გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ჟუჟუნა შაინიძე - ლექსები



ზღვის სონეტები

1.
ზღვაურო ჩემო, მონელაო და მოწამწამო,
შარშანწინდელიც მახსოვს შენი ის შენაპირი,
ზღვის ნანდაურო, მორწეულო, მონა-წაწალო,
მომაძებნინე ჩემი სევდის ჩუმი ნაპირი.
ჩამოხვატულა ზღვის მინდორში ზეცის უდაბნო,
ამოვლებულა ვნების ფერში შენი ზეფირი,
გარდაქარულა ყოველივე, ვის რა ვუამბო,
ცას ვუსახსოვრე უშენობის ხსოვნა ზეპირი.
უმზეობისას ვარ უღმერთოდ სიტყვამეძვირე,
ზღვაურო ჩემო, ჭრელჭრულაობს შენი მარაო,
არავი იცის, ვით მინდორში მთვრალი მესტვირე,
შენს ნაპირებთან ასე რატომ დავცალცალაობ.
შარშანწინდელიც მახსოვს შენი სიტყვა ნაპირი,
მომაძებნინე ჩემი სევდის ჩუმი ნაპირი.

2.
მეც ვიმღვიძარებ შენთან ერთად მირაჟის ღამეს,
დაისისხლება ლურჯი ველი მწველი დაისით
და თეთრ თოლიებს მზენასვამი სინაზით მთვრალებს
მოენატრებათ შარშანდელი ვარდი მაისის...
გადაილანდა - მირაჟივით გაქრა ყოველი,
სევდისფერია ეგ თვალები ნადაისარი...
ვერ ხვდები განა - წრიულ გზებით კვლავ იქ მოვედით,
გუშინ რომ დაჰკარ, მზვაობარო, შავი ისარი!..
გადაუკივლებს შლეგ სივრცეებს ლურჯი ალკუნი
და ოქროსფერი თმების ცეცხლით დაიხანძრები,
თეთრი ბატკანიც მეათასჯერ ჩვენთვის დაკლული
ცისკენ გვეძახის ცადაწვდილი თეთრი ტაძრებით...
შენი თვალებიც ტაძარია ცრემლის სვეტებით,
აანთე სული - ჩასაქრობად არ მემეტები!

3.
ვით ნაწამები ბიბლიური დორ-ჰამიდბარი...
ახლა იმგვარი ამღვრეული გვიდგას აქ დარი...
მივემართებით, მივიმღვრევით და მივირღვევით 
აღთქმულისაკენ? უფსკრულისკენ? ზევით თუ ქვევით?
ჩამოძონძილი, ჩაწიხლული, მშიერ-მწყურვალი...
მაგრამ ო, მაინც ჯიუტი და სხივჩაუმქრალი
ჰოი, მამულო, მე ვარ შენი დორ-ჰამიდბარი...
თავის ბედის წინ მიმქროლავი შმაგი მხედარი...
ღელავს უდაბნო, მოიფრქვევა ქვიშის ღადარი, 
ნაცარშეყრილი, დავსებული ხედვა და თვალი...
ცრუ მოსეებით, ცრუ ღმერთებით, ცრუ დაპირებით
ჯერ მხოლოდ ცხელი ქვიშის მოჩანს აქ ნაპირები...
ამ უდაბნოდან გზის გამკვლევის  ხვედრი ვისია...
შენი ნაპირი ის აღთქმული ოაზისია.

4.
რად არ მასვენებს მოძახილი: „სად ხარ, მარინე?“
რად მიყვარს ასე შენი ფერი აქვამარინის,
წამიღებ, სადღაც უფსკრულეში დამამარილებ,
ვინ იცის გემო ქვაგულიან ამ ქვამარილის...
სად არის შენი თავსაწყისი, საწყაო, პინა,
„მარ“ დედისდედოდ დაგანათლა სახელი ვინა,
თუ მარიამიც შენი უცხო ნათელით ბრწყინავს,
რაღაა იგი სხვა სინათლე, იქ, ცათა შინა.
სად არი კიდევ სვა სამყარო, შენი სადარი,
თუკი შავი ხარ, ეგ სისავსე ლურჯი რად არი,
რა ცეცხლი ღვივა შენს წიაღში, ცხელი ღადარი,
შენს ფსკერზე ცვივა საბოლოოდ ყველა ვარსკვლავი...
მეც სამუდამოდ შენთან ყოფნა ისე მწყურია,
როგორ ანათებს შენს სიღრმეებს დიოსკურია.

5.
შენ დაიღალე, თამაშობდი რადგან სინაზეს,
მე კვლავ უნაზეს მოგონების გიხმობ დობილად,
გადაჭდობილა მზე შუადღის მხურვალ სილაზე,
პირველი ცოდვაც უცოდველი ხიბლით შობილა.
განა შენსავით ორგული ვარ - გულში გავივლო
შენი ღალატი, შენი წყენა, შენი მოწყენა,
მე შენს ნაპირებს გავუხსენი გული - ყვავილი,
და ჩემი სუნთქვაც შენ გეკუთვნის განუყოფელად.
შენ კი სინაზის ვერ დამთმენმა, ვერ მიმნდობელმა,
თუკი ოდესმე მომინატრო ჭირში მყოფელმა...
ყველა სინათლის ხელაღებით უარმყოფელმა,
მწარე სიმართლის სამართალი ვით თქვას სოფელმა.
თოლიასავით მე შენზე ფიქრს ავდევნებივარ,
ნეტა შენსავით თუნდაც ერთხელ გამანებივრა.

6.
არავინ შემრჩა, რომ ჩამოვსხდეთ ჭიქა ღვინოსთან,
ზღვა მაინც ზღვაა, გული კიდევ სევდის ზღვა არი,
გადაიწვიმა, - ზღვამ ტალღებზე გადაივლო ცა,
და მზემ ინატრა თოლიების დილის საარი.
ზღვა დიდგულაობს, მაგრამ გულიც დიდი ზღვა არი,
სავსე სინაზით, მზაობრობით, წყენით, ხსოვნებით,
გზები ბევრია, ზღვაც ერთ-ერთი დიდი გზა არი,
ათასი მრუდით და სწორი გზის ერთადერთობით.
შენც ერთადერთო, მთვარეს ვერ თმობ და მზით ერთობი,
დაუსაბამოდ ცა-ხმელეთზე მიმოსადგურობ,
ჩემს წრფელ ვედრებას არ შეისმენს ღმერთი ღმერთობით,
შენ კი მპირდები, მეც უკვდავთა ხვედრი მარგუნო?!
გადაიწვიმა - ზღვამ ტალღებზე გადაივლო ცა,
ვერ დამავიწყებ, ზღვაო ჩემო, შენ ჩემს სალოცავს.

7.
ჩასძინებია ზღვას განაბულს მთვარის სიზმრებით,
ჩამოსანთლულა ცა ვარსკვლავთა მკრთალი თითებით,
ვარსკვლავ-სანთელო, თვალნათელო, ციმციმ-მცინარე,
ჩაედინება ზღვაში შენი სხივთა მდინარე.
მეც მოვირთვები სხივ-გვირგვინით, მთვარის მითებით, 
მე თუ ვინთები ტრფობის ცეცხლით, შენთვის ვინთები,
ჰეი, მთვარეო, მოასიე სხივთა ლაშქარი,
უკაცურია, რა ხანია გორი ლაშარის.
ო, რა ხანია, არ მსმენია ვარსკვლავთ გალობა,
აჟღერებულა ზღვის ქნარები მთების ლოდოსით,
დაიყვავილა - ზღვამ ტალღებზე დაიმწყალობა
მაცდური ბანგით მათრობელა თეთრი ლოტოსი.
რა სინათლეა, ღმერთო ჩემო, ხმაც ვერ დავძარი,
ცეცხლად მინთია გული ჩემი - შენი ტაძარი.

8.
რა ცეცხლი ღვივა შენს წიაღში, ცხელი ღადარი,
თუკი გიყვარვარ, შენი გული მღვრიე რად არი,
თუკი შავი ხარ, ეგ სისავსე ლურჯი რად არი,
ან დასაწყისი,ან სასრული შენი სად არი.
რად მიყვარს ასე შენი ფერი აქვამარინის,
ან ეგ პირბადე,მთვარნათოვი, მარმარიანი,
რა შარავანდით აბრწყინვალე მარ-მარიამი,
ამოუცნობო,პირველცოდვას ვით განარინე?!
საით მიღელავ? - იხსნება თუ ეშვება ფარდა,
სავსეა გული სინანულით,სევდით,ღელვებით,
მაცდუნებელო, რაფერიან ფერადებს ქარგავ,
ან რა უხილავ შორეულ სივრცეებში მიიხელები.
თვით არყოფნაშიც არის რაღაც არყოფნის გარდა-
შენს სიღრმეებში ანთებულა მთვრალი მზეები!

1995 წელი.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge