გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - სუბსტანციალობის პრობლემა დემოკრიტეს, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში

                                                             
                              აღნიშნული ტექსტი წარდგენილ იქნა სამაგისტრო ნაშრომად, 
რომლის წაკითხვის შემდეგ გორვანელს მიენიჭა ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი 2020 წლის სექტემბერში.
თემის ხემძღვანელი: ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი - ბადრი ფორჩხიძე;
თემის რეცენზენტი: ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - მირიან ებანოიძე.


                                    ანოტაცია
   
          ნაშრომში განხილულია ძველბერძენი ფილოსოფოსების: დემოკრიტეს, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიათა საკვანძო საკითხები, რომელთა თანხვედრასა და განსხვავებებს წარმოვაჩენთ. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილებულია ზემოაღნიშნულ მოაზროვნეთა ფილოსოფიურ სისტემებზე და მათ მოძღვრებათა სუბსტანციურ იგივეობაზე. ნაშრომში გაანალიზებულია დემოკრიტეს ატომისტიკის შინაარსი, პლატონის ობიექტური იდეალიზმისა და არისტოტელეს მატერიალისტური კონცეფციები. გარჩეულია პლატონის რამდენიმე დიალოგი, მათ შორის: ,,პარმენიდე“, ,,სოფისტი“, ,,სახელმწიფო“, ,,ფედონი“; აგრეთვე, არისტოტელეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექსტი: ,,პოეტიკა“, ,,მეტაფიზიკა“, ,,რიტორიკა“. ნაშრომში წარმოდგენილია საკვანძო საკითხები პლატონისა და არისტოტელეს ტექსტების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, განხილულია მყოფობის, სიკეთის, ბოროტების, სახელმწიფოსა და ცოდნის პოსტულატები, როგორც მატერიალისტურ და იდეალისტურ კონცეფციათა სუბსტანციური იგივეობა. ,,ფრაგმენტებზე“ დაყრდნობით, დემოკრიტეს ფილოსოფიის წინაპირობად მიჩნეულია ლევკიპეს შრომები და ლევკიპე, როგორც მისი მასწავლებელი. ჩვენეული ინტერპრეტაციით, დემოკრიტეს ატომი და პლატონის იდეათა სამყარო შინაარსობრივად იზომორფულია, რასაც მეტ-ნაკლებად ვასაბუთებთ აბსტრაქტული მაგალითებით. შემჩნეულია არისტოტელესა და დემოკრიტეს ფილოსოფიათა სტრუქტურული განსხვავება და შინაარსობრივი მსგავსება. საგნების დროში განხორციელების ხდომილობა დემოკრიტესთან არ არსებობს, ისევე, როგორც პლატონთან და არისტოტელესთან. ვთვლით, რომ სამივე ფილოსოფოსს განსხვავებული სტრუქტურა აქვს შემუშავებული, თუმცა შინაარსობრივად მათი ფილოსოფია მსგავსია.

The Issue of Substantiality in Democritus, Platon and Aristotle’s Philosophy
annotation
The work discusses the similarities and differences among the key ideas of ancient Greek philosophers such as Democritus, Platon, and Aristotle. The work focusses on their philosophic systems and substantial sameness. The work analyses Atomic Theory of Democritus, Platon’s dialogues, including: “Parmenides” “Sophist”, “Republic”, “Fedon” as well as some important works by Aristotle: “Poetics”, “Metaphysics”, “Rhetoric”. The work presents the comparative analysis of the ideas of existence, kindness, evil, republic and knowledge as substantial sameness of idealistic concepts. Depending our interpretation, The Atomic Theory of Democritusand Platon’s world of ideas are isomorphic, which is reasoned with the help of abstract examples. The work also discusses structural difference and similarity of the above mentioned. There is no probability of placing the objects in the time in Democritus’ works as well as Platon and Aristotle. We believe that all three
philosophers have created different structures, however their philosophy is similar in terms of the content.      
                    
               
                                       შესავალი
         
            ფილოსოფიის ისტორია ეყრდნობა ძველბერძენი ფილოსოფოსების კონცეფციებს და ყოველი მომდევნო მცდელობა სიახლის შექმნისა, სხვა არაფერია, გარდა დაბრუნება ძველებთან. როგორც პლატონი მიილტვის ტრადიციისაკენ, ემოწმება გარდასულ ეპოქათა შინაარსს, მსგავსად, დღეს უკვე თავად გადაქცეულა ტრადიციად დემოკრიტესა და არისტოტელესთან ერთად, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, ,,თანამედროვე ფილოსოფოსები“.
                  დემოკრიტეს ფილოსოფიას, ძირითადად, ,,ფრაგმენტებიდან“ ვიცნობთ, სადაც დემოკრიტეს შესახებ საუბრობს სხვადასხვა მოაზროვნე, რომელთაც სწადიათ ატომისტიკის არსის ამოხსნა. ისინი შემოიფარგლებიან დემოკრიტეს ბიოგრაფიის წარმოდგენით და ატომისტიკის შინაარსზე ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ. 
                  დიოგენე საუბრობს დემოკრიტეს პიროვნების შესახებ და ატომისტიკის ფუნდამენტად მიიჩნევს სიცარიელეს.
                  პლატონის ფილოსოფია ცხადად აღქმადი ხდება მისი ტექსტების გაცნობისას. ,,პარმენიდე“, ,,სოფისტი“, ,,სახელმწიფო“, ,,ფედონი“, ეს იმ ნაწარმოებთა არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც პლატონის მსოფლმხედველობა ფიქსირდება. 
                  არისტოტელეს აზროვნების სტილის გამოკვლევაც მისი ტექსტების საშუალებით შეგვიძლია. ,,პოეტიკა“, ,,მეტაფიზიკა“, ,,რიტორიკა“, ,,ეთიკა“ - იმ ნაშრომთა არასრული ჩამონათვალია, სადაც არისტოტლემ ასახა საკუთარი დამოკიდებულება ხილული თუ უხილავი სამყაროს მიმართ, ამ ტექსტებზე დაყრდნობით, ფილოსოფიის ისტორიაში არისტოტელე დამკვიდრებულია, როგორც მატერიალიზმის სისტემატიკოსი.
                  ჩვენს სამაგისტრო ნაშრომში ვეცადეთ, რომ აგვესახა და გაგვეანალიზებინა დემოკრიტეს, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიათა თავისებურებანი, მათ შორის დაგვენახა კავშირები და განსხვევებები, ფაქტობრივი ჭეშმარიტებანი. ამისათვის ვიხელმძღვანელეთ სხვადასხვა ნაშრომით, როგორც ზემოაღნიშნულ მოაზროვნეთა ნაწარმოებებით, ისე ქართველი თუ უცხოელი მკვლევარების ნაშრომებით, რომლებიც მიმართულია ანტიკური ფილოსოფიისაკენ, კონკრეტულად კი, ხსენებულ მოაზროვნეთაგან (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე) რომელიმეს ფილოსოფიის კვლევასა და შესწავლას მაინც ეხება. 
                ჩვენი მიზანი მდგომარეობს სამივე მოაზროვნის ფილოსოფიათა ცალკეულად და ერთობლივად განხილვაში. 
                 სამაგისტრო ნაშრომი შედგება ოთხი თავისაგან, ხოლო თითოეული რამდენიმე ქვეთავისაგან. აქვე გთავაზობთ ტექსტის თავებისა და ქვეთავების ზოგად აღწერას: პირველი თავი ,,დემოკრიტეს ფილოსოფიის თავისებურებანი“ შეეხება ატომისტიკის არსობრივ განხილვას, დემოკრიტეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის წყაროსმიერი ფაქტებით წარმოდგენას, სადაც სხვადასხვა მოაზროვნის მიერ საუბარია დემოკრიტეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ,,ფრაგმენტებში“ თავმყოყრილია სხვადასხვა საუკუნეში მცხოვრები მოაზროვნეების დასკვნები დემოკრიტეს შესახებ, რომლიდანაც ვიხელმძღვანელეთ, აგრეთვე, შეფასებულია დემოკრიტეს ატომისტიკის სფეციფიკა. ჩვენის მხრიდან, კვლევის დროს გაგვიჩნდა სხვადასხვა მოსაზრება, რომელთა წარმოდგენას შევეცადეთ. პირველ პარაგრაფში ვსაუბრობთ ატომისტიკის არსის შესახებ; მეორე პარაგრაფში - სიცარიელისა და განუყოფელის (ატომის) ურთიერთმიმართებაზე; მესამე პარაგრაფში ვეხებით ჰილოძოისზმის თავისებურებას და განვიხილავთ დემოკრიტეს ფილოსოფიის კონტექსტში.
                 სამაგისტრო ნაშრომის მეორე თავში ,,პლატონის კონცეფციები“ განხილული გვაქვს პლატონის ფილოსოფიის საკვანძო საკითხები, რომელთა შეფასებასა და ახსნას გთავაზობთ. გვაქვს წარმოდგენილი ოთხი ქვეთავი, რომლებიც შემდეგნაირად გახლავთ დასათაურებული: ,,სიკეთისა და ჭეშმარიტების ცნება“, ,,სუბიექტური დიალექტიკა“, ,,გარდამავალი ყოფნა“, ,,პლატონის ანტაგონიზმი“. თითოეული ქვეთავი ხასიათდება დასმული საკითხის მაქსიმალურად სრულყოფილი ახსნით. 
                 ჩვენი ნაშრომის მესამე თავში ,,არისტოტელე, როგორც მატერიალიზმის სისტემატიკოსი“ წარმოდგენილია არისტოტელეს ფილოსოფიის განხილვა, მისი მეთოდი და სტრუქტურა. ტექსტის მესამე თავი შედგება სამი ქვეთავისაგან, რომლებსაც შემდეგნაირად ვასახელებთ: ,,საგნობრივი ცოდნა“, ,,გამოცდილება და სინამდვილე“, ,,არისტოტელეს კომფორმიზმი“. აღნიშნულ ქვეთავებში განხილულია არისტოტელეს ფლოსოფიის თავისებურებანი, მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და თავად არისტოტელეს, როგორც მოაზროვნის განწყობილებები.
               აღნიშნული სამაგისტრო ნაშრომის მეოთხე თავი ,,ცნებობრივი აღრევა“ შედგება სამი ქვეთავისაგან, რომლებიც ასე სახელდებიან: ,,დემოკრიტეს ატომი და პლატონის იდეათა სამყარო“, ,,საგანთა დროში განუხორციელებლობა არისტოტელესთან და დემოკრიტესთან“, ,,პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიათა შედარებითი ანალიზი“. აღნიშნულ თავში, ერთმანეთს შევადარეთ სამი ფილოსოფისის მოძღვრება, შევაფასეთ იგივეობრივი და განსხვავებითი ცნებები.
             ბოლოს კი, სამაგისტრო ნაშრომის დასასრულს, წარმოდგენილია დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.

                        
                        თავი I - დემოკრიტეს ფილოსოფიის თავისებურებანი
                          
                                 1.1.ატომისტიკის არსი
 
          დემოკრიტეს ფილოსოფიის შეფასება მრავალმა მოაზროვნემ სცადა. მოყოლებული შუაანტიკური პერიოდიდან, თანამედროვე საზოგადოებებშიც აქტუალურია დემოკრიტეს, როგორც მატერიალიზმის ფუძემდებლისა და ატომისტიკის, როგორც მტკიცე, ფუნდამენტალური სისტემის შესაძებ მსჯელობა.
          ატომისტიკის ფუნდამენტი, დემოკრიტეს აზრით, გახლავთ სიცარიელე და ატომები, რომლებიც ყოველთვის არსებობდნენ და არსებობენ, მათი შეკავშირებით წარმოიქმნება ხილული ბუნება, მცენაარეები, ცხოველები, ადამიანები, ბუნება და, საზოგადოდ, - სამყარო, ხოლო ატომების ერთმანეთისაგან განზიდვა ხილულ სამყაროს ისევ უკუაგდებს და საწყის პოზიციას დაუბრუნებს, ვიდრე ატომების შეკავშირებამდე. ატომები გრიგალისებურად მოძრაობენ და წარმოშობენ ყოველგვარ ნაერთს: წყალს, ცეცხს, ჰაერს, მიწას და განაპირობებენ მათ ურთიერთდამოკიდებულებასა და ჰარმონიულ თანაარსებობას. ატომები სიმკვრივის გამო უცვლელნი არიან. სულის ატომები განსხვავდება სხეულისა და სხვა დანარჩენი საგნის ატომებისაგან, სულის ატომები უფრო მრგვალნი და ესთეტიურნი არიან. დემოკრიტეს მიხედვით, სული და გონი ერთი და იგივეა[1].
          დემოკრიტესათვის არსებობს აუცილებლობა, როგორც მიზეზის მაკავშირებელი მიზანთან. 
          ატომების წარმომავლობაზე ზუსტ და ლოგიკურ განსაზღვრებებს ჩვენ ვერ ვხვდებით, თუმცა ეს სულაც არ არის გასაკვირი, რამეთუ მხოლოდ ფრაგმენტულად გვაქვს შემორჩენილი ცნობები დემოკრიტეს ცხოვრებისეული თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ, ვიცნობთ ფრაგმენტებს მისი ტექსტებიდან, მისმა ნაწარმოებებმა ჩვენამდე არ მოაღწია. 
          მკვლევარების აზრიც იყოფა, ერთნი ფიქრობენ, რომ ,,დიდი დიაკოსმოსი“, როგორც დემოკრიტეს უნიკალურ ნაშრომს ერქვა, დაწერილია არა დემოკრიტეს მიერ, არამედ ლევკიპეს შემოქმედებაა. ლევკიპე დემოკრიტეს მასწავლებლად იწოდება. ერთი ინფორმაციის თანახმად, დემოკრიტე სარგებლობდა ლევკიპეს ფსევდონიმით და, სინამდვილეში, ლევკიპე იგივე დემოკრიტეა. 
         დემოკრიტეს შემოქმედებაში ისტორიას შემორჩა ცნობები ორი ნაშრმის შესახებ: ,,დიდი დიაკოსმოსი“ და ,,მცირე დიაკოსმოსი“. პირველად დემოკრიტეს უნდა დაეწერა ,,დიდი დიაკოსმოსი“, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი მან ერთგვარი განმარტება შესთავაზა საზოგადოებას, როგორც ჩანს (,,მცირე დიაკოსმოსის სახით“).
          არისტოტელეს მტკიცებით, ფიზიკოსთაგან დემოკრიტე გაკვრით შეეხო შეგრძნებების საკითხს და განსაზღვრა, რა არის ცივი და თბილი[2]. რამდენიმე ადგილზე ახსენებს სისტემური მატერიალიზმის მამამთავარი მის წინამორბედ თეორეტიკოსს და მის კონცეფციებსაც მიმოიხილავს. 
        სიმპლიციუსი იხსენებს არისტოტელეს ჩანაწერებს დემოკრიტეს შესახებ: დემოკრიტე ფიქრობს, რომ მცირე მოცულობისა და განუსაზღვრელი არსნი მარადიულნი არიან. ასეთად მიიჩნევს ატომებს, რომლებისგანაც გამომდინერეობს შედეგობრივი კაკონზომიერება. ამასთანავე, დემოკრიტესათვის არსებობს რაღაც უფრო მასშტაბური, საყოველთაო და მამოძრავებელი, რაც სჭირდება ამ მუდმივმოქმედ განუყოფელ სიდიდეებს. დემოკრიტე მას რამდენიმე სახელს არქმევს: ,,სიცარიელეს“, ,,განუსაზღვრელს“, ,,არარას“. მათი არსი იმდენად შეუცნობელია, რომ უსხლტებიან ყოველგვარ შეგრძნებებსა და ყოფიერ გამოხატულებებს. მათ ყოველგვარი სახე, ფორმა და სიდედე აქვთ. ისინი საწყის ელემენტებად მიიჩნევიან, მათგან შეკავშირდება ყოველგვარი მხედველობითი და შეგრძნებათათვის მისაწვდომი ნაერთები. ისინი ერთიმეორეს ებრძვიან და სიცარიელეში მოძრაობენ ერთმანეთის საპირისპიროდ, ეჯახებიან და ჰქმნიან ნაერთს, სადაც გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან[3]
         როგორც დავრწმუნდით, დემოკრიტეს ფილოსოფიის განხილვისას არაერთი მოაზროვნე აღნიშნავს, რომ ატომისტიკის ფუნდამენტი სიცარიელისა და მუდმივმოქმედი ატომების ურთიერთშეთანხმებულობის შედეგია, ისინი ერთმანეთის საპირისპიროდაც მოძრაობენ და ერთმანეთის მიმართულებითაც. დემოკრიტეს ჩანაფიქრი, შეექმნა საყოველთაო სისტემა, რომელიც გამოააშკარავებდა ბუნების შინაგან ენერგიასა და ახსნიდა მის ცვალებადობას, - განხორციელდა. ჰერაკლიტე ეფესელისა და თალეს მილეთელის კვალდაკვალ, დემოკრიტემ იმდროინდელ საზოგადოებაში დანერგა ატომისტიკა, როგორც გარდამავალ ენერგიათა შეკავშირებულ-ცვალებადი სახე. თუ ჰერაკლიტე ამბობდა, რომ დღე და ღამე ერთია, დემოკრიტემაც იგივე თქვა, თუმცა იმ განსხავევბით, რომ დაასაბუთა. ხილული სამყარო ერთდაგვარი ატომებისაგან შედგება, რომლებიც უწესრიგოდ მიემართებიან ერთმანეთს, მათი შეკავშირებითა და განცალკევებით. დღისა და ღამის ატომები, ამ შემთხვევაში, მსგავსია და არც ერთ სხვა ახსნას არ ექვემდებარება.
           დემოკრიტეს მიერ შექმნილი ატომისტიკა, თავის არსში, მრავალფეროვანია.
მართალია, სიცარიელეა ის აუცილებელი პირობა, რაც ატომების მუდმივმოქმედებას, ქმნადობასა და დაშლას განაპირობებს, მაგრამ მისი შინაგანი სახეები ქაოტურად მრავალფეროვანია. ატომები არიან უცვლელნი, მკვრივნი, მაგრამ, ამავდროულად, რელატიულნი. საკამათოა ის საკითხი, რა რაოდენობის ატომებზეა საუბარი. ნუთუ ყველა ნაერთს, ბუნებრივ საგანსა თუ არამატერიალურ აზრსაც კი საკუთარი ატომები გააჩნია?! დემოკრიტეს ფილოსოფია ამ კითხვებზე ცალსახა პასუხებს არ იძლევა. 
          როგორც თეოფრასტე ამბობს, დემოკრიტე ვერ ადგენს, რა წარმოშობს შეგრძნებას, დაპირისპირებული თუ მსგავსი. თუ შეგრძნებას ცვალებადობა იწვევს, მაშინ განსხვავებულისაგან წარმოშობა უნდა დაეშვა, რადგან მსგავსი მსგავსს არ ცვლის. თუ შეგრძნებებსა და ცვალებადობას ზემოქმედება იწვევს, შეუძლებელია, არაიგივეობრივნი ერთიმეორეზე ზემოქმედებდნენ. ხოლო თუ განსხვავებულნი ზემოქმედებენ ერთმანეთზე, არა იმიტომ, რომ სრულად განსხვავებულნი არიან, არამედ იმიტომ, რომ რაღაც მსგავსი მაინც გააჩნიათ[4]. დემოკრიტე მსჯელობს ცალკე მსგავსზე და ცალკე განსხვავებულზე, შემდეგ ამისა, მსჯელობს ორივე მათგანზე და ერთმანეთს ადარებს.
          ატომისტიკის სისტემა წილნაყარია ელეატურ მეტაფიზიკასთან, რადგანაც დემოკრიტემდელი ფილოსოფიური სკოლების გავლენიანი მესვეურნი თავიანთ მოძღვრებას საზოგადოებაში აქტიურად ნერგავდნენ და მათი მასობრიობისთვის გეგმაზომიერად მოქმედებდნენ, თუმცა ამ წინააღმდეგობათა ტყვეობაში, დემოკრიტემ საკუთარი ფილოსოფიური სისტემის გამოყოფა და დამკვიდრება შეძლო. ფილოსოფიის ისტორიაში, მატერიალიზმი, როგორც ფილოსოფიურ-იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი სისტემა ,,დემოკრიტეს ხაზად“ არის წოდებული. მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელესთან მატერიალიზმმა სისტემური სახე შეიძინა, დაიხვეწა, კატეგორიებითა და მთელი რიგი პრაქტიკული დებულებებით აღივსო, დემოკრიტეს მატერიალიზმი მაინც საყოველთაო მნიშვნელობის მატარებელია.
       დემოკრიტეს ატომისტიკის საზრისულმა მოტივებმა გამოხატულება ჰპოვა მომდევნო ეპოქების არაერთ მოაზროვნესთან, მათ შორის საგულისხმოა პლოტინი. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მატერია ფორმის ლანდისა თუ აჩრდილის მპყრობელი ხდება, როგორც კი აჩრდილი განსხეულდება მასში, ის ცვლის და ბღალავს ფორმას, რომელშიაც თავის საკუთარ, ფორმის ბუნების საპირისპირო ბუნებას დებს; საპირისპიროს არა იმ აზრით, რომ, ვთქვათ, სიცხეში აქსოვს სიცივეს; არა, სიცხის, ისევე, როგორც ყველა სხვა რამის ფორმაში მას თავისი უფორმობა და უსახობა შეაქვს, ხოლო ყოველივე იმაში, რაც ზომის მქონეა, - თავის მეტისმეტობა თუ ნაკლებობა. ასე გრძელდება ფორმის მატერიაში შთანთქმამდე[5].
      უნდა მივიჩნიოთ, რომ პლოტინი ,,მატერიაში“ გულისხმობს იმ მუდმივმოქმედ, დემოკრიტესეულ ატომებს, რომლებიც ყოველგვარ ფორმასა და ზომას, ფერსა და საგანთა ყოფით მნიშვნელობებს ითავისებს, სიცარიელეში მიმართული ეს ქმნადი ენერგიები იმდენადვეა შექმნილი ხილვადობის საწინააღმდეგო, რამდენადაც მისი მსგავსი და ტოლი, თუმცა, საბოლოოდ, ფორმას (ყოფით მნიშვნელობას) უკარგავენ საგნებს და თავიანთ თავს უბრუნდებიან, როგორც ცვალებადობის წრებრუნვა. შინაარსი არ იცვლება, იცვლება მხოლოდ გარეგანი გამოხატვა, ისინი სივრცეს იკავენებენ და დროსაც ჰქმნიან. საბოლოოდ, სიცარიელეში მოძრავ ატომთა ერთმანეთისადმი მიზიდვა ჰქმნის ხილულ სამყაროს და მთელ რიგ საგანთა წყებას, ფორმას, ზომას, ფერსა და დანიშნულებას, ხოლო ატომთა ერთმანეთისაგან განზიდვა უარყოფს და ანეიტრალებს ზემოთ ჩამოთვლილთ, ატომები კვლავინდებურად მკვრივნი და მოძრავნი რჩებიან სიცარიელეში.
       კარლ პოპერი სასტიკად აკრიტიკებს ისტორიციზმს და მის ერთ-ერთ ნაირსახეობას - ჰოლიზმს, სადაც აღნიშნავს, რომ ისტორიცისტთა უმრავლესობა, რომლებიც ატომისტურად არ მიიჩნევენ სოციოლოგიასა და ბიოლოგიურ მეცნიერებებს, უფსკრულის პირას არიან, სრულ აბსურდსა და ლოგიკურ დისონანსში იმყოფებიან. პოპერის თქმით, სოციალური ჯგუფები უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ მისი წევრების ჯამი და ის ასევე მეტია, ვიდრე მის ნებისმიერ წევრებს შორის დროის ნებისმიერ მომენტში არსებული პიროვნული ურთიერთობების უბრალო ჯამი[6]
       აღნიშნული განმარტებით, პოპერი დემოკრიტეს ატომისტიკის შინაარსს შემდეგნაირად იაზრებს: ატომები, რომლებიც სიცარიელეში ერთმანეთს მიემართებიან და ხილულ სინამდვილეს ჰქმნიან, ცალკეულად არიან მნიშვნელოვანნი და არა შედეგობრივად - ხილული სინამდვილის (მთელის) შექმნის თვალსაზრისით. მთელი არ აღემატება ნაწილაკს, არამედ ნაწილაკებიდან ივსება და დგინდება მთელი, როგორც გარდამავალი ცნება.
       
         
         
                                     1.2.სიცარიელე განუყოფელში

       საკამათოა ის საკითხი, სიცარიელე უნდა მივიჩნიოთ განუყოფელში თუ პირიქით, განუყოფელი (ატომი) სიცარიელეში. დემოკრიტეს ფილოსოფიის მკვლევართა სრული უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სიცარიელე მოცემული სივრცე უნდა იყოს, სადაც თავისულფების პრივილეგია მიანიჭა განუყოფელ არსებს თრაკიელმა ფილოსოფოსმა. 
         ჩვენი შენიშვნით, საქმე არც ასე მარტივად უნდა იყოს. თუ დავუშვებთ, რომ დემოკრიტეს მიზანი ატომთა დაუნაწევრებელი არსის წარმოდგენა იყო, სადაც კატალიზატორად ერთმანეთის შინაგანი ენერგია მოქმედებდა, მაშასადამე, სიცარიელეს, როგორც სივრცობრივ საგანს, იმთავითვე უნდა გააჩნდეს შინაარსი, ერთგვარი სუბსტანცია, რაც გვიჩვენებდა მის სივრობრივ განფენილობას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ ატომებს ემოძრავათ. ამით იმის თქმა მსურს, რომ თუ სიცარიელეშია განუყოფელი და მასში მოქმედებს, მოედინება მისი ზრდა-კლების ამპლიტუდა, მაშინ სიცარიელის, როგორც ყოფითი ფორმის მაგალითის ატომებს რაღა ვუყოთ?! სიცარიელე რომ ფიგურირებულიყო, დემოკრიტეს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მასაც ატომური ნაწილაკები უნდა გააჩნდეს. ამდენად, იმის ჰიპოთეტური მტკიცება, რომ სიცარიელე იმთავითვე არსებობს განუყოფელის თანადროულად, აზრს მოკლებულია. 
        სავარაუდოა, რომ დემოკრიტე სიცარიელეს წარმოიდგენს ატომთა შიგთავსში, როგორც განუყოფელ არსთა სისავზე-სიცარიელის განსასაღვრად. გარე არსებული რეალობა ატომებამდე არ არსებობს, როგორც დამოუკიდებელი არსი. თავად ატომები ჰქმნიან სივრცეს და უწესრიგოდ მიემართებიან ერთმანეთს. ასე ვთქვათ, სიცარიელე შინაგანად ახასიათებს განუყოფელს და არა გარეგანი მოდინებით. თუ ვივარაუდებთ, რომ ატომები მკვრივები არიან, მაშინ მათი შინაგანი სიცარიელის დაჯერება სავსებით დასაშვებია. 
        დემოკრიტეს მიხედვით, ატომი არ არის ფიზიკური მასა, რაც გარე სინამდვილის მიბაძვით უნდა აღვიქვათ, არამედ ის არის პირველწყარო, ატომთა სიმრავლე და შეერთება გვიჩვენებს ხელშესახებ, ან თვალითა და შეგრძნებებით აღქმად საგნებს და, საზოგადოდ, ბუნებას. განუყოფელი, ამ აზრით, არამატერიალურია. სიცარიელე, როგორც უწოდებენ იმ სამყოფელს, სადაც ატომების მოძრაობაა დასაშვები, შეუძლებელია, რომ არამატერიალური იყოს, რამეთუ სიცარიელე მატერიალური ერთეულია. სიცარიელე რაიმეს მიმართ არის ცარიელი ან სავსე და არა დამოუკიდებლად, თავისთავად ცარიელი ან სავსე. ჩვენ რომ ვამბობთ ,,სიცარიელე“, იმთავითვე ვგულისხმობთ შესაძლო სისავსეს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დემოკრიტეს არ უნდა ეგულისხმა სიცარიელის ხილვადობრივი, ფიზიკური სახე. 
         ატომებს არ გააჩნიათ მასა, ფერი და სიმეტრიული სიდიდე, თუმცა ისინი მკვრივები არიან. სავარაუდოა, რომ დემოკრიტე ამ განსაზვრებებით გულისხმობდა ატომთა (განუყოფელ არსთა) შინაგან სიცარიელეს, რომელიც განუყოფელს ანიჭებს სიმკვრივეს. 
         ჩვენის აზრით, დემოკრიტეს ფიოსოფიაში სიცარიელის, როგორც ცალკე განსაზღვრული სივრცის დაშვება, სადაც ატომები მოძრაობენ, არალოგიკურია. გარე სიცარიელესაც ატომთა მოძრაობა, მათი შეერთება და განრიდება აწარმოებს. თუ დავუშვებთ, რომ ამდაგვარ სიცარიელეში მოძრაობენ ატომები, მაშინ ატომს უნდა მივანიჭოთ მატერიალური განსაზღვრება და სიცარიელეც ამ პარადიგმაში ექცევა. აგრეთვე, დაგვჭირდება ატომთა დიფერენციაცია, რამეთუ სიცარიელის შემქმნელი განუყოფელი არსის/არსების დაშვება მოგვიწევს, რომელთა გამოკვლევაც აუცილებლობას წარმოადგენს. 
       ზემოთქმულიდან გამომდინარე, დემოკრიტესეული სიცარიელე არ არის გარეგანი სიცარიელე, არამედ ის შინაგანია, ატომისეულია და სწორედ აქედან გამომდინარე არიან ატომები მკვრივნი და არამატერიალურიდან მატერიალურ ერთეულში გარდამავალნი. 
        აღნიშნული მიდგომები გვხვდება დემოკრიტემდელ ფილოსოფიაში, როგორც პითაგორელებთან, ისე იონელებთან და ელეელებთან. 
        ძველი დროის უდიდესი ფიზიკოსია დემოკრიტე, მისი ფილოსოფია წილნაყარია იონელთა ფილოსოფიასთან. როგორც მოგვეხსენება, იონელებმა ბუნების ახსნისა და განმარტების ცდა არაერთგზის განახორცილეს, თუმცა დემოკრიტესთან სრულყოფილი სახე მიიღო ბუნებასთან სიახლოვემ. შესამჩნნევია დემოკრიტეს იდეების მსგავსება ელეელთა მოძღვრებასთან, ატომის დახასიათებას თუ დავუკვირდებით, ბევრ რაიმეში ჰგავს პარმენიდეს არსის დახასიათებასა და ახსნას. ატომისტები ხშირად აღნიშნავენ ატომს ელეელთა ტერმინით ,,არსი“, ხოლო სიცარიელეს - ,,არარსით“. საბოლოო ჯამში, ელეატიზმი სიმრავლეს უარყოფს, ხოლო ატომიზმი სიმრავლეს განადიდებს. ამ გაგებით, ატომისტიკამ გაუსწრო ელეელთა სწავლებას და სხვა მასშტაბები შეიძინა[7]. თუმცა ისიც ნიშანდობლივია, რომ ელეატიზმში ცალსახად არ გვხვდება სიმრავლის უარყოფა და მხოლოდ ერთის, როგორც არსის დომინაცია, არამედ მთელი რიგი ლოგიკური ბმაა ერთსა და მრავალს შორის, პარმენიდეს პარადოქსალური იდეებიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რაც ცალსახად არ აიხსნება რომელიმეს უარყოფით.
   
                                           1.3.ჰილოძოიზმის ვარიაცია
 
     ინგლისელი ფილოსოფოსის - რალფ კადუორთის მიერ მეჩვიდმეტე საუკუნეში დამკვიდრებულმა ტერმინმა ,,ჰილოძოიზმი“ ასახა ძველბერძენ ნატურფილოსოფოსთა მოღვაწეობა და შეხედულებები, დღევანდელი ფილოსოფიური ენა უკვე იცნობს ჰილოძოიზმს, როგორც ძველბერძნული ფილოსოფიის პიონერ მოძღვრებას, სადაც ჩაისახა არაერთი მნიშვნელოვანი იდეა, რაც მომდევნო საუკუნეებში დებულებებად და უდიდეს სისტემებად გარდაიქმნა. სიტყვა ,,ჰილოძოიზმი“ ბერძნული სიტყვების შეკავშირების შედეგად წარმოდგინდება, რაც ნივთიერებისა და სიცოცხლის ერთიანობას გულისხმობს. 
       ჰილოძოიზმის პირველ წარმომადგენლებად მიჩნეულნი არიან თალესი, ჰერაკლიტე, ანაქსიმანდე, ანაქსიმენე, ემპედოკლე... სტოელთა სკოლის წარმომადგენლები, პითაგორეიზმის წარმომადგენლები, იონელები, ელეელები და დროთა სვლით ვითარდება მატერიალისტურ ფილოსოფიაში  ჰილოძოიზმის იდეა. 
        ემპედოკლეს მოძღვრებით მომზადდა ატომისტიკა, თუ ემპედოკლე უშვებდა ოთხი ელემენტის არსებობას, ატომისტიკამ ელემენტთა წყება უსასრულო გახადა. ამით განავითარა ემპედოკლეს შეხედულებები. გამოჩნდა, რომ ემპედოკლეს მიერ შემოტანილი ოთხი ელემენტის აღიარება სრულიად შემთხვევითი იყო. ემპედოკლემ ვერ გაიგო მოძრაობის ბუნება, ხოლო ატომისტიკამ ის უფრო დახვეწილად შემოგვთავაზა. ანაქსაგორას უსასრულო გაყოფადობის იდეა უარყოფილ იქნა დემოკრიტეს მიერ.
        დემოკრიტემდე არსებულ მეცნერებათა მონაპოვარია ატომისტიკა და დემოკრიტეს იდეები, ეს უსათუოდ მტკიცდება მთელი რიგი დებულებებით, რასაც ატომისტიკის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ. პითაგორეიზმში შესამჩნევია მსგავსება ატომისტიკასთან. პითაგორელები მონადებს აიგივებდნენ უმცირეს ნაწილაკებთან, ეს ნაწილაკები კი ლევკიპეს მიერ ატომად გარდაიქმნა, დემოკრიტეს მიერ კი სრულყოფილი სახე მიიღო. პითაგორელები ასახელებდნენ მუდმივმოქმედ ფორმებს, რომლებიც საყოველთაო ქვეყნიერების ფორმები უნდა ყოფილიყვნენ. შემდგომში, ატომისტიკაში გვხვდება ფორმების გარდაქმნა ატომებად. ატომეს სხვაგვარად ფორმებსაც კი უწოდებდნენ დემოკრიტეს ეპოქაში. პითაგორეიზმისაგან თანაბრად არიან დავალებულნი დემოკრიტიზმი და პლატონიზმი, რამდენადაც პითაგორელთა მიერ წარმოდგენილი ფორმები პლატონმა ,,იდეათა სამყაროდ“ აქცია, ხოლო დემოკრიტემ - ატომად. 
        ომის ფილოსოფოსად წოდებული ჰერაკლიტე ეფესელი, რომელიც არხედ მიიჩნევს ცეცხლს, თავის აზროვნებას მუდმივმოქმედ ენერგიას უთავსებს და ცვალებადობის გარდაუვალობას აღიარებს. სწორედ იმ პერიოდში უნდა გარდაცვლილიყო ჰერაკლიტე, როცა დემოკრიტე დაიბადა. სავარაუდოა, რომ დემოკრიტეს მასწავლებელსა და შთამაგონებელს - ლევკიპეს დიდძალი ინფორმაცია უნდა ჰქონოდა ჰერაკლიტესა და მისი ფილოსფიის შესახებ, შესაძლოა, იცნობდნენ კიდეც ერთმანეთს. მოგვეხსენება ძველი ბერძნული ტრადიციისა და კულტურის შესახებ... განათლებული საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც სააზროვნო სივრცეს ჰქმნიდნენ, რომელთაც იდეოლოგიური მოძღვრებები გააჩნდათ, აფუძნებდნენ საგანმანათლებლო ცენტრებს, რომლებიც შემდგომში სკოლების სახელით შევიდა ფილოსოფიის ისტორიაში. ძვ. წ. მეშვიდე საუკუნის 30-ნი წლებიდან, უნდა ვიგულისხმოთ, რომ უკვე არსებობდა იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი გაერთიანებები საბერძნეთში, ერთგვარი ცენტრები, სადაც პირველ ფილოსოფოსებად წოდებული მოაზროვნენი საკუთარ იდეებს ანვითარებდნენ. მითოსურ კულტურას გამოხსნილი ფილოსოფია ლოგოსის წიაღში განავითარეს. უახლეს ტექსტებს, რომლებსაც საკუთარ ქალაქსა თუ მცირე პროვინციებში მაცხოვრებელი მოაზროვნენი ჰქმნიდნენ, ერთმანეთს უზიარებდნენ, მოგზაურობდნენ ერთი ქალაქიდან მეორეში, საჯარო თავშეყრის ადგილებში იკრიბებოდნენ და კითხულობდნენ ახლადშექმნილ ნაწარმოებებს. როგორც ამბობენ, ჰერაკლიტესა და თალესს საკუთარი ხელით არაფერი დაუწერიათ, მათი ნააზრევი მოწაფეების მიერ იწერებოდა. 
      ჰერაკლიტეს მოძღვრება სრულად რელატიური გახლდათ, სადაც მხოლოდ სიმბოლოები არსებობდა და განდევნილი იყო ფაქტები, როგორც სიმბოლოების შესაძლო ინსპირაცია. ჰერაკლიტე უშვებდა მოძრაობის ენერგიას, როგორც ცვალებადობის გარანტორს, ცეცხლს კი მიიჩნევდა სუბსტანციად, არხედ, საიდანაც გრიგალისებურად იბადებოდა სამყარო. ეს ცეცხლი იყო ნართის სახით, მუდმივმოქმედი და ცვლადი, უაღრესად ჰალოციგენური. მარადიული ცეცხლის გრიგალისებური მოდინება მოგვაგონებს დემოკრიტეს ატომისტიკას და მის მუდმივმოქმედ ატომებს, სადაც ისინი ერთმანეთს მიემართებიან მთელი მძვინვარებითა და ენერგიით. პარალელი აშკარაა. ჰერაკლიტეს ფილოსოფიას კარგად იცნობდა ლევკიპე, რომელმაც ატომის არსი, მისი მოქმედების არეალი და მასშტაბები განსაზღვრა. თავის მხრივ, დემოკრიტესთან სრულყოფილი სახე მიიღო ატომიზმმა და წარმოდგინდა, როგორც მდგრადი, თეორიული სისტემა, რომელიც ბუნების კანონზომიერებებს ხსნიდა.
       უსათუოდ უნდა აღინიშნოს თალეს მილეთელის მოღვაწეობა, როგორც ჰილოძოიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლისა, რომელმაც არხედ წყალი დაასახელა. წყლის თვისობრივი გარდაქმნა მყარ, თხევად და აირად მდგომარებად ფიზიკის უმთავრესი თავსატეხია დღევანდლამდე. უცილობელია, რომ ლევკიპე და მისი მოწაფენი კარგად იცნობდნენ თალესის მოღვაწეობასაც. 
       ყურადღებაგასამახვილებელია ანაქსიმანდრე მილეთელის პერსონა, რომელიც თალესის მოწაფე უნდა ყოფილიყო. ის ითვლება პირველი პროზაული ნაწარმოების ავტორად, რომელიც ნატურფილოსოფიის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი იყო. მას მიეწერება მატერიის შენახვის კანონის შექმნა და პირველი გლობუსისა. დემოკრიტეს აგრეთვე უნდა ჰქონოდა ცოდნა ანაქსიმანდრეს მოძღვრების შესახებ, რადგან მის დაბადებამდე სულ რაღაც (დაახლოებით) 80 წლით ადრე უნდა გარდაცვლილიყო ანაქსიმანდრე მილეთელი (ძვ.წ. 540 წელი). 
      ნატურფილოსოფიის მნიშვნელოვან წარმომადგენლად მიიჩნევა აგრეთვე ანაქსიმენი, ისიც მილეთის სკოლის წარმომადგენლად ითვლება. მას მიაჩნდა, რომ საგანთა პირველადი ნივთიერებაა არხე, როგორც მამოძრავებელი და განმსაზღვრელი აუცილებლობა. მისი აზრით, ერთი ნივთიერება იმიტომ არის მეორეზე მძიმე, რომ ,,პირველი ნივთიერება“ პირველში უფრო ჭარბობს, ვიდრე მეორეში. 
        ბუნების ფილოსოფოსებად წოდებული ჰილოძოისტები ნამდვილად ინსპირაციის წყაროდ უნდა ქცეულიყვნენ დემოკრიტესათვის და მისი წინამორბედი მასწავლებლისათვის - ლევკიპესათვის (თუ კი ლევკიპე ნამდვილად არსებობდა), რომლებმაც შეიმუშავეს და შეჰქმნეს ატომიზმის მთელი რიგი კონცეფცია. ატომისტიკაში სრული ვარიაცია მოხდა ჰილოძოიზმისა, როგორც ბუნების შემსწავლელი იდეების აკუმულირება. დემოკრიტემ ჭკვიანურად გათვალა, შეისწავლა რა წინამორბედთა ნააზრევი, ჩაწვდა რა მათ სპეციფიკას, გადაწყვიტა მატერიალიზმის იდეისათვის სრულქმნილი ფრთები შეესხა. თუ დავაკვირდებით ზემოთ მოხმობილ მაგალითებს, დავრწმუნდებით, რომ ატომისტიკაში წილნაყარია როგორც იონელთა, ისე პითაგორელთა, მილეთელთა და ელეელთა ფილოსოფია. 
        დემოკრიტემ თითოეულ წინამორბედ სისტემათაგან მოახერხა საერთო ღირებულებებისა და მსგავსებების ათვისება. იონელთაგან მოძრაობის მარადიულობა აიღო; პითაგორელთაგან - მონადები, როგორც უმცირესი სხეულების ნაირსახეობა; ელეელებისაგან - არსის ცნება, ხოლო მილეთელთაგან ყველფერი ერთად, რადგან მილეთელთა სკოლის წარმომადგენლები საუბრობდნენ როგორც ერთ არსზე, ისე მოძრაობაზე, ცვალებადობაზე, საპირისპიროთა მსგავსებაზე და მსგავსთა მოპირისპირეობაზე, ხილულ თუ უხილავ მატერიებზე, რომლებიც ერთმანეთისაგან გამომდინარეობენ. 
        ჰილოძოიზმის ვარიაცია ატომისტიკაში თვალხილულია, მოყვანილი მაგალითებიცა და პარალელებიც ამას ადასტურებს. მრავალ საუკუნეს გაუძლო ატომისტიკის სისტემამ და დღესაც აქტუალურია, როგორც უზადო მოძღვრება. 
        
        
                                 თავი II - პლატონის კონცეფციები
                               
                                 2.1.სიკეთისა და ჭეშმარიტების ცნება

       პლატონის, ამ გენიალური ფილოსოფოსის ღვაწლი კაცობირობისათვის შეუფასებელია. მისი ეთიკური შეგონებანი ყველა დროის თანამედროვე საზოგადოებას ესადაგება. მასთან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიკეთის, როგორც ეთიკური მოძღვრებების მამოძრავებელს და ჭეშმარიტებას, როგორც ყველაფერზე აღმატებულ ინსტანციას, სადაც ერთიანდება ადამიანური სიკეთენი, სამართლიანობა და სიყვარული. პლატონისათვის არ არსებობს გადაულახავი უნივერსალიები, თუმცა არსებობს წინარე საუკუნეების გამოცდილება და სწავლებანი, ასე ვთქვათ, ზეპირსიტყვიერი გადმოცემა, ხალხში გაბნეული თქმულებები, რასაც პლატონი ძველთაგან მომდინარე ცოდნას უწოდებს. ამ ძველებში, საგულისხმოა, რომ მოიაზრებს არა მხოლოდ ბერძნულ კულტურასა და ისტორიას, არამედ საერთოდ, საკაცობრიო ისტორიასა და სააზროვნო გამოცდილებას. უპირველესად კი, აღმოსავლურ კულტურასთან მსგავსება შეიმჩნევა პლატონისა.
        პლატონის დიალოგები გამოირჩევა უშუალობითა და ბუნებრივობით, მკითხველს აგრძნობინებს, რომ მისი თანამედროვეც არის, რომ ყოველი პრობლემა, რაზეც ის საუბრობს, განგრძობადია და არ შემოიფარგლება მხოლოდ რომელიმე ეპოქისა და კულტურის მახასიათებლით. ადრეული დიალოგები, როგორებიც არის: ,,ევთიფრონი“, ,,ლახესი“, ,,მცირე ჰიპია“, ,,პირველი ალკიბიადე“, ,,თეაგე“, ,,იონი“, ,,სოკრატეს აპოლოგია“ (და სხვა), გვარწმუნებს, რომ ჯერ კიდევ ოსტატობაში გაუწაფავ პლატონს პროზაული ერთსახოვანება ახასიათებს, სადაც, მართალია, ლაკონიზმი და პერსონაჟთა მკაფიო აღწერა გვხვდება, თუმცა იმ დინამიკას მაინც ვერ ვხვდებით, რასაც ეგრედწოდებულ გვიანდელ დიალოგებში. 
       ადრეული დიალოგები ,,სოკრატული პერიოდის“ სახელით არის ცნობილი და როგორც პლატონის მკვლევართა უმრავლესობა ფიქრობს, ძვ.წ. 490-ან წლებში უნდა დასრულებულიყო, რა დროსაც პლატონი 30-დან 35 წლამდე იქნებოდა. 
       სოკრატულ დიალოგებში პლატონის ყურადღება მიპყრობილია ზოგადი საკითხების მიმართ, როგორების არის სამართლიანობა, საზოგადოებრივი განწყობები, ოჯახური თანაცხოვრებისა და სათნოების პრობლემა, თუმცა ჭეშმარიტების ფაქტობრივი დადგენის მცდელობა იმთავითვე იგრძნობა პლატონის ზემოაღნიშნულ დიალოგებში. მოგვეხსენება, პლატონი, უმეტეს შემთხვევაში, სოკრატეს პირით საუბრობს და ოპონენტებს ეპაექრება, რათა ჭეშმარიტება დაადგინოს. დიალოგის ფორმა, რაც პლატონის ტექსტებს ნიშანდობლივად ახასიათებს, მის აზრებს იმ ესთეტიურ მომხიბვლელობას სძენს, რაც ასე აღაფრთოვანებს მკითხველს.
     ,,პირველ ალკიბიადეში“ განვითარებული დიალოგის ერთ-ერთი პასაჟი რომ გავიხსენოთ, სადაც სოკრატე მიმართავს ალკიბიადეს, ვნახავთ, სამართლიანობა პლატონისათვის რამდენად გადაჯაჭვულია სიკეთესთან: ,,თუ გინახავს ოდესმე, რომ სამართლიანი საქციელი, იმავდროულად, მახინჯი და სამარცხვინო ყოფილიყოს?“[8] კითხვის ადრესატი, რასაკვრველია, ლოგიკურ პასუხს სცემს სოკრატეს: ,,არასოდეს“. ამ ფრაზით გამოხატულია მთელი განწყობა და დამოკიდებულება პლატონისა, თუ რამდენად აღმატებითია მისთვის სამართლიანობა და ადამიანთა მიერ ამ ცნების გაანალიზება. აქვე ვხვდებით, რომ მშვენიერების მატარებლადაც მიიჩნევს პლატონი სამართლიანობას, თუმცა თავად მშვენიერების შესახებ დიალოგის გაგრძელება გვეუბნება, რომ ის კეთილიც უნდა იყოს. ამ საკითხზე წარმოიქმნება შემდეგი დისონანსი სოკრატესა და ალკიბიადეს შორის, სადაც სოკრატე თავისთავადი მშვენიერების ახსნას ცდილობს, რაც, იმავდროულად, კეთილია. ერთეული შემთხვევები, რასაც ალკიბიადე გულისხმობს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგი რამ მშვენიერი შეიძლება ბოროტიც იყოს, სოკრატესათვის არ წარმოადგენს მშვენიერებას თავისთავადს, რამეთუ მშვენიერება თავისთავადი იმთავითვე კეთილია, ხოლო ალკიბიადეს დუალური განწყობები უგულვებელყოფილია სოკრატეს მიერ და სიკეთე გაიგივებულია მშვენიერებასთან, როგორც გარდაუვალი მოცემულობა. ამდენად, ჭეშმარიტებაც ის არის, რაც სამართლიანი, მშვენიერი და კეთილია. 
       პლატონისათვის აქვეა თავისუფლების ობიექტური შინაარსიც, სადაც მკაფიო ზღვარია მონურ ცნობიერებასთან მიმართებით. ის, რაც მშვენიერი და კეთილია, მაშასადამე, არის თავისუფალი. ,,თავისუფლებაში“ პლატონი გულისხმობს მენტალურ თავისუფლებას და ყურადღებას არ ამახვილებს ფიზიკურ თავისუფლებაზე, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მენტალური თავისუფლება, საზოგადოებრივი განწყობილებების მიხედვით, შესაძლოა გახდეს უარყოფილი და მიზანმიმართულად დაითრგუნოს. 
         სიკეთისა და ჭეშმარიტების ირგვლივ პლატონი თითქმის ყველა დიალოგში ტრიალებს. ადამიანური არსებობის ნორმებს ლოგიკური მსჯელობითა და თანმიმდევრული, დინამიური დისკურსით გვთავაზობს. ,,ნადიმში“, მის ერთ-ერთ გამორჩეულ დიალოგში, ნათლად ჩანს სიყვარულის ცნების შეთვისება სიკეთის ცნებასთან, რაც ადამიანური ჰარმონიის წინაპირობაა. ყოველი კეთილნი არსნი სიყვარულში სახიერდება პლატონისათვის, სიყვარულია წინაპირობა მშვენიერებისა და სიკეთისა, როგორც ყოფითი განხორციელების ცნებებთან[9]. ჭეშმარიტების ცნებაც აქედან გამოიკვეთება პლატონის ფილოსოფიაში. ჭეშმარიტია ის, რაც მარადიული სათნოებისა და სიყვარულის წიაღში იქმნდება. პლატონისათვის ჭეშმარიტება გარდაუვალია. თუ სოფისტებისათვის ჭეშმარიტებას ნომინალური ხასიათი ჰქონდა, პითაგორელებისა და დემოკრიტელებისათვის საგნობრივი და მატერიალური, პლატონისათვის ჭეშმარიტება მდგრადი და უცვლელია. საგანთა თვისობრიობის ხარჯზე არ ცდილობს ჭეშმარიტების მდგენელთა პოვნას, არამედ საუბრობს აუცილებლობით არსებულ ცნებებზე, როგორებიც არიან: მშვენიერება, სიკეთე, სათნოება, სამართლიანობა, სიყვარული, რომელთა მხოლოდ გარეგან გამოხატულებას არ ანიჭებს მნიშვნელობას, ცდილობს, რომ იმთავითვე არსებული გვიჩვენოს თითიეული ზემო ცნება და, საბოლოოდ, გამოკვეთოს და ახსნას ჭეშმარიტების ცნება, როგორც არამატერიალური ინსტანცია. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პლატონის იდეათა სამყარო, სადაც მიჩნეულია ჭეშმარიტების განსრულება, განპირობებული ხდება სწორედ ფიზიკური, ყოფიერი სამყაროსაგან. ეს პათოსი პლატონის ფილოსოფიას თან ახლავს, მკვლევართა შეთანხმებაც ცალსახა და უკამათო არ არის, რადგან ინსპირაციის წყაროდ სწორედ არსებული ხილვადობა და ყოფიერი საგნებია პლატონთან გამოკვეთილი, რომლებსაც საკუთარი არსი, არისტოტელეს სიტყვებით თუ ვიტყვით - ეიდოსი გააჩნია. პირველადი სახე, იდეა, რომელიც მას სძენს მატერიალისტურ მნიშვნელობას. პლატონთან მეტისმეტად გადაჯაჭვულია მყოფი ხილვადობა და უხილავი იდეათა სამყარო, როგორც თავად უწოდებს, სადაც მიღწეული და გამოკვეთილია ჭეშმარიტების რეზულტატი.
      როგორც ინგლისელი მოაზროვნე უილიამ გათრი ამბობს, ვიდრე ყოველდღიური გახდებოდა ის იდეები, რაც ბერძნულ ფილოსოფიასა და, კონკრეტულად, პლატონის მოძღვრებას ახასიათებს, მანამ მრავალი მრუდე სარკის გამოვლა მოუხდათ ამ იდეებს, რომ გარკვეული ფორმა და პრაქტიკული განხორციელების მექანიზმები დანერგილიყო[10].
       პლატონის ფილოსოფიის ვარიაციები სიკეთის, როგორც უდიადესი სიყვარულის გამოხატვას ემსახურება, საბოლოოდ კი, ჭეშმარიტების ინსტანციის შემოფარგვლაა.
                                      
                                           2.2.სუბიექტური დიალექტიკა
      
         პლატონის დიალექტიკის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა არისტოტელეს ლოგიკისა და მთელი რიგი კატეგორიების შექმნა. რამდენადაც პლატონის დიალოგებში დიალექტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, იმდენადვე ნიშანდობლივია მისი მიკერძოებულობა და თვითნებობა. რთულია, პლატონს რაიმეშე არ დაეთანხმო, არ მოიხიბლო მისი ქვეტექსტების შინაგანი დრამატიზმითა და მოქნილობით... მით უფრო რთულია, გააკრიტოკო და სუბიექტურობა დაინახო მის ტექსტებში. ჩვენ, რასაკვირველია, ვკადნიერდებით და ვცდილობთ, რომ პლატონის მეთოდი დაუფარავად გიჩვენოთ.
        მთელი რიგი დებულებებისა, რაც ყოფილი მოჭიდავის ფილოსოფიას თან ახლავს, ხელოვნური და სუბიექტურია. სიტყვათკაზმულობით დაჯილდოებულმა და წინარე ფილოსოფიური მემკვიდრეობის ღრმად მცოდნე პლატონმა, რომელსაც გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობა არ აკლდა, ვით მისანმა, იწინასწარმეტყველა მის შემდგომ მომდინარე საზოგადოებებისა და კულტურების ბედი, მონუსხა რა თავისი დიალოგებით ბერძენი საზოგადოება, მომავალ საუკუნეთა ქმნილი უდაბნოების მარადიულ ოაზისად გადაიქცა, საიდანაც სიცოცხლეს, ხალასსა და შთაგონებას გამოჰყოფს უდაბნოთა დაუსრულებლობაში მოხეტიალე ადამიანთათვის. 
       ,,სოფისტში“ ჩვენ ვხვდებით დიალექტიკური ლოგიკის უაღრესად მნიშვნელოვან პასაჟებს, სადაც პლატონი სოფიზმს ეხება და უცხოელი მოსაუბრის სიტყვებით, რომელიც თეეტეტოსს დიალოგის რეჟიმში ესაუბრება, უხსნის სოფისტიკის სპეციფიკას, მოხერხებულად ახდენს ნამდვილი სოფისტის აზრთა და მოქმედებათა ხერხების დეტალიზაციას. საუბრობს იგივეობისა და სხვაობის ცნებებზე, სადაც ერთი არსი შესაძლოა შეიცავდეს სხვადასხვა შინაარსს, რომელთა დიფერენციაციაც უნდა მოხდეს. მსგავსი მიმბაძველისაგან რომ განვასხვავოთ, ამისათვის საჭიროა დავადგინოდ პირველადი ცნება და მისი განსაზღვრება მოვახდინოთ. თუმცა პლატონის მიერ აქ წარმოშობილი დილემა ნამდვილად ყურადღებას საჭიროებს. საუბარი მიმდინარეობს სოფისტიკის შესახებ და თავად სოფისტის მნიშვნელობის განსაზღვრას ეხება, თუ ვინ არის სოფისტი. უცხოელის სიტყვებით, პლატონი გეგმაზომიერად მიჰყვება სოფისტის განსაზღვრების ჩვენებას. არსებულისა და მიმბაძველის განხილვის დროს ამბობს, რომ სოფისტი აკვირდება რა არსებულ ფაქტს, იქნება ის მოვლენა, საგანი თუ ადამიანი, რომელიც საკუთარ ცოდნაში დაჯერებული საუბრობს, იმთავითვე ცინიკურად განეწყობა მის მიმართ, დაიწყებს მისი მეთოდის შესწავლას, დაკვირვების შედეგად, გააცნობიერებს ოპონენტის სუსტ და ძლიერ მხარეებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოქმედებას. პლატონი ამბობს, რომ სოფისტიკა არის დამაბნეველი ხელოვნება, რომელიც განეკუთვნება შეხედულებათა ბაძვის ირონიულ ნაწილს, ეს კი გამოსახულებათა შექმნის ხელოვნების ერთ-ერთი ნაწილთაგანია. მოჩვენებათა შექმნის ხელოვნებად მიაჩნია პლატონს სოფიზმი, რომელიც გამოსახულებათა შექმნის ხელოვნების ნაწილია. 
      აღნიშნული განმარტებით, პლატონი ავლენს მაქსიმალურ ოპტიმიზმს, როცა ერთმანეთისაგან გამოჰყოფს გამოსახულებათა ხელოვნებას და მოჩვენებათა ხელოვნებას. ამ უკანასკნელს მიიჩნევს ზემოთ აღნიშნული პირველის ერთ-ერთ ნაწილად. ამ ლოგიკურ დისკურსს რომ გავყვეთ, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ იგივეობა იმდენად აღემატება სხვაობას, რამდენადაც სხვაობა აღემატება პირველწყაროს. მიმბაძველია - სხვაობა, პირველწყაროა - იგივეობა, ხოლო ბაძვის ობიექტი ორივე ერთადაა - მიმბაძველიცა და განსხვავებულიც. აქ ჩენ ვკარგავთ პირველწყაროს მაწარმოებლის ფუნქციას, რადგან თავად ქმედითი მდგომარეობა ამჟღავნებს და ლეგიტიმაციას ახდენს პირველწყაროსა. პლატონი კი ამბობს, რომ თითოეული მიმბაძველი თავისი თავის იგივეობრივია, ხოლო განსხვავდება პირველწყაროსაგან, ბაძვის ობიექტისაგან. 
       ღვთაებრივი ზეშთაგონებით გაბრძნობილი პლატონი, რომელიც თავისსავე ტექსტებში აკრიტიკებს და მიწასთან ასწორებს მსგავსად გაბრძნობილ ადამიანებს, თავად ექცევა იმ საკრალურ წრეში, საიდან გამოსხლტომის გზები უკვე თავადვე დავიწყებია. ,,სოფისტის“ ავტორი თვითტკბობას ეძლევა, ჰქმნის უნივერსალურ მეთოდს, ლოგიკური წანამძღვრები კი ოპონენთტა საპირისპიროდ არის მიმართული და არ ითვალისწინებს მოსაუბრეთა არგუმენტაციასა და მტკიცებებს. ,,სოფისტში“, სხვა დიალოგებიდან განსხვავებით, შენარჩუნებულია ნეიტრალური პოზიცია და მხოლოდ დაშვებებისა და შესაძლებლობების გარშემო საუბრით შემოიფარგლება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დიალოგშიც სუბიექტივიზმი იგრძნობა, მთლიანი ფორმითა და შინაარსით მაღალი დონის დიალექტიკური ნაშრომია.
      პლატონი ეპოქალური მნიშვნელობის მოაზროვნე გახლდათ. სხვაგვარად რომ ემსჯელა დიალოგებში, არ გამოეკვეთა საკუთარი პოზიციები და მტკიცედ არ დაეცვა, ფილოსოფიის ისტორიის ფურცლებზეც ვერ ჩაიწერებოდა ოქროს ასოებით. მართალია, უკვე მის დროს მრავლად არსებობდა ფილოსოფიური სკოლები და საკმაოდ მაღალი ავტორიტეტითაც სარგებლობდნენ, თუმცა პლატონის მოღვაწეობა, მისი აკადემიის არსებობა და მისი მოწაფეების ღვაწლი შეუფასებელი აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში. აზრის მკაფიოობა, სიტყვის ოსტატობა და დახვეწილობა, ლაკონიზმი და ტექსტუალური დინამიკა, წინადადებათა დრამატიზმი, რომელიც უსაზღვრო ემოციებს აღძრავს, უპირობოდ გადაიქცა მომდევნო ასწლეულების ეპოქათა გამომკვებავად. პლატონმა საკუთარი ხელწერის ფიგურაცია შეძლო, რაც საკმაოდ რთული საქმე იყო. ტექსტებში ერთიმეორეს უპირისპირებს სხვადასხვა პროფესიისა და ცოდნის ადამიანებს, თუმცა მათი შეხების წერტილები მკაფიო და ნათელია. ჩვენ მის დიალოგებში ვერ ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ, ან რომლებსაც არაფერი მოუმოქმედებიათ (ან კარგი, ან ცუდი). ეს მეტად ყურადღებაგასამახვილებელი ფაქტია. როგორც უილიამ გათრი აღნიშნავს, პლატონი იმ ტრადიციების გამგრძელებელია, რაც ჰომეროსის ეპოქის საბერძნეთს ახასიათებდა. ის ცდილობს, რომ საზოგადოებაში ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს, ეს არ არის ვალდებულლებითი განსაზღვრება, არამედ იგულისხმება ცნობიერად მოვალეობითი მდგომარება ადამიანთა, ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენელთა, სადაც ყველამ იცის თავისი საქმე და სხვის ნაცვლად არ ცდილობს რაიმე აკეთოს, ის საქმენი გადაწყვიტოს, რაც მას არ ეხება[11].
      გათრი, რასაკვირველია, პლატონის დიალოგ ,,სახელმწიფოზე“ ამახვილებს ყურადღებას და ზემოაღნიშნული მისი განწყობებიც აქედან გამომდინარეობს. დღევანდელი გადასახედიდან, უნივერსალური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი შექმნა პლატონმა, სადაც ყველა სფეროს წარმომადგენელს განუსაზღვა მოქმედების არეალი. უილიამ გათრს თუ დავეყრდნობით, პლატონს ისევ ,,ძველებთან“ დაბრუნების ნოსტალგია ამოძრავებს, იმ ძველებთან, რომლებიც ჰომეროსისათვის გახდა შთაგონების წყარო. ჰომეროსის ,,ოდისიაში“ ვხვდებით იმ პასაჟებს, სადაც ყველა სფეროს წარმომადგენელმა ათენელმა საკუთარი ადგილი და დანიშნულება იცოდა. აღნიშნული განწყობები კარგად აისახა პლატონის ,,სახელმწიფოში“. 
        გავლენებისა და ანალოგიების გარეშე არც ერთ ნამდვილ მოაზროვეს და, მით უფრო, ფილოსოფოსს არ უღვაწია, არც ერთი მათგანი დარჩენილა დოგმატური აზრების ტყვეობაში და ყოველმა მათგანმა შეძლო საკუთარი ხელწერის დანერგვა. ერთ-ერთი პირველი, ამ თვალსაზრისით, პლატონია. მისი სუბიექტივისტური, ობიექტივიზმთან წილნაყარი, დიდაქტიკური პათოსი აღტაცებას იმსახურებს. პლატონის დიალექტიკა უმტკიცესია, რასაც მომდევნო ასწლეულებში არაერთი იდეოლოგიური გამოხმაურება მოჰყვა, რომელი იდეოლოგიებიც პლატონიზმის მემკვიდრეებად ითვლებიან.
     
        
     
                                         2.3.გარდამავალი ყოფნა
 
      ადრეული დიალოგებისაგან განსხვავებით, პლატონის გვიანდელი დიალოგები ხასიათდება ,,არსებულის“ ცნებების მდგენელთა შესწვლით და გამოკვეთით, სადაც ერთისა და მრავალის ურთიერთმიმართება უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამ თვალსაზრისით, გამორჩეული ნაშორმია ,,პარმენიდე“, რომელ ტექსტშიც პლატონი ანვითარებს არსის პრობლემას და ელეელთა სწავლებას წარმოაჩენს ღრმა დიალექტიკური დისკურსით. სწორედ პარმენიდესა და ახალგაზრდა არისტიტელეს[12] შორის იმართება დიალოგი, სადაც პლატონის ოსტატობა პარმენიდეს სიტყვებში აშკარად ჩანს. არსის პრობლემა, რაც ელეელთა ამოსავალი წერტილია, სიღრმისეულად არის გაანალიზებული აღნიშნულ ტექსტში.
      ,,პარმენიდეს“ პასაჟებს თუ დავუკვირდებით, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ პლატონი გაურბის არსებობის ცალსახა განმარტებას, რამდენადაც მისთვის ყოფნა გარდამავალია. ამით აიხსნება ერთისა და მრავალის პრობლემა, რაც აღნიშნული ტექსტის ცენტრალური ხაზია. აქ იკვეთება მეთოდოლოგიური მსჯელობა, სადაც პლატონი უარყოფს როგორც ერთის, ისე მრავალის ცალკე არსებობას, მაგრამ, ამავდროულად, უშვებს თითოეული მათგანის არსებობას. პლატონი პარმენიდეს პირით გვეუბნება: ,,და თუ ჩვენ მათგან ავირჩევთ, გნებავთ - არარსებობას და სხვას, გნებავთ არსებობას და ერთს, გნებავთ - ერთსა და სხვას, განა ყოველი არჩევანისას არ მივიღებთ ორ იმნაირ წევრს, რომლებისთვისაც შეიძლებოდა მართებულად გვეწოდებინა წყვილი?“[13] აქ პლატონი გვეუბნება, რომ, მართალია, შეიძლება რაღაცას ვუწოდოთ ,,წყვილი“, მაგრამ ის ორი არ იქნება, არამედ იქნება ყოველი ერთის შემცველი, რამდენადაც მოცემული წყვილი ორ წევს შეიცავს, მაგრამ ის ცალკეული ერთია. წყვილი და ერთი კი სამ წევს ჰქმნის და არა ორს. პლატონი გვთავაზობს არსებულის ლოგიკურ დასაბუთებას, სადაც ერთი მთელის რამდენიმე ნაწილის არსებობის მიუხედავად, მთელი ერთია და დაცალკევების დინამიკას თუ მივჰყოფთ ხელს, მაშინ ეს უსასრულო პროცესად გადაიქცევა, რადგან ყოველ ერთს ემატება ის წყვილი, რაც ერთშია დაყოფილი. ასეთი დაყოფა კი შეიძლება ამოუწურავი იყოს. 
   პლატონისათვის უმთავრესია, რომ გვიჩვენოს არსებობის ნაწილთა სიმრავლე და მის ჭეშმარიტებაში დაგვარწმუნოს. ისევე ესადაგება არსებობის ნაწილები უმცირესს, როგორც უდიდესს. ისინი ერთმანეთს მიემართებიან და ჰქმნიან დინამიკას, რაც აუცილებლობით გამოწვეულია. 
      პლატონის ფილოსოფიაში არ გვაქვს წარმოდგენილი მდგრადობა, სადაც ერთსახოვანება და უცვლელობა იქნება გამეფებული. მისი მეთოდი ეფექტურია. წარმოვიდგინოთ, რაოდენ სჭირდებოდა იმდროინდელ საზოგადოებას სულიერი სიმშვიდე და ყოველგვარ ყოფითზე აღმატებული ინსტანციების წვდომის სურვილის გაღვივება. სწორად შენიშნავენ პლატონის მკვლევართა წარმომადგენლები ქრისტიანული ფილოსოფიის განხრით, რომ ქრისტიანობის ნიადაგი პლატონთან მომზადდა და რომ ისე მოევლინა პლატონი ანტიკურ საზოგადოებას, როგორც ქრისტე მოევლინა უპოვართ და რწმენა შესძინა, არსებული ხილვადობისა და წარმავლობის ამაოებას სხვა სამყაროში განსულიერების იმედი ჩაუსახა. პლატონი სწორედ ასე აღიქმება ქრისტიანობის მესვეურთათვის, რადგან პლატონის ფილოსოფია დავანებულია მათ ცნობიერებაში და, ზოგადად, ქრისტიანული ცნობიერების წიაღში პლატონის ფილოსოფია მრავალგვარად გამოიხატა. 
     გარდამავალი ყოფნის ცნება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პლატონის ფილოსოფიას თან ახლავს. ეს არ გახლავთ კონკრეტულ სივრცეში და დროში მოქცეული ფაქტი, რომელიც შეიძლება მხოლოდ აღქმითი ან შეგრძნებითი იყოს. მასთან არ გვხვდება ინსტანციური გარდამავლობა. ქართული სიტყვა ,,მყის“ გამოხატავს პლატონის ამ გენიალური ნაშრომის ,,პარმენიდეს“ საზრისს. სწორედ გარდამავალი ყოფნაა - მყის, სადაც ერთი და მრავალი ერთმანეთისაგან გამომდინარეობს, როგორც ერთმანეთის ამხსნელი და ამსახავი. ყოველი ცალკეული ნაწილების შექმნა, რომლის საბოლოო წერტილი დასასრულის შექმნაა პლატონის მიხედვით, მიგვანიშნებს, რომ ამ თითოეულ ნაწილში იმთავითვე იბადება ერთი, როგორც მთლიანობა, თუმცა ის არ არის განსრულებული, ვიდრე არ გადაიქცევა მთელად. ერთისაგან გამომდინარეობს დასაწყისი, ნაწილებიცა და დასასრულიც, თუმცა მთლიან ერთად დაბადებამდე ის ნაწილების სახით არის წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ პლატონი დასაწყისსა და დასასრულსაც ნაწილებად მიიჩნევს. სწორედ აქ ჩნდება გარდამავალი ყოფნის პარადოქსი, სადაც ერთი არსი მეორეზე უხნესი იმდენადვე არის, რამდენადაც მეორეს დაბადებისას იყო, ეს უკანასკნელი კი იმდენადვე უნდა იყოს უმრწემესი, რადგან, პლატონის მიხედვით, თანაბარი სიდიდეების დამატებისას იმდენადვე რჩებიან განსხვავებულნი, რამდენადაც განსხვავდებობდენ იმთავითვე. აქედან გამომდინარე, ერთი არსი მეორეზე ვერც უხნესი გახდება და ვერც უმრწემესი[14]. პლატონი აქ გულისხმობს უხსნესად და უმრწემესად გახდომის შეუძლებლობას, მაგრამ მასთან დაშვებულია უხნესად და უმრწემესად არსებობა იმთავითვე. ,,ერთი“ და ,,ნაწილები“ უხნესი ან უმრწემესი არ ხდებიან ერთმანეთისათვის, მაგრამ გახდნენ და არიან. ზუსტად ეს არის პლატონთან გარდამავალი ყოფნა, სადაც დასაწყისიცა და დასასრულიც ერთ წერტილად მოიაზრება, როგორც ერთისა და მრავალის ურთიერთლეგიტიმაცია.
                                   
                                          2.4.პლატონის ანტაგონიზმი
 
       ერთობ რთულია წინამორბედ წისტემათა თუ მოაზროვნეთა გავლენებისაგან, მათი ხიბლისაგან გათავისუფლება და დამოუკიდებელი მჭვრეტელობით სამყაროს საიდუმლოებების წვდომა, განსხვავებული, დრამატული სისტემის შექმნა, რაც იგივენაირად და უფრო მეტადაც კი გახდება საზოგადო, მომავალ ეპოქათა მასაზრდოებელი. პლატონიც შებყრობილი იყო ამ კომპლექსით, რაც წინარე ფილოსფიურ სისტემებსა და იმ მოაზროვნეთა ავტორიტეტს უკავშრდებოდა, რომლებმაც პლატონამდელი საბერძნეთის (და არა მხოლოდ) ცნობიერება განსაზღვრა. როგორც დიოგენე ლაერტელი მოგვახსენებს, პლატონს, ამ დაუცხრომელი ხასიათის პიროვნებას, დიდი შინაგანი წინააღმდეგობა გააჩნდა ეგრედწოდებულ ძველებთან და კონკრეტულად კი - დემოკრიტესთან. გადმოცემის თანახმად, პლატონი მთელის მონდომებით ცდილობდა დემოკრიტეს ,,განეიტრალებას“, რაც გამოიხატებოდა ხალხში გავრცელებული დემოკრიტეს ტექტებისა და ინფორმაციის ხელოვნური განადგურებით. პლატონს დემოკრიტეს წიგნების დაწვაც კი განუზრახავს, რომ აღარ ჰქონოდა საზოგდოებას მისი გაცნობისა და განზოგადების საშუალება. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პლატონი დემოკრიტეს მიიჩნევდა თავისი იდეოლოგიისა და მოძღვრების უწინარეს მტრად, რადგან მსგავსება მათ მოძღვრებათა შორის აშკარაა. მართალია, პლატონმა დემოკრიტესაგან განსხავებით იდეალიზირება მოახდინა იმ ცნებებისა, რაც დემოკრიტეს მატერიალისტურ სისტემას შეადგენდა, მაგრამ ამ უკანასკნელის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, ახალგაზრდა პლატონს საკუთარი თავის დამკვიდრების გზებს უკეტავდა. მეგობრებისა და თანამოაზრეების დაჟინებული თხოვნით პლატონს ხელი აუღია ამ უაღრესად მავნებლურ ქმედებაზე, რადგან გარჯა მაინც ფუჭი აღმოჩნდებოდა იმ თვალსაზრისით, რომ საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქ-სახელწიფოში უკვე გავრცელებულიყო დემოკრიტეს ნაშრომები და მათი განადგურება საზოგადოების უარყოფით განწყობილებას გამოიწვევდა, რაც პლატონს არ წაადგებოდა სამომავლოდ. ამ ბნელ ჩანაფიქრს კიდევ ისიც უშლიდა ხელს, რომ ფიზიკურად ვერ მოახერხებდნენ დემორიტეს ათასობით ტექსტის მოპოვებას დაწვის მიზნით. ეს იყო პირველი მცდელობა, თუმცა კრახით დასრულდა. 
      პლატონის ფილოსოფია შთაგონებულია პითაგორელებისა და ელეელების დებულებებით, სადაც პითაგორეიზმი რიცხვთა ჰარმონიას ესწრაფვის და ფორმათა მნიშვნელობებს სახავს, ხოლო ელეელები არსის პრობლემას აქცევენ დიდ ყურადღებას. პლატონთან ნათლად აისახა ორივე მათგანი. ფორმათა შესახებ პლატონის თეორიები გასცდა ლოკალურ საზღვრებს და მეტაფიზიკურ ჭრილში წარმოდგინდა, სადაც ერთგვარი მისტიკური ელემენტებით აღივსო. პითაგორეიზმის ცნებობრივი მონადები კი პლატონის იდეათა სამყაროს ქვემდებარედ იქცა, საიდანაც გამოიკვეთა პლატონის იდეალისტური ზრახვები. მისი ფილოსოფიის ამოსავალი პრინციპი მაინც ელეელთა მოძღვარებისა და პითაგორელების იდეების წიაღში ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანულად სძულდა დემოკრიტე (რაშიც გვარწმუნებს ის ფაქტი, რომ არსად ახსენებს საკუთარ დიალოგებში, როცა სხვა, იმდროინდელ მოაზროვნეებს აქტიურად წარმოადგენს საკუთარი ტექსტების პერსონაჟებად), მისი ფილოსოფიის მთავარი ბირთვი დემოკრიტეს იდეებისაგან არის განპირობებული. 
     პლატონის ანტაგონიზმი გამოიხატებოდა არა მხოლოდ წინამორბედ წისტემათა თუ ფილოსოფოსთა დათრგუნვითა და მიზანმიმართული დევნით, არამედ ათენის საზოგადოებისა და ხელისუფალთა კრიტიკით. ბერძენ მოაზროვნეზე დიდი გავლენა იქონია მისი მასწავლებლის - სოკრატეს სიკვდილით დასჯამ, რომელიც გასწირა ათენმა, დაადანაშაულეს რა ახალგაზრდების გარყვნასა და ღმერთების შეურაცხყოფაში. სოკრატული დიალოგების უმრავლესობა მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ, ეტაპობრივად, რამდენიმე წელიწადში უნდა დაწერილიყო. შესაძლებელია, რომ სოკრატეს გარდაცვალებამდეც დაიწერა რამდენიმე მათგანი. საზოგადოებას, რომელმაც სოკრატე უარყო და განდევნა, შეუძლებელია პლატონის კეთილგანწყობა დაემსახურებინა. ამიტომაც ის თავის დიალოგების უმრავლესობაში სოკრატეს ალაპარაკებს, სასაუბრო თემა კი, ძირითადად, სამართლიანობა, სიკეთე, მშვენიერება და ჭეშმარიტებაა. 
       პლატონის ,,სახელმწიფოში“ უაღრესად ცხადად სჩანს წინააღმდეგობა იმ დროს არსებული სახელმწიფოს მიმართ. საუბარია სამართლიანობასა და იმ ეთიკურ თვისებებზე, რაც სახელმწიფოს სათავეში მყოფ ადამიანებს უნდა გააჩნდეთ, ასევე, უნდა გააჩნდეს საზოგადოებას, რომელიც სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ნაწარმოები დიდ ვნებათა ღელვას გამოიწვევდა იმდროინდელ საზოგადოებაში და სახელმწიფოს მესვეურთა რიგებში მყოფ ადამიანებს მოსვენაბს დაუკარგავდა. პლატონის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ არაცნობიერად გარყვნილი და უმეცარი საზოგადოება ზნეობრიობისა და კეთილშობილების პათოსით აღევსო. თრასიმაქე გამოხატავს დღევანდელი მსოფლიო საზოგადოების აზრსაც და, რაღა თქმა უნდა, იმდროინდელი საზოგადოების უდიდესი ნაწილიც ამ აზრს იზიარებდა, რომ სამართლიანად ცხოვრება წამგებიანია და რომ ადამიანებს უსამართლობის ჩადენა არ შეუძლიათ არა კეთილშობილებისა გამო, არამედ უსუსურობისა[15]. აღნიშნული თვალსაზრისი არის ტიპიურ უმეცარ ადამიანთა სახე, რომელთა სრული უმრავლესობა ყოველ ეპოქაში არსებობდა, რომლებიც ცხოვრობენ უზრუნველად, მორალურ-ეთიკური თვითშეგნებისა გარეშე და რომელთა მამოძრავებელი ენერგია მხოლოდ მომხვეჭელობა და განდიდებაა. თრასიმაქე კარგად გამოხატავს თაანამედროვე კაპიტალიზმის სახეს, ამ დამპალი სისტემისა, რომელიც ბოლო ორი საუკუნეა მენტალურად ანადგურებს კეთილშობილ ადამიანს. 
    ლიბერალიზმის ერთ-ერთი გამორჩეული იდეოლოგი, მეოცე საუკუნის მოღვაწე ბრუნო ლეონი, თავის ნაშრომში ,,თავისუფლება და კანონი“ წერს: ,,დღესდღეისობით ჩვენ არ გვჭირდება ვანდოთ სხვა ადამიანებს, გადაწყვიტონ, მაგალითად, როგორ უნდა ვილაპარაკოთ, ანდა გავატაროთ თავისუფალი დრო, თუმცა ეს გარემოება ვერ გვეხმარება გავაცნობიეროთ, რომ ასევე შეიძლება ვიქცეოდეთ ბევრი სხვა ქმედებისა და გადაწყვეტილების შემთხვევაშიც, რომლებსაც სამართლის სფეროს ვაკუთვნებთ. სამართლის შესახებ ჩვენი ამჟამინდელი წარმოდგენა ნამდვილად დაღდასმულია იმ მნიშვნელობის გადაჭარბებით, რომელსაც ვანიჭებთ საკანონმდებლო ფუნქციას, ანუ სხვა ადამიანების ნებას (მიუხედავად მათი ვინაობისა) ჩვენს ყოველდღიურ საქციელთან მიმართებით“[16]. აღნიშნული ფრაზებით, ლეონი მიანიშნებს იმ ცხოველური ჟინისა და სწრაფვის შესახებ, რაც უმეცარ საზოგადოებას ახასიათებს. ბრბოს იდეოლოგია, სამწუხაროდ, უფრო დიდ მასშტაბებსა და გაქანებას ჰპოვებს, პოპულარობით სარგებლობს და გავლენას იპოვებს. ყოველგვარი კანონებისა და საკაცობრიო ისტორიიდან მოპოვებული ზნეობრივი ნორმების უკუგდება გვამსგავსებს ბრბოს, რომელსაც ცხოველივით შეუძლია იმოქმედოს, ისე მოიქცეს, როგორც ნებავს და სადაც ნებავს. ნების თავისუფლებას ასხამს ხოტბას ლეონი და სულაც არ აღელვებს კანონთა და წესრიგთა შემოქმედი სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოს მესვეურთა ჯგუფების მიერ შექმნილი ნორმები, რომლებიც კეთილშობილურია. პლატონის ,,სახელმწიფოს“ პათოსი სწორედ ასეთ თავაშვებულ და ზნეობრივი მონაპოვარის გაუბრალოებით დაკავებულ ადამიანთა წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებსაც თავისუფლება მსხალი ჰგონიათ, რომ მოკბიჩონ და გემო ჩაატანონ. პლატონისათვის არსებული პარადოქსი ის არის, რომ ასეთ თავაშვებულ და ზნეობრივად დეგრადირებულ საზოგადოებას ხელთ უპყრია ხელისუფლება. მასები რამდენად კმაყოფილი ჰყავთ, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ორივე შემთხვევა დასაშვებია: მასა აღფრთოვანებული იყოს და იყოს აღშფოთებულიც.
     პლატონის ზემოაღნიშნული ანტაგონისტური განწყობილებები აისახა არაერთ დიალოგში, მათ შორის გამორჩეულია ,,სახელმწიფო“ და ,,კანონები“.
       ყურადღებაგასამახვილებელია ის ფაქტი, რომ პლატონი არ წყალობდა პოეტებსა და ხელოვნებით შთაგონებულ, როგორც თავად უწოდებდა - ღვთაებრივი ზეშთაგონებით გაბრძნობილ ადამიანებს, მათ შორს - რაფსოდებსაც. თუმცა ჰომეროსის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, რაც მის დიალოგებში გამოსჭვივის. 
         
                            თავი III - არისტოტელე, როგორც მატერიალიზმის სისტემატიკოსი
                                       3.1.საგნობრივი ცოდნა

        არისტოტელე სტაგირელი, რომელიც პლატონის გამორჩეული მოწაფე იყო, თავიდანვე გამოირჩეოდა შემგუებელი ბუნება-განწყობილებით, თუმცა, ამის მიუხედავად, მან შეძლო ძლევამოსილი მასწავლებლის იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი მარწუხებისაგან თავის დახსნა და ცალკეული სისტემის ჩამოყალიბება. მოგვეხსენება, მას მომეტებულად გააჩნდა სხვადასხვა მეცნიერების ცოდნა, ბუნებისმეტყველებისა და რიტორიკის საკითხები თალესის, ანაქსაგორას, დემოკრიტესა და ემპედოკლეს მოძღვრებებიდან შეისწავლა, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია პლატონის აკადემიაში მიღებული განათლება. 
      სრულიად ახალგაზრდა არისტოტელეს სტაგირიდან გადაუწყვეტია ათენში გამგზავრება და პლატონის აკადემიაში ჩაწერა. ეს უნდა მომხდარიყო 370-იან წლებში (ძვ.წ.). მოყოლებული ამ პერიოდიდან, არისტოტელე ეუფლებოდა განათლებას, სწავლობდა ბუნებისმეცნიერებებსა და ადამიანის შესაძლებლობების დადგენასაც კი ცდილობდა ცდისეული მაგალითებით. 
     საგნობრივი ცოდნა, რაც არისტოტელეს გააჩნდა, არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ რომელიმე ვიწრო დარგით, არამედ ის იყო ზოგადი და მასშტაბური. თანამედროვე მკვლევართა აზრით, არისტოტელე უკანასკნელი ადამიანი იყო, რომელმაც ბუნების ყველა მეცნიერება ზედმიწევნით შეისწავლა და იცოდა ის, რაც შეიძლება ადამიანს ცოდნოდა ადამიანად ყოფნის პირობებში. არისტოტელეს ცოდა ფიზიკის, ზოოლოგიის, ბოტანიკის, ასტრონომიის, მეტაფიზიკის შესახებ გეგმაზომიერად აისახა მის შემდგომ ნაშრომებში. ბუნებისმეტყველების სფეროში არსებულ ნაშრომებს არისტოტელემ დაამატა საკუთარი ნაშრომები ისეთ დარგებში, როგორებიც არის: გეოგრაფია, გეოლოგია, ემბრიოლოგია, ანატომია, მედიცინა, ასტრონომია, ზოოლოგია, ფიზიკა. ზოგადჰუმანიტარულ მეცნიერებებს მან დაამატა ნაშრომები ესთეტიკაზე, ეთიკაზე, ფსიქოლოგიაზე, თეოლოგიაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და მეტაფიზიკაზე. 
     საგნობრივი ცოდნა, რაც არისტოტელეს გააჩნდა, არ იყო მხოლოდ ჭვრეტითი და ჰიპოტეტური, არამედ დაკვირვებითი და ხელშესახები გახლდათ. პლატონის სიკვდილის შემდეგ დატოვა აკადემია და სამოგზაუროდ მცირე აზიაში გაემართა. შუახნის არისტოტელემ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო მოგზაურობით, შეისწავლა რა ადგილობრივი მცენარეების წარმომავლობა და მათი კლიმატური სარტყელი. როგორც ცნობილია, ამ მოგზაურობის ჟამს მან მოინახულა კუნძული ლესბოსი, სადაც, აგრეთვე, გამოიკვლია კუნძულის ბოტანიკა და ზოოლოგია.
         თითოეულ დარგში არისტოტელეს კომპეტენტურობა უდავოა. როგორც ცნობილია, მან დაწერა არაერთი დიალოგი, რომელთა მხოლოდ ფრაგმენტებიღა შემოგვრჩა. მთავარი ნაშრომები კი, რომლებიც შემორჩენილია, ტრაქტატების სახეს ატარებს და ისინი უნდა ყოფილიყო სალექციო კურსისთვის გათვლილი, დამატებანი მოწაფეთათვის. მოგვეხსენება, იმდროინდელ საზოგადოებაში დიალოგის ფორმა ითვლებოდა აღმატებითად, ხოლო ტრაქტატის ფორმა ნაკლებ მნიშვნელობას ატარებდა. პლატონიც ადრელ წლებში მონოლოგის ფორმით წერდა. 
       ინდოელი მოაზროვნე ჯიდუ კრიშნამურტი თავის ნაშრომში ,,რვა საუბარი ბომბეიში“ აღნიშნავს: ,,როგორი ადგილიც უნდა გეჭიროთ საზოგადოებაში, მდიდარი ხართ თუ ღარიბი, - არა აქვს მნიშვნელობა, ეს პრობლემები ჩვენს შიგნითაც არსებობს და გარეთაც და მეტისმეტად მნიშვნელოვანია, რომ ყოველმა სერიოზულმა ადამიანმა ისინი გააცნობიეროს. ოღონდ, მხოლოდ გარეგანი პრობლემების გაცნობიერება და ფიზიკური არსებობის პირობების გაუმჯობესების მცდელობა სრულიად ამაოა. იმისათვის, რომ სამყაროში გავერკვეთ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შინაგანი გარკვეულობა. თქვენს ირგვლივ არსებული საგნების წესრიგში მოყვანას ვერ შეძლებთ, თუ შინაგანი წესრიგი არ გაგაჩნიათ. წესრიგი იწყება შეცნობით და არა საგნების გადაადგილებით“[17]. სრულიად მართებულად შენიშნავს კრიშნამურტი, რადგან ადამიანის გარეგანი ცოდნა ყოველთვის არასაკმარისია ნამდვილი წესრიგის მისაღწევად. უნდა ვთქვათ, რომ არისტოტელე ისეთ მოაზროვნეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც საგანს იმეცნებენ და არა მხოლოდ გარეგანი დაკვირვებითა და ესთეტიური აღქმით, არამედ საკუთრივ, ცნობიერად აქვთ გაცნობიერებული ფაქტთა თუ საგანთა შინაარსი. როგორც ჩანს, ინდოელ პოეტსა და ესეისტს არისტოტელეს ფილოსოფია და ბერძენი ფილოსოფოსის პიროვნული მახასიათებელი კარგად აქვს შესწავლილი, ვინაიდან ისეთ ადამიანთა რიცხვში, რომლებზეც კრიშნამურტი საუბრობს, უპირველესად, არისტოტელე წარმოგვესახება. ზუსტი დეფინიციაა: არისტოტელე ნამდილად იყო ის ადამიანი, ვინც ცნობიერად იმეცნებდა გარე მოვლენებსა და ბუნების მახასიათებლებს. ზემოაღნიშნული თითოეული დარგის შესწავლა და ნაშრომების წარმოდგენა, კვლევით-ექსპერიმენტული დაკვირვებები და ფუნდამენტური მსჯელობა, რაც გვაჩვენებს არა ზერელე, გარეგანი აღქმითა და გამოცდილებით მიღებულ ცოდნას, არამედ საგანთა არსისა და მოვლენათა ბუნების შემეცნებას, უნდა ვთქვათ, რომ გამომხატველია არისტოტელეს საგნობრივი ცოდნისა, რომელი ცოდნაც, პირველ რიგში, შინაგანი ცოდნაა. ზუსტად ასეთ ადამიანებზე საუბრობს ჯიდუ კრიშნამურტი. 
                                       
                                     3.2.გამოცდილება და სინამდვილე
 
      არისტოტელეს ფილოსოფიაში დიდი ადგილი უჭირავს გამოცდილებას, წინარე ცოდნასა და სინამდვილეს, რაც ფაქტებითა და ბუნების ზოგადი მოვლენებით აიხსნება, თუმცა, ამავდროულად, არისტოტელე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის შინაგან თვისებებსა და უნარებზე, როგორებიც არის: სიკეთე, მშვენირება, ორატორია, სიტყვათმეტყველების ჰარმონია, შთაგონების სისპეტაკე და სხვა. ,,მეტაფიზიკაში“ ის აკრიტიკებს ფორმებით სამყაროს შემეცნებას და მიუთითებს, რომ ჩვენი ლოკალური შეგრძნებები წარმოიშობიან და ქრებიან, როგორც ხილული და აღქმული ბუნება, ამიტომაც საჭიროდ მიიჩნევს რაოდენობრივი და თვისობრივი ცვალებადობის გაერთიანებას და არა მათ განცალკევებას. არისტოტელეს მიხედვით, ჩვენს გარშემო არსებული შეგრძნებადი სამყარო განუწყვეტლივ ისპობა და იშობა, რაც მთელი კოსმოსის უმცირეს ნაწილაკად მიაჩნია[18]. ამ თვალსაზრისით, ის ეყრდნობა და იზიარებს დემოკრიტეს იდეებს სამყაროს წარმოშობასა და განადგურებასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე გულისხმობს პლატონის კრიტიკასაც. პლატონთან ფორმებით შეიცნობა სამყარო, ერთი და იგივე საგნების ერთი და იმავე მიმართებაში არსებობა და თან არარსებობაა პლატონთან, ხოლო არისტოტელე ამ თვალსაზრისს უპირისპირდება და ამბობს, რომ ფანტაზია სხვა არის და შეგრძნება - სხვა. მისი აზრით, ყოველი ინდივიდუალური შეგრძნება მცდარი არ არის. ამრიგად, არისტოტელე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია საგანი თან არსებობდეს და თან არ არსებობდეს, რადგან ჩვენი შეგრძნებები გვკარნახობს მის რომელიმე მდგომარეობას. 
       საკამათო საკითხია, ვინ ცდება და ვინ ღაღადებს ჭეშმრიტებას, მაგრამ ის კი უდავოა, რომ არისტოტელეს გამოცდილება და საკმარისი ცოდნა გააჩნდა, როცა ღიად, ასე თვალნათლივ უპირისპირდება თავის მასწავლებელს. 
       გამოცდილება მნიშვნელოვანია მოაზროვნისათვის. არსებობს რაღაც იმთავითვე, მჭვრეტელობითი, რასაც თვითეგზისტენციამდე მივყავართ, მაგრამ ბუნების მოვლენებისა და საგნების შესწავლა აუცილებლობას წარმოადგენს და ეს მაქსიმალურად ობიექტურად უნდა განხორციელდეს, რომ ჭეშმარიტება არ დაიკარგოს. არისტოტელე სწორედ ისეთი მოაზროვნეა, ვისაც შეუძლია დაბალანსებულად ობიექტურად იმსჯელოს შესაძლებლობების ზღვრული კანონზომიერებებით და საგანთა დაკვირვებით ცნობიერად შეიმეცნოს მათი არსი. თუ სად არის, ან რა არის სინამდვილე, არისტოტელესთან მტკიცებით ფორმაში არ არის წარმოდგენილი, არამედ ის უშვებს შესაძლებლობებს, სადაც საკუთარ პოზიციასაც მკაფიოდ გამოხატავს. 
      მრავალი საინტერესო პასაჟი გვხვდება ,,მეტაფიზიკაში“. არისტოტელეს მტკიცებით, სადაც ის ეყრდნობა დემოკრიტეს სწავლებას, შეუძლებელია სუბსტანციების არსებობა რეალური სუბსტანციებისაგან, რადგან ორი ერთს ვერ შექმნის და ერთი - ორს. არისტოტელეს აზრით, თუ გაერთიანდება შესაძლებლობაში არსებული ორი მოვლენა, როგორც ,,ორმაგი“ შეიქმნება შესაძლებლობაში არსებული ორი ნახევრისაგან, მაგრამ რეალური განხორციელება მათ ერთმანეთისაგან აშორებთ. მისი აზრით, თუ გვაქვს ერთი სუბსტანცია, შეუძლებელია ის შედგებოდეს სუბსტანციებისაგან. აქვე ახსენებს დემოკრიტეს და ამბობს, რომ დემოკრიტეს აზრიც ასეთი ფორმაციისა იყო, სადაც აბდერელი ფილოსოფოსი უარყოფს ერთისაგან ორის წარმოშობას, ხოლო ორისაგან - ერთისა. აქვე არისტოტელე უშვებს, რომ შესაძლოა არც ერთ სუბსტანციას არ ჰქონდეს განსაზღვრება, რადგან ისინი არ არიან შედგენილნი რეალური სუბსტანციებისაგან[19]
      ,,მეტაფიზიკაში“ არისტოტელე აშკარად უპირისპირდება პლატონს. მისი მასწავლებლის ერთისა და მრავალის ,,პარმენიდესეული“ გადაწყვეტა უპირობოდ შთაგონების წყაროდ ქცეულა სტაგირელი ფილოსოფოსისათვის, ,,პარმენიდეს“ სახეცვლილ ვარიაციებს გვთავაზობს და ცდილობს განსხვავებული რაკურსით დაგვანახოს საკითხი. თუ პლატონისათვის ერთისაგან მომდინარეობს საწყისიცა და სასრულიც, არისტოტელესთან ერთი უმცირესი ნაწილაკია, რაც ორს და მრავალს მიემართება, მაგრამ ის თავის თავში არ მოიცავს სიმრავლეს. აქვე აღნიშნავს შესაძლებლობისა და რეალობის შესახებ, სადაც იმ თვალსაზრისს ნაწილობრივ ეთანხმება, რომ შესაძლებლობა წინ უსწრებს რეალობას, იმოწმებს ანაქსაგორას, ემპედოკლესა და ლევკიპესაც კი. ამავდროულად, განიხილავს ვარაუდს იმის შესახებ, რომ რეალობა წინ უსწრებდეს შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში, არისტოტელეს აზრით, უნდა არსებობდეს რაღაც ისეთი, რაც ხანდახან მუდმივად მოძრაობს, ხანდახან კი - სხვისი ზეგავლენით, რადგან ყველაფერი წრიულ მოძრაობაშია[20].
      არისტოტელეს, რომელსაც იმდროინდელ საზოგადოებაში ნამდვილად ენციკლოპედიური ცოდნა ჰქონდა, წინამორბედთა ავტორიტეტმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა მნიშვნელოვანად დაეხმარა. მის ტექსტებში აშკარად იგრძნობა სინამდვილის ასახვის ცხოველმყოფელი სურვილი, რაც, პირველ რიგში, პლატონის მიმართ შინაგანი წინააღმდეგობის გამოძახილია და საკუთარი თავის ღირსეულად დამკვიდრების სურვილი.
                             
                               3.3.არისტოტელეს კომფორმიზმი

    არისტოტელეს ფილოსოფია ხასიათდება შემგუებლობითა და მოვლენათა სრული მიმღეობით. თითქოსდა წინამორბედ სისტემათა კრიტიტიკას ეწევა, სამესჯელო-სადისკუსიო ესთეტიკის შექმნას ცდილობს და კონკრეტულ დისციპლინებში, როგორებიც გახლავან ეთიკა, ესთეტიკა, ლოგიკა, ორატორია, ახალ მიგნებებსაც კი გვთავაზობს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით მის ტექსტებს, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ პლატონის მოძღვრებათა ვერგაგებასთან გვაქვს საქმე, ცნება კი, რომელიც პლატონთან არსებით მნიშვნელობას ატარებს, არისტოტელესათვის საერთოდ გაუგებარია. არისტოტელე სილოგიზმის თეორიაში პლატონთან შედარებით უპირატესად არ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ მსჯელობათა განზოგადებისა მცდელობას არ იშურებდა და მტკიცებულებათა წარმოდგენასაც ცდილობდა, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ არისტოტელე ინტერპრეტატორად რჩება. მან ბევრი რამ მიითვისა პლატონისაგან და საკუთარი ფილოსოფიური სისტემის განსაზღვრება მოახდინა. 
      ორაზროვანია არისტოტელეს ფილოსოფიის გაგება. თუ მის ტექსტებს დავაკვირდებით, შეიძლება დავინახოთ მხოლოდ ხისტი რიტორიკა, რომელიც საკუთარი ზრახვების განხორციელებას მიელტვოდა, მჭევრმეტყველება და კამათი კი მხოლოდ სუბიექტურ ინტერესებს ემსახურებოდა, მაგალითად, როგორ გაემარჯვა კონკრეტულ სუბიექტს კამათში, ასე ვთქვათ, პოლემიკაში გამარჯვების ხელოვნებად შეიძლება მივიჩნიოთ არისტოტელეს რიტორიკა, ერთის მხრივ. მეორე მხრივ, შეიძლება დავინახოთ მისი არასუბიექტური მიზნობრივი სწრაფვა, რაც ზოგადეთიკურობისა და ზოგადსამართლიანობის მოტივებს შეიცავდა. 
     ამჯერად, გვსურს, რომ ყურადღება გავამახვილოთ არისტოტელეს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაშრომზე ,,რიტორიკა“, რომელშიც მრავალ საინტერესო პასაჟს ვხვდებით. 
      არისტოტელეს რიტორიკის უმთავრეს დანიშნულებად მიაჩნია როგორც სამართლიანობისა და სიკეთის არსებითი მახასიათებლების შესწავლა, ისე უსამართლობისა და უკეთურობისა, რამდენადაც თითოეული მათგანის შესახებ ცოდნა ჩვენ მოგვცემს საშუალებას ერთმანეთს შევადაროთ და გამოვკვეთოთ თუ რატომ არის ჭეშმარიტი სიკეთე და სამართლიანობა, ხოლო არაჭეშმარიტი უკეთურობა და უსამართლობა. აგრეთვე, აღნიშნავს რიტორის მჭევრმეტყველებას ცოდნის ხარჯზე, ხოლო სოფისტის მჭევრმეტყველებას მიიჩნევს ზედაპირულ მისწრაფებად. აქვე მიჯნავს ერთმანეთისაგან უნარსა და მიდრეკილებას, მაგრამ არისტოტელეს ნააზრევში ჩნდება ლაფსუსი: თუ რიტორიკას ჩვენ მივიჩნევთ ყოველი საგნის შესატყვის, დამაჯერებლობით განხილვის უნარად, მაშინ უნდა ითქვას ისიც, რომ რიტორი ყოველ საგანსა და საგნის შინაარსს უნდა იცნობდეს ისე ღრმად და საფუძვლიანად, როგორც ამავე საგანთა მცოდნენი, ამრიგად, მართლები ვიქნებით თუ ვიტყვით: ყოველი მცოდნე ეთიკოსი, ესთეტიკოსი, ლოგიკოსი, სილოგისტი და თუნდაც ორატორი იმთავითვე რიტორიკის ცოდნითაც გამოირჩევა და, მაშასადამე, ამ სხვა ხელოვნებათა უფლებაც ყოფილა ამა თუ იმ საგანზე მსჯელობა, განხილვა და კრიტიკა. არისტოტელე კი ამის შესაძლებლობებს უარყოფს და მიანიშნებს მხოლოდ რიტორიკის განსაკუთრებულ უფლებებზე, სადაც ყოველ საგანზე მსჯელობის შესაძლებლობას აძლევს რიტორიკას[21].
     არისტოტელე საუბრობს ადამიანის მიზნებსა და მისწრაფებებზე, რომ ყველა ადამიანს აქვს მისანი და სწრაფვები, სურვილები და შედეგობრივად მოქმედებენ ყოველი მათგანის დასაკმაყოფილებლად. უმთავრეს დანიშნულებად ადამიანის არსებობისა სტაგირელ ფილოსოფოსს მიაჩნია ბედნიერება. აღნიშნული გამოვლინებით, ის იმეორებს პითაგორელების, ელეელებისა და თავისი მასწავლებლის - პლატონის მოსაზრებებს; მათთან ხომ აშკარად გვხვდება სწრაფვა ადამიანური ჰარმონიისაკენ, რაც ბედნიერებას გულისხმობს. ასევე, საუბრობს ვნებაზე და განმარტებებს გვთავაზობს, თუ რა მიმართებით არის წარმოებული ვნება, რომ ის შეიძლება გამოიხატოს რისხვისა და სიამოვნების სახით. არისტოტელეს მიაჩნია, რომ ყოველ მოქმედებას მიზნები, საგნები და მიზეზები უნდა განაპირობებდეს. 
    ,,რიტორიკაში“ განხილულია წინარე ფილოსოფიური დოქტრინები, საზოგადოებებისა და ცალკეული ადამიანების დანიშნულება; სიკეთის, სამართლიანობისა და სულიერი სიმშვიდის შესაძლებლობებზე საუბრისას, არისტოტელე მოიხმობს ხალხში გავრცელებულ გამონათქვამებს, ასე ვთქვათ ანდაზებს, სადაც ალეგორიულ ჭრილში მეტაფორულად ცდილობს გამოკვეთოს სათქმელის სიმძაფრე. აღნიშნულ ტექსტში მსგავს ჩართვებს თავად არისტოტელე ტოპებს უწოდებს. 
      ,,რიტორიკაში“ სჩანს ავტორის მიმბაძველი და შემგუებელი დამოკიდებულება არსებული სინამდვილის მიმართ. ის არც მსაჯულის როლში გვევლინება და არც დიდაქტიკოსი სწავლულისა, არც რაიმე სიახლის გადმოცემას ცდილობს, არამედ ის შემგროვებელია, რომელიც სისტემატიზირებას ახდენს არსებული, უკვე მოპოვებული, მის ეპოქამდე მოღწეული ცოდნისა და გამოცდილებისა. აკეთებს ერთგვარ შეჯამებას. მართალია, რიტორიკის ცნებაზე აღმატებით ხარისხში საუბრობს, როგორი განმარტებებითაც მანამ არავინ საუბრობდა, მაგრამ პათოსი იმთავითვე პლატონის მიერ გახლავთ ნაკარნახევი. 
     მრავალ საგულისხმო საკითხს ეხება არისტოტელე. საუბრობს ადამიანის რაობისა და საზოგადოებრივი დანიშნულების შესახებ, მათი ესთეტიკურ-მორალური შესაძლებლობებისა და შეუძლებლობების შესახებ. უპირისპირდება წამების პრაქტიკას, რომელიც შესაძლოა დამნაშავეთა მიმართ იქნას გამოყენებული ჭეშმარიტების დადგენის თვალსაზრისით. არისტოტელეს აზრით, შეუძლებელია წამებით მიღებული აღიარება ჭეშმარიტი იყოს, არამედ ასეთი იძულება ადამიანებს ცხოველებად აქცევს, სადაც ყოველგვარი მორალურობისაგან განძარცვაა შესაძლებელი. მოხუცებზე საუბრისას ამბობს, რომ ისინი ურცხვები და უტეხები არიან, რომლებსაც პრივილეგირებული სტატუსი აქვთ ასაკისა და ცხოვრებისეული გამოცდილებისა გამო, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად უნარიანები არიან ისინი. ახალგაზრდებზე საუბრისას კი მიუთითებს იმ საზოგადოებრივი შეხედულებების შესახებ, რომელთა საშუალებითაც აღიქმება ახალგაზრდას მოქმედებები და მისი პიროვნული შინაარსი. თავდაჭერილობისაკენაც მოუწოდებს არისტოტელე ახალგაზრდებს და გარკვეულწილად გამბედაობისკენაც, რათა საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ და ნეგატიურად არ შეფასდეს მათი მოქმედებები. 
      არისტოტელეს ტოპებში კარგად არის გამოკვეთილი წინარე ცოდნისა და გამოცდილების შეჯამება-სისტემატიზირება. ერთობ მოხერხებულად გამოსდის ეს ყოველივე სტაგირელ მოაზროვნეს, მკითხველი ხიბლში შეჰყავს, ცდილობს იყოს ზედმეტად უშუალო და ჩვეულებრივი, როგორიც ნებისმიერი ადამიანი და არა განყენებული რიტორი, რომელსაც ყველა მოწიწებით შეჰხარის[22].
      არისტოტელეს, უდავოდ გამორჩეულ და დიდი მნიშვნელობის მოაზროვნეს, ახასიათებდა მიმბაძველობა და შემგუებლობა. მართალია, პლატონთან დაპირისპირება და ცალკე მოღვაწეობის გაგრძელების პრეცენდენტი ჩვენ სხვაგვარად გვაჩვენებს არისტოტელეს, თუმცა მის ტექსტუალურ დეტალებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ პლატონს სრულიადაც არ განშორებია, არამედ ყოველთვის თავისი მასწავლებლის ჩრდილქვეშ მოღვაწეობდა. 
      ბუნებასთან სიახლოვის სურვილი არისტოტელეს ნაშრომებს თან ახლავს. ალბათ ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ ის ყოველი კერძო მეცნიერების უბადლო მცოდნე იყო და საკუთარი მიზნობრივი დაკვირვებებიც კი განახორციელა. შეიძლება, რომ არისტოტელეს დავაბრალოთ პლატონის ფილოსოფიის, ან არსის, როგორც გამოხატული ცნების ვერგაგება, მაგრამ ბუნების მეცნიერებათა და მემკვიდრეობით ცოდნას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ.
                                   
                            
                         თავი IV - ცნებობრივი აღრევა
                  
                     4.1.დემოკრიტეს ატომი და პლატონის იდეათა სამყარო

    როგორც წინარე თავებში აღვნიშნეთ, დემოკრიტეს ატომისტიკის არსი გამოხატულია მკაცრი და ერთსახოვანი ცნებით, რასაც ატომისა და სიცარიელის ჰარმონიული თანაარსებობა გვიჩვენებს. განუყოფელი, რომელიც იმთავითვე არსებობს, მოქმედებს უშრეთი ენერგიით, ის მიემართება თავის მსგავსს და იმდენადვე უახლოვდება, რამდენადაც შორდება. წარმოქმნილი დინამიური პროცესი ტრივიალურია და ჩვეულებრივი რეალობის თვალით აღუქმელი და შეუმეცნებელი. ასევეა პლატონის იდეათა სამყაროც. როდესაც ,,პარმენიდეში“ პლატონი საუბრობს ერთისა და მრავალის ცნებაზე, არსის პრობლემას განიხილავს, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია საგნის არსი, რაც გარეგან გამოხატულებას არ ექვემდებარება. პლატონისათვის არსებობს დაშვება, რაც შემდგომში საძირკველია ყოველი მსჯელობისა და განმარტებისა. დემოკრიტესთანაც ამგვარად არის წარმოდგენილი ატომი, როგორც საფუძველი, წინასწარი დაშვება, რაც გარდაუვალია და რასაც ექვემდებარება ყოველი ხილული საგანი თუ მოვლენა. 
       პლატონმა ისარგებლა დემოკრიტეს მოძღვრებით, ამაში გვარწმუნებს მთელი რიგი პასაჟები პლატონის ფილოსოფიისა. როდესაც ის სიკეთის ცნებაზე საუბრობს და განიხილავს მშვენიერებას, როგორც სიკეთის იგივეობრივს, აქვე ჩნდება წინასწარი დაშვების განზრახვა. თუ არ არსებობს წარმოდგენა რაიმეს შესახებ, რაც შეიძლება მშვენიერი იყოს, მაშინ მშვენიერების ცნებაც არ იარსებებს. მსგავსად შეიძლება ითქვას სიკეთეზეც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ სიკეთე უფრო მასშტაბური ცნებაა პლატონთან, ვიდრე მშვენიერება. 
     პლატონის იდეათა სამყაროში არ არსებობს საგანთა წინასწარი განსაზღვრება, საერთოდაც, საგანთა მნიშვნელობა უკიდურესად დათრგუნულია. არსებობს ერთარსი, რომელიც ყველაფერს განაპირობებს, რომლის ნაკლოვანი გამოხატულებაა ეგრედწოდებული სინამდვილე. დემოკრიტესთანაც მსგავსად გახლავთ: როცა ატომი მიემართება თავის მსგავსს, ის წარმოშობს ხილულ საგნებს, ბუნებასა და მატერიას, თუმცა ატომის შინაარსს უშუალო შემხებლობა არ გააჩნია ამ ხილულ მატერიასთან, ის, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური მამოძრავებელია, რომელიც მხოლოდ ქმნადობასა და დაშლას აწარმოებს. ატომთა სიმრავლეც საკამათო საკითხს წარმოადგენს დემოკრიტესთან. გასარკვევია, რამდენად ბევრი შეიძლება იყოს ატომი; თუ ეს უკანასკნელი გარეგანი სიმრავლით ხასიათდება, მაშინ შინაგანად ის აუცილებლად ერთი უნდა იყოს, რადგან შეუძლებელია ისეთი სიმრავლე არსებობდეს, რომელსაც არ გააჩნია შინაგანი ერთი. სწორედ აქედან გამომდინარეობს პარმენიდეს მოძღვრება, რომლის გადამუშავებულ ვარიანტს გვთავაზობს პლატონი თავის გამორჩეულ დიალოგში ,,პარმენიდე“. თუ ცალსახა ერთი არ არსებობს, მაშინ არც გარეგანი სიმრავლე არსებობს, როგორც ერთის საპირისპირო, არამედ არსებობს მთელი, რაც, ერთობლივად/თანადროულად სიმრავლეც არის და ერთიც. 
      შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დემოკრიტეც იდეალიზმის წარმომადგენელია ამ გაგებით, რადგან მასთან არ გვხვდება მატერიასთან ბმაში მყოფი ატომი. დემოკრიტესეული ატომი არ გახლავთ მატერიალური ერთეული, არამედ ის სრულად იდიალიზებული მთელია. სავარაუდოა, რომ პლატონის ჩანაფიქრი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ დემოკრიტეს წამოწყებული იდეალიზებული მთელის ცნება გადაემუშავებინა და მიეღო განფენილი სამყარო, რომელიც ჩვეულებრივ ატომთან შედარებით იქნებოდა რელატიური, სადაც მყოფი საგნები არ იარსებებდა, მაგრამ იარსებებდა საკრალური სიახლოვე მათ შორის. როცა პლატონი საუბრობს საგანთა პირველად სახებაზე, რაც იდეათა სამყაროდან განპირობდება, უთუოდ გულისხმობს წინსწრებით არსებულ სივრცეს და საგნებს, რომლებიც ამ სივრცეში არსებობენ და რომლებიც მსგავსნი არიან მატერიალური საგნებისა, მაგრამ ეს მსგავსება არ არის ჩვეულებრივი მსგავსება, რომელიც ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ. მათ, პლატონის გაგებით, საერთოდ არაფერი არ აქვთ საერთო არსობრივად, მაგრამ ისინი არიან მსგავსნი. აღნიშნულ უკიდურესობას ერთადერთი ახსნა აქვს: ყოფიერი, ასე ვთქვათ, ადამიანური სივრცე, სადაც ქმედითი მატერია ხორციელდება და ფრთებს ისხამს, გადაიქცევა წინაპირობად ყოველგვარი იდეალისტური სახებისა, რომლიდანაც შეიძლება განისაზღვროს იგივე მატერია, ანუ მატერია ჰქმნის იდეას და იდეა მკვიდრდება პირველად სახედ. თუ არ არსებობს წიგნი, შეუძლებელია არსებობდეს წიგნის იდეა, როგორც წინაპირობა წიგნისა. მიუხედავად იმისა, რომ პლატონისათვის ჩვენს რეალობაში არსებული საგანი უკავშიროა ამ საგნის ეიდოსთან, კავშირი მაინც გარდაუვალია, როგორც დემოკრიტეს ატომის კავშირი მის მიერ შექმნილ სინამდვილესთან. უნდა ვივარაუდოთ, რომ პლატონი მანიპულირებს არსებული საზოგადოების განათლების დაბალი დონით და მათ ფსიქოლოგიურ დამორჩილებას ეწევა. 
      დემოკრიტეს ატომის მისტიფიკაციას ახდენს პლატონი. იდეათა სამყარო გამოკვეთილია, როგორც ატომისა და სიცარიელის ქმედითი დაკავშირება, სადაც ატომის მოქმედების არეალს სიცარიელე წარმოადგენს. აქედან გამომდინარეობს ის ცრუსწავლებანი, რაც დროთა განმავლობაში დამკვიდრდა ნორმად, დემოკრიტეს ფილოსოფიის განმარტებად: თითქოს სიცარიელეში, აბსტრაქტულ სივრცეში, სადაც არაფერი არსებობს, ატომები არსებობენ მხოლოდ და ისინი მიემართებიან ერთმანეთს. არისტოტელეც ამდაგვარად განმარტავს ატომისტიკას, ისევე, როგორც მომდევნო ეპოქების მოაზროვნეები. სავარაუდოა, რომ პლატონი საკუთარი მოძღვრების შექმნის კვალდაკვალ საზოგადოებაში ეწეოდა დემოკრიტეს მოძრვრების საკუთარი ინტერპრეტაციით განვრცობას. სწორედ ამიტომ ჰგონიათ მკვლევარებს, რომ ატომების მოქმედება სიცარიელეში ხდება.
     
                          4.2.საგანთა დროში განუხორციელებლობა არისტოტელესთან და დემოკრიტესთან
           
          დროის პრობლემა არისტოტელესა და დემოკრიტეს ფილოსოფიას საკვანძო საკითხად ახლავს. მათთან არ არსებობს ერთსახოვანი დრო, რომელიც ყოფიერი დრო იქნებოდა, არამედ არსებობს საგნები, რომლებიც თავის შინაარსში შეიცვას დროს. ამით აიხსნება ის პარადოქსი, რასაც ვერ ჩაწვდნენ მომდევნო საუკუნეების მოაზროვნეები. ერთადერთი, შეგვიძლია პლოტინი დავასახელოთ, რომელმაც არისტოტელს ფილოსოფიის შემეცნება უკეთ მოახერხა და საკუთარ ფილოსოფიურ მოძღვრებაში დროის პოსტულატი შემოფარგლა საგანთა თვისებებით, მაგრამ ცალსახად არც ის საუბრობს საგნებისა და გარეგანი დროის იგივეობაზე. 
           არისტოტელეს მთელი რიგი სწავლება გამოიხატება საგნებისადმი ნდობითა და ერთგულებით. ამით ის ჰგავს დემოკრიტეს. ამ უკანასკნელის ფილოსოფია ინსპირატორი გახდა არისტოტელესი. საგნების არსებობა, როგორც დამოუკიდებელი შედეგობრივი ცვალებადობა უკვე უარყოფს გარეგანი დროის არსებობას, რომელიც შეიძლება სიცარიელის, ან რაიმე დაშვებული ინსტანციის სახით არსებობდეს, სადაც საგნები, ამ შემთხვევაში - ატომები იმოძრავებენ. დემოკრიტესთან მოძრაობა გაგებულია, როგორც ატომის შინაგანი სიცარიელე და ყოფნა იმთავითვე და არა ცვლადი ერთეულების სიმეტრიული განლაგება. ჩვენის აზრით, დემოკრიტეს ფილოსოფიის თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასთან არ არსებობს გარეგანი დრო, როგორც სიცარიელე, არამედ არსებობს საგნები, რომლებსაც შინაგანი დრო გააჩნიათ. 
         აღნიშნული განმარტებით, უნდა ვთქვათ, რომ საგნები დროში არ ხორციელდება, არამედ ისინი თავად წარმოადგენენ დროს და მიემართებიან საკუთარ თავსა და შინაარს. დიფერენცირებული შინაარსი ჰქმნის გარეგან გამოხატვას, სადაც საგნების მრავალნაირი ბუნება წარმოგვესახება. სინამდვილეში, ატომი ერთია და შეუძლებელია მისი სიცარიელეში ყოფნა, როგორც სივრცეში საგნისა, რომელ სივრცესაც უნდა ახასიათებდეს დრო. საკითხი მეტად რთულია. იქით, საითაც მიემართებოდნენ დემოკრიტეს ფილოსოფიის შემსწავლელები და დღესაც მიემართებიან, ჭეშმარიტება არ გვეგულება. ჩვენ ვამბობთ, რომ მატერია, რომელსაც წარმოშობს ატომი, ხდება საგნების წინაპირობა, მაგრამ თავად ატომი არ არის საგანი და ის არც დროშია განფენილი, ამდენად, არც სიცარიელეში. 
        ყურადღებაგასამახვილებელია ის ფაქტი, რომ დემოკრიტეს ნაშრომების სრული პოლიგრაფიული მასალა არ მოგვეპოვება. გამომდინარე აქედან, მის ინტერპრეტატორებს მეტად ფართო გასაქანი მიეცათ. როგორც სურთ, სუბიექტური ზრახვებით საუბრობენ და განიხილავენ მის სისტემას. ატომისტიკის ინდივიდუალურ გაგებათაგან ვერც ერთს ვერ მივიჩნევთ აბსოლუტურად სარწმუნოდ, რადგან მრავალგვარი ვარიაციის შესაძლებლობა არსებობს. 
     არისტოტელე თავის ნაშრომში ,,მეტაფიზიკა“ არაერთგზის ახსენებს დემოკრიტესა და ლევკიპეს, რომელთა მსოფლმხედველობას ზოგადი ფრაზებით გამოხატავს. სტაგირელი ფილოსოფოსისთვის უთუოდ დიდი ავტორიტეტია დემოკრიტე, ეს სჩანს მის ტექსტებში. აბდერელი ფილოსოფოსი არისტოტელემდე დაახლოებით საუკუნენახევრით ადრე მოღვაწეობდა, ამდენად, არისტოტელეს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონოდა დემოკრიტეს მსოფლმხედველობისა და მისი ფილოსოფიური მოძღვრების შესახებ, თუმცა მიზანმიმართულად არ გამოკვეთავს იმ დეტალებს, რაც შეიძლებოდა ჩვენთვის გამომდგარიყო რწმუნებად. ყოველი მასშტაბური მოაზროვნისათვის დამახასიათებელია წინარე მოაზროვნეთა გავლენების დათრგუნვა ან უარყოდა, თუმცა არისტოტელე არ ამჟღავნებს წინააღმდეგობას დემოკრიტეს მიმართ, პირიქით, მას იმოწმებს და მისი მოძღვრების განმარტებებს გვთავაზობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრიტეს ავტორიტეტი მისთვის მისაღებია. სწორედ აქედან გამომდინარეობს აბდერელი ფილოსოფოსის სისტემის ბუნდოვანი განმარტება. არისტოტელე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საუბრობს, სადაც კონკრეტულად არაფერს გვეუბნება ,,დიდი დიაკოსმოსის“, ან ,,მცირე დიაკოსმოსის“ შესახებ. 
      არისტოტელესთან საგანი დროში არ ხორციელდება და ამით ის ითავისებს დემოკრიტეს მოსაზრებებს. ასე ვთქვათ, დემოკრიტე გადაიქცა შტაგონებად არისტოტელესათვის. ,,რიტორიკაში“ ის საუბრობს ადამიანურ შესაძლებლობებზე, სიკეთეზე და სიკეთეთა მიმართებებზე. ბუნებისეული საგნობრივი არსებობა ადამიანზე კონცენტრირდება მასთან, მაგრამ ხდომილობის ალბათობას ვერაფრით საზღვრავს. 
      თუ სიკეთე თავისთავადი გაგვაჩნია, როგორც არსებული სინამდვილის სიმკვეთრე, მაშინ საგანი უნდა იყოს სიკეთეთა მიმღები და შემმეცნებელი ობიექტი, მაგრამ დროს რა დანიშნულება აქვს ამ შემთხვევაში?! ჩვენის აზრით, დრო ხდომილობას თან უნდა ახლდეს, როგორც შინაგანი სისავსე და არა გარეგანი განსაზღვრება. ანუ ადამიანი, რომელიც ობიექტია, იმთავითვე არის საგანი და სუბიექტური დრო, რადგან ის ხორციელდება საკუთარ თავთან ერთად და არა საკუთარი თავის გარეთ. ამდაგვარადვე გვესმის დემოკრიტეს აზრები, როცა ის საუბრობს ატომის განუყოფელი ნაწილის შესახებ. ატომს არ გააჩნია არანაირი ადგილი, სადაც შეიძლებოდა განფენილიყო, არამედ ატომი თავად არის ადგილი, რომელსაც ახასიათებს შინაგანი სიცარიელე. ჩვენის აზრით, სწორედ შინაგანი სიცარიელე სძენს ატომს სიმკვრივეს და ხდება მისი მრავალგზის დაყოფა. სინამდვილეში ატომი ერთია და მასში არსებული სიცარიელე ხდება დროისა და საგნების გარანტორი, რამეთუ ერთარსად მოვლენილი ატომი, რომელიც გარეგანია, არ მოძრაობს, არამედ მოძრაობს მისი შინაგანი სიცარიელე და ამ სიცარიელეში საგნები. დრო უძრაობაა.
            
                 4.3.პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიათა შედარებითი ანალიზი

    პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიათა ანალიზისას საჭიროა გავიხსენოთ მათი გამორჩეული ნაშრომები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ და გამოვკვეთეთ თითოეული მათგანის მნიშვნელობა. არ გახლავთ ადვილი მათი ტექსტების დეტერმინისტული განსაზღვრება, რამდენადაც ყოველი მომხიბვლელი ტექსტი სცდება ყოველგვარ შემოფარგვლას, თუმცა საჭიროება მოითხოვს ყურადღება გავამახვილოთ ამ ორი გენიალური მოაზროვნის მოძღვრებათა თავისებურებაზე. 
       პირველყოვლისა, აუცილბლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე მათგანს ცხოვრება მოუწია ისეთ გარემოში, სადაც სახელმწიფოებრივად საკმაოდ დასუსტებული გახლდათ ათენი, საზოგადოების რჩეული წევრები კი ყოველგვარი მანკიერებებით გამოირჩეოდნენ. უსამართლობა თან სდევდა მოაზროვნის ყოველდღიურ არსებობას. ამის ნათელი დადასტურებაა სოკრატეს სიკვდილით დასჯა და თავად არისტოტელესთვისაც იგივე განაჩენის გამოტანა. ამ უკანასკნელმა მოსწრო და განერიდა ათენს, თორემ სოკრატეს ბედს გაიზიარებდა. სწორედ ასეთი უსამართლობა, საზოგადოებისა და ხელისუფლების უმეცრება გახდა მიზეზი იმისა, რომ შექმნილიყო ისეთი ფილოსოფიური მოძრებები, რომლებიც განზოგადდებოდა, შეაღწევდა თითოეული უბრალო ადამიანის სახლში და ვიწრო ჯგუფების ინტერესებს უფრო მასშტაბურს გახდიდა. 
      სწორედ აქედან გამომდინარე, პლატონმა თავიდანვე მიზნად დაისახა ყოფილიყო ყოვლისმომცველი. ადრეულ წლებში იმოგზაურა აღმოსავლეთში. საგულისმოა, რომ პლატონი იმყოფებოდა ჯოუს დინასტიაში და უშუალოდ გაეცნო ლაო ძისა და კონფუცის მოძღვრებას. აგრეთვე, ინდოეთში მოგზაურობისას მას უნდა შეესწავლა ადრეინდური ვედები, რომელთა შინაარსი კარგად აისახა მის ფილოსოფიაში. პლატონის კვლევისას, ნაკლებად მიუთითებენ იმაზე, რომ კავშირი ინდურ და ჩინურ მოძღვრებებთან აშკარაა. 
     ამდაგვარად, არისტოტელემაც იმოგზაურა მცირე აზიის ქვეყნებში. მან შეისწავლა იქაური ბოტანიკა და ზოოლოგია, დააკვირდა ადამიანთან ცხოვრების წეს-ჩვეულებებს. თავის მხრივ, არისტოტელემ საკუთარ თავზე გამოსცადა უცხო ქვეყნებში ხეტიალის სიამოვნება და უშუალოდ შეიგრძნო მოვლენების სიმძაფრე, ეს ყოველივე კი მის მოძღვრებაში აისახა. მოგვეხსენება, არისტოტელეს ტექსტების უმრავლესობა საკმაოდ გვიან დაიწერა, დაახლოებით (ძვ.წ) 340-დან 322 წლებამდე. 
     არისტოტელეს ფილოსოფია მოვლენათა აღწერის დინამიკით გამოიჩევა, ყოველი ხელშესახები მეცნიერების კვლევა-შესწავლით, სადაც ფილოსოფოსი თავს კომფორტულად გრძნობდა. განსაკუთრებით ეყრდნობა და იზიარებს ემპედოკლესა და ანაქსაგორას სწავლებებს... მართალია, პლატონს პირდაპირი კრითიკით არ ეხმაურება, მაგრამ შეფარულად აშკარად მიუთითებს ძველი მოჭიდავის კრიტიკაზე. მთელი ,,მეტაფიზიკა“, რომელიც არისტოტელეს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაშრომად ითვლება, პლატონის კრიტიკაა. არსება და მოვლენა, რაც პლატონმა ერთმანეთისაგან გამიჯნა, არისტოტელესათვის მიუღებელია ასე დიფერენცირებული და განცალკევებული, არამედ მისთვის ერთმანეთზე ზემოქმედებენ. არსის გადაწყვეტის საკითხი არისტოტელესთან ცოტა არ იყოს ბუნდოვანია, თუ არ ჩავთვლით ელეელთა მოძრვრებების გადამუშავებასა და მთელი რიგი მაგალითების წარმოდგენას, სადაც არისტოტელე ცდილობს საგნის არსების შესახებ დასკვნები შემოგვთავაზოს. მის ფილოსოფიაში მკაფიოდ სჩანს პლატონის გავლენა. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ არისტოტელემ ვერ გაიაზრა პლატონის ფილოსოფია... რადგან ენციკლოპედიური ცოდნა და ცალკეულ ბუნებისმეცნიერებათა შესწავლა არ გულისხმობს ცნებობრივი დიალექტკის განაზრების უნარს. შეგვიძლია არისტოტელე დავზრახოთ პლატონის მოძღვრების ვერგაგებისათვის, მაგრამ, ამავდროულად, პლუსადაც ჩავუთვალოთ, რადგან სხვაგვარად ვერ წარმოიშობოდა მატერიალისტური ფილოსოფიის სისტემატიკოსი, თავისი გლობალური ტექსტებით და დარჩებოდა მხოლოდ პლატონის მოსწავლე, ვინმე არსიტოტელე სტაგირელად. 
     ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი საქმე პლატონის გავლენებში დამოუკიდებელ მოაზროვნედ ჩამოყალიბება, ამიტომაც ვერ შესძლო ადრეულ ასაკშივე დამოუკიდებელი, ზოგადი მნიშვნელობის ნაშრომების შექმნა არისტოტელემ. თუმცაღა პლატონის აკადემიაში ყოფნამდე, ვიდრე პლატონის სიკვდილამდე, საგულისხმოა, რომ არისტოტელეს შეექმნას არაერთი ნაშრომი, რომელიც ლოკალურ წრეებს არ გასცდენია, მაგრამ მაინც საკმარისი აღმოჩნდა პლატონთან იდეოლოგიური დაპირისპირების წარსამართად. პლატონის აკადემიაში 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ არისტოტელე გაეცალა აკადემიას მასწავლებლის გარდაცვალებისთანავე, მოამზადა ნიადი და დამოუკიდებელ კვლევა-ძიებას შეუდგა, აკადემიაში მიღებული ცოდნა კი საკუთარი მოძღვრების შექმნას მოახმარა. 
პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფია იმ საკვანძო საკითხებს შეიცავს, რომელთა შესახებ მსჯელობა-დისკუსია საკაცობრიო მოთხოვნილებაა. შეუძლებელია, რომ უყურადრებოდ დატოვოს ადამიანმა მათი მოღვაწეობა, მათი ფილოსოფია არ შეისისხლხორცოს... ნაკლებმნიშვნელოვანია, რამდენად დაეთანხმება მოაზროვნე მათი მოძღვრებების შინაარსს, მთავარია ტექსტების ნაწილად წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი, არისტოტელე და პლატონი ხომ დღესაც ჩვენს წიაღში იმყოფებიან თავიანთი ყოვლისმომცველი იდეებით. 
      მართალია, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფია გარკვეულწილად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ უმთავრესი საკითხი, რაშიც ისინი თანხმდებიან, გახლავთ სიკეთისა და ჭეშმარიტების საკითხი.
      
                                    დასკვნა
        აღნიშნულ ნაშრომში, ,,სუბსტანციალობის პრობლემა დემოკრიტეს, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში“, განვიხილეთ სამივე მოაზროვნის მიერ წარმოდგენილი ფილოსოფიური სისტემები და შევეცადეთ ერთმანეთისთვის დაგვეკავშირებინა მათი მოძღვრებები. თითოეული მათგანის აზროვნებაში უმთავრეს წინაპირობად მივიჩნევთ ჰილოძოისტ მოაზროვნეებს, თალესს, ანაქსინამდრეს, ანაქსიმენს, ჰერაკლიტეს, ემპედოკლესა და ლევკიპეს, რომელბმაც განსაზღვრეს იმდროინდელი ბერძნული ცნობიერება, დააყენეს რა არხეს საკითხი, ყოფითი არსებობის სიამეს კითხვის ნიშანი დაუსვეს. არხე ჩვენ უნდა გავიგოდ არსად, როგორც პირველად ხდომილობად. შემდგომი პერიოდის მოაზროვნეები, იქნებოდნენ ისინი პითაგორელები, სოფისტები, ელეელები, იონელები, დემოკრიტელები, პლატონიკოსები თუ არსიტოტელიკოსები - ერთმანეთთან მჭიდრო ბმაში იმყოფებიან. მათი მოძღვრებები ცალკეული და მთლიანია, მაგრამ ერთმანეთში მონაცვლეობს ცნებები. მართალია, სხვადასხვა სახელით გამოიკვეთებიან და ფიგურირდებიან, მაგრამ ამ მოძღვრებათა ცნებობრივი მსგავსება უდავოა. 
      ჩვენი ნაშრომით ვამტკიცებთ, რომ დემოკრიტეს ატომი, პლატონის იდეათა სამყარო და არისტოტელეს უძრავი მამოძრავებელი, რაზეც ის ,,მეტაფიზიკაში“ საუბრობს, ერთი და იგივე შინაარსით ხასიათდება. ამაში გვარწმუნებს დემოკრიტეს მოძღვრების განმარტებები სხვადასხვა მოაზროვნეების მიერ, რაზეც ,,ფრაგმენტებშია“ საუბარი, სადაც დემოკრიტეს ფრაზების შესაძლო თქმულების შესახებაც მიუთითებს ესა თუ ის მოაზროვნე; აგრეთვე ვრწმუნდებით პლატონისა და არსიტოტელეს ტექსტების გაცნობისას, რომ გარეგანი მოჩვენებითი წინააღმდეგობა სინამდვილეში უაღრესი თანხმობაა. პლატონის ანტაგონიზმიც დიდის სიყვარულითა და სათნოებით გახლდათ ნაკარნახევი, ისევე, როგორც არისტოტელეს წინააღმდეგობა პლატონის მიმართ. საბოლოოდ, ისინი გახდნენ დემოკრიტეს იდეოლოგიური მემკვიდრენი, რომლებმაც საკუთარი ორიგინალობები შეჰმატეს ტექსტებს. ამიტომ არ ახსენებს პლატონი დემოკრიტეს; მართალია, არისტოტელე დემოკრიტეს რამდენიმე ნაშრომში ახსენებს, მაგრამ ზედაპირულად, თითქოს არქაულ პერსონაჟზე საუბრობდეს, რომელტანაც რეალობას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს, ან ღვთაებაზე, რომლის სიტყავაც უცილობელი ჭეშმარიტებაა. პლატონმა მაშინ გამოავლინა დემოკრიტესადმი დიდი პატივისცემა, როცა ,,პარმენიდე“ დაწერა, რადგან დემოკრიტესეული მოძრავი და გარდამავალი არსის პრობლემა გამოკვეთა სწორედ პარმენიდეს პირით, რომელიც ელეელთან იდეოლოგად ითვლებოდა. რაც შეეხება პლატონისა და არსიტოტელეს ურთიერთმიმართებას: ის, რაც პლატონმა გააკეთა დემოკრიტეს მიმართ, იგივე მოიმოქმედა არისტოტელემ პლატონის მიმართ. აიღო პლატონის მოძღვერება, გადაამუშავა, ცნებებს სხვა სახელები უწოდა და საზოგადოებას მიაწოდა, უმეტეს შემთხვევაში კი ცნებები უგულვებელჰყო. დემოკრიტე, პლატონი და არისტოტელე ერთი მთელის სამი ნაწილია.
 
                                   გამოყენებული ლიტერატურა

1_ ,,ფრაგმენტები, წერილები“, დემოკრიტე-ეპიკურე, თბილისი, 1959 წ. თარგმანი თამარ კუკავასი.
2_ Metaphysica 4, 1078 b 19
3_ ,,ენნეადები“, პლოტინი, გამომცემლობა carpe diem, თბილისი, 2015 წ. თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა.
  4_ ,,ისტორიციზმის სიღატაკე“, კარლ პოპერი, გამომცემლობა ,,იოანე პეტრიწი“, თბილისი, 2006 წ. თარგმანი მარინე ომბოკაძისა.
5_ ,,ანტიკური ფილოსოფია“, სავლე წერეთელი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1968 წ.
6_ ,,ადრეული დიალოგები“, წიგნი I. პლატონი, ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბილისი, 2013 წ. თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა.
  7_ ,,ნადიმი“, პლატონი, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1964 წ. თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა.
8_ ,,ბერძენი ფილოსოფოსები“, უილიამ გათრი, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1983 წ. თარგმანი გიორგი ნოდიასი.
9_ ,,პარმენიდე“, პლატონი, გამომცემლობა Carpe diem, 2016 წ. თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა
10_ ,,სახელმწიფო“, პლატონი. თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა. 
11_ ,,თავისუფლება და კანონი“, ბრუნო ლეონი, ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბილისი, 2015 წ. თარგმანი თეონა ბითაძისა.
12_ ,,რვა საუბარი ბომბეიში“, ჯიდუ კრიშნამურტი, გამომც. ,,მერანი“, თბილისი, 2004 წ. თარგმანი დავით კახაბერისა.
13_ ,,მეტაფიზიკა“, არისტოტელე, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1964 წ. თარგმანი თამარ კუკავასი.
14_ ,,რიტორიკა“, არისტოტელე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1981 წ. თარგმანი თამარ კუკავასი.
15_ ,,ფედონი“, პლატონი, გამომცემლობა ,,ნაკადული“, თბილისი, 1966 წ. თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა.

[1] ,,ფრაგმენტები, წერილები“, გვ.48. დემოკრიტე-ეპიკურე, თბილისი, 1959 წ. თარგმანი თამარ კუკავასი.
[2] Metaphysica 4, 1078 b 19
[3] ,,ფრაგმენტები, წერილები“, გვ.63. დემოკრიტე-ეპიკურე, თბილისი, 1959 წ. თარგმანი თამარ კუკავასი.
[4] ,,ფრაგმენტები, წერილები“, გვ.98. დემოკრიტე-ეპიკურე, თბილისი, 1959 წ. თარგმანი თამარ კუკავასი.
[5] ,,ენნეადები“, გვ. 92. პლოტინი, გამომცემლობა carpe diem, თბილისი, 2015 წ. თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა.
[6] ,,ისტორიციზმის სიღატაკე“, გვ. 28. კარლ პოპერი, გამომცემლობა ,,იოანე პეტრიწი“, თბილისი, 2006 წ. თარგმანი მარინე ომბოკაძისა.
[7] ,,ანტიკური ფილოსოფია“, გვ. 169. სავლე წერეთელი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1968 წ.
[8] ,,ადრეული დიალოგები“, წიგნი I. გვ. 195. პლატონი, ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბილისი, 2013 წ. თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა.
[9] ,,ნადიმი“, პლატონი, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1964 წ. თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა.
[10] ,,ბერძენი ფილოსოფოსები“, გვ. 19. უილიამ გათრი, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1983 წ. თარგმანი გიორგი ნოდიასი.
[11] ,,ბერძენი ფილოსოფოსები“, გვ. 26. უილიამ გათრი, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1983 წ. თარგმანი გიორგი ნოდიასი.
[12] ჩვენთვის უცნობი პიროვნება, პლატონის მოწაფის - არისტოტელე სტაგირელის მოსახელე.
[13] ,,პარმენიდე“, გვ.64. პლატონი, გამომცემლობა Carpe diem, 2016 წ. თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა.
[14] ,,პარმენიდე“, გვ.99. პლატონი, გამომცემლობა Carpe diem, 2016 წ. თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა.
[15] ,,სახელმწიფო“, პლატონი. თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა. 
[16] ,,თავისუფლება და კანონი“, გვ. 32. ბრუნო ლეონი, ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბილისი, 2015 წ. თარგმანი თეონა ბითაძისა. 
[17] ,,რვა საუბარი ბომბეიში“, გვ.15. ჯიდუ კრიშნამურტი, გამომც. ,,მერანი“, თბილისი, 2004 წ. თარგმანი დავით კახაბერისა. 
[18] ,,მეტაფიზიკა“, გვ. 91. არისტოტელე, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1964 წ. თარგმანი თამარ კუკავასი.
[19] ,,მეტაფიზიკა“, გვ. 161. არისტოტელე, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1964 წ. თარგმანი თამარ კუკავასი.
[20] ,,მეტაფიზიკა“, გვ. 243. არისტოტელე, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1964 წ. თარგმანი თამარ კუკავასი.
[21] ,,რიტორიკა“, გვ.35. არისტოტელე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1981 წ. თარგმანი თამარ კუკავასი.
[22] ,,რიტორიკა“, არისტოტელე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1981 წ. თარგმანი თამარ კუკავასი.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - პოლიტიკური ფილოსოფიის რენესანსი ლეო შტრაუსთან გორვანელი - პოლიტიკური ფილოსოფიის რენესანსი ლეო შტრაუსთან ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - ფილოსოფოსთა სავანეში გორვანელი - ფილოსოფოსთა სავანეში ჟურნალი / სტატიები / პოეზია / მომხმარებლები გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ ჟურნალი / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge