გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სოფო წულაია - ლექსები


დაბადება 

    ,,მე იმაზე მეტად როდი ვარ დედაშენი,
ვიდრე ღრუბელი"... -  სილვია პლათი 

გამხმარი ხეების ძვლებივით აშრიალდა ქარის შეხება ქალის სხეულზე
და სახლმა, სადაც აკვანს მუდამ სიკვდილის 
სუროსფოთლებშემოკრული ხელი არწევდა,
ჩვილის ტირილი გამოისხა მზისფერ მტევნებად.
– ბავშვი საიდან? – კითხულობდა უცნობი მგზავრი,
– ამ ქუჩაზე ხომ კაცს არასდროს არ ჩაუვლია?!.
ამ გზაზე მუდამ აფხიზლებენ დაგეშილ მწევრებს
და თუკი ვინმეს ასახვევთან თვალს შეავლებენ,
მივარდებიან და მჭლე ფერდებით მაგნიტივით შეისუნთქავენ
იმედების და სურვილების კამკამა ბელტებს.
და რა იცოდა უცნობმა მგზავრმა,
რომ ბავშვს, რომელიც ქალს აქამდეც უნდა ჰყოლოდა,
მის გარდა ყველა ქალი აჩენდა,
მაგრამ მაინც ვეღარადრით ვერ დაიბადა.
მერე ღრუბლებმა გადაწყვიტეს მისი დედობა –
განიერი თეძოები კიდევ უფრო გადაითქვირეს,
გამოშიგნეს ფიქრებიდან და სიზმრებიდან
ყველა სათუო წვიმა და თოვლი,
ყველა გზა და მთა, რომელიც უნდა გადაეტბორათ
და ტკივილების გასაყუჩებლად
ათასობით ცის მტვერი ყლაპეს,
ძლივს გაჩენილი პატარა ბავშვი კი იმ ქალს მისცეს,
მარტო რაფასთან იებივით ჩუმად ჯდომა
და დალოდება რომ შეეძლო  და დედობისთვის ერთხელაც კი არ უბრძოლია.
და ქალს როგორც კი ჩვილს შეხედა, სიხარულისგან ფრთები დასცვივდა –
ვეღარასოდეს ვერ შეძლებდა სადმე გაფრენას,
ვეღარც იმ კაცთან, სულ რომ ელოდა,
მაშინაც კი, როცა იცოდა, რომ დაივიწყა და არასოდეს დაბრუნდებოდა.
და იმ წამიდან ყველა ტკივილი მხოლოდ სიმშვიდის ხმას ასხივებდა
და ყველა იმედს მარტო იმედის სურნელი ჰქონდა – 
ეჭვებისა და შიშის ბასრი გემოს გარეშე.
და ყველა გზაზე ბავშვთან ერთად რომ გადაკენკა,
ქაცვის ადგილზე ცრემლიანი ია აყვავდა
და ჯოჯოხეთი სამოთხედ იქცა.


სამეფო კარის თამაშები 

იმ დღეს პირველად შევსრიალდი შენს ჯოჯოხეთში -
ხელები ხელზე რომ დამადე, მაშინ ვიგრძენი,
რომ გადმომენთო შენი წყვდიადი,
სულ რომ ანთია და ქარმა სული რომც შეუბეროს,
აღარასოდეს რომ არ ჩაქრება.
ფუტკრებივით დაეხვივნენ ღამურები
ჩემს გაშლილ თმებს და სარჭებივით ჩაეჭიდნენ ვერცხლისფერ ძირებს,
არც კი ფიქრობდნენ შიგ გახლართული სხეულების მისგან გამოხსნას.
შიგადაშიგ მინათებდნენ გზას ის სანთლები,
ერთმანეთზე გადაგრეხილს რომ ვანთებდი ყველა ტაძარში.
მეგონა, ჩვენი ერთადყოფნა ამიხდებოდა,
მაგრამ არ ახდა...
და კიდევ ერთხელ გამაცურა ჩემმა იმედმა და შენ წახვედი.
მე კი, რატომღაც, ცხადად მახსოვს ის ჯოჯოხეთი –
ხელები ხელზე რომ დამადე მაშინ შემეხო
და გადმომედო მისი ბნელი, სველი სიცივე.
ერთ ღამურას დავიტოვებ-მეთქი ვიფიქრე,
სამახსოვროდ დავიტოვებ-მეთქი
ჩემი ცალყბა სიყვარულისგან,
ჩემი უკანასკნელი სიყვარულისგან,
ჩემი ბოლო გაფართხალება სიყვარულისგან,
ჩემი პირანია სიყვარულისგან... რომელიც ისევე მალე გაქრა, როგორც მოვიდა,
მაგრამ აღარ მომინდა, მისგან რაიმე დამრჩენოდა -
ბოლო ღამურაც ამოვწიწკნე თმების ბუდიდან 
და ფეხებით შევადექი მის უშნო სხეულს.
ტუჩსაცხივით გადაეცხო შავი ფრთები დახლეჩილ ასფალტს,
სისხლის მაგივრადნემსებივით ჩარჭობილი
ჩვენი დღეები და ღამეები გადმოასხა ვიწრო ყელიდან -
ყველა დღე და ღამე გამოუწოვია,
და ჩემი სიყვარულიც გამოუწოვია
და ჩემი სულიც გამოუწოვია
და ვერ ვიხსენებ, როგორი ხარ, ან თუ რას ვგრძნობდი, როცა მიყვარდი.
უცნაურია: მარტო იმას ვგრძნობ,
როგორ გიდევს შენი ხელები სხვა ქალის მკერდზე
და როგორ შეგყავს ნელ-ნელა და სვენებ-სვენებით შენს ჯოჯოხეთში. . .
ამ ჯოჯოხეთში ჩემი სანთლები არ ჩირაღდნობენ,
მაგრამ შენ შუქის გარეშეც კი ბედნიერი ხარ.
ცუდია, როცა ყველაფერი ასე მთავრდება,
თან მიხარია, ჩემს ამბავში სულ რომ დამთავრდი,
ძლივს დამთავრდი, გაწელილი სერიალივით,
მილიონებს რომ გაუცრუა იმედები და 
თან გაიყოლა ჩემი გრძელზე გრძელი ზამთარი.
ცუდია: ჩემთან ძლივს დამთავრდი, ძლივს ჩაგიკითხე,
შენთან კი, ვიცი, არც არასდროს არ დავწყებულვარ.
ორი ამბავი მენანება გადასაყრელად -

1. ცხელი ზაფხული...
პატარა სკვერი...
ხის ვიწო სკამი...
სრული სიბნელე...
შენი ტუჩები ჩემს მფეთქავ ყელზე;

2. და "მარშუტკაში" ჩემი თავი შენს მხარზე –
სუნთქვა...
და სიახლოვე...
და სიმშვიდე...
და ძილი...
ძილი...
მაგრამ რატომღაც, ასეთ ამბებსაც ჰქონიათ ბოლო,
ჩვენი ამბავიც ჩაიფერფლა – აღარ აღსდგება.
ახლა რა ხდება? -
შენ კარგად ხარ,
მეც ძლივს გადავრჩი,
წარმოსახვა კი აღარ შემრჩა და ჩემს გარშემო ყველაფერი რეალურია.
ცუდია, როცა სიყვარული თანდათან კვდება,
და გული მწყდება, მაგრამ რას ვიზამთ,
ასეთია ამ ამბის ბოლო, ვერაფერს შევცვლით
და არც ვცდილობ, არც ვნანობ, მხოლოდ ამას გთხოვ -
ჩემკენ ნურასდროს გამოიხედავ!
ძლივს დაიძინა ჩემში გოგონამ
და მისი ძილი სიკვდილს მაგონებს...
არ იხმაურო, ძლივს დავაძინე,
ნუ გააღვიძებ  ჩემში დრაკონებს!..


გაუგზავნელი წერილები (გიოს)

N.1
ვამბობ:
- არასდროს მიყვარდი სხვების დასანახად...
უშენო დღეები კი აჯანყდნენ
და ჩემს გადასათელად დაიძრნენ.
ისე მოძრაობდნენ, თითქოს, ვინმემ დაარაპიდა -
ნელა და ტლანქად, რობოკოპებივით.
ამ დროს კი ჩვენს შორის გაწოლილ ორ ოკეანეს
თევზები ღრღნიდნენ მდუმარე ლაყუჩებით
და რიფებთან ერთად სიყრუე იწვა ჩემიდან შენკენ,
შენიდან ჩემკენ დაძრულ ყინულმჭრელ გემებს კი ცვილის
საჭრეთლები ჩამოეღვენთათ და აისბერგებს მიეყინნენ,
მაგრამ მე მაინც გელოდებოდი,
იმიტომ, რომ არასდროს მყვარებიხარ სხვების დასანახად, მერე რა,
თუ სხვის თვალში ასე ჩანდა.
მერე რა, სხვებს ასე თუ ეგონათ.


N.2 
ძილის წინ თვალებში ზღვას ვიწვეთებ
და გაფართოვებული
გუგებით მარტო იმას ვხედავ,
რისი დანახვაც შემიძლია
და არა იმას, რასაც მინდა, ვხედავდე.
დიდია ჩემი ტკივილი,
იმდენად დიდი, რომ ნათელს ისხლიტავს
და მდუმარე წყვდიადში მარტო შენ გხედავ.
- შუქი არ ჩააქრო, ხელი არ გამიშვა! - გეუბნები
და შენი შეხებებისგან გაცრეცილ სხეულს
სიზმრებში ვაწობ,
მერე აივანზე გაბმულ თოკზე ჩიტივით შემოვასკუპებ
და ვცდილობ, დარდისგან ბოლომდე გამოვაშრო.
ჩემზე დიდია ჩემი დარდი,
იმდენად დიდი, რომ კანი ვერ აკავებს
და სხეულის სხვადასხვა ადგილიდან
ბენზინივით წვეთავს.
მინდა, ვერასდროს დავინახო ის, ვინც
შენთან მაშორებს,
მინდა, სარკეში რომ ჩავიხედავ,
ჩემი თვალები ეჭვიანობას არ ასხივებდეს,
მინდა, მოვკვდე, ნეტა, მალე მოვკვდე,
ვიცი, გეწყინება.
მაშინ კი, როცა ცუდად ვარ, მინდა,
მოხვიდე და მუხლები დამიკოცნო,
თითებმა ფრთხილად გადაისრიალონ იმ იარებზე,
ბავშვობამ რომ დამიტოვა. . .
ქვიშიანი ზედაპირი ხელის გულებით მოასწორო,
იარებქვეშ ჭაობებად ჩაგუბებული ჩირქი და შიში
საბოლოოდ დაშრიტოს შენი ხელების სითბომ. . .
სული შეუბერო ჩემს ტკივილს,
ჩააქრეს;
არ დაუშვა, რომ მტვრად, ფერფლად, მდოგვის მარცვლად,
უნაყოფო ხედ, დაუმუშავებელ მიწად,
გამოკეტილ ნესტიან ოთახად, მკვდრებისგან დაცლილ სასაფლაოდ,
გადაუფურცლავ წიგნად, მკლავებამოკერილ ჩაუცმელ კაბად,
ფრთებდაგლეჯილ პეპლად,
მტრედებისგან გულგამოკორტნილ პურად
და სხვების გზად ვიქცე...
იქნებ, როგორღაც გადაფაროს მარტოობა შენმა შეხებამ,
იქნებ, დარდი ქვიშაზე დაბეჭდილ ნაფეხურებივით
უკვალოდ გაქრეს...
არ დატოვო ჩემი ტკივილი უყურადღებოდ,
არ დაგეზაროს ჩემთვის თოვლში იების ჩარგვა - გაიხარებენ,
ჩემი მოსმენა არ დაგეზაროს,
არაფერს გეტყვი, უბრალოდ მინდა ვიგრძნო, რომ მისმენ.

N.3
არ მომიყვე შენი უჩემო ამბები,
მეც არაფერს გეტყვი,
უღელივით დავიდგამ
უშენოდ გავლილ ყველა გზას კისერზე
და იმდენ ხანს დავიგუბებ ყელში მდუმარებას,
სანამ არ გადამცდება და არ დამახრჩობს;
ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ უერთმანეთო ამბები ერთმანეთზე, 
ჩვენ უნდა გვჯეროდეს,
რომ ერთმანეთის გარდა არასდროს არაფერი ყოფილა -
არც სიხარული,
არც ტკივილი...
ამიტომ ფრჩხილებით ავყრი ყველა ამბავს -
თითქოს ვიღაცის ცუდად დაგებული მეთლახია
და გეტყვი:
- გელოდებოდი!
შენ კი მიპასუხებ:
- ვიცი, მოვედი!არ მომიყვე შენი უჩემო ამბები,скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge