გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თემურ ჯობავა - ლექსები

***ისევ ვიცდი მოჩვენებითი სტაბილურობით
და შემოსაზღვრულ ფიქრის ზონას უკვე არ ვტოვებ.
განუსაზღვრელი შემოვსაზღვრე, როგორც უცნობი
რამ საგანი, ჰოდა გაბნეულ ირგვლივ ატომებს
თავი ვანებე, მხოლოდ საკუთარ კანსღა ვყნოსავ
დროდადრო (ესეც ინსტინქტია ხორცისმჭამელის),
ჩემს პერსონასაც ვაღიარებ, დიად ხელოსანს,
უჟანგავი რომ გამოჭედა რკინის საბმელი
სააქაოსთვის განკუთვნილი მჭლე სხეულისთვის
და ფანტაზიის ვრცელ მინდვრებსაც გამოარიდა.
ახლა კი ისევ ვიცდი, ვდგავარ, იქ, სადაც იწვის
ბოლო იმედი, გაპარული ღია კარიდან.


***
მოძველებული მეთოდების, განსჯის, სიმკაცრის,
სასჯელისა და უდრეკობის განახლებული
რწმენის სიშმაგე უნდობლობის საცერში გაცრილ
თავყრილობაში განსხეულდა. ეჟვანშებმული,
ხმაგაუმტარი მსაჯულების პათეტიკური
სიტყვების ნისლში გაირინდა ახალი კრება,
შორეულ მიზანს შეწირული ნატეხი პურით
უმშობლებო და უბუნებო გამოიკვება
წარმოსახვითი სიდიადით შთაგონებული,
სასაყვედუროდ მომართული მსმენელთა რასა
და სუსტ სხეულში ჩაკეტილი, მოლაშქრე სულის
სახელი მკაცრი განაჩენით გადაიხაზა.


***
ჩემს თვალებში ჩავიხედე ღრმად და დაკვირვებით.
უსასრულობით შიშნარევი აღფრთოვანების
განცდით ავივსე და ძილს მიღმა მძაფრი ხილვების
სინამდვილეში შევაბიჯე. ღია კარები
ცნობიერების გავიარე მორიგი შობის
ექტსაზით და მდუმარებიდან განსხეულებულ
ჭეშმარიტებას დავეწაფე. ღმერთთან თანხმობით,
ზღვარწაშლილი სივრცეების სინათლეში ყრმა გულს
ვჭვრეტ, რადგან გული კოსმიური გონის ბინაა,
სადაც ძღვენია სიყვარულის ყველა ზიანი
და სადაც მიწის აჩრდილებზე კვლავაც წინაა
მარადისობის ორეული - ადამიანი.


***
მოპოვებული სიჩუმის გარეთ 
არაფერია. არც მოძრაობა.
წამიწამ დათვლილ დროში მიზნების
დახარისხებაც არაფერია.
ჰო, უგრძნობია ტკბილი და მწარე
მრუდე ხმაურში. მცირეა გრძნობა
ახლომხედველის, სამყაროს ხმები
როცა შორია, გზა კი - ბევრია.
მხოლოდ ცარიელ ჭურჭელს შეავსებს
უსასრულობა სიყრმის ნათელით,
წერტილდაუსმელ სუნთქვაში სწრაფად
გალღვება ფიქრი საიდუმლოზე.
და შიშნარევი ღიმილით განზე
მდგომის ცივი და ფერმკრთალი ხელიც
მოახლოვდება, როგორღაც, სადად,
მოპოვებული სიჩუმის ფონზე.


***
საკუთარი „მე“-ს უცნობ ხვეულებს
ყოფის ნასიზმრალ წიაღში ვეძებ,
სურვილს ლოდინი თუ ასნეულებს
და სულს სიმცირის აუგი ბედზე.
მიკროსამყაროს ტიტულს ვატარებ
ცნობიერი მზის გარეშე და იმ
ნამდვილს ვეძახი, საზრისის კარებს
რომ შემიღებს და მაჩუქებს თარიღს
დაბადებისას, რიჟრაჟის შუქში
და მუდმივობის სპირალზე მსრბოლავ
„მე“-ს შემახვედრებს, ნათქვამი ყურში
საიდუმლო რომ არ მიატოვა.


***
მე მიყვარს სამყაროს უსასრულობა.
მიყვარს ჩემში ჩატეული მარადისობა
სრულყოფილი სიჩუმით,
უთვალავი ვარსკვლავით 
და ერთადერთი ღმერთით.


***
პუნქტუალური ლექსწერისას გზააბნეული,
მოლეკულური აზრფორმების ლაბირინთებში
დგას უხმაუროდ, სიტყვამრავალ დუმილს ჩვეული
და სანახევროდ ავსებული აღონებს პეშვი.
აღუწერელი, ვისთვის ცივი და უდამქაშო,
ვარსკვლავთშორისი მანძილებით შთაგონებული,
დგას შეცდენილი მეოთახე, ის, ვინც თამაშობს
სიცოცხლით, რწმენით და სიკვდილის არის ერთგული.


***
რა უნდა ვწერო, რა ვიფიქრო ან რა ვინატრო,
გონებიდან რომ გავაღწიო და უძლურების
იქით გავღმერთდე, ანუ გავჩვილდე, სადაც დიდი დრო
სრულჰყოფს სიცოცხლის ნაწილაკებს, თანაც მუდრებით
შთაგონებული, იმიერი პეიზაჟები,
პერსონაჟები თუ გამთლიანდა ერთ შენაკადად,
რომელიც ერთვის უკვდავებას, ზოგჯერ ნაქები
არარსებობის სიამესაც ღრუბლებს გავატან
იმ სიმაღლიდან, უღრმეს ნიშნულს დედამიწისას
ვარსკვლავივით რომ აკიაფებს და შეცნობილი
გულის ფეთქვას, ყველა უჯრედს, სიცოცხლეს იცავს,
ადამიანურ შეცდომაში ღმერთად შობილი.


***
ერთ მდინარეში მრავალჯერ შევცურე
და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო
დიდი სურვილი მიჩნდებოდა,
მისი ბინადარი ვყოფილიყავი.
ალბათ ამას სახელიც ჰქვია.
შესაძლოა, საკუთარი სიგიჟის ტყვეობა.
მოკლედ, ტყვეობას თავი დავაღწიე
და სახლი ავიშენე იმ მდინარის პირას,
რომელში შესვლაც მხოლოდ
ერთხელ შეიძლება.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge