გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ირინა თოფურია - ლექსები



***
ჩვენს თვალებიდან წამოსული
მეტასტაზები...
სულს მოგვდებია...
მოგვრევია...
ვერას გავხდებით!..
ჩვენი ფერები,
ეს თვალები - 
ორივე ღრმაა! 
ერთია დიდი ოკეანე, 
მეორე - ზღვაა...
ან ერთი მწვანედ შემოსილი
მინდორ-ველია...
მეორე კიდევ მისგან შორი...
უძირო ცაა... 
და მაინც...
ორი 💙💚
ეს ფერი და
ეს თვალები...
ისე ერთია....
მაგრამ სამყარო, 
მათი მზერის - 
ძალიან სხვაა...
2020

***
ახლა რომ შემეძლოს
შენთან მოვიდოდი
ღამით, ფეხაკრეფით
ვარსკვლავთ ბილიკებზე, 
მერე გეტყოდი - თუ
როგორ მომენატრე, 
როგორ უსასრულოდ...
ჩემად, გულში გძერწე.
ახლა რომ შემეძლოს
იმედს მოგიტანდი, 
დარდებს გადაყრიდი...
სიზმრად რომ მეძებდი
ცხადში ავხდებოდი, 
თუკი დარჩენასაც 
მერე შემომთხოვდი,
ალბათ უსასრულოდ
ერთად ვიქნებოდით. 
თუმცა ფრთები შემჭრეს
ისე გამომკეტეს...
ისიც კი არვიცი
შენ თუ გჭირდებოდი...
ახლა რომ შემეძლოს, 
შენთან მოვიდოდი? 
უკვე აღარ ვიცი,
ან როგორ 
ან როდის, 
შენ არ გითხოვია:
გთხოვ ოდესმე მოდი.
ისე ფრთები შემჭრეს
ისე გამომკეტეს...
2020


***
შენ რაც არსებობ...
ჩემს სხეულში და ჩემს ვენებში...
სისხლად დადიხარ...
და არა წითლად...
სხვადასხვა ფერად...
როგორ მშვიდად ხარ...
რა გაშეშებს, როცა მიყურებ...
როცა კითხულობ ჩემს ტკივილებს
მიკვირს:  ჩუმად ხარ...
როგორ მტკივა უშენობა
და არ მიყუჩებ...
როგორ ეტყობა ეს ტკივილი
ჩემს სავალ ქუჩებს
ლოდინით დაღლილს...
შენს ნაბიჯებს როგორ ელის კვლავ
და უკვე წაშლილ შენს ნაკვალევს
სევდით გაჰყურებს...
20.02.2020


ქალს თუ შეუყვარდი

ქალს თუ შეუყვარდი, 
გულს თუ დაგიტია, 
თუ არ მოასვენე,
ღამე თუ გითია.
ფიქრად აედევნე
გრძნობა აუშალე, 
სევდა ჩაუსახე, 
წუთი აუთვალე...
სიტყვა აუწონე
გული გაუტოლე
კერა აუშენე, 
და ნუ მიატოვებ.
ხელში აიტაცე,
გულში ჩაიხუტე...
თვალშიც ჩაუსახლდი
რადგან შეუყვარდი...
2020


***
ნუ გაიკვირვებ...თუ შემიყვარდი, 
და ნუ დაუწყებ მიზეზებს ძებნას, 
რატომ ან როდის, როგორ ან რისთვის, 
ვერც მე მკითხავ და ვერც ჰკითხავ შენს თავს...
ნუ გაოცდები...თუ აგიჩემებ,
ლექსებს მოგიძღვნი, პორტრეტს დავხატავ,
ასე ქაღალდზე შემოგაჩერებ, 
არ უწერია მერე დაკარგვა. 
ეს სიყვარული არ შეგაწუხებს,
ეს დაგანახებს შენს თავს შორიდან, 
როგორი მძაფრი არის გრძნობები, 
რომლებიც შენით - მუზად მოვიდა. 
ნუ გაიკვირვებ....რომ შენ არსებობ,
ჩემს სამყაროში დაიარები, 
ასე ლამაზად და სასწაულად, 
სხვა ვინმეს კიდევ შეუყვარდები? 
ნუ გაიკვირვებ...თუ შემიყვარდი, 
ნუ აღელდები, ნუ გაწვალდები, 
არ გსაყვედურობ, არც ვსევდიანობ, 
შენ თუ მე ასე ვერ გეყვარები.
შენ ნება დამრთე გაგანდო ფურცლებს, 
რომლებზეც ისევ დაიხატები, 
ისევ გავრითმავ, ავაწყობ ლექსებს, 
და სამუდამოდ ასე დამრჩები. 
შენ რა დაგრჩება, აბა სანაცვლოდ? 
ნუ გაიკვირვებ, ნურც გაოცდები, 
მუზად რომ რჩები ეგ საამაყოდ...
თორემ შენ არა, მე მიყვარდები...
2020


***
სანამ ამ სამყაროს მოგავლენ და...
სანამ მეყოლები შვილო, 
მინდა მჯეროდეს რომ სადღაც იმალები, 
მეიმედები...არ ვშიშობ.
აღარ მეშინია იცი დაბერების, 
რადგან შენს მოვლენას ვფიქრობ,
მერე რა თუ ჯერ ისევ ადრეა, 
მაინც ხომ შემეძინები, შვილო? 
ჩემთვის შენ იქნები, 
ჩემი სანუკვარი, 
ჩემი თვალის ჩინი, გული...
გოგოდ იბადები თუ 
ვაჟკაცად მევლინები, 
მე გხვდები სიხარულით...
მინდა ამირჩიო დედად, გენაცვალე...
მინდა ამისრულდე შვილო,
ვიდრე სულ ჭაღარა გულს არ მომდებია,
სანამ დედობაზე ვფიქრობ...
მინდა რომ გიმღერო 
ჩემი იავნანა, 
მე რომ დაგიწერო შვილო, 
მინდა შენ გაჩუქო ცა და დედამიწა, 
სულის ნაწილო და წილო...
მინდა გამიმრავლდე, 
მინდა გამილაღდე...
ჩემო სანატრელო, ჩემო პაწაწინა,
ჯერ არ მოვლენილო შვილო...
2019


***
"ნეტავ დუმილი შეეძლოთ ლექსებს,
მაგრამ...ვაი, რომ ისე ყვირიან,
სულს შეარხევენ და გულის სიმებს,
ტვინში რჩებიან და არ მიდიან.
ზოგჯერ სიჩუმე ისე მძიმეა, 
როგორც ქვის ლოდი, ვეღარ საზიდი,
ფინიშამდე კი გრძელი კიბეა, 
საფეხურები ბროლის... ფაქიზი.
მარწუხებივით ახრჩობს დუმილი,
ეს უთქმელობა წამლავს სისხლს და ხორცს,
ზოგჯერ დუმილი თუ ნიშნავს "არა"-ს
ამავდროულად ხომ არის თან, "ჰო"?
ნეტავ დუმილი შეეძლოთ ლექსებს, 
მაგრამ ხმაურით იწერებიან,
გულისნადებიც ისე ცხადდება, 
ვისაც უძღვნიან - უმალ ხვდებიან.
თუმცა ლექსები 
სიტყვებზე მეტად,
დიდხანს ცოცხლობენ
და არ კვდებიან"...
2019


***
შენ აქ რა გინდოდა...
თუმცა დავეძებდი, 
თვალებს გადაკარგულს ჩემთვის...
ამ მდინარის პირას,
თითქოს უკაცრიელ ალაგს...
ვგრძნობ რომ ახლოს არის ღმერთი....
ცაში ავიხედე...
თვალი გავაწვდინე...
ჰორიზონტს... დაკიდებულ ხიდებს...
უცებ ვინატრე რომ იქ შენ დამენახე, 
ჩემი მონატრება გჭირდეს...
შენ აქ რა გინდოდა...
მაგრამ მე ჯიუტად,
მაინც რომ ვითვლიდი წუთებს, 
თვალებს დავეძებდი
ცაში...მდინარეში...
მიწაზეც...ნაფეხურებს. 
შენ აქ რა გინდოდა...
იქ მე სადაცა ვარ,
დროც ვერ გვეწევა და გვრჩება,
ამ ჩემს ოცნებებში,
იმ შენს პლანეტაზე, 
ისევ არაფერი ხდება. 
2019

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge