გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ვანლერ დაისელი - ლექსები


                          ანლერ დაისელი (ნამდვილი სახელი და გვარი ივანე ბაბუაძე) დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში 1903 წელს, ღარიბი გლეხის ოჯახში. ჰყავდა 7 და-ძმა (იგი უფროსი იყო). დაამთავრა მე-2 შრომის სკოლა (9 კლასი). 1918 წლიდან ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრია, ხოლო 1921 წლიდან მენშევიკურ პარტიაში შედის.  
ვანლერ დაისელი XX საუკუნის 20-იანი წლებიდან გამოდის სამწერლო ასპარეზზე. 1924 წელს მეგობრებთან ერთად ხელნაწერი ჟურნალი „ცისკარი“ (რედკოლეგია: ვანლერ დაისელი, კლემენტი თევზაძე, შალვა ონტოფელი) გამოუცია. 1925 წელს კი ახალ ლიტერატურულ ჯგუფს „სომნამბულებს“ ქმნის (სომნამბულიზმი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ძილში სიარულს: სომნუს - ძილი, ამბულო - დავდივარ). 
ახალგაზრდა პოეტი ოთხჯერ დააპატიმრა საქართველოს საგანგებო კომისიამ. პირველად 1922 წლის აპრილში ანტისაბჭოთა გამოსვლაში მონაწილეობისათვის ბათუმში, მაგრამ მალევე გაუთავისუფლებიათ; მეორედ იმავე წლის აგვისტოში თბილისში – ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროკლამაციის გავრცელებისათვის, რასაც 2-თვიანი პატიმრობა მოჰყვა; მესამედ 1925 წლის 30 ივნისს შემდეგი ბრალდებით: „კონტრრევოლუცია, რაც გამოხატულია არალეგალურ მენშევიკურ ორგანიზაციაში აქტიური ანტისაბჭოთა მუშაობით“. ამჯერად პოეტმა ციხეში 1 წელი გაატარა.
1926 წელს დაისელი ციხიდან გათავისუფლდა და მომდევნო წლებში 5 მცირე ფორმატის წიგნიც გამოსცა: 1926 წელს „მზის სისხლი“, 1927 წელს „ლივილლა“ და „გული და დღეები“, 1928 წელს „გუშინ და ხვალ“, 1929 წელს „ბალადა ტფილისთან დაღუპულ ვეფხვზე“. ამ უკანასკნელი პოემის გამო 1929 წელს ვანლერ დაისელი მეოთხედ დააპატიმრეს და 23 სექტემბერს გადაასახლეს ჩრდილოეთის მხარეში, ქ. არხანგელსკში, 3 წლის ვადით, სისხლის სამართლის კანონთა კრებულის 58.1 მუხლით გათვალისწინებული ბრალდების გამო. როგორც ვიქტორ გაბისკირია იგონებს, ვანლერს პოემა ვეფხვზე კი არ დაუწერია, სინამდვილეში ვალიკო ჯუღელს გულისხმობდაო. (ვალიკო ჯუღელი 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, რომელიც ბოლშევიკებმა დახვრიტეს.)
1931 წლის 10 ივნისს ქ. არხანგელსკში ვანლერ დაისელი საკუთარ ბინაზე კვლავ დაუპატიმრებიათ და ბრალად სამშობლოში გამოქცევის განზრახვა და აგიტაცია დაუდიათ (მუხლი 58.1 და 82). ამის გამო სასჯელს 3 წელი დაუმატეს და სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს შრომა-გასწორების ბანაკში გადაიყვანეს. სწორედ აქ 1932 წლის 8 თებერვალს დაუწერია მას შეწყალების თხოვნა. ეს არის ბოლო დოკუმენტი, რაც დღესდღეობით ხელთ გვაქვს. ამის მერე ვანლერ დაისელის კვალი იკარგება. მისი გარდაცვალების ზუსტი დრო და მიზეზი უცნობია. 




სონეტი თხილი ფოთლებში დახეულ მზეზე 
დღე მზის სარკეში გატყდა შუაზე. 
სივრცე მზის თოვლით ჩამონაქსოვი;
და სიხარულით თითქოს დასრულდა. 
ბროლის ლანდებში ვწუხვარ, ჟუაზელ!
მიქსოვ ყვავილებს თეთრი თითებით,
ნაზი ღიმილით და მზის ძაფებით, 
მძაფრად შენს ტუჩებს დავეწაფები, 
ფიქრებით მთვრალი, და გაფითრებით... 
მოსჩანს ჩრდილებში მომთვარისფერო, 
შენი სხეულის ბარელიეფი, 
ტეხავს გაზაფხულს სიზმრების სფერო, 
სხვა სურნელებას მაფენს იები. 
გულში ჩამესო, როგორც რაპირა, 
შენი ალერსი და თვე აპრილის... 
აპრილი, 1926 წ. 


გულის მწვერვალი ცას მივაბჯინე
მე ღამის გრდემლზე 
გული გავჭედე
ვისვრი ვარსკვლავებს
როგორც ნაპერწკლებს 
საუკუნეებს ჭამენ ლანდები
ბრილიანტების ლაბირინთებში. 
მზეების ტუჩი მკერდზე მადნება 
ქართულ სუნთქვაში ნაბივრიტები. 
გულში გავთხარე ლექსის მადნები... 
ეხლა ქარების ქარვის რთველია
გული გავიწვი ვნების მავთულით.
სულო! რარიგად სადარდელია, 
პოეტის ცრემლით მიწა ქართული. 
გიჟი ღმერთები სადღაც მღერიან... 
ალბათ ეს გლოვაც სიამაყეა.
ცხელი მკლავები მიწა მშობელის
გაგუდულ დღეებს სულში მაყრიან, 
რომ დავიმდუღრო გული შოპენით. 
მე დროს გავართობ ასე ნაღვლიანს. 
ამდენი ლოდინით ცა გადაიწვა
გრძნობაც მძიმდება დილის მოსვლამდე. 
შენს შესახვედრად მზეს გადავიცვამ, 
როგორც შელლი და როგორც მოცარტი. 
მე გულმხურვალე გეტყვი: მობრძანდი...
მაისი, 1926 წ. 


გადამტყდარი რკალი 
როცა მე მსურდა, ეს იყო მაშინ, 
ლანდების რხევა სიზმრით ამეკლო.
მწვანე ფოთლები სცვიოდა ქარში
და ტრაურს ღვრიდა რუხი სამრეკლო. 
ღამე. სიჩუმე და ავგაროზი
მიჰქონდა სიზმრებს ყვითელ მინდორში
ჩვენ ვქვითინებდით სასაფლაოზე
და მეხვეოდი ქალწული ნორჩი. 
გვიცავდა ფიცი უსათნოესი 
და სიბრალულის ალერსით ხედვა 
ჯვარზე გაკრული სწუხდა იესო 
და კვიპაროსებს ქარი არხევდა. 
მაგრამ დაიწვა ის ლოცვა ნაზი, 
ლურჯი სიზმრების თეთრი თვალები. 
ეხლა ქარია სასაფლაოზე 
და ჩემს სულში კი... თებერვალები.
1924 წ. 


ქალწულები მწვერვალიდან
ქარი წაბლისფერ მწვერვალებს არწევდა,
დაფნები მოქონდა ვენერა მილოსელს...
დაჰქრდა ღრუბლებში ცისფერი არწივი,
ჰაერში აბნევდა ოქროსფერ მიმოზებს...
ეს იყო სიფითრე ალერსის დაწურვით,
სიზმრები სცვიოდა ზარების რეკიდან...
პლანეტებს დაჰყავდათ ცისფერი ქალწული
და თმებზე ყვითელი კომეტა ეკიდა.
ისმოდა მუსიკის გრძნეული ჩურჩული,
ღამეებს მთვარე თვალებით ადნობდა,
ქალწული იდგა მწვანით მოფარჩული,
და ლოცვებს კანკალით წყაროსთან აბობდა...
სიზმრებად წაიღო უმანკო ძიებამ 
იებზე დაღვრილი ქალწულის სინაზე...
დაიბნა ღამეში ყვითელი მძივები
და თეთრი არწივი გაფრინდა დილაზე.
ქალწულს უნდოდა ძიება ეხილა,
ცრემლებით აპკურა ეკლების ბორცვები...
გაფრინდა ფიქრები ცისფერ ქარტეხილად,
გადატყდა სანთელი და დადნა ლოცვები...
მზის შადრევნებში
დაღვრილი დილა...
1925 წ.


ინტიმური საღამო
როცა საღამო ტყდებოდა ბროლი,
ზღვის რიტმიული ტალღების ხაზვით
და ქალწულივით სოხუმის ფლორა
თრთოდა იდუმალ მუსიკის ხმაზე,
ისმოდა ნელი ტალღების ოხვრა...
პალმებში თეთრი მოსჩანდა შოსე
და ტუაფსისკენ მიჰქროდა“ბენცი“.
რალლი! თქვენ გეცვათ ზღვისფერი ჟორსე,
იყავით ნაზი და უტურფესი...
მაგნოლიები სურნელს ფანტავდა...
შორს ვეშაპივით რეიდი იწვა,
გემმა გატეხა ზღვის ზედაპირი
მოკვდა სირენა და დედამიწა
ზღვაში ჩავარდა მზე გაფერილი.
ზღვა ნუშის თმები მხრებზე გეფინა.
მიჰყავდა ფიქრებს შორეულ ქართან, 
სადაც მუსიკა მზისფერ წვიმების
წვებოდა შენთან და როგორც ქარტა
ლურჯი საღამო უინტიმესი...
შენ გულში წყნარად რეკდა სიმები.
ივნისი, 1926 წ.


სტრიქონები გულიდან
ლოდინი დაილევა
ამ ყვავილების თვეში,
ძვირფასო! გრძნობა მე ვარ,
გრძნობა დაღვრილი თქვენში...
ამ გაზაფხულის გულში,
გცვივათ მზის თბილი სუნთქვა,
თითქოს აყვავდით ნუში,
ქალი ლურჯთვალა ტურფა...
ვგრძნობ აგათრთოლათ ალბათ
ჩემი ლექსების თემამ,
ბროლის ცრემლებით დალბა
თქვენი მაყვალის თმები...
გაქვთ ბაგე მწიფე ბალის,
ნაზად თეთრ ხელებს მიწვდი,
ტყვე ვარ ძვირფასი ქალის,
თქვენი დაღლილი პრინცი...
შენი ალერსი მათრობს,
ტანზე სიხარულს მაცმევ,
ტყე და მინდორი ფართო,
მწვანე ბალახზე დავწვეთ...
მე ვნებამ ამაცეცხლა,
შენ! ყვავილები ვაშლის...
გულს ვესვრი, როგორც მერცხალს,
ცას იისფერად გაშლილს...
შენ ნდობამ აგათრთოლა,
წამო! ძვირფასო! წამო,
გცვივა სურვილის თოვლი,
მინდვრის შლეიფი მწვანე:
წამოდი გენაცვალე...
შენი ალერსი მათრობს,
ტანზე სიხარულს მაცმევ,
ქვეყნად ორნი ვართ მარტო.
წამო, ბალახზე დავწვეთ.
ძვირფასო! ნუღარ დარდობ,
სიო ყვავილებს არწევს.
აპრილი, 1926 წ.


მჭადივით მთვარე. ცაუ! ჩალან-დარი ჭადრები
ცაუ! ცალიელა. ცაუ! ცისთვალება.
ცირაო! ცაბადე. გრძნობა. ტბარეული.
გათოვდა. ქალწული.თეთრი.ბრწყინვალება.
და. გული. მზის. ვნებით. გადარეული.
ცა. ლილა. თონეზე. მჭადივით. მთვარეა.
მდორეო. მდინარე. დონე. მძინარი.
წყალში.ჩადრივით. ღამე. ჩავარდა.
ცის ძუძეებზე. მძივები. ბრწყინავენ.
ჭადრებში. ცხენებით. მიდის ჩალანდარი.
ჩამომდნარ. ლეღვივით.ყვითელი ღამეა.
წყალია. ვერცხლივით. და. ჭურებს. რეცხავენ.
ცაუ! სანთელივით. ცირა, აწერტილი.
ვერსალის. მინაზე. დაეცა. მერცხალი.
ცირა! შენი. გული.სიმი.გაწყვეტილი.
ცაუ! ცისთვალება. ცაუ! ცალიელა.
წერტილი. 
ივნისი, 1926 წ. 


მთვარის ცრემლები
მთვარე ქარვისფერ ღიმილს ჩამოღვრის, 
შენ იცდი ბაღში და ვინ ჩამოვა?
მთის ნაკადული თმებზე ჩამოდის,
კლდე ტყვიისფერი და ბრინჯაოა.
ცას უკვე მთვარემ მკერდზე აკოცა,
შორს ვარსკვლავები თვალებს ხუჭავენ.
ძვირფასო, ნეტავ რამ გაგაოცა,
ქალწულო! ნაზო! და თმახუჭუჭა...
სილუეტები ტბაზე ეცემა, 
სცვივა ლოდინი შენს გძელ წამწამებს:
ტბა მთვარით თვრება და ივერცხლება,
თვალებმა სივრცე გადაამწვანეს...
თრთის ლერწმის ტანი შენი, ლარივით.
გცხავს. სიგრილეა და ვერ დამშვიდდი,
თვალები ცეცხლით გიელვარებენ
და ყვავილივით მკერდი გაშლილი...
სველ ვარდისფურცლებს დაკოცნის მორცხვი,
ცხელი და შმაგი ტუჩები შინდის.
ცას ლიმონივით ვარსკვლავი მოსწყდა,
ძვირფასო! შეკრთი და შეგეშინდა...
ძვირფასო! იცდი სანამ რძისფერად
ტბაზე სისოვლე არ აორთქლდება,
და გააცილებს შენ გულის ძგერად;
ნაზი მუსიკა თოთო ფოთლების...
მაისი, 1926 წ.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ორჰან ბერიძე - „...ბერიძეთა აღვადგინე ჯიში...“ ორჰან ბერიძე - „...ბერიძეთა აღვადგინე ჯიში...“ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები მარიამ მარჯანიშვილი - ევროპის გზის სათავეებთან მარიამ მარჯანიშვილი - ევროპის გზის სათავეებთან ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ისტორია / მომხმარებლები გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ჟურნალი / კრიტიკა / ბიოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge