გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლია პეტრიაშვილი - ლექსები


მე ვტოვებ სცენას

უღელი ხარი ქშენით მიარღვევს
გაყამირებულ მიწას ბელტებად,
ჟუჟუნა წვიმამ თუკი მიუსწრო,
გადასკდებიან ძუძუს კერტებად.
ხნულში გავლებულ კვლებს რა აავსებთ,
სიკეთის თესლი სად ეშოვებათ?
სინდისის ქენჯნა აღარ აწუხებთ,
არც ჯოჯოხეთი არ ეშორებათ!
ცოდვილთა დელგმა ჩამოგვდის თავზე,
არვის ასცდება ღმერთისგან დასჯა,
გამოფიტული ტვინის ხნულებში,
იქნებ გაცოცხლდეს აზრი და განსჯა.
იქნებ იხაროს სულის სიღრმეში,
ჭეშმარიტების ვაზმა და ვარდმა,
თორემ იმედი გადაიწურა,
სულ არ წაგვლეკოს უსახო დარდმა.
ღალატის ჭაობს ვერსად გავექეც,
უფსკრულის პირას ვარ მოკრუნჩხული,
სიკეთემ თუ არ მომისწრო დროზე,
მე გადამყლაპავს ბოღმის ურჩხული.
გადავიღალე უმადურობით,
თავში სულ მხვდება მსახვრალი ხელი,
ჩემს სიკეთეზე ზედ დაღვრილ ბალღამს,
ჩუმად დაწურავს ღვთის საწნახელი.
ვებრძვი ცხოვრებას დონ-კიხოტივით,
მე ჩემი სულის ქარის წისქვილებს,
ნიავს მივანდობ გადასაწმენდად,
ჩემს მარმარილოს საფლავის ფილებს.
მე მივხვდი - აღმართს, რომ სათნოება,
ვერ ხნავს, თუ არვინ უბიძგა ძლიერ...
რამპას ავუნთებ თქვენს დადგმულ ,,სპექტაკლს".
მე ვტოვებ სცენას - მრავალჟამიერ!
13 დეკემბერი, 2019.


მეწამული ღამე

ზეცად მაღლდება უფლისადმი ლოცვა-ვედრება,
ფიქრმოზელილი, ალაგ-ალაგ შიშგარეული,
ანთებულ სანთლებს ეცლებათ ძალა, იღვენთებიან,
როგორც სიცოცხლე გვეპარება გადარეული...
რვალივით დნება ყოველი დღე მსჯავრდადებული,
გამოკვანძული, გაუხსნელი სურვილი კვდება,
საკინძეს იხსნის ვნებიანად ზამთრის სიცივე,
ალბათ ფანჯრებზე ფიფქთა ხატვით თუ დაკავდება.
გააღეთ კარი,გამოუშვით სულის პეპლები,
აფარფატებენ თან სურვილებს ნაცარწაყრილებს,
უფლის ნაბოძი იმედები აკინძეთ მძივად,
გულებს უფრთხილდით, ნაღალატევს, დაშნა გაყრილებს.
ეს მეწამული ღამეც თითქმის სულ მიილია,
სარკმელგახსნილი ციდან მთვარე გამოჩნდა სავსე,
ძილს ვერ იკარებს თვალი განცდებ გაოცებული,
გამხმარ ოცნებებს შემოიფრცქვნის გრძნობით აღსავსე.
მალე იესო ყველა კართან ჩუმად ჩაივლის,
დარაბებიდან გამოკიდულ სურვილებს დათვლის,
გამოიხედეთ, იქნებ თვალი მოჰკრათ სილუეტს,
ყველას მიაგებს მისაგებელს, ის როგორც ჩათვლის.
10 დეკემბერი 2019.


მე თუ მოვკვდები....

მე თუ მოვკვდები, მოდი, მიტირე,
ცრემლი დამაგდე გულს სიყვარულით,
მერე დაჰკითხე ათას გვირილას: -
მიყვარდი, თუ არ მიყვარდი გულით.
დაფურცლე თითო-თითოდ ნათქვამი,
მოდი და საფლავს თეთრად მოჰფინე,
ორი მდუღარე ცრემლი მაპკურე,
გრძნობა ტკივილად გადამაფინე.
გთხოვ არ იდარდო, გულსაც ნუ იტკენ,
მე ვინ ვიყავი... ვიღაც უცნობი...
ისე წავედი, გარდავიცვალე,
დამირჩი დარდად ვერ შესაცნობი...
გთხოვ, მე ხსოვნაში შემომინახე,
უცხო სინათლედ, თუნდაც ეული...
იფიქრე, შენთვის გულისტკივილით: -
ერთ დროს რომ იყავ გადარეული...
იტირე, ცრემლი მოგიტანს შვებას,
შემომინახე, როგორც იგავი,
მერე უამბე სხვა გულისწორებს: -
შენს გულის გულში როგორც ვიყავი...
მოდი, მიტირე მე ჩემს საფლავთან,
მითხარი ყველა, რისი თქმაც გსურდა,
ეს ჩემი სული მაინც მოგისმენს,
შენს თვალთა ცრემლშიც ბევრჯერ გაცურდა...
მინდვრად დაკრიფე თეთრი გვირილა,
ვარდებთან ერთად გულზე შემახე,
იცოდე შენთვის ფესვებს გავიდგამ,
ამოვიზრდები მაგნოლიის ხედ...
გავიფურჩქნები ყოველ გაზაფხულს,
თავს გაგახსენებ მძაფრ სინანულით,
რამდენ ყვავილსაც ხელით შეეხო,
გული აგევსოს სულ სიყვარულით...
მე თუ მოვკვდები, მოდი მიტირე,
ცრემლით მიამბე გულის დარდები,
მიჭირისუფლე ჩემს სამარესთან,
ფერხთით დამირგე... თეთრი ვარდები...
22 ნოემბერი 2019.


დროში დაკარგულები

სიზმრად მომიხვალ ცისფერ ზღაპრებში,
დროში დაკარგულ ადამიანთან,
მე არ ვუყურებ საათის ისრებს,
არც დღეებს ვითვლი ძველ კალენდართან.
წლები გარბიან თავქუდმოგლეჯით,
თითებზე დათვლაც კი ამერია,
მერე რა მოხდა, ღამისფერ თმაში,
ვერცხლის სირმები თუ შემერია.
დღე და ღამე თუ არეული მაქვს,
ვეღარ ვგებულობ, როდის ვიძინო,
ღამით შენს ლექსებს კვლავ წავიკითხავ,
გულში სინაზით რომ გავიღიმო.
სიზმრად მომართვი ვაზის ცრემლები,
მოგროვებული ვერცხლის ბარძიმში,
დამისხი! გითხრა მეც სადღეგრძელო,
ოქროკაზმული-- სიტყვათა მწკრივში.
შენ გაგიმარჯოს სიზმრის სტუმარო,
მოხვედ? - დატოვე სიკეთე უხვად,
იყავ სულგრძელი, არც მიედარო,
მათ, ვინც ცხოვრობენ წუმპეში ურცხვად.
დრომ მე დამკარგა, თუ მე დავკარგე,
პასუხს მოველი ბევრ კითხვებისგან,
გამივარდისფრე აისის ზეცა,
დამიწან ჯიღა მზის სხივებისგან.
სიზმარში შემხვდი ზღაპრულ სავანეს,
სათქმელი სიტყვა გაბედე, მითხარ...
რჩეული თუ ხარ, უფლისმიერი,
ცხადშიც იყავი, სიზმარში ვით ხარ.
19 ოქტომბერი 2019.


დარიგება

გრძნობ, ნიჰილიზმმა როგორ მწარედ დაგრია ხელი,
და ჩაიძირე - დედოფალი - ბრძოლის გარეშე,
ახლა პაიკებს დარჩენიათ არენა სრულად,
მათი სახით ხომ, ამ ცხოვრებას ჰყავს - მოთარეშე.
თუ დაისვენებ სულ ცოტა ხნით, ავი ხალხისგან,
გულს დაიმშვიდებ, ჩაებმები ჩვეულ ფერხულში,
მერე აღსდგები, ვით ლაზარე აღსდგა მკვდრეთიდან
და ამ პაიკებს ჩაუძახებ ყველას ერთ ყუთში.
ამ ქვეყანაზე ბოროტება სიქველეს ჯაბნის,
მართალს არა აქვს გასაქანი, იქმნას სიკეთე,
უფლის ცრემლები ეპკურება მორალის კოდექსს,
უმადურთ შუბლზე აწერიათ: - ,,რა გამიკეთე?"
მერე დაგივლის მთელ სხეულზე ჭიანჭველები,
გაგიათკეცებს ბრძოლის ჟინს და გრძნობ შემართებას,
დაჯდები ისევ დედოფლურად შენს კუთვნილ ტახტზე,
მეფურ ღირსებით შეიწყალებ მათ შენანებას.
ბოლომდე ღირსყოფ შენს დიდებულ ჩვევებს და უნარს,
ადამიანურ ღირსებებსაც ნუ უღალატებ,
იყავ ისეთი, როგორიც გშვა ქვეყნის გამჩენმა,
უფალს მიენდე, ის არასდროს არ გიღალატებს.
5 ოქტომბერი 2019.


ღამით ნაქსოვი ფიქრები

მზემ გულს ჩაიკრა თავის შვილები,
გადაითვალა ცხრაჯერ სხივები,
მკერდს მიისვენა ოქროსფერები,
სიცელქისაგან გადაღლილები.
ღამემ ივარცხნა გიშრის თმა რბილი,
გადმოაფინა ზეკარს დალალი,
ქვეყნიერების ძუძუ ნაწოვი -
თვალი მოავლო მთა - ბარს ალალი.
ნამგალა მთვარე აცურდა ცაზე,
სათლი ეკიდა წვიმებით სავსე,
ღრუბელს ელოდა, არსაით ჩანდა,
ოცნებებით და სევდით აღსავსე.
წვრილნი ვარსკვლავნი ეტრფიან ღამეს,
კეკლუცობენ და ითვლიან წამებს,
არ სურთ დამალვა დღის სინათლეზე,
ბრწყინვა აქვთ ბნელში, ვით ღამის დამებს.
სიყვარულს ჩეხენ ბასრი ბრჭყალებით,
მოკლეს გულწრფელი ნაზი გრძნობები,
თოკზე ჰკიდია ჩამოხრჩობილი,
უგულოების გულგრილობები.
ვიღაც სიყვარულს მოგიკლავს ენით,
გრძნობას და სითბოს თვით არ დაიკლებს,
თუ მოჭადრაკე კარგავს დედოფალს,
რა თავში იხლის იაფ პაიკებს?
ღამეს კი , სულ არ ადარდებს თუკი,
ბალიშს ასველებს ცრემლი ულევი,
იმან იდარდოს ,ვინც რა დაკარგა,
მპოვნელი მოჩანს გამოულევი!
სიო პაემანს უნიშნავს ღრუბლებს,
რომ მოურიგდნენ სათლიან მთვარეს:
წვიმის წვეთები უნდა აჩუქოს -
ღრუბლებს გაფანტულს სხვადასხვა მხარეს.
ჩამოაწვიმოს, ჩამოათქეშოს,
დრო-- ჟამის ჭუჭყით ავსილ სამყაროს,
ჩარეცხოს სიძვა და ბოროტება,
სიყვარულს ფესვი რომ გაუმყაროს.
დრო არვის უცდის, შეუსვენებლად,
მიჰქრის... სამყაროც უკან მიჰყვება,
სულ არ ადარდებს: ღამე რას ფიქრობს,
ან სიყვარულზე ვინ რას უყვება...
ან ალიონი ასე კეკლუცი,
ვისთვის ირთვება, რატომ თენდება,
ან ორი სული ობოლი ტრფობით,
შორიდან ერთურთს რად უერთდება...
ვის შეუძლია დრო შეაჩეროს,
შემოჰკრას გონგზე განგაშის ზარი,
რომ ასცდეს ვიღაც-- სიკვდილს უცილოს,
არ მოხდეს ცუდი, გულს შესაზარი.
ნამგალა მთვარეს სულ არ აწუხებს,
არც დროის სრბოლა, არც ვარსკვლავთ დარდი,
მზეს ეპრანჭება, ეტრფის და ცდილობს,
რომ არ დაერქვას მზის ჩრდილის ლანდი.
ამასობაში, მთვარის სათლიდან,
ღრუბლებმა წვიმა წამოუშინეს,
ვიღას ახსოვდა დროის სიგიჟე,
დარდიც ვერავის ვერ შეუშინეს...
30 აგვისტო 2019.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge