გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მელანია - ლექსები



უკვდავება
ნაკეთრალია ჩემი სხეული,
ეს ჩემი გული - ნაკეთრალია,
ემოციებით აზვირთებული, 
თეთრი ნათება და ასტრალია.
მაინც მოგიძღვნი შეშლილ სტრიქონებს,
ნავაგლახარს და ნაქაშოეთარს
და ვიდრე სულში გრძნობა იქროლებს,
მხოლოდდამხოლოდ მე გიპოეტებ.
აღარაფერი არ დამამშვიდებს,
მეხგავარდნილი მქუხარე ცა ვარ,
მე გამოვყვები მზის პანაშვიდებს
და შენთან ერთად,ზღვის ფსკერზეც ჩავალ.



თბილისო
ძველი მეტეხის ძებნაში,
პარიზის ქუჩებს დავივლი,
ჭრილობავ,რად არ ხორცდები,
ტკივილო,როდის გამივლი?
ჩამოვუყვები თავდაღმა,
მდინარე სენას ნაპირებს,
თბილისო,მზე,შენ გამოგყვა,
აქ,ისევ წვიმას აპირებს.
ყურში ჩამესმის დროდადრო,
ჰანგების პოლიფონია,
მღერიან,მაგრამ,სულ სხვაა,
ქართული ხმის ჰარმონია.
ძუძუს მოწყვეტილ ბალღივით,
გამუდმებით,რომ ტირისო,
საბრალო სანახავი ვარ,
უშენოდ,ჩემო თბილისო.


საუნჯე 
ჰე, საქართველოვ,მძიმე ქანთილი,
კვლავ გეკიდება ხარკად როდემდე?!
შენი ერთა ვარ,დარდით დაღლილი,
ჩვილ ბავშვობიდან მკერდზე მოგენდე.
ნატანჯო ჩემო,მღვრიე თვალებით,
ვეღარ აღიქვამ ნანატრ აისებს,
განუწყვეტელი ფერიცვალებით,
მაგ გულში როსღა გაიმაისებს?!
ვერ გეგუები ხვედრო მუხთალო,
ღვთის სამოსახლოს მოვთქვამ სათხოვარს,
გამომიწოდე ხელი უფალო,
გამომიწოდე ხელი მათხოვარს.
ადამიანო,ტვინო და გონო,
ამაყი გულის ,გამტარ-სარქველო,
წმინდა ილია მართლის პატრონო,
შეისისხლხორცე შენ-საქართველო !!!



სიგიჟის ზღვართან
სიჩუმემ იმდენი რამ მითხრა,
იმდენი მიამბო უჩუმრად,
ამბავი ქარიან დღეების,
მომიყვა,გამანდო მუნჯურად.
სიჩუმემ იმდენი რამ მითხრა,
იმდენის მასწავლა შეგრძნება,
განცდათა სიმძაფრე,დღეიდან
დათმენილ სიჩუმეს ეძღვნება.
ზეჩუმი სიჩუმის მხარეში,
ისეთი მკვეთრია ყოველი,
დაახშეთ ბგერები,დაახშეთ!
კივილით - სიჩუმეს მოველი.


ავე
სიცოცხლის ხაზი-ნიაღვარია,
დაღლილ სხეულის ხელის მტევნების,
გთხოვთ,იგალობეთ ,,ავე მარია,,
ამ წუთისოფელს,როცა ვევნები.
ახლა ცის კიდეს მივწვდები ხელით,
ჩვეულ სიმშვიდით შევალ წვიმაში
და განბანილი,სუფთა სახელით,
გავცისკროვნდები უფლის წინაშე.
ნეტარებაა აფრენა ზეცას,
ღუღუნა მტრედის ფრთების ფრიალით,
რადგანაც სულის სითეთრეს ლეწავს,
ცოდვილი მიწის ორომტრიალი.


AMOUR..
საღამო მოდგა ,ისეთი ჩუმი,
ხმის ამოღბის სურვილი არ მაქვს,
ზეშთაგონებად დაღვრილ ფიქრებში,
ბაგეთა თრთოლვით, ამბორი დამაქვს.
არ შემიწყალო,თუკი გიწამე,
ვიწვოდე ცეცხლში,ღმერთო გულისა,
ვარ გარინდული დედამიწა მე,
მძევალი შენი სიყვარულისა.

მთიულის სული
მთებო,მოგძახით გესმით ყივილი?
მოწყვეტილ შვილის,მჩქეფარ სისხლისა,
ვცადე,ვიშუშე გულისტკივილი,
საგალობელით ღმერთთან-ცისკრისა.
ხვატო, ბატონობ ხადას მწვერვალებს,
ღრუბლები გაწევს მყინვარს-ბროლია,
ხმალი,ჭაუხი,ისე ელვარებს,
სიზმრად კალთებზე ამიყოლია.
მომელანდება შავი არაგვი,
მოედინება სიწმინდედ ჭაოხს,
დაპურებული წვიმით და თოვლით,
გაზაფხულობით კალაპოტს დაობს.
გუდამაყარო,ქედზე გიხდება,
სახერონისმთა,საფსიტისწვერი,
მახვილის ციხე,ისევ ნათდება,
განთიადის მზე,რომ ამოწვერის.
ნინო მოგადგა,გზად მომლოცავი,
წობენს ქადაგად იარებოდა,
რომ შენი გული შეუბოჭავი,
ჭეშმარიტებას ზიარებოდა.
ისე მტკიცეა,ჩვენი მოყვრობა,
ლომისის წმინდა გიორგის ძალამ,
უზრუნველ ქვეყნის,თბილმა მოპყრობამ,
შენი ადგილი,ვერ შემიცვალა.
დაგიბრუნდებათ ხვატი მთიული,
მიწას გვირილად აეღერება
და ღვთისმშობელის წმინდა მხარეში,
მთასაც ქართულად აემღერება.


მე მოველ
უფალო,მოველ,როგორც მირჩიე,
მაგდალინელი მარიას მსგავსად,
გავიძახოდი:ქრისტე ჩვენშია!
და ქრისტიანი არ ჩანდა არსად.
უფალო,როცა ჯვარმა მომიცვა
და მე მოვიცვი,როდესაც ჯვარი,
გავიძახოდი:ქრისტე ჩვენშია!
მიმხედრდებოდა ეშმათა ჯარი.
წმინდა ტაძრამდე ჩოქვით მოვედი,
მადლად მდიოდა სისხლი იარას,
გავიძახოდი:ღმერთი ჩვენშია!
მაინც არავინ გაიზიარა-
შენი ტკივილი.
რამე მირჩიე,
მაგდალინელი მარიას მსგავსად,
გავიძახოდი:ქრისტე ჩვენშია!
და ქრისტიანი,არ ჩანდა არსად.


დედიკონა
მომნატრებია შენი ხელები,
დედი,მაგ მკერდზე მინდა ვიტირო,
თავზე წაკრული თხელი თავშალი,
ვნატრობ,წყლულებზე გადამიჭირო.
მინდა მეფერო ისევ უსუსურს
მზრუნველი მზერით ვიყო აღსავსე,
ღმერთო,ხელახლა დედის მუცელში,
სულ ერთი წუთით,მე-განმათავსე.
დე.... მომეძალე ისე ძალიან,
ისე ძალიან მჭირდები დედა,
ჩემს გულში,,ნანინას,,ნაკრძალია,
იღბლიანს,შენი ხმა დამებედა.
თბილი ცრემლები,მესალბუნება,
შენი მიმიკის ვარ ამსახველი
და დაილოცოს დედაბუნება
და დაილოცოს დედის სახელი!


ელექსირი
წუხელის ჰერა იგლოვა ზევსმა,
ცივ სამრეკლოდან შემოჰკრეს ზარი,
ოლიმპოს მთაზე-უდიადესმა,
ღრიალი მორთო ზე შესაზარი.
სინათლის სხივი დაეხშოთ ნისლებს,
არმაგედონი ლეწავდა ხეებს,
მიჰქონდათ კუბო ტაატით მისნებს,
გზაზე აბნევდნენ თეთრ ორქიდეებს.
მზე ჩაესვენა ქალღმერთთან ერთად
და ამოუცნობ ფერში გაზავდა,
ზენა,ქვენაში ისე შეერთდა,
მიწა-მიწას და ცა-ცას არ ჰგავდა.
ზევსმა დაკარგა ღვთიური ძალა,
რადგან წაერთვა ქალღმერთის გული,
ოლიმპოს ღვარად ჩამოეშალა
და იქმნა,თავად მიცვალებული.
მორალი:ქალი-სიცოცხლის წყარო,
მთელი გრძნობა და მთელი სამყარო!
და განადიდე იგი ვითარცა,
ვიდრე გეკუთვნის ცაც და მიწაცა!





скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge