გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ჯოზუე კარდუჩი - ლექსები


                                                    იტალიურიდან თარგმნა ნიკოლოზ შამუგიამ       

მარტინეობა

ჟინჟღლავს, განძარცვულ გორაკებს
ნისლი აჰყვება მაღლა,
ზღვა ღმუის, ქარი აღელვებს,
თეთრად ქაფდება ტალღა.
სოფლად კი დაღვინებული
მაჭრის სურნელი მარნებს
გადუფრენს, შუკებს ედება,
გულს სიხარულით ავსებს.
ბუხარში ჯირკთან ტკაცუნით
იწვის მწვადები ღველფზე,
დგას მონადირე ზღურბლთან და
სტვენს, გაოცებით შესცქერს
ალისფრად ფერილ ღურბლებში
ჩიტების გუნდის ნავარდს –
ფიქრივით მქროლნი დაისის
ბინდს მიჰყვებიან ლაღად.


ანის

სუმბულთა კონით, მაგ თვალებივით ისრიმისფერით,
დავაკაკუნე მე შენს დახურულ სარკმელზე, ანი.
შეხე: აკოცა მზემ მოლიცლიცე სხივთა ღიმილით
ღრუბელს და უთხრა: – მიმოიფანტე! გამოვა დარი.
ყური დაუგდე: გრილი შრიალით აცილებს აფრას
ალპების ქარი: – ქათქათა აფრავ, გასცურე, გასწი!
დატკბი: ვარდისფერ ატმის ყვავილებს ეწვია ჩიტი,
ჟღურტულებს: – ხეო, რა მათრობელი სურნელით ჰყვავი!
და დაატყვევებს გულს პოეზია, მარადი ღმერთი,
ხმობს: – განგიახლდეს, ბებერო გულო, ვაჟური ძალი!
და ჩემი გულიც მაგ ზღაპრისფერი თვალების კრთომით
ცოცხლობს და გხადის: – მიმღერე ტრფობის სიმღერა წყნარი!


ხარი

ხარო, მიყვარხარ, ღვთივცხებულო, შენს შემხედვარეს
ძალის, სიმშვიდის ტფილი განცდა გულში მეღვრება,
როს ხან ძეგლივით დიდებული დგახარ მინდორზე
და მობიბინე საძოვრები თვალწინ გეშლება,
ხან კი ხალისით, ქედნაკურთხო, ეწევი უღელს,
საშური საქმე გუთნისდედას უმსუბუქდება,
ჰამოს დაგძახებს, ოროველა შეგმატებს ღონეს,
პასუხად სათნო თვალთა მზერა დაუბრუნდება.
სველ და დაბერილ ნესტოთაგან ორთქლის ნაკადად
აფრქვევ მშვიდ სუნთქვას და შენს ბუბუნს მთათა კალთები
ამო სიმღერად შორს იტაცებს და დაიუნჯებს;
და მაგ ბუდეშურ ისრიმისფერ, ბრიალა თვალთა
ძალუმ სილბოში ირეკლება მინდორ-ჭალების
უკიდეგანო ღვთაებრივი მწვანე სიჩუმე.


ძველი გოდება

ხე, პაწაწინა ხელით
რომ ეხებოდი უწინ,
ალისფერყვავილება,
ხასხასა ბროწეული,
მოწყენილ, ეულ ბაღში
კვლავ ახავერდდა მწვანედ,
თიბათვე სინათლით და
სხივთა ალერსით ალხენს.
ყლორტო, შენ, ჩემი ფუძის,
ვნებულო, გადამხმარო,
სიცოცხლის ჩემის ფუჭის
ყვავილო ჩამომზრალო,
ისვენებ შავსა და ცივ
მიწაში დაკრძალული,
მზე სევდას ვერ გიფანტავს
და ვერც ძილს – სიყვარული.


როს გავიარე ტოსკანაში მარემის მხარეს

ტკბილო ქვეყანავ, დამყოლია შენგან ამაყი
ხასიათი და გაბედული, ლაღი სიმღერა,
მკერდში, ვით შენში, არ ნავლდება ტრფობა თუ შუღლი,
დღეს კვლავ გხედავ და განცდისაგან გული მიკრთება.
მეცნობა შენი არემარე, კუთხე-კუნჭული,
თვალთ არ იციან, გაიღიმონ თუ იქვითინონ,
ეგ სანახები მაგონებენ ყრმობის ოცნებებს,
ყმაწვილურ ხიბლით, დაე, ნეტავ კვლავ გაიღვიძონ.
ო, რაც მიყვარდა, მიტაცებდა, იქნა ამაო,
ესწრაფნენ, მაგრამ ვერ უწიეს ოცნებათ მიზანს;
აწ სადაცაა დავეცემი... მაგრამ საამო
სიმშვიდით ავსებს ეგ მთა-ველი ჩემს გულს ხილვისას –
ხან მობურვილ ნისლს გადიყრის მთა, ხან წვიმა ათრობს
შენს ზურმუხტისფრად მოკისკისე ველებს ცისკრისას.


ზამთრის ნაღველი

ნუთუ ამქვეყნად ოდესმე
მზე უშრეტ სხივებს ფენდა?
ფეთქდნენ კი ვარდნი, იანი,
კრთოდა ღიმილი, გზნება?
ნუთუ ამქვეყნად ოდესმე
ტკბილი ბავშვობა რბოდა,
გვშვენოდა კაცთ სილამაზე,
ნდობა, სიქველე, ტრფობა?
ეგებ ჰომეროსს, ვალმიკის
ეს ყოველივე ახსოვთ,
მაგრამ ეგ ძველი დრო გახლავთ,
მზე ჩვენ აწ აღარ გვათბობს.
ბურუსი, გარს რომ მარტყია,
მქისე, უნდომი ზამთრის
ფერფლია იმ სამყაროსი,
აწ უკვე გადამქრალის.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge