გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ვაჩე რაინდელი - ლექსები


ზღვა და მეზღვაური

გზა დაეკარგა ზღვაში მენავეს,
ქარმა ტალღებით ბნელს მიაცურა,
ფიქრნი საცნობელს ვერრას ძერწავდნენ,
შემორჩა ტილოს მინიატურა.
ავად უმზერდა ცა გმობის მნახველს,
თუმცა ტრიუმფის სდევა აურა,
შეგრძნების წვეთი განსაცდელს ამხელს,
ცრემლი ზღვა ცრემლში გადაიწურა.
ტალღები, მთებად ადიდებული,
წყვდიადში თითქოს საკბილოს ირჩევს,
პატარა ნავი, ვითარც ნიშნული,
ებრძოდა სიკვდილს, იცვლიდა ნიჩბებს.
არსად მოსჩანდა სიმშვიდის ნისლი,
გადახვეწილი თითქოს ქვეყნიდან,
შხუილის ხმაში ხიბლი ცუნამის
უნდობლად მთვარის ნათელს სდევნიდა.
წყდებოდა მკლავი, იწვოდა რწმენა,
ზვირთები სტეხდა დაგმანულ თმენას,
ქარიშხალს სურდა სულის გაფრენა,
ემტერებოდა თავდავიწყებას.
ნუთუ სამყარო მიწირავს ქუში,
ნუთუ ვეხები უფსკრულის კარებს?!
ვერ მიჩერდება გული სხეულში,
უღვთოდ აწყდება შავბნელ ნაპრალებს.
სულში ცოცხლობდა ძალა ღვთიური,
კვებავდა სხეულს, სდევდა ზმანებას,
ციდან მოწყვეტილს, ხმა მისტიკური,
ამცნობდა ჩემს გულს ბოლო დაცემას.
სხეულისა და სულის მიჯნაზე
ბნელში განათდა ხმა იდუმალი,
წარმოსახვებით მსწრაფლ დავიხარჯე
მე — გარდასულთა უცხო სტუმარი.
თვალები ლაღად ელტვოდა ნანახს,
უცნობ ანარეკლს, ოცნებით ნაფერს,
იელვებს ქრება ვდევ გულის კარნახს,
ხელით ვეხები, თავშლიან ნაფრენს.
დაკარგა არსმა ყოფის დილემა,
აღარც კი ახსოვს მიწა და წყალი,
თუმც რაღაც ბორგავს, ხედვა იშლება,
ტყდება სინათლე, ბნელში ნავალი.
წყვდიადის მიღმა მშვიდი წამია,
გადაღებული სამოთხის კარი,
ტკივილი მხოლოდ მიწის ჩქამია,
გაბრუებული კვნესის ნამგზავრი.
სიცოცხლის წყურვილს იკლავს მენავე,
აღვივებს მარცვალს გარდასულ შტორმში...
გმადლობ, უფალო, რომ შემიყვარე
და შემიყვანე სულის წალკოტში.


მიფიქრე

თოვლია,
ხეებს კი ფოთლები დასცვივდა,
ქარია,
უღონო წარსულით ნაშენი,
ნისლია,
სიჩუმე ლამაზად მწავიმს და
მრცხვენია,
ამდენი სევდა და ნაღველი.

ძნელია
ცხოვრება უთქმელი ნამღერით,
ვიწვნიე,
მრავალი ცოდვა და კაენი,
დრო მიდის,
დრო არის ჭრელი და რამდენი
კაცია,
ლაქლაქით, ტყუილით ნაშენი.

ცრემლია
ობოლი ტანჯული ბავშვების,
სისხლია,
ლამაზი სხეულით ნაკვები,
ვაზრობ
და გავყმუვლებ სინდისის დაცემას,
დაცემის
ცნობაში იმჩნევა სახელი.

გაცივდა
სიკეთე ბრმა გულთა სარკმელში,
განივთდა 
გულიდან სხივები რამდენი,
გაექცა
კალაპოტს მდინარე გზაკვეთში,
ადიდდა 
გრძნობები, ცრემლებად ნადენი.

გრძნობაა,
წვიმაში თამაშობს ქალ-ვაჟი,
დიდია,
სიყვარულს არა აქვს საზღვარი,
დამშვიდდით,
ეფერეთ, იგრძენით ლაჟვარდი,
იგრძენით
ერთ სულის ღვთიური რადარი.

მიხმე
და გიპოვი, გიპოვი დაკარგულს,
მომენდე,
ავავსოთ დაცლილი თასები,
სიყვარულს
არ უნდა სახელი, დანახულს,
მიფიქრე,
სიკვდილთან სანამდე წავედი.


* * *
დაინისლება შორიდან,
მთა-ბარში, თოვლფერ მზიანი,
შენი თვალების სიფერე,
გულს დამიმშვიდებს ციალით
და როს ასცდება კლდის ქიმებს
მნათობის სხივი მშვენებად,
მთაზე ამოხვალ, მზესავით,
მომევლინები მშველელად.


დარდიმანდული

ჰეი! გულის დარდიმანდო, შენ, მეარღნევ!
მომღერალო სიყვარულით, სიცოცხლეზე
გულსავსე და მადლიანი აამღერე,
ამ ცხოვრებას შფოთიანს რომ დამისვენებს.
შენ, მეეტლევ, გონმიხდილი გამაქროლე,
ამირიე გზა და კვალი სულამღვრეულს,
ეს ბინდი და ეს ფიქრები გამაშორე,
ამაცილე სულში ტანჯვა, მანუგეშე.
დრომ ამ სივრცეს მოატეხა სამართალი,
მეობა კი მიწის მზიდან გადახვეტა,
ვერ გიმეტებთ, ბრმად დამყვება ბრმადმავალი
ეს სიკვდილი, რამაც გული დაამტვერა.
მივუყვები სიმწუხრისკენ ლეგა ღრუბლებს,
დარდიმანდით არეული, ნამთვრალევი,
გავაყოლე ქარავნები დარდის წნულებს
და მივეცი ყველა ჩემი ნაკალმევი.
ეს თასი და ეს ცხოვრება გამოვცალე,
გამოვცადე ამ ჟამიდან წინა არსი,
რაც შევძელი, რაც შემეძლო, გამოვხატე,
ვერ ვიგუე ამ ცხოვრების შინაარსი.
შენ, მეეტლევ, გონმიხდილი გამაქროლე,
გამაქროლე, გამაყოლე ზღვას არეულს,
ეს ბინდი და ეს ფიქრები გამაშორე,
ამაცილე სულში ტანჯვა „თერგდალეულს“.



* * *
მდინარე ხევზედ ჩამოდის,
სასმენლად ჩაველ ნაპირსა,
ის თავის ხმაზე გალობდის,
მე ჩემი მღერა მწადისა.
წესია ორი ბუნების,
მგრძნობიერს დასცდეს ხმანია,
აბა წახდენა გუნების,
მთაში რა მოსატანია.
როდის გაფანტავს ნისლებსა,
მანათობელი მზის სხივი
და გადამიყრის ავ ზნესა,
შენი თვალების ციმციმი.


ღამე პერფორმანსით

მახსოვს, პერფომანსს ხელს უწყობდა მხურვალე თოვა,
სადღაც, უჩუმრად, სევდიანი თვლემდა ტირიფი,
მოსთქვამდა ზეცა, „უმოწყალო დროება მოვა“
და ღამის სიოს სულს ატანდა ჩუმი კივილით.
ის ფიფქიც მახსოვს, ცისფერ თვალებს გულს რომ უშლიდა,
როს შენ კეკლუცად ძველ ხეივანს ღიმილით რთავდი,
მზე წვიმას ცრიდა, სივრცე ძარღვებს ხსნიდა გულიდან,
შემდეგ დნებოდა აივანზე, გულის წასვლამდე.
ცა არ ღელავდა, ვარსკვლავები მთვარეს ერწყმოდნენ,
ღამის სიჩუმეს მოშრიალე ვერხვი აკრთობდა,
გულს საიდუმლოდ დაეძებდა ხომალდი მსტოვრის,
უთქმელი ამბით ჟამი წლებში დანავარდობდა.
ეწერებოდნენ თეთრ ფურცლებზე ნებები როდენს,
გრძნობების შრიალს თეთრი სახე სდევდა მისნობად,
გულნი ჭადართან ერთგულებას იფიცებოდნენ
და კვნესა ქალის უამესად ცისქვეშ ისმოდა.
მთათ სათავეში სიყრმის მუხა ფოთლებს ასვენებს,
მე, თითქოს თოვლში გარდაცვლილი, ვკრიფავ ნაკვალევს,
ზეცის გონება უმხელს სონეტს ნასვენებ თვალებს
და  მგოსნის სავალს ძლევამოსილ კალთას აფარებს.
დაქრიან ქარნი, სიოს სცვივა სულზე სუმბული,
იქვე, ერთგული ის ბულბული გალობს ზღაპრულად,
ვაზის ყლორტებთან ნაზი ვარდი კვლავ ფურცლებს უვლის
და ღამეს ათოვს ჩვენი გრძნობა შემოპარულად.


საწუთროს ვუძლებ შენითა!

დარდებს ვიგლეჯავ გულ-მკერდსა,
ნისლი მწვერვალზე სრიალებს,
შენი თვალებიც ვერ შველის,
ამ გულში ქვეყნის იარებს.
სულო, რად სტირი? მაფერე
ფერი, სინათლის ნათლული
და დამანახე ქვეყანა,
უეკლოდ მზისკენ წასული.
ვხედავ ვარსკვლავნი ნათობენ,
გულს ვერ წამლობენ ნატყვიარს,
ენას ვერ სცდება სიტყვებად,
რაც ჩემს ტანჯულ სულს ატყვია.
რატომ არ მესმის ყიჟინა?
ან ლხინი საამურია,
ნუთუ მთას ძველი სილაღე,
ჩემსავით არა სწყურია.
დიდთან დიდი ვარ, უბრალო,
პატარასთან კი პატარა,
თუმცა მუხთალმა საწუთრომ,
ჯოჯოხეთშიაც მატარა.
ახლა ამასღა ვჩივივარ,
სხვას წყენით ვიტყვი არასა,
ვახ, რომ ვერაფრით ვერ ვშველი,
ხალხის დარდსა და ვარამსა.
სახეს ვიწმინდავ ცის ცრემლებს,
და ვმღერი ვითარც ზღვის გედი,
სანამ ოცნება დამკარგავს,
გზას იკვლევს შენი იმედი.
მივალ მოუმკელ ბილიკებს,
ციდან ნამქერი ეშვება,
და დარდით ნაშალს ცრემლს ვუწმენდ,
ხალხის მწუხრსა და თენებას.
სიკეთის მქმნელსა შევხარი,
სუსტს ვანუგეშებ რწმენითა,
იმედით ვუმზერ მომავალს,
საწუთროს ვუძლებ შენითა!


* * *
გამოიდარე, ბრმა ღამევ!
ფიქრი დამიხსენ მთვარიან,
გამიშვი, დარდო, ნუ მაწევ,
კაეშანს დანაღამიანს.

ფერს ნუ შეიცვლი, გულის ხმავ,
ასე მწველად და ხშირადა,
ნუთუ მოგწყინდა, უფლის ყმავ,
მზის სხივი, ბინდს რომ სწირავდა?!

რატომ დარაჯობ, უსახო
დილის მზევ, ღამის მთვარესა,
რატომ მიქრები, ვარსკვლავო,
გაშავბნელებულ ღამესა?!


ჩვენი ამინდი

შენი ამინდი ჩემს ამინდს ერწყმის,
ვით დღე და ღამე ელტვიან ჩუმ ცას,
გული ივსება, მომდევენ წლები,
შენ კიდევ ჩემგან შორსა ხარ მუდამ.

მოვალ ამ ღამეს, ანდაც დილის პირს,
როგორც მზე ადის მაღალ მწვერვალზე,
მოდი, მომბანე, ცრემლები მიშლის,
რომ დავინახო გზები შენამდე.


მადლიერება

მიწას ღრუბლები ეფინა,
გზა-კვალზე რჩება სახელი
და დროს მიჰყვება ღირსება,
გულიდან გადმონადენი.

შენი ბგერების მნახველი,
სხივნი სუნთქვიდან მოდიან,
ჩემს სულში გაჩნდი ნათელი,
თუმც გზა შენამდე შორია.

მიწას სცილდება სიცოცხლე,
არ წყდება სხივთა მოფენა,
ცავ, უკვდავებით მიცოცხლე
პოეტის ქვეყნად მოვლენა.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge