გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინიკო მშვიდობაძე - ლექსები


სიკვდილისწინა იავნანა

ხელებში მაკვდება ნოემბერი...
სიკვდილისწინა „იავნანას“ ვღიღინებ
და ტანს ვაყოლებ გამოგონილ ჰანგებს...
დღის ყველა მონაკვეთი ისე შემზარავად ჰგავს ერთმანეთს...
დღეს აღარა აქვს დრო და ვერ ვხედავ განსხვავებას
გათენებასა და დაღამებას შორის.
ხელემბში მაკვდება ნოემბერი...
ხეები ჩემს თვალწინ შიშვლდებიან და შემზარავად მოჰგვანან
შვილმკვდარ დედებს,
ისე შემზარავად, თვალს ვარიდებ,
რომ აღარ დავინახო...
შვილი რომ მყოლოდა, იმ ასაკისა იქნებოდა, 
აგრესიას რომ ვერ მალავს და მთელ ჩემს თაობას დედას აგინებს,
გაურკვეველი მიზეზების გამო...
მაგრამ შვილი რომ მყოლოდა, სხვანაირად გავზრდიდი...
და მადლობა ღმერთს, რომ არ მყავს,
გადაუვლიდნენ...
მე კი ღია ჭრილობასავით მუდმივად მტკივა 
ჩემი სისხლისფერი სიყვარულის ხანმოკლე თავგადასავალი...
ადამიანის ტრაგედია უღმერთობიდან იწყება...
ხეები ზეზეულად შიშვლდებიან და ტრაგედიები არცკი ანაღვლებთ,
ეს მხოლოდ ჩემთვის ჰგავანან ისინი შვილმკვდარ დედებს და
ეს მსგავსება ისე შემზარავია, რომ თვალს ვარიდებ...
კვდება ნოემბერიც...
სიკვდილისწინა „იავნანას“ ვღიღინებ გამოგონილი ტექსტით
და გამოგონილი ჰანგებით და ტანს ვაყოლებ...
შვილი რომ მყოლოდა,
„იავნანა“ ეგებ მისთვის მემღერა, მაგრამ ახლა,
როცა ხეები მიკვდებიან,
როცა შემოდგომა მიკვდება,
როცა დღე უდროოა და 
განსხვავებას ვეღარ ვხედავ გათენებასა და დაღამებას შორის,
სიკვდილისწინა „იავნანას“ ვუმღერი ნოემბერს...
და დეკემბრისთვის ვიმზადებ სხეულს, 
რომ აღარ შემეშინდეს...


მგზავრი

პატარა ქალაქის პატარა ქუჩაა ჟორდანია,
ღამე -  ფერად თითქოს მტვერგაცლილი იზაბელა,
მგზავრი მარტოდმარტო -
ქარსა და მუსიკას აყოლილი...
დუმს და
ვიღაც შორეული ახლობელი ენატრება.
ჭადრებს შეპარვიათ ქარი გაზაფხულის,
მეტიჩარა...
მგზავრი ცეკვა-ცეკვით ქუჩას მიმოედო,
ფოთოლივით...
მთელმა გაზაფხულმა ისე უხმაუროდ ჩაიარა,
ისე უხმაუროდ...
ძველი მატარებლის ვაგონივით...
ახლა სარაფნების და ჭრელი ქოლგების დადგა დარი,
ქუჩას მიუყვება მგზავრი -
აყოლილი ქარის რიტმებს...
ღამე - მტვერგაცლილი იზაბელას ფერი არი,
ქუჩა - ისეთია ყველა სახელს მართლა ვერ მოირგებს...
ჰოდა, 
ქუჩა ჟორდანიას,
ღამე - იისფერში გადასული...
მგზავრი მარტოდმარტო,
ღიღინ-ღიღინ გზას რომ მიუყვება...
და ეს გაზაფხულიც -
ცხადიდან სიზმრებში გაპარული,
სასიზმრეთშიაც რომ მხოლოდ შენეულად გეგულება...
ქუჩა ჟორდანიას...
ღამე - იისფერში გადასული...


ოთხი მინიმა 

***
უძილო ღამეს შეგვაჩვია ჩვენ -
ბედისწერამ
და ღამეებზე, 
როგორც ჯვარზე, 
ისე ვევნებით...
სხვა რაღა გზა გვაქვს: 
გადავზომოთ მანძილები და
ჩვენს ცრემლიან სიყვარულზე 
ვწეროთ ლექსები...

***
ეს გაზაფხულიც უხმაუროდ,
ჩუმად დაიწყო...
მიყვარხარ-მეთქი -
კი ვიტყოდი,
ვინმე რომ იყოს...
არავინაა...
ფეხაკრეფით დადის მირკანი...
და რაკი არ ხარ,
ვერაფერიც ვეღარ გითხარი...

***
და როცა ახლოა გოლგოთა
და თვალებს ემჩნევათ დაღლა,
შენ მკითხავ მარტივად:
- როგორ ხარ?
მეც ისე გპასუხობ:
- კარგად...

***
მე ვამბობ:
გაკოცებ და მოგირჩენ სატკივარს...
შენ ხვდები:
შენ გამო მე რამდენს ავიტან...
შენ ამბობ:
მიყვარხარ ყველაზე უბრალოდ...
მე გსუნთქავ და ვფიქრობ:
მადლობა, უფალო...
მე ვიცი, 
რომ შენი უთქმელი სიტყვა ვარ...
და ახლა მეც ვამბობ:
უბრალოდ, მიყვარხარ!..


ავტოპორტრეტივით

ფეხებზე გამოვიბი მთელი გალაქტიკა...
შენი ლექსები შენ გგავსო - 
აბა, ვის უნდა ჰგავდნენ?!
გაკვირვების ღიმილაკს დავწერდი, მაგრამ რა აზრი აქვს?
სიარული მიჭირს და ხელებს ფრთებად ვიშველიებ,
რომ ვიფრინო მაინც...
ასე ხომ გაცილებით იოლია:
ფეხებზე მიბმული გალაქტიკით თავად გალაქტიკას რომ შემოვუფრინო.
რა უბედურებაა ამდენი უვიცობა...
მიცვალებულებს არ აზიარებენ!
ნეტავი სხვაგანაც ასე სულელურად საუბრობენ 
ვითომ წიგნიერი ადამიანები?
არადა, კითხვები, რომლებზედაც პასუხი არ გაქვს,
შენთვის საშიშრად ემსგავსებიან სუიციდით შეპყრობილებს...
არა, მაინც ვის უნდა ჰგავდნენ ჩემი ლექსები,
თუ არა მე...
და კიდევ კარგი, რომ მგვანან...
გამოგონილი შედარებებით როგორ ვიცხოვრო?
გამოგონილი და უადგილო მეტაფორებით,
ზუსტად ხვდები, მათი რომ არაა,
სხვამ რომ დაუწერა,
ან სხვისი რომ მიითვისეს...
არა, შეიძლება ასეთ მითვისებულ ცხოვრებასაც დაუკრას ტაში ვინმემ,
მაგრამ შენ ხომ იცი, რომ ეს
„ჩამოწველილი ღამეები და ყველივით ამოყვანილი დღეები“ 
მათი არაა...
ნაქურდალი კი დღე და ღამე კი არა,
წუთიც არ მინდა მქონდეს...
ჰო, მე მგვანან ჩემი ლექსები...
ისეთივე ფორიაქები არიან, როგორც მე და
ისეთივე ზარმაცები, როგორც მათი ავტორი...
სამაგიეროდ, პოეტი მაინც არ ვარ და არცერთ რეგალიას ვეკიდები...
რა ჭირად მინდა...
იმაზე დიდი რა უნდა იყოს, ვიდრე გიყვარდეს...
დიახ, არა უყვარდე, არამედ გიყ-ვარ-დეს!!!
ცხადია, სიყვარულის ნამდვილი გაგებით და არა ისე,
ზოგიერთს სექსი რომ სიყვარულში ერევ-ეშლება!!!
ფეხებზე გამოვიბი მთელი გალაქტიკა...
ხელები ფრთებად ვაქციე და
სიარული რომ მიჭირს,
სწორედ ამიტომ დავფირნავ...
ახლა მოუხმეთ თქვენს აღმატებულ ფანტაზიას და წარმოიდგინეთ:
ასაკთან შეუსაბამოდ გამხდარი ქალი, ფეხებზეგალაქტიკით და ხელებად - ფრთებით...
და თუ ღიღინიც ჩამოგესმათ ან ზარივით სიცილი,
იცოდეთ, მე ვარ და არ შეშინდეთ!!!
ჩემი ლექსები სხვას როგორ დაემსგავსებიან:
მათაც ფეხებზე გამოიბეს მთელი გალაქტიკა!!!


ჩემი აღსარება

გადამიმტვრია ბედისწერამ სხეული ასჯერ...
ხმაური ყელში ისე მიჭერს, 
დავიხრჩო ლამის...
რა პატარაა უკვირტებოდ შემკრთალი სივრცე,
რა თავხედია უშენობით დაღლილი ქარი...
ყინვამ მზერიდან ამომიშრო ყველა ყვავილი,
თვალები ისე დამესუსხა, თავადაც ვშიშობ...
გზებისგან ასე, უსაშველო დაღლითდაღლილი
მგზავრი ვარ, მაგრამ გაჩერებას მაინც არ ვფიქრობ...
ხმა რაა, ბგერაც არ ამომდის ყელიდან ახლა...
გამშრალ ძუძუდან ტკივილები დამდინდა ხსენად...
შენ წახვალ, ვიცი, 
იგიც წავა,
და მეც ხომ წავალ,
მზერადამშრალი, თვალზამთარა, უჩვილო დედა...
გადამიმტვრია ბედისწერამ სხეული ასჯერ...
მგზავრი ვარ ერთი, უსაშველო დაღლითდაღლილი...
სიჩუმე ჩემი ზეცას მეცხრე კარამდე გახევს,
დამზრალ ყელიდან სისხლის ნაცვლად წამსკდა ხავილი...
უარტახებო აკვანს ვარწევ, სიჩუმის ერთა,
ჩემი მკლავები შემოვხვიე აკვანს არტახად...
და ცარცის წრეში ვდგავარ ახლა - უჩვილო დედა,
რომ ჩემი წილი სიყვარული ვერვინ წამართვას...
ჰო, თავხედია, უშენობით დაღლილი ქარი,
ჰო, პატარაა უკვირტებოდ შემკრთალი სივრცეც...
ვარ გზებისაგან გადაღლილი ყარიბი მგზავრი
და შენც, გადაღლილს,
ამომშრალი თვალებით გიმზერ...


ქვრივის იავნანა
(შინდისის გმირებს)

მე ვერ გიმღერებ...
დიდიხანია, რაც ვეღარ ვმღერი...
წაგიღიღინებ აი, ამგვარად:
"ეს აკვანი ლებანოზის,
შიგა მწოლი ანგელოზი" 
და დაგაჯერებ, რომ შენ 
მართლა ანგელოზი ხარ...
და მამაშენი, 
თავისი ხის სუნიანი ხელებით 
ამ აკვანს რომ თლიდა,
სწორედ იმაზე ფიქრობდა,
მისი ბიჭი ანგელოზს 
როგორ მიაგავდა 
დიდი, 
უძიროდ ლურჯი თვალებით...
მე კი, 
საფენებში უხერხულად გახვეული აკვანში რომ ჩაგაწვინე,
არტახები ვერ შემოგკადრე...
რა ვაჟკაცის საქმეა არტახები...
მე ვერ გიმღერებ...
შემიძლია წაგიღიღინო:
"ეს აკვანი ბჟოლისაო,
შიგა მწოლი ბროლისაო" 
და მოგიყვე, 
როგორ თლიდა მამაშენი
ბჟოლისგან აკვანს...
როგორ ეფერებოდა და დაჰღიღინებდა თან;
მოგიყვე, როგორ ეღიმებოდა, როცა
ჩუქურთმები გამოჰყავდა...
არ დაიჯერო, რომ დედებს 
სიმღერა შეუძლიათ...
მე ვერ გიმღერებ,
დიდი ხანია, 
რაც სიმღერას გადავეჩვიე...
მე მხოლოდ ვიღიღინო შემიძლია
აი, ამგვარად:
"ეს აკვანი ხარატული,
შიგა მწოლი ჩახატული"...
და გიამბო ამბავი მამაშენზე,
რომელსაც თავისი დაკოჟრილი ხელებით,
რუდუნებით გამოჰყავდა ყველა ჩუქურთმა...
და თავთან ახლა არწივი გიზის;
გვერდებზე - ლომი,
ხოლო ფეხებთან - 
შვლის ნუკრიც კი წამოწოლილა...
მე ვერ გიმღერებ...
დიდი ხანია, გადავეჩვიე...
მამაშენი შინდისში დარჩა,
თან სამუდამოდ...


ვერ მიგატოვებ

დღეს მე შვილი მომიკვდა...
მერე რა, რომ არ გამიჩენია,
არ გამიზრდია,
არ მიზრუნია,
დღეს მე მაინც შვილი მომიკვდა...
სკოლიდან მომავალს
ჩემალერსდანატრებული ხელები 
მოტეხილი ფრთებივით დაეკიდა;
ჩემთვალებდავიწყებული თვალებით 
სამუდამოდ მიაშტერდა ზეცას და 
ვეღარაფერი დაინახა...
უკანასკნელ ამოსუნთქვას სიტყვა
"დედა" ამოაყოლა და: 
გათავდა...
დასრულდა...
ჩემი გამოტოვებული შვილი 
დასრულდა...
ჰო, გამოტოვებული...
რადგან წავედი და
მისი შეყვარება გამოვტოვე;
მისი დაკაცება გამოვტოვე;
მისი პირველი ცრემლი გამოვტოვე...
მე შვილი გამოვტოვე...
წავედი, რომ არ მოშიებოდა;
წავედი, რომ არ შესციებოდა...
სკოლიდან დაბრუნებული და მოშიებული დასრულდა;
სამუდამოდ გამიცივდა მაინც...
დღეს მე შვილი მომიკვდა...
ჩემი წილი მზე დაბნელდა და
ჩემი წილი ცა ჩამოიქცა...
არ დამიბადია,
არ მიზრუნია,
არ გამიზრდია...
მაინც შვილი იყო ჩემი,
ჩემი სისხლი და ჩემი ხორცი,
კაცობისთვის შემზადებული და
ვერ დაკაცებული...
ვეღარ წავა ერთი კაცი გზაზე...
ვეღარ დაკაცდა და გზამაც
სხვაგან გაუხვია - 
უამკაცოდ, 
ან უფრო მეტად: 
დაუკაცებელი ამ ბიჭის გარეშე...
მიწა მეჭამა და თვალწინ მყოლოდა;
ხორცი მომეგლიჯა და არ მოვშორებოდი;
სისხლი გამეღო და მასთან ვყოფილიყავი...
ჩემმოფერებადანატრებული ხელები 
მოტეხილი ფრთებივით ჩამოყარა;
ჩემთვალებმოწყურებული თვალები სამუდამოდ გაუშტერა ზეცას;
უკანასკნელ ამოსუნთქვას სიტყვა "დედა" ამოაყოლა 
და მე ვერ გავიგონე.
დღეს მე შვილი მომიკვდა...
არ მოშივდეს მეთქი და წავედი;
არ შესცივდეს მეთქი და წავედი;
მოშიებული დამისრულდა;
სამუდამოდ გამიცივდა...
ბებო კი ელოდა...
რა მოვუხერხო მოფერების ვერახდენილ სურვილს;
ჩახუტების აუსრულებელ ოცნებას;
რა ვუყო თვალებს, მისი დანახვა რომ სურთ...
დღეს მე შვილი მომიკვდა...
დღეს მეც მოვკვდი...


ლოცვა სკვნილზე

და უშენობა, როგორც სასჯელი,
ისე მიშანთავს სულს,
მეშინია...
ჩვილია სიტყვა,
ჩვილი არის შენი სახელიც...
ფერი აქვს სივრცეს 
რძისფერი და 
ოდნავ მონისლო...
ყიფლიბანდივით ფაქიზია 
შენი სახელი...
დამარცვლით ვამბობ,
ისე, თითქოს სკვნილზე ვლოცულობ:
შემიწყალე,
შემიწყალე,
შემიწყალე...
უფრო სწორად კი:
შემიყვარე,
შემიყვარე,
შემიყვარე,
თუმცა კი ვიცი,
რომ გიყვარვარ,
გიყვარვარ ძლიერ...
ვლოცულობ მაინც,
ლოცვასავით ვამბობ შენ სახელს...
ღმერთმა ხომ იცის,
ხომ ისედაც, უთქმელად იცის,
როგორ ვევნეთ,
როგორ ვეწამეთ,
თევზის ფხასავით
როგორ დაგვადგა ყელზე
ჩვენ-ჩვენი მარტოობა და
მიტოვებაც,
ჩვენ-ჩვენი უკან ჩაბრუნებული ცრემლიც,
ღრიალიც...
ვდგავართ ახლა და 
ერთმანეთის ძლივს მპოვნელები
სულს ვუბერავთ ერთმანეთის
თვალებს, 
ღიმილებს...
ჩვენ ერთმანეთი მაშინ გვყავდა,
ერთმანეთი რომ არც ვიცოდით...
და ახლა, როცა
შენ კი არა
და მე კი არა,
ჩვენ მარტივად და უცებ:
გავ-ჩვენ-დით,
საკუთარი თავიც ვიპოვეთ - 
ორომტრიალში დაკარგული
ჩვენი თავი,
ჩვენი სიმღერაც
და ჩვილი სიტყვა,
სიტყვასავით ჩვილი სახელიც - 
შენი სახელი - 
ყიფლიბანდის სუნი რომ აქვს...
ჩამომიმარცვლე სიყვარული
ხელისგულებზე,
ჩამომიმარცვლე სიყვარული,
თითქოს სკვნილია და
მოდი, მერე, 
ერთად ვილოცოთ:
ღმერთო, დაიფარე...
ღმერთო, დაგვიფარე...
ღმერთო, შეგვიწყალე სიყვარული...
ჩვილია სიტყვა...
ჩვილი არის შენი სახელიც,
მე რომ ძილის წინ 
წარმოვთქვამ ჩუმად...


LA CAPRICE ფრანგული არომატით
(ფრანკომანის დღიურიდან)

არომატი აქვს საღამოს -
კალვადოსის...
როგორ მენატრები,
რომ იცოდე -
მოხვიდოდი...
ფერია მარტინის -
SHABO ROUSE-ის...
მე მხოლოდ გელოდი...
სხვა აბა, რა ვიცი...
და გზებზე დაქცეული თვალებით 
გავყურებ
შარას და შუკას და შესახვევს...
წუხელ კესანები დავისიზმრე,
რომ სასიზმრეთში მენახე...
რძისფერი ნისლია და ვსვამ მარტინის...
სიდრი ზედმეტად მეტკბილება...
შენი სიყვარული არაა ადვილი...
გადაყვარება კი - მეძნელება...
CHATEAU BORDEAUX -ში დავისვენებთ -
ვოცნებობ,
განა მეკრძალება...
LA TACHE-ს არომატით გაჯერებულ 
ჰაერს ვისუნთქავ და
გეკრძალები...
და ხალები...
ამარტისფერები -
მინდა გამოძერწო მაგ ხელებით...
ვსვამდეთ ბორდოს და ვისრუტავდე
შენს უჩვეულო მოფერებას...
გზებზე დაქცეული თვალებით გავყურებ
შუკებს კი არადა, ავენიუს...
ვწევართ და შენი ხელები მაქვს სასთუმლად...
ჭორები? სულ იქნება -
AVEC NOUS.
დღეს დღეა - 
ფრანგული კაპრიზების,
ვისიზმრებ კესანებს და თითქოს:
მე-
ფერ-ები,
ანუ ერთმანეთის ფერებში გადავდივართ,
ჩემო სინიორო...
არომატი დაკრავს ჩვენს კოცნებს -
კალვადოსის,
მინდა თვალებში მიყურებდე...
საღამო -
ფრანგული კაპრიზების...
ვუსმენდეთ გასიონს და 
ვივსებოდეთ -
ერთმანეთით...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge