გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დავით შემოქმედელი - ლექსები


ვწერ:

ვწერ: ღამემ ბინდი თავქვე დაიგო,   
ხევში ზმორებით ზოზინებს ნისლი,
იქნება ახლა მაინც გაიგო, 
სიკვდილო, შენთვის რომ ვეღარ ვიცლი.
ვწერ: სადღაც ღვარი გაბმით ქვითინებს,
სულ გაიგიჟეს ძეწნებმა თავი,
ამაღამ ქარი რომ დაიძინებს
მთებში ნისლების ითოვებს ზვავი...
ვწერ: შევისახლე სხეულში სიტყვა,
ვწერ: შევრჩი ქალაქს მესიტყვე კაცი,
მე ვიღებ სიტყვებს სიტყვების ტყიდან
მერე ყალბ სიტყვებს ლანცეტით ვაცლი.
ვწერ: კალმის წვერზე ჩიტი წრიალებს,
დღეა უმანკო და გაბუსხული.
ჭალებთან ურმის თვალი ჭრიალებს,
ბინდების ბუბუნს მოაქვს "ურმული".
ვწერ: დილამ სიოს სხივი გაუბა
ბროწეულისფრად წახეულ წარბის,
ზამთარს დამზრალი ბეჭი გაუთბა,
ლეშზე დაგეშილ მგელივით გარბის.
ვწერ: შენი ჟინი ისე მახურებს, 
როგორც ზაფხულის სიცხე თაკარა,
მოსწყურებიათ მწიფარ ალუბლებს
ხევში ჩაჩრილი წყარო ანკარა.
ვწერ: მზე ზეცასთან ისევ დაზავდა, 
გული ცრუ-მართალს იწყებს მისნობას,
ვწერ: მხრებით ვიჭერ სიტყვების ზვავს და
დუელში ვიწვევ მარადისობას. 


***
მამაო, დღეა სააღსარებო,
გზა მოკლდება და მიდის არსაით,
ჩამომაკივლეთ საყდრის  ზარებო,
მერე გაყუჩდით ზამთრის ცასავით.
ხორცი ამ მიწას როგორ ავყარო,
სად ჩამოვცალო ცოდვები ჩემი,
ორკესტრი არის მთელი სამყარო,
ადამიანი დაღლილი ხემი.
ამ კარნავალზე ნიღბის თვალები
ჩადრიან ცაზე უფრო ბაცია,
დგას სალონების ცრუ ელვარებით
ყალბი ცრემლების დეკორაცია.
მამაო, სული გაცვდა ოხვრაში,
გაძაძისფერდნენ ქართლის ხედები,
და სოლოლაკის ვიწრო ოთახში
პატიმარივით, მგონი, ვბერდები.
მამაო, ცრემლი ციმციმებს ზენა,
მდუმარებაში დანთქმულან მთები,
მე გულგრილობის ყინულზე ვწევარ
და შობის ღამის საკმევლით ვთბები...
...
,,მომნატრდი!’’, _ ვყვირი ამ სიტყვებს,
ცაც ისეტყვება, მგონი,
კერტები სულისწამღები,
ზღვის ნიჟარები_ თოლნი.
გულს ცეცხლი წაუბარდღალა
ძოწისფერ თმების ალმა,
ვულკანი ვნების მომიგზნო
სადაფის თოვლა  ტანმა.
გული კარივით მოგლიჯა
ლოდინმა ნაღველ წლების,
ნისლის მარმაშებ-ქათიბზე
სიზმრის საწოლში ვწვები.
ამოვიარე ხევები,
მთის ვიწროებში დავალ,
არ გიშვებ ჩემი სისხლიდან,
შეშლილ სხეულში გმალავ,
ჩამოგშლი მწველმძივ ნაწნავებს,
გაგფენ ბილილებს შორის,
დილამდე ცაზე ვიჭენებთ
ბედაურები ორნი.
... ბოლოს დაცლილნი ვდუმდებით,
ცის, როგორც ორი ფთილა,
გადავა ღამე სამოთხის,
სამოსს მოიცვამს დილა...


სიზმრის საწოლთან

ღამე კარებთან გველივით გაწვა,
ცივა და ყინვის მაყრის ეკლები,
ლოდინის ყველა სიმები დასწყდა
თმენას და სარკმლის წინ ირეკლები.
შეგრძნებებს შერჩათ კარები ღია,
წყურვილი ყველა სამანს ამეტებს,
სიზმრის საწოლთან ღამის ორგია
კოსმიურ როკვით შეშლის პლანეტებს.
გრძნეული გზნების ზღვა ხარ უძღები,
ცა თრთვილკერტებზე შემოგხვევს ხელებს,
აშალე ყველა საზღვრის ხუნდები
და ზეცის ლაჟვარდ ღრუბელზე მერე
გალაქტიკების სრბოლაა _ მიდი,
ყველა სურვილი ჩაუთქვი ქარებს,
ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი,
ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე.
ფერნაკლულ ნისლებს არა აქვთ მოცლა,
ბედის ნიშანს ხარ შენანარცხები,
მე შენს სხეულთან ვიმარჯვებ როცა,
შენს სულთან ყველა ომში ვმარცხდები.
ღამე ცხელ შუბლზე გველივით მლოკავს,
მოდი, შეახე მყვირალ სულს ბაგე,    
მე ყველა შენი ველური კოცნა
ხსოვნის სკივრიდან ამოვალაგე.
სხეული სულთან ზავს შეჩვეული
ბინდებს სურვილთა ჯარის წინ აჩენს,
და ვდგავართ ასე ზურგშექცეულნი
ერთმანეთის და აწმყოს წინაშე...


აღსარება-მანიფესტი
/ახალგაზრდობას/     

ჩემი შვილი ანტიმამა, ჩემი ცოლი _ ანტიმე, 
აი, ყოფის შავი დრამა, აი, ფიქრი: _ ვაიმე!   
საყვარელი სიზმრებს წაჰყვა, ახლა ვიცი, სხვისია, 
გულმა მწარედ რეჩხი მიყო, ქარს მიჰყვება ნისია 
წლები, წლები ნაავდრალი, ლექსებს შეფარებული, 
სულ პოეტი... სულ აბდალი... და სულ შეყვარებული. 
ზეცა _ სულის გუმბათი და მიწა _ ხორცის საყდარი, 
სოფლის გზაზე მოხუც დედის სილუეტი გამხდარი. 
გზა დამზრალი, დაზაფრული, ზამთარიც მიილია, 
აქეთ თუ ძგერს გაზაფხული, იქით სულ სიკვდილია. 
ჩავათავებ სტიქონ-სტრიქონ აღსარებას ლექსებად, 
მოძალადე ქალის დარად მუზა აღარ მეშვება. 
მაპატიეს ღალატი და ერთგულება არაფრით, 
და თავს ვირთობ სხვენს შერჩენილ ორნახადი არაყით. 
სისხლს მიხელებს დეკოლტე და თეთრი მუხლისთავები, 
ბერდები და ცხელ ალმურში მერამდენედ გაები.
ჰოკუსხელა თინეიჯრის ბღინძვამ მწარედ გაცინა, 
მოინელებს საქართველოს ეიჯიზმის ბაცილა. 
რის პეონი, ამფიბრაქი ანდა თუნდაც დაქტილი, 
სტრიქონს ახრჩობს ლექსის ყელში კოჭლი რითმა გაჩრილი. 
ხეიბარი არც სამშობლო, აღარც ლექსი არ მინდა, 
ზედაზენზე ჟინჟლავ, ცავ, თუ სამოთხეში გაწვიმდა. 
ვერლიბრი თუ კლასიკა? ობი ადევს ამ ბოდვებს, 
ნეტა მეტი სადაო საქართველოს არ ჰქონდეს. 
შენი წიგნი თაროზე თვლემს, ჭია ხრავს და იცინის... 
ლექსს რომ შოუ ურჩევნიათ, შენი მკვლელი ისინი. 
ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, 
და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. 
ვისზეც უნდა დაიყვირონ: _ "შედევრია"! ... "გენია"! ... 
მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია. 
ნელა-ნელა მიშუშდება გასისხლული მყესები, 
მოდის ახალგაზრდობა, ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით.
ადრე არის თქვენს თვალზე ბინდის დაკვრა ჯერ ლიბრის, 
მჯერა თქვენი რითმის და მჯერა თქვენი ვერლიბრის. 
რა უჩუმრად გტოვებენ შევერცხლილი მამები, 
მიწას უერთდებიან ზეცას შესართავები ... 
ვაზის ფესვი, ლერწა რტო ერთად ამოვთავთავდით, 
თქვენ ხმაურში იზრდებით, ჩვენ დუმილში გავთავდით. 
უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, 
ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით. 
სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, 
თავს იმდენგზის ვაკვირდები, ბოლოს ვეღარ ვიცანი. 
არა ცოლო, არა შვილო, არც კოჯრის ცავ, შიშველო, 
ამ ჩემს ცრემლგულ აღსარებას დღეს შენ განდობ, მკითხველო...


***
სოფლის ბოლოში, ხმამდუმარი,
ბერი ტაძარი
თვლემს და გულფრესკებშემოძარცვულ
ტკივილებს ნაღვლობს,
გახსოვს, იმ ზაფხულს გახოტრილი
ჭალის ხედები,
მზე დასწოლოდა ჰორიზონტთან 
კუზიან მაღლობს,
ვთიბეთ და ვთიბეთ აფოფრილი
ძნები გუნდებად,
შუადღეს ედო ალხი ივლისის.
გაითიბება ჩვენი წლებიც,
წავლენ ნისლებად,
ხვალ კი რა გველის, მამავ,
ვინ იცის?!
უცნაურია, ამ ცხოვრების
კუპრის ნახარშში,
როგორ გვეზრდება ეკლებივით
არსობის შიში,
მამა, რამდენჯერ გამიჭირდა 
ამ ცივ ქალაქში,
ამ ყრუ ბეტონით გადატიხრულ
საკნების ჩრდილში.
იქნებ უბრალო, სულ უბრალო
წმინდა რამეა,
ასე აზარტით რომ დავეძებთ
სიზმრად თუ ცხადში,
გრანელის ცრემლი ყველა ცრემლზე
უფრო მწარეა,
როცა გარდაცვლილ ტაძარზე ფიქრს
დავიწყებ მაშინ.   
... მამა, ანბანიც ვერ გავუგე
მე ამ ცხოვრებას...


ტაო

ტაო_ ცრემლები სულში გაწვიმდა,
ტაძრებია  თუ სანთლელი ზეცის,
აქ უსასრულო დუმილი მინდა,
მაგლოვეთ ჩაშლილ თაღებთან ჩემთვის.
მე აქ წარსულმა შემომაკივლა,
ჩადრში ჩამალულ ცრემლებს ვმალავდი,
მუეძინის ხმით აყივლდა დილა,
სისხლო, ელვისფრად როგორ აალდი.
პაპის ძვლის გვერდით რა დამაძინებს,
გაძიძებული თუ მეგულები,
ნუთუ გარდასულ შენს ლამაზ შვილებს 
არ ერქვათ შენთვის ნაერთგულევი.
სულზე სიმწარე ისრით მეხება,
პონტოს ზვირთის ქვეშ ელავს ხედები,
დიდ ნენეს კერის კვამლი მეცხება,
წამში ათასი წლით გიბერდები.
აქ სისხლი სისხლით არის ნამული,
გულიდან ციხე-გუჯრებს ნთხეული,
სათოფურებში მოჩანს მამული,
ვით ნაისრალი უფლის სხეული.
ვეცემი შენს თბილ ფრესკებთან რიდით,
მე დედომკვდარი ქართველი მქვია,
და ჩემი შვილის თვალებშიც კივის
საქართველოსთვის ნასროლი ტყვია.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge