ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ცირა ბარბაქაძე - ლექსები
მე ვარ ყველგან და არსად არა ვარ
* * *
(დ)ადევნებული კითხვა ვარ - რატომ?
მოულოდნელად შენთვის დასმული,
შენი აწმყო ვარ და არა მარტო....
ვარ მომავალი და ვარ წარსული!
ის სამყარო ვარ, რომელშიც შენ ხარ,
სადაც სიტყვებით ვაგებ სასახლეს,
მე ვარ მდინარე, რომელშიც შეხვალ,
და სიპი ქვა ვარ, შენ რომ დასახლდე.
(დ)ადევნებული კითხვა ვარ - რატომ?
ხან შვება ვარ და ხანაც - მარწუხი!
მე ვარ კითხვები და არა მარტო...
ყველა კითხვაზე მე ვარ პასუხი!
* * *
საკუთარი თავი
შედედბული რძიდან ყველივით ამოვიყვანე,
ვაგუნდავე ხელში და სულ ცხვირიდან ვადინე
წყალი და შრატი და თბილი სითხე...
მერე ნასვრეტებიან ჯამში მოვაპირქვავე,
ბოლო წვეთებისგან რომ დაცლილიყო,
შეერთებულიყო და სიმრგვალედ ქცეულიყო...
მარილიც მოვაყარე და აჰა,
გემრიელად მიირთვით!
* * *
სიყვარულს ჩემი თვალები აქვს,
ჩემი ხელები აქვს და ჩემი სუნთქვა...
ის მოქმედებს ჩემი მეშვეობით
ამ სამყაროში...
მაგრამ მე არ ვიცი, ვინ ვარ...?
იქნებ უბრალოდ ცეკვა,
რომელსაც ასრულებს სული
დაბადებიდან?
* * *
თუ გინდათ, ბედნიერება იგრძნოთ,
დაივიწყეთ საკუთარი თავი
საკუთარი შეხედულებები,
საკუთარი ისტორია,
რომელიც ისტერიად გექცათ,
დაივიწყეთ გუშინდელი ბრაზი,
გუშინწინდელი წყენა,
შარაშნდელი თოვლივით დაივიწყეთ...
დაივიწყეთ მიზნები,
დაგეგმილი ცხოვრება და
ყველა სტრატეგია,
რომელიც გულმოდგინედ დააგროვეთ...
დაივიწყეთ, რომ დაიბადეთ,
დაივიწყეთ, რომ მოკვდებით,
დაივიწყეთ აუხდენელი ოცნებები,
ახდენილი სურვილები
და ასახდენი მიზნები...
დაივიწყეთ, რომ ეს ყველაფერი უნდა დაივიწყოთ...
გათავისუფლდით...
და სულის კარს დააწერეთ:
ღ ი ა ა!
ცხოვრება (თავდავ)იწყებააა!
* * *
როცა კარზე შიში გიკაკუნებთ,
ნუ შეგეშინდებათ...
ადექით და გაუღეთ კარი...
შიშს ექნება დიდი თვალები,
შემოვა და კარგად დაათვალიერებს
თქვენს საცხოვრებელს...
შიში იქნება დაღლილი და მშიერი,
მწყურვალი და სუსტი
და გეტყვით: -
მოწყალება გაიღე, მაჭამე, - ცოტა ურწმუნოება, უიმედობა,
სასოწარკვეთა, ცახცახი, ცოტა კანკალი,
დესერტად დავაყოლებ ელდას...
თქვენ მაცივრის კარს გამოხსნით
და იქ ვერცერთ პროდუქტს ვერ აღმოაჩენთ...
ეტყვით, რომ გაქვთ მხოლოდ სიყვარული, სიკეთე,
გაქვთ მხოლოდ სინათლე და სხვა არაფერი...
შიშს მხოლოდ თვალები დარჩება,
მუდარით სავსე... მაჭამეთ რამე...
ღონემიხდილი სიყვარულს გაუსინჯავს გემოს და...
და გაქრება სამუდამოდ!
ყოველ მოსვლაზე ასე იქნება...
3-ჯერ გამეორების შემდეგ კი
თქვენს კარზე შიში არასდოს დააკაკუნებს!
* * *
მე ვარ ყველგან და არსად არა ვარ,
მიყვარს ყველა და მიყვარს არავინ,
სადაც წავედი, ყველგან სახლი მაქვს,
და ყველგან ჩავდგი თითო კარავი...
ვიცი, ერთი ვარ, და ამავე დროს,
ყოველწამს მაინც ისე ვბევრდები...
დილით ვიღვიძებ, ისევ ბავშვი ვარ
და საღამოსკენ მშვიდად ვბერდები...
მე შემიძლია, ჩემი თავიდან
ავდგე და ყველა ერთად გავრიყო,
შენ შეგიძლია, რომ დარჩე ჩემში,
რომ სულ იყო და თანაც არ იყო...
სივრცე სავსეა ჩემი ლოცვით და
სივრცე სავსეა ჩემი მანტრებით,
ზღვა ვარ, ქარი ვარ, მიწა, ჰაერი,
ცეცხლი ვარ... მაინც შენ მენატრები...
* * *
ვიცი, ძნელია ჩემი სიყვარული, -
ეს იგივეა, გიყვარდეს ქარები მაშინაც,
როცა ისინი არ ქრიან...
და არ ეძებდე სამალავს,
როცა ქარიშხლები ამოიჭრებიან...
ეს იგივეა,
ხედავდე სამყაროს ჩემ გარეშე
და მხედავდე მე, სამყაროს გარეშე...
ძნელია ჩემი სიყვარული,
რადგან მრავალი სახე მაქვს და არცერთია ჩემი...
მოგიწევს, ყველა შეიყვარო და ყველა უარყო!
ძნელია ჩემი სიყვარული,
რადგამ მე გავრბივარ მაშინ,
როცა გგონია, რომ დავბრუნდი
და შენ კი...
ძალა არ გყოფნის, გამომედევნო!
* * *
მე მინდა, ვფლობდე შენს დღეს და ღამეს,
ყველა გაზაფხულს და ყველა თოვას...
გზებს, რომ მიდიან შინიდან - გარეთ,
დროებს, რომლებიც იყო და მოვა...
მე მინდა, ვფლობდე, შენს ყველა ბგერას,
რომელიც უცხო ამბავს მიყვება,
შენი სულის და აზრების ღელვას,
რომ არ ქცეულა ჯერაც სიტყვებად...
და ახლა, როცა ვზივარ და გნატრობ,
მინდა, გაიგო, თუ რამდენს ვბედავ:
მე მინდა, ვფლობდე... და არა მარტო
მას, რასაც მხოლოდ თვალები ხედავს...
* * *
ქარია ისეთი ცივი და უგულო,
მოწყენილს ამაღამ არავის დატოვებს, -
ცას უნდა ავხედო,
ცას უნდა ვუყურო -
ვარსკვლავებს ჯგუფებად
და ასე მარტოებს...
ისეთი ღამეა, ვერაფერს მიმალავს
ქარი და მომაყრის კოსმიურ სიგნალებს...
ვერ გეტყვით....
ჰო, მაგრამ... მე ვიცი, ვინა ვარ...
უბრალოდ ხანდახან რას აღარ ვიბრალებ...
***
რაც დრო გადის, აღარ მტანჯავს,
არც ვღელავ და განვიცდი _
უფრო ცოტა „ვიცი“ დამრჩა,
უფრო მეტი - „არ ვიცი“...
აღარც ვდარდობ: მოხვალ - წახვალ...
დარჩები თუ დამიცდი...
იქნებ მართლა დაიღალე
და უდროოდ გამიცვდი?
გინდა - მოვალ...? გინდა - წავალ...
გინდა - სადმე დაგიცდი...
დღეს ღამეში გადაგიცვლი
და გულს გულში გაგიცვლი...
მაგრამ ნისლი მომერია
უშენობას განვიცდი...
ყველაფერი, რაც ვიცოდი,
არაფერი არ ვიცი...
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა