გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ელიზბარ ელიზბარაშვილი - სიყვარულის ონტოლოგია და თავისუფლება

   განვიხილოთ  ბერძნულ, ევროპულ და ინდურ ფილოსოფიურ აზრში სიყვარულის მნიშვნელოვანი ონტო-მეტაფიზიკური კონცეფციები.წარმოვადგინოთ, თუ როგორ ხდება  პლატონის, პაულ ტილიხის, მარტინ ბუბერის და ოშოს (ბჰაგვან შრი რაჯნიში) მიერ სიყვარულის ფენომენის ადგილის და როლის განსაზღვრა სამყაროს და ადამიანის ყოფიერების სტრუქტურაში. ოთხივე წარმომადგენელის განაზრებებში ნაჩვენები იქნება თუ როგორ ესმით მათ სიყვარულზე დაფუძნებით ადამიანის ნამდვილი არსის დადგენა და ინდივიდუალური თავისუფლების განხორციელება. პლატონის მიხედვით იდეალური სამყაროდან მატერიალურ სამყაროში, დაბადების შემდგომ, „ჩამოვარდნილი“ სული კვლავ უბრუნდება იდეალურს. ეს ასვლა-დაბრუნება იდეალურში საფეხურეობრივი პროცესია. ფილოსოფოსი დიალოგში - „ნადიმი“ გამოჰყოფს ეროტიულ მისტერიათა ოთხ საფეხურს:
I  პირველი საფეხური არის ხორციელი სიყვარულის საფეხური. ამ დროს სული ხედავს მშვენიერ სხეულს, აღივსება მისდამი ტრფობით, რაც ახსენებს მას აბსოლუტური მშვენიერების იდეას, რაც მან იხილა დაბადებამდე იდეათა სამყაროში ყოფნისას და ცდილობს დაბრუნდეს თავის ჭეშმარიტ სამყოფელში, იდეათა სამყაროში და სწვდეს მშვენიერებას თავისთავადს.
მაგრამ, რადგანაც მისი სიყვარული არ არის ჯერ საკმაოდ ძლიერი იმისათვის რომ ამაღლდეს იდეალურამდე, ის რჩება ამ საფეხურზე და მშვენიერ სხეულთან ურთიერთობაში შობს ხორციელ შვილებს და ამით ეზიარება  ამქვეყნიურ უკვდავებას და ბედნიერებას. 
II  მეორე საფეხური არის პოეტურ-მხატვრული შემოქმედება. ამ დროს სული ხედავს უკვე მშვენიერ სულს, აღივსება მისდამი უფრო ძლიერი ტრფობით და თანდათან მაღლდება იდეალურისაკენ, გადაინაცვლებს სულიერი დონეებისაკენ. მშვენიერ სულთან ურთიერთობისას ის „შობს“ სულიერ „შვილებს“ - პოეტურ-მხატვრულ ნაწარმოებებს და ამით ეზიარება ერთგვარ უკვდავებას და ბედნიერებას. 
III  მესამე საფეხური არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა. ამ დრო სული ეტრფის ყველა მშვენიერ სულს, აღივსება ძლიერი სიყვარულით, რომელიც კიდევ უფრო ამაღლებს მას მატერიალურიდან სულიერ დონეებზე. ყველა მშვენიერ სულთან ურთიერთობისას ის „შობს“ სულიერ „შვილებს“ - კანონების, აღზრდის სისტემების, მმართველობის ბრძნული ფორმების სახით და მისით ეზიარება უკვდავებას და ბედნიერებას.
IV  ეროტიულ მისტერიათა მეოთხე, უმაღლეს საფეხურზე სული ჭვრეტს უკვე ჭეშმარიტ არსს, იხედება იდეალურში და აღივსება სიყვარულით აბსოლუტური, თავისთავადი მშვენიერების მიმართ. სული თავისთავადი მშვენიერების ჭვრეტაში „შობს“ „ჭეშმარიტ სათნოებებს“. ასე მიაღწევს სიყვარულის გზით სული ზეგრძნობად, იდეათა სამყაროს და ეზიარება მარადიულ სამყაროს. მაგრამ ეს სრულად განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სული გაშორდება სხეულს, ანუ ადამიანის გარდაცვალების შემდგომ. ამიტომაც წერს პლატონი რომ „ჭშმარიტი გზა სიყვარულისა, ესაა გზა მშვენიერ საგანთაგან უმაღლეს მშვენიერებაზე თანდათანობით გადასვლისა და თითქოს საფეხურებს მიჰყვებაო კიბისას.“ ( პლატონი. 1964: 63)  
ე.ი. სიყვარული (ეროსი) ის ძალაა სამყაროში, რომელიც ადამიანის სულს თავის „ჭეშმარიტ სამყოფელში“ აბრუნებს ანუ ადეათა სამყაროში, მაგრამ ეს ითქმის არა მარტო ადამიანთა სულებზე, არამედ ყოველ არსზე - ეს ძალა აიძულებს სულებს ისწრაფოდნენ იდეალურისაკენ, ხოლო საგნებს - მიბაძონ იდეებს. ყოველი ამქვეყნიური საგანი პლატონის ფილოსოფიის მიხედვით, არის თავისი იდეის მიბაძვა. სიყვარული გადალახავს პლატონის ონტოლოგიურ დუალიზმს (ნამდვილი, იდეათა სამყარო - მოჩვენებითი, თვალხილული სინამდვილე) იმით რომ აკავშირებს ამ ორ სამყაროს ერთმანეთთან. 
ასევე დიალოგ „ფედროსში“ აღწერილია,  რომ სიყვარულის დროს ადამიანის სული ადის თანდათან მაღლა, სულიერი სფეროებისაკენ, შორდება მატერიალურს. აქ პლატონს შემოაქვს მეტაფორა - „სულის ფრთები“ რომელიც ეზრდება ადამიანს, როდესაც იგი განიმსჭვალება მშვენიერი სხეულისადმი თავდაპირველი სიყვარულით. რაც უფრო იზრდება „სულის ფრთები“, მით უფრო ძლიერდება სიყვარული და მით უფრო მაღლა ადის იგი სულიერი სფეროებისაკენ, იდეალურისაკენ და ეს „სულის ფრთების“ ზრდის და ამაღლების პროცესი თავისი თანმხლები ტკივილითა და სიხარულით ემოციურ დონეზე განიცდება როგორც  სიყვარული. ამავე დროს სიყვარული როგორც ამაღლება მატერიალურზე, იძლევა თავისუფლებას მატერიალურისაგან, ამ დროს ხდება შეხება მარადიულთან. სიყვარული არის განთავისუფლება მატერიალურისაგან.
მარტინ ბუბერი 1922 წელს წიგნში - „მე და შენ“  წერს, რომ ჩვენ ჩართულნი ვართ სამყაროული ურთიერთქმედებების და ურთიერთმიმართებების ნაკადებში. ეს არის ურთიერთდამოკიდებულების ძალთა ტალღები. ადამიანებს შორის არის ორი სახის ურთიერთდამოკიდებულება - „მე-ის“ დამოკიდებულება და „მე-შენ“ დამოკიდებულება. მათ შორის არის რადიკალური განსხვავება. „მე-შენ“ ურთიერთდამოკიდებულებაში ცოცხლობს ნამდვილი სიყვარული, ხოლო „მე-ის“ ურთიერთდამოკიდებულებაში არის ფსევდოსიყვარულები. ბუბერი ახასიათებს ორივე ამ სამყაროს. 
„მე-ის“ სამყარო: ეს არის მიზეზ-შედეგობრივად განპირობებული სამყარო, ესაა ობიექტთა სამყარო, სადაც საგნები და პროცესები განსაზღვრავენ სხვა საგნებს და პროცესებს, აქ ყველაფერი ჩართულია დროულ-სივრცობრივ ქსელში, ეს არის სამყარო, სადაც „გვიწევს“ ცხოვრება, სადაც არის მძაფრი, ამაღელვებელი განცდები, სადაც ვიყენებთ საგნებს, აქ შეიძლება ობიექტთა მითვისება, მანიპულაციური ქმედებები, აქ არის სუბიექტ-ობიექტის მიმართების განზომილება, ეს არის ცოდნის და მოქმედებების სამყარო. 
„მე-შენ“ სამყარო:  აქ ადამიანი არაა საგანი სხვა საგნებს შორის, ის არაა წერტილი, ჩართული დროულ-სივრცობრივ და მიზეზ-შედეგობრივ ქსელში, ეს არაა ობიექტების სამყარო, არამედ ურთიერთობის სამყარო - სუბიექტ-სუბიექტის მიმართების განზომილება, აქ არის ლირიულდრამატული ეპიზოდები, ცდუნებების მქონე ჯადოსნურობა, სახიფათო უკიდურესობებით გატაცება, სადაც გამოცდილი და თითქოს შემოწმებული კავშირები სუსტდება, ეს სამყარო ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას და ზოგჯერ საშინელიცაა, მაგრამ იგი არაფრით არ არის შენაცვლებადი, ესაა ურთიერთობა ერთი-ერთზე, სადაც ორი ადამიანი გახსნის ერთმანეთის „შენ“-ებს, ეს არის გამბედაობის და თავისუფლების სამყარო, აქ ყველაფერი ნაღდია, პიროვნება აქ თავის თავს აცნობიერებს, როგორც ყოფიერებაში ჩართულს, მასში მონაწილეს, რისი მითვისებაც შეუძლებებია. აქ „შენ“ ავსებს „მთელს ცისქვეშეთს“, ეს ნიშნავს რომ  ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი არსებობს ამ „შენ“-ის „შუქში“, ამავე დროს „მე-შენ“ ურთიერთქმედება შეიძლება არსებობდეს მაშინაც, როცა ის, ვისაც „შენ“-ს ეუბნებიან მას არ ესმის ეს, რადგანაც მაინც უფრო მეტს ღებულობს ამ ურთიერთობიდან, ვიდრე მიიღებდა იმ შემთხვევაში თუ ის „ის“ იქნებოდა. 
მარტინ ბუბერის აზრით ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს „მე-ის“ მიმართების გარეშე, მაგრამ ვინც მხოლოდ ამით ცხოვრობს ის არაა ადამიანი. ადამიანი უნდა ამაღლდეს „მე-შენ“ ურთიერთობამდე, ნამდვილ ურთიერთობამდე. 
„მე-შენ“  ურთიერთობა არის ნამდვილი სიყვარული, რომელიც არის მთელი არსებით ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანისადმი მეტაფიზიკური და მეტაფსიქიკური მისწრაფება. „მე-ის“ ურთიერთობა არაა ასეთი.ჩვენ აქ უნდა გამოვყოთ სამი უმნიშვნელოვანესი ასპექტი:
  1. ნამდვილი სიყვარული, როგორც „მე-შენ“ ურთიერთობა, „მე“-ს ისეთ ფორმირებას ახდენს სადაც ინტეგრირდება სრულიად მისი არსება, რაც არ გვაქვს „მე-ის“ ურთიერთობაში. „მე-ის“ ურთიერთობაში ფორმირებული „მე“ ყოველთვის დანაკარგიანია, რადგანაც ვერ ასახავს თავის თავში ადამიანური არსის მთლიანობას. ამ დროს „მე“ იძულებულია დათმოს თავისი რაღაც ნაწილი.
  2. სიყვარულში ადამიანი ღებულობს განსაკუთრებულ სტატუსს მეორე ადამიანის ყოფიერებაში ღრმად ჩართულობის გამო, ამიტომ ნამდვილი სიყვარული არის „მე“-ს პასუხისმგებლობა „შენ“-ის მიმართ. შეყვარებულების ურთიერთზემოქმედებას აქვს სულიერ-ზნეობრივი საზრისი: სიყვარული ეხმარება, ზრდის, ამაღლებს და კურნავს.
  3. სიყვარული როგორც არსობრივი აქტი არაა გრძნობა: „გრძნობები თან ახლავს სიყვარულის მეტაფიზიკურ და მეტაფსიქიკურ ფაქტს და არ შეადგენს მას.“ ავტორი აგრძელებს - „გრძნობები მხოლოდ თან ახლავენ ურთიერთობის ფაქტს, რომელიც ხორციელდება არა სულში, არამედ მე და შენს შორის.“
          საბოლოოდ ბუბერი ასკვნის, რომ სიყვარული, ანუ „მე-შენ“ ურთიერთობა იძლევა განთავისუფლებას ყოველდღიურობისაგან: „ის ვინც იმყოფება სიყვარულში და ჭვრეტს მასში, თავისუფლდება ყოველდღიურობის ორომტრიალში ჩაჭედვისაგან“ (Бубер. 1995 http://filosof.historic.ru/books/item/f00/s00/z0000376/st000.shtml), ადამიანი ხდება ყოველდღიურობის დამთრგუნველი შებოჭილობისაგან თავისუფალი. „მე-შენ“ ურთიერთობის მიზანია „შენ“-თან შეხება და ყოველ ასეთ „შენ“თან შეხებისას ჩენ ვეხებით „მარადიული სიცოცხლის ქროლვას.“ „ის, ვინც მთელი თავისი არსებით, ურთიერთობისათვის აღორძინებული ძალით გავა „შენ“ სამყაროსთან შესახვედრად, ის ნახავს თავისუფლებას“
(Бубер. 1995 http://filosof.historic.ru/books/item/f00/s00/z0000376/st000.shtml). და ამ დროს არის შეხება მარადიულთან. 
               1953 წელს პაულ ტილიხი წიგნში - „სიყვარული, ძალა და სამართლიანობა“ წერს, რომ სიყვარული არის სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა: „სიცოცხლე - ეს არის აქტუალური ყოფიერება, ხოლო სიყვარული - სიცოცხლის  მამოძრავებელი ძალა.“... „სიცოცხლე თავის თავში ატარებს სიყვარულს, როგორც ერთ-ერთ არსებით, შემადგენელ ელემენტს.“ (Тиллих 2015. http://esxatos.com/tillih-lyubov-sila-i-spravedlivost)
              პაულ ტილიხის აზრით სამყაროში არსებობს ძალა, რომელიც გაყოფილებს, განცალკევებულებს აღძრავს შეერთებისაკენ, რადგანაც ისინი არიან მზგავსები და ერთიანდებიან ჰარმონიაში. ეს გაყოფილება გულისხმობს თავდაპირველ ერთიანობას. შეერთება შეუძლებელია თუ მათ შორის არაა ამოსავალი ერთობა. ეს ძალა სიყვარულის ძალაა. 
სიყვარული არის ორი ინდივიდის ჰარმონიული გაერთიანება, რომელნიც არიან მზგავსნი. ამ გაერთიანებაში ინდივიდები რჩებიან ინდივიდებად. დასავლური კულტურა (ქრისტიანობა) აღიარებს სიყვარულის პიროვნულ ხასიათს, სადაც პიროვნება არ ქრება. 
შეუძლებელია იმათი გაერთიანება, რომლებიც ერთმანეთისათვის აბსოლუტურად უცხონი არიან. აბსოლუტურად უცხო ვერ შემოვა ურთიერთობაში. ისინი უნდა იყვნენ პირველად ერთიანობაში, ამოსავალ ჰარმონიულ მთლიანობაში. ამ გაერთიანება-გამთლიანებაში ხორციელდება ორივე მხარის თვითრეალიზაცია: „ის, რაც ჩემთვის აბსოლუტურად უცხოა, ვერაფერს დაამატებს ჩემს თვითრეალიზაციას, მას შეეძლება მხოლოდ ჩემი განადგურება თუკი ჩემს ყოფიერებას შეეხება.“ (Тиллих 2015. http://esxatos.com/tillih-lyubov-sila-i-spravedlivost) ამიტომ სიყვარული არის არა უცხოების, არამედ გაუცხოებულების შეერთება, რომელიც გულისხმობს ამოსავალ ერთობას.  მარტინ ბუბერი წერს - „სიყვარული თავს ავლენს როგორც უდიდესი ძალა იქ, სადაც გადალახავს უდიდეს გაყოფილობას.“ (Тиллих 2015. http://esxatos.com/tillih-lyubov-sila-i-spravedlivost
            სიყვარული, ავტორის აზრით, არ უნდა გავიგოთ, როგორც ემოცია, მას აქვს ონტოლოგიური ბუნება, მისი სენტიმენტალური განმარტება არის ზედაპირული. სიყვარული არ დაიყვანება მის ემოციურ შემადგენელზე, მაგრამ ამ შემადგენელის გარეშე მასზე საუბარი არ შეიძლება. ჩვენ ვკითხულობთ: „სიყვარული, როგორც გრძნობა წარმოადგენს შეყვარებულების მიერ ურთიერთშეერთებით წინასწარაღფრთოვანებას“...“ონტოლოგიურად არსებული სხვისკენ მოძრაობა გამოხატავს თავს ემოციურად“. (Тиллих 2015. http://esxatos.com/tillih-lyubov-sila-i-spravedlivost) შეერთების ბედნიერება წინასწარ განიცდება ამ ემოციაში.
სიყვარული, როგორც ჰარმონიულად გაერთიანებადების შეერთება იძლევა განთავისუფლებას პროფანული განზომილებისგან. ამ დროს ხდება ორი ადამიანის გაერთიანება იმგვარად, რომ პროფანულის მიღმა ნათლად გამოსჭვივის ყოფიერების საკრალური საფუძველი. ამ დროს წარმოჩინდება ყოველდღიური მოვლენების ნამდვილი აზრი და ხდება შეხება მარადიულთან. 
ოშო ( ბჰაგვან შრი რაჯნიში) 1978 წელს წიგნში „საიდუმლოთა საიდუმლო“ წერს, რომ სიყვარულის დროს ადამიანები ეძლევიან უცნობ სამყაროულ ენერგიას. სიყვარულის მეშვეობით ადამიანის სული მოძრაობს ცნობიერების უმაღლესი დონეებისაკენ ტრანსცენდენტურთან შესახვედრად. ამ დროს ხდება ადამიანის სულის ტრანსფორმაცია, ხოლო ნებისმიერი ტრანსფორმაცია მტკივნეულია: ამ დროს ადამიანმა ძველი და ნაცნობი უნდა დატოვოს ახლისათვის და უცნობისთვის; შეჩვეულთან, ძველთან, კომფორტულთან დაშორება და „უცხო ოკეანეში“ გადაშვება იწვევს შიშსა და ტკივილს. ეს არაპროგნოზირებადი სამყარო აშინებს ადამიანს და ისეთ ტკივილს განიცდის, როგორც დაბადებისას. ამ ტრანსფორმაციამ, სანამ მიაღწევს ექსტაზს, აუცილებელია გაიაროს აგონია. სწორედ ამ ტკივილების შიშის გამო ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობს უსიყვარულოდ. ისინიც იტანჯებიან, მაგრამ მათი ტანჯვა ამაოა. ხოლო სიყვარულში ტანჯვა არაა ამაო - ეს არის შემოქმედებითი ტანჯვა, რომელსაც აყავხარ ცნობიერების მაღალ საფეხურზე.  ოშოს აზრით ნამდვილი სიყვარული მოითხოვს რომ შენ იყო გახსნილი, მოწყვლადი, ჩამოიშორო ყოველგვარი ტყუილები, უარყო ანგარიშიანი  გონება, მოითხოვს გარისკო და იცხოვრო მუდამ საფრთხეში და ეს ყოველივე მტკივნეულია. ამ დროს მეორე ადამიანს შეუძლია ტკივილი მოგაყენოს, ამიტომ საშიშია იყო მოწყვლადი; სხვას შეუძლია უარგყოს, ამიტომ საშიშია იყო შეყვარებული. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც სხვას გამოყავხარ შენი ჩაკეტილი, ნარცისული სამყაროდან გარეთ, „ღია ცის ქვეშ“. 
მეორე მხრივ ავტორის აზრით სიყვარული აქრობს შენს ეგოს. როდესაც ადამიანებს ერთმანეთი ნამდვილად უყვართ, ამ დროს არ არის მათში არავითარი ეგო. ეგო და სიყვარული ვერასოდეს თანაარსებობენ, ისინი ისე არიან, როგორც სიბნელე და სინათლე.შეყვარებულები იძირებიან ერთმანეთში, მაგრამ ინარჩუნებენ ამავე დროს ინდივიდუალურობას.
             ცნობიერების ამ ზემოთ სვლის, ტრანსფორმირების გვერდითი მოვლენა კი არის  სიყვარულის ემოცია. საბოლოოდ კი ოშო ასკვნის, რომ სიყვარული, როგორც ცნობიერების ამაღლება ტრანსცენდენტურამდე, იძლევა განთავისუფლებას მატერიალურისაგან, გაზომვადი განზომილებისაგან. ამ დროს არის შეხება მარადიულთან. მოვიყვანოთ წიგნიდან ფრაგმენტი: „სიყვარული ათავისუფლებს. ამაშია თავად სიყვარულის არომატი. თუ ეს არაა, თუ სიყვარული თავისუფლებას არ იძლევა, გაიქეცი მისგან, როგორც შავი ჭირისაგან. ნუ ჩაერთვები მასში; რაღაც სხვა წარმოაჩენს თავს სიყვარულად. როცა ნამდვილი სიყვარულია, შენ აღმოაჩენ, რომ უკვე დანებდი, და ეს მყისიერად მოხდა. იმ დროს, როდესაც სიყვარულს გრძნობ ვინმესადმი, შენ უკვე დანებდი. სწორედ ესაა სიყვარული: ისევ ვიმეორებ, შენ არ ნებდები ვინმეს, შენ ნებდები იმ უცნობ ძალას, რომელიც თქვენ ორივეს დაგეუფლათ. ეს შენსა და შენს შყვარებულს მიღმაა. თქვენ ორივენი, რაღაც უცნობ ენერგიას ეძლევით. ორ სვეტს ემგვანებით, რომლებიც ცალ-ცალკე დგანან, მაგრამ ერთი სახურავი უჭირავთ: თქვენ გიჭირავთ რაღაც, რაც თქვენზე აღმატებულია, თქვენს მიღმაა, რაც ტრანსცენდენციას განიცდის თქვენში.“  (ოშო 2014: 87)
ახლა შეგვიძლია შევაჯამოთ ჩვენი ნათქვამი:
  1. განხილულ მოაზროვნეებში სიყვარული არის ონტოლოგიური რანგის ფენომენი, ანუ არის ყოფიერების თვისება, ის არის ძალა, რომელიც არის ყოფიერების სტრუქტურული ელემენტი და უნდა მოხდეს მისი ონტოლოგიური ანალიზი, რათა დავადგინოთ მისი ყოფიერების სტრუქტურაში ჩართულობა. პლატონთან იგი არის ძალა, რომელიც ყოველ არსს და ყოველ სულს იდეალურ სამყარომდე ამაღლებისაკენ აღძრავს; ბუბერთან - ძალა, რომელიც ურთიერთობის უმაღლეს ხარისხამდე („მე-შენ“ ურთიერთობა) ამაღლებისაკენ აღძრავს; ტილიხთან - ძალა, რომელიც გაყოფილების ჰარმონიული გაერთიანებისაკენ აღძრავს და ოშოსთან - ძალა, ენერგია, რომელიც ცნობიერების ტანსცენდენტურამდე ამაღლებისაკენ აღძრავს. 
  2. სიყვარული როგორც ემოცია არის ონტოლოგიური ქმნადობის თანმდევი მოვლენა, მისი „გვერდითი ეფექტი“: პლატონთან სულის მატერიალურიდან იდეალურამდე ამაღლების პროცესის („სულის ფრთების ზრდა“) თანმდევი განცდა; ბუბერთან „მე-შენ“ ურთიერთობის, როგორც პროცესის შემადგენელი განცდა; ტილიხთან განცალკევებულების გაერთიანების პროცესის შემცველი ემოციური პალიტრა და ოშოსთან ცნობიერების მატერიალურიდან ტრანსცენდენტურამდე ამაღლების პროცესის ემოციური გაფორმება.
  3. სიყვარული არის განთავისუფლება უმდაბლესი განზომილებიდან და ასვლა უმაღლესი განზომილებებისაკენ: პლატონთან მატერიისაგან განთავისუფლება და იდეათა სამყარომდე ამაღლება; ბუბერთან „მე-შენ“ ურთიერთობაში ყოველდღიურობისაგან განთავისუფლება და „მარადიულ სიცოცხლის ქროლვასთან შეხება“; ტილიხთან განცალკევებულების გაერთიანებისას პროფანულისაგან განთავისუფლება და საკრალურთან, მარადიულთან შეხება; ოშოსთან კი მატერიალურისაგან, გაზომვადი განზომილებისაგან განთავისუფლება და ცნობიერების ტრანსცენდენტურამდე ამაღლებით მარადიულთან შეხება. 
          შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განხილული ავტორები საკაცობრიო აზროვნების ისტორიაში ქმნიან სიყვარულის ფენომენის გააზრების ერთ პარადიგმას - ონტოლოგიურ გააზრებას, რომელიც მთავარ აქცენტებს აკეთებსამაღლებაზე, განთავისუფლებაზე და ემოციის მეორადობაზე. ეს პარადიგმა არის პლატონის მიერ დაფუძნებული. 


ლიტერატურა:

ოშო 2014. ოშო “საიდუმლოთა საიდუმლო“ I ნაწილი. თბილისი 2014
პლატონი 1964. პლატონი „ნადიმი“ საბჭოთა საქართველო. თბილისი 1964
ბუბერი 1995. Мартин Бубер „Я И ТЫ“ Перевод В.В.Рынкевича Из кн.: Мартин Бубер. Два образа веры. М., 1995 http://filosof.historic.ru/books/item/f00/s00/z0000376/st000.shtml
ტილიხი 2015. Пауль Тиллих -„Любовь, сила и справедливость -Онтологический анализ и применение к этике“ Пер. с англ. — М.; СПб.: Центр гуманитарных инициатив, 2015.http://esxatos.com/tillih-lyubov-sila-i-spravedlivost
პლატონი 1968-73. Платон. Собрание сочинений в 3 т. (в 4 кн.) М.: Мысль, 1968—1973
საკვანძო სიტყვები:  სიყვარული, ონტოლოგია, ფილოსოფია.
Keywords: love, ontology, philosophy.


ანოტაცია
ელიზბარ ელიზბარაშვილი
(ასოცირებული პროფესორი. უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია)
მოხსენებაში განვიხილავთ  ბერძნულ, ევროპულ და ინდურ ფილოსოფიურ აზრში სიყვარულის მნიშვნელოვანი ონტო-მეტაფიზიკური კონცეფციებს.წარმოვადგენთ, თუ როგორ ხდება  პლატონის, პაულ ტილიხის, მარტინ ბუბერის და ოშოს (ბჰაგვან შრი რაჯნიში) მიერ სიყვარულის ფენომენის ადგილის და როლის განსაზღვრა სამყაროს და ადამიანის ყოფიერების სტრუქტურაში. ოთხივე წარმომადგენელის განაზრებებში ვუჩვენებთ, თუ როგორ ესმით მათ სიყვარულზე დაფუძნებით ადამიანის ნამდვილი არსის დადგენა და ინდივიდუალური თავისუფლების განხორციელება. 
მოხსენებაში ვასკვნით, რომ განხილული ავტორები საკაცობრიო აზროვნების ისტორიაში ქმნიან სიყვარულის ფენომენის გააზრების ერთ პარადიგმას - ონტოლოგიური გააზრებას, რომელიც მთავარ აქცენტებს აკეთებსამაღლებაზე, განთავისუფლებაზე და ემოციის მეორადობაზე. ეს პარადიგმა არის პლატონის მიერ დაფუძნებული.

Annotation
Elizbar Elizbarashvili 
(Associate Professor. High SchoolGeorgia)
The report will discuss important onto-metaphysical concepts of love in Greek, European and Indian philosophical thought. We present how Plato, Paul Tillich, Martin Buber and Osho (Bhagwan Shree Rajneesh) determine the place andthe role of the phenomenon of love in the structure of the universe and of the human being. We display, how all these four representatives understand establishing the true essence of man and the implementation of individual freedom on the basis of love. 
The report concludes that the authors discussed in the history of universal thought create one paradigm for understanding the phenomenon of love - ontological understanding, which focuses primarily on elevation, liberation, and the secondarity of emotion. This paradigm is founded by Plato.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ზურაბ ხასაია - მეტაფიზიკის შესაძლებლობის შესახებ ზურაბ ხასაია - მეტაფიზიკის შესაძლებლობის შესახებ ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - მუსიკის დაბადება ტრაგედიის წიაღში გორვანელი - მუსიკის დაბადება ტრაგედიის წიაღში ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / მომხმარებლები გორვანელი - ჰანა არენდტის მეტათეორიული მოძღვრება და კოსმოპოლიტური ნაციონალიზმი გორვანელი - ჰანა არენდტის მეტათეორიული მოძღვრება და კოსმოპოლიტური ნაციონალიზმი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები მირიან ებანოიძე - ჰაიდეგერი და აღმოსავლური აზროვნება მირიან ებანოიძე - ჰაიდეგერი და აღმოსავლური აზროვნება ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ ჟურნალი / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge