ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გიზო თავაძე - „ტანო ტატანო“ ანუ აკრძალული სიყვარულის ამბავი
ზარზმელიძეების ოჯახს ხშირად ვსტუმრობდი. ოჯახის თავი, იოვანე ზარზმელიძე გულაგგამოვლილი გახლდათ, რომელზედაც დეიდა ანეტა (ცოლი იოვანესი) იტყოდა ხოლმე: „მკვდრეთით მობრუნებულიო!..“ თავიდან კი მიკვირდა ამგვარად მოხსენიება ბეჭებგანიერი კაცისა, ვიდრე თანაკლასელმა კარლომ საიდუმლოდ არ მიამბო მისი თავგადასავალი, რის შემდეგაც ძია იოვანე მითიური გმირი გახდა მეშვიდეკლასელი ბიჭისთვის. მამის ბიბლიოთეკაში ფეხაკრეფით შევდიოდით მე და კარლო. ზოგჯერ წიგნებსაც,– უფრორე ისტორიულ ამბებს,– გვირჩევდა, რადგან, თავადაც ისტორიკოსი გახლდათ.დეიდა ანეტა (ჯაყელების დიდებული გვარისა), ბარე ოცი წლით უმცროსი იყო მეუღლეზე (მეზობლების აზრით ოცდახუთით!..) თანაც იოვანე ზარზმელიძის ნასტუდენტარი გახლდათ. „მესამეკურსელებს ჩაგვიტარა ლექცია და როცა ჩემი გვარი გაიგო, სადაურობა მკითხა. მეც მაქედან ვარო, გამიღიმა და ხელი ჩამომართვა”, – იხსენებს დეიდა ანეტა. „მასზე ლეგენდებს ყვებოდნენ სტუდენტები და შემიყვარდაო!..“მერვეკლასელები ვიყავით ძია იოვანე რომ გარდაიცვალა. მთელი ქალაქი მოვიდა გამოსათხოვებლად, მათ შორის საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლებიც (ეს მამამ თქვა სახლში), რადგან ბევრი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი მოგროვდა სამგლოვიარო პროცესიაზე (ზარზმელიძეთა გვარი ანტიკომუნისტებად იყო მონათლული, მამა და ბიძა იოვანე ზარზმელიძისა 1924 წელს დახვრიტეს ბოლშევიკებმა და ეს ამბავიც იმ დღეს გავიგე კარლოსგან).
სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წლით დავშორდი კარლოს და მის ოჯახს, რადგან სამხედრო სამსახურში გამიწვიეს. ჯერ პეტრე დიდის (ბიოლოგიურად ბაგრატიონის) აშენებულ ქალაქში (ლენინგრადი რატომ ერქვა, ვერ გამიგია?!) ვიმსახურე, იქედან კი შუაგულ ციმბირში ამომაყოფინეს თავი, საიდანაც დედაჩემს და კარლოს,– რომელიც უკვე სტუდენტი იყო,– ვწერდი: „აქ, რომ თენდება, არ ღამდება, ზაფხულშიც ცივა და ჩემზე დიდი კოღოები დაფრინავენ!.. ძია იოვანეს ნაფეხურებიც ჩანს აქა-იქ...“
რადგან ბავშვობაში ფერადი კენჭებით (დომინოსაც ვიყენებდი) სახლების აგება მიყვარდა, არსაკიძის გზას მივყევი, არქიტექტურული ფაკულტეტი ავირჩიე და ვან დერ როე, ფრენკ რაიტი, ლე კორბუზიე ვზუთხე, თუმც ანტონიო გაუდი ყველას მერჩივნა.
დიპლომის აღება და ქვეყნის ნგრევა ერთდროულად მოხდა. რომ მეგონა სასახლეებს, სტადიონებს, გალერეებს ავაშენებდი, იმ დროს დავრჩი უსამსახუროდ, თუმც ერთი პროექტის დასრულება მოვასწარი და დღემდე მიხარია იმ სპორტული სკოლის წინ გავლა (ზოგჯერ მანქანასაც კი ვაჩერებ და თვალით ვეალერსები).
კარლოს მეჯვარე და შვილის ნათლია (ქორწილის და ნათლობის სუფრა შიგაწვის ძრავით ნათდებოდა) ტოტალური უმუშევრობის ჟამს გავხდი. მალე თავადაც დავქორწინდი და სამი ვაჟითაც (ტყუპებს, იოვანეს და ლუკას, ორ წელიწადში მათე შეემატა) გავაძლიერე კაცობრიობა. მოგვიანებით მელანია გაჩნდა და დავრჩით მარკოზის გარეშე. მეგობრებთან ერთად კერძო არქიტექტურული ბიურო დავაარსე და მუსიკოს მეუღლესთან ერთად მივაჭრიალებ წუთისოფლის ბორბალს.
ეგაა რომ, დაუჯერებელი და ამოუხსნელი ამბები ყოველთვის ხდებოდა და ხდება ჩემს თავს.
თუკი რაიმე ღირებული და კარგი წიგნი წამიკითხავს, უმეტესი, ძია იოვანეს (თუმცა დღეს კარლოსია) ბიბლიოთეკიდან წამომიღია. ბოლოს ეს შინდისფერი წიგნიც „ებრაელი ხალხის ისტორია,“ სქელტანიანი, თან ძველისძველი გამოცემა, იქედან წამოვიღე. ვკითხულობ და ვუბრუნდები, თავიდან ვკითხულობ, უამრავ (რომ მეგონა ვიცოდი) ისტორიულ ფაქტს ვიგებ, ვაზუსტებ, ვიხსენებ; აქვეა მსოფლიოში სახელგასმენილი მეცნიერები, გამომგონებლები, მუსიკოსები, ნობელიანტები და კითხვის დროს ზოგჯერ ფეხზე წამოვდგები (უნებლიედაც...) მოწიწებით, პატივისცემის ნიშნად, ჯერომ სელინჯერი, ჩემი საყვარელი მწერალი, „ჭერი ასწიეთ დურგლებომეთქი” მინდა ვიყვირო, „ბანანათევზის ამინდში”... ესეც ამ ერის შვილია, დიდი მოჭადრაკე მორფი (მოჭადრაკეებს ნუ ჩამომათვლევინებთ, თორე...) ბევრი სხვაც, დიიდი და დიიდებული, ჰოდა, კარლოს ვუყვები ამ წიგნზე; რუსუდანი (მეუღლე კარლოსი) ბავშვებს და მოხუც დედამთილს კარტოფილიან ღვეზელებს უმზადებს, ცალი თვალი (ყურიც) ჩვენკენ აქვს, რადგან კარლო ცოტა ფხუკიანია და კონიაკზე (ამბობს მაჩუქესო) თუ დასაყოლებელი შემოგვაკლდა, აიფოფრება; ეს კი, მეუღლეზე უკეთ ვინ იცის?
– ბიჭებო, ეს გასინჯეთ, ფორთოხლის წვენია, ცივი! – მაღალ ჭიქებს გვიდგამს წინ, – ისე, რომ იცოდეთ, ბავშვობა ებრაელთა უბანში მაქვს გატარებული.
– მართლა, დაგენაცვლე!.. – – უღიმის კარლო.
– საოცარი ხალხია! – ვამბობ მე და...
კარზე კაკუნი და ზარის ხმა ერთდროულად ისმის.
– ღიაა! – წამოიზლაზნა კარლო, ვიდრე რუსუდანი ცხიმიან ხელებს გაისუფთავებდა.
– მოდი შაგანე, მოდი!
ოთახში შავტუხა, შავთმიანი (ეშხიანი), ახალგაზრდა ქალი შემოვიდა, თავი თავაზიანად დაგვიკრა და ქალბატონები გადაკოცნა.
– კარლო, თქვენს სტუმარს მართლა შაგანე ჰქვია თუ მე გავიგონე აგრე?
– ნაღდად შაგანეა, ბერო.– გადაიკისკისა რუსუდანმა.
წამოვდექი, ორი სირჩა შევავსე, სტუმარს მივეახლე, სირჩა გავუწოდე და თავი მდაბლად დავუკარი, – სერგეი ესენინი!..
– შენი გამოსწორება არ იქნება! – დასვა წერტილი კარლომ.
მე კი ესენინის შედევრი (შაგანესადმი მიძღვნილი), სხაპასხუპით ჩავიკითხე.
შაგანემ ხელი გამომიწოდა (ვისარგებლე და ვეამბორე!..) თან ერთი სტროფი შემისწორა (რაც უყოყმანოდ ვაღიარე).
– დეიდა ანეტა, ის შაგანე აზერბაიჯანელი იყო მგონი?!
– კი შვილო, ეგრეა, ჩვენი შაგანე კი ებრაელია!..
ფეხზე წამოვიჭერ, თითქოს მაღალმა ძაბვამ გამიარა მთელ სხეულში (მეტი რაღაა მეხის დაცემა), სათქმელს თავი ვერ მოვაბი, გავიარ-გამოვიარე ოთახში, ჰოლში გამოვედი, სიგარეტს მოვუკიდე, ორი ნაფაზი და ისევ ოთახში შევბრუნდი.
– შაგანე ვინ დაგარქვა?
– ბებიამ (წამოწითლდა), ესენინს იცნობდა, მისი ლექსებიც ზეპირად იცოდა.
ისევ შევავსე სირჩები (შაგანეს სანახევროდ დაელია წეღან მიწოდებული სასმისი), ყელი ჩავიწმინდე და რიხიანად დავიწყე: „სერგეი ესენინი რუსების დიდი პოეტი გახლდათ, ის გაიმეტეს და მოკლეს, მან ლექსი მიუძღვნა ქართველ პოეტებს, მეგობრებს, ამ სადღეგრძელოთი „ცისფერყანწელების” და ესენინის მეგობრობა დავლოცოთ, პოეზია დავლოცოთ!..“
კარლომ ალმაცერად გადმომხედა. დეიდა ანეტამ კონიაკი მოითხოვა.
– მე ხომ მომიღო ბოლო და დედაჩემსაც გამილოთებს!– წაიტირა კარლომ (აშკარად ყალბად).
– ბერო (არადა ბერდია მქვია), შაგანე და მისი ოჯახი, სულ ორი თვეა, რაც ჩვენს მეზობლად დასახლდნენ, შონიები თბილისში გადავიდნენ და იმათი სახლი იყიდეს, ქმარი ცნობილი გეოლოგია, თავად კი სტომატოლოგი...
– ანუ დანტისტი, არა?
– კი ბატონო! – დამიკრა თავი და კონიაკი მოწრუპა.
– ოო, დიდ დანტისტს, აურელიანო სქელის (გასუქებამდე), გარე ბიძაშვილს, ლევან კაკაბაძეს, ანუ დიდ სეს ხომ არ იცნობთ შემთხვევით? – გავიკრიფე ენად.
– ბატონ ლევანს ვინ არ იცნობს!..
აბა ჩემს თავსაც გაგაცნობთ მშვენიერო შაგანე (და შენც ჩემო მკითხველო), მე გახლავართ თავადი ბერდია მიქელაძე (მოწოდებით ბოჰემისტი და კონიაკს,– თუნდაც, ნაღდად ნაპოლეონ ბონაპარტეს ჩამოსხმული იყოს,– მაინც ცოლიკაური მირჩევნია!..)
სასმელი თანდათან მძლავრობდა, რაც პირდაპირპროპორციულად ვლინდებოდა ჩემს ზეპირმეტყველებაში, ხან სარაზე ვსაუბრობდი (გაუჩერებლად), ხანაც ივდითზე. მისმენდნენ კიდეც, რადგან ყურებიც ჰქონდათ და ზრდილობაც (აქვე აღვნიშნავ ბავშვთ მთვლემარობას, რომელთა წამებას დედამ ვეღარ გაუძლო და დასაძინებლად გაიყვანა).
ცოტა ხანში შაგანეც დაგვემშვიდობა (შევატყვე, წასვლა ეძნელებოდა) და სხეულის მოხდენილი რხევით გავიდა ოთახიდან.
– ალბათ პატარა გოგო მიათხოვეს თავმოტვლეპილ შალვას, თორემ იმ ხნის კაცს (დეიდა ანეტას თუ ასაკში სხვაობა ანცვიფრებდა?!) ნებით რავა გაყვებოდა!..
შალვა თვალით არ მენახა, მაგრამ შაგანე მართლაც მარწყვივით გოგო იყო (ჩვენში აგრე იტყვიან).
ერთიც დავილოცე და საკმაოდ შუბლგახურებულმა ხმაურით დავტოვე ზარზმელიძეთა სახლი.
ეზოს გვერდით ორსართულიანი (ამბობდნენ გერმანელი ტყვეების აშენებულიაო), აგურის საერთო საცხოვრებელი იდგა და როცა იქით გადაგვივარდებოდა ბურთი, ჩვენი გასაჭირიც მაშინ იწყებოდა. საერთო საცხოვრებელში (სხვა ათ თუ თორმეტ ოჯახთან ერთად) ცხოვრობდა რუსი ბერიკაცი (შეიძლება არც იყო რუსი?) რომელიც დღენიადაგ მთვრალი დაიარებოდა და რუსულ-ქართულად იგინებოდა. რატომღაც, საერთო საცხოვრებლის ეზოში ჩავარდნილი ბურთი, მაინცდამაინც საშკას (ასე ეძახდნენ) ხელში აღმოჩნდებოდა და მიდიოდა ვაჭრობა: „ესლი მიაჩ ხატიტე, დაიტე მნე პოლიტრუ, ვაშუ მატ!..“ ბევრი კი არ ღირდა „რუსკაია ვოდკა”, მაგრამ ბავშვებისთვის მაინც ძნელი იყო მისი შეძენა, რადგან ბურთი არცთუიშვიათად გვივარდებოდა ლოთბაზარა საშკას ეზოში. ზოგჯერ (კარგ ხასიათზე მყოფი) ლუდზეც გვთანხმდებოდა და არც გვაგინებდა. თუ ეზოში ბატონ იოვანეს, ან ბატონ მიტუშას (რეზოს მამას) დაინახავდა, ყოველგვარი ძღვენის გარეშე გვიბრუნებდა ბურთს, თუ არადა უმოწყალოდ გვხარკავდა (მგონი მონღოლი იყო საშკა). ერთხელ ვერ შევაგროვეთ საარყე ფული და ბურთი დაგვიჭრა. მოკლედ მუდამ გვქონდა გადადებული ხურდა ფული მობურთავეებს, ბურთის გამოსახსნელად.
იმ დღეს, ყველას ერთდროულად დაგვემართა ფეხის გამრუდება, რამდენჯერაც დავარტყით ბურთი, იმდენჯერ დადარაჯებულმა საშკამ დაიჭირა საერთო საცხოვრებლის ეზოში.. ხუთჯერ მოგვიხდა ტანჯული ბურთის გამოხსნა საშკა სულთამხუთავისგან, რომელიც სულგრძელად გვმოძღვრავდა: „ხვატიტ რებიატა, ზავტრა პრადალჟიტე, ვაშუ მატ!..“ ორი ბოთლი არაყი და სამი ბოთლი ლუდი ვაახლეთ საშკა ყაენს და მოხდა მოსახდენი... სკოლიდან ვბრუნდებოდით, როცა სირენების გაბმული ხმაურით სახანძრო მანქანებმა ჩაგვიქროლეს და მიუშვეს ქაფიანი წყალი გერმანელთა ნაშენებ საერთო საცხოვრებელს. სამწუხაროდ საშკა საკუთარ ოთახში ჩაიფერფლა. მერე, მთელი თხუთმეტი, (იქნებ მეტი) წელი იდგა დამწვარი საერთო საცხოვრებლის ჩაშავებული აგურის კედლები ზარზმელიძე-შონიების სახლების გვერდით.
და ერთ მშვენიერ დღეს, ეს ტერიტორია კერძო ინვესტორმა შეიძინა აუქციონზე. სულ მალე იქაურობას უზარმაზარი ამწეები მიადგნენ და ერთ კვირაში აგურის ნატეხიც კი არ დატოვეს.
ხომ ვამბობ (დაიჯერებთ თუ არა, თქვენი საქმეა), ამოუხსნელი ამბები და თავგადასავლები მუდამ დამდევსმეთქი, ჰოდა, ოთხსართულიანი სასტუმროს დასაპროექტებლად (არქიტექტორად) რომ მიმიწვიეს, თავი სიზმარში მეგონა, ხოლო კარლოს, დღემდე ჰგონია, რომ „ჩავაწყვე!..“ მიუხედავად ამისა, როცა აზომვებს და ტერიტორიის შესწავლას ვაწარმოებდი, ჩემ გვერდით იდგა, სადილადაც მასთან შევდიოდი, რადგან შაბათ-კვირას თავადაც სახლში იჯდა და ევროპულ საფეხბურთო მიმოხილვებს უყურებდა.
მესამე დღეს, შონიების ეზოდან კაფანდარა, ავადმყოფური შესახედაობის კაცი გამოვიდა და გეზი ჩემკენ აიღო.
– ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ კარლოს ახლობელი ბრძანდებით, ამიტომ გავკადნიერდები და გკითხავთ, აქ რა უნდა აშენდეს?
ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ასეთი უსახური კაცის წარმოდგენას შაგანეს გვერდით,– ვერა! ამიტომ კითხვა უკანვე დავუბრუნე.
– ვის ვესაუბრები, ბატონო ჩემო?
– დამსახურებული გეოლოგი შალვა წიწუაშვილი გახლავართ, ამ სახლის პატრონი. – ხელი სახლისკენ გაიშვირა.
ადამიანის შესახედაობას არასდროს მიაქციოთ ყურადღება, ვინ იცის, თქვენს წინაშე ვინ დგას! – ვმოძღვრავ საკუთარ შვილებს დღენიადაგ და ამჟამადაც ამ ფიქრმა გამიყოლია, საიდანაც შაგანეს უეცარმა გამოჩენამ გამომაბრუნა...
– გამარჯობათ ბატონო ბერდია, ეს ჩემი მეუღლეა, რუსიკომ გვითხრა თქვენ რომ აშენებთ აქაურობას...
– აშენების რა მოგახსენოთ, მაგრამ არქიტექტურა ჩემეული იქნება.
– ჰოდა, თუ საიდუმლო არ არის, გვითხარით, რა შენდება აქ, ჩვენს ეზოსა და სახლს ხომ არ დაჩრდილავს?
– ოთხსართულიანი სასტუმრო შენდება ბატონო შალვა (რატომღაც მას მივმართე), რაც, თქვენს წილ მზეს ვერ წაგართმევთ.
– გეოლოგიური დასკვნა გაქვთ? – ალმაცერად მკითხა ჩია კაცმა და მეუღლეს ამაყად გადახედა.
– ყველანაირი დასკვნა, ყოველგვარი ხელშეკრულება მზადაა და მშენებლობასაც რამდენიმე დღეში შევუდგებით.
ცოლ-ქმარი თავაზიანად დამემშვიდობა.
სწორია დეიდა ანეტა, ალბათ რაიმე გარიგება შედგა, თორემ... სად შაგანე და სად ეს კაცი, მამად რომ შეჰფერის საკუთარ ცოლს, რომელიც ისეთი მიხრა-მოხრით და მიმოქნევით დაიარება, მეცხრეკლასელ გოგონას უფრო ჰგავს, ვიდრე ორი შვილის დედას. პატარები ეზოში გაკიდულ ჰამაკში ნებივრობდნენ, ზოგჯერ ონკანთან წუწაობდნენ და კისკისებდნენ. ნეტავ, რატომ არ მიდიან ისრაელში, სადაც ცხოვრების დონე უკეთესია, მთელი სანათესაო იქ ეყოლებათ (ქალაქში თითზე ჩამოსათვლელი ოჯახები დარჩნენ). ამ ფიქრებიდან ისევ შალვას ხმამ გამომაფხიზლა: „იქნებ სადილზე ჩვენთან შემობრძანდეთ, შაგანე ხაჭაპურებს აცხობს.“ შალვას მიწვევისათვის მადლობა მოვახსენე, თან შევპირდი, რომ სხვა დროს აუცილებლად შევუვლიდი მათ და ოფისისაკენ გავუყევი. „ალბათ შაგანემ გამოაგზავნა მეუღლე ჩემს მისაპატიჟებლად, აბა შალვა რისი დამპატიჟებელია!..“ – ვფიქრობდი გზაში.
მუდამ კარლოსთან (ან კარლო იყო ჩემთან) დავდიოდი, მაგრამ ბოლო ხანს, ლამის კაკლების ქუჩაზე გადავსახლდი. სასტუმროს მშენებლობაც ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა (მეორე სართული მთავრდებოდა). საღამოობით ან ლუდს ვწრუპავდით, ან ჩაციებულ „ატენურს” (ქართლში დააწურინა კარლომ ახლობლებს). შაგანემაც მოუხშირა ზარზმელიძეებთან სტუმრობას. როგორც კი ჩემს მანქანას კარლოს ჭიშკართან დაინახავდა, ათიოდ წუთში კარზე მისი ხმა ისმოდა. იხუმრა ამაზედ დეიდა ანეტამ: „ბეროს შემოსვლა და შაგანეს მოფრენა ერთი და იგივეაო!..“ იქნებ მეჩვენებოდა, მაგრამ მეც ეგრე ვფიქრობდი. შვილებს, უმეტესად თავის დასთან ტოვებდა, რომელსაც საკუთარი შვილები (გათხოვილი კი ბრძანდებოდა) ჯერ არ ჰყავდა. შალვა კი, მუდამ მივლინებაში (ზოგჯერ თვეობით) იმყოფებოდა. ძალიან მალე დავმეგობრდით. ერთხელ რუსიკოსთან ერთად ჩაიზე გადაგვიპატიჟა. სახლი სულ სხვანაირად მოერთოთ (რეზოს მშობლებს უბრალო ავეჯი ედგათ), იტალიური ტახტებით და მაგიდებით. „აქეთ ბავშვების ოთახია, იქით ჩემი საძინებელი, ეს კი, ჩემი წინაპრის კარადაა, ონიდან ჩამოვიტანეთ, აქ მამაჩემის ბიბლიოთეკაა.“
მერე ჩაის ვსვამდით და სიგარეტს ვაბოლებდით (ვიდრე მოუკიდებდა, ბოდიში მომიხადა). რატომღაც არ ველოდი, სიგარეტს თუ ეწეოდა (ბავშვივით წკრიალა ხმა ჰქონდა).
– დიდი ხანია ეწევით?
– მას შემდეგ, რაც გური თორიას დამაშორეს...
მე და რუსიკომ ერთმანეთს შევხედეთ და უნებლიეთ მხრები ავიჩეჩეთ, რაც შაგანეს არ გამოპარვია.
– ვიცი, რომ გაგიკვირდათ, აგრეც ვფიქრობდი, მაგრამ ოდესმე გიამბობთ ყველაფერს.
წამოსვლისას ხუთწიგნეულის (თორა) პირველი წიგნი გვაჩუქა ორივეს.
კარლო შინ დამხვდა. სამსახურიდან დაბრუნებული, სარწეველა სავარძელში თვლემდა.
– ხომ ვამბობდი, ეგ გოგო განათხოვი იქნებოდათქო, აბა იმ ჩინჩიბურა შალვას როგორ გაყვებოდა!?. – მიახარა რუსიკომ მეუღლეს.
– შენ მეტი საქმე არაფერი გაქვს, ხომ არ ჯობს ვახშამი მოამზადო!
მერე მე მომიბრუნდა და განდობილივით მიჩურჩულა: „როგორ გაყვა ბიჭო, იმ მოსიარულე მკვდარს!.. ისე, მაგრა მოწონხარ, რომ იცოდე...”
– ე, მაგის მოწონება მაკლდა ოდენ, სხვა ხომ აწყობილი მაქვს ყველაფერი... – მივუგე გულგრილად.
– მაგ ელაპარაკე ანეტას, რას თვალთმაქცობ, ვერ გატყობ განა, თვალებს რომ უჟუჟუნებ!..
– თვალების ჟუჟუნი, ჟუჟუნასთან გამიგია, ამ შემთხვევაში აგრე აჯობებს, თვალებს რომ უშაგანებ... – გადავედი ხოხმაობაზე.
– კაი, გეყოფა, წამო ვივახშმოთ!
მაგიდაზე წვრილი ჭიქები და თანამშრომლის მოკითხული „ოცხანური” ჩამოდგა. სასმისები შეავსო, პირჯვარი გადაიწერა, უფალი შეგვეწიოსო და ზარიც გაისმა.
– ეს თუ შაგანე არ იქნება, მარჯუენა თვალს დავიბშუტავ!..
შაგანე მოვიდა.
დეიდა ანეტას ტკბილეული და რაღაც შეფუთული გადასცა.
– შაგანე, დაგვეწვიე! – გასძახა კარლომ.
– მიდი შაგანე და მეც მოვალ! – ბანი დააწია მეუღლის ნათქვამს რუსიკომ.
შაგანეც სიამოვნებით შემოგვიერთდა და კარლომაც (არ ვიცი, რატომ) სავსე ჭიქა მიაწოდა: „შემოსწრებულისა დაგვილიეო.“
პირველს, მეორე მოჰყვა, მესამე, მეოთხე და შაგანეც ისე აჭიკჭიკდა, მერცხალსაც გააკვირვებდა: „შალვა ადიგენშია, მიწებს იკვლევს, ერთი თვე არ ჩამოვა, ბავშვები ჩემს დასთან არიან, საბავშვო ბაღიც იქვე აქვთ და იქ ყოფნა ურჩევნიათ, მე კიდევ ამოდენა სახლში მარტოკა ვარ...“
– კარლომ თვალი ჩამიკრა.
– მერე არ გწყინდებათ მარტო ყოფნა? – გულწრფელად ვიკითხე.
– წიგნებს ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ, ვლოცულობ...
– ეგ კარგია, მაგრამ არ შეიძლება შალვამ იქ რომ წაგიყვანოს, სადაც თავად არის? – გამომწვევად იკითხა კარლომ.
– არ მსურს, თუმცა, არც შალვა იკლავს დიდად თავს...
– როგორ, ნუთუ საქართველოს კუთხეების მონახულება არ გსურთ? – ვიკითხე გაკვირვებულმა.
– რა კუთხეების, აქ გავიზარდე და გეგუთიც კი არ მინახავს...
სასწრაფოდ შევავსე სასმისები. კარლოს სადღეგრძელოს უფლება გამოვთხოვე და:
– თამარის გეგუთს გაუმარჯოს, მის ნაფეხურებს აჯამეთის უნიკალურ სანახებში, მის უსისხლო და დედობრივ მმართველობას!.. ამას ყველა შევსვამთ და გეგუთში მივდივართ!
კარლომ კალათა მოატანინა რუსიკოს, რომელშიც პური, მწვანილი, ჩარექით ღვინო, ლობიანები და მარილი ჩაალაგა.
– ესენი სად მიგაქვს? – იკითხა დეიდა ანეტამ.
– სად უნდა წავიღო დედა, ამის ამბავი რომ ვიცი, იქ რომ აეშლება სადღეგრძელოების იშტა, გასტრონომი მაქვს გეგუთში თუ რესტორნების ქსელი? ამიტომ ვიჭერ თადარიგს.
ოციოდ წუთში მწვანე მოლზე მივაბიჯებდით. ჯერ გარშემო შემოვუარეთ დიდებულ ნაშთს ეპოქისას, მერე სანთლები ავანთეთ (რუსიკოს წამოეღო), ბოლოს კი სამხრეთ კედელთან სუფრა გავშალეთ. ბავშვივით გალაღებული (ალკოჰოლი თავისას შვებოდა) შაგანე ეზოში დარბოდა, ნანგრევებზე მიბობღავდა (ქარი კაბას საამოდ უფრიალებდა...) და ზემოდან ლექსებს გვიკითხავდა. სადღეგრძელოებსაც ეხმაურებოდა, თან ყველა სასმისს ბოლომდე ცლიდა. სუფრა ავალაგეთ. ირგვლივ ბნელოდა. შაგანე მხარზე ჩამომეყრდნო. შევატყვე, რომ სასმელი ერეოდა. ხელი წელზე მოვხვიე და ჭიშკრამდე მივიყვანე, სადაც მანქანა დავტოვეთ. რუსიკო და კარლოც მოვიდნენ. ცოლ-ქმარმა, უკანა სალონში დაჯდომა ისურვა. შაგანე ჩემს გვერდით მოკალათდა.
– მოწამეთისკენ! – გასცა ბრძანება კარლომ.
– რაღა დროსია! – რუსიკომ.
– სიამოვნებით! – შაგანემ.
– მიმსახურეთ ბატონებო! – მე.
თერთმეტ საათზე, რესტორან „მოწამეთაში” კარლო მუსიკოსებთან ერთად მღეროდა „შუშანიკას ტუფლი უჭერსო...“ (დოლის და დუდუკის თანხლებით).
ქალაქში შუაღამისას დავბრუნდით.
„ეს დღე, სადაც არ უნდა ვიყო, არასოდეს დამავიწყდება!..“– თქვა შაგანემ.
– ბატონო ბერდია, რაიმე ხომ არ იტკინეთ? „სასწრაფო გამოიძახეთ, ადამიანი ჩამოვარდა!..“ „ჩქარა, გულის საშუალება, რაიმე წვეთები მოიტანეთ!“
ნიუ, ნიუ, ნიუ!.. თეთრხალათიანები... „თავს როგორ გრძნობთ?“
– მგონი ფეხი მაქვს მოტეხილი!
– მოტეხილობა არ უნდა იყოს, ნაღრძობია, თუმც კლინიკაში გავიგებთ ყველაფერს, რენტგენზე.
ნეკნი აღმომაჩნდა გატეხილი, ერთიც გაბზარული და დაჟეჟილობა ყოველმხრივი...
საღამოს კარლო და რუსიკო მეწვივნენ საავადმყოფოში. ჩვენებური ხილი და მაიმუნების დელიკატესი (ბანანი) უხვად მომიტანეს. „სად ტრაკში იყურებოდიო!..“ –კარლომ, თან ასდოლარიანი ამომიდო ბალიშქვეშ.
ცოლ-შვილმა კომპოტები და წიგნები შემომაშველა.
– ებრაელთა ისტორია დევს ჩემს მაგიდაზე და ხვალ მომიტანეთ! – დავაწიე ჩემიანებს სიტყვა.
სუნთქვა და გადაბრუნება ტკივილს მგვრიდა, გაცინება ან დახველება ხომ სულს მიკაწრავდა...
მესამე დღეს რუსიკო და შაგანე მეწვივნენ. ისევ ხილი და წვენები... შაგანემ წიგნი აიღო და გულზე მიიკრა (ჩათვალა მის გამო ვკითხულობდი), სახე შეეფაკლა, თვალები აუწყლიანდა.
– დიდი ხანია ვკითხულობ მაგ წიგნს!
– ხომ მათხოვებ?
– კარლო გათხოვებს, იმისია.
– გტკივა? – შეხვეულ ხელზე მანიშნა.
– ვუძლებ!
რუსიკოს ტელეფონი აწკრიალდა და ისიც ოთახიდან გავიდა.
– რაიმე ხომ არ გსურს, მე რომ მოგიტანო? – შაგანემ.
– არა შაგანე, ყველაფერი მაქვს.
– შინდისფერი მაისური გიყიდე საჩუქრად, იმას ვაუთოვებდი, მსხვრევის ხმა რომ გავიგონე ღია ფანჯრიდან და შიშისგან ლამის გონი დავკარგე...
– შიშისგან?
– ხო შიშისგან, ვიცოდი შენ რომ ჩამოვარდი მესამე სართულიდან...
– რა იცოდი მე რომ ვიყავი?
– სხვა არავინ უთვალთვალებს ჩემს საძინებელს!..
შაგანე დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
რუსუდანიც დაბრუნდა.
– ნამეტანს ნუ შეტოპავ ლომო! – შემიბღვირა კარლომ, – ნომერი რუსიკოს ეცოდინება.
– ბიჭო, რეზიკო შონიას ნომერი როგორ არ იცი, თუ შალვა და შაგანე ძველ ნომერს შეცვლიდნენ?
– ემაგ ვის გაახსენდა? – ადგა, კალამი მოიძია და ხელსახოცზე ჩემთვისაც კარგად ნაცნობი (თუმც აღარ მახსოვდა) ნომერი წამიწერა.
ავიჩქარე. ვიცოდი შაგანეც მალე დატოვებდა იქაურობას და როგორც კი მის ოთახში შუქი აინთო (ქუჩიდან ვუთვალთვალებდი), ტელეფონის ჯიხურთან მივედი და ნომერი ავკრიბე.
– შაგანე!
– გისმენ ბერო!
– აბსოლუტური სმენა გქონია!..
– ვიცოდი რომ დამირეკავდი, გელოდი...
– გამოდი, მინდა შენთან ერთად გავისეირნო!
– საითკენ აპირებ?
– კაცხის სვეტი მომენატრა...
– ეგ სადაა?
– სოფელ კაცხში, აბაშიძეთა სამფლობელოში, ჭიათურასთან.
– შორს რომ არის?
– მერე რა, გეძინება?
– კარგი, ნახევარ საათში სინაგოგასთან შეგხვდები, ჩემს დასთან უნდა გავიდე, ბავშვებს შედედებული რძე უნდა ავუტანო და...
– კარგი, იქ მოვალ! – და ყურმილი სასწრაფოდ დავკიდე, რომ არ გადაეფიქრებინა.
სახლში მივირბინე. ახალი პერანგი და სპორტული ფეხსაცმელები ჩავიცვი, ხელჩანთა (რომლითაც ნახაზებს დავატარებ) ჩავალაგე და სასწრაფოდ თბილისში წასვლა მოვიმიზეზე. ამ ყველაფრისთვის ზუსტად ნახევარი საათი დამჭირდა, თუმც ერთი ნახევარიც, სინაგოგასთან დგომა მაინც მომიწია. შაგანესაც ებანავა (სველ თმებზე ეტყობოდა) და სხვაგვარად მორთულიყო. მთვარით განათებული ზეცა დაგვნათოდა, თითქოს არც იყო ღამე, შუაღამისკენ უკაკუნებდნენ საათის ისრები. რომელიღაც რადიოარხი ედიტ პიაფისა და პატრისია კაასის სიმღერებს გადმოსცემდა. მანქანა აღმართებს მიუყვებოდა. გაბუტულებივით ვისხედით. თითქოს საუბარიც მესირცხვებოდა, ახალწვეულივით ვიქცეოდი (სად გაქრა ჩემი მდიდარი გამოცდილება!..) ისევ შაგანემ მიშველა:
– ბატონო ბერდია, რომელი სვეტი უნდა მანახოთ?
– კაცხის...
– მაღალია?
– საკმაოდ, იქ ადრე ბერები ცხოვრობდნენ...
– და მხოლოდ ამისთვის წამომიყვანე?!.
– ჰო, რა ვიცი, რომ დავიმტვერი და რომ გადავრჩი, იმისთვის...
– ამიტომ, სხვების ფანჯრებში არ უნდა იჭყიტებოდე, მით უფრო, თუ იქ ნახევრად შიშველი ქალია...
– შალვა ისევ მივლინებაშია? როდემდე... – (რა შუაში იყო!..)
– შალვა მიწაშია,მიწას თხრის... მეტის თავი მას არ აქვს!..
– ბოდიშს გიხდი თუ ზედმეტი გკითხე...
– ბერო, შალვა მე არ მაინტერესებს და შენ...
– კარგი ბოდიში!
– იცი რა, შენ რომ ოჯახი არ გქონდეს, დაუფიქრებლად წამოგყვებოდი, თუნდაც სიკვდილში!..
მანქანა შევაჩერე.
– მოვედით?
– არა, მაგრამ...
– მაშინ იარე, მაინტერესებს იმ სვეტის ხილვა...
მანქანა დავქოქე და დავძარი.
– წყალი თუ გინდა, „ნაბეღლავი” მაქვს მანქანაში.
– ჯერ სიგარეტი მინდა და სანთებელა მათხოვე!
სანთებელა გავაჩხაკუნე და ჩემთვისაც მოვიძიე სიგარეტი.
– იცი რა ბერო, მე შენი ოჯახის შესახებ ყველაფერი ვიცი, შენაც ძალიან მომწონხარ, მაგრამ...
– გისმენ შაგანე!
– ცოტა ხანს შემიჩერე, გავისეირნებ.
მაღლობს შეუყვა, სილუეტი შორიდანაც კარგად ჩანდა, უკან მოიხედა და გზა განაგრძო, სიგარეტის ციმციმი ციცინათელასავით მისდევდა, ბუჩქებს მიეფარა, მივხვდი რომ ჩაიცუცქა. „არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არაა”.. – გამახსენდა ბრძენის სიტყვები.
ზემოდან ლაღად ეშვებოდა.
– ხომ არ დაიღალე შაგანე?
– რას ამბობ, მთელი ცხოვრება ვივლიდი, რომ შეიძლებოდეს!..
– ახლა დიდ დამრეცს ჩავივლით და კაცხის სვეტიც იქვეა.
მთვარე კირქვას და ღორღს ძალუმად ანათებდა. აზიდულ კლდეს გარშემო შემოვუარეთ.შაგანე ზურგით მიეყრდნო ლოდს და მთვარეს ახედა.
– შენ იცი მხოლოდ თუ როგორ მიყვარდა იგი...
– რა თქვი შაგანე?
– არაფერი, მთვარეს ვესაუბრები, მან იცის...
– რა იცის მთვარემ, შაგანე?
– მან იცის გური თორია, თორასავით და ბიბლიასავით რომ მიყვარდა!..
– ვინ გური, ვერაფერი გავიგე...
– ის, ვინაც ჩემთან ერთად მოკვდა...
– შაგანე!
– არ გინდა, მე თითონ გაკოცებ, როცა დრო მოვა...
კვლავ ახალწვეულივით გავინაბე. შუაღამის ორი საათი ხდებოდა. მთქნარება ამიტყდა.
– მოგეწყინა არა!
– რას ამბობ შაგანე!
– ბერო, ამ შუაღამისას, ქალი უდაბურ ტყეში რომ წაყვება კაცს, იმ ქალს ყველაფერი ეკუთვნის და ყველაფრის ღისსიცაა, თუნდაც ძალადობის...
– რამ გაფიქრებინათ?..
– არც მიფიქრია, მაგრამ თუ მოინდომებ, დიდად არ გაგიძალიანდები, ოღონდაც, მერე აღარასოდეს მომესურვები...
ქვებზე ვისხედით და სიგარეტს ვაბოლებდით.
როცა კაცხის სვეტს დავემშვიდობეთ, რიბი-რიბო იცრიცებოდა, ფრინველები იღვიძებდნენ.
– გური ჩემი კურსელი იყო, ჩვენ კიევის სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრეთ, საზურგე გადამიწიე რა, ჰო, კარგია, მერე საქართველოში დავბრუნდით და... ყველაფერი დამთავრდა, ჩემებმა უარი თქვეს ჩვენს ქორწინებაზე, არადა, სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი. დედაჩემმა მუცელი მომაშლევინა, რამაც სულიერად გამანადგურა. ღამები არ მეძინა. როცა ეგ ამბავი გურიმ გაიგო, მანქანით გადაიჩეხა თავის მშობლიურ წალენჯიხაში. ამბობენ, „ნივით” მთაში ავიდა და გადაიჩეხაო... როგორც იაპონიაში იჩეხებიან შეყვარებულები კლდიდან... გურისთან ერთად მეც გარდავიცვალე, ხოლო სხეული ჩემი, დედაჩემმა ოცდახუთი წლით უფროს გეოლოგს მიათხოვა. შვილები როგორ არ მიყვარს, მაგრამ... შალვასაც რას ვერჩი, შრომობს ადამიანი ოჯახისთვის, საცაა პენსიაში გავა, ჰო მართლა, ვიღაცამ თქვა, შენი მეგობარი კარლოც ღალატობს რუსიკოსო!.. მართალია?
– პირველად მესმის, რას ამბობ!
– ესეიგი ერთგული მეუღლეა არა?
– ნამდვილად!
– როგორც შენ, ხომ ასეა!..
– მე რა... კარლო ნაღდად... თუმცა...
– ჰო, კარგი, ნუ დაიბნევი ახლა ცერცვივით...
მართალს ამბობდა.
– რატომ ადამიანო, კარლოსგან მე არ გამიგონია...
– ბერო, კარგია მეგობარს რომ გადაეფარე, თუმც საკუთარ თავს ვერ...
– რას ბრძანებთ?!
– ჩემო კარგო, შაგანეს რომ თავადი მიქელაძის გაუპატიურება მოენდომებინა იმ უდაბურ ტყეში, ვინ იყო მშველელი!..
– აბა, ბეწვზე ვარ გადარჩენილი!..
ინათელა, როცა ქალაქში დავბრუნდით.
დილით სამსახურში აღარ წავედი, თანამშრომლებიც გავაფრთხილე ტელეფონით, თუ სურდათ, პირადი საქმეები მოეგვარებინათ და თვალებაწითლებული მშენებლებს მივადექი. შაგანეს ფანჯრები კი გაეღო, მაგრამ თავად არსად ჩანდა (ალბათ ძინავდა). ხარაჩოებიდან ჩამოვედი თუ არა, შაგანეს ხმა გავიგონე. ტანში კვლავ ელექტროობამ დამიარა... მოვიხედე, ბავშვებს ესაუბრებოდა (რატომღაც ადრიანად წამოეყვანა ბაღიდან). რამდენიმე საათის წინ დავშორდი და მენატრებოდა, მასთან ყოფნა მსურდა, თუნდაც მეორე ხმად, მსახურად... ისევ მაღლა ავბრუნდი, საძინებელს გავხედე, ფანჯრები ისევ ღიად იყო. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. სიგარეტის კოლოფი მოვიძიე ხალათის ჯიბეში, ორი ღერიღა დარჩენილიყო, ერთს მოვუკიდე, მეორე იქვე შემოვდე აგურებზე, კოლოფიდან შიგთავსი (ფოლგიანი ქაღალდი) ამოვაძვრე, ცნობილი პოეტის სტრიქონი წავაწერე: „უხერხულია შენ გერქვას ცოლი!..“ მერე ფაქიზად დავკეცე, ისევ კოლოფში ჩავაბრუნე და ღია ფანჯარას დავუმიზნე. ოთახიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. აგურზე შემოდებული სიგარეტიც მოვწიე და ქვემოთ დავეშვი. ბავშვები ისევ ეზოში თამაშობდნენ. გასტრონომისკენ გავწიე. ორი კოლოფი სიგარეტი და ერთი კილო შოკოლადი ვიყიდე პატარებისთვის. გახარებულები მაშინვე დედისკენ გაქანდნენ. ორიოდ წუთში გაიღო კარი და:
– ბატონო ბერდია, რატომ ხულიგნობთ? – ხელში სიგარეტის კოლოფი ეჭირა.
– მუზებმა შემაწუხეს და კარგი პოეტი გამახსენდა...
– აჰა, გმადლობთ ლექსისთვისაც და შოკოლადისთვისაც...
– რას ამბობთ, რა სათქმელია...
– აქ კიდევ დიდხანს იქნები?
– რატომ მეკითხები?
– საღამოს ბავშვები უნდა ავიყვანო ჩემს დასთან და თუ დრო გექნება...
– აბა დროებით. – დამემშვიდობა შაგანე და ბავშვებს სახლში შეუძღვა.
მანქანაში ჩავჯექი. საზურგე ბოლომდე გადავწიე და დავიძინე. მინაზე კაკუნმა გამაღვიძა.
– ნასვამი ხარ? – მკითხა კარლომ.
საათს დავხედე, შვიდი სრულდებოდა.
– არა, უძინარი ვარ.
– ამოდი, ვივახშმოთ!
– სხვა დროს, ახლა სამსახურში უნდა შევიარო, მელოდებიან.
შაგანეს სახლს გავხედე მალულად.
– ბავშვები წაიყვანა წეღან. – გამიღიმა კარლომ.
მანქანა დავქოქე და სინაგოგისკენ გავეშურე.იქ დავდექი, სადაც წინა ღამით შაგანეს ველოდი. ისევ ჩამთვლიმა. თვალი რომ გავახილე, ბინდდებოდა. იქვე სატელეფონო ჯიხური დავლანდე. საბედნიეროდ ხურდაც აღმომაჩნდა და შაგანეს დავურეკე. ყურმილი არავინ აიღო. „როგორც ჩანს შინ არ დაბრუნებულა, რას იფიქრებდა, რამ ჩამაძინა ასე ღრმად, კიდევ კარგი კარლომ გამაღვიძა, თორემ ახლაც იქ ვიქნებოდი...“ – ვფიქრობდი ჩემთვის, როცა ნაცნობი მოძრაობა (რხევით სიარული) შევნიშნე.
– შაგანე!
– ვის უცდი ბერო?
– სოფი ლორენს...
– გემოვნება კარგი გაქვს, ძილიც გემრიელი გცოდნია, შემეცოდე და არ გაგაღვიძე.
მანქანის კარი გავუღე. ვიდრე დაჯდებოდა, შებრუნდა, ხელი ორსართულიანი, ცისფრად შეღებილი სახლისკენ გაიშვირა და ხმამაღლა მკითხა:
– სიპიტო ლექტორს იცნობდი?
– გამიგია.
– მასთან ვემზადებოდი ბიოლოგიაში, – მანქანის უკანა სალონში ჩაჯდა, – მეცხრე კლასში ვიყავი, ცალ-ცალკე გვიბარებდა აბიტურიენტებს. ერთხელ აბაზანის ხალათით შემოსილი დამხვდა, ახლოს დამიჯდა, მამაკაცის აგებულებას აგიხსნიო და ხალათი გადაიძრო, ვიკივლე და ფანჯრიდან გადმოვხტი; პირველი სართულის ფანჯარა იყო, მაგრამ მაინც ვიღრძვე ფეხი. დედაჩემი არ მიჯერებდა, მაგას როგორ იზამდა ლექტორი კაციო!.. თანაც მეზობლები ვიყავით. ერთი თვე იქით არ გამიხედავს. მერე ჩემმა ბიძაშვილმა გადაწყვიტა მომზადება და ერთად დავდიოდით. ცუდი ხმები ისმოდა იმ კაცზე. ამბობდნენ ბიჭები უყვარსო!.. ინსტიტუტიდანაც გამოაგდეს და მგონი ციხეშიც იჯდა მაგისთვის. არც ეს სჯეროდა დედაჩემს, კაცთან კაცი რავა შეიძლება იყოსო!.. მე და ჩემმა ბიძაშვილმა ჩვენი თვალით ვიხილეთ მაგ ამბავი. თურმე შუქი წასულიყო და ელექტრო ზარს უქმად ვეჯაჯგურეთ, მერე კარი შევაღეთ და... იმ მაგიდაზე, სადაც ჩვენ გვამეცადინებდა, დავინახეთ ჩვენი ლექტორი გადაწოლილი, ვიღაც ბიჭი კი... მგონი ისიც აბიტურიენტი იყო!... მეტჯერ აღარ მივსულვართ იქ. შემზიზღდა იქაურობა და ის ლექტორიც!.. შარშან მოკვდა. ოთხი კაცი ვერ შეაგროვეს, სასახლე რომ მიეტანათ სასაფლაოზე, მგონი სამმა კაცმა წაიღო კუბო...
– ესეც მსმენია...
– ეგრე ეკუთვნოდა!.. მე თუ მკითხავთ, არც უნდა დაემარხათ, უფლის მგმობელი და მწვალებელი!..
– შაგანე, სად წავიდეთ?
– კიდევ უნდა მაჩვენო რაიმე სვეტი!..
– შეიძლება...
– სახლში მიმიყვანე, მეძინება, თან შალვა ჩამოდის ხვალ, დამირეკა.
მანქანა მოშორებით გამაჩერებინა, „არ მინდა რუსიკომ და კარლომ დაგვინახოსო!..“ ჩემკენ შემობრუნდა, „მადლობელი ვარ გუშინდელი დღისთვისო” და გულიანად მაკოცა.
მანქანის დაძვრისთანავე მომაძახა: „ებრაელთა ისტორია მათხოვეო!“
შვებულებაში წასვლა გადავიფიქრე. ისევ მოვუხშირე ზარზმელიძეების ოჯახში ქეიფებს. შაგანეც ნიადაგ რუსიკოსთან იჯდა. ერთხელ დავურეკე და შევთავაზე გასეირნება. ბოდიში მომიხადა: „მე თავად გეტყვი, როცა შევძლებო.“ კარლოს წიგნიც დამიბრუნა, რომელშიც პატარა ბარათი იდო: „ბერო, ნეტავ, ადრე გამეცანი, სულ, სულ, ადრე, ბავშვობაში!..“ მთელი ღამე ვეღარ დავიძინე.უთენია მივედი კაკლების ქუჩაზე, მუშები ჯერ არ ჩანდნენ. მესამე სართულზე ავედი, შაგანეს ფანჯარა ღია დაეტოვებინა. პატარა კენჭი ვესროლე მინას. ლურჯხალათმოსხმული შაგანე სარკმელს მოადგა. ხელით მანიშნა დამირეკეო.მაშინვე ძირს ჩავირბინე და სატელეფონო ჯიხურისაკენ გავქანდი.
– შაგანე!
– ბერო, რად არ გძინავს?
– რა დროს ძილია, გათენდა!
– მერე რა, ექვსი სრულდება, წადი, დაიძინე და საღამოს გნახავ.
– ფანჯრიდან გადმოვალ და შენთან დავიძინებ!..
თავად გამიკვირდა ჩემი გაბედულება. დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა.
– ვეღარ გცნობ, მოტეხილი ნეკნები დაგავიწყდა?
– მაგ არ იჯავრო, არ დავიმტვრევი...
– ბერო გაგიჟდი? წადი, დაიძინე, თორემ საღამოს არ შეგხვდები!
ტუ... ტუ... ტუ...
მანქანაში ჩავიძინე.
კარგა ხანს ვეძებეთ წიგნი, მაგრამ ვერ ვიპოვეთ.
– რა წიგნს ეძებთ? – იკითხა რუსიკომ.
– „ქართლის ცხოვრებას”, სადღაც აქ იდო...
– ეგ წიგნი შაგანემ წაიღო, ორი დღის წინათ.
– კარგი, ნუ ეძებთ, საჯარო ბიბლიოთეკაში შევივლი! – დავამშვიდე მეგობრები.
ბიბლიოთეკაში თანაკლასელი შემხვდა, რომელიც წლებია არ მენახა. ერთმანეთი ჩურჩულით მიმოვიკითხეთ და წიგნიც მომიტანეს. კუთხის მაგიდა ავირჩიე და წიგნი გავშალე. „ჰურიათა ქართველთა”... თვალები ამიჭრელდა, ისინი ნაბუქოდონოსორისაგან ოტებულნი მოვიდნენ და დაემკვიდრნენ მცხეთას. მერე ერთმანეთში აირია სახელები, თურმე ქართლში ჰპოვეს სიმშვიდე და ელიას ხალენიც აქ ჩამოაბრძანეს, რაც გახდა წინაპირობა უფლის კვართის ჩამობრძანებისა. მერე იყო უფლის მოვლინება (განკაცება) და უგანაჩენო განაჩენი... მცხეთიდან ელიოზი და ლონგინოზ კარსნელი გაემგზავრნენ იერუსალიმს, აბიათარ მღვდელმა და სიდონიამ გააცილეს ისინი, მათ შეიცვნეს მესია და არ გაისვარეს ხელი წმინდა სისხლით, ხოლო დაბრუნდნენ უდიდესი მადლით: ”ელიოზ მოიღო კვართი მცხეთად, სახლად ჩვენდა”, რომელიც ჩაიკრა გულში სიდონიამ და არ გაუშვა ხელი, კვართთან ერთად დაფლეს მცხეთის წმინდა მიწაში. მერე თანდათან აირია ყოველივე გონებაში და... თვალი გავახილე, მიმოვიხედე. თავი ისევ გაშლილ წიგნზე მედო. მკითხველები თავიანთ ფიქრებში ჩაძირულიყვნენ... ბიბლიოთეკარს მადლობა მოვახსენე და გარეთ გამოვედი. „რამ დამაძინა სახალხოდ!“ – ვფიქრობდი გზაში. ეგ რომ კარლომ და სხვებმა გაიგონ, ერთი თვე სალაზღანდარო არ გამოელევათ. აი, თუნდაც ამ გვეგვემ... თეატრთან გუჯა ბერელიძე იდგა, ჩვენი თანაკლასელი, ყოფილი კალათბურთელი.
– გუჯა, ქაბაბს შეჭამ? – მივესალმე.
– შენთან ერთად დარიშხანს!..
– ჰოდა, ბიკენტიას საქაბაბეში შევიაროთ და ციანიდსაც ჩაგაცეცხლებ...
– თოფაძის ციანიდს თუ ამბერკისას?
– რომელსაც ისურვებ.
ერთი საათი საქაბაბეში დავყავით, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და შაგანესაც დავურეკე:
– საღამოც მოვიდა ჰურიათა დედოფალო!..
– რა ბრძანეთ?
მივხვდი, რომ გადავაჭარბე, არ ელოდა, სუნთქვა გაუხშირდა და ... ისევ ქართლის ცხოვრებამ მიხსნა.
– შაგანე, მთელი დღე ქართლის ცხოვრებას ვკითხულობდი და...
– მეც მაგას ვკითხულობდი, ბერო!..
– ახლა რა ვქნათ?
– მანქანა ხომ გყავს მწყობრში, მსოფლიო ტურნესთვის ვემზადებით...
ვერაფერი გავიგე, რა ტურნე, რა მსოფლიო...
– რაო, შაგანე?
– ამაღამ მცხეთაში მივდივართ, კვართის და ხალენის მადლის მისაღებად, სიდონიას წინაშე მუხლმოსაყრელად, კერპების თაყვანსაცემად...
– რომელ საათზე?
– ათზე, ბავშვებს დავაძინებ ჩემს დასთან და სინაგოგასთან გამოვალ. ისე, რომ იცოდე, ხვალ 20 ივლისია, ძველი სტილით, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღე!..
ზუსატდ ათ საათზე სინაგოგასთან ვიდექი, ბნელოდა და ცხელოდა. დღისით აუტანელი სიცხე იდგა. ალბათ აგრილდება თანდათან. აი, შაგანეც გამოჩნდა, მოკლე და თხელი კაბა აცვია (გარემოების შესატყვისი). ხელჩანთა უკანა სავარძელზე დადო და გვერდით მომიჯდა. ქვაშავამდე ხმა არ ამოუღია. საზურგე გადამაწევინა, ხელები თავქვეშ ამოიდო (რამაც, ისედაც მოკლე კაბა, კიდევ უფრო დაამოკლა...) და ნებივრად მილულა თვალები.
– არ გიძინია?
– კი, მაგრამ ახლა ასე მსურს (მოიზომა დედოფლის ალაგი!..)
– ნება შენია, მე ვინ მკითხავს, უჩინო მძღოლს...
- არ გინდა ეგ ირონია, ცოტა მაცადე!..
რიკოთამდე ხმა არ გაუცია, მეც ჩემთვის ვფიქრობდი: „ცოლშვილი მყავს, სამსახური მაქვს, რა მინდა, რა არ მასვენებს, რას ვბითურობ, რა მემცხეთება, იქ რა უნდა გავაკეთო... მეგობრებსაც ვერ მივაკითხავ უცხო ქალთან ერთად, უხერხულია, ღამე სად უნდა გავათიო, თუ უძინარი უკანვე უნდა გამოვბრუნდე, ეს ხმასაც არ მცემს, მგონი ძინავს, რა თეთრი ფეხები ჰქონია, თავად შავტუხაა, უფრო ხორბლისფერი... აი, წყაროც, წყალს მაინც ვისხურებ გახურებულ შუბლზე...“
დავამუხრუჭე.
– მეც მინდა წყალი! - წამოიმართა.
– მეგონა გეძინა...
– არა, არ მეძინა, შენს ფიქრებს ვკითხულობდი, „რა თეთრი ფეხები აქვს და რა მოკლე კაბა აცვიაო, თუმცა, მუხლზე ხელის დადებაც კი არ გაგივლია უზურში!..“
– ნოსტრადამუსი ჰურიათა ჯიშისა გახლდათ, ოღონდაც მამრი... ჭიქა გამომართვი, სახეზეც ისხურე! – გავუწოდე ერთჯერადი ჭიქა.
მცხეთამდე ენა არ გაუჩერებია. მე ოდენ თავს ვუქნევდი. ნაცნობი თუ უცნობი ისტორიები მომიყვა, რასაც სასხვათაშორისოდ მოაყოლა: „ბერო, ძალიან, ძალიან მიყვარხარ!..“
ვერც ეხლა გავბედე ხელის გაწვდენა და ესეც „წაიკითხა”, ჩემი მარჯვენა აიღო (საჭეს მარცხენათი ვმართავ), მარცხენა ძუძუზე (გულის ფარზე) დაიდო და გაიტრუნა. ერთგული და ბეჯითი გული, გულიანად შრომობდა, ჩიტივით ფართხალებდა, რეჩხსაც გაიღებდა... ხელი ფრთხილად ავიღე, სიჩქარის გადამრთველს მივწვდი (არ საჭიროებდა...) და:
– დამსვი საჭესთან.
გზას გავხედე. მაგისტრალზე ორიოდ მანქანა მიმოდიოდა. დავამუხრუჭე. კარი გავაღე, ადგილი დავუთმე. სიჩქარის გადამრთველს გადმოალაჯა (ჭეშმარიტად ეგაა გადალაჯება...) საჭესთან მოკალათდა. მანქანას შემოვუარე და მარჯვნიდან მივუჯექი. უშეცდომოდ დაძრა. უკან მოვიტოვეთ აგარა და წეროვანი. ჯვრის მონასტერმაც შემოგვანათა ზემოდან, სამთავრო და სვეტიცხოველი. ალაყაფი დახურული. პირველი საათი. შუაღამე. ფეხით სამჯერ შემოვუარეთ ქვის უზარმაზარ კედელს. ელია წინასწარმეტყველი... ჩურჩულებდა შაგანე და ტანზე მეკვროდა.
– ფეხები მეტკინა, მანქანაში ჩავსხდეთ!
– სასტუმროში ხომ არ წავიდეთ, აქ თუ არ იქნება, თბილისში ჩავიდეთ, რას იტყვი?
– არა ბერო, დილამდე აქ დავრჩეთ, სანთლები დავანთოთ და დავბრუნდეთ, სასტუმრო და საძინებლები ჩვენ არ გვჭირდება!..
– რატომ, გეშინია ჩემი?
– აბა! ქალწული ვარ, ორი კაცის შემდეგ...
რატომღაც დავსევდიანდი.
– ყველაფერს თავისი დრო აქვს, ბერო, „კარ განიხვნების თავადა...“
გამამხნევა და საზურგეზე მიიძინა.
– საჭესთან ხომ არ დაჯდები?
– არა, მართვის მოწმობა თან არ მაქვს!..
– კარგი ვქენით ეს დღე (უფრო სწორად ღამე), აქ რომ გავატარეთ, თუმც...
– რა თუმც?
– რად მოისურვე და მოიწადინე ეს, ჩემთან ყოფნა გინდოდა თუ რა იყო ყოველივე?..
– გამოცდა, ბერო!
– მე გამომცადე?
– არა, საკუთარი თავი!..
– არ გამოცადოო, რომ გვასწავლიან...
– ეგ თქვენ გასწავლიან!..
– ჩვენ?
– კი, ქრისტიანებს!..
– შენ?
– მე დედაჩემმა ქრისტიანს არ გამაყოლა და სასიკვდილოდ გაიმეტა ქრისტიანის ნაშიერი!..
– სწორია მერე ეგ?!
– დედაჩემი კი!..
– როგორ შაგანე?
– ჩვენ ბერო, ასე შევინახეთ ჯიში, ებრაელებს რომ ქართველები ეთხოვათ და ქართველებზე გათხოვილიყვნენ, ერთ საუკუნეში ხსენებაც არ იქნებოდა ჰურიათა და არც ქართველი ებრაელი იარსებებდა დუნიაზე... სადღა არიან დღეს ყივჩაღები? ცოტანი ჩამოვედით საქართველოში და ჭკვიანმა წინაპრებმა ნათესავთა შორის ქორწინება დაუშვეს, რაც კარგი არ არის, მაგრამ ჩვენი სიმცირის გამო მოხდა ეს და ჯიში შევინარჩუნეთ ამგვარად!..
– ადამიანო, ქრისტე, თქვენში, იუდეაში არ განკაცდა?..
– ეს ქრისტეს განკაცებამდე მოხდა, ბერო.
– ისე, ქრისტიანი ებრაელებიც არიან...
– ვიცი და მეც მზად ვიყავი მაშინ ამისთვის!..
რიკოთზე ისევ შევაჩერე მანქანა. მსუბუქად ვისაუზმეთ და დავიძარით. საუბარიც ბუნებრივად გაგრძელდა.
– და ახლა არა ხარ მზად?
– ახლა არა და ამიტომაც არ ვისურვე შენთან ერთად სასტუმროში ღამისთევა, სახლშიც ამიტომ არ შემოგიშვი იმ დილით, ფანჯრიდან გადმოვალო, რომ მეაჯებოდი...
– აჰა, გასაგებია ყოველივე...
– რა იფიქრე? არ გეგონოს არ მომწონდე, არ მსურდე, ახლაც სურვილით ვიწვი, ბერო, მე ქალური ცხოვრება არ გამაჩნია, შალვა მხოლოდ მიწას თხრის, ისიც მიკვირს, ბავშვები როგორ გავაჩინეთ, მაგრამ რა ვქნა, დედაჩემის სურვილს და წადილს ვერ გადავდივარ, თუმც ქართულ-ებრაული ოჯახებიც არსებობენ, თანაც ძალიან ბედნიერი ოჯახები...
შაგანე ტიროდა, ტიროდა ცრემლებით და მე მარჯვენა ხელით (მარცხენათი კვლავ ავტომობილს ვმართავდი) ვუმშრალებდი თვალებს. არც მიძალიანდებოდა.
– ბაზართან დამტოვე, რამე-რუმეს ვიყიდი სადილისთვის, ამ დღესაც არასოდეს დავივიწყებ, სადაც არ უნდა ვიყო!!!
რხევით მიდიოდა, ლამაზად. გულიანად ვერც კი დავემშვიდობე, არც მიკოცნია და არც არაფერი...
– ტვიშის.
– მაშინ დაილევა! – შეავსო ჭიქები.
– ბატონო ბერდია, ბოდიშს გიხდით, აქეთ უნდა გადმობრძანდეთ სათამადო ადგილზე (სუფრა განცალკევებით გაეშალათ), დღეს თქვენ გეკუთვნით პირველობა! – გამიღიმა სასტუმროს მფლობელმა.
კარლოს სახე მოეღრიცა (თანამესუფრის დაკარგვის გამო), ქალბატონებმა ტაშით გამამხნევეს. „კიდევ კარგი, სასტუმრო ჩვენებურის არის, თორემ არაფრით არ ვითამადებდი” (ხომ მოკვდებოდნენ ჯავრით!..) – გავიფიქრე და მინიშნებული ადგილი დავიკავე. სადღეგრძელოები ერთმანეთს გაეკიდნენ, ჯარისკაცებივით ჩამწკრივდნენ წინაპართა მიერ გათელილ ბილიკებზე, ერთმა თუ ორმა, ურჩი მეომრებივით გაიგანგანეს, სხვა მხარეს გაუტიეს, თუმც ამით, საყოველთაოდ მიღებული და ცნობილი თამადების (გენშტაბის) მიერ დამტკიცებული სვლაგეზისთვის არავითარი ზიანი არ მიუყენებიათ, პირიქით, გაამრავალფეროვნეს და უფრო საინტერესო გახადეს საომარი ქმედებანი... მთავარსარდალი (ამჯერზე მე), ბრძოლის ჟინით შეპყრობილი, ახალ-ახალ გზებს ეძებდა თანამესუფრეთა დასამორჩილებლად და „შესამუსრად!..“
პატარა ბიჭმა განსხვავებული სასმისი (სასტუმროს ემბლემა-ქალის ტორსი) მომართვა, რომელიც წამსვე შემივსეს შემარქაფებულმა მერიქიფეებმა.
შაგანეს და მარიამს გადავხედე, რომლებიც სახეშეფაკლულები მიცქერდნენ, იქით მოღუშულ კარლოს ჩავუკარი თვალი და :
„ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!“
უეცრად შაგანე ადგა და გასასვლელისკენ გაემართა.
ოდნავ ავირიე, ლამის ლექსიც დამავიწყდა და... ამ გენიალური ლექსის ფინალს (აპოთეოზს, კულმინაციას...) ჩავეჭიდე:
დანაცარებო!“
შაგანე კარებთან იდგა და ტაშს უკრავდა, ისევე, როგორც ფეხზე წამომდგარი სტუმრები.
მუსიკოსებმა სიმღერა დააგუგუნეს. რამდენიმე მცირედმსმელმა, ცეკვითაც გამოხატა თავისი სიხარული. შაგანე ათიოდ წუთში (ალბათ შინ გადაირბინა?) დაბრუნდა. გაცისკროვნებული თვალებით მიყურებდა, მერე მარიამს მიუბრუნდა. „ორი გამორჩეული ერის, ორ მშვენიერ ქალს ვუყვარვარ, ვარ ახლა ამის ღირსი მე?!“ – ვფიქრობდი შუბლგახურებული, თან თანამესუფრეთ ქალბატონების სადღეგრძელოს შესმას ვთავაზობდი.
– მუსიკალური შესვენება არ იქნება? – იკითხა ჟღალმა კაცმა, რომელიც ატამს ჩამოჰგავდა.
– სადღეგრძელო ჩამთავრდება და კი ბატონო!
არც დავახანე და ათწუთიანი შესვენება ვბრძანე, რასაც მყისიერად მოჰყვა მუსიკოსთა რეაქცია:
„ტაში ბიჭო გიორგუნა,
არ გაუშვა ეგ ბოშუნა...“
როკავდა ატამი...
რაჭულ „ოღრო-ჩოღროს” სამეჯლისო ცეკვები ჩაენაცვლნენ. ჯერ მარიამი ვაცეკვე (კარლომ რუსუდანი), მერე შაგანე.
– ეს ბარათი გამომართვი! – მომეხუტა შაგანე.
ბარათი პერანგის ჯიბეში ჩავაცურე, შაგანე სუფრასთან მივაცილე და მიკროფონი მოვიმარჯვე.
შუაღამემდე (ჩვეულებისამებრ) გაგრძელდა ქეიფი.
უმალ გამოვფხიზლდი. მზად ვიყავი ბარათი გადამეყლაპა, უგემრიელესი დელი–
კატესივით შემეჭამა. გავკეცე, ჯიბეში ჩავიდე და აბაზანაში შევედი. „როდის დაღამდება, ან რა გავაკეთო მთელი დღე!...“ – ვფიქრობდი შხაპის ქვეშ.
აბაზანიდან გამოვედი თუ არა, კარლოს დავურეკე:
– ხაშზე გავდივართ, შვიდზე შენთან ვარ, მაღლაკში ჩავიდეთ!
კარლომ აბდაუბდად (კოკისპირულად სვა ბიჭმა!..) მიპასუხა და ყურმილი დაკიდა.
ათ წუთში მის ჭიშკართან ვიდექი. ხმოვან სირენაზე რუსიკომ გადმოიხედა.
– სად არის ფარაონი ამენჰოტეპ მეთოთხმეტე? – ავძახე რძალს.
– ლუი მეთოთხმეტესთან გაჰყვა სულხან-საბას!.. – ჩამიარაკა კარლომ ფანჯრიდან, თან მუშტი მომიღირა.
ორიოდ წუთში მაღლაკისკენ დავიძარით.
– ხომ მომკალი! –შემომაფუტა „ქემელის” კვამლი.
– დაგაძალე?!
– რავი, სულ ჩემკენ იყურებოდი და...
– აბა ბიჭო, სულ შენი ცქერით ვტკბებოდი!...
– შაგანე რომ გააგიჟე, ესეც ვიცი, მგონი შვილებიც კი არ უყვარს შენსავით...
– მოგცლია, რეებს ბოთაობ!.. – სიტყვა ბანზე შევისროლე.
სასადილოდან ისევ სახლში მივბრუნდი დასაძინებლად.
საღამომდე ვიძინე.
აფორიაქებულმა გავიღვიძე, დრო მიზოზინებდა, გაჩერდა თითქოს... ძლივს, ძლივს მოვიდა საოცნებო თორმეტი... ეზოში ქურდივით შევიპარე. ახალნაბანავები (სველთმიანი) შაგანე ლურჯ ტუნიკაში გახვეულიყო... მაგიდაზე კონიაკი და შოკოლადი იდო... საწოლზე წიგნი (შუა საუკუნეების ებრაელი პოეტები...)
ტუმბოზე მწვანე სანათი ენთო...
შემდეგ თვალი არ მომიკრავს...
იმ დილით (მე გამთენიისას რო დავტოვე...) გამგზავრებულიყო, უჩუმრად (როგორც ჩვეოდათ), მხოლოდ რუსიკოს და დეიდა ანეტას გამოთხოვებოდა ცრემლებით (შალვა და ბავშვები წინასწარ გაემგზავრებინა).
იერუსალიმში ცხოვრობსო...გიზო თავაძე

„შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთავრეს, სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს. მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს, მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს! ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო, |

ახალი სტატიები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან) 00:10ქეთი დუღაშვილი - ლექსები 22:50ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე 22:12თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები 21:58რაულ ჩილაჩავა - ლექსები 21:49იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა* 21:22გიორგი ბუნდოვანი - ლექსები 21:14სოფიო ღლონტი - ლექსები 19:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
სოფიო ღლონტი - ლექსები
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ნაწილი პირველი)
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები