გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლელა კურტანიძე - ლექსები


***
მე
არ აგიწევ ხელებს
ცაში,
რადგან თვალები 
ისედაც მაგონებს ტბის პირას ანთებულ სანთლებს.
გახსენებული ნიავი
ისევ ისეთი ნაცრისფერია
და ისევ დაკრავს სევდა
წელზე შემოხვეული მკლავების,
რომელიც არ მთხოვდა მოფერებას,
არამედ შველას.
არ გადაგიწევ თმას,
რათა დავინახო,
როგორ ჩავიკარგე ამაზონის ტყეში
და ჯუნგლებით სავსე გაქანება
ფრთხილად გადავწმინდო.
შენი მკერდი კი
ჩამქრალი ვეზუვია,
სადაც მწიფობენ ფორთოხლის არომატები.
გეხები ყელზე და ვფიქრობ,
თოვლის დედოფალი არც ისე ცივია,
არამედ სიყვარული
კრისტალებში გადატყდა
და მისუსხავს თითებს.
კანზე ალეწილი ვნების თხილამურები
უმისამართოდ მიაქანებენ სიტყვებს,
სადაც ფინიშის ხაზი შენი ტუჩებია,
რომელიც მას ღამე წამიკითხავს.
არ აგიწევ ხელებს,
რადგან ცა აქვე მაქვს,
და აქვე მაქვს მიწის გული,
როგორც ულაპარაკო ჯოჯოხეთი,
რადგან ცა ასე შორია,
რადგან შენს თითებზე ისევ თრთიან შემოდგომის არომატები,
რადგან შენს მუცელზე 
მხოლოდ შენივე საფლავების ანაბეჭდებს ვხედავ,
რადგან შენი მუხლები 
ჩემი ართქმული სურვილებივით იკეცებიან,
რადგან, 
რადგან ცა ხარ, 
რომელსაც ვერ შევწვდი,
ჩემო თავო, გამოდი შენგან,
,,გაიქეცი ბაბილონიდან".


***
ერთ ღამეს,
როდესაც ყველაზე კარგი ძილი მელოდებოდა
და პეპლები ასკდებოდნენ ფანჯრებს
ჩემი თვალების შუქზე,
როცა მთვარე სრულად ფლობდა ზეცას,
როცა ღრუბლებს
ხეობებში ეძინათ.
აღმართს ამოუყვებოდა ერთი ჭინკა
და ზღაპრებზე
მხოლოდ ოცნებობდნენ ბავშვები,
წელზე ვგრძნობდი მოგონებების ნაწნავებს,
ჩრდილები თანაშობდნენ ჩემს ღაწვებთან.
როცა მთების იქით გაწოლილან
შენი რეალური დღეები
და ღამეები მხოლოდ შეჰყურებენ კვარცხლბეკებს,
მამა და კატა ეზოში,
კომში დაწოლილა ღობეზე,
კედლებზე ნახატები არ არის,
ეს მარტივი კედლებია და ჩემი სხეული
ერთადერთი არამარტივი რამაა ამ ოთახში,
შენ არ გესმის ეს.
შენი ჩრდილები შენზე მეტს მიამბობენ,
მე კარგი ძილი უნდა მქონოდა, მაგრამ ვუსმენ შენს ჩრდილებს,
ამიყვანე ხელში და გადამაგდე ფანჯრიდან,
ამწიე ამ საწოლიდან.
აღმართს ამოუყვება ჭინკა და მთვარის შუქზე ოფლს მოიწმენდს,
მე მივაწვდი მოგონებების ნაწნავებს შუბლის მოსაწმენდად.
ბილიკები სველია,
ღამე ნათელი,
ამ ოთახში კი მხოლოდ ჩემი თვალები ანათებენ.
ჩაკეტეთ ჩემი სულის კარები,
კარგი ძილი მელოდება!
   

***
მე მელატონინის უდაბნოში დავბორიალებ
ცხელ ქვიშაზე
და ლურჯი ბლანტი ქარი
მეხება სახეზე,
ეს აკვანია
და იმ აკაციების სურნელი
გადმოღვრილი ძმრის ნაცვლად.
სურვილი ძილის
ისეთი დიდია,
ქვიშაზე ვტივტივებ
და წყალში ფეხები 
ძილის თევზებს ეხებიან
მშვიდი თვალებით
ფართო ლაყუჩებით
გაუჩერებლად რომ ისრუტავენ ჩემ წილ ჰაერს.
და მოგონებები კიდევ არ ჩუმდება
და ჩაიდანი ჯერ ისევ სავსეა,
ცარიელ ფინჯნებზე სევდიანი
მხოლოდ შენი დილა თუ იქნება,
ისიც უდაბნოში.
მელატონინის მელნისფერი მელოდია
და შენი სახე,
როგორც წყალი,
როგორც პალმები,
როგორც ქარავანი.
გამოჰყევ მდინარეს
და დინება მოგიყვანს მელატონინის ზღვაში 
სადაც სიჩუმეში ვიცეკვებთ
და სადაც მელნისფერი ქარი 
გამტაცებს ფიქრებს განშორებაზე
და მომიტანს ძილს,
მომიტანს სიზმარს
და მე გავლღვები.


***
ალბათ ასე მარტივად ვერ დაწერენ მარტოობის შეგრძნებაზე
თუ მკერდზე არ დაესვენათ შავი ლიანდაგები
და არ შეიყნოსეს მობლანტო სუნი
ციმციმა მატარებლებიდან.
თუ ოხშივარი არ ასდინდა წვიმის ორთქლით გაჟღენთილ კანს
და არ გადმოასკდნენ ცაში აზიდული წამწამები
ცისფერი თვალების უმზეო ქვაფენილს.
ვერავინ ისაუბრებდა მარტოობაზე
ამ ჩამოლეწილი ტოტების გარდა
და მანქანები ემსგავსნენ მასში მსხდომ მგლოვიარე ადამიანებს.
სივრცე - ეს ბავშვობის ბურთია
მეზობლის მინას შელეწილი,
რომელიც სავსეა წყევლით და
სიბერით.
მარტოობა გაუხსნელი კონვერტებია,
რომელიც ახლა ჩემს ფეხებთან ჩემივე თასმებით შეკრულა
და ნაწერები
უფერო ღინღლებად მომბნევია ტანზე.
ფანჯრიდან მარტოსული მოხუცი დამყურებს
და წყევლის ჩემს არარსებულ ახალგაზრდობას,
ჩემი თმა კი უზადოდ ჩამოვარცხნილა მხრებზე
და მელაპარაკებიან იმ ხმებზე,
რომელიც არ მესმის.
ახლა ხომ უკვე გვიანია,
ქალაქი შეთვრა და ყველაფერს სიმართლეს ლაპარაკობს,
ირგვლივ ბნელა და ლამპიონები მხოლოდ თავის საქმეს აკეთებენ,
მხოლოდ იმ ქუჩებს ანათებენ, რომელზეც არავინ დადის.


***  
მე ბროწეულის ხესთან დამელოდება ჩემი ღმერთი,
აფეთქებულ ყვავილებთან,
გადამსკდარ ნაყოფთან,
ტოტები კი უძრავად შრიალებენ
და ჩრდილში,
ჩრდილში ზის ჩემი ღმერთი!
დღევანდელი ცა
არც ისე ნაცრისფერია
და არც ისე მათბობს
ფოთოლცვენამიხატული ღიმილი, 
მე ჩემს აივანზე გავალ
და გადავხედავ გამოუძინებელ ქალაქს,
უორგაზმო კორპუსებს,
ნევროტულ ქუჩებს...
ჩემი ერთი ამოსუნთქვა
ერთი აბი ანტიდეპრესანტია,
რადგან მთელი შემოდგომის ჰაერი
ჩამეყინა ფილტვებში,
ჩემი ნეკნები აკვნის არტახებია,
რომელშიც შემკოჭეს.
მთელი შემოდგომა 
ნევროლოგის ოთახის წინ ჯდომას ჰგავს,
თეთრხალათიანი ექიმები
ჩამოცვენილი ფოთლებივით დადიან
და ეს სეზონის
მთავარი დღესასწაული არის.
კიდევ ერთი აბი და 
ფილტვებს გავითავისუფლებ
და თვალები დაინახავს 
შენით ავსებულ ქუჩებს,
რომელსაც ბროწეულის ხისკენ მივყავარ,
სადაც დაღლილი ღმერთი მელოდება.


***  
როცა თვალს გაახელ
და ლურჯი წვეთების გამჭვირვალება
დაგანახებს გაღებულ ფანჯარას,
სხვადასხვა სარკმელი ერთსა და იმავე ღამეში
და ერთი სუნთქვით სავსე ოთახი..
მე რომ არ ვლივლივებდე
ამ აბრეშუმისებრ სამოსელში
ირგვლივ ყინულიანი სივრცით,
რომელიც მზის გულზე მომართვეს,
გამისწორებდი თვალს
და მე ვეღარ დამიცავდა ფანჯრების სუსტი მინა.
როცა ისევ გრძნობ
რომ ფეხები სინამდვილეში ფრთებია
და სიცოცხლით სავსე ქილები
ჩააწყვე ბავშვობისფერ სარდაფში,
მაშინ ზამთარი სულ სხვაგვარი იყო.
და მაშინ შენ სხვაგვარი იყავი.
მაშინ იყავი.
ახლა კი შემოჭრილხარ სიზმრების სიმშვიდეში
და ცნობიერების ზღვარზე აზავებ პალიტას
და ფუნჯი სავსეა ლურჯით 
და ჩემი ძილით.
თუ სთხოვ შენი სიცხადით სავსე მაჯას
შეახოს თითები ფარდის ნაკეცებს,
შემოუშვი ოთახში ჩემი სხეული,
რათა ლურჯით სავსე წამწამებმა 
სიცოცლე ჩაკეცოს თვალის გუგებში,
მერე კი,
მერე კი
გამიმზადე კიდევ ერთი ქილა.


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge