გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - პოლიტიკური ფილოსოფიის რენესანსი ლეო შტრაუსთან

                    ტექსტი წაკითხულ იქნა ამერიკისმცოდნეობის მეცხრამეტე საერთაშორისო კონფერენციაზე თსუ-ში, 2018 წელს.
             

             როდესაც პოლიტიკურ ფილოსოფიაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ანტიკური პერიოდი და ორი გენიალური ფილოსოფოსი - პლატონი და არისტოტელე, სწორედ მათ ტრაქტატებს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი დებულება, რომლებმაც გაუძლო დროსა და სივრცეს, ასაზრდოვა შუა საუკუნეებისა და მომდევნო პერიოდების აზროვნება.            
             ლეო შტრაუსი ანტიკური ფილოსოფიის მეხოტბედ გვევლინება. მისი ამოსავალი პრინციპები პლატონისა და არისტოტელეს ნაშრომებით განისაზღვრება და მიაჩნია, რომ სოკრატეს სივდილით გამოიკვეთა პოლიტიკური ფილოსოფიის ავანსცენა. შტრაუსი ანტიკურობაში დაბრუნებისაკენ მოგვიწოდებს, მას ყოველგვარი ამაღლებული ცნება ანტიკურობის განუყრელ ნაწილად მიაჩნია. 
           საუკუნეების განმავლობაში არაერთი მოაზროვნე შეეხო პოლიტიკური ფილოსოფიის საკითხს, მათ შემოგვთავაზეს დებულებები, განმარტებები და სისტემის დამკვიდრებასაც კი ეცადა რამდენიმე მათგანი.
         მაკიაველისათვის პოლიტიკური დისკურსი ფუნდამენტური მნიშვნელობის გახლდათ. ,,მთავარში“ ის სიღრმისეულად განიხილავს საზოგადოებისა და ხელისუფლების ეთიკურ საწყისებს, მისი თქმით, კერძო მორალით არ უნდა იყოს განსაზღვრული ხელისუფლების მოქმედება, რადგან ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს სახელმწიფოს მთლიანობისათვის. 
          ჰობსთან და სპინოზასთან გვხვდება ფილოსოფიურ-პოლიტიკური საკითხების სიღრმისეული განხილვა. 
         ,,ლევიათანში“ თომას ჰობზი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არის ხელოვნური ადამიანი, მაგრამ უფრო მასშტაბური, ძლიერი და მოწესრიგებული, ვიდრე ბუნებრივი ადამიანი. სწორედ ამ ბუნებრივი ადამიანისათვის არის შექმნილი ეს ,,ხელოვნური ადამიანი“, მისი დაცვისათვის და საბოლოო სრულყოფილებისათვის. 
          ბარუხ სპინოზას აზრით, სამყაროსთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ ადამიანის არსებობა. ის თავის გამორჩეულ ნაშრომში ,,ეთიკა“ ასაბუთებს, რომ უმაღლესი სათნოებაა ინტელექტუალური სიყვარული ან ცოდნა. სახემწიფოს მთლიანობის ცნებაც ამ ინტელექტუალური ცოდნის შედეგად იქნება გათავისებული. 
          უფრო მოგვიანებით კი - ჰეგელთან, მარქსთან და ნიცშესთან გვხვდება პოლიტიკური ფილოსოფიის საფუძვლების განხილვა. 
        ვილჰემ ჰეგელმა დიამეტრალურად შეცვალა ისტორიის გაგება. მისი გამორჩეული ნაშრომი ,,გონის ფენომენოლოგია“ ფუნდამენტურად იკვლევს სუბიექტისა და ობიექტის მიმართებას, სახელმწიფოს მთლიანობის ინდივიდუალურ და კოლექტიურ გაგებას. აღნიშნულმა ნაშრომმა დიდი გავლენა მოახდინა კარლ მარქსის მსოფლმხედველობაზე, თუმცა მარქსის ტრაქტატები აბსოლუტურად განსხვავებული სულისკვეთებით არის განმსჭვალული, რაც დროთა განმავლობაში განივრცო და განზოგადდა არაერთი სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 
             ნიცშესთან ვხვდებით აბსოლუტური დიქტატის - სუბიექტის განუზომელ ძალაუფლებას, რომელიც მიზნობრივად ზოგადდება და გვთავაზობს ზეკაცის ცნებას. ნიცსშეს ფილოსოფიამ, ისევე, როგორც მარქსის ფილოსოფიამ, მომდევნო ათწლეულებში დიდი გავლენა მოახდინა არაერთი სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
         აღნიშნული მაგალითების მოყვანა საჭიროდ იმიტომ მივიჩნიეთ, რომ თვალნათლივ გვეჩვენებინა ლეო შტრაუსის მსოფლმხედველობითი არეალი. ზემოაღნიშნული მოაზროვნეების პოლიტიკურ მოძღვრებათა ვრცელ რეცეფციას გვთავაზობს შტრაუსი. ის მიუთითებს ყოველი ეპოქის მახასიათებელზე და საბოლოო, იდეოლოგიურ სუბსტანციას ანტიკურობაში ხედავს. შტრაუსისათვის ნომენკლატურული ბარიერი გადაულახავია. მისი აზრით, განვლილი ეპოქები უნდა შევითვისოთ და აწმყოში წარმოვაჩინოთ მთლიანობის სახით. სწორედ ამის მცდელობაა მის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ნაშრომი, რომლებშიც შეეცადა აესახა განვლილი ეპოქები პოლიტიკური ფილოსოფიის რაკურსით. 
           ,,იერუსალიმი და ათენი“ ლ. შტრაუსის გამორჩეული ნაშრომია, რომელშიც ორიგინალურად ასახავს ორი უმნიშვნელოვანესი კულტურისა და ტრადიციის თავისებურებებს. ყურადღებას ამახვილებს ეპოქათაშორის პოლიტიკურ ვითარებაზე და ფილოსოფია აუცილებელ პირობად შემოჰყავს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. ამ ნაშრომში კონკრეტულ ადამიანზე მაღლა დგას იდეა და ტრადიციის სიყვარული, რაც საერთო აღქმასა და გათავისებაში გვეხმარება. აგრეთვე, მისი საყურადღებო ნაშრომია ,,რა არის პოლიტიკური ფილოსოფია?“. ამ თხზულებაში ანტიკური კულტურის თავისებურებებს გვიჩვენებს და პოლიტიკური ფილოსოფიის საფუძვლებთან გვაკავშირებს. მისი აზრით, ფილოსოფიის საფუძველი იმთავითვე პოლიტიკურია, პოლიტიკისაგან დაცლილი ფილოსოფია კი განწირულია განადგურებისათვის, რადგან ყოველდღიური პროცესების ფილოსოფიისაგან ჰიპოსტაზირებით იკარგება ჭეშმარიტი ვექტორი. განყენებულად, ფილოსოფია იკვლევს არსებობის სუბსტანციას ზოგადად და არა კონკრეტული გარემოების მიზეზსა და მიზანს. ეს მიუღებელია შტრაუსისათვის. აღნიშნული გამოვლინებით, ლ. შტრაუსი უნდა მივიჩნიოთ მატერიალისტად, რომელსაც პრაგმატული მეთოდი აქვს არჩეული ადამიანისა და სამყაროს ურთიერთმიმართების ასახსნელად. 
           ლეო შტრაუსის ადრეული წლები უკავშირდება მარბურგის უნივერსიტეტს და ნეოკანტიანურ გავლენებს. მომდევნო პერიოდში მან ფრაიბურგის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლას, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ: ედმუნდ ჰუსერლი და მარტინ ჰაიდეგერი. აღნიშნული ფილოსოფოსების გავლენები აშკარად იგრძნობა შტრაუსთან, თუმცა მათი მსოფლმხედველობისაგან განსხვავებით, ჩანს პოზიტივისტური სწრაფვა და ყოფითობის პრაგმატული გაგება. 
          ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ანტურ კულტურაში დაბრუნება მრავალმა მოაზროვნემ სცადა, თუმცა შეუძლებელია წარსულის აბსოლუტური რეინკარნირება თუ ამისათვის არ არის საზოგადოებრივი მზაობა. ყოველი ეპოქა განსხვავებულ კულტურას ჰქმნის, რომელიც არასოდეს განმეორდება იგივეობრივი შინაარსით. დაბრუნების მცდელობა მისასალმებელია, რადგან გიყვარდეს ტრადიცია - ნიშნავს გიყვარდეს მთლიანობა და საკუთარი თავი დააფიქსირო ამ მთლიანობის ნაწილად, მაგრამ იგივეობრივი თვალთახედვით ჭვრეტის მცდელობა (რაც შეიძლება კონკრეტული ეპოქისთვის ყოფილიყო დამახასიათებელი) იმთავითვე უკან გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩავთვალოთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერც ერთ ეპოქაში ვერ განხორციელდა ნამდვილი ,,დაბრუნება“, რადგან რესტავრაცია არ ნიშნავს აღდგენას პირვანდელი ფორმითა და შინაარსით, ამგვარი აღდგენა მოჩვენებითია. რეალურად კი, არსებობს ახალი კულტურა, კონკრეტული ეპოქისათვის დამახასიათებელი მთლიანობა, რომელიც განუმეორებელია. ფრაგმენტული ეპიზოდების განმეორება ბუნებრივია და ეს სავსებით ტრივიალურად ხდება, ყურადღების გამახვილებადაც რომ არ ღირს. ადამიანური, შინაგანი ბუნება გვაიძულებს ამაღლებულისაკენ სწრაფვას, თუმცა, რეალურად, ჩვენ არც კი ვიცით, რა შეიძლება იყოს ამაღლებული. რაც ოდესღაც მოხდარა, ის გვგონია განვითარების მწვერვალი და ამ შეგრძნებით ვცხოვრობთ აწმყოში. მსგავსი გაგება დამღუპველია, რადგან დღევანდელი წამის განცდას ვკარგავთ, ვუახლოვდებით იმ უკიდურესობას, სადაც მთლიანობისა და ჭეშმარიტების ადგილი არ მოიძებნება. 
            ლეო შტრაუსის ,,დაბრუნების“ მცდელობაც არ გახლავთ ჯანსაღი და მრავალგვარ ლაფსუსს შეიცავს თავის არსში. დავიწყოთ იქიდან, რომ მისი ფილოსოფიის ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს ფაქტების მნიშვნელობები წარსულიდან, წარსულის ეპოქალური დატვირთვითა და შინაარსით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ნამდვილი დაბრუნება განვახორციელოთ, ამისათვის წარსულს უნდა მოვაშოროთ წარსულის მნიშვნელობა და აწმყოში დავამკვიდროთ - მთლიანობის სახით. ცალკეულ ეპოქათა წვდომა და მათი შინაარსის ბრმად გადმოტანა არაფერს გვარგებს, ჩვენ გვესაჭიროება ეპოქათა მთლიანობის წვდომა, მათი ადეკვატური გაგება, თანამედროვე ტენდენციებზე მორგება და განსჯა. შტრაუსთან ვხედავთ პოლიტიკური ფილოსოფიის აღორძინების მცდელობას, მაგრამ ეს მცდელობა ყოველგვარ შედეგს მოკლებულია. როცა მის ნაშრომებს ვკითხულობთ, გვიჩნდება განცდა, რომ მეოცე საუკუნის ადამიანი გველაპარაკება ანტიკური კულტურის სახელით და აბსოლუტური, ბრმა მიბაძვით. შტრაუსი ნორმატიული პარადიგმიდან აწარმოებს დიდაქტიკურ სწავლებას და, რეალურად, გვიბიძგებს წარსული გადმოვიტანოთ წარსულის მნიშვნელობით, გადაუმუშავებლად, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე. მასთან არ ხორციელდება წმინდა რეცეფცია, რადგან ცნებათა გარეგნული სახე მოჩვენებითად იცვლება, მნიშვნელობები კი - უცვლელი რჩება.
            ყველაფრის მიუხედავად, ლეო შტრაუსი უნდა მივიჩნიოთ პოზიტიური მატერიალიზმის წარმომადგენლად, რომლის იდეებსაც კონკრეტული ლოკალიზების წერტილი ანტიკურობაში აქვს. ის ანტიკურობის თვალით ჭვრეტს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ვითარებას. მისთვის გონებას იდეალისტური საფუძვლები გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალისტურ კონცეფციას მივაკუთვნებთ მის მსოფლმხედველობას, მისთვის გონება არ გარდაისახება და არ განიცდის მრავალნაირ მოდერნიზაციას, არამედ ურყევი და მონისტურია. 
           რეალურად, პოზიტიური მატერიალიზმი გაორებაა. სიკეთესა და ბოროტებას შორის შუალედია, ცასა და მიწას შორის არსებული სივრცეა. ეს არის სრული მდგრადობის გზა, აბსოლუტური მთლიანობისა, რომელიც ერთ წერტილში გვთავაზობს ღმერთსა და მატერიას. არსობრივად, პოზიტიური მატერიალიზმისათვის არ აქვს მნიშვნელობა ღმერთი არის მატერიის ადგილზე თუ პირიქით. მთავარი პირობა გონების მატერიალისტური საფუძვლებია. შტრაუსთან ეს აუცილებელი პირობა არ სრულდება, მაგრამ პოზიტიურ მატერიალიზმს მაინც უნდა მივაკუთვნოთ მისი მსოფლმხედველობა, რადგან მოდერნიზაციისა და მარადიული დაბრუნების სურვილი ნაწილობრივ ჩანს. ცხადია, რომ ჭეშმარიტად არ ხორციელდება მისი დაბრუნების მცდელობა, რადგან გონება სათანადოდ არ არის გათავისუფლებული მკვდარი ფაქტების გავლენებისაგან, ამიტომაც შტრაუსის გონება იდეალისტურ საფუძვლებზე რჩება, რაც აფერხებს შედეგობრივ სვლას. 
        ლეო შტრაუსი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნეა. პოლიტიკური ფილოსოფიის თეორეტიკოსი, რომელმაც, მართალია გავლენებისაგან გათავისუფლების გარეშე და დამახინჯებული ფორმებით, მაგრამ მაინც წარმოგვიდგინა განვლილ საუკუნეთა შესაძლო მთლიანობა. მისი ნაშრომები საზრისული ძიების დაუცხრომელი ენერგიით არის აღსავსე. თანამედროვე სამყაროში იშვიათია მსგავსი გულწრფელი სურვილი ტრადიციის ფესვებთან დაბრუნებისა, შტრაუსის მთელი ცხოვრება ამ მიზანს ემსახურებოდა. რთულია, რომ ადამიანს მოვთხოვოთ სრულყოფილი წვდომა წარსულისა, მისი გათავისება და მთლიანობის სახით წარმოდგენა, თუმცა მცდელობაც დიდად დასაფასებელია. 
           პოლიტიკური ფილოსოფიის მნიშვნელობა ყოველი ეპოქისათვის გათავისებული იყო, თუმცა მეოცე საუკუნე ამ თვალსაზრისით გამორჩეული აღმოჩნდა. დრო აჩქარდა, სტრატეგიათა გამუდმებითი მონაცვლეობა გახდა საჭირო; თეორეტიკოსებმა თავიანთი ჩვეული ფუნქცია დაკარგეს. ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეზღუდა ადამიანური გონების მრავალფეროვნება, დააკონკრეტა და მიზნობრივად განსაზღვრა. მიუხედავად ამისა, მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი პოლიტიკური ფილოსოფიის აპოგეად იქცა. 
          ფილოსოფიურმა დოქტრინებმა განსაზღვა მართვის ეფექტიანობა. პოლიტიკური გეგმები და გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა იდეებს, რომელი იდეებიც შემაძრწუნებლად გამოიყურებოდა. პოლიტიკა არასოდეს არსებულა ფილოსოფიის გარეშე. 
         სრულქმნილი პოლიტიკა ჭეშმარიტი ფილოსოფოსებისაგან განისაზღვრება.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - რა დროს ჰუმანიზმია გორვანელი - რა დროს ჰუმანიზმია ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები მიხეილ გოგატიშვილი - მტრისა და მოყვრის ცნებათა ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა (კარლ შმიტი _ ლეო შტრაუსი) მიხეილ გოგატიშვილი - მტრისა და მოყვრის ცნებათა ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა (კარლ შმიტი _ ლეო შტრაუსი) ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge