გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი ბალახაშვილი - ლექსები


* * *
ზღვის ტალღებს მოაქვს სუნი სიმლაშის.
სილაში.
ქაფის ქვეშ ისე ყრია კენჭები.
ვეჭვდები.
სანაპიროზე გადაგაწაყდით შენ და ნიჟარებს.
ბინა-იჯარით.
მალე იწვიმებს. ჰორიზონტის მიღმა მზე ჩავა.
ბეჩავი.
გამოცლილი გვაქვს ძალ-ღონე და ლუდის ბოთლები.
მგონი, ვლოთდებით.
ბოლო თეთრამდე დაიხარჯა ჩვენი ავისტა.
ცხელი აგვისტო.
მელანქოლია ჩამავალ მზეთა, მახსოვს ვერლენი.
ვეღარ გელევი.
მზე უნებურად ზღვის ფსკერისკენ მშვიდად დაქანდა.
გიცდი ბაქანთან.
მორჩა. წავედით. მე კი, კარგო, ასე მგონია,
სარფი, გონიო,
რომ სამუდამოდ შემორჩება კადრებად ხსოვნას.
ფრანგული კოცნაც!
ზღვის ტალღებს სუნი მოაქვს სიმლაშის...


* * *
ვფიქრობ, რომ დღესვე უნდა ვენახო,
საკუთარ შვილებს, ანუ ისინი,
ნახავენ მამას, შენ კი, ვენახო,
ამაღამ ნუღარ წაისისინებ,
უუჩემობას!
ვფიქრობ, რომ დღესვე უნდა წავიდე,
დროული არის ყოველი წასვლა...
ალიონზე კი ისევ თავიდან,
დავიწყებ გასხვლას!
ვფიქრობ, რომ დღესვე უნდა ვიმღერო,
სიმღერა, თუნდაც ვერდაბრუნების...
ყელიც მზესავით წამოვიღერო,
ვთქვა, ძღვენი არის ხოდაბუნები,
ხო და ბუნების-
სასმისი შევსვა!
ვფიქრობ, რომ დღესვე უნდა ვენახო
საკუთარ შვილებს...


* * *
როგორც არასდროს, შესაძლოა ითქვას, საშინლად,
უფრო უღმერთოდ, უსაფუძვლოდ, მე ვარ ფხიზელი,
შენ ნუ იდარდებ, ჩემო კარგო, შენ არ შეშინდე,
შენ ნუ იჯავრებ, ნურც დამცინებ, მე რომ „ჟიზელი“ ...
...ნუ გეღიმება
მე რომ ჟიზელი წამოვიწყო სრულიად მარტომ,
შუა ქუჩაში, რუსთაველზე, დეკემბრის ქარში,
მოვიძრო ქუდი, მოვახურო ძაღლს ჩემი მანტო,
ოღონდაც ძილი არ დავუფრთხო გოტიეს მარშით...
...ნუ გეღიმება
დაიწყოს თოვა, ფანტელები იყოს იმ სიმსხო,
ფარავდეს თვალებს, გვასველებდეს, თანაც უსირცხვოდ,
ასეთი თოვა თუ გაგრძელდა დილამდე, სისხამს
ქუჩა ბავშვებსაც ვერ აუვა, ხვალ ხომ ურიცხვი...
...ნუ გეღიმება
ურიცხვი ბავშვი შეუდგება თოვლის გუნდებით
თოვლის ბაბუის გაკეთებას, ზოგსაც მშობელი
სტაფილოს მისცემს, ნახშირს-თვალებს თუ მოუნდება,
აქ, ამ ადგილზე აღმართავენ თოვლის ობელისკს...
...ნუ გეღიმება
მე ფხიზელი ვარ, ვიყურები უფრო ხვალისკენ
და სანამ თოვლი დაგვფარავდეს, სანამ ფხიზელი
მერქმევა, მანამ უნდა შევძლო, უნდა გავრისკო,
შენ ნუ იჯავრებ, ნურც დამცინებ, მე რომ „ჟიზელი“ ...
...ნუ გეღიმება


მსოფლიო შიმშილი
(ნაკლებად იუმორისტული ლექსი)

მსოფლიო შიმშილი: ბარდა და სოიო,
მსოფლიო შიმშილი ბატონობს მიწაზე...
ფასს კარგავს მუნკი და ჯოტო და გოია,
ფასს კარგავს რემბრანდტი, დალი და პიკასო.
მსოფლიო შიმშილი: ბონში და ტალინში,
მსოფლიო შიმშილი ბატონობს რუკაზე...
ფასს კარგავს ზიკო და პელე და გარინჩა,
ფასს კარგავს ბესტი და კანტონაც-უხამსი.
მსოფლიო შიმშილი მსოფლიოს წალეკავს,
ასეთ დროს მსოფლიო ხომ უნდა არცხვინო?!
არ შეგვრჩა სასმისი, ფუთი და ჩარექა,
არ შეგვრჩა აღარსით, არც ჭაჭა, არც ღვინო.
მსოფლიო შიმშილი, ჭირი და ქოლერა,
მსოფლიო შიმშილი, მიდი და ეტაკე,
ფასს კარგავს ტანგო და სალსა და ბოლერო,
ფასს კარგავს ფლამენკო, ჯიგა და სირტაკი.
მსოფლიო შიმშილი, შელბურის ქოლგები,
მსოფლიო შიმშილი, წვიმების წინაშე,
ნანგრევებს მივათვლი ციხეთა ქონგურებს,
ნანგრევებს მივათვლი ციხეთა მირაჟებს.
მსოფლიო შიმშილი: ბარდა და სოიო,
მსოფლიო შიმშილი ბატონობს მიწაზე...
ფასს კარგავს მუნკი და ჯოტო და გოია,
ფასს კარგავს რემბრანდტი, დალი და პიკასო.


* * *
დაუსრულებლად ვბრუნავდით წრეზე,
ცხოვრება ჰგავდა ფოტო-ნეგატივს,
ზოგჯერ მიზეზად მომქონდა ჰესეს
რამე მოთხრობა და გირეკავდი,
თითქოს მინდოდა წიგნი მეთხოვა,
არადა, შენი ნახვა მწყუროდა...
საღამოობით ვრთავდი ბეთჰოვენს,
ყეფასაც წყვეტდა მაშინ მურადა
და გირეკავდი მუსიკის ფონზე,
ვინ იცის, ჩემზე რა ფიქრი გქონდა,
არც ალტრუისტი და არც ალფონსი,
რაღათქმაუნდა არც ალფონს დოდე.
ვიცოდით ყველა ჩიხთან შეყოლა,
სადაც უმიზნო სიტყვას მივყავდით,
მათ შორის იყო: ბროში, ბროკოლი,
წარმოიდგინეთ: გრემი, იყალთო,
თავად გრემი კი იყო კრებითი,
კახეთისა და მუსიკის ჯილდო,
ჩვენ ყველა ჯილდო ფეხზე გვეკიდა
და ფეხშიშველი მივდევდით ილტოს
ქვაღორღიან და ქვიშიან ნაპირს,
სულმოუთქმელად, თითქმის ქოშინით,
ცელქი ბავშვივით ვუცდიდი აპრილს,
დამსკდარი მიწის მძაღე ოხშივარს,
რა მოთვლის ამგვარ დღეებს, უხუნარს,
მაისის პირზე წვიმაც მოხშირდა...
თუ გვაშინებდა ღრუბლის გრუხუნი,
ვიმალებოდით იქვე, ქოხშივე,
ვიცოდით ყველა ქოხში მიმალვა,
სადაც მაისის წვიმას მივყავდით,
შენ მკითხავ, ახლა აღარ გიყვარვარ?
მე გეტყვი, უწინ უფრო მიყვარდი!
დაუსრულებლად ვბრუნავდით წრეზე,
ცხოვრება ჰგავდა ფოტო-ნეგატივს,
ზოგჯერ მიზეზად მომქონდა ჰესეს
რამე მოთხრობა და გირეკავდი...


* * *
ხანდახან გინდება, ადგე და წახვიდე,
ხანდახან პირიქით, რომ დარჩე, ის გინდა,
უმზეო დღეების განრიგი დახვრიტო,
აუყვე ქვაფენილს, მარნებს და მისგითის
კუთხესთან შეჩერდე და ნახო მოხუცი
ბებია, რომელიც წინა თვის გაზეთებს
გულდასმით ინახავს, მერე კი მოკეცილ
ერთ-ერთ იმათთაგანს, გაწვდის და ასეთი
რიტუალიც კია, რომ მზესუმზირები,
კონუსში მუდმივად პირთამდე სავსეა...
დაგლოცავს სწორ გზაზე, დაგლოცავს ირიბზეც,
შენ უკან ბრუნდები, შადრევნის ვალსია,
წყვილები ერთმანეთს ეკვრიან რიყესთან,
(ტივებზე მწვანილი, შოთი და გიდები)
ხიდების სიცივე, სუნი და სინესტე
სუნთქვაში, მერე კი პალტოზეც გიჯდება.
მოითვლი უკაცოდ დარჩენილ ანკესებს,
ნუ გიკვირს ასეთი სურათი კვირადღეს,
ვიღაცა არღანს კი ატირებს, აკვნესებს,
სათვალავს მიათვლი ტივებზე ჩირაღდნებს,
აგიტანს კანკალი, ფეხების გათოშვა,
სხვა ალაგს დაეძებ თვალებს ხამხამით,
დაჯდები გზისპირა, ხალხმრავალ კაფეში
და ყავის ლოდინში გადავა საღამო...
ხანდახან გინდება, ადგე და წახვიდე,
ხანდახან პირიქით, რომ დარჩე, ის გინდა.


რა მარტივია
რა მარტივია, რომ დაფიქრდე, ჩემო ბართლომე,
რა მარტივია, რა სადაა, რა უბრალოა,
დავწვათ წიგნები-უსარგებლო და უბრაილო,
არაფრისმთქმელი, რადგანაც ვართ უსინათლონი.
რა მარტივია, რომ ადგე და გამოერიდო,
ამ ძირგამომპალ, უმოქმედო მეამბოხეებს
და ყველაფერი სარკის ნაცვლად უამბო ხეებს,
ვიყოთ მარტონი, სულ მარტონი, ამიერიდან.
რა მარტივია, მხოლოდ ხმები, მხოლოდ ბგერები,
ანუ ხედავდე მხოლოდ იმას, რასაც ისმენდე;
ფეზხე გეკიდოს ყველა სახის დოღი, ისინდი,
როცა ცხენები ფლოქვების ხმას გააჟღერებენ.
რა მარტივია, ვერ ხედავდე, ჩემო ბართლომე,
ათიათასგვარ სიბინძურეს დღეს შენს გარშემო,
რომ ხსოვნის მიღმა უნებლიედ გადააშენო,
რაც კი გინახავს ამდაგვარი და წარმართული.
რა მარტივია, რომ დაფიქრდე, ჩემო ბართლომე,
რა მარტივია, რა სადაა, რა უბრალოა,
დავწვათ წიგნები-უსარგებლო და უბრაილო,
არაფრისმთქმელი, რადგანაც ვართ უსინათლონი...


ალოგიკური იუმორესკა
კოლხეთი. ოქროს საწმისი. არგონავტები. მედეა.
გადაირია რადიო, ჟურნალ-გაზეთი, მედია.
მომხდარმა ბევრი „unlike“, უფრო კი „share“ მოხიკა,
ფუჭად ფიქრობდა მკითხველი, რომ „უკანასკნელ მოჰიკანს“
გავურითმავდი ზემორე სიტყვას, არც ისე მოცვეთილს,
მერე გნახავდი სოფელში, საღამოს პირზე, მოცვებთან,
გეტყოდი მაგ ლურჯ კაბაზე, გრძელი ნუ, მოკლე, ჰო, მინდა,
მოკითხვას გვითვლის დურანტი ჯერ კიდევ ოკლაჰომიდან,
სანამ გადავა „გოლდენში“, ამგვარ ტრანსფერზე ავღელდი,
მინდა მსოფლიომ იხილოს მისი კონტრაქტის ქაღალდი,
თემიდან გადავუხვიე, კოლხეთი. არგო. მედეა.
თემიდან ვიდრე მომკვეთეს და ახმაურდა მედია,
ქაღალდი ლექსით გაცხელდა, ქაღალდი რითმით გაივსო,
ათასი რამე გამომრჩა, დანარჩენს დავწერ გაისად.
ქაღალდი თვითმფრი/ქაღალდი ნავებად გადანაკეცი,
ავტორი თქვენი მორჩილი, სტილი-ვ.ჯავახაძესი...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge