გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მირიან ებანოიძე - პოსტმოდერნიზმი და მთლიანობა


ტექსტი დანგრეული ,,ქუთბარიტის’’ მთავარ ინჟინერ-მარკშეიდერ ო.ნ. ალაშვილს ეკუთვნის, თუმცა იგი იმდენად დანგრეულია, იმდენად ეკლექტური და მარგინალური, რომ ავტორის ფიგურა და როლი ვეღარ აღადგენს იმ მთლიანობას, რასაც ნაწარმოების ცნება გულისხმობს. ეს პოსტმოდერნიზმია, იერარქიების უარყოფით, ავტორის სიკვდილით, არარეპრესირებული და არაცენტრალიზებული კითხვის შესაძლებლობებით, ორმაგი კოდირებით, ამავე დროს ინტერპრეტაციისადმი წინააღმდეგობით. ეს ტაქსტი, რომელსაც სრულფასოვანი დასაწყისიც კი არ გააჩნია (მეორე თავს წარმოადგენს), დააბნევს და დისკომფორტს შეუქმნის როგორც მასონთა, ასევე ლენინისა და სტალინის, მართლმადიდებლობისა და მხატვრობის გულშემატკივრებს. ისევე, როგორც ბორხესის ერთ ნოველაში, სადაც ძაღლების წარმოუდგენელი კლასიფიკაციაა მოცემული, აქაც შეუძლებელია ერთ სიბრტყეზე, სიცილისაგან თავშეკავების გარაშე მოვათავსოთ კომპიუტერი, ზვიად გამსახურდია, ბესო ყაზაიშვილი, ,,წმინდა მღვდელი იოსებ სტალინი’’ და მიქელ მოდრეკილი.
ჩვენი სამყაროს საზღვრები ინგრევა და ვერანაირი იდეოლოგია, ავტორიტეტი, იდეალი და მსოფლმხედველობა ერთ სიბრტყეზე, ერთ სამყაროში, ერთ მთლიანობაში მათ მოქცევას ვეღარ მოახერხებს, მაგრამ, თუკი სინამდვილეს თვალს გავუსწორებთ, ჩვენი წარსულიდან ვერაფერს გავაძევებთ, თუნდაც ,,წმინდა მღვდელ იოსებ სტალინს’’. ეს ჩვენ ვართ, რაც დავივიწყეთ, ოღონდ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობთ. ადვილია, ავკრძალოთ რაღაც, არანორმალურობის, ძველმოდურობის იარლიყები წამდაუწუმ მივაწებოთ მოვლენებს, ადამიანებს, ფაქტებს, ფსიქოანალიზის მიხედვით, ამ შემთხვევაში ჩვენი მომავალი მყარად დაუკავშირდება ნევროზს. როგორები არიან ისინი, ვისაც ნევროზის არ ეშინიათ? ეს უკვე კლასიკაა.

მიშელ ფუკო ,,სიტყვებისა და საგნების’’ შესავალს ბორხესის ნოველის ციტირებით იწყებს: ,,წინამდებარე წიგნის დაწერა ბორხესის ერთმა თხზულებამ განაპირობა, რომლის კითხვით გამოწვეულმა სიცილმა შეარყია აზროვნების _ ჩვენი ეპოქისა და გეოგრაფიული სივრცისათვის დამახასიათებელი აზროვნების _ ყველა ჩვეული წესი, ააფორიაქა მთელი ის წესრიგი და გეგმაზომიერება, არსებათა ურიცხვ სიმრავლეს მტკიცედ რომ გვიწესრიგებს; ეს სიმტკიცე კარგა ხანია შეეკრა ,,იგივედ’’ და ,,სხვად’’ დაყოფის ჩვენს ათასწლოვან ცოდნა-გამოცდილებას.ხსენებულ თხზულებაში ციტირებულია რომელიღაც ,,ჩინური ენციკლოპედია’’, სადაც წერია: ცხოველები შემდეგ ჯგუფებად იყოფიან: ა) იმპერატორის კუთვნილნი, ბ) კეთილსურნელოვანნი, სხვადასხვა ნელსაცხებლების წყალობით, გ) მოშინაურებულნი, დ) ძუძუს გოჭები, ე) სირენები, ვ) მითოსური ცხოველები, ზ) მაწანწალა ძაღლები, თ) მოცემულ კლასიფიკაციაში ჩართულები, ი) ცოფმორეულები, შეშლილებივით რომ იქცევიან, კ) ურიცხვნი, ლ) აქლემის ბეწვის რბილი ფუნჯით მოხატულები, მ) ასე შემდეგ. აქვე არიან: ახლახან დოქი რომ გატეხეს, ო) შორიდან ბუზებს რომ ჰგვანან’’. ბორხესის ჩამოთვლილ ცხოველებში საზარელი ის არის, რომ არსებათა შორის შეხვედრის სივრცეა წარხოცილი. ის, რისი შესაძლებლობაც აქ არ არის _ ესაა არა საგანთა მეზობლობა, არამედ თავად საერთო ადგილი, სადაც მათი დამეზობლება შეიძლებოდა ანუ ,,საოპერაციო მაგიდა’’. (ფუკო მ. სიტყვები და საგნები, ,,დიოგენე“. 2004) ჩინური ენციკლოპედიის სივრცე კვალიფიცირდება, როგორც ჰეტეროტოპია, რაც შეუთავსებელია ევროპულ რაციოსთან; ჩვენთვის ის მართლაც სიზმრისეულია, ,,შავი მასალაა’’, რომელიც ელოდება მას, ვინც მოვა და წესრიგს დაამყარებს, გამიჯნავს არსებითს არაარსებითისაგან, დიდს _ პატარასაგან, ჩამოაყალიბებს ცნებობრივ და ქრონოლოგიურ თანმიმდევრულობებს და საბოლოოდ, გაგვიხსნის ჩვენ საკუთარი დაბადების ფარულ მიზეზს ან მიზანს, მიანიჭებს ერთიანობის უხილავ ძალას ყველაფერს, მიანიჭებს აზრს... მრავლობითობის სტრუქტურაში მოქცევის, მთლიანობისა და ერთიანობის ბებიაქალები ანგელოზთა შემქმნელებად გვევლინებიან, დოქტორეს ანგელიცი, რადგან უმაღლეს, ანგელოზურ ერთიანობას ამტკიცებენ, ხოლო ნებისმიერი გასხლტომა, ლაკუნა და წყვეტა მეთოდოლოგიურ გამონაკლისად რჩება, რომელიც უნდა გამოვასწოროთ.’’(,,codnis arqeologia’’) როგორია მეოცე საუკუნის რომანის სამყარო? გაბნეული, წყვეტადი, დაფანტული, მრავლობითი ,,ქაოსმოსი’’ ჯოისის რომანი სწორედ ასეთ ლანდშაფტს წარმოადგენს. ფრანგულ ,,ახალ რომანში’’ გამქრალია დამკვირვებელი. ენის უდაბნო, ქაოსი, წესრიგის ნებისმიერი ფორმის მსსხვრევადობა და ცვალებადობა, რღვევა, ნაპრალი, სიცარიელე _ სწორედ ამგვარია დეჰუმანიზაციის პირობები. ევროპელი მკითხველი იბნევა ცხოვრების სხვა სივრცეების აღმოჩენისას.
თანამედროვე ლიტერატურის სპეციფიკაზე საუბრისას არსებით ნიშნად მკვლევართა უმრავლესი ნაწილი გამოჰყოფს მის არარეპრეზენტაციულობას. კლასიკურ ეპოქაში ადამიანი იდგა სიტყვებსა და საგნებს შორის, როგორც რეპრეზენტატორი, მიმთითებელი, გამომთქმელი, გამომხატველი, დღეს სიტყვებსა და საგნებს შორის არავინაა.

ბეკეტის ნაწარმოებებში სიტყვებსა და საგნებს შორის სიჩუმეა, და ეს სიჩუმე იწვევს სიცილს: ჩვენ ვხედავთ და გვესმის, ოღონდ ეს აუდიო-ვიზუალური ბრძოლაა. ვხედავთ არა იმას, რაც გვესმის, გვესმის არა ის, რასაც ვხედავთ. ჩვენი ნარცისული ,,მე’’ კარგავს თავის საბოლოო თავშესაფარს _ შინაგანს. ჩვენ მთლიანად გარეგანში ვიმყოფებით. არა სიტყვებსა და საგნებს შორის, არამედ მათი განურჩევლობის ზღვარზე.
ვხედავთ პარალიზებულ სხეულებსა და შეშლილ მეტყველებას, რადგან ხმა და სხეული დასცილდა ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ჩვენ სახლში ვართ, რადგან ადამიანი სხვა არც არაფერია, თუ არა ის, რაც ხდება. გარეგანის უკან არ არსებობს არავითარი საიდუმლო და დაფარული ოთახი. ლიტერატურის მთავარი გმირი შესაძლოა არის წარმოუდგენელი, მოუაზრებელი, სხვა, არაცნობიერი, რომელთან კავშირის დამყარებაც შეუძლებელი ჩანს. არ შეგვიძლია, მის ღმოსაჩენად გავეშუროთ ისე, რომ არ მივიახლოვოთ ან არ განვიშოროთ იგი. მეტერლინკის ლურჯი ფრინველის ნაცვლად ხელთ ყოველთვის შავი ფრინველი გვრჩება. არაცნობიერი არაა ის, რამაც თანდათან უნდა გამოაშუქოს დაფარულიდან, არამედ ის, რაც საგნის უტყვი სიმყარით არსებობს თავის თავში ჩაკეტილ ტექსტში ან ხილული ტექსტის თეთრ სიცარიელეში, რითაც იგი ინახავს თავის არსებობას.
ეს არაა ქაოსი, რომელიც უნდა მოწესრიგდეს, ირაციონალური ძალა, მედლის მეორე მხარე, რომელიც მუდმივად დარჩება ოპოზიციებში: დაფარული-ღია, გამოუვლენელი-გამოვლენილი, გონება-შეშლილობა, სიბნელე-შუქი, ქაოსი-წესრიგი. შესაძლოა, ჩვენ სწორედ ახლა ვართ ლიტერატურისა და ენის დასაწყისთან. ეს ის ადგილია, სადაც სიკვდილი დაეხეტება, სადაც აზრი ქრება, აღთქმული პირველსაწყისი უკან იხევს. ,,ნიცშესეულ კითხვაზე: ვინ ლაპარაკობს? – მალარმე განუწყვეტლივ ერთსა და იმავეს პასუხობს, რომ თავად სიტყვა ლაპარაკობს თავის მარტოობაში, თავის მყიფე ვიბრაციაში, თავის არარსებობაში. ლაპარაკობს არა სიტყვის მნიშვნელობა, არამედ მისი გამოცანად ქცეული და არამყარი არსებობა. ‘’
დისკურსი არა მარტო მეტყველების, არამედ დუმილის წესრიგიცაა. დისკურსის მიღმა არაფერია, სიგიჟეს თავისი ენა არა აქვს, დისკურსი ნეგატიურობის წესრიგსაც წარმოადგენს, ასე, რომ დისკურსის მიღმა არაა თავისუფლება, თუმცა ტექსტი, რომელიც კრისტევას კლასიფიკაციით დისკურსების შეხვედრისა და გადაკვეთის პუნქტს წარმოადგენს, მათი ინსცენირებისა და დეკონსტრუირების საშუალებას იძლევა.
პირველ რიგში ეს ადგილი რომანის სივრცეა, სადაც ერთმანეთს არა მარტო პერსონაჟები, არამედ მათი მეტყველებაც ეჯახება, სადაც ყველაფერი ძალაუფლების საერთო სივრცეს ქმნის და დამოკიდებულია ამ სივრცეზე. პიროვნული თავისუფლება აქ მხოლოდ ამ თავისუფლებისაგან გათავისუფლებით შეიძლება, ანუ წერილითა და ნაკვალევებით და არა მეტყველებითა და ცოცხალი ,,ლოგოსით’’.

скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge