გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნანა მომცელიძე - ლექსები


დრო ყველაფრის მკურნალია

ამბობენ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია.
მე კი ამ დროს არასოდეს ველოდები.
პირჯვარს ვიწერ დაჩოქილი, მუხლმოყრილი.
უფალს შევთხოვ მოაცილოს სულს ბორკილი.
დრო ყველაფრის მკურნალია? - ტყუილია!
გუნდრუკს ვუკმევთ ტრიბუნებზე ტრიუმფატორთ
და ჩვენივე აშენებულ არენაზე,
თავებს ვაჭრით უვაჟკაცეს გლადიატორთ.
ჩვენ ხომ ისევ ამაღლებულ პარნასებზე,
ხოტბას ვასხამთ არარსებულ რეალობას.
ჩვენ ხომ ქვეყნის ბედ-იღბალი გვაბარია
და გავკივით ერთობას და მთლიანობას.
სულო ჩემო, გაეცალე ფიქრის ნიღაბს.
გაიყოლე ტკივილი და რთული ჟამი.
დრო ყველაფრის მკურნალია-ტყუილია,
ვერასოდეს გავარჩიე ცრუ-მართალი.
ჩემს გარშემო ციმციმებენ კენტავრები.
იმართება ცრუ ნიღბების კარნავალი.
დრო ყველაფრის მკურნალია? - არ არსებობს.
სიმართლეს ხომ აღარა აქვს გასავალი.
დაუძახეთ გადაჩეხილ ფიქრს კივილით.
დააწიეთ ექო სულის ლაბირინთებს.
დრო ყველაფრის მკურნალია-აღარ მითხრათ.
სულის ტკივილს ვერაფერი დამავიწყებს.


გაუგონარი წესებია, გაუგონარი!

ფიქრი ვძერწე და გავიგონე სულის კივილი.
ჩემს თავში უცებ აგრიალდა გალაკტიონი.
გულმა ტირილით დაღარულმა იწყო ტკივილი
და ერთიანად ამოდუღდა მტკვარი, იორი.
უცებ, ნაპირთან გამიჩერდა ჩემი ბორანი.
თურმე არც რამე დამრჩენია მოსაგონარი.
მხოლოდ საკუთარ სადარდებლის გავხდით მონანი
და არ გვაწუხებს ქართველური ზნე და მორალი.
გაუგონარი წესებია, გაუგონარი.
ვერ გავათეთრე, რომ ვეცადე შავი ყორანი.
რატომ არ გვტკივა საქართველო ნადიდგორალი
და რატომ გავხდით ამორალურ ქცევის მონანი.
ეს სინამდვილე მეფიქრება აუწონავი.
უცებ, ნაპირთან გამიჩერდა ჩემი ბორანი.
სულ არაფერი დამრჩენია მოსაგონარი.
გაუგონარი წესებია, გაუგონარი.


სიყვარული

ზევსისგან იშვა აფროდიტე სიყვარულისთვის
და შენ აინთე ვარსკვლავთცვენის ათას ბგერაში.
შენ აელვარდი სიყვარულის მარად ფერებში.
აპოლონივით მუზების და ბგერის ფრენაში.
ერთხელაც მოდი, ჩამორეკე ზარი ფიქრების.
მარტის თოვლივით ჩამოადნი ცისფერ მირაჟებს.
ჰორიზონტს მიღმა აელვარდი განცალკევებით
და ჩემს გულამდე მოაღწიე მზისფერ სინათლედ.
მე მარტო ვზივარ, შენზე ვფიქრობ, შენზე და თოვლზე
და ფენიქსივით ვიფერფლები საკუთარ თავში.
ჩემივე ფერფლში ვარ გართხმული ნაცრისფერ ველზე
და ველოდები ფენიქსივით აღდგომას წამში.
მაშ, გამიძეხი სიყვარულით დახუნძლულ ბაღში
და ფიანდაზად გამიშალე თეთრი ვარდები.
ოლიმპოს მთაზე ამიყვანე და მხოლოდ მაშინ,
შენს სიყვარულში ღმერთებივით გავდიადდები.


ჩემი თბილისი

ზეცის გასაყართან მთვარე დაილია.
ბევრი სიყვარულის გახდა თვითმხილველი.
მთვარე ჩავიდა და ღამეც აირია.
კაცი აღარ დარჩა კაცის მომკითხველი.
ახალ მთვარესავით დილა დაიბადა.
მზემ გააფერადა ირგვლივ ცის ნათელი.
ისე ამოვიდა, ისე გაიბადრა,
ისევ აკიაფდა ირგვლივ ყველაფერი.
ჩემი თბილისის ცის თაღი აბრიალდა.
ცეცხლისფრად აინთო ცაში კელაპტრები.
მთაზე ნარიყალას მადლი ადიადდა,
აქეთ გორგასალის ხმალი საკვირველი.
ჩემი საქართველო თბილისს გამთლიანდა.
ყველამ აქ დაცალა თავის სადარდელი.
სანამ გლეხი კერას აღარ დაბინავდა,
ისე არ ეშველა თბილისს არაფერი.
მრავალჭირნახულო ჩემო საქართველო,
ძველი დიდებისა შენ ხარ თვითმხილველი.
ყველა დაუბრუნე თავის მიწა-წყალს და
თბილისს დაუბრუნე ისევ თბილისელი.


თუ კაცი ხარ

თუ კაცი ხარ შენს ცოლს კითხე, მთელი ღამე სად იყო.
თუ კაცი ხარ, რად არ გინდა ცოლის დარდი გაიყო.
თუ კაცი ხარ, რატომ გინდა სხვის კისერზე პარპაში,
ცოტას შენც თუ გაინძრევი ცუდი რაა ამაში?
ქართველი კაცის გაგება წვრილ ლარებად დაიყო,
აღარავის ედარდება წლების წინათ რა იყო.
თურქეთში და ევროპაში გაამწესეთ ცოლები.
ქეიფსა და ტრაბახში ხომ აღარა გყავთ ტოლები.
ევროპა კი გადაივსო არაკაცის ცოლებით.
იღუპება საქართველო ამ შეცვლილი როლებით.
როგორ მინდა, რომ ქართველ კაცს დაუბრუნდეს მეობა,
აღარავის დაეკარგოს ცხოვრებაში ზნეობა.
ქართველ ქალს დაბრუნებოდეს სიმშვიდე და ლაზათი,
რასაც წინაპრებისაგან ერქვა ჩვენთან ადათი!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge