გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მამუკა ოჩიაური - ლექსები


მომენატრე

მომენატრე, 
მომენატრე ამ დღეს ერთობ,
ვერ დაძლიე სიჯიუტე, ვხედავ, მტკიცე.
მაპატიე, შევაბერდი ამ მთებს, ვერ ვთმობ,
სადაც წახვალ მოგყვებიო, დამიფიცე,
მაგრამ  ბარი ვერ დატოვე, არ ისურვე,
რომ ამ მთებში გაგვეშალა საწოლი და
მე, ხევსურმა, ნატვრა ვეღარ  ავისრულე,
ვერ დავბრუნდი მთებში ნანატრ საცოლითა...
მომენატრე, მე ღამეთა გავხდი მოძმე,
თურმე ღამით საფიქრალი რამდენია.
სხვა არავინ, ბალიშია ამის მოწმე,
ვითომ გულცივს ცრემლები რომ დამდენია.
მომენატრე, მომენატრე ამ დღეს ერთობ,
მკერდში გული განსხვავებულ ხმაზე მიცემს.
მაპატიე, თმაჭაღარა მთებს რომ ვერ ვთმობ,
თურმე შენაც რა ტყუილად დამიფიცე.
            
                        
            
ომში დაკარგულ მამას

მამი წლები გავიდა, რაც გახვედი სახლიდან,
წახვედი და ეს გული მძევლად თან გაიტაცე.
ქარი, გადარეული, ხეებს თავს რომ ახლიდა,
ომის ცეცხლი აენთოთ აფხაზეთის მიწაზე.
მაშინ ვიყავ პატარა, დარდის უცოდინარი,
ვერ გამგები ამ სოფლის, სავალ ბეწვის ხიდისო.
მახსოვს, რომ გამაღვიძა დედამ ბავშვი მძინარი,
შვილო, მამა საომრად აფხაზეთში მიდისო.
შუბლშეკრული ავდექი, დაბუსხული ტუჩებით,
ლოყაზე გეამბორე, გამიღიმე მცირედი.
შენ წახვედი საომრად, დათოვლილი ქუჩებით,
წახვედი და წაიღე დედის დიდი იმედი.
ომის მწველი ქარ-ცეცხლი, როგორ უმადურია.
მამი, დაკარგულია დღემდე შენი გზა-კვალი.
დღესაც შენი კოცნა და ჩახუტება მწყურია,
საფლავიც კი არ ვიცით - შენი მიწის საკანი.
მამი, წლები გავიდა, არ ბრუნდები, არა და
სიზმრად გხედავ მუდამჟამს, მძინარს თავს რომ მევლები.
გაუთეთრდა თმები და გული დაუავადდა...
დედის თვალზე არასდროს არ გამშრალა ცრემლები.
მამი, წამოვიზარდე, ნელა მივდევ მზიანეთს,
დედაც დაბერებულა ამდენ დარდის მნახველი.
ვინ გამითბობს უშენოდ შემოსეულ ყიამეთს,
მუდამ  საამაყოა მამი შენი სახელი.
საფლავიც კი არ შემრჩა, მიწის მცირე ფართობი.
იმ წამს ვერ დავაბრუნებ, წლები ადევს ლოდივით.
პატარა ბავშვს რარიგად მკოცნიდი და მათბობდი,
არასდროს დავიღლები მამი შენი ლოდინით.
შენებრ ბევრმა შელეწა მტრეთა ციხე, სანგარი,
მტრების ტყვიით რამდენი დაიფლითა გულები.
თქვენი სოფლის მიწაზე არ გეღირსათ საფლავი,
გაქვთ საერთო სახელი - ომში დაკარგულები!
მამი, წლები გავიდა, რაც გახვედი სახლიდან,
სამუდამოდ გაიხურე მძიმე სახლის კარი.
ქარი გადარეული, ხეებს თავს რომ ახლიდა,
ახლა ღმუის - "აფხაზეთი საქართველო არი"!
მამი, მეც დავბერდები, იზრდებიან შვილები,
იმათ ხელში გადავა ერი, ბერი, ნარგავი.
ყველამ უნდა იცოდეს თქვენისთანა გმირები.
არასოდეს გახადონ დროში დასაკარგავნი!..
ბოლოს უნდა დავწერო, თუნდაც ასე მეძნელოს,
ჩემთვის მძიმე გამხდარა წლები, წუთი, წამი... 
მამულს თავშეწირულო, მუდამ ჯვარი გეწეროს,
სახლში დაუბრუნებო, ჩემო გმირო მამი!
            
                       
                        
მურია

კუდს მიქიცინებს ძაღლი - მურია,
ურჩი ქარები თელავენ ველებს.
ცხოვრება როგორ უცნაურია,
თვალს ჩინს უკარგავს, სხეულს აბერებს.
არ უჩიოდა არასდროს ძალას,
ნადირს ებრძოდა რამდენი წელი,
თეთრად დაპენტილ ურიცხვ ცხვრის ფარას
არ გააკარა არცერთი მგელი.
ბევრჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში,
ციცაბო გზებზეც ბევრი უვლია
და ჩაკარგული გაფრენილ წლებში,
სიბერეს ებრძვის ბერი მურია.
ვაგლახ, რარიგად  წავიდა დღენი,
წუთისოფელო, არ გაქვს დანდობა.
ის, თითქოს გუშინ, ყეფით და ღრენით,
გამოუცდელი, ლანდს დარდს ანდობდა.
დღეს კი სიბერე  შემოერია,
მუხლებს ტკივილთა მოედო ალი.
უსახურია, ბინდისფერია
უიმედო და ყრუ მომავალი.
ვერც საძოვარზე მიჰყვება ფარას,
ბინაზე რჩება ახლა მურია.
ვერ დააბრუნებს იმ უქრობ ძალას;
ცხოვრება როგორ უცნაურია.
არ ქრები დარდო, ტკივილო ახლობ,
თავზე დაგაწვა წელთა თაღები,
შორს ვერ მიდიხარ, ბინაზე სახლობ,
გიხმობენ ლაღი იალაღები.
ველზე გაჭრა და ყეფა გწყურია,
მაგრამ არ გიშვებს სიბერის დირე.
უცნაურია ეს დღე მურია,
დრო სიცოცხლისა დამრჩალა მცირე.
კუდს მიქიცინებს ძაღლი - მურია,
ურჩი ქარები თელავენ ველებს.
ცხოვრება როგორ უმადურია...
არ იცის, ღამეს თუ გაათენებს.
              
  

არხოტს

შენი სუნთქვა ვარ, ნიავი ჩუმი,
შენი ზვავების გრიალი, ბრაზი.
მაგ მდინარეთა უტყვი დუდუნი
და მაღალ მთებზე ყინულის ხაზი.
ზენა ქარი ვარ, ნისლის მდევარი
და ქარაფებზე  წვეთთა წკარუნი.
შენზე მლოცველი, ბარის მძევალი,
ლოდი ხავსებით გადაფარული.
ხან ჩანჩქერი ვარ კლდეთა დალალი,
ხან მდინარეზე ხიდი მაგარი.
ქიმზე წამდგარი ფიჭვი - "ალამი",
ხან კი ფრიალო - " ქარის ლაგამი ".
შენი ვარ, შენი, - განუყოფელი,
დაუდუმები ამ მთებში ქნარი
ხან გაცრეცილი მწირი სოფელი,
ხან დაქცეული ვარ ნასოფლარი.
ხან ავდარი ვარ, მრუმე ღრუბლები,
ხან ალიონი, ცა მოწმენდილი
დაუსრულები ამ მთებში გზები,
აუსრულები გულის წადილი.
შენი ციხე ვარ აუღებელი,
ალპურ მდელოზე პირიმზე ლაღი.
ხან კი ქვითკირის ძველი კედელი,
ანდა კედელში მოხრილი თაღი.
ხან ბალახებზე ცვარის ვარ მძივი,
მიმოფანტული ალპურ მდელოზე
მე საუკუნოდ შენი ვარ შვილი,
შეყვარებული საქართველოზე!
                                    
           
წელწადწუხრა ახიელში

არის წელწადწუხრა*  ახიელში,
ცივი, პირქუში და ქარიანი.
ტაბლასთან ჩვენ სამნი ვართ ყანწით ხელში,
თემის მცველნი, ხმლიან-ფარიანი.
ჯარჯი - მასპინძელი ჩემი ტოლი,
შიო  - ბიძაჩემი, - ხევისბერი
გარეთ სიცივეა მოდის თოვლი,
მთებსაც მორევია შავი ფერი.
მერე ჭერს მიაპყრო შიომ თვალი,
ხელით მოუსინჯა ყანწსაც წონა.
ყველა გარდაცვლილი - ჩვენი მკვდარნი,
ბიძამ ამ ტაბლაზე მოიგონა.
და ლხინს მიეძალა ჩვენი გული,
ვლაღობთ, გველოდება წელწადდილა.**
წლობით ნაგროვალი სინანული,
ბიძამ მე და ჯარჯის გაგვიმხილა.
- ხვალის დამეკარგა უკვე ნდობა,
მუხლში ვინატრებდი ძალას, ღონეს,
თუკი ამ გზით ვივლით უხალხობა
სოფელს დააქცევს და დაიმონებს.
გვფარავს ყიამეთი გაძარცვული,
ბინდი მორევია უკვე ჭალებს,
როცა ვერვინ მხედავს შემოვუვლი
უჭერო, ლიბოდაშლილ ნასახლარებს.
სადღაც დაკარგულა სიხალისე,
მოხუცს შემეჩვია დარდის ჭია,
მაგრამ ამ გულს რაც კი მიხალისებს,
ისევ გაუქრობი იმედია!
ცრემლი მოერია ბიძას თვალში,
ვატყობ გულს მოუწევს ბევრის თმენა.
კენტად მოციმციმე სანთლის ალში
უხმოდ იღვრებოდა ღმერთის რწმენა.
არის წელწადწუხრა ახიელში,
ცივი, ქარიანი, ბნელზე ბნელი.
წელწადს ვეგებებით ყანწით ხელში,
სამნი - მე, ჯარჯი და ხევისბერი! 
--------------------------------------------------------
წელწადწუხრა*  - ძველით, ახალი წლის საღამო.
წელწადდილა**  - ძველით, ახალი წლის დილა.
            



მოხუცი ნაგვის ურნასთან

ურნასთან  მდგარი კაცი  ეული,
წვერმოშვებული, მუდამ  მშიერი.
თვალცრემლიანი, ჩონჩხად ქცეული,
ქართველი, განა გადამთიელი.
ირგვლივ ხორხოცი, ცივი  ღიმილი,
ამპარტავნება და  უზნეობა.
ამ უზნეობით გულისტკივილი
და გათელილი  ფეხქვეშ მეობა.
მის თვალებს დარდის ეფინა ჯანღი,
დამძიმებოდა ნაფლეთი სული,
უწინ ხომ ესეც ვიდოდა ბალღი
და ჩაუთქვამდა მომავალს სურვილს.
ახლა კი ურნას დასჩერებია,
შიმშილმა მისი ლოკა სხეული.
ურნაში პურის ნარჩენებია
მუყაოს პარკში გამოხვეული.
იპოვა ამ დღის მწირი სადილი,
ამ ყოფას ალბათ ყოფა არ ჰქვია,
დაძრწის ამ ქვეყნად ეშმას აჩრდილი,
გულით ბოროტი და თვითმარქვია.
აქ განმკითხავი მისი არ არის,
დადის ეულად, კაცი სნეული,
უახლოვდება კარი სამარის,
უფერო, ბნელი, გულჩახვეული!
ურნასთან მდგარი, ჩვენ რა ვიცით კაცი ეული,
იქნებ ღმერთია, ძველ ძონძებში გამოხვეული.
                                    
  
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge