გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

კობა ცხაკაია - მოკლე ამბავი ერთი ქალაქისა და ქალისა

 
     “არსაიდან არგენტინოვნას” დილიდანვე გული ერეოდა და თავს არც თუ კარგად გრძნობდა. მიუხედავად ამისა, სიგარეტის წევითა და ელეგანტურ-სექსუალური ნაბიჯებით მაინც გამოვიდა სახლიდან. 
იმ საბედნისწერო დღეს მზის სხივები სეზონური დაჟინებით ათბობდნენ ზამთრისგან გათოშილ მიწას. ეს ქალაქის ბინადართ უსაზღვრო ბედნიერებისა და მარადიული ხალისის ილუზიას უქმნიდა.
“დილის სიფთა”, ეროტიკის “პოლლიტროვკა”, ხაშზე უკეთესი, ანუ არსაიდან არგენტინოვნას კლიენტურა შემოიფარგლებოდა ნაბახუსევი საშუალო შემოსავლის მქონე მამაკაცთა კატეგორიით, რომლებსაც მჩქეფარე ღამის შემდგომ, მხოლოდ ეროტიული “წერტილის” დასმაღა აკლდათ. ამას კი გამოცდილი ქალბატონი პროფესიულ დონეზე უზრუნველყოფდა. 
ეს მანდილოსანი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფორმებით და გამანადგურებელი სილამაზით, მაგრამ გამოხედვა ჰქონდა ისეთი, ისეთი - რაზეც მავანნი აღფრთოვანებით ხაოდნენ:
თვალები კი არა, გრძნობათა კორიანტელით გაპარპალებული ჭაბურღილებიაო! ასეთი მზერა ადამიანებში აღარც კი გვხვდებაო! დაინახავ, ჩაიხედავ და დაიხრჩობი კიდეცო!
    არგენტნოვნა მძიმე, მაგრამ მაინც დამაჯერებელი ნაბიჯით მიუახლოვდა გზაჯვარედინს და კედელზე დახატულ არგენტინის დროშას მიეყრდნო. აქ, ყოფილი საბავშვო ბაღის მეორე სართულზე, განთავსებული იყო “ასგგკ”- არგენტინის საფეხბურთო გუნდის გულშემატკივართა კლუბი. ფეხბურთის ქომაგები ყოველ დღე იკრიბებოდნენ და უზარმაზარ ტელევიზორში უყურებდნენ არგენტინის მიმდინარე ჩემპიონატს. მათ შორის ბევრი იყო ისეთი ვინც კარგად “იცნობდა” ჩვენს გმირს და კლუბში გატარებული “სატურნირო ღამის” შემდეგ ხშირად იძირებოდა თვალთა მორევში და ტკბებოდა მისი ოსტატობით.
“არგენტინოვნას” - “არსაიდან” შედარებით გვიან დაემატა, როცა ცნობილი გახდა, რომ ეს ქალბატონი ფეხბურთის აზრზე არ იყო:
-       საიდან ხარ, რომ არც მესი იცი და არც მარადონაო?
-       არსაიდანიდან ვარ და სულ არ მაინტერესებს არგენტინა, მით უმეტეს ფეხბურთიო! - მიახალა ეროტიკის “პოლლიტროვკამ”. ასე “იშვა” ქალაქში სექს-მუშაკი ზემდეტსახელად  არსაიდან არგენტინოვნა. მის ნამდვილ სახელს - “სოფიო” აღარც სხვებს ახსოვდათ და არც თვითონ იხსებდა...
მოკლედ, “ხაშზე უკეთესმა”, გაზაფხულის იმ საბედნისწერო დღეს,ვნებით აკვასკვასებული თვალები გარემოს მოავლო და კლინტების მოლოდინში კედელს მიეყრდნო. რამოდენიმე წუთში “მომხმარებელიც” გამოჩნდა. ეს ტიპი ქალის ბიზნესის ერთადერთი მუდმივი და სტაბილური კლიენტი გახლდათ. ის, კვირაში ერთხელ მაინც ეწაფებოდა ქალის ვნებით სავსე ფაიალას და ფრთაშესხმული ერწყმოდა მშობლიური ქალაქის ერთფეროვან და ინდუსტრიულად პერსპექტიულ პეიზაჟს.
ამ ყმაწვილისადმი “არსაიდანს” გულის სიღმეში გარკვეული სიმპატიაც კი “უღიტინებდა”. ღმერთმა დაიფაროს, არანაირი ”შორს მიმავალი” გეგმებით არ ინაგვიანებდა გონებას. ოჯახი, ცოლ-ქმრობა, შვილები - ეგეთი სისულელეები არგენტინოვნას არ აწუხებდა. გულჩვილი კი იყო, ცოტა რომანტიულიც, მელოდრამატულიც, მაგრამ ზღაპრების არ სჯეროდა და მათი კეთილი დასასრული კი ყოველთვის გულს ურევდა. ის, ჩვეულებირვი ქალაქის ბოზი იყო. ამას როგორც აღიარებულ ფაქტს ისე ღებულობდა და შესაბამისად კარგად იცოდა - ვინ იყო ის და ვინ ყველა დანარჩენი. ქალს, უბრალოდ, სიამოვნებდა ამ კლიენტის საყვარლად მობუზული ტუჩების ცქერა. ყმაწვილის თხელ, ფერმკრთალ და მელანქოლიით მოცულ სახეზე სისხლითა და ყმაწვილური ენერგიით დაბერილი, ძოწისფერი ბაგეები ვნებიანად თრთოდნენ. ყოფილი “სოფიოს” ცნობიერებაში კი ისინი უმანკოებისა და გულუბრყვილობის ილუზიას ქმნიდნენ.  ცრემლმორეული ეროტიკის “პოლლიტროვკა” ჯოკონდასეული ღიმილით შესცქეროდა მათ… მერე ღრმად ჩაისუნთქავდა და აკანკალებული თითებით ფრთხილად შეეხებოდა, მოეფრებოდა, მოეალერსებოდა საყვარლის ტუჩებს და  ლ ო ც ვ ა ს  ი წ ყ ე ბ დ ა. 
ეს არ იყო ღმერთის, წმინდანის ან რომელიმე კანდელ დანთებული ხატის მიმართ ტრადიციული ლოცვა - მუდარა, ან ვედრება. ეს იყო “პუტანას”, “ქუჩის ქალის”, “ძუკნას”, “მეძავის” ლ ო ც ვ ა, სადაც ადგილი არ ჰქონდა თავმდაბალ თხოვნას, სიკეთისა და სულიერების სიდიადეზე, ოცნებების ასრულებაზე, ან ჩადენილი ცოდვების სინანულსა და მათი მონანიების დაუოკებელ სურვილს. აქ, - ქვეცნობიერი ენერგია აღვივებდა აღგზნებული სხეულის ვნებებსა და სქესობრივი წადილის ენას, მერე ერწყმოდა სექსუალურ უხამსობასა და ინიტმურ სიბილწეს. საბოლოოდ კი მხოლოდ ორი ან სამი შორისდებულის სახით ხმოვანდებოდა “ოჰ! აა! უუჰ! მმმუუუ!” და ჟღერადობით უფრო კვნესას ჰგავდა, ვიდრე ხორციელი სიყვარულის ტრიუმფს. თუმცა ყოველმა ზრდასრულმა ადამიანმა იცის - კვნესა, სასიყვარულო პაექრობის ტრიუმფალური გამოხატულებაა და მისი უზადობის ყველაზე ხარისხიანი ლაკმუსი. 
ჰოდა, მაყვლისფერ ზეწრებზე კამასუტრას ალბომივით გადაშლილი “არსაიდან”, ლამის წამწამებით ელამუნებოდა საყვარლის ბავშვურად უმანკო ბაგეებს. ამბორს ვერ უბედავდა, ვერ კადრებდა, ვერ კისრულობდა…
-„აქ კოცნაზე არაა საუბარი. ეს პრობლემას არ წარმოადგენს. კოცნა ყალბიც შეიძლება იყოს, ზიზღნარევიცა და ორპირიც. ამბორი, კი სულ სხვა რამეს! - ფიქრობდა მეძავი, - ამბორის დროს, არა მარტო ხორცი, არამედ სულიც, გრძნობაც, გონებაც ეხება სანატრელს, ერწყმის სანუკვარს და რაღაც ისეთი ხდება, რის შემდეგაც ცხოვრება და ურთიერთობა სხვა საფეხურზე ადის და სამყარო იცვლება!.. არ ვარ მე სანუკვარი, არც სიტუაციაა შესაბამისი!“ - ამოიოხრებდა და წარბებს შორის კოცნიდა სასიყვარულო თამაშებით დაღლილ - დაქანცულ კლიენტს. არა და როგორ სწყუროდა ა მ ბ ო რ ი... ამიტომ მკერდში იკრავდა გასავათებულ კაცს და ბედნიერი სახით თვითონაც ჩასთვლემდა ხოლმე. სიზმრად კი ბედნიერებით და სიყვარულით სავსე მელოდრამატულ ცხოვრებას ხედავდა. იქ, იმ ეიფორულ სამყაროში, ამბორი სუნთქვასავით ჩეულებრივი და აუცილებელი რამ იყო. მის გარეშე არცერთი მოქმედება, ჟესტი, სიტყვა, გრძნობა არ ფასობდა და არ არსებობდა. როგორ ეწაფებოდა, როგორ ძღებოდა, როგორ იკლავდა ამ დაუოკებელ წყურვილს?!
ჰოდა, სწორედ ამ კლიენტის მომსახურებისას აღმოჩნდა, რომ სასქესო ორგანო აღარ ჰქონდა! (საოცარი ის იყო, რომ “არსაიდან არგენტინოვნა” ბოლო ხანს ხშირად ფიქრობდა ამ “ორგანო”-ს არარსებობის შემთხვევაში რა შეიძლება მომხდარიყო? რით იარსებებდა? რას მოიმოქმედებდა, ან რა შეიცვლებოდა მის ცხოვრებაში? კლიენტების მოლოდინში ბევრ სასაცილო სიტუაციას გაათამაშებდა გონებაში. ეს ფანტაზიები მის სექსუალურად მრავალფროვან, მაგრამ მაინც მოსაწყენ ცხოვრებას თავისებურად ახალისებდა, ბავშვური სიცელქისა და უმანკო ახტაჯანობის ელფერს ჰმატებდა)...
მაგრამ ახლა?! ესეთი ფანტაზიები ნამდვილად უადგილო და საზიანო იყო.
კლიენტმა რაშიც ფული გადაიხადა და რისკენაც ასე ილტვოდა, ვერ მიაგნო, სურვილის ობიექტი ჩეულ ადგილას ვერ აღმოაჩინა.
სადაა? სადააა? - ღნაოდა გამწარებული კაცი.
აგერ - აგერ! - ხელებით ეხმარებოდა დაბნეული “არსაიდან”, მაგრამ უშედეგოდ. ყმაწვილი შიშმა აიტანა, ბორგავდა და ციებიანივით ცახცახებდა. ამ გაწამაწიაში მართლაც ისეთი შთაბეჭდილება ჩნდებოდა, რომ ეროტიკის “პოლლიტროვკას” ორგანო მართლაც გაჰქრობოდა და კვალიც კი არ დაეტოვებინა?! 
სად არის? საად? - გამწარებული ყვიროდა შოკში ჩავარდნილი და ყველანაირად “შემართული” უმანკოტუჩებიანი. ფსიქოლოგიურად ტრავმირებული და სექსუალურად განაწყენებული უცენზუროდ იხსენიებდა - საკუთარ თავს, ქალაქს, ქვეყნს გამჩენს და არც მათ დედებს აკლებდა ყურადღებას!
წარმოიდგინეთ რა მოუვიდოდა ქალს? ისიც გიჟს ჰგავდა! გაუგებრობა -გაურკვევლობისაგან ხარხარებდა და ყვიროდა. მოკლედ,  სატრფიალო ბუდედ გადაქცეულ სატუმროს ნომერში საშინელება ტრიალებდა - შამპანური, კალმარები, ოქროთი მოვარაყებული სერვიზი, ფანტასტიური ნამცხვრები, ყველაფერი არეულ-დარეულიყო. კაცის ბღავილი და ქალის ისტერიული სიცილი კი კედლებს აზანზარებდა. ხმაურზე მეტრდოტელი და დაცვა შემოცვივდნენ. შიშველი და შოკირებული მამაკაცის დანახვაზე იფიქრეს, რაღაც კრიმინალს აქვს ადგილიო და აცახცახებულ არგენტინოვნას დააცხრნენ. ქალი შეშლილივით ხითხითებდა და გაიძახოდა:
შეუძლებელია!.. ეს რა ხდება? დაბრმავდა თუ მე შევიშალე?
შიშველი მამაკაცი კი ამ დროს, იატაკზე გორავდა და ყმუოდა:
-       სადაა? სად წაიღო? რა საშინელებაა?! ვერ ვხვდები?! ყოველთვის იქ იყო? თქვენც ხომ იცით, რომ იქ იყო? ამდენ ხანს იქ იყო და ახლა რატომ არ არის?!
გაგონოლ - დანახულმა სასტუმროს მუშაკები ჯერ დააბნია, მერე აღაშფოთა, მერე კი დაანტერესა. ჰოდა, რაკი მომხდარში ვერაფერი კრიმინალური ვერ აღმოაჩინეს, გადაწყვიტეს ჰოტელ-შიდა კვლევა - გამოძიება ჩაეტარებინათ. მეტრდოტელმა, “არსაიდანს” უბრძანა სრულად გაშიშვლებულიყო, რაც ქალმა სიცილით, მაგრამ უსიტყვოდ შეასრულა.
სანამ მეტრდოტელი გავხდებოდი, გინეკოლოგის ასისტენტად ვმუშაობდი! ძალიან ბევრი რამ მაქვს ნანახი და, შესაბამისად, ქალის ანატომიის საფუძვლებს კარგად ვფლობ! ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე, არც ერთ ავადმყოფს და მათ თანმხლებ მანდილოსანს ხელიდან არ ვუშვებდი! ყველას დიდ ყურადღებას ვაქცევდი! თუმცა ვერ გამიგეს და… ეეჰ, ათასი სიბინძურე დამაბრალეს!- აღნიშნა მან, - ჩემი დიდი და კომპეტენტური გამოცდილებიდან შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ რაღაც შინაგან ფიზიოლოგიურ ძვრასთან, ანუ ე.წ. მიწისძვრასთან გვაქვს საქმე...
მ ი წ ი ს ძ ვ რ ა? - ყველას ერთდროულად აღმოხდა, - რა მიწისძვრა?
თქვენ ნაღდად მსახიობები ხართ! - თითქოს “არსაიდანა” მიუხვდა მზაკვრულ ჩანაფიქრს და ეშმაკურად ახვანცალდა, - ნამდვილად მოსყიდულები ხართ, ან გადაცმული მსახიობები! ვინმე გვიღებს, არა? აქ სადმე ფარული კამერაა დაყენებული? იცოდეთ, ჰონორარი მეც მეკუთვნის! ვერ გადამაგდებთ!
გეთაყვა, თუ შეიძლება გვაცალეთ კვლევის სრულფასოვანი ჩატარება!
რა მიწისძვრა, ხალხნო? ჰაჰაჰა! მიწისძვრა არა ცუნამი! თქვენ ხომ არ აჟუილებთ?! - შეუტია არგენტინოვნამ.
დიახ მიწისძვრაა! - ბოლოს და ბოლოს შეჰყვირა კვლევის ობიექტის უტიფარი ქცევით განაწყენებულმა მეტრდოტელმა. მისმა ტონმა “არსაიდან” ცოტა დააშოშმინა და დაადუმა კიდეც, -  ყოველი ადამიანი დედამიწის ნაწილია, შესაბამისად, ისიც ერთგვარი დედამიწაა! დედა მიწა რაკი მდედრობითი სქესისაა, ეს ყველაფერი განსაკუთრებით ქალებს ეხებათ. შესაბამისად ის ამ ციური სხეულის ხორციელი მცირე მოდელია და მის მინიატურულ ერთგვარ ორეულს წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე ქალის არსებობა ისეთივე კატაკლიზმებითა განპირობებული, როგორც ჩვენი მშობლიური დედაა - მმიწის! ხომ იცით, არსებობს ტევტონული პლასტები. მიწისძვრის დროს, ერთი ადგილი სხვა ადგილზე გადადის! ალბათ, აქაც ასევეა. სავსებით დასაშვებია, რომ მისმა ქალურმა ორგანომ, რაღაც  შინაგანი, სუილიერი, ფსიქოლოგიური ან ფიზიკური რყევის შედეგად ადგილი იცვალა... ქალური ტევტონული პლასტები ამოძრავდნენ და იგინი, სხვაგან გადაადგილდნენ!.. 
რა ტევტონული პლასტები! - აფეთქდა “ხაშზე უკეთესი”.
ხმა, კრინტი! - მკაცრად შეუტია მეტრდოტელმა და პირქუში მამაკაცების შემყურე “არსაიდანაც” გაჩუმდა, - ტააკ, სახეზე არაფერი აქვს! ეს უკვე კარგია, იმიტომ რომ ფეისზე გადასული სასქესო ორგანოთი ძნელია ქუჩაში სიარული, საზოგადოებრივი ცხოვრება და ბოლო-ბოლო შეუძლებელია ჰიგიენის დაცვა! ამიტომ, მოდით ვეძებოთ სხვაგან! 
- გიჟები ხართ?! ბოდავთ! გაახილეთ თვალები! ყველაფერი ადგილზეა! ხალხნო! - ქალის ეს სიტყვები უფრო ხვეწნა-მუდარას ჰგავდა, მაგრამ მას არავინ უსმენდა და ისიც გაჩუმდა. ხელი ჩაიქნია, და მგონი ირწმუნა კიდეც მომხდარი. კბილებში გამოსცრა - “თავში ქვა გიხლით და მუცელში სამართებელიო” და გადაწყვიტა, მხოლოდ თვალი ედევნებინა მიმდინარე პროცესისთვის.
- გ ა ვ ა გ რ ძ ე ლ ო თ! - სახელოები აიკაპიწა ყოფილმა გინეკოლოგმა და არგენტინოვნას სხეულს ყურადღებითა და დიდი ინტერესით გოჯა-გოჯა დაუწყო შესწავლა. თითებით წელავდა ქალის ნაზ კანს. ყოველ ნაკვთს ფრთხილად უსვამდა ხელებს, ყნოსავდა და გემოსაც დიდი გატაცებით უსინჯავდა. არც ერთი ნაოჭი, ღრმული, კუნჭული არ გამოუტოვებია. ოთახში მყოფი მამაკაცები პირდაფჩენილები უმზერდნენ ხანდაზმული მეტრდოტელის ქმედებებს რაც დრო გადიოდა, მით უფრო იძირებოდნენ ეროტიულ ფანტაზიებში და ტკბებოდნენ ქალის სიშიშვლით. მისი სხეულის სრულყოფილი ფორმებითა და მიმზიდველი იერით. აკოკრილი დიდი მკერდით, მკლავების ნაზი სიმრგვალით, წელის და მუცლის სინატიფით. ვარდისფერი კანის ნათებითა და სურნელით. დაკარგული ორგანოს ძიება დაახლოვებით ერთ საათს გაგრძელდა, მაგრამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. დაღლილი, გაოფლილი, მაგრამ ფირად კმაყოფილი და უცნაურად ახუნტრუცებული მეტრდოტელი ტახტზე ჩამოჯდა.
- დას იზ ფანტასტიშ! - ამოიოხრა, შამპანურის ბოთლი მიიყუდა და სულმოუთქმელად ჩაცალა, - ია, ტაკოგო ნე ვიდელ ი დუმაიუ ნიკტო ნე ვიდელ?!
ამის შემდგომ მოხუცი ჯერ ატირდა, მერე ახარხარდა, ბოლოს მზერა აემღვრა, თვალები უცნაურად აუთამაშდა, წამოხტა და კორიდორში ყვირილით გავარდა:
ვაგინა იოხტურ! კაპუუტ! ალაჰ! ბუდდა! იეღოვა! “არსაიდანას” ორგანო ფშვიტ! ვაგინა იოხტურ! შაითან! შაიტან ვაგინა არგენტინოვნა იოხტურ!
მას კუნტრუშითა და გაურკვეველი შეძახილებით პამიდვრებივით გაწითლებული დაცვის წარმომადგენელნი დაედევნენ.
ამ სენსაციურმა ამბავმა მთელი ქალაქი შეძრა. ირგვლივ ყველა ამ თემაზე ლაპარაკობდა. აღარც ფეხბურთი, აღარც სამსახური, აღარც სწავლა, აღარც საყიდლები, აღარც ბიზნესი არავის არაფერი აინტერესებდა. პროფესიის, წარმომავლობის, სქესისა და ასაკის მიუხედავად მოქალაქეები გზაჯვარედინთან ჯგუფ-ჯგფად იკრიბებდნენ და პირდაფჩენილები უმზერდნენ ჩვეულ ადგილზე გაჩერებულ არგენტინოვნას და მის ყოველ მოძრაობას გამაღიზიანებელი ჩურჩულითა და ნერვიული ჟესტებით აფასებდნენ… 
-    ის რომ არა აქვს, ეს როგორ?! - მხრებს იჩეჩავდნენ და კითხულობდნენ ზოგიერთები, რაზეც დანარჩენი მრავალმნიშვნელოვნად პასუხობდნენ:
-   მთავარია ფანტაზია და არა რეალობა!
-  ვიტრინაზე გამოდებული აკრძალული ხილის დეტალებსა და წვრილმანებს არავინ აქცევს ყურადღებას!
-  კაცი ბჭობდა, ღმერთი კი იცინოდაო!
მიუხედავად სიტუციის პიკანტურობისა, დისკომფორტს არავინ გრძნობდა... ამ ამბავმა კლიენტების ნაკადი გააათმაგა. “არსაიდანს” ხშირად თხოვდნენ “იმ ადგილის” ჩვენებას. ისიც, არ იზარებდა, ახურუშებულ მუშტარს მორცხვად ათვალიერებინებდა ყველაფერს, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ მაინც ვერაფერს ამჩნევდნენ. ბოლოს მობეზრდა ასეთი შემოთავაზებები და უცერემონიოდ, მკვახედ მიახლიდა თვალებდაჭყეტილ კლიენტს:
-       ეს კინო, ან ნახატი არ არის! მაგისთვის, ან მუზეუმში წადი ან კინოთეატრშიო! მე ხელოვნების ნიმუში არა ვარ!
-       აბა რა ხარ? - უკვირდა მას.
- მე ვარ როსკიპი, ბოზი დიაცი! - დილის სიფთა ომახიანად ციტირებდა ცნობილი პოემიდან დამახსოვრებულ ამ ერთადერთ ფრაზას. 
- ბოზი - ნიშნავს "ლამაზს"... ლამაზი კი უდავოდ ხარ! - აღნიშნავდნენ ცნობისმოყვარენი, - სულის შეხუთვამდე მიმზიდველი ხარ! გულის შეღონებამდე მშვენიერი ხარ, მაგრამ „ის“ არა გაქვს და რით განსხვავდები ბოტიჩელის, მიქელანჯელოს, ფიროსმანის, რემბრანტის ან ტიციანის ნამუშევრებისგან?
-       აი, ამითი! - კაი მაგარ სილას გააწნიდა ცნობისმოყვარე, უტიფარ კაცს, სწრაფად ჩაიცვამდა და უბრუნდებოდა თავის “სამუშაო ადგილს”...
ერთხელაც “არსაიდან” მიხვდა, - ფეხმძიმედ იყო. 
ვისგან? ძნელი სათქმელია. ყოველთვის ფრთხილად იყო. თავს იცავდა, მაგრამ გადამეტებული სიფრთხილე და გამუდმებული თავდაცვა, დამარცხების ტოლფასიაო, და ასეც მოხდა. 
როცა საბოლოოდ გააცნობიერა თავისი ორსულობა, თვალები აეხილა და მიხვდა, რომ არავინ “აბოლებდა”. არავინ ცდილობდა მის მოტყუებას, გაცურებას ან მასხრად აგდებას. ხალხს მართლაც რაღაც სიბრმავისმაგვარი დამართოდა და ვერ ხედავდა მის ე.წ. დაკარგულ ორგანოს, რომელიც სინამდვილეში თავის ადგილას იყო და არსად გამქრალა...
-  ი ს ი ნ ი  ვერ ხედავენ, რადგან - “იმის” არ დანახვით დ ა ბ რ მ ა ვ დ ნ ე ნ. რაღაცამ დაუბნელა მზერა! ამ დროს ყველაფერი ადგილზეა?! - გულდაწყვეტილი და შეურაცხყოფილი “არსაიდანა” ფიქრობდა, - გასაკვირი არაფერია, რელიგიურ წიგნებშიც ხშირადაა აღწერილი ამდაგვარი რამეები… ხალხი ხშირად ვერ ხედავს ბევრ თვალნათელ რამეს. კამერებიცა და ფოტოაპარატებიც კი ვერ აფიქსირებდნენ იმას, რასაც ადამიანები ვერ ან არ უნდა ხედავდნენ. შიშნარევი, ღვარძლიანი და ბინძური ჭორები კი საერთოდ ყველას უკარგავს თვლის ჩინს. ისინი, ხომ დაბრმავებისა და სიყალბისკენ მიდრეკილი ადამიანების მოგონილია! 
ასე გავიდა ორი თუ სამი თვე. 
“ამბავი ქალისა, რომელმიც სასქესო ორგანოს გარეშე სრულფასოვნად ცხოვრობს და საქმიანობს” ყველას და ყველაფერს მოედო. საითაც არ უნდა გაგეხედათ ყველაგან მას აჩვენებდნენ და მასზე საუბრობდნენ. სახელები - არგენტინა, “პუტანა”, “არსაიდან”, ბოზანდარა, ბოზი, “პრასტიტუტკა”, “სუკა”, მეძავი, როსკიპი - საკმაოდ პოპულარული გახდა. მართალია ახალშობილებს არ არქმევდნენ, მაგრამ საკუთარი სახელის გადაკეთებას ბევრი ცდილობდა და ახერხებდა კიდეც. ქვეყანაში გაზეთი ან ჟურნალი არ გამოვიდოდა ისე, რომ “არსაიდან არგენტინოვნაზე” ინფორმაცია, სურათი, ან სტატია არ დაბეჭდილიყო. “ენას ძვალი არა აქვს და ფანტაზიას არტახები”, ჰოდა, ღმერთო, იცის რას არ წერდნენ და რას არ თხზავდნენ ამ ამბის შესახებ?
ქალაქი, ინდუსტრიის თავმდაბალი მეგაპოლისი, ყოველთვის იმით გამოირჩეოდა, რომ აქ აზრი, ისტორია, ამბავი, აბსურდული ჭორი, მითი გრიპის ბაცილაზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ის კლავდა ყველანაირ საღ აზრს. ამ დროს კი საზოგადოების ცნობიერება ფანტასმაგორიულ მორევში იძირებოდა, სადაც მითიური მონსტრები ჩვეულებრივი ადამიანების სხეულებში იბუდებდნენ და ატასგვარი სისულელის კეთებას აიძულებდნენ. 
ამის ნათელი მაგალითი ფილმი იყო “ტარზანი”. მისი ჩვენება ქალაქში ოფიციალურად აკრძალეს და სურათი - ტრაგედიად გამოაცხადეს! იცით რატომ? - იმიტომ, რომ საპრემიერო ჩვენებას მოჰყვა საშინელი ეპიდემია, რომელმაც არავინ და არაფერი დაინდო. თავმდაბალი და ინდუსტრიული მეგაპოლისის ყოველ ბაღში თუ ეზოში, ქუჩასა თუ ჩიხში, პარკსა თუ სკვერში, გაზონსა თუ ვოლიერში, არც ერთი ხე არ იყო თავისუფალი. ქალი, კაცი, ბავშვი, ას წელს მიტანებული მხცოვანი ადამიანი, გოგონა თუ ბიჭუნა, ყოველი მათგანი ვალდებულად თვლიდა ტარზანის მსგავსად ხის კენწეროზე ამძვრალიყო და ომახიანი შემოეძახა “ააოხყაჰყუუააო!”, მკერდში რამოდენიმეჯერ ჩაერტყა მჯიღი და მეორე ხის კენწეროსკენ ესკუპა. უმეტესობა, ამას სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ვერ ახერხებდა, მაგრამ საქმეს ეს მაინც არ შველოდა. ქალაქი გაივსო დამტვრეული უიღბლო “ტარზანებით”, ყველა დაკოჭლდა და დაინვალიდდა! ფეხ-ხელ-ნეკნ-მხარ-მკლავ-თეძო-კისერ მოტეხილი პაციენტი თითოეული ოჯახის ინტერიერის განუყოფელ ნაწილად იქცა. გიფსში ჩასმული ავადმყოფების ათასობით საწოლი უკვე საავადყოფოებში კი არა, ქალაქის ქუჩებშიც ვეღარ ეტეოდა. ექიმები და მედდები, ტრავმირებულთა მდგომარეობის შესამოწმებლად და აუცილებელი სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად, სპეციალური საჰაერო, პროპელერიანი ბუშტებით გადაადგილდებოდნენ და რის ვაი-ვაგლახით ახერხებდნენ სამედიცინო პროცედურების შესრულებას (რის ვაივაგლახით - იმიტომ, რომ თვითონაც ტრავმირებულნი იყვნენ). მიუხედავად ამისა, მინდა ავღნიშნო და გამოვექომაგო მოქალაქეებს, რომლებიც სულაც არ იყვნენ სულელები და გაუნათლებლები. უბრალოდ, ეს ფილმი, შიპანზესავით შევარდა, ისტორიული მითებითა და რომანტიზმით გაჟღენთილ მათ შეურყვნელ გონებაში და მაჭარივით აადუღა, ააბობოქრა მოქალაქეთა სპეტაკი და გაწონასწორებული სულები, გაანგრია რეალობის კრიტიკულად შეფასების ფაქიზი საზღვრები და ტრაგი-კომიკურ “ტარზანიზმად” ჩამოყალიბდა, რამ და როგორ იხსნა ქალაქი საბოლოო განადგურებისგან, ამას შემდგომ გიამბობთ, მხოლოდ იმას ავღნიშნავ, რომ ამისთვის გამოყენებულ იქნა ძველი მეთოდი - “რაცა გკლავს სწორედ იგი გწამლობსო!” და ამან ასი პროცენტით გაამართლა.
ცნობილი, პოპულარული და აქედან გამომდინარე წარმატებული მხოლოდ მაშინ ხდები, როცა რამეს ჰკარგავ! თუ ყველაფერი ადგილზე გაქვს, ლოგიკურად აზროვნებ, ნორმალურად ფუნქციონირებ და წესიერად იქცევი, ვის რად უნდიხარ? ნორმალური ვინ ჩემი ფეხები ხარ?! აი, თუ რაიმეს დაკარგავ, ძალიან მაგარია!!! ეპატაჟურია! განსხვავებულია! კრეატიულია! მიმზიდველია! შესაბამისად, ცნობადობის და პოპულარობის ეტალონს წარმოადგენ! - “არსაიდანს” ეს სიტყვები არსოდეს უთქვამს, მაგრამ გაზეთებში ამას წერდნენ, რადიო და ტელევიზია ამას გადმოსცემდა. უბრალო მკითხველსაც ამის სჯეროდა! ჰოდა, კვლავ აბორგდა, ადუღდა ქალაქი და მისი გაწონასწორებული და პროვინციულად მშვიდი ატმოსფერო ნელ-ნელა ისტერიამ მოიცვა. აიმღვრა, აჩქარდა, აფუთფუთდა… და ბოლოს იფეთქა?! 
ჰორიზონტზე გამოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც რაღაც-რაღაცეები დაკარგეს ან უახლოვეს მომავალში დაკარგავდნენ. ცოტა ხანში ქალაქის ამღვრეულ - ადუღებული ზედაპირზე ბავშვობა, კაცობა, ქალობა, ადამიანობა, სამშობლო და ეროვნულობა გაყიდულები ამოტივტიდნენ. მერე თავი წამოყვეს სინდის-წაბილწულებმა, მათ ნამუს გარეცხილებიც წამოეწივნენ და დატრიალდა ცოდვის კარუსელიი. ამ საერთო ღრიანცელში, ალბათ მხოლოდ “არსაიდან არგენტინოვნა” იყო უდრტვინველი. ყველასგან მივიწყებული, უკვე აღარ დგებოდა ჩვეულ პოზაში.  მოზრდილი მუცლით სიარულიც კი უჭირდა. იქვე კლუბის კიბეზე ჩამოჯდებოდა, დაეყრდნობოდა კაკაოსფრად გარუჯულ იდაყვებს და  რ ა ღ ა ც ა ს  გაჰყურებდა.
“სანამ უბრალოდ ქალი ვიყავი, შემეძლო ვყოფილიყავი ჩეულებრივი ბოზი, მაგრამ ახლა როცა დედა უნდა გავხდე ყველაფერი იცვლება - გემოვნებაც, მსოფხედველობაც, მორალიც, ღირსების დონეც. იწყება რაღაც ახალი, უფრო ღრმა აზრის და საპასუხისმგებლო ტვირთით დამძიმებული, თუ ფრთაშესხმული მისია!” -  ფიქრობდა ის, -   დ ე დ ა, დე - და, დედა მიწა, დედა ბოძი, გუთნის დედა, დედა კაცი, დედა არსი, დედა ენა.” - მოსწონდა და იზიდავდა ეს ახალი შეგრძნება და ჟღერადობა, მაგრამ ამავე დროს აშინებდა კიდეც. მხოლოდ ეს შიში კი არ ასუსტებდა და ქალაჩუნად კი არ აქცევდა, არამედ აძლიერებდა და წინდახედულობას, სიფრთხილეს და შეუპოვარობას მატებდა. ამდიდრებდა გრძნობებითა, უჩეულო ახალი შეგრძნებებით და კიდევ იმ სიყვარულით, რომელიც ჯერ არ იყო, მაგრამ უკვე არსებობდა და თავის დროს ელოდა. ელოდა დედასავით.
-       როცა რაღაცას უყურებ, მნიშვნელობა არა აქვს რას უყურებ. მთავარი ეს არაა. მთავარია რა იმალება ფიქრებსაგან აფორიაქებულ ხედს უკან! - ლოცვასავით ღიღინებდა ქალი და სახეზე ნათელი ეფინებოდა.
გადიოდა წამები, წუთები, საათები. იცვლებოდნენ დღეები და სილაგაწნული კლიენტები. ქალაქის ეს გადარეული ატმოსფერო მას არ აშფოთებდა, აღარ ითრევდა მისი სიჩქარე, მოულოდნელობა და ჭრელ-ჭყეტელა მრავაფეროვნება. ირგვლივ ყველაფერი იცვლებოდა. კვირტები ყვავილებში გადაიზარდნენ. ყვავილები ათასგავრი ფორმის, ფერის, სიდიდის და გემოს ნაყოფად იქცა. მწვანე ჯერ გამუქდა, მერე გახუნდა, ბოლოს კი გაყვითლდა. ქალაქის ხედებს ოქროსფერი შეერია. შემოდგომის ქუჩებში ნაფტალინის, დადუღებული ჭაჭის და დამწყვარი ფოთლების სურნელი დადგა.  ირგვლივ ყველაფერი იცვლებოდა, გარდაისახებოდა, გარდაიქმნებოდა. აქ გასაკვირი არაფერია, ყოველთვის ასე იყო. ადრე ამას “არსაიდანა” სათანადოდ ვერ აფასებდა. შესაბამისად, ვერც ამჩნევდა, ვერ ხვდებოდა, რადგან ადრე ყველა ეს ქმედება, პროცესი მასთან ერთად ხდებდა და ხორციელდებოდა. ის სამყაროს ცვლილებების ბუნებრივი და უშუალო თამანონაწილე იყო. 
არგენტინოვნა ცვლილებებში, ცვლილებებით, ცვლილებებზე, ცვლილებებთან ერთად ცხოვრობდა. აქამდე ყოველთვის ეგონა, რომ მის სხეულსა და გარემოზე იყო დამოკიდებული ის სამყარო, რომელშიც ის არსებობდა. ცვალებადობა, ცვლილებები ეს იყო მისი რაობა და მისი ტვირთი. სულზე გაფიქრებაც კი დროის კარგვად მიაჩნდა. იცოდა, რომ სულს ასაკი არ ჰქონდა… იმასაც ხვდებოდა, რომ სულმა არ იცოდა რა იყო დრო, რა იყო გარდასახვა, გარდაქმნა, გარდაცვალება… მაგრამ როგორც კი ადარებდა სხეულსა და სულს, რეალობას და მარადისობას, ეცინებოდა და იუმორის გარეშე ასეთ თემებზე ვეღარც ფიქრობდა, და შესაბამისად, არც საუბრობდა. ჰოდა, რაც დრო გადიოდა, მით უფრო იღლებოდა, იცვითებოდა, ხისტდებოდა, მძიმდებოდა და ბერდებოდა. მაგრამ ახლა?
ახლა სხვა იყო. სხვა. სულ სხვა. სხვაზე სხვა, სხვაში სხვა, სხვათა სხვა და სხვასხვა.
-       როცა რაღაცას, უყურებ მნიშვნელობა არა აქვს რას უყურებ. მთავარი ეს არაა. მთავარია, რა იმალება ქარისგან აფორიაქებული ხედის უკან. - ლოცვასავით იმეორებდა და თევზივით ცურავდა თავის ორ სულობაში, - ორსული… ორ..სული… ორი სული.
ისტერიით დაბრმავებული ქალაქიდან ქალი უეცრად გაუჩინარდა. ჯერ კანტი-კუნტად კითხულობდნენ, მაგრამ მერე დაირაზმა ხალხი. სად არ ეძებეს, მაგრამ ქალის, ანუ “დილის სიფთას”, ეროტიკის “პოლლიტროვკას”, ხაშზე უკეთესს, ანუ “არსაიდან არგენტინოვნას” კვალს ვერსად მიაგენს. მისი სახლიც კი ვერ იპოვეს. 
იქ სადაც არგენტინოვნას ბინა ეგულებოდათ, მხოლოდ სთრით - არტის სტილში მოხატული კედელი დახვდათ. უცნობი მხატვრის მიერ შექმნილი უზარმაზარი ფანჯრებიდან იშლებოდა საოცარი ხედი - მოელვარე ოქროსფერითა და ზურმუხტისფერი წყვეტილი შტრიხები, ნისლით თუ ბურუსით დაფარულ აყვავებულ ზღაპრულ ბაღს ქმნიდნენ. რამოდენიმე მაყვლისფერი ნაცხით შექმნილ რაფაზე ლამაზად ეწერა:
“ს ი მ შ ვ ი დ ე? რა იმალებოდა ქარისგან აფორიაქებული ფარდების უკან?.. იქ, იყო ის, რისი დავიწყებაც ასე გვსურს. ფარდა ჩამოხსენით და ქარი ჩადგება… გამოჩნდება თვალები, რომლებიც ყოველთვის გვიმზერდნენ.”
როცა ხელმოცარული მაძიებელნი კედელს მოცილდნენ და ნახატს შორიდან კიდევ ერთხელ შეავლეს თვალი, აღფრთოვანდნენ. ფანჯარა, წარწერა და ბაღის პეიზაჟი უცნაურად გაერთიანდა, შეიკრა და თითქოს ახალი ფერებით შეივსო. გამოჩნდა კეკლუცი, იდუმალი ღიმილით გამსჭვალული ქალის აციმციმებული თვალები. ისინი მათ უმზერდნენ და ძებნისგან დაღლილ, დაბნეულ სულებს სითბოთი და ხალისით უვსებდნენ.
  ჩვენ ქალს ან ადამიანს კი არ ვეძებდით, არამედ გვინდოდა გვეპოვნა „არსაიდან არგენტინოვნა“! პიროვნების, ქალის, ადამიანის მოძებნა არც კი გვიფიქრია! ალბათ იმიტომ ვერ დავინახეთ! - გულის დაწყვეტით ჩაილაპარაკა მთრთოლვარეტუჩებიანმა და ატირდა.
მოკლედ “არსაიდან არგენტინოვნა” გაქრა. მის კვალს ვერავინ მიაგნო. თუმცა ქალაქში პერიოდულად ჩნდებოდა და ახლაც ჩნდება უცნაური ტექნიკით შესრულებული ზღაპრული სილამაზის ნახატები, რომლებიც ახლოდან ღია ფანჯრებში გამოსახულ ბურუსით დაფარულ ბაღების ხედებით გვატყვევებენ, შორიდან კი ყველასათვის ნაცნობი ქალის აციმციმებულ მზერად გარდაიქმნებიან და მნახველს იმედითა და სიყვარულით ავსებენ. ალბათ იმიტომ, რომ ერთ დროს უცნაურად დაბრმავებულ ქალაქმა არ დაივიწყოს ქალი, რომელსაც ყველა ცნობდა, მაგრამ ვერავინ იცნობდა.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge