გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეთერ სადაღაშვილი - ლექსები


ფიქრები მირზაანში ფიროსმანის ეზოში
მოუხდებოდი პარიზის ქუჩებს;
შემოდგომიდან გვიან მარტამდის,-
პორტვეინით და ქალებით მთვრალი,
ღამით, მულენ რუჟს 
გადახატავდი.
გაიზამთრებდი თხელი პალტოთი,
დამზრალ სენასთან, დამწყდარ ღილებით...
-მესიე - ვინმე გაგიღიმებდა,
-დაგხატავთ მადამ,- გაუღიმებდი.
მოუხდებოდი ბოჰემას
ფრანგულს
და ქვაფენილებს,სველი
მონმარტის...
ვზივარ მირზაანს, 
შენს ეზოს ვუმზერ...
...
მოგნატრი.


***

,,-იყიდეთ იები!!
-იყიდეთ იები!!
ფერი-სისათუთე
კდემა და სინაზე...
მორცხვი სილამაზის
იები იყიდეთ!!!
დამჭკნარი ხელებით 
ვკრეფავდი სინაზე,
ვკრეფდი 
არარატზე,
გოლგოთის კიდესთან,
ედემის კართან თუ
კოლხეთის აისზე,
აიღეთ იები 
უყნოსეთ სამოთხეს,
გული ნეტარებით,
სიკეთით აივსეთ.
იმრავლეთ,
ილაღეთ,
გაზაფხულს უმღერეთ,
სიყვარულს უძღვენით
ხასხასა ფერები...
იხარეთ,
ახარეთ,
იები აიღეთ!!
უფასოდ წაიღეთ,
თქვენ შემოგევლებით....''
ქალაქის ქუჩებში 
ღიღინებს მოხუცი,
ზურგი აქვს მოხრილი
სევდით თუ წუხილით,
ლამაზი კონებით
სიხარულს არიგებს,
დაშრეტილ თვალებით
სამყაროს უღიმის.
მოქარგულ ქისაში
სიყვარულს აგროვებს,
შეჰხარის ყმაწვილებს
ღიმილებდაფენილს...
მოხუცი ქალაქში,
ისე ვით იესო,
ჩოჩორზე შემჯდარი
მიჰყვება ქვაფენილს.
პეიზაჟს უხდება
მოხუცის თვალები-
სიკეთე,სამყაროს,
გრძნობების დამტევი,
ათასფერ ქისაში
ცეკვავენ ხურდები,
თუ ჩვენ,გახურებულ 
ხუნდებში
ვხუნდებით...
ვუმზერ და 
ვიფერებ 
ცელქობას,
ბავშვობის,-
ვუღიმი 
ანც გოგოს,
წარსულში გაფრენილს...
მოხუცი ქალაქში,
ისე,ვით იესო-
ჩოჩორზე შემჯდარი,
მიჰყვება ქვაფენილს.


***
უფლისციხესთან მოფენილ
ყაყაჩოებზე აწვიმს,
ამ ფაქიზების მზერაში,
რას არ იფიქრებს კაცი...
ზოგი დასაღვრელ სისხლზე და
ზოგი დაღვრილზე წერდა,
ბებოს შალივით მოვირგე
მხრებზე მამულის სევდა.
ყოველ წელს, მინდა არ მინდა,
მათ დაბადებას ვუმზერ,
როგორ იჭრება კლდის პირას
პატარა მიწის გულზე.
და ჩემი სახლის გარშემო
ბებიის დაქნილ ბილიკს
მეც მივუყვები შრიალით
კაბის და ცვარი ტირის...
ეს სისხლისფერი ყვავილი,-
ჩემი პაპაა ალბათ,
უფლისციხისკენ დღესაც რომ
ფარად მიჰყვება აღმართს.
ჩემი მამული აქაა,
აქ წინაპრები მიწევს,
დღესაც მამულის დამცველად
და გმირადა ვზრდით ბიჭებს.
ღმერთო რარიგად დიდი ხარ,
არ მოგვიშალო ბუდე,
ამ კლდის ქალაქს ხო საძირკვლად
პაპების ძვლები უდევს.
უფლისციხესთან განფენილს
და მოელვარე ყვავილს,
დრო რას დააკლებს, ღმერთმანი,
აქ საქართველო ყვავის!


ევას ,,ტრავიატა''
ზეცას ავძახი,მოქუფრულს და
ჩვენზე შემომწყრალს,
მონანიებით მუხლმოყრილი
წვიმას შევერწყი,
სხეულდამზრალმა,
მინდა ვუთხრა: მხოლოდ შენი მწამს,
ყური მომაპყარ დაღლილსა და
უკვე შევერცხლილს.
ჭექა-ქუხილში,გაელვებას,-
ცისფერ ნათების,
ღვთის ფუნჯითა თუ ოსტატობით
შექმნილ პალიტრას,
ვუმზერ,კაეშნის
გასათვლელი ციფერბლატების,
საუკუნეებ გამოვლილი
შიშველ ღამიდან.
ყველაფერს ვხედავ,მესმის,ვსუნთქავ,
თითქოს კარი ვარ,-
შეუღები და შენ შემაღე
სიბრძნით, ცოდნებით,
თითქოს მატვირთე 
ასწლეულთა ცოდვა ბრალი და
ახლა,ამ ტვირთით,სადაცაა
შეგეცოდები.
ამ ჩამოძონძილ ჯვალოშიაც
მიცან,ადამო,
ჩვენ ხომ ის ცოდვა ედემის ბაღს,
ერთად მივქარეთ,
თქეშში, ქარიშხლებს
გაექცე და უნდა მატარო,
მარადიული სიყვარულით
უნდა გიყვარდე.
ქარის წაქცეულ,ჩამოლორთხილ,
ზვინის მდგმური ვარ,
მშიერი კაცის ლუკმასავით
ველი შენდობას,
ყველა ელვაში ნაწყენ თვალებს
ვლანდავ უფლისას...
ზეცას ავძახი მოქუფრულს და ჩვენზე შემომწყრალს.


* * * 
მანდ ცივა,ძვლებში სუსხი ატანს
უკვე ღამიან,
აქ ლურჯი ზღვის და მზის ციმციმის
ვთვრები სურნელით...
ოქტომბრის ბოლოს,რა თქმა უნდა 
გორში ქარია,
ლიახვის მხრიდან მონაბერი,
ანცი,სულელი...
აქ მზის დისკოშიც დედაჩემის
ვხედავ ღიმილს და
ხმელთაშუა ზღვა მამაჩემის
ღელვის ტოლია,
მანდაურობა დღესაც ტანში
ნატვრად მივლიდა,
მაინც აქაურს მიამბობდა
თეთრი თოლია.
დღეს კიდევ ერთხელ დავუბარე
ღრუბლებს სათქმელი,
მერე...მზის ჩქერში ვინებივრე
ქვიშის ლოთივით.....
მაინც ვინა ვარ,შენს გარეშე,
შენი ქართველი,
მიხმე მამულო,დავიღალე
უკვე ლოდინით.


გორიჯვრის აისი
ღრუბლებად ეხურა
ფაფუკი საბანი,
გორიჯვარს 
და მთები
უძილო ღამიდან,
კვდებოდნენ ზმორებით,
-აქედან ცხინვალი ახლოა,
ისე რომ შორი ჩანს,
-კარგია ამ დილა სისხამზე
ტაძრად რო
მოვედით.
ნაძვები მოჰგავენ
მანანით
განბანილ
დედოფლებს,
ნელი ნელ იღვიძებს
მყუდრო და ციმციმა
ქალაქი,
შენ ამბობ,ღიმილით
და თბილად:
-მადლობა
ხედისთვის.
გიბრუნებ მარტივად,
ვითომც არაფერი,
-არაფრის.
ნისლები ეკვრიან
კვერნაქის 
ხავსისფერ
გრეხილებს,
ერთმანეთს ათბობენ
მუჭში მომწყვდეული
ლებნებიც...
-მაკოცე-ამბობ და...
-ნეტავი აქამდე მეხილე...
სიყვარულს ვნებდები.


***
რა იცი კდემაზე?-
სულში მოწოლილი
აფთარი ქარები
წამებით
შევრაზე.
რა იცი კვდომაზე..
უმთვარო ღამეებს
შეხიზნულ ლოცვებში
ვითვლიდი ტოპაზებს....
ნდობაზე?
მთრთოლვარე
თითებში,
ოცნების თითების,
ხსოვნაში
მო-ს-ვლაზე...
რამდენად ახლო და შორია
ციდან და მიწამდე,
ფერადი კენჭებით 
როგორ ვიშენებდი
გრძნობების ციტადელს.
რატომ მომკლეს და მერე მაღიარეს,
მიწამეს.
ზარების რეკვაში,
მუსიკის როკვაში,
მინდა რომ მიძახდე...
ჩურჩულით ნათქვამი
სტროფები
როგორი ჩემია,
ზეცისკენ მიპყრობილ
გულს მხოლოდ
ზეცაში შველიან...
დამინდე.
ცრემლებიც
სულ ყელის ჩამოვლით დამიდნა.
არ მინდა,-
ტკივილი.მახსოვდეს
იმ ჩვენი,
სულ ბოლო ღამიდან.
თემიდა..
ავკარგის გარჩევას
არჩევენ
გვარში და თემიდან...
დებიდან უფროსი
უფრო გამიგებს და 
ხელიდან
წასული წარსულის
გაწეწილ ნაწნავებს
დამიწნავს.
გამიწევს გული და
ვიღაცა ცეკვაშიც გამიწვევს,
ფერფლიდან აღმადგენს
ასჯერ დაცემულს და
სამიწეს.
გამირწევს,
უფალი 
დაცემულს
სარეცელს გამირწევს...
დაიძრეს!!
დაიძრეს...
ზოზინა სამყარო,
ვინატრებ მე ახლა,
იმედი სარკმელში
ამ დილით სხივებად მეახლა.
...
გვეცადა ხელახლა.


***
ნეტავ ვინა ხარ, იდუმალო,
სიზმრების მგზავრო,
მისტიურ ფიქრებს ქარში ვურევ
მიწის მზელავი,
ამ დედამიწის ერთი მტვერი სად დაგემგზავრო,
მე-შეცდომილი,შენ-ცოდვების ჩემის მზვერავი...
გადმომაბერტყე საოცარი უცხო ფერები,
ვიგრძნო, რომ მოსვლა არ ყოფილა ქვეყნად ამაო... 
შეშლილ დემონებს შემაბრძოლე შიშველ ხელებით,
გამორჩეულებს დაიხსომებს მხოლოდ სამყარო.
მაფეთე ქარი,ვარსკვლავები მიქრის თვალებში,
მიწას რომ ავცდე,ერთი გოჯით,
ის ძალა მინდა,
შესამოსელი პირველი და უკანასკნელი,
სულში ზეიმი,იდუმალი
სითეთრე წმინდა.
თუკი მოგვიშვეს,დავიბრალოთ 
უცხო მისია,
რამდენ ხელს გაწვდილს გასწვდებოდა ღიმი კეთილი,
ქუხილი მინდა,ელვა მინდა..
რამე იდეა,
აღმატებული
გადამდგარი
მგზავრის წუხილი..
უდაბნოს მტვრებში, ხელებგაშლილ 
შერწყმასაც ვბედავ,
შამს თაბრიზივით დავბზრიალებ
უცხო კაბაში,-
ვტრიალებ როგორც დედამიწა
ისე ერთგულად,
ვიდრე სამყარო კიდევ ერთხელ, ფურცელს გადაშლის...
რა დერვიში ვარ.. თუ ოცნება არ მაქვს ზეცამდე,
კალთიდან თუკი სიყვარულებს გზებზე არ ვფანტავ,
ქერუბიმებით მოოჭვილი ციდან მეძახდე-
როგორ გეახლო, გლახა ვარ და მებრძოლი ქართან.
მინდა ფრთები და ენერგია კოსმიურ გენის,
ადამი ვზილო,ევა ვზილო ის თიხა მინდა,
მისიისათვის,თუ ივდითად არ გარდამქმენი
რატომ მოვედი,როგორ წავალ 
აქედან მშვიდად. 
ანდა... ჩამღვარე,დამამსგავსე ნაკადულს წმინდას,
რომ უცხო ხეებს ძალა მივცე,ალერსში ვზარდო,
ისე ჯანსაღი,ისე მყარი ფესვები მინდა,
ლომჭაბუკები, როგორც ყლორტნი ამოიზარდნონ.
ჰეი, ზმანებავ უცნაურო,
სინათლევ,
ფეთქვავ,
გერწყმი და შენში ვიბადები
ბიბლიავ,თორო,
პირველად მხოლოდ
სიტყვა იყო! თუ სიტყვა 
ვერ ვთქვა,
ისე მამღერე ამ
სიმღერით
ცა ავათრთოლო.
მაწვიმე თქეშად,
ყანად მზარდე-
ხნულად ვივლი ან..
სიბრძნით, სიუხვით 
გამომზარდე,
ვინმე გურუში...
ედელვაისად ამომანთე
სადღაც ყინვიდან,
ჩიტის ჭიკჭიკში ჩამტიე და
მტრედის ღუღუნში...
ნეტავ ვინა ხარ იდუმალო
სიზმრების მგზავრო..
როგორ საოცარ სხივებსა მფენს
შენი მზერა მე...
ძალა მომეცი,ვარსკვლავეთში
რომდაგემგზავრო,
შენ მესაჭე და მე ერთგული 
შენი მენავე.


ემიგრანტის პასუხი 
,,ეჰ რამდენ ქართველს უწევს გული საქართველოდან''-დ.დარბაიძე
გული მიწევდა? ჰო, ასე რომ ვთქვათ,
გული მე მხოლოდ ათი წლის ბიჭის 
ყელში კოცნაზე, ნაზის და ლორთქოს,
ყელის სურნელზე მიწის და ფიჭის,
სირბილისაგან დაცვარულ შუბლზე
ხელის დასმაზე მიწევდა გული...
მეძახდა დაღლილ ოფლიან ზურგზე
წვრილი ნეკნები, მძივი მალები
და აცეტებულ მის ჟრიამულზე
გგონია რო მხნედ  მივიპარები?...
რძეშეუმშრალი ტუჩებით კოცნას 
რა მიჯობს....მხოლოდ მისი თვალები.
დამფრთხალი ჩიტის გულივით
უცემს-
გული ჩემთვის რომ სამყაროს უდრის,
ვპირდები ფერად მაისურს, ბუცებს,
სანაცვლოდ დედის,.. 
ჩამოშლილ ბუდის...
არ დაიჯერო უნდოდეს რამე
დედას, უმზიროს შვილების თვალებს...
მაგრამ როდესაც ცხოვრება გიწვევს...
როცა ავბედით სარეცელს გირწევს...
შვილებს ტკივილით არიდებ სახეს;
ზოგჯერ არ გინდა და მაინც გიწევს;
ყალბი ნიღაბით,-გროტესკით ღიმის,
იხურავ თბილი ოჯახის კარებს.
არ დაიჯერო,
არ დაიჯერო,
ზღურბლზე ნაბიჯი როცა გადავდგი,
არ ვნახე იქვე პატარა ჩერო,
სული ბღავილით იქვე არ დავდე.
რომ ყოველ კარის გამოღებაზე
შვილებს ჩემს სულში გაენანავათ.


***

ცრემლებით მოვრწყავ შენს საფლავზე 
ლამაზ ყვავილებს... 
ყოჩივარდები დავიბნიე  
გულზე მძივებად... 
მიწას დავკოცნი,არ ინაღვლო, 
ვინ რას გაგვიგებს, 
დაგაჭკნები და 
მეც შენს მკერდზე დამეძინება.


ჩემს ელენეს და გიოს
*
დედა ღვთისმშობელს 
                       თქვენს სიმშვიდეს 
                                მივაბარებო,
მომენატრება მოციმციმე 
                       თქვენი თვალები,
ჩემი ცხოვრების ანთებულო 
                       ჩირაღდანებო,
გენაცვალებით.


ციკლიდან ,,ბარათები უცხოეთიდან''
***
„გიჟი ხარ,შლეგი ხარ,,“-
შიშსა ჰგვრი მომხვდურებს...
ქართლის ტკივილი ხარ,
ნაფლეთი იარა...
...და„ედი კულედან“ დღესაც 
გადმოგვყურებ...
ვაჟკაცი მეფე ხარ,შენ
„დელი“კი არა.
ჰო,ვნახე ის მიწა,
რომელმაც გატყვევა...
ბორკილმა დასერა ხრიოკი ტრამალი.
ტრამალი...
ტრამალი...ძნელია გაქცევა...
სული ბობოქარი,ციხეში
დამალეს.
ცახცახებს ელამი
თვალები მტრის,
მზერას ვერ გისწორებს
ვერავინ,გმირს.
არა ხარ,ის კაცი,გიმონონ,
დიდება,მარადის,სვიმონო!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge