გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თემურ ჯობავა - ლექსები


***
არსებითად მნიშვნელოვანი პაუზის შემდეგ,
ცრუ არყოფნიდან ჩემს ოთახში გადმოვინაცვლე.
ფართე სავარძლის სახელურებს გულმშვიდად ვენდე
და უსაფუძვლოდ დაწუნებულ სალექსო მარცვლებს
გავყევი უხმო სიშორეში, თანამგზავრულად 
მორიდებული, კორექტურის მკაცრად არმცნობი,
უჩემოდ მაინც აღარცერთი აღარ დაძრულა
ერთმანეთისკენ. მე კი მსურდა სწრაფად გავცლოდი
მინიატურულ ხმოვანებას ჩემივე ბგერის,
კანოზომიერ ქაოსში რომ იკარგებოდა,
ქაოსურადვე გაიფანტა ოთახში მტვერი
და სასურველიც აკრძალული ხის ნაყოფს მოჰგავს.


***
რა არის საქმე, ან რა - არა? სად არის აზრი?
პასუხები თუ უდრის სიტყვებს, საწყისის მიზანს?
ეძებ, მიდიხარ, ცარიელიც არ გშვენის კასრი
და ისევ სხვისი მომხიბვლელი სიჩუმე გიცავს.
დაცვარულ შუბლზე ხელის მოსმით ედრები კერპებს,
აკრძალულს, მაგრამ გაქვავებულ დროს ვერ ელევი,
გინდა ბრძენივით უძრაობის შუქში შეჩერდე
და გაუშლელად დაიმოწმო მშრალი ხელები.
და მაინც, მაინც ვერ ჩერდები, არარსებობის
განცდებს იბედებ სულნაკლულის გულმოდგინებით,
დასაწყისს ეძებ, იგონებ და ბოლოს ეცნობი,
თუმცა ბოლოსაც უწერტილოდ აღარ სჭირდები.


***
შენივე თავი გმალავს,
შენივე თავი გაჩენს.
ეძებ მშობლიურ ალაგს,
ეძებ სამყაროს გამჩენს.
საათებს ითვლი სტუმრად
მყოფის მალული ჟინით,
ყოფნაც იგემე უბრად
და განდგომილთა ლხინი.
ერთი ნამცეცი პურის
ტოლს და ღმერთივით დიადს
გახედნილი გაქვს ყური
და გლახასავით გშია.


***
მე გვერდს ავუვლი სენტიმენტალურ აღსარებას,
ასევე, ცეცხლს და სტრიქონების გამკივან პათოსს.
დროებითობას ყმაწვილური ხმა ებზარება
და თანაც მოჰგავს მომხიბვლელად მომაკვდავ მნათობს.
ალესილ სიტყვებს გაყოლილი აზრის ნაფლეთებს
სიცარიელის ცივ მორევში დაატრიალებს
უდარდელობის ქარიშხალი, სისხლს რომ ადედებს
მოგონების და სხივებს სტაცებს მზეს ნაგვიანებს.
გადაჭრილ ხეებს თუ მოესმათ მარადისობის
მდუმარებაში მოშრიალე ფოთლების ხმები,
მხოლოდ სიჩუმით, ჭეშმარიტად რითიც ვიცნობით
და უცხო, გაღმურ სამყაროში რანიც ვიქნებით.


***
სარკისებურ ფიქრებში
ვხვდები ჩემს თავს.
ვხვდები სიმართლეს
და გაოგნების ზღვაში
იძირება მაქსიმალისტური
გონებით ნასაზრდოები
ჩემი პიროვნება.
არც ნაპირი სჩანს 
და არც მშველელი.
დანახშირებული წარმოდგენების
ნაფლეთები საცოდავად 
ტივტივებენ ყოფიერების
ზედაპირზე.
და ხსოვნის დაპატარავებულ
უჯრაში შენახული
წარსულის ძეგლი
ქვემოდან ამომცქერის
ბავშვობაში ნაპოვნ
და მოხატულ ქვასავით.
მშობლიური ჰორიზონტების
თხელი ფენები ერთმანეთის
მიყოლებით ეშვებიან
არყოფნაში და მე სიცარიელის
სინამდვილეს ვეგებები,
როგორც ახალშობილი
დიად გაურკვევლობას.


***
მუდმივობის განცდა დავიბრუნე.
მე პირველი სიტყვიდან მოვდივარ.
წვიმამ წაშალა გონების მრუმე
სურათი და სხვაგვარად მომღიმარ
სახეზე სამყაროს მოზაიკა
აირეკლა და სიცხადის შუქში
განზავდა სული. შიშის კარიდან
გამავალ აზრებს წესების ყულფში
თავგაყოფილი ცხოვრებაც მიჰყვა
დაღუპული ვარსკვლავის სხივივით
და პირველადი, მუდმივი სიტყვა,
უმშობლო ბავშვის სახით მიღიმის.


*** 
კაცობრიობის ერთიან მექანიზმს
სიგიჟის ორთქლი თუ ამუშავებს
და ისტორიის მყიფე მერქანიც
ტყდება ომებში. რაც უფრო მწვავედ
იგრძნობა შიში, კოსმოსის დუმილს
სიკვდილის მჭახე ხმა ეხეთქება.
ამქვეყნიური კანონის სული
ზრდასრულ სიზმრებში დაეხეტება,
როგორც ვალი და გარდუვალობა
სიზმრადკვდომისა. ცხადში კი, გვერდით,
მცველი ჩურჩულით კოცნის ბავშვობას
უარყოფილი კაცი და ღმერთი.


***
რასაკვირველია, რა თქმა უნდა,
სიტყვების ძალა დიდზე დიდია,
მაშინაც, თუკი ქუჩა დადუმდა
და აჩრდილები მზისკენ მიდიან.
ალტერნატიულ საზედაპიროს
უხმო მწყურვალთა ყრილობა სწავლობს,
ფარას უმწყემსოს და გზას საძიროს
სული სცნობს მშრალი და უმოსავლო.
და რა თქმა უნდა, ისევ ცდომილი
გურუ გურუს წილ, ხოლო კერპს - კერპის.
უცხოა გული, ძე აღდგომილი
და ისტორიის ყვითელი გვერდი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge