გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ირინოლა გურული - ლექსები


ისევ შემოდგომისფერი

ნუ მიმაჩვევ უშენობას, ნუ მიმაჩვევ,
უმზეოდ ხომ წლები გამიხუნდებიან,
კვირეები წევს უსიტყვოდ, სულს მეასედ
ესიზმრება, რომ ლექსები ჩუმდებიან.
ესიზმრება, რომ გათავდა ყველა ფერი,
ნაფერები ფერები რომ ერევიან,
ახლა დღეებს ასე ჩუმს და უსიცოცხლოს,
მხოლოდ ფერი შემოდგომის მორევია.
ნუ შემაჩვევ, რომ ღამდება, რომ ზამთარი
გამყინავს და წინ სევდების მორევია,
მომიტანე გაზაფხული თითო პეშვი,
ხედავ? - სულზე ეს სიყვითლე მომერია.
ნუ მიმაჩვევ ამ სიჩუმეს და ხმაურით
დამიფანტე ეს გორგალი სევდის ფთილა,
მათამამე, მათქმევინე - მომენატრე,
ღიმილებით მომიქარგე ყველა დილა.
დამაჯერე, რომ გრძნობები არ კვდებიან,
დრო რომ დროა, ვერ აჯობა, დარჩა ჩვენში.
ახლა თუმცა შემოდგომის ჰანგებია 
სულში მაინც გაზაფხულის რომ დგას თქეში.
დამაჯერე, მარადმწვანე სიყვარულის
და ბავშვობის დამიბრუნე წუთით წლები,
სიყვარულით უკვდავებას მაზიარე,
გრძნობის წყარო მომიტანე თითო პეშვი.
მომიყევი ათასგვარი სისულე,
მეხუმრე და კვლავ ბავშვივით გამაწითლე,
თვალებიდან მზით გააქრე ღრუბლ-სისველე
და არასდროს ლექსებიდან არ წახვიდე...


იყოს ალალი

სულის მტევნიდან გამოვწურავ გრძნობების ბადაგს
და შემოგახვევ მკლავებივით გულზე რითმებად,
ლექსის ქარბუქში გაგახვევ და გაგიშვებ არსად,
შენთვის ვიდუღებ, ვით ზედაშე, ფერად წინწკლებად....
და ღვინობისთვე რომ მორჩება ჭინკების ხატვას,
ჩამოიშლება ცის კიდიდან წვიმის დალალი,
შენ თუ გამომცლი - მათრობელა ფიქრების კათხას,
ჩემი გრძნობების ყველა პწკარი იყოს ალალი...


ფიქრის სექტემბერი

ქარებს გამოვატანე, 
შორეთიდან მოსულებს,
სიყვარულის ფოთლები, 
დაცვენილი სულიდან.
იმ უამრავ ფოთლებში,
ქარს ზურგზე რომ ჰკიდია
სიზმრისფერად შეფერილს,
გამომიცნობ თუ გინდა..
სურნელი აქვს იელის,
პირველ სიყვარულივით,
გამქრალ საუკუნეში
მხოლოდ წამებს მიგითვლის...
წამებს, სადაც სიყვარულს
არ ედევნე, არ ძებნე,
დაგრჩა მხოლოდ პირველი
სიყვარული მითივით...
სექტემბერმა ფიქრები
კვლავ მარტივით არია,
ფოთლებივით მაძარცვა,
სულზე გრძნობის ღილები.
ახლა სულმოღეღილი
სუნთქვას წუთით ვიბრუნებ
გადარჩენილ გრძნობებზე,
ისევ მითებს გიყვები
და სულისფერ ფოთოლებზე,
ლექსებად რომ შრიალებს,
ფიქრიც ნატყვიარია
პირველ სიყვარულივით...
მოუსმინე ქარებში
სექტემბრის თვის არიას,
ჩემი სული აცვია
დაწერილი სიზმრებად,
წამიკითხავ, ჯერ ისევ
სიყვარული მატყვია,
დავატარებ გაზაფხულს,
სანამ არ დაბინდდება.


უბრალო ამბავი

მგონია, მთა ვიყავ 
და ცაში აწვდილი
ხელები მომკვეთეს.
მგონია, ზღვა ვიყავ
და ტალღებს სიჩუმის
დაადეს არტახი.
ტყე ვიყავ - იდუმალ
ხეებზე ტოტები
მომსხეპეს,
ცა ვიყავ საფრენი,
ცისა ფერს ურიეს
ფერები ბალღამის...
მგონია, სახლი ვარ,
სახურავს ამიყრის 
ეს ქარი აშარი.
მინა ვარ სარკმელში,
უგულო ჯახუნით 
ბზარებში მამსხვრევენ,
უამრავ მტკივნეულ 
ამბებში ვარ ერთი 
უბრალო ამბავი,
მყვებიან და მკერდზე 
ტკივილის ორდენებს მაბნევენ...
მიწა ვარ და გვალვებს
მიცვლიან ხორშაკი ქარები,
მტვერი ვარ, საცაა
წუთის ქარიშხლები 
გამფანტავს.
სიცოცხლის ბილიკზე 
ვარ ერთი პაწია კარები,
წიგნი ვარ, ოღონდაც 
მკითხველი არადა არა სჩანს...
მთა ვიყავ, მას შემდეგ 
ყოველდღე მტოვებდნენ
უგულოდ.
დგას მთას შეხიზნული 
კოშკები,
უწყლოდ და უპუროდ...


სიყვარულის სამკუთხედი

მათი სიყვარულის მჭვრეტელს,
რაღა მომასვენებს აწი...
ხევში ჩაბუდული ნისლი,
უშბას თეთნულდს თვალწინ აცლის.
ნისლსაც ჰყვარებია თურმე,
თეთრი, თეთრყირმიზი ყელით,
ჰოდა, ყოველ დილით თურმე
მის გამოღვიძებას ელის.
ეხვევა მხრებზე და წელზე
ნდომით დაბურული, ვნებით.
მორცხვად, თვალდახრილი თეთნულდ,
უშბას ევედრება მზერით.
- მოდი, მომიტაცე ნისლის
შემომაფლითეო ფარდა,
წერილებს დაწერს ცრემლით,
მერე წვიმის ღრუბლებს ატანს...
ღრუბელ ატირდება ცოდვით,
ცრემლის წერილს ჩამორეცხავს.
უშბას ეგონება - თეთნულდს
ნისლზე თუ სურს გათხოვება...
სიყვარულის სამკუთხედში
ვგავარ უფერებო ფერმწერს,
რაღა მომასვენებს აწი,
მე მათი სიყვარულის მჭვრეტელს.


აღარ იყიდება

დამიტოვეთ,
თუნდაც გაძარცვული, უიმედო!
დამიტოვეთ,
თუნდაც გაჩეხილი ვაზი...
დამიტოვეთ,
ლექსი წაშლილო და ურითმებო!
დამიტოვეთ, 
თუნდაც დანგრეული სახლი.
დამიტოვეთ,
ის გასხვისებული ცის ნაგლეჯი,
დამიტოვეთ,
ცრემლებშეუმშრალი მიწა!
დამიტოვეთ,
ასჯერ გაყიდული დამაშვრალი,
დამიტოვეთ,
ბაგეს შეყინული სიტყვა.
დაგლეჯილიც რომ ანაწევრეს,
სულზე, სულს ვუბერავ მტკივანს.
გულზე იმედები დავასვენე...
ღამეს ხომ მოჰყვება დილა?!
მორჩეს უცოდველთა მხვერპლშეწირვა!
მორჩეს,
ბაზრობების ლელო!
აღარ იყიდება!
აღარ იყიდება!
აღარ იყიდება!
ჩემი საქართველო!


პოეტებს

პოეტებო, წერეთ სიყვარულზე,
გრძნობის მელნით ავსეთ კალმის წვერი.
თქვენ ხომ ცის ხილული დესპანი ხართ,
ხელთა გაქვთ სამყაროს ყველა ფერი...
წერეთ სიყვარულზე ისე მძაფრად,
რომე უგულომაც გული იგრძნოს,
წერეთ სიკეთეზე ისე ნათლად,
ძუნწსაც გადაედოს, არ იშურვოს...
წერეთ იმედებზე, სიხარულზე,
თქვით რომ სევდაც მათი თანმხლებია,
დღეს თუ დაღმართები გვაშინებენ,
ხვალე აღმართებიც დაგვხვდებიან... 
თქვით, რომ ეს ცხოვრება საამოა,
არ ღირს წუთის წამით დაბნელება,
უთხარით სამყაროს მზე ამოვა,
ყველა დიდი ღამე გათენდება...
წერეთ პოეტებო მთელი ღამე,
სიბნელე სინათლით გაათენეთ,
ყველას გულის გულში ჩაუსახლდით,
ყველა სევდიანი აამღერეთ...
წერეთ პოეტებო სიყვარულზე,
პეშვით დაარიგეთ იმედები,
სიცოცხლეს შეარიგეთ დაბნეულნი
სიკვდილს შეაკვეცეთ მრუმე ფრთები.
წერეთ პოეტებო და სიბნელე 
ცისკრის ვარსკვლავებით მიმოქარგეთ.
წერეთ ღმერთზე ისე მოწიწებით,
ურწმუნოც რომ გახდეს ღვთისმოსავი...
ხმა გაქვთ უფლისაგა ნაკურთხევი,
თქვენი იარაღი სიტყვებია,
წერეთ იომეთ და დაამარცხეთ,
ბედის წიგნში ასე გიწერიათ...
წერეთ პოეტებო სიყვარულით,
ის ხომ დედამიწის წამალია,
სიცოცხლის ძალა და სიხარული,
შემატეთ ყველა ადამიანს.
წერეთ სამშობლოზე ისე ტკბილად,
გვასწავლეთ მზის სინათლის სხივად დაწნა,
მის კუთხე კუნჭულებს მოგვაფერეთ,
ქართველს არ მოუნდეს არსად წასვლა.
წერეთ პოეტებო და ბოროტთან
მოიგეთ, ომიები სიტყვის ძალით.
თქვენ უფლის ხილული დესპანნი ხართ,
სიტყვების გაცვიათ ქარიშხალი.
ჰოდა იგუგუნეთ, რომ სიავეს,
გული გაუსკდეს და გაგვეშოროს,
იდგეს აისები აისამდე,
მზისკენ ბილიკები არ გვეშოროს.
    

"უ"ცხოვრება

უარაფრო - ყველაფერი,
ურთულესი - სიმარტივე,
უერთგულო - ერთგულება
უმდიდრესი -სიღარიბე...
უგემური - გემოს გემო,
უღალატო - ღალატები,
უშენობა, უჩემობა,
უგულობის განაჩენი.
უარაფრო ყველაფერით,
უგზო, გზებზე, გზა გავჭერი...
უკარგესი - ავს უწოდეს,
კარგს დაარქვეს უარესი.
ზღვაზე ფიქრის ხიდი გავდე,
ცამ მასესხა ვარსკვლავები...
უპირობოდ შევიყვარე, 
უნაპირო დარდს მივსდევდი.
უსამართლო სამართალით,
უმოწყალო განაჩენით.
უბრალონი და მართალნი,
უღიმილოდ დანარჩენნი.
უდროო დროს დავიბადე,
დრომ წაიღო ყველაფერი,
სიყვარულთან ვაგვიანე,
ვარ ტირიფი, დანასხეპი.
უსევდობას დავიჩემებ,
უწვიმებოდ გავწვიმდები,
უშენობით,უჩემობით,
უსიზმრებოდ გაღვიძებით.
უსაშველოდ დავიღალე,
უძახილო დაძახებით,
უპირობოდ შევიყვარე,
უნაპირო დარდს მივყვები.
უავტორო ლექსი ვწერე,
უმისამართო ფიქრებით,
უზრუნველთა ზრუნვა ფასობს,
უღირსთათვის დაფნისცვენით...

რიონს

და ვინ შეძლებს გადააკრას არტახები,
ვინ ჩააცმევს რიონს პერანგს, გიჟი...
ეს ბებერი თავისუფალ-ძლიერია,
დღემდე ასე ვიდოდა და ივლის.
აბა როგორ გამომწყვდევ კალაპოტში,
როცა ასე ბობოქრობს და შფოთავს,
მისი გზა ხომ თავად ვერ დაულევია...
კლდეს მიჯაჭვულ ამირანს რომ მოჰგავს.
მოვა წვიმა,თავს აიწყვეტს, ლომებრ გულში
ჩაუდგება მრისხანების ჯანყი...
იქუხებს და გადამსხვრეულ იმ ბორკილებს
თავისუფალ ნაპირებთან დაყრის.
და ვის უნდა ატახები რომ ჩააცვას,
ვინ შეჰბედავს ლომს, ფაფარი შეჭრას..
ვის უნახავს ვულკანები მარწუხებში,
მითუმეტეს რიონი რომ ერქვას.

      
მე და ლექსები

ლექსები ჩემი ქრონიკული ჩუტყვავილა ბატონებია
და ყოველ ჯერზე,სულზე დარდად გამოსული, სკდება სიტყვები
ჩუტყვავილას ყვავილებივით...
სიცხით ვიწვი და თითო ყვავილს ვუტოვებ თვალებს,
დარჩენილს კვალად ნაბატონარის.
მეწვის წინწკლები სიტყვებისა და ყოველ რითმას ისე ვყლაპავ,
თითქოს შიშველი ფეხისგულებით,გახურებულ ქვიშაზე ვდგავარ.
და მერე როცა ჩაივლიან ბატონები,
ჩაქრება სიცხე,
ვკითხულობ ლექსსდა ნაყვავილარს შორიდან 
ვუმზერ საკუთარ სულს...
და მანამ სანამ ქრონიკული ბატონები ისევ მოვლენ,მისი დიდებით,
სულს ვიბრუნებ, ღრმად ვსუნქავ რომ 
დიდხანს მეყოს... ამოსუნქვამდე...
და ასე მერე სუნქვაშეკრული ვხვდები ბატონებს...
სიცხით ვიწვი და სულს წამსკდარი ლექსი მაბოდებს...
ლექსები, ჩემი ქრონიკული ჩუტყვავილა ბატონებია,
და ყოველ ჯერზე, სულზე დარდად გამოსული, სკდება რითმები...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge