გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლელა კურტანიძე - ლექსები


***
აღარ რჩება ადგილი ძილისთვის,
მოვლენ ჭინკები
და შენს ჩამოწნულ თმებს
შეეჩვევიან.
თუ მომიკაკუნებ ფანჯარაზე,
დავინახავ შენს თვალებს,
როგორც ორ სანთელს,
მესამის გარეშე.
ისე იმსახურე ღამის კოშმარებთან,
აღარ დაგრჩა სხეული,
რათა დაენახე მათ,
ვისაც არ აქვს თვალები.
ჩამოვწერ სიტყვებს,
რათა მოგაგონდეს ჯაჭვი,
რითაც მიგაკრეს კლდეზე
და იტკინო
კიდევ ერთი ვერგანშორება.
ყურძენი ისე სკდება მზეზე,
თითქოს კიდევ ერთხელ შემეხე
და ჩემს სხეულს
ნეკნები გასცვივდა.
თუ ჩამოვედინები
შენს ახლოს მდინარედ,
ნუ იფიქრებ, რომ მოგადგა
წარღვნა
ან იორდანეში განიბანები..,
უბრალოდ შეხედე,
ჩემი თმები
ნაპირებზე თუ დაიყვავილებს.
როცა ვაღიარებ,
რომ მე ვარ მიწა,
დაიჯერე, რომ ყოველი მუხლდრეკა
ჩემს ამბორს უდრის.
დაე, ეგონოთ,
რომ იპოვე ღმერთი.
ყველა მოვატყუოთ!..
          


***

ღმერთო,
თუ მაჩუქებ ათიათას გულს
ერთის ნაცვლად,
დამჭირდება ამდენივე საგულე,
ვინაიდან ჩემი სხეული
ტატამი არ არის!
მოვიცელები საწოლზე,
გადავიგდებ თმას ზურგისკენ
და დავივიწყებ მრავალს
და ავკეცავ ფარდებს
- ჩემი განთიადებისკენ ჩაფენილს.
ღმერთო,
თუ ისე ძნელია ამ ერთ ღამეს
მე და ჭრიჭინებმა ერთმანეთს გავუძლოთ,
დამაბრუნე იქ,
საიდანაც დაიწყო მთვარის წელიწადი.
როცა მე გავხდები
ისევ სიზმრების ტყვე
ან წიგნების
ვერწაკითხულების.
იქნებ აღარ დამჭირდეს ათიათასი გული,
როგორც შელოცვა
ორღობეში,
ბნელ ორღობეში
,,გულო, ჩადექ საგულესა".
თუკი ასე მიჭირს
ვიყიდო ერთი მარცვალი ცის შეკავება,
და ვერ ვამბობ:
,,ლექსები იაფად!"
ნუ გამომიქანებ სილას
გადამწვარ სახეზე.
თუკი სიზმრიდან გამოვძვრები,
წიქარას ცხრაკლიტულში
ასჯერ შებრუნებულს
რაღა გამომიყვანს
კიდევ ერთი რაუნდის მოსაგებად
უცისკრო ტატამზე.
ღმერთო,
თუ მაჩუქებ ათიათას გულს
ერთის ნაცვლად,
დამჭირდება საგულე
და ჩემი გული
ბოლო სიტყვისათვის -
,,ამინ"!
                 


***
ხომ არ დამპატიჟებდი ფინჯან ყავაზე
იმ აივანზე,
საიდანაც დიდებულად მოჩანდა
ჩვენი მომავალი?
ახლა ირგვლივ მხოლოდ ნანგრევებია
და ქუჩა,
სადაც ლამპიონი მხოლოდ ღამით ანათებს.
გამომივლიდი,
მკლავს მკლავზე მომადებდი და 
დამალული ღიმილი მომკლავდა,
რადგან გაღიმება
სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალეს.
ჩვენ დავიზეპირებთ ყავის გემოს
და სუნი საუკუნო ფარდად ჩამოწვება
ჩვენ შორის,
ოღონდ ჩამოდი
მაგ სიმაღლეებიდან,
მზემ არ წაგიღოს.
მოვითხოვდი გაზაფხულს
სპონტანური შეხვედრის მახარობლად
და ჩემი კაბა
გავფინე მარადიულ წვიმაში,
აივანზე კი მოჩვენებები დგანან,
აწურულები
და გაკვირვებული მოგვჩერებიან.
უნდა დაგეცვა ჩვენი აივანი
და ყავის გემო,
რომელიც მოკლეს სიტყვებით:
„ნახვამდის",
ვინაიდან სიყვარულს არ აქვს
„ხვალ“,
არც „გუშინ“
და არც „დღეს“,
სიყვარული ყავისფერი მარცვლების
ორთქლადენილი არომატია!
ხომ არ დამპატიჟებდი ფინჯან ყავაზე?
იქნებ ვისეირნოთ ნაცრისფერ ქალაქში,
სადაც აღარ არის წვიმა
და მშრალია კაბა.
ლამპიონები საღამოს ექვსიდან ანათებენ.
ქარის ხმა ისმის,
მაგრამ ისიც ისევე წარმავალია,
როგორც სიტყვა „ნახვამდის“,
როგორც სიტყვა „ხვალ“,
რადგან ყავა მიცივდება
და მელის აივანი
უშენოდ,
უჩვენოდ!
უჩუმრად... 
                        


როცა სიცოხლე ავირჩიე

იქნებ ჩვენ ვირჩევთ დაბადებას?
იქნებ მაშინაც,
როცა არ გვქონდა ჩვენი სხეული,
მეტი საკუთარი თავი გვქონდა?
სადღაც, დროის მიღმა,
ლაგამაწყვეტილი ურჩი ცხენებივით
კოსმიურ ომებში ვიმარჯვებდით
და თმებს დაჰკრავდა
უფრო ელვისფერი,
უფრო ცეცხლისფერი მბზინვარება.
იქნებ ავირჩიეთ ჩვენი სხეულები
მეტი სიცოცხლისთვის,
ჩვენი ქალაქები რომ აგვეშენებინა...
იქნებ მოგვბეზრდა გამზადებული ბედნიერება?..
ჩვენი არჩეული სხეულები,
ზოგი დიდი და ზოგი მომცრო,
ფიზიკის რომელიღაცა კანონს დავუქვემდებარეთ
დაფარული გამჭვირვალე ღინღლით
და უხილავი ფორებით, როგორც სარკმლებით დავიწყებული ბედნიერება.
უჯრედები,
სხვადასხვა ფორმის,
გაჟღენთილი ლიმფოციტებითა და კიდევ რაღაც-ციტებით,
რომელსაც აკლია კალცი,
თუთია,
,,ა" ვიტამინი;
ძარღვები, წითელი ვნების რბოლის
ადგილი.
ახლა ვწევარ
და ვიხსენებ იმ არდროს,
რომელიც არ მახსოვს
და ვნატრობ,
არ მქონდეს არჩევანის უფლება.
           

***
ბავშვი პატარა,
ყვითელი შარვლით...
ცივი ქუჩები
ლაპარაკობენ გაბმით,
ჟრჟოლვით.
შენობებს შორის
ტერფებს აეკრა ქუჩის მტვერი.
ყვითელ ფოთლებში
ჩახუტებია დედას ბავშვი;
გამიმეორე...
ღელავს ქალაქი,
ნერვიულად მისწვდა სიგარეტს,
ბოლთას სცემს კვამლი
და ტუჩებმა ბინდი არია.
ქუჩა და ბავშვი შემოდგომის ქალაქს აოცებს
და შენობებიც ძილ-ბურანში აღარ არიან.
ლურჯად ციმციმებს დაფა,
სისხლი წაერთვა ძარღვებს.
ღიმილი გასცდა რკინის სვეტებს,
 - წლობით ნაგროვებს
და შეერია მოლოდინით მომზირალ თვალებს,
ვით ჩქაროსნული მატარებლის
უხმო ვაგონებს.
დედა და ბავშვი
ერთ ქალაქში...
ერთი სხეული
მთელს ქალაქს ფარავს
ხელისგულზე ცხრაფრად გადაშლილს,
ვერც შემოდგომა
ან ზაფხული
ანდა ზამთრი
ან გაზაფხული ამ ქუჩიდან მათ კვალს ვერ წაშლის.
გამძაფრდა ბინდი,
ყავის სუნი აწყდება ფანჯრებს,
სინათლის ქურდი
იპარება ქარის ნიღაბით,
სადღაც კივილით შვილი დასწვდა
დედის სიგარეტს
და მოლანდებამ შემოისხა
შიშის პირბადე.
შეკრთნენ ხელები,
შემოეჭდნენ მომავლის სურვილს.
თბილი ქურთუკით მიყრდნობია
ამინდი მხედარს
და ყავის სუნი
შერევია ვნების საცდურით
ყვითლად და ლურჯად დაზვინული
ფოთლების სევდას.
დამშვიდდა დაფა,
ბოლო მგზავრიც მიადგა კარებს
და ქარიც ჩადგა,
მიუტოვა მეწყვილე ფოთლებს,
დედა და ბავშვი
ამ ნაკვალევს
და ამ იმედებს,
ამ შიშველ ძარღვებს იგი აღარ გაიმეორებს.
ყველა წავიდა.
ლურჯი დაფა ჩაცხრა ცისფერად.
მტვრის და ფოთლების შერკინებას
ბოლო არ უჩანს.
ამ დედა-შვილის ტრაგედიაც დასაბამიდან
გვიანი მგზავრის ნაბიჯებით
მოჰყვება ქუჩას.
გაწყდა მზერა და მიეჯაჭვა
ყავისფერ მასას.
აორთქლდა ყავის ბოლო ყლუპის
ეს სიმარტივე
თვალის ჭრილს შორის მოქცეული
მათი წარსულის
მომავლისა და
აწმყოს გრილი არომატივით.
  
                  

***
ისლი,
დაბურული ქოხი და
მე.
წეროები,
ლერწმები და
ტყემლის ყვავილები.
თოვა.
ხის ღობე,
კვამლი,
სათბური.
მინიშნება,
რომ ლოცვა
დროზე მეტია...
ღორღი,
შხეფები,
შებინდება,
ნათება.
ხახამშრალი წარსული.
გმირები
ცხენებს დარაჯობენ!
კირქვა,
ბარძიმი,
ერთი კონა შეშა
და ცეცხლი ტყეში.
არტემიდა,
შემიწყალე!
გრიგალები.
გოლგოთა.
სევდის მასივები.
კანი. შეშუპება.
ეროზია.
გვემა.
გემი.
გიშრის გირლანდები.
ლილეო...
ო, დედაო,
კალთიდან გივარდები!
ყელში წაჭერილი
სიჩუმე.
ბურთები.
ბავშვები სადღაც წასულან...
ყვითელი ფურცლები.
მახე.
მებადური.
ჭილყვავი.
ჭილობი.
ჭრილობა...

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge