გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ჯემალ შანიძე - ლექსები

                                           
ვარდობის თვე          
                         
ვარდობის თვეს, მაისის თვეს მზე სიამეს ახლიდა,
მოდიოდი და მოგქონდა სიხარული სახლიდან.
არცა შური, არცა წყენა, ბოროტ გზებზე მავალი,
მიცემოდეს დავიწყებას მრავვალ, მრავალ, მრავალი...
მხოლოდ შენ ერთს გეუბნები, თუ ხარ ჩემი მსმენელი,
რომ გაივლის ბევრი წელი კვლავაც შეუსვენებლად.
შენ შერჩები მაღალ მწვერვალს ბუკებით და დაირით,
ვარდობის თვეს ვარდი იყოს, ვარდი მრავალნაირი...
     



*   *   *
სიჩუმის ლანდი მილენდა, დალბა,
ოთახში წყნარად გაისმის ბახი.
სოფლელი გოგო მიგონებს ალბათ
და თან მიდენის შინისკენ ნახირს.
ოთახში როგორ აგორდა სითბო,
გარეთ კი ისევ ქარია ნელი.
მე მარტოობას ისევ არ ვიტყობ,
და დამაქვს სევდა - ჯერაც უთქმელი.
მზე დაკიაფობს ვარდების კოკორს,
თითქოს და უყოფს სიცოცხლის ნაწილს,
და მე ვიგონებ იმ სოფლელ გოგოს,
რომელსაც, ალბათ, ვერ ვნახავ აწი...


რთველი
ა.თ.
დამთავრდა რთველი. მშვიდობით, კარგად.
უკან დავტოვეთ ალაზნის ველი.
თვალს მიეფარა, რა უცებ გაქრა 
გრემიც - ლამაზი და საყვარელი.
მაგრამ, ძვირფასო, რამ დამავიწყოს
შენი ლამაზი თვალთა ხავერდი.
აჰა,  მე უკვე დავცალე ღვინო
და ახლა შენთან ვარ ალავერდი!
                                  

მარტის საღამო
ა.თ.
იყო საღამო წყნარი,
მარტი, თეატრი, დაღლა...
ეს ფიქრი - უწყინარი,
შენს თავს მახსენებს ახლა.
სხვა სიალე და თრთოლვა,
სხვა გარინდების წამი.
არ მახსოვს მაინც როგორ,
ან როდის გაგიცანი.
და სიხარული ლტოლვის,
გაღიმებაც კი სულ სხვა,
მახსენდებოდა - თოვლი,
ძველი ლექსების ნუსხა.
იყო საღამო წყნარი,
მარტი, თეატრი, დაღლა...
ეს ფიქრი - უწყინარი,
შენთან მომიყვანს ახლა.
                         


*   *   * 
                                                                
შენ წვები ზღვასთან და შენი მხრები
ივსება რბილი ბროლით და ქვიშით.
შენ ულამაზეს ზვირთებს ეხები
და ეთხოვები თრთოლვით და შიშით.
და გახსენდება რამ მელოდია
განახლებით და აკვიატებით,
ზღვიდან ზვირთები ისევ მოდიან,
შენც ეგებები დაგვიანებით...
მე მიყვარს, როცა ნაპირთან გხედავ,
შენ ზღვასთან მაინც სხვაგვარი ჩნდები,
მე მიყვარს შენი ლამაზი სევდა,
და აზვირთული, მაღალი მხრები.
და შენი მხრები მე მიყვარს,
როცა ივსება რბილი ბროლით და ქვიშით.
შენ ულამაზეს ზვირთებს ეხები
და ეთხოვები თრთოლვით და შიშით...



* * *
ვეღარ ვენთები ძველებურ გზნებით,
(ალბათ წავიდა და აღარ მოვა).
რად გაიყარა ეს ჩვენი გზები,
ან ძველ მუზებმა რად მიმატოვა?!
რად დაიკარგა ფიქრები მწველი,
ან რად დასცვივდა ხეებს ფოთლები.
ეს სიყვარული როდია ძნელი,
მხოლოდ ესაა - არ მაგონდები...



*
მე ალბათ შენთვის ყველაფერს შევძლებ,
თუ დროზე ადრე მოვიდა თოვლი...
რადგან ამ თოვლში შენს თვალებს ვეძებ,
ადრე დაკარგულს, შიშით და თრთოლვით.
იქამდე კიდევ უამინდობას
გადაგარჩინოს ჩემმა ლექსებმა.
შენთვის იმდენი რამე მინდოდა,
რომ გული ჩუმი სევდით მევსება.
გარეთ კი თითქოს ბნელდება უცებ
და მოდის ღამე - მფარველი ყოვლის.
მე კი ლოდინით ყველაფერს ვუძლებ,
რომ კიდევ ერთხელ ვიხილო თოვლი...
     

არხოტში

მზე ჩუმად დაჯდა არხოტის ქიმზე.
ღრუბელი ღრუბლის სარეცელს ლამბავს.
აგორებული ნისლივით გიმზერ 
და თან ვღიღინებ სევდიან ამბავს...
შორიშორს მოჩანს ჯიხვების ჯოგი,
ნისლში ჩაფლულა კოვგრა და ბისნა.
არვედან ქიმზე დაეშვა ზოგი,
ო, როგორ მომკლა ღრიალმა მისმა...
დამეცეს ციდან ლახვარი ღმერთის,
გვერდით რომ მყავდე, ო, როგორ მინდა.
საამურია მხარე დუშეთის,
რა კარგად მოჩანს დღეს კვირიწმინდა.
გათავდეს დღესვე წამება ჩემი,
აღარ მსურს შენი ქოფაკი სიტყვა.
დღეს უცილობლად არხოტში ვრჩები,
მორჩა რაც იყო, კმარა რაც ითქვა...
მზე ისევ ჯდება არხოტის ქიმზე.
ღრუბელი ღრუბლის სარეცელს ლამბავს.
აგორებული ნისლივით გიმზერ 
და თან ვღიღინებ სევდიან ამბავს...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge