გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

კობა ცხაკაია - ტიულის ფარფატა კაბა


გაჩერებასთან ახლოს, მაღაზიის წინ, ტიულის ფარფატა, თეთრ კაბაში გამოწყობილი ბალერინას მანეკენი Croise-ეს პოზაში იდგა. 
მისი აქ ყოფნა არც ადგილს შეეფერებოდა და არც ორ პროსპექტს შორის გამოკვეხებულ ქუჩას, მაგრამ იდგა და გარემოს თავისებურად ავსებდა, უფრო კი ამშვენიერებდა. 
მყიდველები, გამყიდველები, გარშემო სახლებში მაცხოვრებლები, ავტობუსების მგზავრები, შემთხვევითი გამვლელები, მძღოლებიც კი მის პირველად დანახვაზე, გაკვირვება-გაოცების ნიშნად წარბებს ზემოთ სწევდნენ,  დაბნეულად იღიმოდნენ, ხოლო ზოგიერთი ზედმეტად ცნობისმოყვარე ან თავხედი ეხებოდა კიდეც… თუმცა ძალიან მორიდებით, გაოცებული სიფრთხილით... ისე, როგორც ცოცხალ კერპს ეხება მისი იღბლიანი თაყვანისმცემელი... 
  • როგორი ელეგანტურია! - აღნიშნა ვიღაც აღფრთოვანებულმა და ეს სიტყვა გრიპივით მოედო ჯერ იქაურობას და მერე მთელ ქალაქს და საბოლოოდ  ეს უსახელო ქუჩაც ასე მოინათლა. 
“ელეგანტური”- სვირინგივით ამოიტვიფრა დედაქალაქის ვირტუალურ რუქაზე, ქუჩის უღიმღამო იერზე და მოქალაქეთა ცნობიერებაში. 
  • სადაა ის გაჩერება?
  • ვერ უნდა დაიმახსოვრო?! – „ელეგანტურზეა“.
  • სად შევხვდეთ?
  • მერამდენედ უნდა გაგიმეორო - „ელეგანტურთან“.
  • სად ცხოვრობ?
  • დაგავიწყდა? „ელეგანტურის“ კუთხეში.
  • კარგი, კარგი - „ელეგანტურზე“ დაგელოდები.
ქალაქის ასოციაციაში და მოქალაქეების აღქმაში ყველასათვის ცნობილი და პოპულარული პროსპექტები თავისდაუნებურად მიება ამ პატარა, ერთ დროს უსახელო ქუჩას, და თუკი ვინმე დაინტერესებული იკითხავდა:
  • “ეს”  ან “ის” პროსპექტი სადააო?
  • როგორ არ იცით?! მას გენაცვალე ელეგანტური კვეთსო! - გაღიზიანებული ან დამცინავი სახით შეახსენებდნენ გულმავიწყს ან გაუთვითცნობიერებელს და საჭირო მიმართულებაზე მიუთთებდნენ.
  • ააა, ელეგანტური! გამახსენდა - გამახსენდაო… - პასუხით შერცხვენილი, იტკლიცავდა შუბლში ხელს მკითხავი და ნაჩქარევი ნაბიჯით გაუყვებოდა მითითებულ მარშრუტს...
...გოგონამ ეს სიტყვა -“ელეგანტური”, როცა გაიგონა, ძალიან მოეწონა და გაიმეორა. მერე კიდევ გაიმეორა. 
  • ე.ლ.ე.გ.ა.ნ.ტ.უ.რ.ი!  - თვითონაც დადგა მანეკენივით Croise-ეს პოზაში და დატრიალდა… ხელები ფრთებივით გაშალა და  აცეკვდა, აფარფატდა პეპელასავით...
ყველაზე კაგრად მანეკენი დედამისის საძინებლიდან მოჩანდა. იქ, ფანჯრის რაფაზე დააწყობდა სკოლოს წიგნებს და საშინაო დავალებებს იქ “ამზადებდა”. თვალთვალს თუ მეცადინეობა ჰქვია, მაშინ მართლაც მთელი გატაცებით იყო ამ საქმიანობით დაკავებული. 
  • აქ მეტი სინათლეა და უფრო კარგად ვმეცადინეობ! - უხსნიდა ეშმაკურად მოღიმარ დედას, რადგან დედამისსაც უყვარდა აქედან მანეკენზე “მიშტერება”. ამას ის “ცხოვრებისეული სიმძიმისა და ყოფითი პრობლემებისგან დასვენებას!” ეძახდა. უყურებდნენ დედა-შვილი, ჩაეხუტებოდნენ ერთმანეთს და მერე ისევ უყურებდნენ.
რა იყო ამდენი საცქერი, ღმერთმა იცის… მანეკენი პოზას არ იცვლიდა. იდგა გაქვავებულ-გაშეშებული და იდგა. კარგად კი იდგა, მიმზიდველად, დახვეწილად, მომაჯადოებლად, მაგრამ მერე რაა?
გოგონამ არ იცოდა - რა იზიდავდა მას ან დედამისს მანეკენის უძრაობაში. გაშეშებულ მარადიულობაში... ირგვლივ ყველაფერი მოქმედებდა, შფოთავდა, ბორგავდა და ის კი ერთ ნერვს არ გაატოკებდა, ერთ კუნთს არ განძრევდა, ერთ ნაკვთს არ შეარხევდა... 
გოგონას ხანდახან ეგონა, რომ მანეკენი სამყაროს ღერძი იყო. ყველაფერი მისი ვარდისფერი, დახვეწილი სხეულის გარშემო ტრიალებდა, ბობოქრობდა, იხარჯებოდა, იცვლებოდა, იცვითებოდა და საბოლოოდ კვდებოდა. ის კი, არ სდევდა ჟამთა სვლას. გარინდული Croise-ეს პოზაში, ცხოვრებისეული სიმძიმისა და ყოფითი პრობლემების ოკეანით გარშემორტყმული, მხოლოდ ზოგჯერ, ნიავის დაქროლებაზე თუ ააფარფატებდა ტიულის თვალისმომჭრელ თეთრ კაბას. ანგელოზის ფრთებივით აიქნევდა კალთებს და წამის მეასედში მოყირჭულ სინამდვილეს, ზღაპრულით ცვლიდა. სხივზე სწრაფი ჟესტით, ენით აღუწერელი, ნათელი და თბილი სხივებით  გაცისკროვნებული სამყარო გაიელვებდა გოგონას თვალწინ, მოხიბლავდა, მოსჭრიდა მზერას და ისევ გაქრებოდა. ბალერინა კი ვითომ არც კი განძრეულაო - იდგა გასუსული, გარინდული, გაქვავებული. ცხოვრებაც ჩვეულ მოსაწყენ, ცვალებად, მოკვდავ-გახუნებად ფერებს, რითმსა და კანონებს უბრუნდება...
გოგონა არასოდეს წარმოიდგენდა თავს ბალერინად. აზრადაც არ მოსვლია ამ მანეკენის ადგილას ყოფნა. მას არც კი უოცნებია ასეთი მაღალი, დახვეწილი, მშვენიერებით დაჯილდოებული და მიმზიდველი ყოფილიყო, როგორც ეს მ ა ნ ე კ ე ნ ი. 
მას, მხოლოდ კაბა იზიდავდა. ნუსხავდა. იპყრობდა. სხეულის ყოველი ნაწილით გრძნობდა მის ფორმებს. სიფაქიზეს, პლასტიურობას, სიმსუბუქეს, მოტმასნილობას. 
გოგონა ფიქრობდა, რომ მანეკენის სული კაბაში იყო ჩამალულ - ჩაქსოვილი. ის თვლიდა:
- “მანეკენი შეიძლება არ მოძრაობს, მაგრამ მას კაბა “აცეკვებს” და ამას არავინ ამჩნევს ჩემს მეტი!”. 
ტულის, თეთრი, ქათქათა და ჰაეროვანი კაბა, რომლის ყოველ გაფარფატებაზე პეპლები აუთამაშდებოდნენ მუცელში, უცნაური ბედნიერება ეხატებოდა გაღიმებულ - შეწითლებულ სახეზე, კანი ეხორკლებოდა და გონება უფორიაქდებოდა.  
  • ე ლ ე გ ა ნ ტ უ რ ი!
გოგონას ბატისფეხური კალიგრაფია ჰქონდა. მანეკენის ცქერით გატაცებული, მიაორთქლებდა ფანჯარას და მელნით გათხვრილი თითით წააწერდა ამ ჯადოსნურ სიტყვას.
ე.ლ.ე.გ.ა.ნ.ტ.უ.რ.ი.
... საკმარისი იყო წარმოეთქვა“ელეგანტური”, ან გონებაში ამოტივტივებოდა ეს სიტყვა, მის ირგვლივ ყველაფერი ოქროსფერი სხივებით ივსებოდა და მოციმციმე ვარსკვლავებით იფარებოდა.
“წვიმის წვეთები - ხელისგულებზე / ცისარტყელების სამყაროს ქმნიან.” - ეს ლექსი, თუ გულიდან ამოვადნილი ამოსუნთქვა, ტულის თეთრმა კაბამ და მანეკენმა დააწერინა. 
ისე მოეწონა, რომ წვიმიანი ამინდის მიუხედავად, დიდი ქოლგის ქვეშ ამოფარებულ მანეკენთან მიირბინა, ფეხისწვერებზე შედგა, თვალებში კარგად რომ ჩაეხედა და ჩასჩურჩულა: 
“წვიმის წვეთები - ხელისგულებზე / ცისარტყელების სამყაროს ქმნიან.”
არაფერი მოხდა. წვიმა ისევ ცრიდა, გუბეებად ქცეული ქუჩები მანქანებსა და გამვლელებს ტალახიანი შხეფებით უმასპინძლდებოდა. ხეები წვმისგან დამძმებული, ჩაშავებული ტოტებით ლამის ტროტუარებს ეხებოდა. სისველეს, სახლები და ადამიანები ერთნაირად ჩაექუფრა და მოულოდნელი სიცივისგან გათოშილ-გალუმპული ქალაქი დარდით სავსე ქვაბს ჰგავდა.
რას ფიქრობს ნეტა, გოგონა? ან რა ეგონა? ამ ლექსით მონუსხული მანეკენი გაცოცხლდებოდა, კაბას გაიხდიდა და მას გადასცემდა? ჰა-ჰა-ჰა?!
მერე ალბათ, საიდანღაც სიმფონიური ორკესტრი გაჩნდებოდა.
სველი, გათოშილი, ჩამუქებული სახლები და ქუჩები, ფარდაზე ამოქარგულ ორნამენტად გადაიქცეოდნენ. ელეგანტური და დახვეწილი მაყურებლით გავსებული და გარინდული პარტერი აგუგუნდებოდა. კლასიკური მუსიკის პირველსავე ჰანგებზე, პროჟექტორებით განათებულ სცენაზე, ტულის კაბაში გამოწყობილი გოგონა აცეკვდებოდა, აფარფატდებოდა, და ბოლოს აფრინდებოდა? სად აფრინდებოდა? ცაში? ზეცაში? კოსმოსში? ჰა-ჰა?! აბა, კიი?! ეგრევე რაა?! ოღონდ რამე ენატრა და… ოპლააა! ჰა-ჰა-ჰა!
გოგონა მართლაც ოცნებობდა… ის ფიქრობდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც, რამოდენიმე წუთით, ან წამით ყველაფერი ისე იქნება, როგორც სასურველია და არა ისე როგორც საჭიროა... მაგრამ ამდაგვარი არაფერი მომხდარა. ვიღაც გალუმპული, წვიმით გაღიზიანებული კაცი დაეჯახა და ლამის წააქცია:
  • ვაი! - შეცბა გოგონა.
  • უკაცრავად, გოგონი! ძალიან დედამოხნული ამინდია! - კბილებში გამოსცრა იმ ტიპმა, ისე თითქოს ბოდიში მოიხადაო და თავის გზაზე “დააწვა”.
ცუდი სიტყვები როგორ არ გაუგონია. არაერთხელ. ზოგს თვითონაც იმეორებდა გუნებაში… დედამისმაც იცოდა ხანდახან რაღაც ამდაგვარის წამოძახება, მაგრამ მას სხვანაირად გამოსდიოდა. სასაცილოდ. ტკბილად. ბოღმის გარეშე. “ვაის” დაძახებასავით. წამოსცდებოდა და მაშინვე შეცბებოდა, მაგრამ მერე აუცილებლად გაიცინებდა. 
  • ვაი-უი, სირცხვილო! ღმერთო ჩემო, ზოგჯერ რა “იდიოტკა” ვარ!- პირზე ხელის ზურგს მიიფარებდა, თავს უკან გადააგდებდა, ლამაზ, გრძელ ყელს გამოჩენდა და აკსკისდებოდა. გოგონას ძალიან უყვარდა დედის კისკისის გაგონება… მაგრამ აქ, ახლა ამ სიტყვების გაგონებაზე, შერცხვა. მოეჩვენა თითქოს მანეკენმა ჩაახველა და თითქოს გაიცინა კიდეც. გაიცინა - აი ისე, როცა ვინმე ეცოდებათ, ებრალებათ და მერე დახმარების მაგივრად, გულთბილად უღიმიან... ს ა ზ ი ზ ღ რ ო ბ ა ა. 
გოგონას არ უყვარდა, როცა ის ებრალებოდათ და ეცოდებოდათ. ეგონა, რომ ამ დროს მომაკვდავად ან არაფრის მაქნისად აღიქვამდნენ და იმიტომ ექცეოდნენ ასე… 
ის არ იყო ასეთი. ის არ არის ასეთი… ის არასოდეს იქნება ასეთი… 
გოგონამ კოპები შეკრა და მანეკენს ახედა.
ბალერინა გარინდული იდგა. დახატული ზღვისფერი თვალები ფართოდ გაეხილა. თლილი, ნატიფი ხელები ზეცისკენ აღემართა და კალმებივით ფეხისწვერებზე შემდგარი, ტროტუარის გასწვრივ ჩამწკრივებულ ჭადრებს და ატალახებულ ქუჩას გაჰყურებდა…
გოგონას ეტკინა, მერე გული დასწყდა, მერე გაბრაზდა, შებრუნდა და ისე წავიდა, უკან არც კი მოუხედავს...
ეს იყო და ეს… 
თითქოს ასე უნდა დასრულებულიყო ლექსის, წვიმის, მანეკენის და გოგონას ურთიერთობის ამბავი… მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც სასურველია… ჰოდა...
ჰოდა, ერთხელ მანეკენი მ ო კ ლ ე ს?! 
მოულოდნელად. სასტიკად. მხეცურად… ზედმიწევნით. მთელი სულიერი და ხორციელი ბოროტება იყო ხორცშეხმული მის მოკვდინებაში… ყოველ შემთხვევაში, გოგონას ასე ეგონა.
  • დიდმა მანქანამ დაარტყა… მერე კი ბორბლებითაც გადაუარა. ორჯერ! მძღოლს ეგონა, თითქოს ვიღაც ახალგაზრდა ქალი მოკლა, ცუდად გახდა და გულის შეტევით საავადმყოფოში გააქანეს.
მანეკენს სახე დეფორმირებული ჰქონდა და დაბზარულ, დახეთქილი, ხიჭვებად ქცეული ყვრიმალები მის იერს დამთრგუნველს და საზარელს ხდიდა... 
მუხლამდე გადამტვრეული მარცხენა ფეხი. დანაფოტებული მარჯვენა ხელი. ალბათ ძარღვებში სისხლი რომ ჰქონოდა, მთელი ქუჩა მოითხვრებოდა.
  • მანეკენი მოკლა და ქალი ეგონა? 
  • რაა, არ მოკლა?! რაა, არ მოკლა?! რაა, არ მოკლა?! - გაბრაზდა გოგონა, მაგრამ მისი სიტყვები არავის გაუგონია. 
  • მომიკლეს! მომიკლეს! მომიკლეს! - ყვიროდა უფროსებით გარშემორტყმული ბავშვი, ბღაოდა, მაგრამ უხმოდ… ალბათ ისე, როგორც მანეკენი… რომლის ხმა ადამიანებს არასოდეს გაეგონათ. 
ტიულის ფარფატა, თეთრი კაბა აღარ არსებობდა. დანაწევრებული, პირქვე დამხობილი, შიშველი მანეკენი თუ ნამანეკენარი, ქუჩის ნაგავთან ერთად მიხვეტილი, თავმოხდილ საკანალიზაციო ჭასთან ეგდო...  მის ადგილას კი, მხოლოდ სადგამის კვალიღა დარჩენილიყო. შავი ფერის წრე ბეტონის დაბზარულ ზედაპირზე. 
  • ხმა რომ ამოეღო და დაეყვირა, აუცილებლად გადარჩებოდა! - გაიფიქრა გოგონამ. 
  • ვის უნდა ამოეღო ხმა?  - გაიგონა გოგონამ შეკითხვა და შეცბა. თურმე ხმამაღლა ფიქრობდა.
  • ვინ გადარჩებოდა?
  • ალბათ მანეკენი!
  • მანეკენი ცოცხალი რომ ყოფილიყო, აქ არ იდგებოდა! 
  • ცოცხალი რომ ყოფილიყო, მანეკენიც არ იქნებოდა!
  • ააა! - ვითომ გაიგო ვიღაცამ რაღაცა.
  • ნამდვილად! - დაუდასტურეს სხვებმაც, მაგრამ სინადვილეში ვერავინ ვერაფერი გაიგო…
  • კიდევ კარგი ამ ხის მაგივრად ცოცხალი არსება არ იდგა, თორემ მართლაც…
  • აბა კაცო… იმდენი სისხლი და ვაი-ვიში იქნებოდა! აუცილებლად „გასროკავდნენ“ მძღოლს!
  • დასაჭერია ისედაც!
  • მძღოლი ნამდვილი დეგენერატია და მეტი არაფერი! 
გოგონა მიუახლოვდა იმ ადგილს სადაც მანეკენი იდგა და შავად მოელვარე წრეში უშიშრად შედგა ფეხი… თვალები დახუჭა და...თლილი, ნატიფი ხელები ზეცისკენ აღმართა…  კალმებივით ფეხისწვერებზე წამოიწია და გაირინდა. უეცრად ნიავმა დაუბერა შინდიფერი ხუჭუჭა თმა ერთიანად აუშალა და იგრძნო, ეს ბნელი წრე როგორ აფრქვევდა  სითბოს, გაზაფხულის ღია, ნათელ ფერებს და აასმაგებდა გოგონას ოცნებებს, გრძნობებს და ემოციებს...
  • ელეგანტურად დედამოხნული! - გოგონას ბატიფეხური კალიგრაფია ჰქონდა. მიაორთქლა ფანჯარას და მინაზე, ფრჩხილებით ამოჩხაპნა ეს სიტყვები, რომლთა ხმამაღლა წარმოთმას მერეც კარგა ხანს ერიდებოდა...
...საღამოს ბინდია. დანისლულ-მოღრუბლული ცა წვიმის წვეთებით სერავს გათოშილ სივრცეს. უბერავს ცივი ქარი. სველი, გაყვითლებული ფოთლები ზანტად  ტრიალებენ განათებული ფარნების ირგვლივ. 
შემოდგომა თხელ ფენად ადევს ჩამუქებულ ქალაქს, სახლებს, სახურავებს, მანქანებს, ბაღის სკამებს, ტორტუარებსა და დაკლაკნილ ქუჩებს. 
კონტროლიორის დაჭმუჭნულ ტანსაცმელში გახვეული თეო გაუნძრევლად დგას გაჩერების კუთხეში და მზერას არ აცილებს მინის კედლებში ჩაკუჭულ პლაკატს, რომელიც ქარის ყოველ დაბერვაზე ცოცხლდება და თრთის. 
თეო ქანდაკებას ჰგავს. ლურჯი კეპი წარბებამდე ჩამოუფხატია და სახე თითქმის არ უჩანს. მომწვანო-მოყავისფრო თვალები ტუშით აქვს შემოხაზული. სქელ ტუჩებზე შინდისფერი პომადა უსვია. ქალურად ლამაზია და მიმზიდველი… ამავე დროს ნაკვთებში სინაზის ნატამალიც კი არ შეინიშნება... გაშეშებული სახე თითქოს სიმშვიდეს გამოხატავს, მაგრამ ამ გაწონასწორბულ, გაყინული მიმიკის უკან რაღაც იმალება, რაღაც ბორგავს, დუღს. ისევე როგორც ბობოქარი მდინარის დინება არ ჩანს,  ყინულადქცეული საფარის ქვეშ.
პიკის საათმა გადაიარა და ახლა ავტობუსების სიხალვათეა. სამუშაოს დამთავრება რამოდენიმე საათის წინ შეეძლო, მაგრამ არ ისურვა. პარალელური ქუჩა გადაკვეთა, მერე ეზოებით იარა და ახლა აქ დგას. ცენტრალურ პროსპექტებს შორის გაჩხერილ ნაცნობ ქუჩაზე. მსუბუქი მანქანები დაქრიან. ზოგჯერ სამარშრუტოს სიყვითლეც გამოერევა ქუჩის პირქუშ პეიზაჟს. 
ძრავების ხმაური, ქარი, ფოთლების შრიალი და წვეთების ხმა სიმფონიასავით ჩაესმის და ისიც გატრუნული, გახევებული უსმენს გარემოს. 
თბილად აცვია და არ სცივა. მობილურმა რამოდენიმეჯერ დაიწკავწკავა, მაგრამ ჯიბიდან მის ამოსაღებად არც კი შერხეულა. ადრე ტელეფონზე ვალსის მელოდია ეყენა და მისი ჰანგების გაგონებაზე სასამოვნოდ ბურძგლავდა და პეპლები აუთამაშდებდა სულში… მხოლოდ მეხუთე ან მეშვიდე ზარზე პასუხობდა, მანამდე კი, ღიმილით ტკბებოდა ამ გაცვეთილი მუსიკით. 
ახლა “ღღღღ” - უყენია და კიდევ ვიბრაცია. ტელეფონი თევზივით იწყებს ფართხალს და ამაზეც ეცინება, მაგრამ არა ადრინდელივით…ახლანდელი ღიმილი, უფრო დამცინავია, უფროცინიკური. “ღღღღღღღ” - ბღუყუნებს მობილური და ხვანცალებს ჯიბეში. თეო კი იღიმება. ეცოდება და ებრალება დამრეკიცა და ტელეფონიც. 
თეოს “ვინც” ან “რაც” ეცოდება, არ უყვარს. 
“ღღღღღღღ”. “ღღღღღღღ”. “ღღღღღღღ”. “ღღღღღღღ”. “ღღღღღღღ”. საბოლოოდ ზარი წყდება. ჯიბის “თევზი” ჯიბეშივე კვდება...
ბინდს ღამე ცვლის. ქუჩის განათება თითქოს უფრო მკვეთრი და მკაფიო ხდება. გზაზე და გზის გასწვრივ დაკიდებული საზეიმო გირლიანდები ბრდღვიალებენ. ათასფერა ნათურებითა და ეგზოტიკური განათებებით გაძლიერებული სადღესასწაულო ატმოსფერო მაინც ვერ ათბობს სიცივისგან გათოშილ ქალაქს.
თეო ქარის მიერ ატაცებულ ჩანთას, თუ ნაჭერს ამჩნევს. ტილოს თეთრი - ქათქათა ნაგლეჯი ჯერ გზაზე მიხოხავს, მერე მიგორავს. უცებ, თითქოს ღრმად ჩაისუნთქაო, გაიბერება, გაიბუშტება, გაყოყლოჩინდება… ბურთის ფორმა მიიღებს და მოსწყდება ასფალტს. აიჭრება ზევით და ლამის უკაცრიელ ქუჩას ზემოდან დაეკიდება. გაირინდება. თეო ქუდს იხდის და თავს აქეთ-იქით აქნევს. ცივი ჰაერი დაუვლის ხუჭუჭა თმაში და აუფრიალებს შინდიფერ “ფაფარს”. თეომ თითქოს ცივი შხაპი გადაივლოო - გამოფხიზლდება. 
  • უუჰ! - ამოისუნთქავს, სწრაფად აიკეცავს ქარისგან გაწეწილ თმას და ჩამოიფხატავს ყურებიან ქუდს, - უუჰ, რა სუსხია! 
- “უუუოოოო!” - დაიღმუილებს ქარი. გედივით თეთრი ნაჭრის ჩანთა აწრიალდება,  ადგილზე დაბზრიალდება,  ავარდება ზევით, მერე ნარნარით დაეშვება განათებული გირლანდების დონეზე და კვლავ დაბზრიალდება.ათასნაირად იცვლის ფორმას, დაიკლაკნება, დაიჭმუჭნება, გაიბერება, დაიჩუტება და კვლავ აფარფატდება სადენებისა და ხის ტოტების თავზე… 
  • ფრთხილად  შე სულელო! - მიაძახებს მისი მოძრაობით თუ ცეკვით მონუსხული თეო და...
ქათქათა, ღამის წყვდიადში თეთრად მოელვარე ტილო, რაღაცას გამოედება. გაიწევა, მაგრამ ვერ გაითავისუფლებს თავს. 
  • ეეჰ! - ეტკინება თეოს, თითქოს მკლავზე ფოლადისებრი მარწუხები შემოავლესო და მოუჭირესო, - ვაი! - ამოიკვნესებს და გაჩერების კედლეს მიეყრდნობა.
ჩანთა კიდევ ცდის გათავისუფლებას - გაიწევს. მერე კიდევ სცდის გაბრძოლებას, მაგრამ უშედეგოდ… გაირინდება, თითქოს ჩაფიქრდება, დაიჩუტება და... მორჩილად დაეკიდება თავის დამტყვევებელს. მერე ატოკდება. აცახცახდება, ალბათ ატირდება, თითქოს ფარხმალს დაყრის და შეეგუება ბედსო, კვლავ დაიჩუტება და კვლავ უსიცოცხლოდ ჩამოეკიდება თავის დამტუსაღებელ - მეციხოვნეს. 
  • თფუ შენი! - გაბრაზდება იმედგაცრუებული თეო. სიგარეტს ამოიღებს. ბოლო ღერიღა დარჩენია. მოუკიდებს. ცარიელ კოლოფს კი მოკუჭავს ხელში და კვლავ ჯიბეში ჩაიდებს. ღრმად ჩაისუნთქავს კვამლს და ავტობუსების განრიგის ტაბლოს ახედავს. იქ მხოლოდ საათს აჩვენებს. მეტს არაფერს. 
ისევ გახედავს ჩვარივით დაკიდებულ “ფარხმალდაყრილ”-ს... რამდენადაც სასაცილო არ უნდა ჩანდეს, თეოს ეცოდება თეთრი, ქათქათა ნაჭრის ჩანთა. 
“ის არ არის ცოცხალი არსება. მას არა აქვს სისხლი, გული, ტვინი, სითბო, მაგრამ ძალიან ჰგავს სულიერს, ცოცხალს და თითქოს ხასიათსაც ავლენს, მაგრამ მაინც ჩვარია. ალბათ კამფეტები, ან რაიმე ამდაგვარი ეყარა მასში სანამ გადააგდებდნენ. ან რამე საჩუქარი მიართვეს ვიღაც საყვარელს, ძვირფას არსებას, ვიღაცისთვის ერთადერთს და განუმეორებელს.” - ფიქრობს თეო, - “ეს იქიდან ჩანს, თუ როგორ იქცევა. მსუბუქია, მოქნილია, დახვეწილია, იუმორის გრძნობაც აქვს... ესე შემთხვევით არ ხდება... მაგალითად მასში ტუალეტის ქაღალდი, ან საცვლები, ან წინდები, ან ნაგავი, ან რამე საყოფაცხოვრებო ნივთები რომ დებულიყო, მაშინ ჩანთა ასე არ და ვერ მოიქცეოდა. უფრო სწორად ქარი მას ასე არ მოექცეოდა. სადმე გუბეში მიაგდებდა, ან რაიმე ნაპრალში, ან ღრიჭოში გაჭედავდა და იქ ჩაალპობდა, ან ნაფლეთებად აქცევდა! იმიტომ, რომ რანაირი ცარიელიც არ უნდა იყოს ახლა, აწმყოში, ბედს განსაზღვრავს ის, თუ რით იყო სავსე მანამდე... წარსულში!..”
ჩანთას, თეო აღიქვამდა, როგორც  - ავარას, ახტაჯანას, ცელქს, რისკიანს, მხიარულს და თავისუფლების მოყვარულს. თუმცა ახლა ცარიელს, დაცლილს, დაღლილსაც და შეიძლება დამარცხებულსაც… 
  • სასაცილოცაა და სატირალიც?! - ავტობუსის ბილეთების კონტროლიორი ქალი, მიყრუებულ ქუჩის გაჩერებაზე გდია და ნაჭრის ჩანთის სულიერებაზე მსჯელობს? “იდიოტკა”, უტვინო, დეგენერატი და კვლავ “იდიოტკა”?!.. - ბოროტად ჩაიცინა თეომ.
მაგრამ, რატომაც არა?!
  • ეს ჩემი ფიქრებია, ჩემი წარმოსახვაა და არავისთან მის გაზიარებას არ ვაპირებ! აქედან გამომდინარე, რატომაც არა? - ხმამაღლა და დაჟინებით იკითხა მან, - დავარქმევ სახელს და მორჩა! ის უკვე იარსებებს, როგორც ცოცხალი! სახელი მას განსაკუთრებულობას მიანიჭებს!  სულშთაბერილს გახდის! სახელი რაკი რაობაა, მას ჩემი სურვილით და თუნდაც ახირებით სულიერ არსებად ვაქცევ! - გაუხარდა თეოს, - ცოცხალი ისაა ვინც მე მინდა, რომ ცოცხალი იყოს! სულიერი ისაა ვინც მე მინდა, რომ სულიერი იყოს… თუ მე მომწონს და მიტაცებს ის რაც მომწონს, ვისი რა საქმეა, რა გრძნობებით, სულიერებით ან თვისებებით შევამკობ მას! ეს ჩემი პირადი სამყაროა, ჩემი კოსმოსია და ის ამის განუყოფელი ნაწილი იქნება! მორჩა!” - გაიფიქრა თეომ და ნაჭრის ჩანთას გახედა.
ჩანთა რაღაც კაუჭის მაგვარზე ეკიდა და ქანაობდა. 
ქარი უგემურად “გაულაწუნებდა”, ხან ერთი მხიდან და ხან მეორე მხრიდან... ხან ქვევიდან და ხან ზევიდან… და ისიც აიქნევდა , პეპელასავით ააფარფატებდა მიკუჭულ კუთხეებს, ბედს მინდობილი იქით გავარდებოდა, საითაც ჰაერის ნაკადი გასტყორცნიდა.
  • “ფარფატა”! - გაიფიქრა თეომ, - ტული!.. “მოფარფატე ტიული”!.. ერქმევა “ფარფატა” და გვარად იქნება “ტიული”! იმიტომ, რომ დაფარფატებს და ჰაეროვანია ტიულივით! ეეე, ტიული! - ენერგიულად გასძახა ჩანთას, - რაა, მომინდომე აფრენა, ცეკვა, სიცოცხლე, ბედნიერება? ეკიდე ახლა მანდ ნახმარი, დატყვევებული და ცარიელი. ყოფილიყავი უსულო, უგულო და ეგ არ დაგემართებოდა! - კბილებში გამოსცრა და სიგარეტის ნამწვი სანაგვეში ჩააგდო, - მეოცნებე, უტვინო “იდიოტკა”!
თეოს სიტყვებზე, ნაჭერი თითქოს გამოფხიზლდაო. აწრიალდა, გაიწელა, შემოეხვია თავის დამატყვევებელ კაუჭს და გაირინდა. ცოტა ხანში ათრთოლდა. მოეფერა, მიუალერსა… თითქოს მიიბნიდა, დანებდა ბედს, ტყვეობას, თავისუფლების და ოცნებების დაკარგვას შეეგუაო, მაგრამ... უეცრად… მკვეთრად გაქანდა ზევით და გვერდზე… და...
  • ეშმაკო, შენა! - გაეცინა თეოს.
თეთრი ქათქათა ჩანთა თავისუფალია. ჩირაღდნებით განათებულმა რამოდენიმე გამოსამშვიდობებელი მალაყი გააკეთა ჰაერში და ქარმა ის, ზევით ღრუბლებისკენ აიტაცა...
თეო ხასიათზე მოვიდა და ვალსის ტაქტში აცეკვდა. ტრიალი და ეგეთი რამეები არ დაუწყია, მხოლოდ ადგილზე, ქუსლების კაკუნით მიჰყვებოდა გონებაში ამოტივტივებულ მელოდიას. ერთი-ორი-სამი, ერთი-ორი-სამი… მატულობდა მუსიკა, რომელიც ქარივით ძლიერი ხდებოდა და ქალაქიც ივსებოდა საყვირების, ვიოლინოების, ჩელოების, ტრომბონების ჟღერადობით...
თეოს აღარ სციოდა, არც ქარის ეშინოდა. “ფარფატა ტიული” უკვე სადღაც შორს იყო. ძალიან შორს. იქ თავისუფლების გზატკეცილებზე, ოცნებების ჰოროზონტებსა და ბედნიერების გზაჯვარედინებზე… დამთავრდა ვალსი და თეო ისევ მარტო დარჩა…
ქალმა ნაღვლიანად ჩაიცინა და თვალები დახუჭა. ძალიან მოუნდა ის ნაჭრის ჩანთა ყოფილიყო. ეს სურვილი გულზე შემოეხვია და მოუჭირა. ეტკინა. თვალები ცრემლებით აევსო და საკუთარ სისულელეზე გაბრაზდა.
  • დეგენერატო! იდიოტკა! რა სისულელე მოუნდა! - გაუბრაზდა საკუთარ თავს, - იმდენად არაფერი ხარ, რომ… იდიოტკა! სულელო!..  
იქვე შუშაბანდივით გრძელი და ნათელი ავტობუსი გაჩერდა. მძღოლმა კარი გაღო და მხიარულად ჰკითხა:
  • ელოდები ვისმეს?
  • არა! - ისე უპასუხა თეომ, რომ მძღოლს არც კი შეხედა.
  • გამომყვები? - აქცენტით ჰეკითხა კაცმა.
  • სადა?
  • სადაო? - ახითხითდა მძღოლი, - ცოლადა, გოო! ცოლადა!
  • ერთხელაც იქნება და გცეემ! - დაემუქრა თეო.
  • ეეეჰ, შენ ოღონდ მცემე და… - თვალი ჩაუკრა მძღოლმა, დაკეტა კარი და მგზავრებისგან დაცლილი ავტობუსი ადგილიდან დაძრა.
თეო კვლავ მარტოა. ღიმილიანი მზერა სადღაც უქრება, მის ადგილს ისევ ის, ნიღბად ქცეული გამომეტყველება იკავებს. გაყინული სახე, რომელიც უხმოდ ყვირის. ხუჭავს თვალებს იძირება ღამის ქალაქის ხმაურთა მორევში… თეოს რაც ესმის, იდუმალ სიმფონიას ჰგავს. სიმფონიას, რომლისთვისაც დიდ ხანია არ მიუქცევია ყურადღება... აღარ მოუსმენია...
ქარმა უფრო მძლავრად დაუბერა, გატეხილ ვიტრინაში ჩაკუჭული პლაკატი ჯერ წამოაყენა, მერე აათამაშა და ზედა ჩარჩოს მიაჯახა. 
გაჩერდა მორიგი ავტობუსი. ეს არ იყო ახალი, ლურჯი ავტობუსი, ლაინერივით გრძელი სალონითა და კამერებით აღჭურვილი. ეს იყო ყვითელი, პატარა არაკომფორტული სალონით, დახეული და ათასჯერ გადაკერებული სკამებით და ჭუჭყიანი მინებით.  
ავტობუსში ათამდე მგზავრი იჯდა. თეო ავიდა და ოფიციალური და მომთხოვნი ხმით მიმართა იქ მყოფებს:
  • გთხოვთ, წარმოადგინოთ ბილეთები! გახსოვდეთ, მგზავრობა უფასო არ არის. 
სალარო აპარატზე თავისი ბარათი გაატარა, აიღო სათანადო კონტროლ-ბილეთი და დინჯად შეუდგა მგზავრების კეთილსინდისიერების შემოწმებას.
  • წავიდე თუ დაგელოდო? - ახრიალდა ანგინისგან შეწუხებული მძღოლი.
  • დამელოდე! - უპასუხა თეომ.
  • მაშინ დროზე, რა! - შეეხვეწა მძღოლი და მწარედ ჩაახველა.
  • მაცალე! 
როგორც კი ბოლო მგზავრის ბილეთი შეამოწმა, ჩავიდა და ავტობუსის კარს ხელი დაარტყა, - ჰეე, წადი!
მძღოლმა ხმაურით ჩააგდო „პირველში“ და დახურა კარები. მანქანა ცახცახ-ღმუილით ადგილიდან დაიძრა და  ქუჩის ჩაბნელებულ ჰორიზონტს წითლად მოციმციმე შუქებით შეუერთდა.
თეო ისევ იქ დადგა, ვიტრინაჩამტვრეული გაჩერების კუთხეში. მას არსად ეჩქარებოდა. არსად ეჩქარებოდა მას. არსად მას… ის  მწვანე, დიდრონი, მოხატული თვალებით გარინდული გაჰყურებდა ტროტუარის გასწვრივ ჩამწკრივებულ ჭადრებს და ყურს უგდებდა ქარისაგან გავეშებული, ტიტველი ტოტების რხევას. მათ გაუთავებელ ჭრიალსა და ჭახა-ჭუხს.
...რაც დრო გადიოდა, ქალაქი სულ მეტად უკაცრიელდებოდა… რაც გასახვეტი იყო გრიგალმა ყველაფერი დიდი ხანია გახვეტა და ახლა სხვადასხვა მიმართულებით უმისამართოდ დაქროდა. თეოს ცოტა შესცივდა… მოიბუზა და გასათბობად ხელები იღლიებში ამოიდო...
ცოტა ხანში ახალი მწვანე ავტობუსი გაჩერდა. მძღოლი, მანქანიდან ჩამოვიდა და თეოს გვერდით დადგა. სიგარეტს მოუკიდა და ქალს მიაწოდა. თეომ ახედა, უცნაურად ჩაიცინა, გვერდულად, თანაგრძნობით, სიბრალულით, მაგრამ სიგარეტი გამოართვა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
  • შენს სტაფილოს ელოდები? - ყალბი მორიდებით იკითხა მძღოლმა.
  • არაა შენი საქმე! - მკვეთრად მოუჭრა თეომ.
  • ეეჰ! გულმავიწყი ქალი ხარ და სასტიკი! - ყალბი სევდით ამოიოხრა კაცმა.
  • შოფერი სადაა? ეს ტიპი სად წავიდა? რამდენ ხანს უნდა ვიდგეთ?! სიგარეტს აბოლებს სატრფოსთან ერთდ! - აყაყანდა მძღოლის საქციელით გაღიზიანებული ხალხი.
  • ხომ ხედავ შენი გულისთვის რას არ ვაკეთებ! - აღნიშნა კაცმა და ხელი აღშფოთებული მგზავრებისკენ გაიშვირა.
  • ყოველთვის მაგონებდი ზღაპრულ გმირს! 
  • მართლა? - ტიპმა თვალები მიბნიდა, და თეოს წინ დაუდგა, - რომანტიულ და ზღაპრულ გმირს?
  • ჰოო! ბურატინოს! მასავით ხისთავიანი ხარ! - ხელი კრა თეომ.
  • რატომ ბრაზობ, ძვირფასო? - ასევე ცრუ-გაკვირვებით იკითხა კაცმა და ავტობუსისკენ გაემართა.
  • მიდი - მიდი! 
  • შარშან უფრო საშინელი ცივი ქარი ქროდა, მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ, სულ არ მეშინოდა...  - წაიღიღინა მძღოლმა. 
თეოს მწარედ ჩაეცინა. კაცს მუსიკალური სმენა სრულებით არ ჰქონდა. 
  • წადი - წადი, სანამ ლამაზი ხარ! 
  • ლამაზიო? აი, ხომ ხედავ შენ თვითონ წამოგცდა! - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა თეოს, - ჩაო, ბამბინო! ჩემი გულის კარი შენთვის მუდმივად ღიაა! - მიაძახა, კარი დაკეტა და ავტობუსი ადგილიდან დაძრა.
  • დააწექი შენს გზას, შვილьო!
წვიმა წამოვიდა. ჯერ სეტყვამ დასცხო, მერე კი გამჭვირვალე წყლის ფარდად დაეკიდა... ბოლოს კი შეთხელდა და უფრო აცივდა. წვეთების მაგივრად  ციდან ყინულის ციცქნა ეკლები ჩამოცვივდა. თეომ ხელი შეუშვირა, ეკლები მსუბუქად კბენდნენ კანს… თან ისეთი წვრილები იყვნენ, რომ დაცემასაც ვერ ასწრებდნენ, სხეულის ტემპერატურას ვერ უძლებდნენ და ეგრევე ლღვებოდნენ. მალე ხელისგული მთლიანად დაუსველდა...
“წვიმის წვეთები - ხელისგულებზე/ ცისარტყელების სამყაროს ქმნიან.” - გაახსენდა თეოს დავიწყებული ლექსი და ისტერიული სიცილი აუვარდა. დიდხანს იცინოდა, ლამის ხარხარებდა. ამასობაში, მის წინ სტაფილოსფერი სატვირთო მანქანა გაჩერდა. კარი გაიღო. თეომ თითქოს ვერც კი შეამჩნია მანქანის მოსვლა, იდგა და იცინოდა. ხარხარებდა და ემოციებ მოძალებული, ფეხებსაც კი აბაკუნებდა.
  • გაიყინა კაბინა! არ ამოდიხარ შე დედამოLნულო?! - მიაძახა ჩაბნელებული მანქანის სალონიდან მამაკაცის გაღიზიანებულმა ბანმა.
თეომ სიცილი მკვეთრად შეყვიტა.
  • ამოვდივარ! - უპასუხა და  ფეხი მძიმედ შეადგა სალონში ასასვლელ საფეხურს. სანამ კარს მოკეტავდა, რაღაც გაახსენდა და გახედა იმ ადგილს სადაც იდგა. სისველისგან ყველაფერი ჩაშავებულიყო,  მშრალად მხოლოდ მისი ბოტების ნაფეხურებიღა მოჩანდნენ, მონაცრისფრო - მოთეთროდ. თუმცა ნელი, მაგრამ ხოშკაკალას თანაბარი რითმით ისინიც სველდებოდნენ, მუქდებოდნენ და ერწყმოდნენ ჩაბნელებულ გარემოს. ცრემლები ყელში მოებჯინა, მაგრამ თავი შეიკავა. ნერწყვი გადაყლაპა, კაცისკენ მძიმედ მიაბრუნა თავი და თითქოს გრდემლზე უროს ურტყამსო:
  • კიდე გაბედავ! კიდევ მეტყვი იმ სიბილწეს, რაც ეხლა იკადრე და ნახავ მერე ვინ იქნება დედამოLნული?! 
  • ეე, რა მოგდის! - გაუკვირდა კაცს.
  • გაიგე? - ტყვიასავით დაახალა ქალმა.
  • რამ გიკბინა?! ციოდა და მინდოდა დროზე ამოსულიყავი! - დაუყვავა კაცმა.
  • გ ა ი გ ე! - გადატენა იარაღი და კიდევ ერთხელ ესროლა თეომ, - გ ა ი გ ე!!!
  • კი- კი- კი... გავიგე. - უკან დაიხია კაცმა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
თეო ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა, უყურებდა მანქანის ფარებით ამონათებულ ცარიელ გზას. მერე მიბრუნდა, ლამის ზურგი აქცია კაცს. კაცმა რაღაც გაურკვეველი ჩაიბურტყუნა, მაგრამ არა შეურაცმყოფელი და დამამცირებელი, პირიქით სინაზითა და სიყვარულით გაჟღენთილი. თბილი, ინტიმური და სასურველი და ფაქიზად, მოწიწებით შეეხო ქალის შინდისფერ თმას... ისე როგორც ბედნიერი თაყვანისმცემლები ეხებიან თავის კერპს.
თეომ მიაორთქლა მინას და საჩვენებლით გამოიყვანა ერთადერთი სიტყვა :
  • ე.ლ.ე.გ.ა.ნ.ტ.უ.რ.ი. 
თეოს ბატიფეხური კალიგრაფია ჰქონდა.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge