ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გიორგი გობეჯიშვილი - ლექსები

* * *
რამდენი რამე მივცოდე,
ტალი მაქვს, ვანთე აბედი,
მთებმა დარდი არ იცოდნენ–
გულმა რა უგრძნოთ ასეთი...
ცისკარს მამალი იყივლებს,
ცას გადიფრენენ ბგერები,
ჰაი, ცხოვრებავ, დილილმე,
რა უცებ გაგემეტები...
ფრთებს ქარი ისე მომირთავს,
ზღვის ტალღებს ვით ალიონი,
მე ქანდაკება ვყოფილვარ,
მთვარე კი- პიგმალიონი.
მასწავლე მარტოობა
„რაც მინდა ვერ მომცემს სამყარო,
ვერც იმდენს, რამდენიც მჭირდება“
ტ. ხარხელაური
სამყარო ვერ ბრუნავს ძველი მხრით
ახლა გზა ზეცამდე დიდია,
აღწერა მოხდება ვერლიბრით,
რითმა ხომ წარსულის მკვიდრია...
იშლება კირქვა და ცემენტი,
ვერ იტევს ბუნება დანაზოგს,
გახედე სარკმელში წვიმაა,
ღოლფოა, თქეშია... განა თოვს?!
ჩადრებად აუკრავს მიმწუხრი...
მასწავლე ცხოვრება მარტოკას,
ფარსია გრძნობა და სურვილი,
ფარსია მტრობაც და მოყვრობაც.
* * *
„ამქვეყნიური ვარამის და ტანჯვის განმცდელი,
ნეტავ რამდენი ინატრებდა მეორედ მოსვლას?!“
მ. ჩიტიშვილი
საწუთრო შემოსავს ანაზდად
ცის კიდურს ზღაპრული თალხებით,
ვერ გვიმხრობს სამყარო მარადჟამს,
გავხმებით, გავხმებით, გავხმებით...
წაგვართმევს ნაბოძვარს უჩინოდ,
გვატარებს ცის ლურჯი აფრებით,
არც კისერს მოგვიგრეხს ურიგოდ,
ვერც გულნატკენები დავრჩებით...
მიანგრევს კლდის კალთებს მდინარე,
თითქოს და, განგაშის ზარია,
გამაგრდი, გამაგრდი, გამაგდრი,
გამაგრდი, მხუთავი ჟამია.
მიმოგვფენს ფესვებით, რტოებით,
სამოთხის პატარა მარცვლებად,
თუ გვსტუმრობს სამყარო- დროებით,
გავხმები, გახმები, გახმება.
მეგონა
ქარებმა ვარდფურცლობა გამარიდეს,
ფოთლებიც უმოწყალოდ მიქრიან,
მეგონა, სიყვარული გავამხილე,
თურმე აღსარება მითქვია...
რამდენი, ჯავრის ეკლით დაშხამული,
ფიქრები ზღვის ლოდებად მაწევს,
ბედი ბევრჯერა მაქვს დაგმანული,
ბრაზიც გავუბედე გამჩენს...
ჟამო, დამიხანჯლე გული,
შარა უნდა განვვლო მარტომ,
შენგან რაღა უნდა ვიგრძნო,
თავად ცხოვრებისგან ნამტრომ?!
ქარებმა ვარდფურცლობა გამარიდეს,
ფოთლებიც მტოვებენ და... მიდიან.
მეგონა, სიყვარული გავამხილე,
თურმე აღსარება მითქვია.
დრო დგება
მომტირალია ჩემს ირგვლივ ყველა,
კაცი, ქალი თუ კირქვა-ლერწამი...
დრო დგება გული ქარს გაჰყვეს მხევლად,
დრო იდგა, კალოდ სევდას ვლეწავდი...
მოიწევს შორი დღეები ზამთრის
და ბნელი ღამეც შეკრთება ბოლოს...
დრო დგება მარტის სუსხის და ავდრის,
დრო იდგა, გულში ყინავდა მხოლოდ...
დამარქმევს დარდი სიამ-ნაფერებ,
ყველაზე უფრო დამჯერ შვილობილს...
დრო იდგა, უღვთოდ ვმტრობდით ერთმანეთს,
დრო დგება, გვინდა შველა ჭრილობის...
ვნუგეშობ, სევდად არ გავწვიმდები,
ცის ბილიკების გამოჩნდა ბოლოც...
დრო იდგა, დიდი გადავიწყების,
დრო დგება გლოვის და კიდეც ვგლოვობ...
დრო იდგა შურის, მტრობის, ღვარძლისა,
ნამუსს აქამდე ხშირად ვკენწლავდი...
დრო დგება დიდი აღსარებისა:
სიყვარულისა ჩემის თქვენდამი!
რა ძნელია აწი
ლაჟვარდს ნისლი მოახურა ქარმა,
რა ძნელია გულის პოვნა აწი,
თუ ვერ მათბობ ძველებურად, ახლა,
შემინდე და უღმერთოდ ნუ მაწვიმ...
ცის გობელენს გავუშტერე ფიქრი,
მზის დანახვა განა ძვირი ღირდა?!
შორს, სადღაცა ჩემი გული იწვის
და ეს გრძნობაც ძველებურად მქირდავს...
ვიღაღადე: რაც მატკინე მკმარე,
წუთისოფელს ცრემლი მუდამ სდევდა,
მდუმარებით დაორსულდა მთვარე
და ჩაალპა მუცლად ჩემი სევდა...
ახალი სტატიები
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა