გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ცოტნე ავსაჯანიშვილი - აიშვარიას დაბადების დღე

ლიქიორის უბნის ბიჭები ვერავის ვერ იტანდნენ და უცხოელი სტუდენტები ვიღა მაგათი ფეხები იყვნენ?!  ლიქიორის უბანში არასდროს ყოფილა უნივერსიტეტი. იქაურ ბიჭებს შორს წასვლა ეზარებოდათ და უსწავლელები რჩებოდნენ. მერე ვიღაცამ უცხოელებისთვის გახსნა უნივერსიტეტი, ზუსტად ლიქიორის ბიჭების ბირჟასთან. ლიქიორის უბნის ბიჭებს არავინ უყვარდათ დედების გარდა. სწორედ ამიტომ, არც უცხოელებს ახარებდნენ. იფურთხებოდნენ და სიგარეტებს ართმევდნენ რაჯ კაპურის შვილიშვილებს.
მაგრამ დამიჯერეთ ძალიან ბევრი ინდოელია იმ სამყაროში, რომელშიც ძალიან ცოტაა ლამაზი ინდოელი. ამიტომ უყვარდა მალულად ლიქიორის ბიჭების მეთაურ ანრი ვახანიას ლამაზი სტუდენტი აიშვარია, რომელსაც უკვე გამოუტყდა, მაგრამ ქართულად.  აიშვარიამ კი, მხოლოდ ინგლისური და ჰინდი იცოდა. 
აიშვარია წიგნებით რომ დაბოდიალობდა, ანრი ბირჟიდან ტყდებოდა, მიდიოდა და რაღაცეებს ეკითხებოდა... ვინმე ჰო არ გიტრაკებსო?  რომელი ნაყინი გევასებაო? მაგ მურთხებში იობარი ჰოარ გყავსო?...   აიშვარიას არაფერი ესმოდა და გაურბოდა მაღალ და უცნაურ ანრის, რომლისაც ძალიან ეშინოდა. იცოდა აიშვარიამ, რომ ამ მაღალ ადგილობრივ რეციდივისტს, მისი ჯგუფელი ჰყავდა ნაცემი ხაჭაპურის გამო. ეგ აიშვარიას ეგონა მასე, რომ ხაჭაპურის გამო. სინამდვილეში კი, ანრიმ და ზუბილამ გოელ შკოლნიკ ამიტაპ ჩოპრას ჰკითხეს, ხურდები ჰო არ გიყრიაო...  იმან ვერაფერი გაიგო და თავი გაიქნია. ამათ იფიქრეს გვანიშნაო, რო აქ აქვსო. მერე დებილმა ჩოპრამ იქვე, ბიჭების წინ იყიდა ფენოვანი ხაჭაპური და ამის დანახვაზე გამწარებულმა ანრიმ და ზუბილამ ჩოპრა გაიფინეს. რას გვაბოლებ, აქ სკრიპაჩები კი არ ვართო.
მაგრამ ეხლა ეკიდა ეგეთები ანრის. აიშვარიას ხათრით მზად იყო შეცვლილიყო და კრიშნა ერწმუნა. პროსტა ძმაკაცებში ვერ ამბობდა და ვერც აიშვარიას ვერ ეუბნებოდა. ძმაკაცები დაცინებდნენ, ან თავპირს დაალეწავდნენ. აიშვარიამ კი, საზღვარგარეთულად იცოდა მოსმენა.

*  *  *
რა გვინდა იმათ ტუსოვკაზეო, ჭედავდა ზუბილა და ანრიც ვერ ეუბნებოდა რა უნდოდათ იმათ ტუსოვკაზე. მერე მოიფიქრა და უთხრა, ჩვენ უბანში უჩვენოდ ტუსოვკას რა პონტში მართავენო, უნდა დავადგეთო და ვანახოთო ვინ არიო აქაო გლავნიო. თუ შეგვიშვეს მალევე წამოვიდეთო. თუ არ შეგვიშვეს, მაშინ საცემები არიან და უნდა ვცემოთო. ზუბილამ ესე ახსნილი კარგად გაიგო და ბაზარი არ არიო, ავიდეთო. პროსტაო, დიდი მასა თუ იყო ჯერ გამოვერიდოთ, კამანდა მოვყაროთ და ისე შევდგეთო. 
არადა ანრის არ აინტერესებდა უბანი ვისი იყო. რეალურ გადაწყვეტილებებს მაინც ქალაქის მერია იღებდა. უბრალოდ აიშვარიას დაბადების დღეზე უნდოდა ასვლა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში. სანამ ავიდოდნენ მაღაზიაში შევიდა და ბამბანერკა იყიდა. ზუბილა აიჭრა ეგ რათ გინდაო... ანრიმ პონტში ავდივართ და ხელცარიელი ტეხავსო. ზუბილა ფიქრობდა იმათი დედაც ვატირეო, მაყუთს რაში ყრიო, მაგრამ აღარ გაუხურებია. დებილ ანრის კი ეგონა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სუფრა, დოქები და შემოსწრებულზე განსხვავებული დახვდებოდა, იუბილარ აიშვარია რაის დასალოცად.

*  *  *
აქ ევროპაში იყვნენ ინდოელი ახალგაზრდები და იქ რო წესიერებას და მანგალსუტრას აძალებდნენ, ლიქიორის უბანში პაპიროზის მოწევაც დაიწყეს, ტრაკშიგამოხეული ჯინსის ჩაცმაც  და ცხოვრებაც შეუყვარდათ ცოტა სხვანაირად... ფიზიკურად... აბსტრაქტულად მანამდეც უყვარდათ. ჩაკრები და რამე.
საერთო საცხოვრებლის დარბაზის ჭერში ლუსტრის ნაცვლად მანათობელი ბურთი ტრიალებდა და იმ ბურთის საპირისპიროდ იქნევდნენ თავს გულიანკას დანატრებული შავტუხა გოგო-ბიჭები. მაგიდაზე ეყარა სპირტები. გიგანტურ მაგნიტაფონში ვიღაცა ამერიკელი ნახიპარი მღეროდა - „ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნაო...“ მისამღერის ბოლოს კი, განთავისუფლებული ინდოელი ბავშვები ერთხმად ყვიროდნენ - მშვიდობა, ყვავილები, თავისუფლება და  ბედნიერებაო...   კედელთან იდგა ანრი ვახანია. დაბნეული და მშიერი. არ იცოდა სად დაედო, ან ვისთვის მიეცა ბამბანერკა. ისიც არ იცოდა, აიშვარია რძიან შოკოლადს ჭამდა თუ არა... რძე ჰო ძროხისააო, ფიქრობდა. 
რა პონტში შემოგვიშვესო, კითხულობდა დაბნეული ზუბილა, რომელიც აქამდე პრასტოი ანდერგრაუნდ ბარშიც არ იყო ნამყოფი და ეხლა  ბედნიერი ათვალიერებდა მისთვის აქამდე დარაზულ პორტალს, გულაობის თავაშვებულ სამყაროში.
არ შემოგვიშვებდნენ და ავხევდით ლაჯზეო, ისტერიულად იმეორებდა ანრი ვახანია. 
ამასობაში ზუბილას უკვე არყის ბოთლი ჰქონდა ჩაბღუჯული და აქამდე გაუფიქრებელ, აქაური ფლეილისტისვის შეუფერებელ  გოიმურ მოძრაობებს აკეთებდა. მარა ფეხებზე ეკიდა, მაგრად უსწორდებოდა. იმასაც გრძნობდა, როგორ ეხახუნებოდა უცხოტომელ დიაცთა ტრაკები ფეხებზე. მერე რა, რომ დიდი ვერაფერი ნაშები იყვნენ. არც ზუბილა იყო ჟერარ ფილიპი და საერთოდაც ზუბილას იმიტომ ეძახდნენ, რო ზუბილასავით ცხვირი ჰქონდა. 
ანრი ვერ ერთობოდა. დაძაბული იყურებოდა ჩაბნელებული დარბაზის კიდეებში. აიშვარიას ნახვა უნდოდა. დანარჩენებს კი, დიდი სიამოვნებით გაიფენდა, მასზე ასჯერ მეტნი რომ არ ყოფილიყვნენ.
მერე დარბაზი განათდა და საიდანღაც შემაღლებულზე შეხტა ყვითელ შარვალ-კოსტუმში გაკვეტებული, დავარცხნილი ჯეელი. ალბათ ამათი გეტსბი იყო, ან გრაფი მონტე-კრისტო. 
რაღაცას ატრაკებდა იმ ენაზე ანრის რომ არ ესმოდა და მთელი კოდლა ტაშს უკრავდა. ზოგი  დაჟე ტიროდა და ანრი აზრზე ვერ მოდიოდა რა უნდოდათ. ისიც იფიქრა აიშვარია ჰო არ მოკვდაო და მაგრა ინერვიულა, მაგრამ მერე მიხვდა ეს ცრემლები სიხარულის თუ სენტიმენტების თუ კაროჩე... მოკლედ პიჟონური წირპლები იყო და ტრაგედიას არ ეძღვნებოდა. არ უკვირდა ანრის ეს ცრემლები. იცოდა, რომ როგორ ქინძ ფილმებსაც იღებდნენ ინდოელები, ისეთივე ქინძი სულიერი მდგომარეობა ჰქონდათ. 
მერე აიშვარიაც ახტა შემაღლებულზე, ეგეც ტიროდა. ოღონდ მაგარ ვიდზე იყო. გრძელი თმა უბრალოდ დაბანილი ჰქონდა, დაუვარცხნელი და ძაან ლამაზად ეშვეობოდა თეძოებამდე. მალაიზიური ცუნამივით. საერთოდაც, აიშვარია მალაიზიელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ინდოელს, რადგან სხვა ინდოელებზე ლამაზი იყო და მალაიზიელები ინდოელებივით არიან, ოღონდ უფრო ლამაზები. ალბათ დედა ჰყავდა აიშვარიას მალაიზიელი. 
ისე გრძელი თმა დასავარცხნი როცაა მაშინ უფრო მშვენიერია. უთოთი სწორება არც საროჩკას უხდება და არც თმას. 
მოკლედ, ისეთი კარგი იყო აიშვარია, რომ ანრიმ ვეღარ მოითმინა და შემაღლებულისკენ დააწვა, ბამბანერკა უნა მივცე და მერე თარჯიმანი გავაძრო რო გავაგებინო რა მინდა და სინამდვილეში რა კაი ტიპი ვარო. არ მოსწონდა ანრის საღამოს კაბა აიშვარიას ტანზე. შიშველი აიშვარია აინტერესებდა და  თან ბავშვობიდან ვერ იტანდა წითელ ფერს, არაქურდულიაო. 
მერე კოსტუმიანმა ინდოელმა გეთსბიმ აიშვარიას თითზე კალიცო გაუკეთა და დაუზასა. ყველა ისეთი ბედნიერი ჩანდა, ამ ბიჭის მამა ფულიანი ვინმე უნდა ყოფილიყო ნიუ დელიში. ან პრეზიდენტი, ანდაც უმსხვილესი ინდური ბანკის მმართველი. ისე ისიც საკითხავია, აიშვარია თუ იყო ფულიანი და უფულო აიშვარიას თუ შეუშვებდნენ ოჯახში წუწკი მილიანერები მაშინ, როცა სამშობლოში დაბრუნების დრო დადგებოდა.
გავარვარებული და აცრემლებული ანრი ზუბილას მიეჭრა. „რკინა აქა გაქო?“ - ჰკითხა. ზუბილამ რკინა რათ მინდოდა, ან შენ რათ გინდა ჰოარ აჭრაჭუნებო. ანრიმ რკინის გარეშე გაიწია შემაღლებულისკენ, უნდა დავბრიდო ეს გაპრანჭული ნაბოზარიო. ზუბილამ ძლივს დააკავა, რატო ბრიდავო, მაგათი ოხერი დედაც ვატირეო, რომელი ჩვენი დაიკო ან ნაშა ეგ ინდოელია მაგის გამო ტიპს რო ბრიდავო...  და მიხვდა ანრი ვახანია, რომ ვერაფრით ვერ აუხსნიდა ზუბილას თუ რატომ უნდოდა კოსტუმიანი ინდოელის ჩაპიზდვა.  ვერც იმას აუხსნიდა, რომ ყველა უბნელ დაიკოზე მეტად უყვარდა აიშვარია. ვერავის ვერაფერს აუხსნიდა. იმიტომ რომ ეგეთ უბანში დაიბადა. ეგრე გაიზარდა. ეგეთი იყო. არავის არაფერი ესმოდა. არავის არაფერი ადარდებდა. უკან დაიხია ანრიმ და კვლავ მოგულავე ინდოელებს შეატოვა ტუპოი ძმაკაცი ზუბილა. 
იდგა ანრი კედელთან ეული და ჭამდა ბამბანერკას, რომელიც არც თუ უგემური გახლდათ. შეეძლო არყებიც დაელია, მაგრამ ამათი არაფერი უნდოდა. 
„წამო ზუბილ წავიდეთო...“ - სთხოვა ძმაკაცს ნირწამხდარმა ანრიმ.
ზუბილას კი, ხაჭაპურის გამო ნაცემი ამიტაპ ჩოპრა გადაეხვია და თავის ენაზე ეუბნებოდა ყველაფერი მიპატიებია, ჩემი ძმა ხარ დღეიდანო. არ იცოდა, ზეგ ზუბილა მაინც რო ცემდა ორმოცი კაპიკის გამო. ახლა კი, აზიური პლანით გაძეძგილი მასტერკის ხათრით ზუბილაც ძმობას ეფიცებოდა ჩოპრას და ნაციათა ძმობის საოცარ ილუსტრაციას ქმნიდა.
თქვენი გულღია დედებიც რა ვთქვიო, ჩაილაპარაკა ანრიმ და უბანში გაიქცა.
მთელი ღამე უყურებდა ბოლივუდის ძერევნია ფილმებს და იცინოდა. თქვე ბანძებოო. თქვე ქაჯებოო. უხაროდა, რომ მის ქვეყანაში უფრო მაგარი კინოების გადაღება იცოდნენ. უკვირდა, ამათთან რა მინდოდა. ან ამათ ნაშაზე როგორ ავვარდიო. 
კი იცინოდა, მაგრამ ძალიან იყო გამწარებული. მერე ადგა და ტელევიზორს წიხლი ამოარტყა.  მაინც ევასებოდა აიშვარია. მაგარი ლამაზი გოგო იყო თქვენს თავს ვფიცავარ.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge