გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ალა დათუკიშვილი - ლექსები


ზოო-პანკი

ჰა,
შემოდგომამ
ზაფხულის სახე
ხმელი ფოთლებით 
ჩამოიხოკა,
ქარის მოტანილ
წითელ მიხაკებს
ქარი წაიღებს ისევ
მარტოკა.
ცა,
კენტი ჩლიქი,
თეთრი მარტორქა,
წუხელ მოსტაცეს 
ტროპიკულ ბაღებს
და დედამიწა
ალცჰაიმერი,
თავის ხელგაშლილ
ზოოპარკს აღებს.
ჰა,
შემოდგომა,
ბავშვების მახე,
სკოლის ზარები,
გემახსოვრება,
ექსკურსიაზე
ჩვენ ყველამ ვნახეთ,
გალია როგორ 
დახრეს ლომებმა.
სიმწრით.
იხოკავს 
ზაფხულის სახეს,
სხვა შემოდგომა
ფოთლის-ფრჩხილება,
და ნეშომპალის
წიაღში ახვევს,
ამ დედამიწას,
დროის მხილება.


ძალა

მე რომ უშენო ზამთრებს ვუძლებ
ეს არის ძალა,
ქუჩა-ქუჩა რომ დავდივარ და 
დუმილით ვკივი,
თორემ ზამთარი როგორც მოვა,
ისევე წავა,
არ შეიცვლება ეს ცხოვრებაც,
ეს პანტომიმი.
შექმნის უზადო წარმოდგენებს
ჟესტებს გაყინავს,
დაშლის,ააწყობს,ისევ დაშლის 
ბუტაფორიას,
ყველა ვირუსებს ეშველება,
როგორც ანგინას,
და ეშველება მაშინ,როცა
არა გგონია.
უყვარს დაცინვა ცხოვრებას და
მასხრად აგდება,
როგორც დარბაზში ბოლო რიგზე 
მსხდომი წყვილები,
თითქოს საერთოდ არ ანაღვლებ
ზოგჯერ განგებას,
და დაწინდული,ღალატისთვის 
გაიწირები.
მე ხშირად ვუსმენ ღამღამობით
ქალების ტირილს,
და გაქცეული კაცებისგან 
ვსწავლობ დარდიმანდს,
ასეთ დროს თითქოს უშენობაც 
რაღაცად მიღირს,
და მარტოობის შემოწოლა
გულთან არ მიმაქვს.
შენ რომ უჩემო ზამთარს უძლებ,
ეს არის ძალა,
მერწმუნე,მარტო გაცილებით
იოლად ივლი,
რადგან თუ მოვალ, ისე მოვალ 
უთუოდ წავალ,
არ შეიცვლება ეს ცხოვრება,
ეს პანტო...
მიმი...


სოლომონის ბეჭედი

არაფერია,ესეც გაივლის,
ვუძლებ სიყალბის ბოლო სტადიას,
ზოგი მიირთმევს ნაყინს ვანილის,
ზოგს კი უბრალოდ ყოფა სწადია.
ხვალ ალბათ ვინმე შემენაცვლებით,
ამ თვის ბოლოსაც ასე გავიტანთ,
გადათეული ღამით მაძღრები
ლექსებს დავწერთ და მასაც კაპიკად...
ან კაპიკები სად მოვიტანე,
ჩალის ფასი აქვს ლექსებსაც ჩემო,
როგორც ბოშები ძირძველ გიტარებს
ასე დავათრევთ რითმებს და ვჩემობთ.
სხვაგან იხარა შენმა საბედომ,
სხვათა მიწებზე მიფრინავს წერო,
რა გინდა ახლა რომ გააკეთო,
რაღა ფასი აქვს რაც გინდა წერო.
აჰა,უდაბნო,ჯოგები ირმის,
სხვას ჩემი ქვეყნის სახე სწადია,
არაფერია,ესეც გაივლის,
ან 
უკვე გვიდგას
ბოლო სტადია...


რამადანი

ახლა ცა, შენი სახესავით არის კრიალა,
კრიალოსნები დაემსგავსნენ მაცნე ვარსკვლავებს,
აქ ასე სჯერათ, ცოდვამ მიტომ დააგვიანა,
მძიმე ჯაჭვები შუბლგაწყვეტილ დემონს აკავებს.
ეს აზანია ახლა ჩემთვის ზარზმის ზარები,
ზვავმა ცხოვრების, დიუნებზე შემომიტოვა,
არც შეგიძულე,არც გივიწყებ,არც მეზარები,
არც წაშლა მინდა რაც დამატყო დათვურმა ტორმა.
მიწა ღვთისმშობლის წილხვედრია მთელი ზეცის ქვეშ
და ერთი ღმერთის უთვალავი შვილის სამყოფი,
ჩემიც და შენი მოციქულიც ერთობად იშვნენ,
მაგრამ ჭეშმარიტ მრწამსის ცნებას კაცნი არ ვყოფნით.
საკვირველია ყველა საქმე რადგან უფლისა,
მზის ამოსვლისას ვარსკვლავები არა კვდებიან,
სიკვდილმა მხოლოდ ურწმუნონი გააგულისა,
თორემ ყოველი ახალი მზე ვარსკვლავებია.


ჰმ!

მაინც როგორი საქმეა აბა,
იჯდე და ახლა ლექსები წერო,
როცა ობობა გისოსებს აბამს,
როცა უბავშვოდ მოფრინავს წერო.
რადგან ქვეყანა ბავშვისჭამია
დინოზავრებით ცნობილი გახდა
და ვ-ობობდებით
და ვ-გისოსდებით
და ვ-იგავდებით რანთა და კახთა...
ჰო და როგორი საქმეა აბა,
არც არაფერი მოიმოქმედო,
ოღონდ გარგუნონ წიგნი და სტამბა,
ვაი ასეთო მწერალთა ბედო.


***
შენი თვალები ბროლის ჭიქის ნამსხვრევებია, 
ერთი ღვინიანი ჭიქის, 
ტუჩებიდან რომ გაეცალა სიძეს ვნებიანს, 
დედა რომ თითებს იჭრის, 
წამოკრეფისას… 
შენი თვალები გაყინული ღამეებია, 
ბოშების უჭერო სახლში, 
ეს კიდურები რა ჯანდაბად გამმთელებია, 
ცეცხლს მიუნთებდი, 
წიფლის ტოტებად გაშლილს. 
გამთენიისას… 
მზეები მიჭერს როცა თენდება, 
თვალს მჭრის ჭაღები ვადაგასული, 
ზამთრის ბრალია, ამოსუნთქვა
მექცა ბელტებად, 
მოჭირხლულია სხეულში სული, 
გაზაფხულამდე… 


თორმეტი

შენ მართალი ხარ არ სჭირდება
სიყვარულს ახსნა, 
რადგან მიყვარდი,მეც ლექსებში
დუმილი მედგა, 
შეხედე, მეხის ქანდაკებამ
ხეები გასხლა, 
მიდგას უშენო შემოდგა, 
ქარები, 
დელგმა...
დარაბებს ისევ წითელფეხა
მტრედი უგალობს, 
ისევ ჩამესმის წყვდიადიდან
მოსული ხმები, 
შენ მართალი ხარ, არაფერი
ქრება უკვალოდ, 
სადღაც სამყაროს ანაბეჭდში
მუდმივად ვრჩებით. 
და მართალი ხარ, სადაც ხარ და 
როგორც ხარ ახლა,
მე კი დუმილი დავარღვიე, 
ლექსად მოვედი, 
მაგრამ ვერაფერს მოგიყვები
ძვირფასო ახალს, 
ისევ უშენო ნოემბერი, 
დელგმა, 
თორმეტი…


უთქმელი

ჯერ ყველაფერი არ მითქვამს შენთვის, 
არ მითქვამს, რომ მკლავს სექტემბრის ღამე, 
რომ წამლადა მაქვს იმედი ღმერთის, 
იმ ნაპერწკალში, შენ რომ დაბადე. 
წლები ილევა ასე, უშენოდ, 
და მიილია რწმენა ამონის, 
გალეულ სუნთქვას როგორ ვუშველო, 
თორემ მზე, ყოველ დილით ამოდის. 
ჯერ ყველაფერი არ მითქვამს შენთვის, 
არ მითქვამს, როგორ მიყვარხარ ახლა, 
ქვრივი პოეტი საფლავებს ეტრფის, 
შენ კი ნავარდობ ზეცაზე მაღლა.
არა, არ მითქვამს ძვირფასო შენთვის, 
რომ უდაბნოში გადაკარგული, 
ვგრძნობ, როგორ კვდება ყოველ სექტემბერს, 
შვილმკვდარი დედის ცოცხალი გული.
ესაა ჩემთვის სექტემბრის ბოლო, 
თავზე რომ გვაშლის ფერთა პალიტრას,
გაძლება ჰქვია, ჰო, ვისთვის როგორ, 
ალბათ ქვა გულით ლოდებს აიტან. 


თელავი

მე ვიცი ახლა რა ლამაზია
შენი გომბორის ჭრელი კალთები, 
ვენახს ყურძენი როგორ ასხია, 
როგორ წურავენ მაჭარს კაცები. 
როგორ კეცავენ შუბლს კავკასიურს
მთები, კახეთს რომ ალყად არტყია, 
როგორ იგონებს ძმა-ბიჭ არწივებს
შუამთის წყალთან მთვრალი ვატია.
ვიცი, ჭადართან როგორ დადიან
ლამაზმანები მწიფე მკერდებით,
რომ ბადაგობის ტკბილი ღამეა
და რქაწითელის ფერად თენდები. 
ვიცი, რომ მხატვარს, შეწირულს ქალაქს, 
აუხდენელი ოცნება ერგო, 
და ღამღამობით მთელ თელავს ხატავს
სიზმრებში ხატავს ელენე ბებო. 
როგორ იქნება, შენი თვალები
არ გამახსენოს მაგდას ფანდურმა, 
განა ეგ არის, სიკვდილს დავნებდით, 
კახეთში ლექსად დადის ბადურა. 
ასეთი ვიცი ჩემი კახეთი, 
დარდიც არის და ლხინიც ბევრია, 
ჩვენთან არს ღმერთი,აქ არის ღმერთი, 
ამ სამოთხიდან არა გვდევნიან. 


რადგან უმსხვერპლოდ არაფერია

სახეს გილეწავს თებერვლის ყინვა, 
ტოვებ ხმელ თოვლზე თითის ნაკვალევს, 
ისევ ტრამალის მგელივით გმინავ 
და ბოლთასა სცემ... 
ზამთარს რა გალევს. 
რა მეჩხერია უმთვარო ზეცა, 
რა უსულოა ხეები ფითრის, 
ნისლი დათოვლილ ხეობებს კეცავს 
და ხეებზე მეტ ნატყვიარს ითვლი. 
ჩეჩნის ქალები ცრემლის ქარვებით
ღამით დანამულ ნაწნავს იჭრიან, 
მათთან ყოფნას რომ ღმერთი არჩია
ეს ის შავთვალა მელხი ბიჭია. 
ლეწავს ხეობებს თებერვლის ყინვა, 
ტოვებ ფურცლებზე სისხლის ნაკვალევს, 
შენ სხეულს სწირავ რომ სული იშვას
სულს ვინც სწირავენ, 
იმათ რა დალევს...
ღმერთო, 
უმსხვერპლოდ არაფერია. 

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge