გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნანა მეფარიშვილი - ლექსები


მარტოობაში ნაპოვნი ღმერთი

სამყაროს ახშობს ხმა უსასრულო, 
ქარტეხილებმა ვერდაძლეულმა,
ამოგაკვნესა რამდენჯერ გულო, 
მაარტოობისგან გადალეულმა.

მიმოდის ხალხი, ქაოსში ლეში
აგდია 
და ზედ ლხინი აქვთ ყორნებს, 
გაურკვევლობა გგონია შეგშლის, 
ტკივილი წამიც კი არ აყოვნებს.

ძიების გზები, ხმაური, ჭორი, 
ერთი ცხოვრებაც სწორედ ეგ არის.
მეგობრები კი - ნისლივით შორი, 
ვერ განდობილი ნაოცნებარი.

ო, ამ ლირიულ ლექსთა ნაკადებს,
რატომ გაუხდა დინება მდორე
და უხუნდებათ იელის ვარდებს,
ფერები, როგორც ბოლო სტრიქონებს.

ვიღაც ფარდებს ხსნის გარკვევლობის,
ო, რა ძნელია მოერგო ამ გზებს, 
ვეღარ იოკებ სულიდან ბოგინს, 
ხელს აწერ სისხლით დაწერილ ფრაზებს.

ჭეშმარიტების მძებნელი თუ ხარ, 
რჩები მარტო და სიბნელე გქოლავს... 
შენ შეიყვარებ მას, ვისაც სძულხარ 
და ასე იგებ ბოროტთან ბრძოლას.

შერჩები ლექსებს, ვით თოვლი ყვავილს, 
გულში ნადებით, რომელიც ვერ თქვი, 
სულს შეგამეცნებს ტანჯვებით გავლილს,
მარტოობაში ნაპოვნი ღმერთი.


***
საჩუქარი ხარ, თუ რამ სასჯელი; 
აჩრდილი ხარ, თუ სულის ნათება; 
ანგელოზი, თუ ჩემი მტანჯველი...
გამართლება, თუ არ გამართლება.

დასასრული ხარ, თუ ჟამი მოსვლის;
ნიავი ხარ, თუ გრძნობის ხელება; 
ცოდვის მიზეზი, თუ ძალა ლოცვის;
გოდება ხარ, თუ ამომღერება.

დილა ხარ, ღამე, თუ რამ წყვდიადი;
სიმშვიდე ხარ, თუ ვნებათა ღელვა;
თუ სიყვარული, დიდზე დიადი;
ჩემი ბედი ხარ, თუ ჩემი წყევლა.

ნუთუ ცრემლი ხარ, ან წვიმის წვეთი?!
ნამდვილი ხარ, თუ უცხო ზმანება...
ავი სული ხარ, თუ ჩემი ღმერთი...
სიცოცხლე ხარ, თუ გარდაცვალება.

ის ძალა თუ ხარ, კლდედ რომ დგას გვერდზე,
თუ დროებითი ვინმე სტუმარი,
უგულო ხარ, თუ გულიან მკერდზე
გაქვს ჩემთვის ფიქრის თავ-სასთუმალი?!

ზამთარი ხარ, თუ მოფრენა მერცხლის;
ტკივილი ხარ, თუ გულის ხარება; 
უკანასკნელი გრძნობების ცეცხლი, 
თუ ჩემი ბოლო დასამარება?..


***
Ⴌესტის სუნი დაჰკრავთ კედლებს,
ნამოსახლარ კერიებს, 
ჟანგი ჭამს და იფურთხება
ხმლიდან, როგორც სნეული, 
აღარავინ ჰყვება ზღაპარს, 
არვინ იხმობს ფერიებს, 
არტახებიც აღარა აქვს აკვნებს 
შემოხვეული.

Ⴂადუგდია თავი გვერდზე
პაპაჩემის ალაგეს, 
მისი ხელით შემოწნული
ღობე სევდამ გაცრიცა, 
დადის, დადის სიბოროტე
სულის ნაღმებს ალაგებს,
სანთლით არის საძებარი
კაციცა და ქალიცა!

Ⴑახურავზე შერჩენილი 
ბუხრის ძველი კალამი,
პირ_ გახსნილი, გამომშრალი 
ზეცას ლოცვით შეჰყურებს, 
აღარ ისმის დილაობით
სოფლად ხშირი სალამი, 
მიტოვებულ სათონეზე 
ვინღა ხედავს მეპურეს.

Ⴋიწა თესლის ნატრულია, 
წყაროს მგზავრი სწყურია, 
ეზოს გულზე ნაყვავილარს
მოსდებია ბარდები, 
მტკივა, მაინც არ დამცდება, 
რომ ეს დასასრულია, 
წესთა წესო და ადათო
უსათუოდ აღსდგები!

Ⴉოჭლი კესო გზას აფხიზლებს,
გზების იცის ყადრია,
სევდისაგან შეკრულ ბაგეს 
არ დასცდება ჩივილი, 
ის სოფელი, მაინც ცოცხლად 
ითქმის, სადაც ადრიან,
ერთი ძაღლის ყეფა ისმის, 
ერთი მამლის ყივილი.


ქუჩის ეფექტი

ვამბობთ, ცივია ქუჩა,
გულში ყინული გსერავს, 
ხშირად წვიმები 
განატრებენ დღეებს დარიანს,
მოდის გოგონა დედის გვერდით 
და გიყოფს ენას, 
მერე კისკისით შეგანათებს სახეს ხალიანს.

ხანდახან ერთი პაწაწინა ღიმილი წაგშლის
ტკივილებიდან,
და სიცოცხლეს უცხადებ ნდობას,
შეხვდები მოხუცს, 
შემოგხედავს თვალებით ბავშვის, 
წამის წამიერ დაგავიწყებს უამინდობას.

ქუჩა ვერ გმალავს, 
ქუჩა გიმხელს დუმილის ანბანს
და როცა გინდა ფიქრს გაექცე 
შენთან მოდავეს, 
ჩამოგიქროლებს ვინმე მგზავრი
დარდისგან განგბანს,
ერთს გაგიღიმებს
და ტკივილებს შეგიცოტავებს.


"ყვავილი თოვლში"

ერთი, 
ორი,
ახლა უკვე მესამე, 
წელიწადი 
შემოგვადგა ზღურბლიდან
გახსოვს მაშინ, 
კრძალვით რომ მოგესალმე,
იები რომ გიღიმოდა უბიდან.

ქუჩა იყო სავსე ჩვენი მზერითა,
მხრები მქონდა თოვლში განაციები, 
სიხარულით ვერ შეგბედე მეკითხა,
იანვარში, სად იპოვე იები?

თოვლის ფიფქებს, 
როგორც ციცქნა გვირილებს, 
ამბორს ვაწვდი,
როცა ხეებს დაათოვს,
სიყვარული ისე გაგაღიმილებს, 
თვით ზამთარსაც 
აპრილივით დაათბობს.

ღამე ჰგავდა 
მარტოობით ნაწამებს,
მზით მოხველ და გულის ძაფებს მიები,
მე კი, 
დღემდე ერთი კითხვა მაწვალებს,
იანვარში სად დაკრიფე იები!


ძალა ნათელი

რა გაამრთელებს ნეტავ ამ ბზარებს,
ენა ჰგავს ჯვარზე გაკრულს_ წამებულს,
ვინ გააღვიძებს ახლა ლაზარეს,
ოთხი დღე-ღამის გარდაცვალებულს.

ფრთები რადა აქვს დახრილი არწივს, 
ვინ უფენს ფარდაგს ეშმას საზარელს, 
უკვე დამარხულს და სულ მთლად გახსრწნილს, 
ვინ ააყენებს ფეხზე ლაზარეს?!

დრო უდგათ სვავთა, ყორანთა, ყვავთა,
წმინდანი რეკავს განგაშის ზარებს!
დახშულ ქვაბულში გმინვაა ქვათა, 
მატლი ეხვევა წმინდა ლაზარეს.

სიცრუე იხვევს ბრჭყვიალა ფუთას,
დაგმანულია სიმართლის ჭრილი, 
ცოცხალ მარგალიტს დემონი ხუთავს
და ეშმას კბილზე ღრჭიალებს კბილი.

ბნელ საცავებში მტვრის სქელი ფენა, 
ფარავს სინათლეს, როგორც ზვარაკებს, 
ამეტყველდება ლაზარე-ენა
და ცოცხალ ღმერთზე ილაპარაკებს!

ერს მიძინებულს ჯვარს გადასახავს,
(გ)ახსნის ყველაფერს დღემდე რომ ფარავს,
ყველა მიხვდება მაშინ და ნახავს, 
მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეს ძალას!

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge