გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაია მახარაძე - მერედა, არ გეშინოდა?

      
          ავტობუსი უღელტეხილს მიუახლოვდა.
          ოფლით პერანგგაწუწულ, თოხისტარზე ჩამოსვენებულ, წელკავგამჯდარ 
გლეხკაცივით ჩაიქოთქოთ-ამოიხვნეშა და გაჩერდა. 
ჯიქანჯიშიან, გვერდებ და საბაზრო ჩანთებსავსე ქალისაგან შევიწროებულ - 
შეწუხებული ახალგაზრდა წვეროსანი წამოდგა და მოპირდაპირე სავარძელში, 
რომელიც ახლახან გათავისუფლდა, გოგონას გვერდით  მოთავსდა.
გაჩერებაზე ავტობუსს რამდენიმე მგზავრი შეემატა. მომდევნო გაჩერებაზე კი ისე 
გაიჭედა, ტევა აღარ იყო.
სარკმელს მზერამიპყრობილმა გოგონამ ახალ თანამესავარძლეს წამით მოუხედა 
და წამსვე დაუბრუნა მზერა სარკმელში კინოკადრებივით ცვალებად სივრცეს. 
მის ქალურ გუმანმგრძნობელობას არ გამოპარვია წვეროსანის თვალთაგან 
არეკლილი გამჭოლი სხივების მცხუნვარება, რომელიც სარკმელს მომდგარი 
მზის ვარვარა დისკოსავით უწვავდა პროფილს...

- საშინელებაა, როცა ესმით შენი მოქმედება, მაგრამ, - უცნობის ხმამ პროფილნახევრით შემოაბრუნა გოგონა. 
- ალალბედზე ნაპოვნი განძეულივით, არავინ დამასწროს აღებაო, სწრაფად აიტაცა ვაჟმა მისი შემობრუნება და ჰკითხა:
- ვინა ხართ თქვენ? - უცნაურ შეკითხვას გოგომ დუმილით უპასუხა.
- ყოველ მეტყველს ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება უნდა შეეძლოს და უცნობის გამოლაპარაკება მიუღებელად  არ უნდა მიაჩნდეს.

   ვაჟის სიტყვებმა უცნაურ თანამგზავრისაკენ შემოაბრუნა გოგონა, თვალები 
გაუსწორა მოსაუბრეს და უპასუხა:

- მხოლოდ მეტყველებას არ ძალუძს ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება, არც ადგილის გამოცვლას,- დასძინა.

- მაშ რას ძალუძს?..
- მეცნიერებმაც კი ვერ ახსნეს ამის პასუხი.
- პასუხი მე მაქვს, - თქვა ვაჟმა და დასძინა: დიახ, მეტყველებას შეუძლია ყოველ სულიერთან საერთო ენის გამონახვა, თვით ცხოველთა მეფესთანაც კი, მაგრამ 
მეტყველი დუმს მაშინ, როცა მისი სიტყვა  მალამოა, ხოლო დუმილი ტკივილი.

- ხუმარა ყოფილხართ, რამეთუ მალამო თქვენი ტკივილისა, მე არა ვარ.
- სამაგიეროდ აზრთა გულთამხილველი ჩანხართ. თუ შეიძლება სახელი მითხარით.

- არ მოვნათლულვარ...
- გვარი?...
- გვარი რომ მქონოდა, მომნათლავდნენ.
- მაშ ვინა ხართ?
- ადამიანი.
- მაშინ გავუგებთ ერთმანეთს.
- თქვენც ადამიანი ხართ?
- იმედია გამოიცნობ,-უპასუხა ვჟმა და ჰკითხა: რას საქმიანობთ?
- სამყაროს შეცნობაში ვვარჯიშობ. პლანეტებს ვაკვირდები. ხომ ხედავ რამდენმა ახალმა პლანეტამ იჩინა თავი.
- ახლა თქვენ ხუმრობთ?
- არა, მე საერთოდ არ ვხუმრობ. 
- ჭერი თუ გაქვს?
- მაქვს. 
- საოცარია. მას ვისაც სახელი და გვარი არ გააჩნია,  ე.ი. ფიზიკურად არ არსებობს. 
თუკი ფიზიკურად არ არსებობ, ვინ მოქცა ჭერი?
- სადაც მე ვცხოვრობ, იქ მიწა არაა.
- მაშ მიწაზე რისთვის მოხვედი?
-სტუმრად.
- მერედა არ გეშინოდა მიწის?
- მე ხომ არ ვიცნობდი მას...
- ახლა?
  - ახლა მეცოდება...
  - ვინ ხართ თქვენ ?- კითხვა გაუმეორა ვაჟმა.
  - მე ფიქრი ვარ ყოველთა,  რომელიც იმას გამოხატავს, რაც ადამიანის სულს 
ტკივილს უამებს და იმედით ავსებს.
- უცნაური გოგონა ხართ  „ფიქრო“...
  -  ჯერ კიდევ არ ვიცნობ  „მე“-ს, რადგან იგი ადამიანებთან  ურთიერთობაში არ გამომიბრძმედავს,
მათივე შინაგანი სამყაროს გრდემლზე.
- შორს მიდიხართ?
- საფლავები უნდა მოვინახულო. მათთან ვალში ვარ.
  -ვისთან?
  -საფლავებთან, რამეთუ მკვდრები არ ლაპარაკობენ.
  -მართლაც შორი გზა გქონია, ჰო , შორი...
  - რუბიკის კუბიკივითაა ერთმანეთში არეული მიწები. არ მოიძებნა ამ კუბიკის ამომხსნელი...  
საფლავებიც თავის ადგილს იპოვნიან, ამისი მცოდნე, რომ იყოს, 
მაგრამ...

- ჰო, ეს მაგრამ ყველგან ორჭოფობს, მაგრამ... მაგრამ ქარები წივა, ფოთლები ცვივა, 
ასველებს წვიმა ნათელ იმედებს, 
ფიქრი გვათრთოლებს,  ხედვა გვაწვალებს 
და მიწა ჩვენი, რობოტების ებრძვის ნაკვალევს...
-ვისია?
-რა?
-ლექსი, ვისია?
-ღმერთმანი, აღარც კი მაგონდება, ისე, მაგრამს მოჰყვა...
-?-...
-რატომ ჩფიქრდი, -გოგონას თვალები მოაპყრო ვაჟმა.
-მეგონა წერდი...
-ვწერდი? ჰმ! არა, მაგის ბედნიერება არ დამანათლა მუზათა მეუფემ. 
მე სალამურებს ვაკეთებ, მესალამურე ვარ...
-უკრავთ კიდეც?
-სხვაგვარად ვერ გააკეთებ სალამურს და თუ, ის სალამური მგრძნობიარე და გულთამხილველი ვერ იქნება.
მეგონა გაიოცებდი ჩემს ხელობას...
-მე იმას ვიოცებ,  ვინც დღეს,საქართველოში, სალამურისა და აკვანის 
გათლას თაკილობს. ხომ არ სტყუით?
-არა, რას ამბობ, - აი ამაში, (გაზეთი გახვეული ნივთი უჩვენა) სალამურია, 
მეგობართან მიმაქვს საჩუქრად.
-დაუკარით.
-ავტობუსში?
-ავტობუსში...
-უხერხულია, რას იტყვის ხალხი...
-ხალხისთვის გთხოვ მხოლოდ...
      ...პირველსავე ჩაბერვაზე, ყოველი მგზავრის მზერა  ქალ - ვაჟისაკენ მიიქცია. 
ერთი მოხედვა მძღოლმაც მოიხედა. წამში შეწყდა ზოგთა კამათ - მასლაათი 
პირადსა თუ საზოგადო საკითხებზე. ასევე გაიწ - გამოიწის ძახილი სავარძლებში მოკალათებულთაგან,
რომლებიც გვერდით მდგომთ ვერ იტანდნენ და 
უსიტყვოდ, იდაყვების ჯიკავით აგრძნობინებდნენ,  ნუ გვაწუხებთო...
სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მგრძნობიარე ჰანგმა დაფარა თვით აღმართ -დაღმართებისაგან გადახურებული ძრავის ხმაც...
ეს არ იყო მარტო ჰანგისგან გამოწვეული დუმილი,  ეს გაჩუმება იყო ყოველი მგზავრის გადახსნილი მკერდი,
რომელშიც საჭრეთლით ამოკვეთილიყო ქართული სული. 
ეს იყო ამ ჰანგის მიერ  სხვადასხვა ბუნებისა და აზრის,  წამიერად ერთ მთავარ აზრად შეკავშირება...
                 სალამურმა შეწყვიტა კვნესა. ყოველთა სულში მტკივნეული სიმი შეირხა.
მორიგი მელოდიის მოლოდინში მგზავრები შეთანხმებულივით დუმდნენ, 
მაგრამ, რომ აღარ განმეორდა, პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდნენ, მით 
უფრო ახმაურდნენ...
      ...ვაი, რომ ადამიანებს ტკბილად მოსასმენი ხმის გაგონებისას ძალუძთ ერთ მთლიანობად იქცნენ,
ერთ აზრად შეკავშირდნენ, ხოლო  განსაცდელის ჟამს, მხოლოდ თავდასაცავად აღმართონ მახვილი და
მარტოოდენ პირადი მიზნისათვის იბრძოლონ...
-„ფიქრო“, სინამდვილეში რა გქვია? - ჩაეძია ვაჟი.
-სინამდვილეში?, ჰო, სინამდვილეში... პაუზა გააკეთა და დასძინა: სინამდვილეში 
არავინ არა ვარ. რამეთუ  ჯერ,  ადამიანს,ადამიანური სახელი, წოდებად არ ღირსებია.უბრალოდ ფიქრი დამიძახე.
თუმცა, სადაცაა ჩავალ და 
ამ ადგილს სხვა დაიჭერს...
-არა „ფიქრო“, არ დამტოვო, რომ ჩახვალ,  ფიქრები გამაწამებს, დამღლის...
-სამწუხაროდ,  ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ისინი,  ვისაც ერთმანეთის 
უხმოდ ესმით, ერთმანეთს  შორდებიან. შეგიძლია მესტუმროთ. გაიხედეთ, 
აი იმ ქუჩის ბოლოში, ჩემი სახლი დგას, სულ ბოლოში, მარცხნივ...
-და მე უცხო... მოვიდე?...  უხერხული არ იქნება?...
-აკი გითხარი, სადაც მე ვცხოვრობ იქ მიწა არაა.
-ჰო, მითხარი... მოვალ,  უსათუოდ მოვალ...
                ...გოგონა ჩავიდა. აუჩქარებლად მიაბიჯებდა . სურდა უსასრულო 
ყოფილიყო სავალი. სალამურს კვნესა გაახსენდა. სიმღერა მოუნდა. უხმოდ 
ჩურჩულებდა გულში მგრძნობიარე სტრიქონებს...
პატარძალივით სათნო და ფერმკრთალი მთვარის შუქზე, საკუთარი ორეული, წინ უსწრებდა...
აქა-იქ შემორჩენოდა მასავით გვიანი მგზავრნი ქალაქს...
მის წარმოსახვევში ფიქრთა გორგალი ჯერ დაიბლანდა, შემდეგ გონების ღრძზე 
აეხვია, გაიზარდა და მოზღვავდა. უცებ გაიფიქრა:  ახლა ვინმე რომ მოვიდეს და...
შეაჟრჟოლა, - შევშინდი? - გაივლო გულში. ნეტავ ჩემი თუ ეშინია ვინმეს ამ 
ღამით? - გაიფიქრა.  ამის გაფიქრებამ უნებული ღიმილი მოჰგვარა. ამ ღიმილისაც 
შეეშინდა.  ვაითუ ვინმემ შემნიშნოს ღიმილიანი, მარტო...  ქალი...
საოცარია, რატომ არ შევდივარ აი იმ ცისფერ სახლში, ან იმ აგურისფერში? 
თუნდაც იმ პატარა, ორღობის შიგნით მოქცეულ ფარღალალა ქოხში, რომელიც 
ქალაქის ფონზე, უბადრუკად გამოიყურება. ჰო, რატომ, მათშიც ხომ ადამიანები 
ცხოვრობენ.  მე ხომ მეშინია?  რისი? რისი არა, მართებული იქნება თუ მკითხავთ,
ვისი? განა ძნელი ამოსაცნობია? ვისში ხომ ადამიანები იგულისხმება?
ნეტავი რა მოხდება, რომ შევიდე რომელიღაც გაჩირაღდნებულ სახლში? იქნებ 
მათში კეთილი ადამიანები ცხოვრობენ.
თუ ისინი ჩემი  სისხლისმიერნი არა,   ვიღაცის ძმები, დები, მშობლები, 
მეგობრები ხომ არიან?
რატომ,  რატომ არ უნდა შემეძლოს მათთან მისვლა, როცა ჩვენ ერთ მშობელ 
მიწაზე  ვცხოვრობთ და ერთი ზიარი ზეცა გვახურავს?!..
რატომ უნდა მეშინოდეს შენი ადამიანო? ნუთუ არ გესმის, რომ არ ვიქნები მე, 
არც შენ იქნები. არ იქნება ის,  არც ისინი იქნებიან და გარდა სტიქიონისა, 
აღარავინ იქნება ამ მშვენიერი სამყაროს აღმქმნელი ისე, როგორც ეს ადამიანს 
შეუძლია...
ღმერთო! არსებობს კი იმაზე დიდი ტრაგედია,  როცა ადამიანს ადამიანის ეშინია?..
როგორ მიიჩქარიან ჩემსავით კენტები. იქნებ ისინიც იმასვე ფიქრობენ, რასაც მე. 
იქნებ ახლა ჩემიც ეშინია ვიღაცას და ეს სრულიად არაა სასაცილო...
ადამიანებო! განა ერთხელ მაინც ჩაგვიხედავს ერთმანეთის სულში? რატომ, 
რატომ უნდა გვშინოდეს ერთამნეთის?  ან მას, ვისაც შეუძლია ადამიანის 
სიცოცხლის ხელყოფა, გააჩნია ის ღვთიური გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია?
და თუ გააჩნია ეს უძვირფასესი განძი, ადამიანის სისხლში გასვრილი ხელებით
როგორ შეუძლია საყვარელ არსებას მიუალერსოს? ან არის კი სისხლში 
ხელებგანბანილი ადამიანი  ვინმესთვის საყვარელი?...
აი, ჩემს წინ, კლდესავით ვჟკაცი მიდის. ნაცვლად იმისა, რომ დავუძხო, მის 
გაშლილ მხარბეჭს მთრთოლვარე გული შევაფარო,  მისი უზარმაზარი 
ჩრდილისაც მეშინია.
განა სიკვდილისა? არა,  რწმენის  დაკარგვისა მეშინია ძლიარ სქესთა მიმართ. 
არ მინდა მწამდეს, რომ ყოველი მამაკაცი ერთმანეთის  ანალოგია...
მეშინია მეთქი და ნაბიჯს ვერ მოვუჩქარე. როგორ მინდოდა ამ მყუდრო ცისქვეშ,
მთვარესა და ვარსკვლავების ფონზე, უსასრულო ყოფილიყო როგორც სავალი გზა,
ასევე ფიქრთაფაფარაყრილი რემა, სარევანშოდ  გამზადებული... 
   ...გამოჩნდა.  გამოჩნდა ჩემი სახლი. აი მისი მაღალი, თეთრი კედელი.
   მივუახლოვდი. უკვე ზურგით ვეყრდნობი და შიშიც გაქრა. მაგრამ იგრძნო 
ვინმემ, რომ მეშინოდა?
ჰეი! ხალხნო!  საით, საით მიიჩქარით? ნუთუ ჩემი ქუჩის გეშინიათ? ეს ხომ ჩემი 
უბანია,   აქ არავინაა საშიში.  ხომ ხედავთ,ლამპიონები როგორ ანათებენ.  ისინი მე 
დავდგი, რათა შუქი მოჰფინონ წყვდიადს. კიდევ ერთი, თქვენ შგიძლიათ 
შემოხვიდეთ ჩემს ჭერქვეშ, ჰო, შეგიძლიათ, რადგან აქ კეთილი ადამიანები ცხოვრობენ...
ო, ღმერთო! მაგრამ რა იყო წეღან? რატომ მეშინოდა ასე?..
რატომ?  იმიტომ, რომჩვენ, ადამიანებს, არც ჩაბნელებული ქუჩების, არც 
წარმოსახული ვამპირებისა და სატანების არ გვეშინია! არც სტიქიისა და არც 
უკუნი ღამისა. ჩვენ ერთმანეთის გვეშინია მხოლოდ...
საით, საით მიიჩქარით ადამიანებო?! ნუთუ იქითკენ, საიდანაც შიშის გრძნობით შეპყრობილი აქეთ მოვიჩქაროდი?
ნუთუ თქვენ იქ გელოდებათ თქვენი მაღალი, თეთრი კედლები?!

1999წ.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge