გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გოდერძი ჩიტაიშვილი - ლექსები


მ თ ვ ა რ ე მ 
გ ა ჩ უ ქ ა
მ ა ნ დ ი ლ ი

რა მოგივიდა, ძვირფასო,
რატომ აღარ  მწერ წერილსო,
შენს სიტყვებს  ნამივით ველი,
იმედად ამოწვერილსო.
ხმას არ მცემ, ზურგი მაქციე,
რა მოხდა, რად მეურჩები?
ყურში მითხარი ჩურჩულით,
რატომ გაბუსხე ტუჩები.
იქნებ მოგაკლე ლექსები,
ან იქნებ იის კონები? 
ოღონდ რამე თქვი ღიმილით,
მაგ ღიმილს დავემონები.
შენი ფანჯრიდან მომესმა
ფორტეპიანოს ხმა ნაზი,
მთვარე შუქს ფენდა მიდამოს,
იყო საოცრად ლამაზი.
„მთვარის სონატას“ უკრავდა,
შენი ნატიფი თითები,
მთვარე ზევიდან  გისმენდა,
შემოხვეოდა ფიქრები.
გისმინა დიდხანს, ბოლომდე,
მთლად მოინუსხა ბგერებით,
მხრებზე შეგეხო სხივებით,
გული იჯერა ფერებით.
მერე წასვლისას მოგიძღვნა
ვერცხლისფერ სხივთა მანდილი,
სიფრთხილით თმებზე დაგფინა,
ოცნებასავით ნამდვილი.
ქარს შეერია, მიჩუმდა,
„მთვარის სონატის“ პიანო,
ჩემსკენ მობრუნდი, არ მინდა,
მთვარეზე ვიეჭვიანო.


ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა
ა ქ ვ ე ა,
გ ვ ე რ დ ი თ


საოცარია კაცის ბუნება,
ჩაუმუქდება ზოგჯერ გუნება,
წლების მატებას თან მოაქვს სევდა,
პირველ ჭაღარას-პირველი ელდა.
მოეშვი ძველ წლებს, ბედნიერს, წასულს,
არ მობრუნდება, ჩაბარდა წარსულს,
მოგონებებში ყოფნაა მცდარი,
მხოლოდ ხანდახან შეუღე კარი.
მერმისი იცი, უთუოდ მოვა,
მკვდარ ოცნებებსაც არ უნდა გლოვა,
ნუ შეაწუხებ იღბალსაც ძალზე,
თვით აჟღერდება იმედის ხმაზე.
ქარი ესტუმრა ჭრელ მინდორს, მზიანს,
ქოჩორს უწეწავს გორაკებს ტყიანს,
შენს აივანზე ბუდე აქვს მერცხალს,
ეჭიკჭიკება ქათქათა ზეცას.
შვილიშვილები მოვლენ საღამოს,
ჩაგეხუტება ბექა, ანანო,
ხმას სიხარულის ცრემლი ერევა,
სხვა რაღა არის ბედნიერება!
ყოველდღიურად დატკბი აისით,
ამომავალ მზეს შეხვდი ხალისით,
ნატვრას აგიხდენს ბედნიერება,
გაგიცისკროვნებს ქვეყნიერებას.
მხრები გაშალე, განა დავბერდით,
ბედნიერება აქვეა, გვერდით,
ლამაზ სიცოცხლეს ნუ დაღლი ფიქრით,
ისედაც ჩქარობს, სულ სადღაც მიჰქრის.



ს ი ც ო ც ხ ლ ე ვ
ჩ ე მ ო

სიცოცხლევ ჩემო, რატომ მიფრინავ
ესოდენ ჩქარა,
სვლა შეანელე! დრო, რაც მაჩუქე,
ვწუხვარ, არ კმარა,
განმაცდევინე შენი სიტურფე
ძირფესვიანად,
ნუ მიმატოვებ, მსურს დავიღალო
შენით მთლიანად.
მინდა დავსველდე მაისის წვიმით,
მის მოსვლას ველი,
მინდა ვიყნოსო მიმოზისა და
ვარდის სურნელი,
დაბრუნებული მერცხლების ჭიკჭიკს
ვუსმინო მინდა,
ის წლები მინდა სიჭაბუკისა,
რაც გამიფრინდა.
ვგრძნობ, რომ გრძელდება ძალუმი ბორგვა
ძარღვებში სისხლის,
ლურჯი ფრინველის ფრთების ხმაური
ჯერ კიდევ ისმის,
სვლა შეანელე,იქნებ გამასწრონ
აქედან მტრებმა,
მინდა დავტოვო სითბო, სიკეთე
და მონატრება.
ნუ დამაჩქარებ,დინჯად ვალაგებ
ფიქრებს არეულს,
უნდა შევეხო აკაციების
სუნთქვას ადრეულს,
გადავიარე მოხნულ მიწაზე
ნაზამთრალებზე,
დღეებს ვიხუტებ მადლიერების
ცრემლით თვალებზე.
მადლობელი ვარ ყველაფრისათვის,
რაც დამაცადე,
ოცნებებისთვის-დედამიწიდან
უძირო ცამდე,
რაც მოგიცია, იმით მსურს დავტკბე,
დრო კი არ კმარა,
სიცოცხლევ ჩემო, რატომ მიფრინავ
ესოდენ ჩქარა!



ხ ა ნ

ასე დაგვხვდა და ასე გრძელდება,
ჩვენ ტყვეები ვართ სიცოცხლის მხოლოდ,
მუდმივ ლოდინში ფიქრი ბერდება,
მიმოიხედავ და მოვა ბოლო.
შემომხვევია უხილავ ძაფად,
არ ენაღვლება თვისი თუ სხვისი,
ხან გულში მიკრავს, ხან მიტევს მძაფრად,
ბედისწერაა სახელი მისი.
ვინც მიყვარს, მინდა მასაც ვუყვარდე,
ზოგჯერ ცისა ვარ, ზოგჯერ კი მიწის,
ხან ეჭვებში ვარ, ხან კი ვკრეფ ვარდებს,
ხან მცივა, ხან კი ფერფლამდე ვიწვი.
ზოგჯერ მხნედ ვიბრძვი, ზოგჯერ ვმარცხდები,
ხან თავს ჩავკიდებ, ხან ავინთები,
ხან აღზევებით, ხან დანარცხებით
განვვლე ცხოვრების ლაბირინთები.
თუმც ჯერ არ ვცხრები, რა დროს ეგ არი,
ჯერ ისევ ბრუნავს განცდის მორევი,
სანამ სხივს მაფრქვევს ლექსი მედგარი,
არავინაა ჩემი მომრევი!



11 დეკემბერს
ტანგოს საერთაშორისო დღე აღინიშნება

ტ ა ნ გ ო

ცეკვით გაჟღენთილ სავსე დარბაზში
გულები თრთიან,
ტანგოს მუსიკის ჩუმი ბგერები
ფორტეს უფრთხიან,
აკორდეონმა ვნებას მიუძღვნა
მძაფრი სოლ, ლა, სი...
ამოუცნობი ჟღერს ლიბერტანგო
პიაცოლასი.
ტანგო სხეულით, ცეკვით ნათქვამი
განცდის ენაა,
გაუმხელელი ღრმა სიყვარულის
აღმაფრენაა,
გარინდებულხარ, სევდად ქცეული
სინორჩე გქვია,
გიცქერ და ვნანობ, რატომ არ გავჩნდი
ოცი წლით გვიან.
მაშინ გულისთქმა უპასუხოდ არ
დაგეტოვა იქნებ,
ტანგოს რიტმებში შეაგროვებდი
ჩემს ფაქიზ ფიქრებს,
ცეკვას გთავაზობს ვაჟი ამაყი,
შენთან სურს იდგეს,
მე კი- დაღლილი ტორეადორი...
სჯობს გვერდზე მივდგე.
კვლავ ტანგოს ცეკვავ ბედნიერი,
მიუწვდომელი,
წავალ, ფიქრებთან გავათევ ღამეს,
აქ არვინ მელის,
რაღაც დამთავრდა,ახალი კი
აღარ იწყება,
არ ცხრება ტანგო, აფრქვევს და აფრქვევს
თავდავიწყებას!
ზაფხულის ცაზე კაშკაშა ვარსკვლავს
შევავლე თვალი,
ტანგოს სხივებში გახვეულხარ
უცნობი ქალი,
დავბორიალობ წყვილებს შორის
სული ეული,
და თავბრუს მახვევს გულთამპყრობელი
ტანგო, გრძნეული
აკორდეონი დაუცხრომელი,
ჟღერდა დილამდე,
მას გაფანტული მაგნოლიებში
დარდი მივანდე,
განცდებს ჰანგებმა შემოახვია
ტკბილი ზმანება,
ოცნება ჩავლილ ლამაზ წარსულს
ეთაყვანება...



ძ ვ ე ლ ი
თ ბ ი ლ ი ს ი


ორთაჭალიდან ნიავს მოაქვს დილის საარი,
მტკვარი ასეთი მოდუდუნე აბა სად არი,
ბაღში ქეიფში დაათენდათ თავზე კინტოებს,
ნაბახუსევზე შესევიან სამიკიტნოებს.
ჩაფიქრებულა ბევრნათმენი, მხნე ნარიყალა,
მშვიდი ნაბიჯით ქვაფენილზე დადის ნიკალა,
მტკვრის ნაპირები იხსენებენ დარდიან ტატოს,
ფიქრთ გასართველად ხეტიალი უყვარდა მარტოს.
დუდუკს აკვნესებს ყარაჩოხელი, წარსულს მისტირის,
წყლის ზედაპირზე კვალი დარჩა ჩავლილი ტივის,
მარადიული პოეზიის ძირმძლავრი ბურჯი
-ძველი თბილისით მოხიბლულა იეთიმ გურჯი.
სამების ზართა გუგუნს უსმენს დილით სიონი,
ალიონის მადლს აფრქვევს ქალაქს ერისიონი,
არ დავიწყნია მეტეხის ჩრდილს ურვა და ჭირი,
შემოუნახა მეხსიერებას მტერი და გმირი.
მერცხლებს უმღერის მთაწმინდიდან შიო მღვიმელი,
კვლავ პირჯვარს იწერს ანჩისხატში აბო თბილელი,
ცხენებდაღლილი კონკა შეუყვა თბილისურ აღმართს,
ისევ დასტირის მეფაიტონე გაყიდულ არღანს.



მ ც ხ ე თ ა ს
დ ა ვ ხ ე დ ე 
ჯ  ვ რ ი ს 
მ  ო ნ ა ს ტ რ ი დ ა ნ


მცხეთას დავხედე ჯვრის მონასტრიდან,
განცდებს აღვიძებს ღრმა ჰარმონია,
სამოთხე იქნებ სხვასაც ჰქონია,
მაგრამ ასეთი? არა მგონია.
ფიქრმა წამიღო, გადავწვდი წარსულს,
ჩამავალ მზის სხივს ჩამოჰყვა ბინდი,
გულს შემოენთო ემოციებად
მადლიერება, კრძალვა და რიდი.
ვინ დაივიწყებს დღემდე ნაღვაწარს,
ან ვინ აწონის წინაპართ ამაგს,
წასულ ქართველთა საქმეთ საგმიროს
მტკვარი უყვება გულსჩაკრულ არაგვს.
გარინდებულა სამთავრო ჩრდილში,
ცაში ირაოს ავლებს მიმინო,
ვაზის ჯვრით ხელში მაცხოვარისთვის
სანთელს ანთებდა აქ წმინდა ნინო.
"კაბადოკიით მცხეთას მოსული",
წინ მოუძღოდა ერს უძირძველესს,
ნათელი მოსავს მეფე მირიანს,
კერპთმსახურების სიბნელის მძლეველს.
ციხე არმაზი-მცხეთის დარაჯი
სევდას ახვედრებს შემობინდებას,
მომხვდურთ მახვილით იავარქმნილი
დღესაც მისტირის ჩავლილ დიდებას.
სვეტიცხოველი, ოქროცურვილი-
-სრულყოფილების ზესწრაფვა ქვაში,
გაუტეხელი სულის სიმბოლოდ
თითქოს აჭრილა ზვირთებად ცაში.
წმინდანთა ლოცვა იფარავს ქართველს,
არ უკვნესია, არც დაიკვნესებს,
მცხეთას დაჰნათის შუქი ღვთიური,
მაცხოვრის კვართი უმაგრებს ფესვებს.
ისევ გუგუნებს " მრავალჟამიერ",
ბედნიერ წყვილებს ჯვარს წერს მამაო,
ქართველი ისევ ცოცხლობს, მრავლდება,
არ უხმარია ხმალი ამაოდ.



პ ი ა ნ ი ს ტ ი

როგორ უხდები როიალს,
პეპელავ ლამაზფრთიანო,
შენი თითების მაგიით
მეტყველებს ფორტეპიანო.
შოპენმა გული მოგიძღვნა,
ლისტმა გაჩუქა სამყარო,
ამდენ ჯადოსნურ ბგერებში
ბრილიანტივით ჩანხარო.
რახმანინოვის პრელუდით
ვგრძნობ, რაღაც გინდა მახარო,
სულში ფრთხილად შემოპარულ
ციმციმა სიზმარს გავხარო.
ყური დატკბა ჰარმონიით,
თვალმა მზის სხივი დალია,
ეგ თეთრი კაბა მერწმუნე,
გშვენის ძალიან, ძალიან!
როგორ უხდები როიალს,
პეპელავ ლამაზფრთიანო,
შენმა თითებმა მოქარგა
ხან ფორტე, ხან კი პიანო.



ა მ ა ო ე ბ ა
ა ფ უ ს ფ უ ს ე ბ ი ს


წიკ-ტაკ...წიკ-ტაკ...წიკ...ვუცქერ მეტრონომს,
ზოგს პრესტო მოსწონს, ვის კიდევ-გრავე,
დაღამდა. ერთი დღეც გამომგლიჯა
დრომ-ულმობელმა, უღმერთომ, მჟავემ.
წიკ-ტაკ...მითვლიან საუკუნეებს,
წლებს, საათებს და საცოდავ წამებს,
ყალყზე შემდგარი პროტესტი მხოლოდ,
ვეღარ ვამშვიდებ ფიქრებს ნაწამებს.
დღესაც ისაა, რაც იყო გუშინ,
ამაოება აფუსფუსების,
ყვითელი ფერი მაღიზიანებს
ახრჩოლებული ავტობუსების.
ღრჭიალებს ხუნდი, ბოლავს მაყუჩი,
ასფალტს აფურთხებს სქელშუბლა ლენჩი,
შფოთავს, ფუთფუთებს ქაოსი ტვინში,
ჩუმად ვთვლი დღეებს, არავის ვერჩი.
ბორგვა და შიში-ცხადსა თუ ძილში,
ურნას დაჰყურებს წყალწაღებული,
ერთფეროვნების მონოტონიზმში
ხარობს თაღლითი გალაღებული.
საწყლად ციმციმებს მკრთალი იმედი,
გარბის ლილიკო, გამორბის ბონდო,
ანაქრონიზმის გროვად ქცეულა
ფუსფუსი ჩვენი-უნიჭო რონდო.
წიკ-ტაკ...წიკწიკი გიდგენს დროს და ტემპს,
იქიდან მოსულს კვლავ იქ მისვლამდე,
გაბაცდა ღამე...კვლავ დღე ახალი...
ცოტაღა დარჩა მზის ამოსვლამდე.



პ ი რ ვ ე ლ ი
ზ ა რ ი


რა ხანია თოვს, ბარდნის და ბარდნის,
ბოძზე თვალს ვერ ვწყვეტ ნათურის ლიცლიცს,
ღამის თეთრ თოვლზე ეცემა ფიფქი,
მშვიდდება გული, ფიქრისთვის იცლის.
ჩიტაძის ქუჩას დავყევი თავქვე,
სკოლის წინ ვდგავარ, თოვლს ფანტავს ქარი,
ამოტივტივდა მოგონებებში
"დედა ენა" და პირველი ზარი.
პირველ სექტემბერს იყო ზეიმი,
ყვავილები და ღიმილი ყველგან,
გამოუცნობი მღელვარებისგან
გვიცემდა გული თვითეულ ჩვენგანს.
შემოინახა მეხსიერებამ
დიდი ოთახი ციცქნა მერხებით,
კალმისტარი და თეთრი სამელნე,
ფანჯრებს მიღმა კი ძველი ვერხვები.
ფიქრით დავხედე სკოლის ფოტოებს,
ღმერთო, ფუსფუსში რა დრო გასულა,
ზოგს ვხვდები, ზოგის ამბებს ვგებულობ,
ზოგიც დადის და ზოგიც წასულა.
ალბათ არ არის ის დროც სადღაც შორს,
აქ რომ მოვიყვან შვილის შვილიშვილს,
რას იზამ, ჩვენი ცხოვრება სპორტს ჰგავს,
სადაც სტარტია, არის ფინიშიც.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge