გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამარ წამალაშვილი - ლექსები


მოხუცი კაცი
ბებერ მუხასთან ჩამუხლულა მოხუცი კაცი...
ეტყობა ძლიერ დაუღლია ცხოვრების რიახს...
თითქოს იმასაც მოსდებია ხესავით ხავსი...
და ვეღარ ამჩნევს მოხტუნავე მზის სხივთა კიაფს...
ცდილობს, როგორმე გაარკვიოს სიცოცხლის არსი...
ეჩურჩულება გზააბნეულ, პატარა ნიავს...
ღონემიხდილი ცას გაჰყურებს ღრუბლებად დაშლილს...
მიდის ღრუბელი და მოხუცის ოცნებაც მიაქვს...


ბერმუხა
გამიგონია, რომ იმ ადგილს, ძალიან ძველად...
სადაც იბრძოდნენ გმირნი ჯაჭვისპერანგჩაშლილი...
იდგა ბერმუხა ფესვძლიერი, გაზრდილი ველად...
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ტოტებგაშლილი...
მის ქვეშ ხარობდა მობიბინე ნორჩი ტყეები...
გარშემომყოფნი მას ედემის ბაღს ადარებდნენ...
მეზობლად მდგარი, დასიცხული ქონდრის ხეები...
დიდი ბერმუხის დიად ჩრდილქვეშ თავს აფარებდნენ...
მაგრამ ბოროტი მას უმზერდა, როგორც მძლე ხარი...
კარგს უამრავი მოშურნე ჰყავს, როგორც წესია...
და ველურების ქვიშასავით ურიცხვი ჯარი...
ძირძველ ბერმუხას ყორნებივით შემოესია...
ჰოდა ისინი, სიბრაზის თასს სანამ დასცლიდნენ...
ირგვლივ ყველაფერს აოხრებდნენ, ლეწდნენ, ტეხავდნენ...
ახლად ამოსულ ნაზარდ ყლორტებს ძირში აცლიდნენ...
მკლავივით გაშლილ დიდრონ ტოტებს უღმრთოთ ჩეხავდნენ...
-და დღე გაიპო... დაიბზარა... მიწა დამძიმდა...
ზეცამ ჩაიცვა გაცრეცილი შავი მანტია...
დაჭრილ ბერმუხას,- ცრემლები, რომ სისხლად აწვიმდა...
გლოვის ღრუბლები მანდილივით შემოახვია...
დრო გადიოდა...დრო მძივივით ისხამდა ტკივილს...
ბრმა იმედებით ივსებოდა თმენის ფიალა...
ცისკრის ვარსკვლავი კვლავ ელოდა მამლების ყივილს...
და შუშდებოდა დაფლეთილი ძველი იარა...
თუმც, სადღა იყო წინა ხიბლი?!...-კვამლივით გაქრა...
მტერმა შემუსრა ხორბლით სავსე დიდების ყანა...
აღორძინების სურნელება თანდათან ჩაქრა...
და ისტორიის ფურცლებს შერჩათ ის "ოქროს ხანა"...
მას აქეთ იბრძვის...წინაპრების სისხლი ღრიალებს...
მათი ხმის ძალა მკურნალია მთის და მდელოსი...
ტოტებდაჭრილი ბერმუხა კი მაინც შრიალებს...
როგორც სიმბოლო, დღევანდელი საქართველოსი!...


სივრცის სიღრმეში
სივრცის სიღრმეში შემოდგომის ცა ჩაწვა თითქოს...
შემცივნულ სხეულს მზის სხივები წვალებით მითბობს...
მე კი მზის ნაცვლად მას ვუღიმი ლანდად დახატულს...
და იმის სახეს თვალს ვადევნებ ცოცხლად დანახულს...
ვგრძნობ გულისცემას, მისი გრძნობის განცდით დანამულს...
იმ მზერის ძალას, დიდი ხნის წინ გულში დამარხულს...
ვხედავ ჩემს სხეულს, მზის სხივები სევდით, რომ მითბობს...
ვხედავ იმ აჩრდილს, გამუდმებით ჩემზე, რომ ფიქრობს...
ფიქრობს თავისთვის, -სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვს...
და ახლა ჩემს გონს წინ სიბერის ზმანება იპყრობს...
თვალებდახრილი, სინანულით ვიხსენებ იმ დროს...
როცა ცხოვრება მპირდებოდა რაღაც არნახულს...
მეც ვუღიმოდი "მომხიბვლელ რაშს" ცხადად დანახულს...
და არ ველოდი ოცნებების ამგვარ დასასრულს!...
სივრცის სიღრმეში შემოდგომის ცა ჩაწვა თითქოს...


წარსულის  გზაზე
წარსულის გზაზე ჩუმად ვწონით ნაბიჯებს თამამს...
ვდევნით მუქ ფიქრებს, ზოგჯერ საღ აზრს თავს,რომ ესხმიან...
დაღლილ თვალებით ვაშტერდებით ოცნების ჰამაკს...
და თან ვიწვრთნებით ისე, როგორც..ცხენებს ხედნიან...
ჩვენივე თავთან თავს ვარიდებთ უაზრო კამათს...
თეთრი და შავი ზმანებები ერთურთს ერწყმიან...
ძლიერნი- ფხიზლად აგრძელებენ ცხოვრების თამაშს...
ხოლო სუსტნი კი- ჟამთა ტრიალს,- მთვრალნი ებრძვიან!.. 


ძილ-ღვიძილი
როგორც ქვეყანა,... -მეც ვერ ვხვდები მძინავს თუ მღვიძავს?...
ძველ ბოქლომივით ეკიდება რული წამწამებს...
შორი წარსულის ზმანებები ბუნდოვნად მხიბლავს...
და ძილ-ღვიძილი დაღლილ სხეულს ისევ აწამებს...
სადღაც, მიუვალ ლაბირინთში ოცნება ბრწყინავს...
მისკენ ვისწრაფვი, მაგრამ თითქოს, რაღაც მაკავებს...
ნისლიან გზაზე გავურბივარ ჭუჭყიან წვიმას...
ვხედავ, მგელი კი ბატკნის ნიღაბს, როგორ ატარებს!...
რეალის აღქმა ჩემს დაძაბულ გონებას ყინავს...
ჩემი ფიქრებიც აღარ ჰგვანან ასე ამტანებს...
უსუსურობის შეგრძნებისგან იმედი გმინავს...
თითქოს წყალში ვყრი ამდენ ჯაფას, ამდენ ნაწვალებს...
ჩემო სამშობლოვ, მეც ვერ ვხვდები მძინავს თუ მღვიძავს?...
ძველ ბოქლომივით ეკიდება რული წამწამებს...
აუხდენელი ოცნება კი სულ უფრო ბრწყინავს...
და განთიადის მოლოდინის ტოვებს ნაკვალევს!..


უბრალო ქალი
ნაცნობ ვერხვებთან ძველ სიმღერას ღიღინებს ქარი...
ღიღინებს მანამ, სანამ წლები ოცნებად გავა...
ცხოვრების აღმართს მიუყვება უბრალო ქალი...
გულსევდიანი... -ამ აღმართსაც ღიმილით ავა...
მის ტუჩებს ისევ შერჩენია ამბორის კვალი...
თუმცა, დრო წაშლის,...-წუთისოფლის მზეც მალე ჩავა...
ვიღაცას ღალატს ვერ პატიობს ლამაზი ქალი...
ქალი, რომელიც წარსულისგან,- უბრალოდ წავა...


ჩემი გარიჟრაჟი
დროსთან ჭიდილში უცაბედად შემომაღამდა...
ფიქრები ისევ აირივნენ, როგორც ლოთები...
გადაღლილ თავში საღი აზრი ოდნავ გამკრთალდა...
ამ სტრიქონების დაწერასაც მალე მოვრჩები...
გულგრილი მთვარე პაემანზე ღამეს დასთანხმდა...
ალალ გულს მძიმედ შემოაწვა დარდის ლოდები...
სადღაცას ახლა ვიღაცისთვის რაღაც დამთავრდა...
მე კი ამ ღამეს ჩემს გარიჟრაჟს დაველოდები!...

სიზმარი
შორს...მთვარის შუქზე ცეკვავენ ტანგოს...
მერე, მუსიკა ოდნავ ჩუმდება...
ვაჟი ქალს ნაზად უგზავნის ამბორს...
თითქოს, ბავშვობა უკან ბრუნდება...
პაწია ჩიტი ხის ტოტზე გალობს...
დაღლილი ფიქრი წამით დუნდება...
ჯადოსნურ სიზმარს გაქრობა არ სურს...
მაგრამ ზღაპარი,..-მაინც სრულდება...



როცა ვიღიმი
როცა ვიღიმი, ნუ გგონია ცაში ვნავარდობ...
ლაღ ოცნებებში დავფარფატებ, როგორც თოლია...
უბრალოდ ჩემთვის, უღიმილოდ,-მზეც და სამყაროც...
და ეს ცხოვრებაც, უღიმილოდ,-ნულის ტოლია...


იდუმალი მთვარე
მთვარე განათდა... მისი სხივი ჰორიზონტს გასწვდა...
შუქად მოფანტა, ირგვლივ ყველგან, მზერა მეფური...
მაგრამ მის ფიქრებს, გულის სევდას, ვერავინ ჩასწვდა...
და დარჩა ასე, - იდუმალად გაღიმებული...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge