევებში,
რომლებიც ხან დღეს ჰკოცნიდნენ, 
ხანაც ღამის იდუმალებას!
ჩემი თითებიც ასე ჰკოცნიდნენ
კლავიშების სუფთა გულმკერდს,
კოცნიდნენ, გრძნობდნენ, უყვარდათ და 
შიგადაშიგ გზა ერეოდათ.
-სწორი თითებით!
მიყვიროდა მასწავლებელი,
ხელში ეჭირა წვრილი ჯოხი
და ჩემს ჯოხივით თითებს
ჯოხით ემუქრებოდა…
ისინი კი იბნეოდნენ, 
ხეტიალობდნენ სითეთრიდან სიშავეში,
ეშინოდათ, უყვარდათ, სძულდათ.


მეგობრის ბუდე
რა არის ღალატი თუ არა ამოყირავებული სიყვარული
რომელსაც ერთ დროს შუა გზაზე  ხელი  გაუშვეს 
და წაიქცა, და ვერასდროს  ვეღარ წამოდგა,
ვერ გაიმთელა გატეხილი ხერხემლის მალა.
არადა ისე საწყალია, უსიტყვოდ ხავის
სიმღერებს ჯერაც არარსებულ სურვილებზე,
სიმღერებს ჯერაც არარსებულ საყრდენებზე
და გადაყვლეფილ  ხელისგულებს
გულდაგულ მალავს.
არადა მისი ხელისგულები 
ჰგვანან დამჭკნარი ყვავილის ბოტკოს _
გულის გულში იტოვებენ იმედის სხივებს.
თუმცა მაინც უცნაურად იმზირებიან_
სევდიანად _ვერშემდგარი სურვილივით
ვერშემდგარი საქორწილო ღამესავით
რომელშიც საქმრომ უღალატა ჩემს მეგობარს 
ძველ სიყვარულთან და ბნელ გულში ეკლად ჩაირგო
წარსულისაგან დაყვლეფილი ხელისგულები.
მეც  ვდგავარ და ცხოვრებაზე გულაყრილი 
ისე ვიღიმი როგორც ჩემი მეგობარი,
რომელსაც ხელში უდნებოდა 
თავისი  ამოყირავებული სიყვარული,
თავისი წაქცეული სიყვარული,
თავისი ხელისგულებგადაყვლეფილი სიყვარული
იდგა ორპირ ქარში და 
ვერ ხვდებოდა 
რომ ღალატისგან იშენებდა ხელებში ბუდეს.


ჩემი ცხოვრება
ის ისტორიები, 
ის ახალგაზრდობაში გადატანილი ისტორიები:
სარკეში არეკლილი მართალი ისტორიები,
ღამეებში ჩაწნული დაღლილი ისტორიები,
გათენებიდან ამოზრდილი ხასხასა ისტორიები
მზად არიან, აწმყოში შემომისახლდნენ,
მკლავზე ჯაჭვივით შემოეხვივნენ ჩემს ცხოვრებას და 
ხელახლა დააწერინონ ლექსები ყველაფრზე, 
რაც დამთავრდა და 
რაც მაშინ ასე გულუბრყვილოდ გამომივიდა.
ჩემი ცხოვრება_დაფანტული ფერად ღილებად 
წარსულს და აწმყოს ერთნაირი სისავსით იტანს, 
ხოლო ხეები_ცხოვრებიდან ამოზრდილები 
ამ მარადიულ გასაყართან ხეთქავენ კვირტებს,
საუბრობს მიწა,მადლით სავსე, მისი ბაგიდან,
ძველი სიტყვები ამოდიან ცოცხალ იებად,
მე კი ვდგავარ და აღარ ვიცი საით წავიდე
ჩემი სარკეში არეკლილი ისტორიებით.
ყველა ამბავი გაიზარდა, 
ყველა იმედი გაიზარდა,
მაინც აქ ვდგავარ.


ჩარჩოს გარეშე
არადა მთელი ცხოვრებაა ველოდები, 
რომ მაჩუქებენ ნახატს
რომელსაც არ ექნება ჩარჩო,
რომელშიც შეიყუჟებიან 
ჩემი ბავშვობის უნაპირო მდინარეები,
მინდვრებსა და ხეებსაც თან შეიყოლებენ და 
ერთად გაუყვებიან გზას ჩემი ღმერთისკენ,
რომელიც არსებობს და რომელმაც უკეთ იცის 
უნაპირო მდინარეების საიდუმლო, 
რომელიც თვითონ მდინარეა და 
როდესაც მზად იქნება, ჩემს ნახატში შეიყუჟოს, 
ჩემი ხეები და მინდვრები ამოიყენოს გვერდით
გზას დაადგეს საკუთარი თავისკენ და 
მეც თან წამიყოლოს,
გავუმხელ რომ მთელი ცხოვრება 
მდინარეებში ვაგროვებდი კენჭებს და 
ცარიელ ფურცლებზე  ვაწებებდი ,
რომ ასე მაინც ვყოფილიყავი  მის სიახლოვეს 


პოეტი 

ბესიკ ხარანაულს 

მიდიოდა.
ბეჭებში მოხრილი ამხელა  ნიჭიერებით,
გუდასავით ეკიდა ზურგზე ათასჯერ გადახარშული  ცხოვრება, 
რომელსაც ალღო ისედაც ვერ აუღო,
რომელიც მართალია, მისი ნიჭიერებით  იკვებებოდა, 
მაგრამ სწორედ  მსუყე  ნიჭი ადგებოდა გაბერილ გულზე.
რა ექნა, 21 საუკუნის პოეტი ერქვა,
თავი უნდა გაეტანა 
ფერადთმიანი შეშლილების  ჯგროში,
უჰაერო ქალაქის ყაყანში, 
სოციალური მედიის ჯუნგლებში.
მიდიოდა.
ნაბიჯ ნაბიჯ იხდიდა ცხოვრებას,
რომ ცხოვრებისთვის არაფერი დაებრალებინა
რომ მის მწარე გულწრფელობას
ჰქონოდა მხოლოდ საკუთარი ნაღველის  გემო.


კლდის მონოლოგი
ჩემი ზურგია სისხლიანი
და ხერხემლიდან ამოზრდილი მოუთმენლობა
თვალებით კვეთავს
სინანულით დაღვარჭნილ კისერს,
შევჩერებივარ მოფრიალე ნისლის ნაწნავებს
და მარტოობას აუხდენელ სურვილით ვივსებ.
ერთ დროს თავადვე ავიკრძალე, რომ ხელებიდან
ამომეზარდა სიყვარულის ლამაზი ვარდი,
და, ახლა, ზურგის სისხლიანი ლაქები მამხელს
რომ ფესვში ჩაზრდილ დანაშაულს ძალიან ვდარდობ.


წრე-თოვლის გუნდით შემოხაზული
აბა რა მექნა,
როცა მამაჩემი თვალებიდან მეღვრებოდა და
დედა ჩემს სიტყვებში ყვაოდა,
საძინებელში ვიკეტებოდი და ვწერდი.
დიდი იყო ჩემი ბავშვობა.
კედლის მარჯვენა ფერდიდან წიგნები ცვიოდა და
ყველა წიგნის ჩემიან გმირს
გულზე და ხელებზე ცრემლივით დასდიოდა
მარტოობისა და ცხოვრების სურნელი.
ცხოვრება მაშინ მეც ასეთი მეგონა:
ჩემიანი გმირებით სავსე, ნათელი და გულუბრყვილო,
და ვწერდი რომ მომავალი შეიძლებოდა
წარსულში აგვრეოდა,
და რომ წარსული
დიდი თოვლის გუნდა იყო მომავლისათვის.
და ვწერდი: რომ სანამ სიტყვებს წამართმევდნენ
შენი ძველისძველი მზე უნდა მენახა,
მიყვარდი და ღამეს მანამდე ვათევდი
სანამ ჩემს თვალებზე სინათლე შეახმა
განთიადს, და ახლა, როდესაც ხელები
სავსეა მომავლით, მე უნდა წავიდე,
შენ კი, მეათასედ უნდა მაპატიო
რომ თვალებს გარიდებ
-------------------
დიდი იყო ჩემი ბავშვობა.
წინასწარ გრძნობდა,
რომ წარსული შეიძლებოდა გამხდარიყო მომავალი და
მთელი ცხოვრება ტყუპისცალის ნაბიჯით ევლო
მის გვერდით, ვისაც ვერასოდეს დაეწეოდა.
წინასწარ გრძნობდა, რომ თვალებში ჩატეული მამის
გენი
და სიტყვებში მოყვავილე დედის სევდა
დიდი წრე იყო, თოვლის გუნდით შემოხაზული.


წინაპარი
ჩემი დიდი წინაპარი- პაპაჩემის პაპის პაპა -
რომელიც მთაში ცხოვრობდა და იყო პოეტი,
მითვალთვალებს წინა საუკუნეებიდან.
არ ვიცნობდი, მაგრამ ვმეგობრობთ.
ეს მისი სიმღერაა, რომელსაც
მიღმიერი სამყაროდან ვხრიალებ,
ეს მისი სიტყვებია, რომლისგანაც
თითები მაქვს დალურჯებული,
ამარჩია და ჩემში მჟღავნდება!
მისი ბრალია, რომ ასე სანახევროდ ვცხოვრობ,
და როცა მძინავს,
ღია თვალებით ვებრძვი ღამეებს.
მისი ბრალია ჩემი აღტაცება
ქვებისადმი, კლდეებისადმი.
მან დამიწესა, მყვარებოდა კლდესავით კაცი-
მდუმარე და ძლიერი და სიცხის ამტანი,
დიდი ხნის წინ გაურიგდა ღმერთს, რომ ჩემით
თავის მთა და თავის სიტყვა გადაერჩინა.
ჰოდა, ახლა ლაღად დადის ჩემს სისხლში და
სიტყვისგან დალურჯებულ თითებზე
შიგნიდან მიკაკუნებს.


სამი სიტყვა
დიდი თვალები აქვს ჩემს სიყვარულს,-
ყოველდღე შეუძლია ახლიდან დამინახოს
და ახსოვდეს, რომ როცა ვდუმვარ,
ერთდროულად სამ სიტყვაში ვნაწილდები:
პირველი სიტყვა მის თვალებში იკარგება,
მის ჯერ დაუღვრელ ცრემლებს ჰყვარობს,
მისი ცრემლის ხილვებს ჰყვარობს, -
ანუ გარბის რეალობიდან.
მეორე სიტყვა ძლიერია. კლდესავით არის.
დიდი ხნის წინ გადახარშა ძველი ტკივილი,
დიდი ხნის წინ ამოტუმბა ძველი ტკივილი
გულის ყველა ვარდისფერი კაპილარიდან
და ახლა კლდეზე სისხლით მუხის დახატვას ცდილობს.
მესამე სიტყვა ერთგულია, გულუბრყვილოა,
იმახსოვრებს გაწბილებებს, ცრემლებს, სახეებს,
გზებს, მოსახვევებს, სახლის ჭიშკარს, ჭიშკართან კიბეს
და კიბის თავში სინათლის ჭავლს-მზიდან ჩამოღვრილს.
დიდი თვალები აქვს ჩემს სიყვარულს.
ჩემში აღწევს.
დუმილს კითხულობს.


ომი. აგვისტო. იტალია.
-დაიწყევლოს ყველა ომი-ვეუბნები ჩემს ცხოვრებას
რომელიც სწორედ აგვისტოში მამოგზაურებს
იტალიის ძველ ქალაქებში,
თავგზას მიბნევს და 
Santa Marias  ბაზილიკის მეტყველ კედლებზე 
მოზაიკით მიჭრელებს თვალებს.
-დაიწყევლოს ყველა ომი !-
ვამბობ ქალაქ აქვილეიას ჯარისკაცთა სასაფლაოზე,
სადაც ჭაბუკ ჯარისკაცის ძეგლით ცდილობენ 
შეამსუბუქონ ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლის სევდა,
სადაც კედელზე  ამოტვიფრულ ლექსით ცდილობენ
უამბონ დედებს,
რომ მათ შვილებს ჭრილობები ღმერთმა მობანა.
მე კი ვფიქრობ,_ 
ნეტავ სად დგას ღმერთი ომში, 
სად იმალება,
ჭაბუკების მხრების უკან? 
სიკვდილის უკან? 
რომელი თვალით იხედება,
ან რომელი თვალით ამოწმებს 
სიკვდილის სასწორს, 
ან ჩამომწყდარ  სიკვდილის ლოდებს.
სად არის ღმერთი ომის ცეცხლში, რატომ არ იყვანს 
ხელში ჭაბუკებს, როცა  საწყლად იწყებენ ბოდვას 
დედაზე, ღმერთზე, სიყვარულზე, თავდადებაზე 
და იმ მიწაზე, რომლის მხარზეც თავები უდევთ.
სად არის ღმერთი, რატომ იცდის, 
რატომ არ მოჰბანს ჭრილობებს შვილებს სააქაოს,
იქ რატომ უცდის... 
დაიწყევლოს ყველა ომი_
ვეშაპივით გაწოლილი დედამიწაზე 
აქვილეიას საუკუნის  სასაფლაოდან 
მუხათგვერდის თერთმეტწლიან სასაფლაომდე.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge