გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნენე გიორგაძე - ლექსები

                      
                                    კრებულიდან «შუქნიშნები და ადამიანები» 



პარიკმახერი რიტა
თვალებს ვხუჭავდი, 
როცა რიტას ხელი ჩემს თმაში რბილად დაცურავდა,
მაოგნებდა მისი გრძელი ნაწნავი, 
პარიკმახერები რომ ასე იშვიათად ატარებენ.
ვინც სხვის თმებს ჭრიდა მთელი ცხოვრება,
საკუთარს აგროვებდა .. 
საპარიკმახეროში მუდამ სპეციფიკური სუნი იდგა. 
რიტას მომლოდინეთა სიჭრელე იყო თვალშისაცემი.
თუმცა, განსხვავებული ასაკისა და ინტერესების ადამიანებს
ერთი რამ უეჭველად ჰქონდათ საერთო:
რაიმე შეეცვალათ, თუნდაც, ვარცხნილობა. 
საერთოს  მიზეზისხვადასხვა იყო –
მოწყენის დამარცხებიდან თავდაჯერებამდე ..
რიტას უეცარი სიკვდილის შემდეგ 
იმ საპარიკმახეროში ვეღარ შევდივარ,
არ მინდა დავინახო სხვა იმ სარკესთან ..
ვიფიქრებ, რომ ისევ იქ დგას,
გრძელი ნაწნავითა და მაკრატლით ხელში –
ალბათ, ასე დავხატავდი სიცოცხლის ქალღმერთს,
რომელმაც თმებადქცეული დრო უნდა შეაჭრას ადამიანებს ..

მკვლელი
თუ არ გამოგიცდია, გამოსცადე:
რაც უფრო ნელა და ღრმად შეხვალ 
მსხვერპლის სხეულში,
მით უფრო ძლიერია ორგაზმი.
თავიდან ზომიერად უნდა აღეგზნო 
და მსხვერპლიც ააღელვო,
დანა ერთბაშად კი არ უნდა დაუსვა კანზე,
სისხლი თქრიალით რომ არ წამოვიდეს,
არამედ – ფრთხილად, ფაქიზად.
და საერთოდ, ნუ დაუძახებ “მსხვერპლს”.
ის შენი საყვარელია, ათასმეერთე ღამის კახპა.
დანის წვერით სიყვარული უნდა აუხსნა,
რკინის სიცივე აგრძნობინო,
ჟრუანტელი მოჰგვარო.
თუ ასე მოიქცევი, 
ვნება ჩაანაცვლებს შიშს
და სისხლის სუნი უცხო აღარ იქნება,
ხოლო ფერი –
მხოლოდ საღებავის ერთი მოსმა,
მხოლოდ ერთი მონახაზი

რადიო
იცი, რა არის ჩემი პრობლემა? ტელეფონით ვერ ვესაუბრები ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. ქალაქებში, ქვეყნებსა და კონტინენტებზე ვართ გაფანტული, და ჩემთან რომ დღეა, მათთან ღამეა... ან, თუკი ვიპოვით ისეთ დროს, ადამიანური საუბარი რომ შეგვეძლოს, ერთ-ერთი მაინც ყოველდღიური რუტინის ქსელში ბუზივითაა გახლართული და საუბარი არაფრით გამოგვდის. მოკლედ, ტოტალურად დრო-სივრცეში ვართ აცდენილი. ამ ტექსტური მესიჯების კრეფითაც დავიღალე, მინდა ხმა გავიგო, ინტონაცია დავიჭირო, ეს ოხერი სიტყვები ხომ ტანსაცმელია, რომელიც მხოლოდ  ფარავს სიშიშვლეს. მე კი შიშველი ბგერები მჭირდება, მათი კანი თავისი ფაქტურით და გრაფიკით უფრო მეტს მეტყვის, ვიდრე საუკეთესო დიზაინის ეთიკა. მოვტყან კულტურა, მოაშორე ეს ტანსაცმელი, ფორმამ საბოლოოდ გამოშიგნა, მოკლა სათქმელი, სიცარიელე შეიფუთა ყველაზე ძვირად. მხოლოდ ხმა მინდა რომ გავიგო, იმაზე უკვე აღარ ვდარდობ, რომ ვერავის ვეღარ ვნახულობ, აღარც მინდა არავის ნახვა. ისევ ტანსაცმელი, ისევ ღიმილი საუკეთესო დიზაინის. მე კი უტიფარი და  შიშველი ხმა მჭირდება

ბიუსტჰალტერები
ქალის მკერდის კოლექციას აგროვებდა. 
ერთი და იგივე ძუძუების ფერება როცა ბეზრდებოდა, 
სამახსოვროდ ლიფს იტოვებდა
და მერე სურათივით კიდებდა კედელზე.
სახლში ბიუსტჰალტერების გამოფენა ჰქონდა.
ბამბით გამოტენილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის 
ლიფების ქვეშ წვრილი ასოებით სახელები ეწერა.
მაგრამ კერტები არ ჰქონდათ ლიფებს, 
არც – მაგიური ვარდისფერი წრეები კერტების გარშემო.
ფოტოების გადაღება უნდოდა,
მაგრამ ქალები იშვიათად აძლევდნენ ამის უფლებას.
ერთხელ დაესიზმრა, რომ ბიუსტჰალტერზე იქორწინა.
ქუჩაში ერთად დადიოდნენ, 
მანქანაში გვერდიგვერდ ისხდნენ,
ლოგინში ერთმანეთთან ჩახუტებულებს ეძინათ.
გაღვიძებულს გაახსენდა, თავდავიწყებამდე როგორ 
ულოკავდა მკერდს ერთ ახალგაზრდა ქალს, რომელიც 
ეს-ესაა დედა გამხდარიყო, როცა ენის წვერზე იგრძნო 
ძუძუდან გადმოღვრილი რძის სიტკბო.
კაცმა პირველად გაუსინჯა დედის რძეს გემო

ჭრილობა                  
გამომართვი გასაღები,
გახსენი კარი და შეაბიჯე ჭრილობაში.
შეგიძლია, ტახტზე წამოწვე და დაისვენო,
ან სამზარეულოში შეხვიდე შიმშილის მოსაკლავად.
გინდა, წავალ, გავისეირნებ, ხელს არ შეგიშლი.
გინდა, სადილს გაგიმზადებ, 
მუსიკას ჩაგირთავ, ფარდებს ჩამოვაფარებ.
ნუ დაივიწყებ – ღრმაა ჭრილობა, ძნელად ხორცდება.
თუ ალოკავ, ძაღლივით დაიწკმუტუნებს 
ან კატასავით დაიკნავლებს.
შეგვიძლია, სულაც, ექიმობანა ვითამაშოთ,
ოღონდ, ერთი პირობით: როლში ძალიან არ შეიჭრა,
არ მაგრძნობინო, რომ ნამდვილ ჭრილობასთან გაქვს საქმე,
გახსოვდეს, რომ ყველა ჭრილობა კარია: დაკეტილი ან ღია. 
გასაღები კი შენს ხელშია

მტვერი          
არაფერია იმაზე უფრო მშვენიერი,
ვიდრე  შიშველი სხეულები 
გვერდიგვერდ მწოლი მოხუცი წყვილის.
ბავშვობაში ბიჭი მიყვარდა. 
ერთხელ, ფეხბურთის თამაშისას,
ამ ბიჭმა გოლი გაიტანა. 
მივირბინე და ლოყაზე ვაკოცე.
ზედა ორი კბილი აკლდა, რომ გამიღმა.
სკოლას როცა ვამთავრებდი, ბიჭი მიყვარდა.
წლების მერე შემთხვევით შემხვდა 
და სახელიც კი ვერ გაიხსენა.
აღარაფერი გამიმხელია.
დაჭკნა ნაჩუქარი ყვავილი წიგნის ფურცლებში.
ქმრის გვერდით ვწევარ ცხელ სილაზე,
რომელზეც თითებით მოვხაზეთ წრე 
და მერე ვთქვით: ნურავინ შემოვა აქ,
ეს არის ჩვენი ტერიტორია,
ჩვენი კუნძულის ქვემოთ ზღვაა.
ყოველდღე  სიხარულს გიზიარებ 
და გაჩვენებ ჩვენი პატარა შვილის განავალს ქოთანში.
რაც არ კვდება  – სიყვარულის ანაბეჭდია .. 
ამ ფიქრებით ვცლი შვილის ქოთანს.
არ მინდა ახალი სათამაშო, ბებო, მალე შენთან მოვალო, –
შვილიშვილის ხმა ტელეფონში.
სარკეში ვამოწმებ გუშინ შეღებილ თმას. ვიწყებ ცხობას.
ნამცხვრის სურნელს მოჰყვება ქმარი.
მოგონებების ფრინველები წამოიშალნენ.
„შენი სხეული ისეთივე მშვენიერია, 
როგორც მაშინ, ორსულობისას.“ –
ქმარი დამჭკნარ კანზე მეხება. 
თითებს ვაყოლებ მის ნაოჭებს,
სიმებივით გაწოლილს შუბლზე,
და ხელის მშვიდი მოძრაობით მივიწევ ქვემოთ ..
მიწას ვასწორებ ქმრის საფლავზე
და მახსენდება ძველი ფოტო –
ქოთანში ჩვენი პატარა შვილის განავალი –
რომელზეც გუშინ მტვერი გადავწმინდე

High Heels
როცა მაღალი ქუსლები ემტვრეოდა ფეხსაცმელს,
მხოლოდ მაშინ მახსენდებოდი.
შავ-თეთრი სლაიდები მეხსიერებასა და რეალობას შორის
აჩქარებული ტემპით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
კარგად იცი, რომ რიტმი ჩემი ბნელი და საშიში სტიქიაა.
როცა მივრბოდი, მომტვრეულ ქუსლებს სპერმის სუნი ასდიოდა.
მარტოობის აქსესუარი, როგორც ორ თვალს შუა გამოზრდილი ცხვირი,
წითელი ფერი იყო სხეულის რომელიმე ნაწილზე.
ვიცი, შემისწორებ, რომ წითელი მარადიული ვნებაა,
არ შეგედავები, რადგან იგი მარადიულ მარტოობასაც უდრის.
როგორ  მინდოდა, ერთხელ მაინც ამეკრიფა 
ყველა ის მომტვრეული ქუსლი,
ხელჩანთაში  ჩამეყარა კოსმეტიკის ნაცვლად და
შენთან ასე მოვსულიყავი. მიმიღებდი წითელი პომადის გარეშე?
გახსოვს, ჩვენი ბავშვობის ფოტო:
მე და შენ ძველებურ აივანზე უდარდელად ვიდექით 
და ვერც კი წარმოვიდგენდით, რას ვუმზადებდით ერთმანეთს?
ან ის თუ გახსოვს, შენი ქალების კალეიდოსკოპის ფონზე 
მაღალი ქუსლების ტარება რომ დავიწყე?
„ჰაეროვნად მოძრაობენ შენი ქუსლები,  
თითქოს კენჭები წყლის ზედაპირზე 
ფაქიზ რგოლებს ტოვებენ“, –  შენი სიტყვებია. 
კარგა ხნის მერე წამოგცდა, რომ მეძავების ქუსლები გერჩივნა ..
ვიცი, მეტყვი, რომ ეს ჩემი დაუსრულებელი იმპროვიზაციებია
სიყვარულის თემაზე, მაგრამ ორ ადამიანს შორის 
ერთი და იგივე ხომ არასოდეს მეორდება?
დიახ, კარგად იცი, რომ რიტმი ჩემი ბნელი და საშიში სტიქიაა ..
მეტსაც გეტყვი: დუმილის რიტმი ყველა სხვა დანარჩენზე სწრაფია.
ამ დროს გესმის აჩქარებულად ურტყამენ ქუსლები,
ამ დროს იმტვრევა ყველაზე მეტი მაღალი ქუსლი
და მათი წვეტები ყველაზე საშიშ წერტილში ხვდება.
მეც მხოლოდ მაშინ მახსენდები

ბოქლომი
დიდი სატვირთო მანქანები ძირითადად ღამით მოძრაობენ. 
რა ჯურის ტვირთი აღარ გადააქვთ: პროდუქტები, 
სამშენებლო მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა ..
როცა გზაში არ არიან, მათი მძღოლები
სახლში რჩებიან და შეძლებისდაგვარად იკმაყოფილებენ 
სექსუალურ თუ სხვა მოთხოვნილებებს.
სვამენ ვისკის, იგინებიან,
და ნაკლებად ფიქრობენ ცოლების საყვარლებზე.
მათ მზეზე გარუჯულ დაბერილ კუნთებს 
მდუღარე წყალივით ასდის 
ოფლის სუნში შეზავებული ოხშივარი.
ისინი სხვა მძღოლებისგან არაფრით გამოირჩეოდნენ,
რომ არა უხილავი ბოქლომის ტატუ სახეზე –
მათ არასოდეს ეუბნებიან, რა ტვირთი მიაქვთ

ბანაობა                    
ლივლივებს წყალი ბავშვის ცისფერ აბაზანაში, 
წყალში თამაშობს ჩემი შვილის პატარა ხელი.
ვეფერები პაწაწინა შიშველ სხეულზე, 
ვუქაფავ ზურგს და ვფიქრობ, 
თუ რა ადვილია მისი დახრჩობა,
ხელის მარტივი მოძრაობა და 
მიყუჩდება წყლის დგაფუნი,
სრული სიჩუმე დაისადგურებს,
ალბათ სიბნელეც .. რა ადვილია ..
შორიდან ვხედავ, როგორ მაწვდის პატარა ხელი
აბაზანაში მოტივტივე თვალების კაკლებს,
როგორც ახალ სათამაშოს .. 
მეთამაშე – მეუბნება თაფლისფერი ღიმილი მისი ..
ხომ შეიძლება, სიყვარული უცებ გაგიჟდეს ..
ხომ შეიძლება, მოგეჩვენოს ღმერთი სატანად ..
წყლიდან სწრაფად ამომყავს ბავშვი,
მისი ფაფუკი პირსახოციდან 
სურნელოვანი ცვივა ვარდები ..
წამის სისწრაფემ 
სიცოცხლეშიც არაერთხელ გადამარჩინაскачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge