გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამარ შაიშმელაშვილი - ლექსები



ზღვაზე მამაჩემი გამახსენდა

ზღვაზე მამაჩემი გამახსენდა
ვაზის მოშრიალე სანახებით...
ცრემლი ხელისგულზე გზას აგნებდა,
მუხლებს დაჰკარგვოდათ ასაფრენი...
ტალღებს გვირილები მოჰყვებოდა,
მინდვრის მოგალობე ბალახები,
ვგრძნობდი, სიზმარ-ცხადში რაც ხდებოდა -
შორს, კვლებს ჩასდგომოდა მამაჩემი...
და გულს ზღვის შრიალით იმშვიდებდა,
და ბანს კვლავ აძლევდა გაღმა ხევი...
და მზეს, ჩამუხლული იმ შინდებთან,
ერთად მალულ ღელვით დავარხევდით...
გვალვა სწვავდა ქიზიყს ოქრო-ცურვილს,
უკვე იწყებოდა მამას რთველი,
ტალღებს მივყვებოდი ქროლვა-ცურვით
და ცრემლს მიგზავნიდა ცა სამფერი...
ზღვაზე მამაჩემი გამახსენდა... 


გარეჯო

ქარი ვარ, ფრთებით გიცავ, გარეჯო,
რომ გაზაფხულზე მზეს შეგავედრო...
ამ სამოთხეში სისხლის წვეთია,
ეკლიან ღრუბლებს რად უწვეთიათ?
რად მგლოვიარობს კოშკი მდუმარე 
და გულის ძახილს ვით იმდუღარებს? 
ვინ ამოშანთა მზერა მარიამს,
ცხონების ქედზე ავსიზმარია? 
მოწვეთავს წყარო მადლის მახარე,
მაგრამ ცისთვალებს ვეღარ ახარებს...
ბინდის ნამგლებით მოდის ურჯულო,
ამ ბედშავ ჟამში ვინ მოარჯულოს?
მხოლოდ ქარნია! მეც ფრთებით გიცავ,
რომ შემოვევლო შენს მართალ მიწას... 


თეთრი ვარდებით

თეთრი ვარდებით 
დეკემბერი ავიყვავილე,
სამოთხეში ვარ, შენთან ერთად 
თოვლმა დამფარა,
სიყვარული და სიტკბოება 
გავინაპირე,
რომ მზედათოვლილ სერაფიმებს 
გავყვე ქარდაქარ,
რომ გაზაფხული დაგიბრუნო
ცისკრისპერანგა,
სულიდან ლექსში, ლექსში სიზმრით 
აგიბიბინდე...
ჩემს ღამეებში  თბილ ნისლად ვინ 
მოგიფერადა, 
რად  ენატრები მოწკრიალე სულს  
ნაგვირილევს... 
გრილონაგემი სიჩუმეა შენი 
გულისხმის,
თეთრი ვარდებით დეკემბერმა 
ისევ დამთოვა...
მომინაპირებს უნაპირო სივრცეს 
ყრუდ სისხლი
და შენთან ერთად, სიყვარულო, 
თოვლში მარტო ვარ...



***
გავყურებ
მზისგან ამომწვარ
შარას...
გზას, სად
ოდესღაც
წმინდა ნინოს
დამებნა ლოცვა...
დრომ სიყვარულის
მანუსკრიპტი
ამაოდ  შალა...
სამშობლო -
ღამის ნატვრისთვალი
უფალმა
მომცა...


ყაზბეგის გზაზე

ხევს შემოდგომის ფერები ავსებს,
ხან ლოცვის და ხან სიმღერის მჩენად,
ყვება ცირცელი, ამბების მაცნე,
რომ ჩვენი თავი გვეყუდნეს ჩვენად...
თითქოს ნისლებში ვარ ოტებული,
არყის ხეებში გული ჰგავს ნიმფას,
და ოქტომბრის ცას გაიბოტენის
მზის ანგელოსმა გადაუფრინა...
მზე არის ყველგან ჩემი ნათლული,
ჩაწნულ ფერებად, სუნთქვის ირაოდ,
მე ნატერფალი მიცდის სხვა თოვლში,
ის  ვარდისცვენაცჩავლილიაო...
ჩანს ეკლესია, სიზმრის საყელო,
ჩამოფრენილი ზეციდან  ბედად...
ხვალ  გზები ზვავში უნდა გავყელო,
მარიხ-ვარსკვლავი ფეხდაფეხ   მდევდა...


***
ღალატის ყვავილს ვერ დავარქვი ისევ სახელი…
მარტომზე ჩადის, ჩადრიანი ღიმილი მიაქვს...
დავტოვე გზაში შეწყვეტილი ჩემი სამღერი,
ყაყაჩოს მხარი შევუხვიე ბილიკზე იმ ქარს,
რომელიც ახლა მარტოობის ჭრილობას იზრდის
და სულში მაინც საკურნებელს მალულად ფარავს...
თითებით ვსინჯავ ნაწიბურებს უხსოვარ სიზმრის,
შავი კუნელის სამზეოზე ეშვება ფარდა...


მერე რა, რომ

მერე რა, რომ მაისია...
თოვლი მოდის, _
ჩემს თითებზე, ქარებზე და
ბილიკებზე...
თოვლი მოდის,
როგორც ტრფობის სონეტები,
თოვლი ტირის,
დაისივით მწე
და უცხო...
მერე რა, რომ 
გაზაფხულის სიმწვანეა,
გაზაფხული საედემო 
ფარჩას იცვლის...
მოიხედე...
მაისია თეთრი ნისლი!
მაისია პოეტების 
მზე და სისხლი!


***
უშვილო ღამის ფიქრია წვიმა,
ფერს დაულამბავს გულის ნაპირებს,
იცი თუ არა, ფოთლები წირვას 
და  გადაფრენას ქარი აპირებს...
იცი, რომ ახლა თოვლს ვუსმენ სულში,
ფერს შევშლი - ველზე მთვლემარ  მარაოს,
დაჭრილი სისხლი დამყვება სულ მზის,
იღბალმაც ამ გზით ამიარაო... 
მგავს დეკემბერი  შიშველი გეშით,  
ემარტოება არეულ  დროჟამს...
ფერს ვიშრობ შენით, გაშლილ მინდვრებში
ვარ დაწინწკლული სამშობლოს დროშა...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge