გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაგდა გოშნიაშვილი - ლექსები



სიყვარულის მოტივზე

შენს გვერდით ყოველი დღე ატმის ფერია,
თეთრი ისამნის, ლავანდის სურნელით.
სიყვარულს არა აქვს ასაკი, მგონია,
ხანდახან გოგო ვარ, გიჟი და სულელი.
ჩვენს ბაღში ალუბლებს შევარქვი საკურა,
ცისფერი ზეციდან მზე ჩამოვიწოდე.
არ დაგთმობ! სხვა გოგოს ჯინაზე, გაიგოს,
შენთვის ალმოდებულ ცეცხლშიც რომ ვიწვოდე.
გრძნობები არა მსურს ბაზალტის ქვად მექცეს,
სიყვარულს დავუდო პირობა, საზღვარი.
ბაღის ყვავილების სურნელში შევფუთოთ,
შევქმნათ სიყვარულის ჰიბრიდი, ნაზავი.
ჩვენს სკამზე ყვითელი ფოთლების ზვინია.
არ დავიგვიანებ, მოვალ თუ დამიცდი.
ვგრძნობ, ჩემი ბრალია, ეჭვებმა შემშალეს,
წრფელად ვაღიარებ, ვნანობ და განვიცდი.
მიყვარხარ! - არ ვმალავ, გრძნობა მაქვს სათუთი,
ნისლის და ღრუბლების ჰფენია სუდარა.
უფალს ვევედრები დამიბრუნდებოდე,
ნეტავ შეისმენდეს ჩემს ლოცვა-მუდარას! 
07.11.2020


ნიუ

დღეს გამოვძერწე შენი სხეული,
მნახველის თვალი იხილავს შიშველს.
სულამდემოსაღწევ სივრცეს მასში 
მირაზავს დოგმა, შიგნით არ მიშვებს.
გული მკარნახობს მონოლოგს კითხვის,
რომელიც შავად ატყვია  ფურცლებს.
ვეტრფი შენს ნატიფ, ჩამოსხმულ პროფილს,
არ ვამხელ, ვითმენ და ტკივილს ვუძლებ.
ნაძერწზე ყველა ნაქვთს ჩემი ხელი
ნაზად ეხება და თრთის სხეული.
მე გაუმხელლად გარდავიცვლები
ვნებებაშლილი, გადარეული.
რა მისტიკაა შენი სურნელი,
საფლავში მიმაქვს მისი ზმანება.
ქათქათასხეულს არგებ გრაციებს...
ჩემზე ცრემლებიც კი გენანება.
თვალი გაექცა  მნახველს მკერდისკენ,
კერტები ლამის დაასკდა  ბიუსტს.
ვეჭვიანობდი ნატურა ქალზე,
მთვრალი, როდესაც ვძერწავდი ნიუს.
უკვე სიძველე ეტყობა შედევრს,
ფერიც იცვალა, მნახველმაც იკლო.
თუ გარდასახვა მოხდება შენში, 
თუ დაბრუნება ისურვო, ვინძლო.
მე გიცდი ისევ იმ ადგილს, იმ დღეს,
როდესაცშენი ქმნილება იშვა.
ეგებდაფიქრდე და გარდაიქმნე
და შეისმინო და შემომიშვა.
08.11.2020


განაჩენი

ამ დილით ხარბად მივეძალე მორფს და ოპიუმს,
ვიფიქრე, იქნებ დამავიწყოს შენი თავი-თქო, 
თუმცა ამღვრეულ სისხლმა ძარღვებს შემოუტია,
უნებისყოფო ნებისყოფამ რიგი დამითმო.
ოთახში სუნი შეიგრძნობა  გადანაზავი,
კედელზენისლში ღრუბლის ფთილებს გაუდით როკვა.
მიჭირს შევიგრძნო ირგვლივ მყოფი სივრცე, გარემო, 
აბსურდად მექცა თავის მართვა, გრძნობის მოთოკვა.
რა სიშლეგეა დავივიწყო ამ გზით ყოველი, 
წარმოსახვაში შენთანა ვარ, ვკარგავ გონებას,
ვიცი, მე ამ გზით ბრმა სიკვდილი კართან მომელის,
ამ მიმიკით კი სიცილს ახლავს მწარე გოდება.
ოპიუმს დაჰყვა მძაფრი სუნი,  დატოვა კვალი,
ოთახის კედელს მიალურსმეს ჩემი ვენები
ქუჩაში ახლა თქეში მოდის,  ნიაღვარია,
მთელი  არსებით სისინებენ მწარე ენები.
ფუნჯი ფერებში ცისარტყელას კაბას ჩამაცმევს,
პულსი გაქრება, დავეშვები გვირაბში თავქვე.
ასე, ამგვარად წაგეშლები შთაგონებიდან
და ვამჯობინებარ დავტოვო ციალი,  გავქრე.
მორფს და ოპიუმს მისცემია ჩემი სხეული...
ასე კაიფში დავივიწყე ჩემი რჩეული.
10.11. 2020


როგორ მინდა

როგორ მინდა, დავესესხო არწივს ფრთები,
კლდიდან კლდეზე გადავფრინდე უშიშრად,
შიში არის უბედური, საშინელი, 
გულში ერთხელ შემოპარვით თუ იშვა.
როგორ მინდა, გამოვტაცო წყალს სიშლეგე,
ვატრიალო ქვის დოლაბი უღლელი,
მერე მოვდგე, სიყვარულზე ლექსი ვწერო,
არშექმნილი, ენით გამოუთქმელი.
კლდის არწივის ფრთებით მინდა ცაში ფრენა,
საქართველოს დავაცქერდე ზემოდან.
აი, თურმე, ჩემი ქვეყნის მიწას, წყაროს
რად ეტრფოდნენ, მტერი რატომ ჩემობდა.
როგორ მინდა, სამაისოდ ბალი მწიფდეს,
ღმერთო ჩემო, შემაგებე მაისებს!
შემოდგომა მომაწიე ხვავიანი,
ისეთი, რომ გოდრებს ყურძნით დამივსებს.
როგორ მინდა, სიმღერები ვწერო ტკბილი,
ვუღიღინო საქართველოს ჭიუხებს.
ყოველი დღე ჰქონებოდეს იმისთანა,
ზალპი ზალპზე ფერებში რომ იქუხებს.
თოვლს დადნობა არ აცადოს ყოჩივარდამ,
თავი ცქვიტოს მიწიდან და იმარჯვოს...
ღვინით არა, სიყვარულით მთვრალი დავალ, 
საქართველოს, ღვთის ნაკურთხს, გაუმარჯოს!
თებერვალმა მიიხუროს ზამთრის კარი,
ცის კალთიდან ჩამოცურდნენ ღრუბლები,
ჩემს სამშობლოს ვუდღეგრძელებ ყველა ქალაქს,
თავის ქუჩაბანდებით და უბნებით.
ნაკრძალებში კლდიდან ხტოდნენ ჩანჩქერები,
თავს იკლავდნენ, მე მეგონოს - მღერიან.
დაიფარე, შენი კალათით, დედა ღვთისავ...
საქართველოს, ღმერთო, ჯვარი სწერია!
04.10.2019


უკაცრავად, პუარო

დამნაშავედ თავს არ ვცნობ,
დანაშაულს ვუარობ!
მაქვს დუმილის უფლება,
უკაცრავად, პუარო!
რა მაქვს დანაშაული, რისთვის მსჯიან, არ ვიცი,
რადგან ძლიერ მიყვარდა და უზომოდ განვიცდი?!
ნუ დამიწყებთ დაკითხვებს, მსურს ერთ გზაზე ვიარო...
მე არ შევცვლი ჩვენებას, თუნდ გარშემო მიაროთ.
სიყვარულის გულისთვის ვის უწყობენ სამსჯავროს?!
ვისთვის, ანდა, ვერდიქტი მიუღიათ მსაჯულებს?!
ბასტილიის ციხეში სამუდამო კატორღა 
გრძნობებისთვის მიეზღოთ
სიყვარულით ტანჯულებს?!
შემიყვარდა, არ ვცრუობ, უარმყოფდა რომელიც,
გულში ჩემთვის ვიფიქრე - მწარე ხვედრი მოგელის!
თავი უნდა მომკვეთოთ? - სახრჩობელა მზადაა?..
ყველა, ვინც ქალს ატყუებს, ცრუ და არამზადა!!!
სიყვარული ტანჯვაა, არა ბედნიერება,
დაკარგული ხომალდი - დრო სივრცეში ჩერდება.
ვის უეკლო ვარდი სურს, ვის სურნელი ლავანდეს,
დღეების წინ სხვა ქალთან ერთად ფეხით დავლანდე.
იცით, ბრუნვა სამყარომ უცაბედად შეწყვიტა...
ის კი თავის რჩეულთან მთვარის შუქზე შეწყვილდა...
არც კი დავფიქრებულვარ, მოვიხსენი სახიდან,
თვალებს რომ მიფარავდა, კდემისათვის ვუალი.
გავახსენდი სატანას, დავივიწყე მორალი,
შეველიე სიყვარულს, გავისტუმრე უარით.
აქ სიმართლის დამალვას, ვხედავ, აზრი აღარ აქვს,
ტყუილების ბურუსში გზის გაგნებამ დამღალა...
თუმც თავიდან ვცრუობდი, ახლა აღარ ვუარობ...
მე ავიღე ვენდეტა, მე ვესროლე, პუარო!
31.07.2019


* * *
ნუღარ დამითვლი წუთებს და წამებს, 
მოვა დრო, მივალ დათქმულ ფინიშთან.
დროს, როგორც აუდსაიდერს სკამზე, 
გთხოვ, ნუ ირჯები და ნუ მინიშნავ.
გთხოვ ნუ ეცდები სული წამართვა,
სხეული ჩემი აქციო ტილოდ,
ვებრძვი ცხოვრებას, მინდა სიცოცხლე
და ამისათვის ყოველ წამს ვცდილობ.
ტანჯვაა ყოფა, თუმცა მაინც მსურს
და სირთულის წინ არ დავყრი ფარ-ხმალს,
როცა რაღაცის მიღწევა მინდა, 
მიზნის მისაღწევს მოვნახავ წამალს.
როცა ხელები მომეცარება,
არ ველოდები კრახს და ფიასკოს,
არა ვჩერდები, ვეძებ გასასვლელს
და პორტიესთან ვაბამ დიალოგს.
ვახერხებ მაინც სიცოცხლის ფეთქვას,
ორი ფეხიდან ცალ-ცალზე ვდგები, 
სტარტიდან მარათონში დაღლილი
ვიმარჯვებ, მაგრამ ფინიშთან ვკვდები.
15.07.2019


ბედობა

დღეს ბედობაა და დაგებედე,
არ ვაპირებდი ამის გამხელას.
შარშანწინდელი ბედობის მერე,
დრო გაწელილა, თურმე, რამხელა.
მახსოვს, საოცრად ბარდნიდა, თოვდა,
გაჩერებაზე ვიდექით ორნი.
ორთავე მეკვლედ მივიჩქაროდით,
პირველმა გუნდა მესროლე მგონი.
მეც გიპასუხე, გესროლე ჯერი,
მერე ვცდილობდით, ვინ ვის დაასწროს...
ამასობაში ბოლო ტრანსპორტმა
ვერც კი გავიგეთ ისე გაგვასწრო.
მეკვლედ ვერცერთი ვეღარ წავედით,
შემოვრჩით ქუჩას მე, შენ და თოვა.
მითხარი: ,,ცის ქვეშ მოგვიწევს ყოფნა,
დილამდე აღარაფერი მოვა“.
ცოტა არ იყოს შევშინდი, შევცბი,
შემამჩნიე და მითხარი: ,,მენდე“...
რა ლამაზია ფიფქების ცვენა,
დღეს ერთმანეთის აღმოვჩნდით მეკვლე.
იმ ბედობიდან დღეს, - ბედობამდე,
რა შეუმჩნევლად გასულა წლები
და დღეს პირველად, იმ თოვის მერე,
ორივე ერთად, ერთ ჭერქვეშ ვხვდებით.
02.01.2019скачать dle 12.1