ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
იოსებ მთავრიშვილი - ლექსები
დაიბადა ქალაქ მცხეთაში 1986 წლის 21 აპრილს. ჟურნალი ,,აფინაჟის" რედაქცია იოსებ მთავრიშვილს მრავალ წარმატებას უსურვებს!
აფხაზეთი
მე არ მინახავს ეს სიზმარი არასდროს - ცხადში.
მით უფრო - სიზმრად არ მინახავს მე ის სიცხადე -
თუ როგორ ფრენენ ოცნებები მოწმენდილ ცაში
და მერე როგორ ეშვებიან ფრთებით მიწამდე,
ვით გაზაფხულზე მონარნარე ლაღი მერცხლები.
მე არ მინახავს და სიზმრების ფერებს ვუხამებ,
შავ ზღვას ტალღებზე განთიადი, რომ ევერცხლება...
და მთებზე წითლად შეღამებას თითქოს მწუხარე
მზე დაჭრილივით გადაჰყავდეს თეთრ ჰორიზონტზე...
წარსულის ფსკერზე გამოცლილი ყრია ვაზნებად:
წლები, ბავშვობა, ნოსტალგია... და რომ სიშორეს,
ლექსებშიც ვერ ვტევ... უმართავი ხდება ფრაზები...
მე არ მინახავს ეს სიზმარი არასდროს - ცხადში,
მითუფრო - ახლა ეს ტკივილი გულზე მედება...
რაღას იფრენენ ნატყვიარევ მეწამულ ცაში,
დენთის კვამლისგან გამურული თეთრი მტრედები.
აპრილი
ვეღარ დაიტევს აპრილი ფერებს,
ვეღარც შენს მუხლებს - კაბის სიმოკლე,
და მეწყერივით მოვარდნილ ვნებებს,
ვერ შევაკავებ, ვერ დავიოკებ.
ჟივჟივს მორთავენ ცაზე მხევლები,
კვლავ დაფეთდება გრძნობების რემა,
და მზეზე უფრო ცხელი შეხებით,
ისევ გიგრძნობენ მკლავები - ჩემად.
გამოგერევა მზის სხივი თმებში,
როგორც ნაზამთრალ რტოში ყვავილი.
განმეორდება წვიმების თქეში
და შენს თვალებში - ცრემლი ჩაღვრილი.
შენ გაიხსენებ შარშანდელ აპრილს,
ჩემი თამაშის იმ მკვეთრ სიჭრელეს,
ვეღარ გაარჩევ: ყალბსა და ნამდვილს
და სიჭრელეში ბავშვურ სიცელქეს.
ბავშვობა გადის!.. არ გვენანება,
რომ არ ჩერდება არცერთი წამი,
ჩვენთვის ძვირფასი დრო გვეპარება,
როგორც მწყურვალებს - პეშვიდან წყალი.
ჩვენ ცოტა დრო გვაქვს ვიფიქროთ მშვიდად,
და გადავწყვიტოთ ის, რასაც ვითმენთ,
თორემ აქვეა, ცხენივით ქშინავს
აპრილი, რომელიც ძარღვებში ირბენს.
ვენებში ირბენს სისხლი მყივარი,
მთლად გაჟღენთილი ვისკით და რომით.
დნობას დაიწყებს ყველა მყინვარი,
როცა პირისპირ დავრჩებით - ორნი.
* * *
მითხარი, რომ გახსოვს, ის მზე და ყინწვისი...
წყურვილი ეკიდა საგზალის საკიდზე,
რომ მორცხვი ქალივით იწვოდა ივლისი
და მასაც შენსავით გახსნოდა საკინძე
მკერდზე... და მხრების სიშიშვლე გემძიმა,
როდესაც სურვილი მოგავლე თვალივით.
(წყაროსაც სიცხეში წყაროსთან ეძინა)
და ვბარბაცებდი მეც ჩემი ლანდივით.
მახსოვს, ნატვრის ხეს შევაბით ძონძებად:
სურვილიც, ნატვრაც და ბავშვობაც იმ დღისით...
ყინწვისთან დაგიცდი, და როცა მოგძებნი,
მითხარი, რომ გახსოვს, ის მზე და ივლისი.
სიყვარულმა დამტოვა
მორჩა პარადი,
ჩვენ ჩავიარეთ
სასიყვარულო მოწოდებებით...
არაფერია ქვეყნად მარადი,
ყველაფერია მხოლოდ დროებით.
და თუმცა მცივა
ო, როგორ მცივა,
როცა გულგრილი მზერა
მაცვივა,
როცა ჩემს მიღმა ეძებენ საგნებს,
გასაოცარი შენი თვალები,
რა შემიძლია,
დროს ვერ გადარჩა,
ქარმა დახია ძვირფასი ფარჩა,
ამ სიყვარულის ტრანსპარანტების.
და უკვე არსად აღარ წერია,
ჩემი და შენი სახელი ერთად.
* * *
ეს ის თოვლია, შენ რომ ინატრე...
დღეს მხოლოდ შენი ფიფქები ცვივა,
(მეტად ლამაზი, ყველა წინაზე)
შენი ფიფქივით სადა და წმინდა.
და ჩემს წინ თეთრად იშლება სივრცე,
და ჭადრებს ართმევს ფერებს, და ქუჩა
ნაფეხურებით ივსება ისე
ვით ხურდაფულით მათხოვრის მუჭა.
ეს ის თოვლია, შენს თმებს რომ ათოვს,
გადმოფანტული ღვთისა ხელებით.
მარტია ახლოს და უფრო ახლოს-
შენი ნანატრი ცისარტყელები.
* * *
ფიქრის სინატიფე გცვივა თვალებიდან!
სულში ამიმღერდი როგორც იადონი...
მხრებზე ჩანჩქერივით - თმების განედია,
შენ რომ ჩამოგშლია!.. ნუთუ მიანდობდი:
ჩემს თითებს გამომშრალს, დაშაშრულს ესოდენ:
სურვილის ქარ-ცეცხლით, აგვისტოს მზეებით.
მინდა, რომ დუმილიც ისევე გესმოდეს,
ვით ჩემი თვალების - შენივე მძევლების.
უძილობა
დიდი ხანია შენიდან გადახვეწილი სტატუსი
მაქვს...
მხოლოდ ფიქრებით გიბრუნდები, როგორც
დაღლილი...
სხეული-საწოლს... ოთახის სიმშვიდეს
უშენობა ატუზვია...
და ჩემს დანახვაზე ყეფს გაანჩხლებული
ძაღლივით.
კარს იქით მთვარის სინათლე აგდია ხმელი
ფოთოლივით...
ღია ფანჯრიდან ის ტოტი მოჩანს, სადაც
საქანელა
ეკიდა ჩემს ბავშვობაში და კარში თითივით
მოყოლილი
დილა შემოდის და ტკივილით იქამდე არ
მთავრდება,
ამ დანაკარგზე ფიქრი რომ დღემდე ვერ
მოგიპოვე,
ადვილად დაგთმე საკუთარი თავის შეცნობა-
გაუცხოვებას
შევისისლხორცე იმედის ნატამალიც არ
მოვიტოვე
და ახლა სიცოცხლე და არც სიკვდილი არ
მსურს პოეტად.
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე